Facebook Twitter

22 მაისი, 2024 წელი,

საქმე №ას-135-2024

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - შპს „მ.დ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ნ.კ–ვი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ხელშეკრულებიდან გასვლის გამო გადაცემული თანხის დაბრუნება, პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2020 წლის 31 იანვარს ნ.კ–ვსა (შემდეგში - მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) და შპს „მ.დ–ს“ (შემდეგში - მოპასუხე ან კასატორი) შორის ხელშეკრულება (შემდეგში - ხელშეკრულება ან სადავო ხელშეკრულება) დაიდო, რომლითაც მოპასუხემ მრავალსართულიანი კორპუსის აშენებისა და მისი კუთვნილი სამომავლო ფართიდან 56.40კვ.მ ფართზე (შემდეგში - ბინა, სადავო ფართი ან სადავო ქონება) საკუთრების უფლების მოსარჩელისთვის გადაცემის ვალდებულება იკისრა.

ამავე ხელშეკრულებით მოსარჩელეს ბინის ნასყიდობის საფასური, ჯამურად 33 840 აშშ დოლარი (გრაფიკის შესაბამისად, ყოველთვიურად 350 აშშ დოლარი) უნდა გადაეხადა.

2. სადავო ქონება უნდა აშენებულიყო და შესაბამისად მშენებლობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვეში უნდა დასრულებულიყო; დასრულებიდან 6 თვეში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი ექსპლუატაციაში უნდა მიღებულიყო.

მოპასუხე ვალდებული იყო, მოსარჩელისთვის ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისგან თავისუფალი ქონება გადაეცა.

3. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები მოპასუხეს არ შეუსრულებია, კერძოდ, მშენებლობა არ დაუსრულებია და სადავო ბინაზე ნასყიდობის ხელშეკრულება არ გაუფორმებია, რის გამოც დარჩენილი თანხის - 27 890 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის მოპასუხისთვის ანაზღაურებაზე, მოსარჩელემ უარი განაცხადა.

სახელშეკრულებო ვალდებულება მოსარჩელეს შესრულებული აქვს ნაწილობრივ, სახელდობრ, მას 19 560 ლარის ოდენობით თანხა აქვს მოპასუხისთვის გადახდილი.

4. მის მიერ გადახდილი თანხის ანაზღაურებისა და 3 384 აშშ დოლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით, მოპასუხის წინააღმდეგ მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს 19 560 ლარისა და 3 000 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდა დაეკისრა.

6. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 27 სექტემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

7.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-3 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ ვალდებულების დარღვევის ხასიათისა და შესრულების მიმართ კრედიტორის ინტერესის გათვალისწინებით საქმეზე გამოიკვეთა მოსარჩელის (დამკვეთის) ხელშეკრულებიდან გასვლის კანონისმიერი წინაპირობები.

უფლებამოსილი პირის მიერ კანონით დადგენილი წესებისა და პირობების შესაბამისად განხორციელებული ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების რეალიზაცია კი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 352-ე მუხლით გათვალისწინებული ნორმის დანაწესისის საფუძველზე წარმოშობდა ე.წ. რესტიტუციის მოთხოვნის უფლებას - ხელშეკრულების ორივე მხარეს ერთმანეთისთვის უნდა დაებრუნებინათ მიღებული შესრულება და სარგებელი.

შესაბამისად, 19 560 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანი იყო.

7.2. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, განსახილველ შემთხვევაში პირველმა ინსტანციის სასამართლომ პირგასამტეხლოს შემცირებაზე მსჯელობისას სრულყოფილად შეაფასა და გაითვალისწინა დავის კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებები მათ შორის, ვალდებულების შესრულებაზე კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების ზეგავლენის ფაქტორი.

შესაბამისად, მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების საფუძველზე დაანგარიშებული პირგასამტეხლო, როგორც ნაწილობრივ არაგონივრული, მოპასუხის მიერ ხელშეკრულების დარღვევის ხასიათის, ხარისხისა და ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, მართებულად განსაზღვრა 3 000 ლარით (სსკ-ის 417-ე, 420-ე მუხლები).

8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ საკასაციო საჩივარი წარმოადგინა, ამ განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად უარყოფის მოთხოვნით.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 აპრილის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

10. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

13. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება გამოიწვია.

კონკრეტულ საქმეზე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ ისინი საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა.

14. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია, მოსარჩელის მიერ გადახდილი თანხის ანაზღაურებისა და პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე მიღებული განჩინების მართლზომიერება.

15. მოსარჩელის მოთხოვნა სსკ-ის 629.1 (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური), 629.2 (თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე. თუ დამზადებულია გვაროვნული ნივთი, მაშინ გამოიყენება ნასყიდობის წესები), 352.1 (თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება), 405.1 (თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას,მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი), 417-418-ე (პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლებიდან გამომდინარეობს.

16. საკასაციო პალატის შეფასებით, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით (დადასტურებულია, რომ მიუხედავად დამატებით განსაზღვრული ვადისა მენარდეს სახელშეკრულებო ვალდებულება არ შეუსრულებია) სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ საქმეზე გამოიკვეთა მოსარჩელის (დამკვეთის) ხელშეკრულებიდან გასვლის კანონისმიერი წინაპირობები, რაც სსკ-ის 352-ე მუხლის საფუძველზე წარმოშობდა ე.წ. რესტიტუციის მოთხოვნის უფლებას, რომლის პირობებშიც ხელშეკრულების ორივე მხარეს ერთმანეთისთვის უნდა დაებრუნებინა მიღებული შესრულება და სარგებელი. შესაბამისად, 19 560 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია.

17. რაც შეეხება პირგასამტეხლოს ნაწილში გასაჩივრებული განჩინების მართლზომიერებას, საკასაციო პალატის განმარტებით, კანონმდებლის მიერ ხელშეკრულების მხარეთათვის პირგასამტეხლოს თავისუფლად განსაზღვრის უფლების მინიჭება იმას არ ნიშნავს, რომ ეს თავისუფლება აბსოლუტურად ხელშეუხებელია.

მოვალის შესაგებლის არსებობისას, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს გონივრულობა და საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამ მიზანს ემსახურება სსკ-ის 420-ე მუხლი (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო).

მოცემულ საკითხზე არსებობს საქართველოს უზენაეს სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა, საკასაციო პალატის არაერთ განჩინებასა თუ გადაწყვეტილებაში განმარტებულია შემდეგი:

პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...; პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (შდრ. იხ. სუსგ: №ას-1373-2018, 17.01.2019; № ას 848-814-2016, 28.12.2016; №ას-816-767-2015, 19.11.2015; №ას-953-918-2016, 22.11.2016).

„პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან... პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა“ (შდრ. იხ. სუსგ: №ას-176-157-2014).

„მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და რაც მთავარია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, და ა.შ. (იხ.სუსგ-ები: Nას-708-678-2016, 27.01.2017; №ას-1199-1127-2015, 13.04.2016; №ას-222-209-2015, 6.05.2015).

ამდენად, სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლოს უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება.

საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ დავის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შემცირება 3000 ლარამდე განსხილველ შემთხვევაში მენარდის მხრიდან სახელშეკრულებო პირობების დარღვევის ადექვატურია და პირგასამტეხლოს მოცულობა საბოლოოდ ამ თანხით უნდა განისაზღვროს

18. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. როგორც ზემოთ აღინიშნა, ანალოგიურ საკითხზე საკასაციო პალატის არაერთი განჩინება თუ გადაწყვეტილება არსებობს, რომლებთანაც წინამდებარე განჩინება თანხვედრაშია.

19. არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

21. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „მ.დ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს „მ.დ–ს“ (ს/ნ .....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ნ: ტ–ის (პ/ნ 0.....) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1 128 ლარის (საგადასახადო დავალება № 5587, წარდგენი თარიღი - 08.04.2024, ბანკში საგადახდო დავალების მიღების/შესრულების თარიღი - 08.04.2024) 70% - 789.6 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე