ბს-896-33-გ-04 28 ოქტომბერი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ი. ლეგაშვილი
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო პალატამ განიხილა პ. და თ. გ-ეების, ნ. მ-ის, ასევე სს სადაზღვევო კომპანია “.......-ის" სააპელაციო საჩივრების განსჯადობის შესახებ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო, გაკოტრების საქმეთა და ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატებს შორის დავა.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 5 ოქტომბერს მცხეთის რაიონის სოფ. წეროვანთან გამავალ ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მომხდარი ავტოავარიის დროს გარდაიცვალნენ ი. გ-ე და ნ. მ-ი, ხოლო თ. გ-ე მიღებული ტრამვის შედეგად პირველი ჯგუფის ინვალიდი გახდა. 2003წ. 9 ივნისს ი. გ-ის ვაჟმა, პ. გ-ემ, და მეუღლემ, დაზარალებულმა თ. გ-ემ, სარჩელი აღძრეს სადაზღვევო კომპანია “.......-ის" მიმართ და “ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ" კანონის მე-11 და 22-ე მუხლების თანახმად, მოითხოვეს თითოეულისათვის სადაზღვევო თანხის _ 3750 ლარის ანაზღაურება, საურავის დარიცხვითა და ადვოკატის ხარჯის ანაზღაურებით. 2003წ. 4 სექტემბერს სს სადაზღვაო კომპანია “.......-ის" მიმართ ასევე სარჩელი აღძრა ზემოაღნიშნული ავტოავარიის შედეგად გარდაცვლილი ნ. მ-ის ქალიშვილმა, ნ. მ-მა და იგივე მოტივით მოითხოვა სადაზღვევო თანხის, 3750 ლარის, ანაზღაურება, თანხის ანაზღაურების დაგვიანებისთვის შესაბამისი საურავის დარიცხვით. გარდა “ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ" კანონისა, მოსარჩელეთა მოთხოვნა ასევე ემყარება სკ-ის 840-ე, 843-ე მუხლებს.
მოპასუხე სს სადაზღვევო კომპანია “.......-ის" წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და სადაზღვევო თანხის ანაზღაურებაზე უარის თქმა მოითხოვა, რადგან ავტომანქანის მძღოლს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ნორმები არ დაურღვევია, რაც დადგენილია ექსპერტიზის დასკვნით.
კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 20 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და სს სადაზღვევო კომპანია “.......-ს" მოსარჩელეების: პ. და თ. გ-ეების, ნ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა თითოეულზე 3750 ლარის სადაზღვევო თანხის გადახდა, ხოლო საურავისა და ადვოკატის მომსახურების ხარჯის ანაზღაურებაზე მოსარჩელეებს უარი ეთქვათ. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ორივე მხარის მიერ. რაიონულ სასამართლოში დავა განხილულ იქნა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 5 მაისის განჩინებით დაკმაყოფილდა აპელანტების: პ. და თ. გ-ეების, ნ. მ-ის წარმომადგენლების შუამდგომლობა და საქმე ადმინისტრაციული წესით განსახილველად შემდეგი მოტივით გადაეცა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას:
ვინაიდან სადავო სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, “ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ" კანონიდან, ამასთან დავაში მოპასუხე მხარეა სს სადაზღვევო კომპანია “.......-ი", რომელსაც სახელმწიფოსაგან ლიცენზირების გზით დელეგირებული აქვს სავალდებულო დაზღვევის წარმოება, სასამართლომ მიიჩნია, რომ დავა ადმინისტრაციულ საქმეთა კატეგორიას განეკუთვნება. სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ “დაზღვევის შესახებ" კანონის მე-18 მუხლით სადაზღვევო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, რომელიც აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურული ერთეულია და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, ხოლო სამსახურის უფროსს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის მოსაზრება საქმის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვის შესახებ და განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად საქმე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, შემდეგი საფუძვლებით გადაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში:
სააპელაციო პალატამ განმარტა, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ “ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ" კანონი თავისი ბუნებით საჯარო სამართლის კანონმდებლობას განეკუთვნება, რაც გარკვეულწილად საკამათოა, ვინაიდან იგი, გარდა საჯარო-სამართლებრივი ნორმებისა, ასევე შეიცავს კერძო-სამართლებრივი ხასიათის ნორმებსაც, ეს საკმარისი არ არის დავის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველად, რადგან იგი ასევე უნდა შეესაბამებოდეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს.
განსახილველ დავაში მხარეებს წარმოადგენენ ფიზიკური პირები: პ. და თ. გ-ეები, ნ. მ-ი და კერძო სამართლის იურიდიული პირი, სადაზღვეო კომპანია სს “.......-ი". დავაში ადმინისტრაციული ორგანო არ მონაწილეობს, ამიტომ დავის საგანი არ არის ადმინისტრაციული გარიგება ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ზიანის ანაზღაურება, არამედ დავის საგანია სს “.......-ისთვის" სადაზღვევო თანხის ანაზღაურების დაკისრება, რომელიც სადაზღვევო ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვა, რის გამოც საქმე სამოქალაქო წესით უნდა იქნეს განხილული, თანახმად სსკ-ის მე-11 მუხლის “ა" ქვეპუნქტისა.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსაზრება, რომ სს “.......-ი" სადავო შემთხვევაში სახელმწიფოსაგან დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საჯარო-სამართლებრივ ფუნქციას ახორციელებს, რადგან სამეწარმეო საქმიანობის წარმოების შესახებ ლიცენზია და კერძო სამართლის იურიდიულ პირზე საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების დელეგირება, სამართლებრივად განსხვავებული ცნებებია. ამასთან, უფლებამოსილების დელეგირების შემთხვევაში, კერძო სამართლის იურიდიული პირის მოქმედებაზე თავად სახელმწიფოა პასუხისმგებელი, თანახმად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის მე-2 ნაწილისა, სადავო შემთხვევაში კი “ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ" და “დაზღვევის შესახებ" კანონების მიხედვით პასუხისმგბლობა ეკისრება მზღვეველს, სადაზღვევო კომპანია “.......-ს".
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, დავის საგნისა და განსჯადობის შესახებ სასამართლოთა განჩინებების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ დავა წარმოადგენს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეს და განსჯადობით უნდა გადაეცეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის მე-11 მუხლი განსაზღვრავს სასამართლოს უწყებრივად დაქვემდებარებულ სამოქალაქო საქმეებს და, შესაბამისად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლიც იძლევა სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეების რეგლამენტაციას, რომლის მიხედვით დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის საჭიროა შემდეგ პირობათა არსებობა:
ა) სადავო სამართალურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან, თანახმად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილისა;
ბ) სადავო სამართალურთიერთობაში მონაწილე ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო ან ადმინისტრაციული დავის საგანს უნდა წარმოადგენდეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევები.
ამდენად, საპროცესო სამართლის თეორიაში აღიარებული, ე.წ. სამართალსუბიექტობის პრინციპის მიხედვით, დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს დავაში ადმინისტრაციული ორგანოს მოპასუხის სახით მონაწილეობა. კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანია “ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ" კანონიდან გამომდინარე სადაზღვევო თანხის ანაზღაურება, სადაც მოსარჩელეები არიან ფიზიკური პირები: პ. და თ. გ-ეები და ნ. მ-ი, ხოლო მოპასუხე მხარეს წარმოადგენს სააქციო საზოგადოება სადაზღვევო კომპანია “.......-ი". სს სადაზღვევო კომპანია “.......-ი" “მეწარმეთა შესახებ" კანონის 2.1 მუხლისა და ვაკის რაიონის სასამართლოში რეგისტრირებული წესდების თანახმად, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით არის კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომლის საქმიანობის ძირითადი საგანია ფიზიკური და იურიდიული პირების სადაზღვევო მომსახურება (წესდების მე-3 მუხლი), რასაც საზოგადოება, “დაზღვევის შესახებ" კანონის შესაბამისად, ახორციელებს ლიცენზიის საფუძველზე.
საკასაციო პალატა ეთანხმება ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის განმარტებებს, რომ მოპასუხე სს “.......-ი" განსახილველ შემთხვევაში არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ა" ქვეპუნქტის მიხედვით: “ადმინისტრაციული ორგანოა ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართვეობისა და მმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილებას".
მოპასუხე სს სადაზღვევო კომპანია “.......-ი" სადაზღვევო საქმიანობას ახორციელებს ლიცენზირების საფუძველზე. ლიცენზია წარმოადგენს კომპეტენტური ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემულ აღმჭურველ ადმინისტრაციულ აქტს გარკვეული სახის საქმიანობის განხორცილებაზე, რასაც სახელმწიფოს მხრიდან სპეციალური ნებართვა სჭირდება. ლიცენზირება და საჯარო უფლებამოსილების დელეგირება განსხვავებული სამართლებრივი ინსტიტუტებია. ლიცენზიით კერძო სამართლის იურიდიული პირი _ სს “.......-ი" სამეწარმეო საქმიანობას, კერძოდ, სადაზღვევო მომსახურებას ახორციელებს თავის სახელით, მაგრამ სახელმწიფოს მიერ სპეციალური ნებართვის, ლიცენზიის საფუძველზე, პასუხისმგებელიც თავად არის და სახელმწიფო არ აგებს პასუხს კომპანიის ვალდებულებებზე (წესდების 1.5 პუნქტი). საჯარო უფლებამოსილების დელეგირების შემთხვევაში კერძო სამართლის იურიდიული პირის მოქმედებებსა და გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებელი სახელმწიფოა, თანახმად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის მე-2 ნაწილისა. ამიტომ კონკრეტულ შემთხვევაში, ვინაიდან მოპასუხე კერძო სამართლის იურიდიული პირი, სს სადაზღვევო კომპანია “.......-ი" სახელმწიფოს სპეციალური ნებართვის (ლიცენზიის) საფუძველზე სადაზღვევო მომსახურებას ახორციელებს თავის სახელით და საქმიანობაზე პასუხისმგებლობაც მას ეკისრება, ე.წ. სამართალსუბიექტობის პრინციპიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა სრულიად იზიარებს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ განსახილველ დავაში ადმინისტრაციული ორგანო საერთოდ არ მონაწილეობს, მხარეები, მოსარჩელის სახით, არიან კერძო სამართლის ფიზიკური პირები, ხოლო მოპასუხეა კერძო სამართლის იურიდიული პირი _ სს “.......-ი", რის გამოც დავა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით უნდა იქნეს განხილული სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ, თანახმად სსკ-ის მე-11 მუხლის “ა" ქვეპუნქტისა.
უსაფუძვლობის გამო საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს დავის განსჯადობის შესახებ სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის მოტივს, რადგან “დაზღვევის შესახებ" კანონის შესაბამისად, სადაზღვევო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, რომელიც აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურული ერთეულია, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და სამსახურის უფროსს საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს, ამიტომ დავა ადმინისტრაციული წესით განსახილველ საქმეთა კატეგორიას განეკუთვნება. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანი, “დაზღვევის შესახებ" კანონის თანახმად, არ არის საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ სადაზღვევო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელება და არც მოპასუხე მხარეს წარმოადგენს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური. ამიტომ დავის საგნიდან და სამართალსუბიექტობის პრინციპიდან გამომდინარე, განსახილველი დავა არ არის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული საქმე და სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველად უნდა გადაეცეს განსჯად სასამართლოს _ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სსკ-ის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის “ა" ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. პ. და თ. გ-ეების, ნ. მ-ისა და სს სადაზღვევო კომპანია “.......-ის" სააპელაციო საჩივრები განსახილველად განსჯადობით დაექვემდებაროს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.