Facebook Twitter

27 მაისი, 2024 წელი,

საქმე №ას-407-2024 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ა.ო–ი, ნ.ო–ი (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე - სს „თ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 31 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ქ.თბილისში, ....... პირველ სართულზე მდებარე №2 ბინა (შემდეგში - უძრავი ნივთი, უძრავი ქონება ან სადავო ბინა) სს„თ–ის“ (შემდეგში - მოსარჩელე, კრედიტორი ან მოწინააღმდეგე მხარე) საკუთრებაა.

2. სამართლებრივი საფუძვლის გარეშე უძრავ ქონებას ა.ო–ი (შემდეგში - პირველი მოპასუხე ან პირველი კასატორი) და ნ.ო–ი (შემდეგში - მეორე მოპასუხე ან მეორე კასატორი) ფლობენ.

3. შპს „უ–ს“ 2023 წლის 1 მარტის დასკვნის თანახმად, სადავო ბინის ქირავნობის საბაზრო ღირებულებამ ყოველთვიურად 600 ლარი, ხოლო, 2022 წლის 1 სექტემბრიდან 2023 წლის 1 მარტამდე მთლიანობაში - 3 600 ლარი შეადგინა.

4. უძრავი ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის, გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მისთვის გადაცემისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით მოპასუხეთა წინააღმდეგ მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით:

5.1. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

5.2. უძრავი ნივთი მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მოსარჩელეს გადაეცა;

5.3. 2022 წლის 1 დეკემბრიდან სადავო ბინის გამოთავისუფლებამდე მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეებს 600 ლარის გადახდა დაეკისრათ.

6. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 31 იანვრის განჩინებით მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

7.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-3 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ საქმეზე გამოკვეთილი იყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 172.1 მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, რაც უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ მოსარჩელის მოთხოვნის წარმატებას განაპირობებდა.

7.2. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით განმარტა, რომ უკანონო მფლობელობიდან გამომდინარე ფულადი ანაზღაურების მოთხოვნაზე ვრცელდება ხელყოფის კონდიქციის სპეციალური წესი, რომელიც სსკ-ის 982-ე მუხლშია წარმოდგენილი (პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი).

მსგავსი ფაქტობრივი გარემოებების მქონე ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ დაასკვნა შემდეგი: განსახილველი ნორმით გათვალისწინებული „ზიანი“ წარმოადგენს არა ზიანის ანაზღაურების შემთხვევას, არამედ, საქმე გვაქვს გამდიდრების გათანაბრებასთან. ამ შემთხვევაში, ყურადსაღებია, რომ ხსენებული ნორმა მოცემულია უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტით, რაც მიგვითითებს ამ ნორმით გათვალისწინებული ზიანის გათანაბრებაზე უსაფუძვლო გამდიდრებასთან, ანუ როგორც ხელყოფის კონდიქციისათვის არის დამახასიათებელი, ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი არის ის, რომ ხელმყოფმა უნდა გაუთანაბროს უფლების მქონე პირს მის უფლებაში ჩარევა. აქედან გამომდინარე, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებულ ზიანში იგულისხმება, მიღებულის დაბრუნების შეუძლებლობის შემთხვევაში, მისი ღირებულების ანაზღაურება, ანუ საქმე გვაქვს არა ზიანის ანაზღაურებასთან, არამედ გამდიდრების გათანაბრების შემთხვევასთან. ამდენად, სადავო ფაქტობრივი სიტუაცია არ ითვალისწინებს ზიანის ინსტიტუტს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეების საკუთრებაში არსებული ბინის უკანონო მფლობელობის გამო ამ უკანასკნელებმა გარკვეული სიკეთის მიღების შესაძლებლობა დაკარგეს, მათ უფლება ეძლევათ, ამოიღონ ეს ქონება ხელმყოფებისაგან. აღნიშნული ქონებრივი წონასწორობის აღდგენას ემსახურება სსკ-ის 982-ე მუხლი, რომლის თანახმად, ხელმყოფმა უნდა გაუთანაბროს უფლების მქონე პირს მის უფლებაში ჩარევა.

საქმეზე წარმოდგენილი შპს „უ–ს“ (შპს უძრავი ქონების ექსპერტიზა) მიერ გაცემული დასკვნის გათვალისწინებით (სადაც აღნიშნულია, რომ სადავო ბინის ქირავნობის საბაზრო ღირებულებამ ყოველთვიურად 600 ლარი, ხოლო, 2022 წლის 1 სექტემბრიდან 2023 წლის 1 მარტამდე - 3 600 ლარი შეადგინა) მოსარჩელეებმა დისპოზიციური ნების საფუძველზე მოითხოვეს მოპასუხეთათვის ყოველთვიურად 600 ლარის დაკისრება, 2022 წლის 1 სექტემბრიდან უძრავი ქონების გამოთავისუფლებამდე, რაც სააპელაციო სასამართლომ წარმატებულად მიიჩნია და მოცემულ ნაწილში სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეებმა საკასაციო საჩივარი შემოიტანეს, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვეს შემდეგი მოტივებიდან გამომდინარე:

- სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ უძრავ ქონებაში მოპასუხეებთან ერთად არასრულწლოვნები ცხოვრობენ, რომლებსაც სხვა საცხოვრებელი არ გააჩნიათ. იმ შემთხვევაში, თუკი სადავო ბინიდან მოპასუხეები გამოსახლდებიან, თავიანთ არასრულწლოვნებთან ერთად კასატორებს ქუჩაში მოუწევთ ცხოვრება.

- სასამართლო არასწორად დაეყრდნო სსკ-ის 982-ე მუხლს. მოსარჩელე მიკროსაფინანსო ორგანიზაციია, რომლის საქმიანობის სფერო - კრედიტების გაცემაა, იგი არ წარმოადგენს უძრავი ქონების სააგენტოს. შესაბამისად, მხოლოდ შპს „უ–ს“ მიერ საცხოვრებელი ბინის გაქირავების შეფასებაზე დაყრდნობა უსაფუძვლოა.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 აპრილის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

9. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

10. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება გამოიწვია.

კონკრეტულ საქმეზე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორებს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენიათ, ამიტომ ისინი საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა.

11. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორებმა ვერ მიუთითეს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ, საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

12. განსახილველ შემთხვევაში, უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთავისუფლებისა და გადაცემის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 172.1 მუხლი. ამ ნორმის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ უკანასკნელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები:

ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე,

ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და

გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

მოსარჩელე სადავო ქონების მესაკუთრეა, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები მიიჩნევა სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

რაც შეეხება უძრავ ქონებაზე მოპასუხეთა მფლობელობის არსებობას, აღნიშნულ გარემოებას მოპასუხეები არ უარყოფენ და გასაჩივრებული განჩინებითაც დამტკიცებულადაა ცნობილი, რის გამოც საკასაციო პალატისათვის იგი სავალდებულოა (სსსკ-ის 407.2 მუხლი).

13. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.

ამდენად, ვინაიდან არსებობს სსკ-ის 172.1 მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, მოსარჩელეს უფლება აქვს, მფლობელობის შეწყვეტა და ნივთის მისთვის გადაცემა მოითხოვოს.

14. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას საფუძვლად ვერ დაედება კასატორთა მიერ იმ გარემოებაზე მითითება, რომ უძრავ ქონებაში მოპასუხეებთან ერთად არასრულწლოვნები ცხოვრობენ, რომლებსაც სხვა საცხოვრებელი ან დროებითი თავშესაფარი არ გააჩნიათ. აღნიშნული ფაქტი ვერ მიიჩნევა კვალიფიციურ საკასაციო შედავებად, ვინაიდან საქმის მასალებში სათანადო ხასიათის მტკიცებულებები დაცული არაა, რაც სადავო ქონებაზე კასატორთა მფლობელობას გაამართლებდა და გამორიცხავდა ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. საკითხისადმი ამგვარი მიდგომა იმითაა დასაბუთებული, რომ მესაკუთრის ინტერესი, არ დაუშვას სხვა პირის მიერ ქონების უკანონოდ სარგებლობა, აღემატება მფლობელის ინტერესს, რომელიც ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის საფუძვლიანობას ვერ ადასტურებს (შდრ. სუსგ: №ას-1315-2018, 2019 წლის 31 იანვრის განჩინება).

სხვაგვარად, წინააღმდეგობა შეიქმნება „საკუთრების მშვიდობიანი სარგებლობის უფლების“ პრინციპთანაც, რაც ევროკონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლით მესაკუთრის მიერ ქონების საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგვის უფლებას გარანტირებულს ხდის. გარდა ამისა, საწინააღმდეგო შემთხვევაში, შეუსაბამობა გამოიკვეთება მოქმედ ეროვნულ კანონმდებლობასთანაც, რომლითაც საკუთრებით სარგებლობის თაობაზე მესაკუთრის უფლება აღიარებულია და მფლობელს მესაკუთრის პირისპირ უპირატესობა მხოლოდ მაშინ შეიძლება მიენიჭოს, თუკი მისი მფლობელობა მართლზომიერად იქნება მიჩნეული (სსკ-ის 159-ე და 162-ე მუხლები).

კონკრეტულ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, რომ სადავო ბინის მესაკუთრე მოსარჩელეა და მოპასუხეები უძრავ ნივთს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ. ეს გარემოებები მესაკუთრეს იმ უფლებით აღჭურავს, რომ თავის საკუთრებაში არსებული ქონების მოპასუხეებისგან, როგორც არამართლზომიერი მფლობელებისგან გამოთხოვა მოითხოვოს. ამდენად, გასაჩივრებული განჩინებით მესაკუთრის სარჩელი სწორად დაკმაყოფილდა.

15. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ: №ას-577-2019, 2020 წლის 28 თებერვლის განჩინება; №ას-246-246-2018, 2018 წლის 20 მარტის განჩინება; №ას-1032-952-2017, 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინება; №ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება). სადავო საკითხის ამგვარად გადაწყვეტა სრულ შესაბამისობაშია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან (მაგალითისათვის იხ.: მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, განაცხ. №6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი; იონერილდიზი თურქეთის წინააღმდეგ, დიდი პალატა, №48939/99, §124, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2004-XII; პრინცი ჰანს-ადამ II ლიხტენშტეინი გერმანიის წინააღმდეგ, დიდი პალატა, N42527/98, §83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2001-VIII)).

16. საკასაციო პალატის განსჯით, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი მოცემულობა ქმნის სსკ-ის 982-ე მუხლით (პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი) გათვალისწინებულ სამართლებრივ შემადგენლობას. ამასთან კასატორებს სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში აღწერილი მსჯელობის გამაქარწყლებელი არგუმენტები არ წარმოუდგენიათ და შესაბამისად, მოცემულ ნაწილშიც გასაჩივრებული განჩინება კანონთან შესაბამისია.

17. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორებმა ვერ გააქარწყლეს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

19. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.ო–ისა და ა.ო–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ნ.ო–სა (......) და ა.ო–ს (პ/ნ .......) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე ე.უ–ვას (პ/ნ ..........) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 600 ლარის (გადახდის თარიღი - 24.04.2024) 70% - 420 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე