6 ივნისი, 2024 წელი,
საქმე №ას-745 -2023 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - შპს „ა.ღ. ლ.“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ი/მ „ჭ.კ–ძე“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „ა.ღ. ლ.-ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, კასატორი) საკასაციო პრეტენზიით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, დაუსაბუთებელია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც ი/მ „ჭ.კ–ძის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი ან მოწინააღმდეგე მხარე) სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხისთვის 520.12 აშშ დოლარის დაკისრებისა და საპროცესო ხარჯების განაწილების ნაწილში გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხისთვის - 2882.88 აშშ დოლარის დაკისრებისა და საპროცესო ხარჯების განაწილების ნაწილში, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა ძალში; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში გაწეული საპროცესო ხარჯის - 648.85 ლარის ანაზღაურება დაეკისრა. სახელდობრ:
1.1. კასატორის მტკიცებით, უდავოა, რომ ზიანი უშუალოდ მოპასუხის ბრალეულმა ქმედებამ გამოიწვია. მიყენებულ ზიანსა და მართლსაწინააღმდეგო ქმედებას შორის მიზეზობრივი კავშირი - 520.12 აშშ დოლარის ფარგლებშიც დადასტურებულია და ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა დაუსაბუთებლად იქნა უარყოფილი.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ივნისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
4.3. მოსარჩელე გადამზიდავი კომპანიაა, რომლის საქმიანობის სფერო ტვირთის გადაზიდვაა.
4.4. მოსარჩელესა და შპს „დ.ს–ს“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც გამგზავნი ან დამკვეთი) შორის დადებული ტვირთის საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვის შეთანხმების ფარგლებში, მოსარჩელემ შპს „კ.ა–თვის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც გამგზავნის ხელშემკვრელი კომპანია ან მიმღები) თურქეთის რესპუბლიკიდან, ქალაქ სამსუნიდან, რუსეთის დედაქალაქ მოსკოვამდე, ტვირთის (განსაზღვრული რაოდენობის ტყის თხილის გული) მიწოდების ვალდებულება იკისრა.
4.5. 2018 წლის 27 სექტემბერს მხარეებს შორის ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი გაფორმდა, რომლის ფარგლებში მოპასუხემ სათანადო ანაზღაურების სანაცვლოდ, კუთვნილი მისამბელიანი სატრანსპორტო საშუალებით - „MAGNUM 460“, სახელმწიფო ნომრით - ......., თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ სამსუნიდან რუსეთის დედაქალაქ მოსკოვამდე, შემკვეთის ტვირთის გადაზიდვის ვალდებულება იკისრა.
4.6. 2019 წლის 20 სექტემბერს თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ სამსუნში მოპასუხის თანდასწრებით მის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება 20040 კგ დაფასოებული თხილის გულით დაიტვირთა.
4.6.1. ტვირთის ნაკლთან დაკავშირებით მოპასუხეს პრეტენზია/შენიშვნა არ გამოუთქვამს. დატვირთვისას ტვირთის დაზიანების ან ნაკლის შესახებ მთითებას არც სატრანსპორტო ზედნადები (CMR) არ შეიცავს.
4.7. 2019 წლის 27 სექტემბერს მოსარჩელემ მოპასუხეს მომსახურების ღირებულება - 3200 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი ჩაურიცხა.
4.8. ტვირთი დანიშნულების ადგილას 2019 წლის 4 ოქტომბერს ჩავიდა, თუმცა ავტომობილის მისამბელში წყლის ჩადინების გამო, თხილით დატვირთული 49 ტომარა, სველი და გამოყენებისთვის უვარგისი აღმოჩნდა.
4.8.1. მიმღებმა გამგზავნს ტვირთის დაზიანების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობა, ამასთან, მიყენებული ზიანის საბოლოო შეფასებამდე და ტვირთის მიღების ფინალური აქტის ხელმოწერამდე, სატრანსპორტო საშუალების მძღოლის/მოპასუხის დასწრება სთხოვა.
4.8.2. მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხეს აღნიშნული მოთხოვნის თაობაზე ეცნობა (იხ. სატელეფონო შეტყობინება), იგი პროდუქციის გადარჩევასა და შესაბამისი აქტის შედგენას არ დასწრებია (იხ. მოპასუხის განმარტება).
4.9. ტვირთის ნაწილი - 462 კგ თხილის გული სატრანსპორტო გადაზიდვისას, სატრანსპორტო საშუალების (მისამბელის) დაზიანებული ტენტიდან ჩადინებული წვიმის წყლით დასველების შედეგად დაზიანდა. ტვირთის დაფასოებისა და გადარჩევის შემდეგ გამოვლენილი გაფუჭებული ტვირთის საერთო ღირებულება - 2882.88 (462 კგ X 6.24 აშშ დოლარი, 20%-იანი დღგ-ს ჩათვლით) აშშ დოლარი, ტვირთის დაფასოებისა და გადარჩევის სამუშაოთა ღირებულება კი - 519.50 აშშ დოლარია (იხ. დაზიანებული (გაფუჭებული) ტვირთის ღირებულების ანაზღაურების შესახებ პრეტენზია).
4.10. ავტოსატრანსპორტო საშუალების დატვირთვამდე, 2019 წლის 18 სექტემბერს, გამგზავნი კომპანიის დირექტორმა მოსარჩელე კომპანიის დირექტორს შემდეგი შინაარსის სატელეფონო შეტყობინება გაუგზავნა „ა., მანქანა რომელიც იმყოფება სამსუნში, მას „ტენტი“ აქვს გახეული, უთხარი, რომ წავიდეს და შეაკეთოს სანამ დრო არის“.
4.10.1. მოპასუხეს ავტოსატრანსპორტო საშუალების „ტენტი/მისამბელი“ არ შეუკეთებია.
4.11. ტვირთის ნაწილობრივ დაზიანების შესახებ ინფორმაცია, შესაბამისი ღირებულების მითითებით სატრანსპორტო ზედნადებში აღინიშნა, ეცნობა გამგზავნს, რომელმაც მოსარჩელეს წარუდგინა პრეტენზია და ზიანის ანაზღაურება მოსთხოვა.
4.12. მოსარჩელემ გამგზავნს მიყენებული ზიანი - 3402.38 (2882.88 აშშ დოლარი დაზიანებული ტვირთის ღირებულება, ხოლო - 519.50 აშშ დოლარი ტვირთის გადარჩევისა და დაფასოების სამუშაოთა ღირებულება) აშშ დოლარი აუნაზღაურა.
4.13. მოპასუხემ უნაკლო ტვირთი ჩაიბარა (ტყის თხილის გული), თუმცა კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალების (მისამბელის) გაუმართავობის გამო, ტვირთი უსაფრთხოდ ვერ გადაზიდა.
5. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე/კასატორი თვლიდა, რომ მოპასუხემ უხეში გაუფრთხილებლობის გამო, ვერ უზრუნველყო მთლიანი ტვირთის უსაფრთხოდ, სათანადო პირობების დაცვით გადაზიდვა, რასაც შედეგად მისთვის ზიანის მიყენება მოჰყვა, აღნიშნული მოთხოვნა სსკ-ის 730-ე (ექსპედიციის ხელშეკრულებით ექსპედიტორი კისრულობს, თავისი სახელითა და შემკვეთის ხარჯზე განახორციელოს ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული მოქმედებანი. შემკვეთი მოვალეა, გადაიხადოს შეთანხმებული პროვიზია. 2. ექსპედიციის მიმართ შესაბამისად გამოიყენება დავალების წესები, თუ ამ თავიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს), 709-ე (დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე), 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლების საფუძველზე ზიანის ანაზღაურების უფლებას წარმოუშობოდა.
6. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წანამძღვარი და სამართლებრივად სწორად შეაფასა ისინი.
7. საკასაციო სასამართლომ მხარეთა ყურადღება გაამახვილა სსკ-ის 668-ე (გადაზიდვის ხელშეკრულებით გადამზიდველი ვალდებულია შეთანხმებული საზღაურის გადახდით გადაიტანოს ტვირთი ან გადაიყვანოს მგზავრი დანიშნულების ადგილზე) 686.1 მუხლის თანახმად კი, გადამზიდველი პასუხს აგებს ტვირთის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვისა და დაზიანებისათვის, თუ ტვირთი დაზიანდა ან დაიკარგა მისი მიღებიდან ჩაბარებამდე დროის შუალედში, ასევე - მიტანის ვადის გადაცილებისათვის) 731-ე (ექსპედიტორმა კეთილსინდისიერი ექსპედიტორის გულისხმიერებით უნდა გაგზავნოს ტვირთი, შეარჩიოს გადაზიდვაში მონაწილე პირები. ამასთან, მან უნდა დაიცვას გამგზავნის ინტერესები და შეასრულოს მისი მითითებები) 738-ე (თუ შეუძლებელია ტვირთის მდგომარეობის შემოწმება მხარეების თანდასწრებით, მაშინ, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, ტვირთის მიღება ჩაითვლება იმის დასტურად, რომ ტვირთი მიღებულ იქნა დანაკლისისა და დაზიანების გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მიმღები ტვირთის ჩამბარებელ პირს მიუთითებს ზიანის ზოგად ხასიათზე. თუ საქმე ეხება აშკარა დანაკლისს ან დაზიანებას, ამის შესახებ უნდა მიეთითოს ტვირთის მიღებისთანავე, ხოლო თუკი საქმე არ ეხება ასეთ დანაკლისს ან დაზიანებას, - ტვირთის მიღების დღიდან არა უგვიანეს სამი დღისა), 740-ე (ექსპედიტორი ექსპედიციის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოვალეობებისათვის, ჩვეულებრივ, მაშინ აგებს პასუხს, თუ მას ან მის დამხმარეს მიუძღვის რაიმე ბრალი) და 396-ე (მოვალემ თავისი კანონიერი წარმომადგენლის და იმ პირთა მოქმედებისათვის, რომელთაც იგი იყენებს საკუთარ ვალდებულებათა შესასრულებლად, ისეთივე მოცულობით უნდა აგოს პასუხი, როგორც საკუთარი ბრალეული მოქმედების დროს) მუხლებზე, რომელთა თანახმად, ექპედიტორი, როგორც ორგანიზატორი, პასუხისმგებელია მის მიერ შერჩეული დამხმარე სატრანსპორტო ორგანიზაციების/ფიზიკური პირების, მესამე პირების ბრალეულ ქმედებებზე.
8. დადგენილია, რომ მოსარჩელემ გამგზავნთან დადებული ტვირთის საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვის შეთანხმების ფარგლებში, გამგზავნის ხელშემკვრელი კომპანიისთვის/მიმღებისთვის თურქეთის რესპუბლიკიდან, ქალაქ სამსუნიდან, რუსეთის დედაქალაქ მოსკოვამდე, ტვირთის (განსაზღვრული რაოდენობის ტყის თხილის გული) მიწოდების ვალდებულება იკისრა, რაც მოპასუხის მეშვეობით განახორციელა.
ასევე დადგენილია, რომ მოპასუხის პასუხისმგებლობით გადაზიდული ტვირთის ნაწილი - 462 კგ თხილის გული, სატრანსპორტო გადაზიდვისას სატრანსპორტო საშუალების (მისამბელის) დაზიანებული ტენტიდან ჩადინებული წვიმის წყლით დასველების შედეგად დაზიანდა.
ტვირთის დაფასოებისა და გადარჩევის შემდეგ გამოვლენილი გაფუჭებული ტვირთის საერთო ღირებულება მოსარჩელემ აუნაზღაურა მიმღებს, რითაც მოპასუხისგან ზიანის ანაზღაურების უფლება წარმოეშვა, რადგან დადგენილია, რომ ზიანი სწორედ მოპასუხის ბრალეულმა ქმედებამ განაპირობა, კერძოდ:
8.1. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ, სსსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, დადასტურებულია, რომ თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ სამსუნში მოპასუხის თანდასწრებით, მისი კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება 20040 კგ დაფასოებული თხილის გულით დაიტვირთა. ტვირთის ნაკლთან დაკავშირებით მოპასუხეს პრეტენზია/შენიშვნა არ გამოუთქვამს. დატვირთვისას ტვირთის დაზიანების ან ნაკლის შესახებ მთითებას არც სატრანსპორტო ზედნადები (CMR) არ შეიცავდა და, რომ მოპასუხის პასუხისმგებლობით გადაზიდული ტვირთის ნაწილი - 462 კგ თხილის გული, მისი ბრალეული (უხეში გაუფრთხილებლობის) ქმედების შედეგად, კერძოდ, სატრანსპორტო საშუალების (მისამბელის) დაზიანებული ტენტიდან ჩადინებული წვიმის წყლით დასველების შედეგად დაზიანდა. მოპასუხემ კი, ვალდებულების ჯეროვნად შესრულების ან/და მისი ბრალეულობის გამომრიცხავი გარემოებების არსებობა, საქმეში სათანადო მტკიცებულებების არ არსებობის გამო ვერ დაადასტურა.
9. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ მსჯელობას ზიანის ოდენობასთან მიმართებით და განმარტავს, რომ ვინაიდან - 2882.88 აშშ დოლარი, დაზიანებული ტვირთის ხოლო - 520.12 აშშ დოლარი ტვირთის გადარჩევისა და დაფასოების სამუშაოთა ღირებულებაა, ზიანის ოდენობად სწორედ - 2882.88 აშშ დოლარი უნდა ჩაითვალოს და მოპასუხეს მხოლოდ მისი ანაზღაურება უნდა დაეკისროს.
ამ დასკვნის საფუძველს ქმნის სსკ-ის 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 412-ე (ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს) მუხლების დანაწესი.
საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას და დამატებით განმარტავს შემდეგს:
როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება (იხ. სუსგ. №ას-459-438-2015, 07.10.2015წ). ამდენად, კანონმდებლის ნებას წარმოადგენს, სამოქალაქო პასუხისმგებლობა გაავრცელოს იმ ზიანზე, რომელიც სამოქალაქო ბრუნვის საშუალო მონაწილის შემეცნების უნარის მქონე მოვალისთვის აღქმადი და განჭვრეტადი იქნება რაც განსახილველ შემთხვევაში გამორიცხავს ტვირთის გადარჩევისა და დაფასოების მიზნით ზიანის ანაზღაურების დაკისრების შესაძლებლობას.
10. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
11. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
13. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. განსახილველ შემთხვევაში, რაკი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დ.მ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადასახადო დავალება #5205, გადახდის თარიღი 11.05.2023წ), 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ა.ღ. ლ.-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს „ა.ღ. ლ-ს“ (ს/ნ .....) დაუბრუნდეს დ.მ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადასახადო დავალება #5205, გადახდის თარიღი 11.05.2023წ), 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე