Facebook Twitter

31 იანვარი, 2024 წელი,

საქმე №ას-1319 -2022 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - დ.მ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები - სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - კონკურსის გამოცხადების შესახებ რექტორის ბრძანების, საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმისა და კონკურსის შედეგების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

აღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. დ.მ–ძე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან დასაქმებული) ასაჩივრებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ივნისის განჩინებას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, რომლითაც კონკურსის გამოცხადების შესახებ სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე, დამსაქმებელი ან უნივერსიტეტი) რექტორის ბრძანების, საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმისა და კონკურსის შედეგების ნაწილობრივ ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა უარყოფილ იქნა.

კასატორის აზრით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, განჩინება არ არის დასაბუთებული, სახელდობრ:

1.1. კასატორის მტკიცებით, მხარეთა შორის უვადო შრომითი ხელშეკრულება არსებობდა, შესაბამისად, არც ვაკანსია და არც კონკურსის გამოცხადების საფუძველი არ არსებობდა. ეს გარემოება შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიისა და წყაროთმცოდნეობის განყოფილებაში უფროსი მეცნიერ თანამშრომლის ორ საშტატო ერთეულზე კონკურსის გამოცხადების ნაწილში ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველია. ამასთან, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არასწორედ მიიჩნიეს უდავო, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად, რომ კონკურსი კანონის დაცვით ჩატარდა, არ გაითვალისწინეს ბრძანებით დადგენილი უმთავრესი კრიტერიუმი, რომ გამოცხადებული ვაკანსიის პროფილის მიხედვით, კანდიდატს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი უნდა ჰქონოდა და იგი გამოცხადებული ვაკანსიის პროფილის მიხედვით უნდა არჩეულიყო.

1.2. კასატორის მითითებით, ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლოებმა ყურადღება არ მიაქციეს კომისიის წევრთა განსხვავებულ აზრს, სადაც აღნიშნული იყო, რომ „ცალკეულ შემთხვევებში დაირღვა საკონკურსო პირობები, რაც საბოლოო შედეგზე უარყოფითად აისახა, სახელდობრ, ზოგიერთ შემთხვევაში კონკურსანტის შესაბამისობა ვაკანსიის პროფილთან და კონკურსანტთა სამეცნიერო პოტენციალი ვერ იქნა სათანადოდ შეფასებული და გათვალისწინებული“. რაც იმას გულისხმობს, რომ კომისიის ოთხი წევრის მხარდაჭერით არჩეული კანდიდატი ვაკანსიის პროფილს არ შეესაბამებოდა.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

4.3. 2006 წლიდან 2018 წლის 22 ოტომბრამდე მოსარჩელე უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო კვლევით ერთეულში - ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის, შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიისა და წყაროთმცოდნეობის განყოფილებაში უფროსი მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობაზე, განსაზღვრული ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე იყო დასაქმებული.

4.3.1. დამსაქმებლის 2017 წლის 10 თებერვლის #111/02-03 ბრძანებით, იგი იმავე წლის 3 იანვრიდან ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიისა და წყაროთმცოდნეობის განყოფილების უფროსი მეცნიერ თანამშრომლის საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობაზე, სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შედეგების დამტკიცებამდე დაინიშნა.

4.4. უნივერსიტეტის რექტორის 2018 წლის 25 აპრილის #93/01-01 ბრძანებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში, სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერ თანამშრომლის, უფროსი მეცნიერ თანამშრომლისა და მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადდა.

4.4.1. მითითებული ბრძანებით, კონკურსი შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიისა და წყაროთმცოდნეობის განყოფილებაში უფროსი მეცნიერ თანამშრომლის ორ საშტატო ერთეულზე გამოცხადდა (შვიდი წლით). დადგინდა კონკურსში მონაწილეობის წესი, პირობები და კრიტერიუმები, კერძოდ, ვაკანტურ თანამდებობაზე შეიძლება შეირჩეს პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო-კვლევით უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და უნდა ჰქონდეს გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის, არანაკლებ 2 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით.

4.5. კონკურსში მოსარჩელეც მონაწილეობდა.

4.6. უნივერსიტეტის რექტორის 2018 წლის 15 მაისის N114/01-01 ბრძანებით დამტკიცებული საკონკურსო კომისიის 2018 წლის 14 ივნისის სხდომის შემაჯამებელი N1 ოქმით (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც შემაჯამებელი ოქმი), სამსახურში მისაღებად გამოცხადებული კონკურსის შედეგები შეჯამდა, რა დროსაც მოსარჩელის მომხრე იყო ორი, ხოლო წინააღმდეგი ოთხი. კენჭისყრის შედეგების მიხედვით, უფროსი მეცნიერ თანამშრომლის 2 საშტატო ერთეულზე გამარჯვებულად ა.თ–ძე (4 მომხრე, 2 მოწინააღმდეგე) და ქ.ქ–ძე (4 მომხრე, 2 მოწინააღმდეგე) გამოცხადდნენ.

4.6.1. კომისიის ორმა წევრმა განსხვავებული აზრი დააფიქსირეს და აღნიშნეს, რომ მოსარჩელის სამეცნიერო საქმიანობა და პროდუქცია ვაკანსიის პროფილის შესაბამისი იყო.

4.7. შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად უნივერიტეტის რექტორს წარედგინა, რომელმაც დამარცხებული მონაწილეების განცხადების საფუძველზე, კონკურსანტების გამარჯვებულად გამოცხადების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთება ითხოვა.

4.7.1. დამსაქმებლის ბრძანებით, სადავო საკითხების ნაწილში საპრეტენზიო კომისია შეიქმნა და საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი კონკურსანტთა გამარჯვებულად გამოცხადებისა ან მასზე უარის თქმის დასაბუთების მიზნით, საკონკურსო კომისიას დაუბრუნდა. კომისიის მიერ კანდიდატთა გამარჯვებულად გამოცხადების დასაბუთების წარდგენის შემდგომ კი, საპრეტენზიო კომისიამ ე.წ. უარყოფის დასაბუთება მოითხოვა.

4.7.2. 2018 წლის 20 სექტემბერს (განმეორებითი მოთხოვნის შემდგომ) კომისიის სამმა წევრმა საკონკურსო კომისიაში მუშაობის გაგრძელებაზე უარი განაცხადა, ამასთან აღნიშნეს, რომ კომისიის მუშაობისას კორუფციული გარიგებები, ნეპოტიზმი თუ კომისიის წევრებს შორის დაპირისპირება არ ყოფილა. კომისიამ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში აირჩა დასაბუთების ფორმა, სადაც ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად, თითოეული გამარჯვებული კონკურსანტის დასაბუთებაში მითითებულია ფაქტობრივი გარემოებები თუ რატომ მიენიჭა უპირატესობა.

ამასთან, ჰუმანიტარულ მეცნიერებებში, სამეცნიერო ნაშრომების შეფასებისას მკაცრად ჩამოყალიბებული დოგმები არ არსებობს.

4.8. კომისიამ შემაჯამებელი დასკვნების დამატებითი დასაბუთების განხილვა გააგრძელა (იხ. 2018 წლის 11 ოქტომბრის სხდომის ოქმი), კერძოდ, განხილული იქნა გასულ და დამარცხებულ კონკურსანტთა გამარჯვებისა და გამარჯვების უარყოფის დასაბუთებები. ოქმი და თანდართული დასაბუთებები, თავმჯდომარის მოხსენებითი ბარათით დასამტკიცებლად უნივერსიტეტის რექტორს წარედგინა.

4.9. უნივერსიტეტის რექტორის 2018 წლის 22 ოქტომბრის #252/01 ბრძანებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში, სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერ თანამშრომლის, უფროსი მეცნიერ თანამშრომლისა და მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსიის შედეგები დამტკიცდა და შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიისა და წყაროთმცოდნეობის განყოფილებაში ერთი უფროსი და ერთი უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი აირჩა.

5. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შრომითი უფლებების დაცვა განისაზღვრება ორგანული კანონით - საქართველოს შრომის კოდექსით. საქართველოს შრომის კოდექსი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით (სშკ-ის 1.1 მუხლი); შრომის ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით (სშკ-ის 1.2 მუხლი).

6. განსახილველ შემთხვევაში, დავა უფროსი მეცნიერ თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობის დაკავების წესსა და ვადებს ეხება, რომელიც სპეციალური, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სპეციალური კანონი) რეგულირდება.

7. სპეციალური კანონის 372 მუხლის მე-3 ნაწილი (უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. პირი უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული ვადით იკავებს) სამეცნიერო თანამდებობაზე/უფროსი მეცნიერი თანამშრომლის უვადოდ დასაქმების შესაძლებლობას გამორიცხავს, ამდენად მითითებულ თანამდებობაზე დასაქმებული პირისთვის სავალდებულო გახდა დაკავებული თანამდებობის კონკურსის წესით შენარჩუნება, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, დასაქმებულის მიმართ სშკ-ის მე-6 მუხლის გავრცელების არამართლზომიერებასთან მიმართებით.

8. სპეციალური კანონის 32.1 მუხლის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებობს აკადემიური, სამეცნიერო, ადმინისტრაციული და დამხმარე თანამდებობები, აგრეთვე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით გათვალისწინებული სხვა თანამდებობები, იმავე კანონის 371 მუხლის 1-ლი ნაწილით,

დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალი შეიძლება შედგებოდეს მეცნიერებისა და პოსტდოქტორანტებისაგან, ხოლო იმავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, მეცნიერები არიან შემდეგი სამეცნიერო თანამდებობების მქონე პირები: მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი და მეცნიერი თანამშრომელი.

კანონის 372 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სამეცნიერო თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის საფუძველზე, რომელიც უნდა ჩატარდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების შესაბამისად, იმავე მუხლის მე-3 ნაწილისა და უნივერსიტეტის წესდების 322 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით კი, უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. პირი, უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 7 წლით ინიშნება.

9. დადგენილია, რომ მოსარჩელე უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობას 2006 წლიდან იკავებდა. დამსაქმებლის 2017 წლის 10 თებერვლის #111/02-03 ბრძანებით კი, იგი იმავე წლის 3 იანვრიდან ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიისა და წყაროთმცოდნეობის განყოფილების უფროსი მეცნიერ თანამშრომლის საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობაზე, სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შედეგების დამტკიცებამდე დაინიშნა;

ამდენად, თანამდებობაზე დანიშვნისას მისთვის იმთავითვე ცნობილი იყო, რომ იგი აღნიშნულ პოზიციას სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შედეგების დამტკიცებამდე იკავებდა.

10. დადგენილია, რომ შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიისა და წყაროთმცოდნეობის განყოფილებაში უფროსი მეცნიერ თანამშრომლის ორ საშტატო ერთეულზე გამოცხადებულ კონკურსში დასაქმებულმა სათანადო ხმა (2 მომხრე, 4 მოწინააღმდეგე) ვერ დააგროვა (უნივერსიტეტის დამოუკუდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულის -სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებითი პირობების 4.2. მუხლი), შესაბამისად, კენჭისყრის შედეგების მიხედვით, უფროსი მეცნიერ თანამშრომლის 2 საშტატო ერთეულზე გამარჯვებულად სხვა პირები გამოცხადნენ.

10.1. კასატორის მტკიცებით, შერჩეული კანდიდატთაგან ერთ-ერთს ისტორიკოსის კვალიფიკაცია და სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი არ ჰქონდა.

10.2. საკასაციო სასამართლო კასატორის ამ მსჯელობას უარყოფს და მის ყურადღებას მიაქცევს უნივერსიტეტის რექტორის 2018 წლის 25 აპრილის #93/01-01 ბრძანებაზე, რომლითაც დადგინდა კონკურსში მონაწილეობის წესი, პირობები და კრიტერიუმები, კერძოდ, ვაკანტურ თანამდებობაზე შეიძლება შეირჩეს პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო-კვლევით უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და უნდა ჰქონდეს გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის, არანაკლებ 2 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით.

განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ, ვინაიდან აუცილებელ პირობას წარმოადგენდა მხოლოდ ის გარემოება, რომ პირს გააჩნდეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, აღნიშნული გამორიცხავდა კონკრეტულად ისტორიის დოქტორის ხარისხთან დაკავშირებით სავალდებულო დათქმის არსებობას და ვერ გახდებოდა ამ მიზეზით პირის კონკურსში გამარჯვების დამაბრკოლებელი გარემოება.

11. ამდენად, ვაკანტურ თანამდებობაზე - უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, საკონკურსო კომისიის უმრავლესობის/ოთხი წევრის მხარდაჭერით შეირჩია (იხ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით დამტკიცებული ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებითი პირობების“ 4.2 მუხლი), რაც უპირობოდ გამორიცხავს შემაჯამებელი ოქმისა და კონკურსის შედეგების დამტკიცების შესახებ უნივერსიტეტის რექტორის ბრძანების ბათილად ცნობას, შესაბამისად, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

12. ცხადია, რომ კომისიამ განიხილა და შეაფასა თითოეული კანდიდატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და ღია კენჭისყრის შედეგებით, ხმათა უმრავლესობით, თავისუფალი ნების გამოვლენით მიიღო გადაწყვეტილება.

თავის მხრივ, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უფლებაა დამოუკიდებლად შეაფასოს საკონკურსო კანდიდატთა კონკრეტულ სამეცნიერო თანამდებობაზე შერჩევის მიზანშეწონილობა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კომისიის წევრთა გადაწყვეტილების კანონიერების ეჭვქვეშ დაყენება და მასზე დაყრდნობით მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ვერ განხორციელდება, ვინაიდან, კომისიის წევრებმა მხოლოდ საკუთარი ინდივიდუალური განსჯის შედეგად მიიღეს გადაწყვეტილება კონკრეტული კანდიდატის შეფასების შესახებ; სასამართლო მათ დისკრეციაში ვერ შეიჭრება და შესაბამისად მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს მოთხოვნა კონკურსის შედეგების ბათილად ცნობის თაობაზე.

13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო კონტროლი არ მოიცავს კომისიის, როგორც კოლეგიური სტრუქტურული ერთეულის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობის შეფასებას, რადგან იგი ეფუძნება კომისიის თითოეული წევრის მკაცრად ინდივიდუალიზებულ პირად, პროფესიულ შეფასებას, მათ შინაგან რწმენას და კანდიდატის პასუხების მისეულ აღქმას, რაც საკანონმდებლო რეგულაციის მიღმა არსებული განზომილებაა და კომისიის წევრის მიერ აშკარა სამართალდარღვევის გარდა რომელიმე ნორმატიულ აქტთან შესაბამისობის კუთხით ვერ იქნება განხილული.

კანონმდებელმა მოცემულ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღებისთვის გაითვალისწინა სათანადო კომისიის შექმნა და გადაწყვეტილების მიღება მას მიანდო, რომლის ინდივიდუალურ წევრთა გადაწყვეტილების მიზანშეწონილობის სასამართლო კონტროლი კომისიის და შესაბამისად, დამსაქმებლის საქმიანობის არაეფექტურობას გამოიწვევს. კოლეგიური ორგანოს რეკომენდაციის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების შემოწმება დაიშვება მხოლოდ ფორმალური კანონიერების დაცვის და არა შინაარსობრივი მიზანშეწონილობის თვალსაზრისით, რამეთუ სასამართლო ვერ ჩაანაცვლებს დამსაქმებელ სუბიექტს და ვერ უზრუნველყოფს მისი ფუნქციების შეთავსებას კანდიდატთა შორის არჩევანის გაკეთების თვალსაზრისით.

ამდენად, კანონიერების თვალსაზრისით, არ არსებობს კასატორის მტკიცების გაზიარების ობიექტური საფუძველი, რომ კომისიამ მიკერძოებული გადაწყვეტილება მიიღო ვინაიდან ეს დასკვნა მხოლოდ კასატორის სუბიექტურ მოსაზრებებს, აღქმებს ეფუძნება და საქმეში არსებული უტყუარი გარემოებებით დადასტურებული არაა.

14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად ამდენად სასამართლო უფლებამოსილია განიხილოს კასატორის მხოლოდ ძირითადი არგუმენტები (იხ. „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

15. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან.

16. კასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

18. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (გადახდის დავალება №14703740120, გადახდის თარიღი - 06.10.2022), 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ.მ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. დ.მ–ძეს (პ/ნ .......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (გადახდის დავალება №14703740120, გადახდის თარიღი - 06.10.2022), 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე