22 მაისი, 2024 წელი,
საქმე №ას-1458-2023 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,....’’ (მოსარჩელე)
თავდაპირველი მოპასუხეები - მ.ხ–ძე, ჯ.ა–ძე
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ამხანაგობის კრების ოქმის ბათილად ცნობა, თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, 2008 წლის 25 დეკემბერს 140კვ.მ სარდაფი (შემდეგში - სადავო ფართი, პირველი უძრავი ნივთი ან პირველი უძრავი ქონება) ჯ.ა–ძის (შემდეგში - პირველი მოპასუხე ან პირველი მესაკუთრე) საკუთრებად, ხოლო, 105.66კვ.მ სარდაფი (შემდეგში - მეორე უძრავი ნივთი ან მეორე უძრავი ქონება) - დ.ვ–ძის (შემდეგში - მეორე მოპასუხე ან მეორე მესაკუთრე) საკუთრებად დარეგისტრირდა.
მოპასუხეთა საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „.....-ს“ (შემდეგში - მოსარჩელე ან ამხანაგობა) კრების ოქმზე (დამოწმების თარიღი - 2008 წლის 11 დეკემბერი, შემდეგში წინამდებარე განჩინებაში მოხსენიებული, როგორც სადავო ოქმი ან გასაჩივრებული ოქმი) მიეთითა.
2. სადავო ოქმის თანახმად, ამხანაგობის წევრთა 2/3-ზე მეტის მონაწილეობით ჩატარებულ კრებაზე ამხანაგობამ მოპასუხეთათვის უძრავი ნივთების საკუთრებაში გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო, რომელსაც ამხანაგობის იმჟამინდელი თავმჯდომარე მ.ხ–ძე თავმჯდომარეობდა.
3. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ 2017 წლის 11 დეკემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა რეგისტრირებულმა მესაკუთრემ და სადავო ფართზე საკუთრების უფლების მიტოვება მოითხოვა. ამავე გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მხარის განცხადება დაკმაყოფილდა.
4. საჯარო რეესტრის 2017 წლის 12 დეკემბრის ამონაწერით დადგენილია, რომ მეორე უძრავი ნივთი სადავო ოქმის საფუძველზე მეორე მოპასუხის საკუთრებად რჩებოდა, პირველი უძრავი ნივთი კი, სახელმწიფოს საკუთრებად დარეგისტრირდა. სახელმწიფოს საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველის, საკუთრების უფლების მიტოვების შესახებ პირველი მოპასუხის 2017 წლის 11 დეკემბრის განცხადება.
5. საჯარო რეესტრში წარდგენილი განცხადების ასლითა და კანცელარიის მიღების ბარათით დადგენილია, რომ საკუთრების უფლების მიტოვების შესახებ განცხადების საჯარო რეესტრში წარდგენიდან მეორე დღეს, 2017 წლის 12 დეკემბერს, პირველმა მოპასუხემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრს, მიუთითა, რომ 2017 წლის 11 დეკემბრის განცხადება მის ნამდვილ ნებას არ შეესაბამებოდა და სადავო სარდაფის ამხანაგობის საკუთრებაში დაბრუნების მიზნით საქმის წარმოების შეჩერება და სარდაფის კვლავ თავის საკუთრებაში დაბრუნება ითხოვა.
6. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით პირველი მოპასუხის განცხადებები არ დაკმაყოფილდა და პირველ უძრავ ქონებაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლება აღირიცხა.
7. პირველი მოპასუხის, მეორე მოპასუხისა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს (შემდეგში - მესამე მოპასუხე, კასატორი ან სააგენტო) წინააღმდეგ ამხანაგობამ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომლითაც სადავო ფართის პირველი მოპასუხის საკუთრებად დარეგისტრირების შესახებ გასაჩივრებული ოქმისა და მასზე საკუთრების უფლების მიტოვების შესახებ 2017 წლის 11 დეკემბრის განცხადების ბათილად ცნობა, ასევე აღნიშნულ ქონებაზე ამხანაგობის საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
9. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მესამე მოპასუხემ გაასაჩივრა.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 27 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
10.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-7 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ოქმი ბათილად ცნობას ექვემდებარებოდა, შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:
10.1.1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მართვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს სადავო პერიოდში მოქმედი „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონი (შემდეგში - სპეციალური კანონი) აწესრიგებდა, რომლის მიზანი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მართვის, ექსპლუატაციისა და განვითარების სამართლებრივი პირობების უზრუნველყოფა იყო.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრი მრავალბინიან სახლში მდებარე ბინის მესაკუთრეა, რომელსაც ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრობა მრავალბინიან სახლში ინდივიდუალური საკუთრების შეძენისთანავე წარმოეშობა.
სპეციალური კანონის 5.1 მუხლის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების შემადგენელი მიწის ნაკვეთი, სახლის ნაწილი და ის შენობა-ნაგებობები, დანადგარები, საინჟინრო ქსელები, მოწყობილობები, რომლებიც ინდივიდუალურ საკუთრებას არ შეადგენს, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას (საერთო საკუთრებას) წარმოადგენს. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას მიეკუთვნება სარდაფები.
ამავე კანონის მე-4 მუხლის მიხედვით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრები კრებაზე აფიქსირებენ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა მიერ მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსების (სარდაფები, სხვენები და ა. შ.) მფლობელობის ამ კანონის ძალაში შესვლის დროს არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობას და ხმათა 2/3-ით იღებენ გადაწყვეტილებას, რომლის შესახებაც შესაბამისი ოქმი დგება, თუ წესდებით განსხვავებული კვორუმი არ განისაზღვრება.
მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსებზე (სარდაფები, სხვენები და ა. შ.) საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში დასარეგისტრირებლად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრმა უნდა წარმოადგინოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრების მიერ შედგენილი ოქმი და ნახაზი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია სამეურნეო
სათავსის ადგილმდებარეობის დადგენა.
სპეციალური კანონის 10.1 მუხლის შესაბამისად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ისეთი განვითარება, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას და გავლენას ახდენს სხვა ბინის მესაკუთრეთა მიერ საერთო ქონების გამოყენებაზე, ხორციელდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.
ამდენად, ამხანაგობის საერთო ქონების ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაცემის ორი გზა არსებობს:
1). ამხანაგობის წევრს, რომელიც კანონის ამოქმედებამდე ფაქტობრივად ფლობდა ფართს, ქონების ფლობა ამხანაგობის წევრთა 2/3-ით უდასტურდება, რაც საჯარო რეესტრში ამხანაგობის წევრის სახელზე ქონების რეგისტრაციის საფუძველზე სრულდება და, 2). ამხანაგობის წევრთა საერთო ქონება სუბიექტის საკუთრებაში 100%-იანი თანხმობის შემთხვევაში გადადის.
ზემომითითებულ ორივე შემთხვევაში საჭიროა ამხანაგობის წევრთა ნება, რაც შესაბამისი მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს.
11.1.2. სადავო ოქმის მიხედვით, დღის წესრიგად ამხანაგობის ორი წევრისთვის (მოპასუხეებისთვის) სარდაფის საკუთრებაში გადაცემა განისაზღვრა;
კრებას ამხანაგობის წევრთა 2/3-ზე მეტი ესწრებოდა, თუმცა გრაფა რომელიც წევრთა კონკრეტულ ოდენობას აფიქსირებს, შეუვსებელი და ცარიელია;
განსახილველ საკითხთან დაკავშირებით ამხანაგობის სამმა წევრმა აზრი გამოთქვა და განაცხადა, რომ დაინტერესებული პირები შესაბამის ფართებს ნამდვილად ფლობდნენ, რის გამოც აღნიშნული ფართების მათთვის საკუთრებაში გადაცემაზე თანხმობას აცხადებდნენ;
ხმათა უმრავლესობით კრებამ, კერძოდ, ამხანაგობის წევრთა 2/3-ზე მეტმა, მითითებული ფართების მოპასუხეთა საკუთრებაში გადაცემა დაადგინა;
გასაჩივრებულ ოქმს ხელს კრების თავმჯდომარე მ.ხ–ძე და მდივანი ნ.ბ–ძე აწერს, თუმცა ნოტარიუსმა მხოლოდ თავმჯდომარის ხელმოწერა დაადასტურა;
ხსენებული დოკუმენტს არ ერთვის ამხანაგობის წევრთა სია ან/და ჩამონათვალი, თუ ვინ ესწრებოდა კრებას, ვინ მისცა ხმა პირველი მოპასუხისთვის საკუთრებაში ფართის გადაცემას ან/და ვინ იყო წინააღმდეგი.
საქმეში არ მოიპოვება იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ამხანაგობის ყველა წევრ შეტყობინებით ეცნობა განსახილველი საკითხის თაობაზე და ისინი მიწვეული იყვნენ კრებაზე.
მოცემული საქმის სასამართლოში განხილვისას ამხანაგობის რამდენიმე წევრთა ახსნა-განმარტებით ირკვევა, რომ მათ მხოლოდ 2017 წელს შეიტყვეს სარდაფის სხვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ და კრების თაობაზე ინფორმირებული არ ყოფილან.
11.2. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ვინაიდან საქმეზე დადგინდა, რომ სადავო ფართის (სარდაფის) გაფორმების მომენტში პირველი მოპასუხე არ იყო ამხანაგობის წევრი, ე.ი. ხსენებული ქონება მის ინდივიდუალურ მფლობელობაში არ შედიოდა, ამიტომ ამხანაგობის წევრთა 2/3-ის თანხმობა მოცემულ შემთხვევაში საკმარისი ვერ იქნებოდა.
სადავო ფართი ამხანაგობის საერთო საკუთრებას წარმოადგენდა და, მის შესახებ ნებისმიერი გადაწყვეტილების მისაღებად ამხანაგობის წევრთა 100%-იანი თანხმობა იყო საჭირო, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
11.3. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კონკრეტულ შემთხვევაში სადავო ოქმის კანონშეუსაბამობა გამოკვეთილია, შესაბამისად, უკანონო იყო ამ ოქმის საფუძველზე პირველი მოპასუხის სახელზე წარმოშობილი საკუთრების უფლებაც და საკუთრების უფლების მიტოვების შესახებ მისი 2017 წლის 11 დეკემბრის განცხადების საფუძველზე ნივთის სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლაც.
12. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მესამე მოპასუხემ საკასაციო საჩივარი წარმოადგინა, ამ განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის უარყოფის მოთხოვნით, შემდეგი დასაბუთებით:
12.1. სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ პირველი მოპასუხისთვის სარდაფის საკუთრებაში გადაცემას ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა ასპროცენტიანი თანხმობა ესაჭიროებოდა, რადგან ეს უკანასკნელი სარდაფს კანონის ამოქმედებამდე ფაქტობრივად ფლობდა, შესაბამისად, ამხანაგობის წევრთა 2/3-ის გადაწყვეტილებით მას უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების დარეგისტრირება შეეძლო.
12.2. უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვებისთვის, მესაკუთრის ნების გამოვლენა და, ამ ნების ამსახველი განაცხადის საჯარო რეესტრში დარეგისტრირებაა აუცილებელი. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მესაკუთრის მიერ საკუთრების უფლების მიტოვების მომენტში გამოვლენილი ნების იმგვარი ხარვეზის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც სასამართლოს საკუთრების უფლების მიტოვების ცალმხრივი გარიგების ბათილად ცნობის საფუძველს მისცემდა.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
14. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
15. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება გამოიწვია.
კონკრეტულ საქმეზე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ ისინი საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა.
16. მოცემული დავის საკვანძო საკითხი შემდეგია: არსებობს თუ არა გასაჩივრებული ამხანაგობის კრების ოქმის ბათილად ცნობის კანონით გათვალისწინებული საფუძველი?
დასმულ შეკითხვას სააპელაციო სასამართლომ დადებითი პასუხი გასცა, რისი დასაბუთებისთვის საჭირო არგუმენტები გასაჩივრებულ განჩინებაში ამომწურავად წარმოადგინა.
ზემომითითებული დასკვნის საფუძველი სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილად ცნობილმა გარემოებებმა შექმნა, რომლებიც წინამდებარე განჩინების 1-7 პუნქტებშია წარმოდგენილი და კასატორს დასაბუთებული შედავების (პრეტენზია) გზით არ გაუქარწყლებია. აქედან გამომდინარე, ეს გარემოებები საკასაციო პალატისთვის სავალდებულოა (სსსკ-ის 407.2 მუხლი).
ამავდროულად, შექმნილი ფაქტობრივი მოცემულობა საკასაციო პალატასაც უყალიბებს დასკვნას გასაჩივრებული ოქმის კანონშეუსაბამობის თაობაზე, რაც მისი ბათილად ცნობის შესახებ მოსარჩელის მოთხოვნას დასაბუთებულს ხდის (წინამდებარე განჩინების 11.1.2. 11.2 და 11.3 ნაწილი). შესაბამისად, რაკი სადავო ოქმის კანონშეუსაბამო ხასიათი გამოკვეთილია, უკანონოა ამ ოქმის საფუძველზე პირველი მოპასუხის სახელზე წარმოშობილი საკუთრების უფლებაც და საკუთრების უფლების მიტოვების შესახებ მისი 2017 წლის 11 დეკემბრის განცხადების საფუძველზე სარდაფის სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემაც ვინაიდან ნება არაუფლებამოსილი პირის მიერაა გამოხატული. სადავო სამართალურთიერთობის ამგვარად კვალიფიკაცია სპეციალური კანონის მე-4, 5.1, 10.1 მუხლებიდან გამომდინარეობს და სარჩელს წარმატებულს ხდის.
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
18. არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
19. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „ს1“ ქვეპუნქტის საფუძველზე კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ს1“ ქვეპუნქტის საფუძველზე კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე