18 აპრილი, 2024 წელი,
საქმე №ას-1612-2023 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სს „ს.კ.პ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ფ.ხ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 5 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის უარყოფა
დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სს „ს.კ.პ–ი“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, დამსაქმებელი ან სადაზღვევო კომპანია) ასაჩივრებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 5 სექტემბრის განჩინებას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, რომლითაც ფ.ხ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან დასაქმებული) მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის 2021 წლის 15 სექტემბრის #545 წერილი და იმავე წლის 18 ოქტომბრის #224/21 ბრძანება მოსარჩელის გათავისუფლების თაობაზე;
მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ კომპენსაციის - 5 000 ლარის გადახდა დაეკისრა; 2021 წლის 15 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე მოპასუხეს ყოველთვიურად განაცდურის - 2500 ლარის (დარიცხული) გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ;
პირვანდელ სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნის ნაწილში სარჩელი უარყოფილ იქნა.
კასატორის აზრით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, განჩინება არ არის დასაბუთებული, სახელდობრ:
1.1. კასატორის მტკიცებით, დასაქმებული დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა კანონიერად, საქართველოს შრომის კოდექსის 47.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ კი, სრულად არ გამოიკვლია და სათანადოდ არ შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც შედეგად მოჰყვა დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება (დეტალურად იხ. საკასაციო საჩივარი).
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 2 თებერვლის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
4.3. დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის არსებობდა უვადო შრომითი ურთიერთობა, სახელდობრ:
4.3.1. მოსარჩელე 2017 წლის 16 დეკემბერს წერილობითი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხესთან სამედიცინო დაზღვევის ანდერაიტერის თანამდებიბაზე ერთი წლით, 2018 წლის 16 დეკემბრამდე დასაქმდა.
4.3.2. 2018 წლის 1 ოქტომბრის ხელშეკრულებით, დასაქმებული 2020 წლის 1 ოქტომბრამდე სამედიცინო დაზღვევის ანდერაიტინგის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა და ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება 2500 (დარიცხული) ლარით განესაზღვრა.
4.3.3. 2020 წლის 1 ოქტომბრს კი, მხარეთა შორის ერთი წლის ვადით, მესამე ხელშეკრულება დაიდო.
4.4. მოსარჩელესა და კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილეს შორის უმთავრესად სამსახურებრივ საკითხებზე განვითარდა კონფლიქტი, კერძოდ:
4.4.1 მოსარჩელემ კომპანიის დირექტორს აცნობა თანამშრომლის დახმარების მიზნით, ტენდერის დოკუმენტაციის ატვირთვისას არაგამიზნულად ტექნიკური ხარვეზის დაშვების თაობაზე, ამასთან, მიუთითა, რომ აღნიშნული ტენდერის შედეგებზე უარყოფითად არ ასახულა, შესაბამისად, მოსარჩელემ აღნიშნა, რომ იმ შეცდომაზე რაზეც გენერალური დირექტორის მოადგილისგან სიტყვიერი ან წერილობითი დავალება არ მიუღია, პასუხისმგებლობაც არ უნდა დაკისრებოდა. შეცდომაც მანვე აღმოფხვრა (იხ. მოსარჩელის 2020 წლის 17 იანვარის ახსნა-განმარტება).
4.4.2. იმავე დღეს მოსარჩელემ კომპანიის დირექტორს ელექტრონული წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე არაკორექტულად ექცევა. მისი განმარტებით ძალიან რთულია ადამიანური/ტექნიკური შეცდომისა და ყოველგვარი დახმარების გარეშე, ყოველდღიურად უამრავ დოკუმენტის სისტემაში ატვირთვა.
4.4.3. 2020 წლის 26 აგვისტოს მოსარჩელემ ელექტრონული წერილით კვლავ აცნობა კომპანიის დირექტორს რომ წინა დღით მასთან შევიდა „HR“ და სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ აცნობა, თუმცა მოტივიც ვერ აუხსნა. წერილში საუბარია მოსარჩელესა და მის ხელმძღვანელს შორის რიგ საკითხებზე განსხვავებული პოზიციის არსებობაზეც.
4.4.4. მოსარჩელესა და კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე შორის დაძაბულ ურთიერთობაზე მათ შორის არსებული მიმოწერაც მიუთითებს (იხ. ტ.1, ს.ფ. 183).
4.4.5. 2020 წლის 25 აგვისტოს მოსარჩელეს შემდგომი უთანხმოებისა და გაურკვევლობის თავიდან აცილების მიზნით, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე ეცნობა, ამასთან განემარტა, რომ ერთჯერადი კომპენსაციის სახით - 5000 ლარს მიიღებდა (იხ. შეთანხმების ელექტრონული ვერსია).
4.4.6. აღნიშნული აქტის ხელმოწერაზე მოასარჩელემ უარი განაცხადა.
4.5. მოსარჩელის საქმიანობა ჯანმრთელობის დაზღვევასთან ერთად სამოგზაურო, სიცოცხლისა და უბედური შემთხვევის დაზღვევასაც მოიცავდა.
4.6. 2021 წლის 15 სექტემბერს კომპანიის 10 თანამშრომელს, მათ შორის მოსარჩელეს, თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე შეტყობინება გაეგზავნა.
4.6.1. ზემოაღნიშნული 10 თანამშრომლიდან, ალტერნატიული შეთავაზების გარეშე მხოლოდ ორი თანამშრომელი, მათ შორის მოსარჩელე გათავისუფლდა.
დანარჩენ რვას კი, იმავე ან გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობასთან მეტნაკლებად კავშირში მყოფ პოზიციაზე კონკურსში მონაწილეობის მიღება შესთავაზეს (მაგ. სამედიცინო დაზღვევის დეპარტამენტის უფროსს - ახალი საშტატო განრიგით განსაზღვრულ „სამედიცინო დაზღვევის მენეჯერის“ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში, ანდერაიტინგის (არასამედიცინო დაზღვევა) და გადაზღვევის დეპარტამენტის უფროსს - ახალი საშტატო განრიგით განსაზღვრულ „არასამედიცინო დაზღვევისა და გადაზღვევის ანდერაიტერის“ ვაკანტურ პოზიციაზე გამოცხადებულ კუნკურში).
4.7. დამსაქმებლის სამეთვალყურეო საბჭოს 2021 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით, დამტკიცდა განახლებული საორგანიზაციო სტრუქტურა და საშტატო განრიგი/სახელფასო ფონდი. რასაც კომპანიის გენერალური დირექტორის 2021 წლის 10 სექტემბრის წერილით მიწოდებული ფინანსური მაჩვენებლები (აუდიტორული ფინანსური ანგარიშგება, 2018-2020 წლის აუდიტის დასკვნები, 2021 წლის შვიდი თვის მოგება-ზარალის ანგარიშგება, კომპანიის საშტატო განრიგი და კომპანიის თანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობების აღწერილობა) უძღოდა წინ. გენერალურ დირექტორს განახლებული საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის მოქმედებაში მოყვანა დაევალა.
4.8. სამეთვალყურეო საბჭოს 2021 წლის 14 სექტემბრის ოქმის N3 დანართში აღწერილია სადაზღვევო კომპანიის სამუშაო ძალის/სახელფასო ფონდისა და ხარჯების შემცირების აუცილებლობის ანალიზი. სამეთვალყურეო საბჭოს მსჯელობა თითოეულ დეპარტამენტში კადრების ოპტიმიზაციის შესაძლებლობის თაობაზე.
საბჭოს გადაწყვეტილებით, ვინაიდან კომპანიას სამედიცინო მიმართულების განვითარების კუთხით არ ჰქონდა მკაფიოდ გამოხატული გეგმა, სამედიცინო დაზღვევის ანდერაიტინგის დეპარტამენტი რომლის თანამშრომელიც მოსარჩელე იყო, გაუქმდა. სამედიცინო მიმართულებით ახალი დაზღვევის კონტრაქტები არ გაფორმდებოდა.
რაც შეეხება არასამედიცინო დაზღვევისა და გადაზღვევის ანდერაიტინგის დეპარტამენტს, რომელიც ანდერაიტინგისა (არასამედიცინო დაზღვევა), გადაზღვევის დეპარტამენტის უფროსის და ანდერაიტინგისა (არასამედიცინო დაზღვევა) და გადაზღვევის მენეჯერისგან შედგებოდა, კომპანიის არსებული დაზღვეულთა რაოდენობა/პორტფელი და ასევე, თანამშრომელთა მიერ წარმოდგენილი ფუნქცია-მოვალეობების ჩამონათვალი იძლეოდა იმის საშუალებას, რომ ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით, აღნიშნულ დეპარტამენტში ერთი - ანდერაიტინგისა და გადაზღვევის მენეჯერის თანამდებობა დარჩენილიყო.
4.9. 2021 წლის 15 სექტემბრის წერილით, დამსაქმებელმა მოსარჩელეს აცნობა საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის „ა“ პუნქტის საფუძველზე (ფინანსური და ეკონომიკური გარემოებებიდან გამომდინარე, კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ განხორციელდა ორგანიზაციული ცვლილებები, რასაც შედეგად მოჰყვა სამუშაო ძალის შემცირება, შესაბამისად, გაუქმებულ იქნა მოსარჩელის მიერ დაკავებული სამედიცინო დაზღვევის ანდერაიტინგის დეპარტამენტის უფროსის პოზიცია, რომელიც დღეის მდგომარეობით მოპასუხე კომპანიაში არ არსებობს), წერილის ჩაბარებიდან 30 დღის შემდეგ, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე.
4.10 დამსაქმებლის 2021 წლის 18 ოქტომბრის #224/21 ბრძანებით, მოსარჩელე იმავე წლის 18 ოქტომბრიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და მიეცა სათანადო კომპენსაცია.
4.11. რეორგანიზაციის შემდგომ ნაცვლად ხარჯების შემცირებისა, კომპანიაში ხარჯები გაიზარდა, კერძოდ:
4.11.1. 2021 წლის 31 იანვრიდან 2022 წლის 31 მარტის ჩათვლით კომპანია ახორციელებდა ჯანმრთელობის დაზღვევის პროდუქტის რეალიზაციას და მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე ორი თანამშრომელი ჰყავდა, რომელთა შრომითი ანაზღაურება - 1500 ლარს შეადგენდა (იხ. მომსახურების ხელშეკრულებები).
4.11.2. 2022 წლის 17 ივნისს სადაზღვევო კომპანიასა და ჯანმრთელობის დაზღღვევის მორიგ ანდერაიტერს შორის მომსახურების ხელშეკრულება დაიდო, ყოველთვიური მომსახურების ღირებულება კი 3125 ლარით განისაზღვრა.
5. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი შედეგის - შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა (უფლებრივი რესტიტუცია) და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველია სშკ-ის 2.1 (შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ) და 2.2 (შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით), 38.8 (სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება), 44-ე (შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით) (სადავო ბრძანების გამოცემისას არსებული რედაქცია), (სადავო ბრძანების გამოცემის მომენტისთვის მოქმედი რედაქცია) ასევე, სსკ-ის 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია, მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება) და 408.1-ე (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლები.
6. მოცემულ შემთხვევაში, სადავო ბრძანების მიხედვით, მოსარჩელის გათავისუფლებას საფუძვლად დაედო საზოგადოების რეორგანიზაცია, რაც ემყარება სადავო ბრძანების გამოცემის დროისათვის მოქმედ სშკ-ის 47.1 მუხლის „ა“ (შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველია ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის, სამუშაო ძალის შემცირებას) ქვეპუნქტს.
7. საკასაციო სასამართლოს არაერთი განმარტებით, რეორგანიზაცია არის საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის სტრუქტურის შეცვლა, გადაკეთება, გარდაქმნა ან მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შეცვლა, რასაც შესაძლოა, გარკვეულ შემთხვევებში, მოჰყვეს შტატების შემცირება, მაგრამ რეორგანიზაცია, ჯერ ერთი, არ უნდა იყოს ფორმალური; ეკონომიკური, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები საწარმო/ორგანიზაციაში რეალურად უნდა განხორციელდეს შესაბამისი ფაქტობრივი და კანონიერი საფუძვლით და, მეორე, რაც მთავარია, ამგვარი ცვლილებები აუცილებელს უნდა ხდიდეს შტატების შემცირებას, ვინაიდან რეორგანიზაცია თავისთავად არ იწვევს შტატების შემცირებას.
საწარმოში რეორგანიზაციის რეალურად (სტრუქტურის ან სამართლებრივი ფორმის შეცვლის, გადაკეთების, გარდაქმნის) განხორციელების შემთხვევაში საწარმოს ადმინისტრაცია ვალდებულია, ასაბუთოს შტატების შემცირების აუცილებლობა, რათა შტატები ფორმალურად არ შემცირდეს და არ იქცეს ადმინისტრაციის მიერ უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად.
ადმინისტრაციის მიერ ამგვარი ნების გამოვლენას, მიუხედავად იმისა, რა ფორმით არსებობს იგი (აქტი, ბრძანება, გარიგება), საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის დისპოზიციური შინაარსი (საჯარო წესრიგისა და ზნეობის წინააღმდეგობა) ბათილად მიიჩნევს და მას იურიდიულ შედეგს არ უკავშირებს.
ამდენად, რეორგანიზაცია, თუნდაც მართლზომიერად ჩატარებული, ყოველთვის არ ქმნის დასაქმებულის სამსახურიდან განთავისუფლების ლეგიტიმურ საფუძველს. ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებები, მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოშობს მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერ საფუძველს, თუ დადგინდება, რომ იგი თავისი შინაარსის გათვალისწინებით, ეკონომიკური სიდუხჭირის გამო, შტატების ან/და ხელფასების შემცირების ან სხვა ობიექტური საჭიროების გამო, დამსაქმებელს აყენებს კონკრეტული თანამდებობიდან მუშაკის გათავისუფლების აუცილებლობის წინაშე.
სხვა შემთხვევაში, ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებებიც, თავისთავად, არ არის მუშაკთან ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში, ე.წ. „რეორგანიზაციის“ საფუძვლით პირის სამსახურიდან გაშვების დისკრიმინაციული მოტივები შეიძლება დაიფაროს და იქცეს ადმინისტრაციის მიერ უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად.
შესაბამისად, დასაქმებულის სამსახურიდან ნებისმიერი, მათ შორის რეორგანიზაციის, საფუძვლით დათხოვნის საკითხის გადაწყვეტისა და არჩევანის დროს დამსაქმებელი ვალდებულია, იხელმძღვანელოს გონივრული და დასაბუთებული კრიტერიუმით, რაც გამორიცხავს ეჭვის საფუძველს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და დაუსაბუთებლად არ ხელყოფს დასაქმებულის კანონიერ ინტერესს, მის შრომით უფლებებს.
8. საპროცესო სამართალწარმოებაში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სსსკ-ის 102-ე მუხლი).
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს მყარად დადგენილ პრაქტიკაზე, რომელიც შრომით დავებში მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ წესს ადგენს - შრომითი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც, მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს.
მოსარჩელე, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. მოსარჩელის მითითება მასზედ, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას, შესაბამისად, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ნების გამოვლენა განაპირობა სამუშაო ძალის შემცირებამ, კადრების ოპტიმიზაციამ, ფინანსურმა სიძნელეებმა, დამსაქმებელს ეკისრება.
განსახილველ შემთხვევაში, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ სწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი.
8.1. დამსაქმებელმა რეორგანიზაციის საფუძვლით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროს კუმულაციურად უნდა დაასაბუთოს და დაამტკიცოს შემდეგი წინაპირობები:
ის აუცილებლობა, რომელიც შესაძლოა ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენდეს რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებისათვის;
შტატების რეალურად და კანონთან შესაბამისად შემცირების ფაქტი - კერძოდ, რეორგანიზაციის ფაქტობრივად განხორციელება კანონის შესაბამისად ისე, რომ პროცესში არ მოხდეს თვალთმაქცურად არასასურველი მუშაკების განთავისუფლება (შდრ. სუსგ №ას-1329-2018, 22.02.2019წ).
დამსაქმებელმა უნდა წარმოაჩინოს თანმიმდევრული სურათი, რომელიც გონიერ დამკვირვებელს დაარწმუნებს მთელი ამ პროცესის სისწორესა და კანონიერებაში.
8.2. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელესა და კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილეს შორის არსებობდა კონფლიქტი. ისიც დადგენილია, რომ მოსარჩელის საქმიანობა ჯანმრთელობის დაზღვევასთან ერთად სამოგზაურო, სიცოცხლისა და უბედური შემთხვევის დაზღვევასაც მოიცავდა. ასევე დადგენილია, რომ 2021 წლის 31 იანვრიდან 2022 წლის 31 მარტის ჩათვლით კომპანია ახორციელებდა ჯანმრთელობის დაზღვევის პროდუქტის რეალიზაციას და მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე ორი თანამშრომელი ჰყავდა, რომელთა შრომითი ანაზღაურება -1500 ლარს შეადგენდა. ამასთან, 2022 წლის 17 ივნისს სადაზღვევო კომპანიასა და ჯანმრთელობის დაზღღვევის მორიგ ანდერაიტერს შორის მომსახურების ხელშეკრულება დაიდო, ყოველთვიური მომსახურების ღირებულება კი 3125 ლარით განისაზღვრა, შესაბამისად, რეორგანიზაციის შემდგომ ნაცვლად ხარჯების შემცირებისა, კომპანიაში მოსარჩელის პოზიასთან მიმართებით ხარჯები გაიზარდა.
8.3. უდავოა, რომ 2021 წლის 15 სექტემბერს კომპანიის 10 თანამშრომელს, მათ შორის მოსარჩელეს, თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე შეტყობინება გაეგზავნა. აქედან ალტერნატიული შეთავაზების გარეშე მხოლოდ ორი თანამშრომელი, მათ შორის მოსარჩელე გათავისუფლდა. დანარჩენ რვას კი, იმავე ან გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობასთან მეტნაკლებად კავშირში მყოფ პოზიციაზე კონკურსში მონაწილეობის მიღება შესთავაზეს.
8.4. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ საქმეში დაცული მტკიცებულებების ერთობლივი და გონივრული შეფასების შედეგად, დამსაქმებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნა ფორმალური რეორგანიზაციის საფუძვლით დაუსაბუთებელი და არამართლზომიერია.
9. განსახილველ შემთხვევაში, გასაზიარებელია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ არსებობს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის გამო მოსარჩელისათვის კომპენსაციის ანაზღაურების საფუძველი. კერძოდ, საქართველოს შრომის კოდექსის 48.8 თანახმად, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.
მითითებული ნორმის გამოყენების საკითხზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთა საქმეზე განმარტა შემდეგი: „დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ (ბათილად) ცნობის შემთხვევაში, დასახელებულ ნორმაში მითითებულია დამსაქმებლის ვალდებულება, რომელიც რამდენიმე შესაძლებლობას მოიცავს, თუმცა კანონმდებლის მიერ დადგენილი წესი არ შეიძლება იმგვარად განიმარტოს, რომ სასამართლოს, დისკრეციული უფლებამოსილებით, შეუძლია მოხმობილი ნორმის დანაწესის საკუთარი შეხედულებისამებრ გამოყენება.
სშკ დამსაქმებელს ავალდებულებს „პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით“. მითითებული რეგულაციით დამსაქმებლისათვის დადგენილია უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ხოლო, თუკი აღნიშნული შეუძლებელია, მაშინ მომდევნო რიგითობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება (შდრ. სუსგ Nას-951-901-2015, 29.01.2016წ.; N ას-931-881-2015., 29.01.2015წ).
9.1. საკასაციო პალატამ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ სშკ-ი არ განსაზღვრავს კომპენსაციის გამოანგარიშების წესსა და კრიტერიუმებს. კომპენსაციის, როგორც დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის საშუალების დადგენა და მისი ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს დისკრეციაა, რა დროსაც, გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ შრომითსამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი საშუალოდ შესატყვისი სამსახურის მოძებნამდე განიცდის, ასევე, იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა (შდრ. სუსგ-ები საქმე №ას-792-2019, 18 თებერვალი, 2021; №ას-536-2021, 21 სექტემბერი, 2021). ამავდროულად, მხედველობაშია მისაღები უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტის ასაკი, კომპეტენცია, სამსახურის შოვნის პერსპექტივა, ოჯახური სოციალური და ფინანსური მდგომარეობა და ა.შ. (იხ. საქართველოს შრომის სამართალი და საერთაშორისო შრომის სტანდარტები, გვ. 272).
კომპენსაცია შრომითი ურთიერთობის არამართლზომიერი შეწყვეტის შემთხვევაში, სპეციალური ნორმით გათვალისწინებული დამსაქმებლის პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ზომაა, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს დასაქმებულისათვის მინიმალური სოციალური გარანტიის შექმნას, რაც მას სავსებით განასხვავებს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისაგან.
კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის თვალსაზრისით, უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებული სამართლებრივი საკითხი განეკუთვნება სასამართლოს დისკრეციის სფეროს, რა დროსაც, გათვალისწინებული უნდა იქნეს კომპენსირების მიზანი. კომპენსაციამ შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოს სამართლიანი ბალანსის აღდგენა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში. კომპენსაციის განსაზღვრასთან დაკავშირებით, გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ ეს არის პასუხისმგებლობის ზომაც, რაც ეკისრება დამსაქმებელს მუშაკის უკანონოდ დათხოვნისათვის და მანვე (კომპენსაციის ოდენობამ) უნდა უზრუნველყოს დასაქმებულის მინიმალური სოციალური გარანტიის შექმნა, რითაც კომპენსაცია განსხვავდება ზიანის ანაზღაურებისას პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისგან (შდრ. სუსგ-ები №ას-1208-2018, 18 თებერვალი, 2021 წელი; Nას-727-680-2017, 15 სექტემბერი, 2017 წელი; Nას-353-338-2016, 03.05.2016წ).
9.2. უდავოა, რომ მოსარჩელესთან რომელიც უვადო შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა დამსაქმებელთან, შრომითი ურთიერთობა არამართლზომიერად შეწყდა, დასაქმებულის ასაკის, კვალიფიკაციის, ხელფასის ოდენობის, იძულებითი განაცდურის დაკისრების, სამოქალაქო ბრუნვაში სამართლიანობის, წონასწორობისა და უსაფუძვლო გამდიდრების დაუშვებლობის პრინციპის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხეს სამართლიანი და გონივრული ანაზღაურების სახით, მართებულად დაეკისრა კომპენსაციის - 5 000 ლარის, მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდა. ანალოგიური არგუმენტაციიდან გამომდინარე დასაბუთებულია მოპასუხისთვის გადაწყვეტილების აღსრულებამდე 2500 ლარის იძულებითი განაცდურის დაკისრებაც.
10. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში დაადგინა, რომ დამსაქმებლისთვის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონით მინიჭებული უფლება (ხელშეკრულებიდან გასვლა) უნდა განხორციელდეს მართლზომიერად.
11. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
13. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. განსახილველ შემთხვევაში, რაკი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 3625 ლარის (საგადასახადო მოთხოვნა #734, გადახდის თარიღი 18.01.2024წ), 70% - 2 537.5 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „ს.კ.პ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. სს „ს.კ.პ–ს“ (ს/ნ .......) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 3625 ლარის (საგადასახადო მოთხოვნა #734, გადახდის თარიღი 18.01.2024წ), 70% - 2 537.5 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე