Facebook Twitter

08 აპრილი 2024 წელი

№ას-385-2024 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი _ ს.ი–ვი

მოწინააღმდეგე მხარე _ ს.ი–ვა

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 13 მარტის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საჩივრის დაკმაყოფილება

დავის საგანი _ ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით, ს.უ–ვას ალიმენტის დაკისრების შესახებ სარჩელი ს.ი–ვის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის - 2008 წლის 27 მაისს დაბადებული ა.ი–ას სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 400 ლარი, სარჩელის აღძვრიდან, 2020 წლის 08 აგვისტოდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე. სასარჩელო მოთხოვნა წარსული დროის ალიმენტის დაკისრების თაობაზე უარყოფილი იქნა.

2. დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ალიმენტის ოდენობად 200 ლარის განსაზღვრა.

3. 2024 წლის 05 თებერვალს მოსარჩელე ს.ი–ვამ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოპასუხის კუთვნილ უძრავ ქონებაზე (ს/კ №......) ყადაღის დადება მოითხოვა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 05 თებერვლის განჩინებით, ს.ი–ვას შუამდგომლობა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე ს.ი–ვს აეკრძალა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, რომლის მისამართია: ქალაქი თბილისი, ...., დაზუსტებული ფართობი: 371.00 კვ.მ., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №1, ს/კ ...., გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა. განჩინება დაეფუძნა შემდეგს:

4.1. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან/და შეუძლებელს გახდის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას და სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, თუ მოპასუხე ნებაყოფლობით არ შეასრულებს მისთვის დაკისრებულ ვალდებულებას, მოსარჩელისათვის მინიჭებული უფლების რეალიზების ერთადერთ საშუალებად რჩება გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება. იძულებითი აღსრულება კი, თავის მხრივ შესაძლებელია მაშინ, როცა, მოპასუხის საკუთრებაში არის რაიმე ქონება, რომლის რეალიზაციითაც მოხდება დაკისრებული ალიმენტის თანხის ამოღება. იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე გაასხვისებს მის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას, აღნიშნული სარჩელის დაკმაყოფილებისას გაართულებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, შესაბამისად, აღარ იარსებებს ქონება, რომლის რეალიზაციითაც შესაძლებელი იქნება დაკისრებული ალიმენტის თანხის გადახდევინება.

4.2. სააპელაციო პალატამ სარჩელის უზრუნველყოფის სახით გამოსაყენებელ ადეკვატურ ღონისძიებად ს.ი–ვის კუთვნილი უძრავი ქონების გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვა მიიჩნია და განმარტა, რომ აღნიშნული უზრუნველყოფის ღონისძიება ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს, რაც სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სრულად უზრუნველყოფს მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას.

5. დასახელებული განჩინების გაუქმების მოთხოვნით საჩივარი წარადგინა მოპასუხემ.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 13 მარტის განჩინებით, ს.ი–ვის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 05 თებერვლის განჩინებაზე არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო და გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის მტკიცება, რომ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება გაუმართლებელია და ზიანს აყენებს მას. პალატამ აღნიშნა, რომ მოპასუხეს აეკრძალა უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, რითაც საჩივრის ავტორს არ ეზღუდება უძრავ ქონებაზე მფლობელობისა და სარგებლობის უფლება, მათ შორის - ქირავნობის ან იჯარის ხელშეკრულებების დადება, შესაბამისად, გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეუსაბამოდ არ ზღუდავს მესაკუთრის უფლებებს. პალატის დასკვნით, მოსარჩელის მოთხოვნა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე ლეგიტიმურია და ემსახურება სარჩელის უზრუნველყოფის მიზნებს, ს.ი–ვის საჩივარი კი - დაუსაბუთებელი, შესაბამისად, არ არსებობდა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი, დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

8. განსახილველ შემთხვევაში, საჩივრის ფარგლებში, საკასაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს იმ განჩინების კანონშესაბამისობა, რომლითაც ს.ი–ვას მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ს.ი–ვს აეკრძალა კუთვნილი უძრავი ქონების (ს/კ ......) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებას საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის იმ არგუმენტაციით, რომ არ ვლინდება ის გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, აღნიშნული კი, უზრუნველყოფის გამოყენების შესახებ განჩინების გაუქმების საფუძველია.

10. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს საჩივრის ავტორის პოზიციას შემდეგ გარემოებათა გამო:

10.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.

10.2. დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელეს, საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობის შესახებ. აღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დამტკიცება მნიშვნელოვანია, რამდენადაც სარჩელის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება (შდრ: სუსგ №ას-587-2019, 20 თებერვალი, 2020წ.).

10.3. საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარის ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად (შდრ: სუსგ №ას-1586-2018, 26 ოქტომბერი, 2018წ.). საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მაქსიმალურად გათვალისწინებული უნდა იქნეს ორივე მხარის კანონიერი ინტერესი. დავის საგნის დაცვის აუცილებლობიდან გამომდინარე, რითაც ხდება მოსარჩელის კანონიერი ინტერესის რეალიზაცია და მისი სარჩელის უზრუნველყოფა, არ უნდა მოხდეს მოპასუხე მხარის კანონიერი ინტერესის უპირობო და ცალსახა შელახვა, არამედ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება უნდა განხორციელდეს მოპასუხე მხარის კანონიერი ინტერესის გონივრულ ფარგლებში შეზღუდვა-შევიწროებით და იმ ოდენობით, რაც აუცილებელია მოსარჩელის კანონიერი ინტერესის დაცულობისთვის. იმისათვის, რომ მოხდეს მხარეთა ინტერესების დაბალანსება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გამოირიცხოს არაადეკვატური, არათანაზომიერი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება.

10.4. სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის არსი მდგომარეობს იმაში, რომ მან პირის მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სამართლებრივი გარანტიები შექმნას (იხ: გ.კაჟაშვილი საპროცესო უზრუნველყოფა, როგორც აღსრულებადი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობა, თბილისი, 2018წ., გვ. 60).

10.5. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში ხაზს უსვამს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობას და განმარტავს, რომ „სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება“ (იხ. „აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ“, განაცხადი №40765/02; Burdov v. Russia, no. 59498/00, §34, ECHR 2002-III; Hornsby v. Greece , judgment of 19 March 1997, Reports of Judgments and Decisions 1997-II, p. 510, §40 Hornsby; Mutishev and Others v. Bulgaria, 18967/03, §129, 3 December 2009; Antonetto v. Italy, no. 15918/89, §28, 20 July 2000).“

10.6. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება თავის თავში გულისხმობს სახელმწიფოს მხრიდან იმგვარი რეგულაციის შექმნის ვალდებულებას, რომელიც უზრუნველყოფს სასამართლოს გადაწყვეტილების ეფექტურ აღსრულებას. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით „საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული სასამართლოსადმი მიმართვის უფლება... უნდა იყოს არა ილუზორული, არამედ ქმნიდეს პირის უფლებებში ჯეროვნად აღდგენის რეალურ შესაძლებლობას და წარმოადგენდეს უფლების დაცვის ეფექტურ საშუალებას.“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577 გადაწყვეტილება, II-30).

10.7. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას კანონმდებელი, ასევე უკავშირებს სარჩელის სამართლებრივ პერსპექტიულობასაც და აფასებს, თუ რამდენად მოსალოდნელია სარჩელის დაკმაყოფილება. აღნიშნული საკითხი მით უფრო აქტუალურია, როდესაც საუბარია გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფაზე (იხ. სუსგ №ას-829-775-2017, 26.10.2017წ.; №ას-538-2022, 16.06.2022წ.), რადგან გადაწყვეტილების აღუსრულებლობის საფრთხემ შესაძლოა მოგებული მხარისათვის აზრი დაუკარგოს დავას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/2/411).

10.8. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით, ს.უ–ვას ალიმენტის დაკისრების შესახებ სარჩელი ს.ი–ვის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის (2008 წლის 27 მაისს დაბადებული ა.ი–ას) სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის - 400 ლარის ყოველთვიურად გადახდა, სარჩელის აღძვრიდან, 2020 წლის 08 აგვისტოდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე.

10.9. საქმეში არსებული მასალების მიხედვით, მოსარჩელემ სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების შუამდგომლობით 2024 წლის 05 თებერვალს მიმართა იმ არგუმენტზე მითითებით, რომ მოპასუხე არ ასრულებს საალიმენტო ვალდებულებას და არ ეხმარება შვილს მატერიალურად, შუამდგომლობის წარდგენის დროისათვის საალიმენტო დავალიანება დაახლოებით 15 000 ლარია, რომლის გადახდის თავიდან აცილების მიზნითაც, მოპასუხე შეეცდება ერთადერთი აქტივის - კუთვნილი უძრავი ქონების, გასხვისებას.

10.10. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ განსახილველ დავაზე წარდგენილი სარჩელი არის მიკუთვნებითი, რაც ნიშნავს, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომა დამოკიდებული იქნება არა მხოლოდ გადაწყვეტილების ძალაში შესვლაზე (როგორც ეს აღიარებითი სარჩელების შემთხვევაშია), არამედ ასევე მოპასუხის ნებაზე - განახორციელოს თანხის გადახდა. ასეთი ნების არარსებობის შემთხვევაში, გადაწყვეტილებით განსაზღვრული შედეგის დადგომა დამოკიდებული ხდება ისეთ საშუალებაზე, როგორიცაა იძულებითი აღსრულება. იმ შემთხვევაში კი, თუ გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების დროს არ იარსებებს ქონება, საიდანაც შეიძლება მოხდეს იძულებითი აღსრულება, გადაწყვეტილება დარჩება აღუსრულებელი.

10.11. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არის გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილების საშუალება. ის წარმოადგენს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ქონებრივი უფლებების დაცვის გარანტიას და ემსახურება ამ უკანასკნელთა დარღვეული უფლებების სრულ და რეალურ აღდგენას და სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში გარანტირებულს გახდის სასარჩელო მოთხოვნათა რეალიზაციას.

10.12. პალატის განსჯით, გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება - უძრავი ქონების გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვა შეუსაბამოდ არ უზღუდავს მესაკუთრის (საჩივრის ავტორის) უფლებებს და სარჩელის საგანთან მიმართებით ადეკვატური და თანაზომიერია.

10.13. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას ს.ი–ვას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობის საფუძვლიანობასთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, ვლინდებოდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ფაქტობრივსამართლებრივი წინამძღვარი.

11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი ვინაიდან, უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებამ შესაძლოა გამოიწვევეს მოსარჩელე მხარის ინტერესების შელახვა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ს.ი–ვის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 13 მარტის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი