Facebook Twitter

20 მარტი 2024 წელი №ას-1145-2023 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე)

ლაშა ქოჩიაშვილი (მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები _ კ.ჯ–ია, დ.ქ–ძე, ლ.ჯ-მ.

მოწინააღმდეგე მხარე _ ც.ხ–ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ც.ხ–მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების: კ.ჯ–იას, დ.ქ–ძის და ლ.ჯ-მ.ის მიმართ, შემდეგი მოთხოვნებით:

1.1. მოპასუხე კ.ჯ–იას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ძირითადი თანხის - 20 000 აშშ დოლარის და 9 თვის სარგებლის - 4500 აშშ დოლარის, სულ 24 500 აშშ დოლარის გადახდა.

1.2. მოპასუხე კ.ჯ–იას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს - სესხის ძირითადი თანხის 20 000 აშშ დოლარის 0.01%-ის გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2015 წლის 1 დეკემბრიდან 2021 წლის 15 თებერვლამდე პერიოდისათვის, რაც მთლიანობაში 3 800 აშშ დოლარია.

1.3. დაკისრებული თანხის ამოღება განხორციელდეს უძრავი ნივთის, რომლის მისამართია: ქ. თბილისი, ........., ბინა N10, იძულებით აუქციონზე რეალიზაციით.

2. წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხე კ.ჯ–ამ სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ: 2016 წლის აგვისტოში მოპასუხეებმა კრედიტორს შესთავაზეს 20 000 აშშ დოლარის და დარჩენილ თანხაზე ყოველთვიურად 2% სარგებლის გადახდა, რაზეც უარი მიიღეს. ამის შემდგომ, 2016 წლის 29 დეკემბერს მოპასუხეებმა წერილი გაუგზავნეს მოსარჩელეს, სადაც უთითებდნენ, რომ 2016 წლის 30 დეკემბერს გამოცხადებულიყო ნოტარიუს ი.ხ–ის ოფისში, რათა მოპასუხეებს შეესრულებინათ ვალდებულება - დაეფარათ სესხის ძირი 20 000 აშშ დოლარის ოდენობით, თუმცა მოსარჩელე არ გამოცხადდა და შესაბამისად, თანხის გადაცემაც ვერ განხორციელდა. მოპასუხის მტკიცებით, მას პროცენტი 2016 წლის თებერვლის ჩათვლით აქვს გადახდილი. ამასთან, გამომდინარე იქიდან, რომ 2016 წლის დეკემბერში მოსარჩელე თავად არ გამოცხადდა ძირითადი თანხის მისაღებად ნოტარიუსთან, სესხის ძირითად თანხას არ უნდა დაერიცხოს არც პროცენტი და არც პირგასამტეხლო. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე კ.ჯ–ამ მიუთითა მოთხოვნის განხორციელების დამაბრკოლებელ გარემოებაზე - ხანდაზმულობაზე და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ამ საფუძვლით მოითხოვა.

მოპასუხეებს: დ.ქ–ძეს და ლ.ჯ-მ.ს სარჩელთან დაკავშირებით შესაგებელი არ წარმოუდგენიათ, თუმცა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე გამოცხადდა მოპასუხეების წარმომადგენელი, რომელმაც სარჩელი არ ცნო და ასევე, სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მიუთითა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით - სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით - სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. სარჩელის დაზუსტებული მოთხოვნები დაკმაყოფილდა. მოპასუხე კ.ჯ–იას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირითადი თანხის - 20 000.00 აშშ დოლარის და 9 თვის სარგებლის - 4 500.00 აშშ დოლარის, სულ 24 500.00 აშშ დოლარის გადახდა; მოპასუხე კ.ჯ–იას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს, სესხის ძირითადი თანხის 20 000.00 აშშ დოლარის 0.01%-ის გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2015 წლის 01 დეკემბრიდან 2021 წლის 15 თებერვლამდე პერიოდისათვის, რაც შეადგენს - 3 800.00 აშშ დოლარს; დაკისრებული თანხის ამოღებისათვის დადგინდა ქ. თბილისში, ......... მდებარე უძრავი ნივთის (ს.კ. .........) იძულებით აუქციონზე რეალიზაცია. გადაწყვეტილება დაეფუძნა შემდეგს:

5.1. 2015 წლის 30 იანვარს მოსარჩელესა და კ.ჯ–იას შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, კ.ჯ–იამ მოსარჩელისაგან სესხად მიიღო - 20 000 აშშ დოლარი, ყოველთვიურად სესხის ძირითადი თანხის 2.5% სარგებლის გადახდის პირობით. სესხი უნდა დაფარულიყო 2015 წლის 1 მარტამდე.

5.2. ამავე ხელშეკრულებით კ.ჯ–იამ სესხი - 22 000 აშშ დოლარი აიღო ტ.ქ–გან იმავე, ყოველთვიურად 2.5%-ის სარგებლის დარიცხვისა და 2015 წლის პირველ მარტამდე დაფარვის პირობით.

5.3. მხარეთა შეთანხმებით, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მსესხებელს ეკისრებოდა პირგასამტეხლო სესხის ძირითადი თანხის 0.1%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

5.4. ორივე სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა დ.ქ–ძის, ნ.ჯ–ასა და ლ.ჯ-მ.ის (წარმომადგენელი კ.ჯ–ია) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, რომლის მისამართია: ქ. თბილისი, ......., ს.კ. ........

5.5. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ ორივე გამსესხებელი, როგორც მოსარჩელე, ისე - ტ.ქ–ია, ცალ-ცალკე იქნენ იპოთეკარებად დარეგისტრირებული.

5.6. 2015 წლის 06 აგვისტოს ცვლილება შევიდა 2015 წლის 30 იანვრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში, რომლითაც მხარეებმა დაადასტურეს, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდა 2015 წლის 30 ნოემბრამდე. ხელშეკრულების სხვა პუნქტები უცვლელად დარჩა.

5.7. იპოთეკის საგნის ერთ-ერთი მესაკუთრე ნ.ჯ–ა გარდაიცვალა - 2018 წლის 21 მაისს.

5.8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 22 სექტემბრის განჩინებით ტ.ქ–იას განცხადება დაკმაყოფილდა და 2018 წლის 21 მაისს გარდაცვლილი ნ.ჯ–ას უფლებამონაცვლეებად ცნობილი იქნენ კ.ჯ–ია და ლ.ჯ-მ.ი.

5.9. 2020 წლის 3 დეკემბრის ნოტარიუს ი.ხ–ის წერილით დგინდება, რომ მას 2018 წლის მაისის ბოლოს მიმართა მოსარჩელემ, როგორც იპოთეკარმა და მოითხოვა სააღსრულებო ფურცლის აღება. ნოტარიუსმა გადაამოწმა სანოტარო მოქმედებათა რეგისტრაციის ელექტრონულ რეესტრში იპოთეკარის მიერ წარდგენილი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, მასში შეტანილი ცვლილებები სსგს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ელექტრონული ბაზის მეშვეობით, სადაც დაფიქსირდა რომ იპოთეკის საგნის ერთ-ერთი მესაკუთრის - ნ.ჯ–ას პირადობის მოწმობა იყო გაუქმებული გარდაცვალების გამო. ნოტარიუსმა ასევე გადაამოწმა სამემკვიდრეო რეესტრში იყო თუ არა შეტანილი მემკვიდრის/მემკვიდრეების მიერ განცხადება რომელიმე სანოტარო ბიუროში ნ.ჯ–ას სამკვიდროს მიღების/მიუღებლობის ან უარის თქმის მიზნით. ასეთი განცხადება ერთიან სამემკვიდრეო რეესტრში არ იყო რეგისტრირებული.

5.10. ნოტარიუსმა იპოთეკარს ზეპირსიტყვიერად განუმარტა, რომ მანამ, სანამ აწ გარდაცვლილი ნ.ჯ–ას მემკვიდრეები არ მიიღებდნენ სამკვიდრო ქონებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ვერ გაიცემოდა სააღსრულებო ფურცელი, რასაც მოსარჩელე დაეთანხმა და დატოვა სანოტარო ბიურო.

5.11. მოსარჩელემ 2015 წლის 30 იანვრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრებისა და იპოთეკის საგნის რეალიზაციის მოთხოვნით, სარჩელი პირველად სასამართლოში წარადგინა 13.11.2020 წელს, ხოლო წინამდებარე სარჩელი სასამართლოში შეტანილია 16.02.2021 წელს.

5.12. პალატამ აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივრის ფარგლებში სააპელაციო სასამართლოს პირველ რიგში, უნდა შეეფასებინა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასკვნების მართებულობა სარჩელის ხანდაზმულობის საკითხთან დაკავშირებით.

5.13. სააპელაციო სასამართლომ ნოტარიუს ი.ხ–ის 2020 წლის 3 დეკემბრის წერილის საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ჯერ კიდევ სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაში - 2018 წლის მაისში მიმართა სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით ნოტარიუსს, თუმცა რადგან ამ მომენტისათვის ერთ-ერთი მოპასუხე (ნ.ჯ–ა) გარდაცვლილი იყო და ჯერ კიდევ არ იყო დადგენილი მისი მემკვიდრეები, მოსარჩელემ ნოტარუსისაგან უარი მიიღო სააღსრულებო ფურცლის გაცემაზე.

5.14. სააპელაციო პალატის განმარტებით, ნოტარიუსისათვის სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით მიმართვა უნდა შეფასდეს სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლით გათვალისწინებულ აღმასრულებელ მოქმედებად, რაც ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას იწვევს.

5.15. სამოქალაქო კოდექსის 141-ე მუხლის თანახმად, თუ შეწყდება ხანდაზმულობის ვადის დენა, მაშინ შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება და ვადა დაიწყება თავიდან. ამგვარად, განსახილველ შემთხვევაში, ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა შეწყდა და მისი ათვლა თავიდან დაიწყო 2018 წლის მაისში. წინამდებარე სარჩელი კი, სასამართლოში წარდგენილია 16.02.2021 წელს, შესაბამისად, სარჩელი არ არის ხანდაზმული.

5.16. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის 20 000 აშშ დოლარზე დადებული სესხის ხელშეკრულება მოქმედებდა 2015 წლის 30 იანვრიდან 2015 წლის 30 ნოემბრამდე პერიოდში (ათი თვე). სესხზე გათვალისწინებული იყო, როგორც პროცენტი (ძირითადი თანხის 2.5%) ისე -პირგასამტეხლო (ძირითადი თანხის 0.1%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე).

5.17. სარჩელით მოთხოვნილი იქნა სესხის ძირითადი თანხა - 20 000 აშშ დოლარი, 9 თვის პროცენტი - 4500 აშშ დოლარი და შეთანხმებულზე 10-ჯერ ნაკლები პირგასამტეხლო - ძირითადი თანხის 0.01%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2015 წლის 1 დეკემბრიდან 2021 წლის 15 თებერვლამდე პერიოდზე, რაც 3 800 აშშ დოლარს შეადგენს.

5.18. პალატამ აღნიშნა, რომ მოპასუხე კ.ჯ–იამ წარმოდგენილი შესაგებლით სესხის ძირითადი თანხის ნაწილში მოთხოვნა სრულად ცნო, ხოლო სესხის სარგებელსა და პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით მიუთითა, რომ მის მიერ პროცენტი გადახდილია 2016 წლის თებერვლის ჩათვლით. ამასთან, გამომდინარე იქიდან, რომ 2016 წლის დეკემბერში მოსარჩელე თავად არ გამოცხადდა ნოტარიუსთან სესხის ძირითადი თანხის მისაღებად, სესხის ძირითად თანხას არ უნდა დაერიცხოს პირგასამტეხლო და პროცენტი.

5.19. პალატამ განმარტა, რომ მოპასუხეს სამოქალაქო კოდქესის 429-ე მუხლით დადგენილი მტკიცების სტანდარტის შესაბამისად, სასამართლოსთვის 2016 წლის თებერვლის ჩათვლით ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარუდგენია, რაც მის ზემოაღნიშნულ შედავებას დაუსაბუთებლად აქცევს. თანხის გადახდის დადასტურებისათვის მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება თვითკმარ მტკიცებულებას არ წარმოადგენს. ფულადი ვალდებულების შესრულებას გარკვეული თავისებურება ახასიათებს, რაც ვალდებულების შესრულების ფაქტის დადგენაში ვლინდება. მართალია, სესხის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმები არ უთითებს გადახდის სავალდებულო ფორმაზე, თუმცა უნდა განიმარტოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლით მოცემულ კონტექსტით. დასახელებული მუხლი, რომელიც სისტემურად სამოქალაქო კოდექსის მეექვსე კარშია (ვალდებულების შეწყვეტა შესრულებით) მოთავსებული, არეგულირებს ფულადი ვალდებულების შესრულების წესს. მითითებული ნორმის სამართლებრივი ანალიზით ირკვევა, რომ მოვალისათვის დისპოზიციური, ხოლო კრედიტორისათვის იმპერატიული ხასიათისაა, კერძოდ: დისპოზიციურობა გამოიხატება იმ ფაქტში, რომ მოვალე სამოქალაქოსამართლებრივ ბრუნვაში უნდა მონაწილეობდეს, როგორც გონივრულად და წინდახედულად მოაზროვნე სუბიექტი და იმ შემთხვევაში, თუ ფულადი ვალდებულების შესრულების ფორმად ნაღდ ანგარიშსწორებას აირჩევს, მას უფლება აქვს კრედიტორს შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი მოსთხოვოს, რა დროსაც, კრედიტორი ვალდებულია, გასცეს დასახელებული დოკუმენტი. ამგვარი საბუთის გამოთხოვაზე რაიმე ვალდებულება მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით მოვალეს არ ეკისრება. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება კი, განპირობებულია მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესით, რაც იმაში მდგომარეობს, რომ შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისით, ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი სწორედ მას ეკისრება.

5.20. რაც შეეხება პირგასამტეხლოსთან დაკავშირებულ მოპასუხის შედავებას, პალატამ აღნიშნა, რომ გარდა იმისა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით მოპასუხის მიერ მითითებული გარემოებები (რომ მოსარჩელე არ მივიდა ნოტარიუსთან თანხის მისაღებად) არ დასტურდება, სამოქალაქო კოდექსის 434-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად (თუ კრედიტორი აყოვნებს შესრულების მიღებას ან უცნობია მისი ადგილსამყოფელი, მოვალე უფლებამოსილია, შესრულების საგანი შეინახოს სასამართლოსა ან ნოტარიატში, ხოლო ფული ან ფასიანი ქაღალდი შეიტანოს ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე), მოპასუხეს შეეძლო თანხის ნოტარიუსის სატეპოზიტო ანგარიშზე დეპონირება, რაც მას შესრულებად ჩაეთვლებოდა და, შესაბამისად, მეორეული ვალდებულებებისაგან გათავისუფლდებოდა, რაც არ გაუკეთებია. აღნიშნული ქმედების განუხორციელებლობა კი, მოპასუხეს ართმევს უფლებას იდავოს მითითებული საფუძვლით.

5.21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ საფუძვლიანად მიიჩნია მოპასუხისათვის, ჯამურად, 28 300 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა, საიდანაც 20 000 აშშ დოლარი არის ძირითადი თანხა, 4 500 აშშ დოლარი - 9 თვის სარგებელი და 3800 აშშ დოლარი - პირგასამტეხლო მოთხოვნილ პერიოდზე (2015 წლის 1 დეკემბრიდან 2021 წლის 15 თებერვლამდე ძირი თანხის 20 000 აშშ დოლარის 0.1%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე = 3800 აშშ დოლარი).

5.22. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილი იყო, რომ სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა დ.ქ–ძის, ნ.ჯ–ას და ლ.ჯ-მ.ის (წარმომადგენელი კ.ჯ–ია) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (ს.კ. ......) ამდენად, იპოთეკის საგნის მესაკუთრეებმა, მოსარჩელესთან გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულებით იკისრეს პასუხისმგებლობა, რომ თუკი არ შესრულდებოდა მოვალის მიერ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, მაშინ მოსარჩელის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მოხდებოდა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია.

5.23. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, დადგენილი იყო, რომ მსესხებელმა კ.ჯ–იამ არ შეასრულა საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. შესაბამისად, კრედიტორს წარმოეშვა იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციის მოთხოვნის უფლება. იპოთეკის უფლების, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის მყარი სანივთო გარანტიის სამართლებრივი არსისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობდა იპოთეკის საგნის რეალიზაციის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის უარყოფის სამართლებრივი წინაპირობები.

6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, რომლებმაც მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორებს მიაჩნიათ, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია, რის გამოც, არ ვლინდებოდა მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი. მათი მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელემ სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით ნოტარიუსს 2018 წლის მაისში მიმართა. თუკი მოსარჩელემ მითითებულ დროს მართლაც მიმართა ნოტარიუსს, გაურკვეველია, თუ რატომ არ დატოვა მან სანოტარო ბიუროში აღნიშნულის თაობაზე წერილობითი განცხადება. წერილობითი დოკუმენტის არარსებობის პირობებში, საეჭვოა ისიც, თუ როგორ გაიხსენა ნოტარიუსმა წლების შემდგომ მოსარჩელის მიერ ხსენებული მოთხოვნით მისვლის ფაქტი.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

10. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, სესხის, სარგებლის, პირგასამტეხლოსა და იპოთეკის საგნის რეალიზაციის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს, დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი), 625.1 (მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი), 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას), 286.1 (უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა)) და 301.1 (თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული) მუხლები. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რაც აღნიშნული ნორმების შესაბამისად იურიდიულად ამართლებს მოსარჩელის მოთხოვნას.

11. კასატორთა პრეტენზიით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მოსარჩელემ ხანდაზმულობის ვადის დაცვით მიმართა ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით და ამ საფუძვლით ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყვეტილად უსაფუძვლოდ მიიჩნია.

12. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორთა აღნიშნულ პრეტენზიას, შემდეგ გარემოებათა გამო:

12.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა სამ წელს შეადგენს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა ექვს წელს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, კი ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

12.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლი პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.

12.3. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა ისაა, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იძულებით ვერ განხორციელდება, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე (სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილი). სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე (ს.უ.ს.გ. №ას-1191-2019 , 04.12.2019წ.).

12.4. ხანდაზმულობის ვადების დაწესებით, კანონმდებლის მიზანია გამორიცხოს კრედიტორის უფლების განხორციელების არათანაზომიერად ან ბოროტად გამოყენების საფრთხე. გარდა ამისა: ა) ხანდაზმულობის ვადა სასამართლოს უმსუბუქებს ფაქტების დადგენისა და შესწავლის პროცესს და ამ გზით ხელს უწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას; ბ) ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილიზაციას; გ) აძლიერებს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტების ურთიერთკონტროლსა და იძლევა დარღვეული უფლების დაუყონებლივ აღდგენის სტიმულირებას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები სამოქალაქო სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებზე, თბილისი, 2007, გვ.63; ს.უ.ს.გ. №ას-986-2019, 16.10.2019წ.).

12.5. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელის წარდგენისას, მოპასუხე შესაძლოა სადავოდ არ ხდიდეს სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, ასევე, ეთანხმებოდეს ვალდებულების არსებობას და აღიარებდეს მისი მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობას, თუმცა, უარს აცხადებდეს მის შესრულებაზე, რადგან მოთხოვნა ხანდაზმულად მიაჩნდეს (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლი).

12.6. გადაწყვეტილებაში საქმეზე სტაბინგი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განმარტავს: „... ხანდაზმულობის ვადები ემსახურება რამდენიმე მნიშვნელოვან მიზანს, კერძოდ, სამართლებრივ განსაზღვრულობას და საბოლოობას, პოტენციური მოპასუხეების დაცვას ძველი სარჩელებისგან, რომლებისგან თავის დაცვაც შეიძლება რთული აღმოჩნდეს და უსამართლობის თავიდან აცილებას, რომელიც შეიძლება წარმოიშვას, თუ სასამართლოები იძულებული გახდებიან გადაწყვიტონ საქმეები, რომლებიც შორეულ წარსულში მოხდა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომლებიც, შესაძლოა, დროის გასვლის გამო არასაიმედო ან არასრული იყოს“ (პ.51). (Stubbings and Otherss v The United Kingdom, განაცხადის ნომერი №22083/93; №220095/93, 22 ოქტომბერი, 1996).

12.7. აღსანიშნავია, რომ ხანდაზმულობის ვადის გასვლით ისპობა სასამართლოს ან სხვა ორგანოს მეშვეობით პირის მოთხოვნის იძულებით განხორციელების შესაძლებლობა, მაგრამ არა სასამართლოსათვის ან სხვა ორგანოსათვის მიმართვის უფლება. ხანდაზმულობის ვადა სპობს უფლების იძულებით განხორციელების შესაძლებლობას მატერიალური და არა პროცესუალური თვალსაზრისით. სასარჩელო ხანდაზმულობის ინსტიტუტი წარმოადგენს უფლების დაცვის მატერიალურ-სამართლებრივ საშუალებას, რადგან სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნა მატერიალურ-სამართლებრივი თვალსზრისით არსებობს, თუმცა სასამართლო წესით ამ მოთხოვნის იძულებითი განხორციელება კონკრეტული წინაპირობის არსებობისას, არ ხდება.

12.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლს, რომლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება. შესაბამისად გამოიყენება 139-ე და 140-ე მუხლები.

12.9. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეები 2015 წლის 30 იანვრიდან იმავე წლის 30 ნოემბრამდე სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებოდნენ. ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, გათვალისწინებული იქნა როგორც პროცენტი (სესხის ძირითადი თანხის 2.5 %), ისე - პირგასამტეხლო (სესხის ძირითადი თანხის 0.1 %, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე). სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა დ.ქ–ძის, ნ.ჯ–ასა და ლ.ჯ-მ.ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (ს.კ. ......).

12.10. დადგენილია, რომ მოპასუხე კ.ჯ–იამ დაარღვია სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ დასაბუთებული, დასაშვები მტკიცებულება კასატორებს საქმისწარმოების არცერთ ეტაპზე არ წარმოუდგენიათ.

12.11. ყურადსაღებია, რომ 2018 წლის 21 მაისს გარდაიცვალა იპოთეკის საგნის ერთ-ერთი მესაკუთრე - ნ.ჯ–ა, რომლის უფლებამონაცვლეებადაც მოგვიანებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 22 სექტემბრის განჩინებით, ცნობილი იქნენ: კ.ჯ–ია და ლ.ჯ-მ.ი.

12.12. წინამდებარე სარჩელი მოსარჩელეს აღძრული აქვს 2021 წლის 16 თებერვალს.

12.13. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ ნოტარიუსის 2020 წლის 3 დეკემბრის წერილზე დაყრდნობით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოსარჩელემ სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით ნოტარიუსს 2018 წლის მაისში მიმართა, რადგან აღნიშნული მტკიცებულების საწინააღმდეგო (გამომრიცხველი) მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის.

12.14. ვინაიდან, მოსარჩელემ ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით ხანდაზმულობის ვადის დაცვით მიმართა, პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ ნოტარიუსისათვის სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით მიმართვა უნდა შეფასდეს სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლით გათვალისწინებულ აღმასრულებელ მოქმედებად, რაც ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის განმაპირობებელია.

12.15. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 141-ე მუხლის თანახმად, თუ შეწყდება ხანდაზმულობის ვადის დენა, მაშინ შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება და ვადა დაიწყება თავიდან.

12.16. კონკრეტულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მხრიდან ნოტარიუსისათვის სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით მიმართვით ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა შეწყდა და მისი ათვლა 2018 წლის მაისიდან თავიდან დაიწყო. ამდენად, რაკი წინამდებარე სარჩელი მითითებული თარიღიდან სასამართლოში წარდგენილია 3-წლიანი ვადის დაცვით - 2021 წლის 16 თებერვალს, სარჩელი არ არის ხანდაზმული და არ ვლინდება ამ საფუძვლით მისი უარყოფის საფუძველი.

13. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. შესაბამისად, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 2680.1 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. კ.ჯ–იას, დ.ქ–ძის და ლ.ჯ-მ.ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. კ.ჯ–იას (პ/ნ ......), დ.ქ–ძეს (პ/ნ ........) და ლ.ჯ-მ.ის (პ/ნ ........) დაუბრუნდეთ კ.ჯ–იას (პ/ნ .......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 3828.71 ლარის (საგადახდო დავალება №19128550503, გადახდის თარიღი: 27.10.2023წ, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „საქართველოს ბანკი“) 70% – 2680.1 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე