Facebook Twitter

22 მაისი, 2023 წელი, №ას-1041-2021 ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ს.ს. „ბ–ი“

მოწინააღმდეგე მხარე _ თ.ს–ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ხელშეკრულების დადებულად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თ.ს–მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - ს.ს. „ბ–ი“-ს მიმართ, შემდეგი მოთხოვნებით:

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი 2018 წლის 05 თებერვალს, „კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით ქონების კრედიტორის საკუთრებაში გადასვლის შესახებ გამოსყიდვის უფლებით № NPAMD-09-TECH-05.02.2018“ ხელშეკრულებისა და 2018 წლის 23 აგვისტოს - „№NPAMD-23.08.2018/001 გამოსყიდვის ვალდებულების უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულების“ მუხლების ნორმატიული შინაარსი, რომლის მიხედვით, მოპასუხემ ხელშეკრულების საგნად და მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა ს.ს. „ბ–სა“ და შ.პ.ს. „...T“-ს შორის საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ №30.12/1 გენერალურ ხელშეკრულებასა და მის საფუძველზე გაფორმებულ სესხზე.

1.2. აღიარებულად იქნეს ცნობილი, რომ თბილისში, ....... მდებარე № ........ და № ...... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთები მოპასუხემ მოსარჩელისაგან საკუთრებაში მიიღო ფიზიკური პირის - ს.ო–ას სახელშეკრულებო ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში.

1.3. გაფორმდეს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2018 წლის 23 აგვისტოს გამოსყიდვის ვალდებულების უზრუნველყოფის შესახებ №NPAMD-23.08.2018/001 ხელშეკრულების მე-3 მუხლის საფუძველზე, №........ და №......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთებზე ნასყიდობის ხელშეკრულება და ეს ნივთები მოსარჩელეს გადაეცეს საკუთრებაში.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით - სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით - სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ მოპასუხის სასარგებლოდ გადახდილი 59000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, ნასყიდობის ხელშეკრულება მიჩნეული იქნა დადებულად და მოსარჩელე აღირიცხა თბილისში, ........ (ყოფ. .......) მდებარე შემდეგი უძრავი ნივთების მესაკუთრედ: ს/კ ........, ბინა 33, ფართი - 59,32 კვ.მ (ქონება №1); ასევე, ს/კ ........, სხვენი, ფართი - 55,28 კვ.მ (ქონება №2). დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება დაეფუძნა შემდეგს:

5.1. 2011 წლის 09 ივნისს ს.ს. „ბ–სა“ და ს.ო–ას (მსესხებელი) შორის გაფორმდა „კრედიტებითა და გარანტიებით მომსახურების შესახებ №9.06/11 გენერალური ხელშეკრულება“, რომლის მოქმედების ვადა 10 წლით განისაზღვრა. ხელშეკრულების 2.3 პუნქტის თანახმად, თითოეული კრედიტისა და საბანკო გარანტიის გაცემა ცალკე საკრედიტო და ცალკე საბანკო გარანტიის ხელშეკრულების საფუძველზე (გარდა 2.4 პუნქტში აღნიშნული შემთხვევებისა) განხორციელდებოდა.

ს.ს. „ბ–სა“ და ს.ო–ას შორის 2011 წლის 09 ივნისს გაფორმებული „კრედიტებითა და გარანტიებით მომსახურების შესახებ №9.06/11 გენერალური ხელშეკრულების“ საფუძველზე, 2011 წლის 10 ივნისს ს.ს. „ბ–სა“ და ს.ო–ას (მსესხებელი) შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება №2011-06-10/0009/BSN/003532/001, რომლის საფუძველზე, მსესხებელზე გაიცა სესხი - 203 000 აშშ დოლარი, 60 თვის ვადით, წლიური სარგებლის 16,5%-ის დარიცხვით.

5.2. ს.ს. „ბ–სა“ და ს.ო–ას შორის გაფორმებული 09.06.2011წ. „კრედიტებითა და გარანტიებით მომსახურების შესახებ №9.06/11 გენერალური ხელშეკრულებით“ ს.ო–ას მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად, 2011 წლის 9 ივნისს ს.ს. „ბ–სა“ და თ.ს–ს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი 110583272), რომლის თანახმად, მესაკუთრემ - თ.ს–მა, იპოთეკით დატვირთა უძრავი ქონება მდებარე: თბილისში, ....... (ყოფ. .......), საკადასტრო კოდი: ........., ბინა 33, ფართი - 18,00 კვ.მ, ასევე, უძრავი ნივთი მდებარე: თბილისში, ........ (ყოფ. ........), საკადასტრო კოდი: ........., სხვენი, ფართი - 55,28 კვ.მ.

5.3. 2015 წლის 25 დეკემბერს ს.ს. „ბ–სა“ (კრედიტორი) და შ.პ.ს. „09.TECH“-ს (თავდები) შორის დაიდო „თავდებობის ხელშეკრულება №25.12/01“, რომლის საფუძველზე, შ.პ.ს. „09.TECH“ ბანკის წინაშე თავდებად დაუდგა და ძირითადი მოვალის, ს.ო–ას მიერ კრედიტორთან გაფორმებული №2011-06-10/0009/BSN/003532/001 საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრა. თავდების პასუხისმგებლობის მოცულობა 100 000 აშშ დოლარით განისაზღვრა.

5.4. 2015 წლის 30 დეკემბერს ს.ს. „ბ–სა“ და შ.პ.ს. „...T“-ს (კლიენტი) შორის გაფორმდა „საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ №30.12/1 გენერალური ხელშეკრულება“, რომლის მოქმედების ვადა 20 წლით განისაზღვრა. ხელშეკრულების 2.1 ქვეპუნქტის თანახმად, კლიენტს უფლება ჰქონდა, წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ით აეღო ვალდებულებები არაუმეტეს - 68 000 აშშ დოლარისა.

5.5. 2015 წლის 30 დეკემბერს ს.ს. „ბ–სა“ (იპოთეკარი) და თ.ს–ს (მესაკუთრე) შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება №30.12/01-15 (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი: 151405827), რომლის საგანი იყო იპოთეკარსა და კლიენტს (შ.პ.ს. „..T“-ს) შორის გაფორმებული №30.12/1 კრედიტებითა და გარანტიებით მომსახურების შესახებ გენერალური ხელშეკრულებით კლიენტის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფა. მესაკუთრე იპოთეკარის სასარგებლოდ იპოთეკით ტვირთავდა ქ. თბილისში, ....... მდებარე უძრავ ქონებას (სხვენი, ფართი 55,28 კვ.მ) სკ/ით ......... იპოთეკის ხელშეკრულება დარეგისტრირდა საჯარო რეეტრში.

5.6. 2018 წლის 05 თებერვალს, ერთი მხრივ, შ.პ.ს. „...T“-ს (მოვალე), მეორე მხრივ, თ.ს–სა (მესაკუთრე) და მესამე მხრივ - ს.ს. „ბ–ს“ (კრედიტორი) შორის გაფორმდა „კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით ქონების კრედიტორის საკუთრებაში გადასვლის შესახებ, გამოსყიდვის უფლებით №NPAMD-09-TECH05.02.2018 ხელშეკრულება“, რომლის თანახმად, მესაკუთრემ მოვალის მიმართ არსებული კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, კრედიტორს საკუთრების უფლება გადასცა შემდეგ უძრავ ნივთებზე: თბილისი, ........ (ყოფ. .......), საკადასტრო ........., ბინა 33, ფართი - 59,32 კვ.მ (ქონება №1); თბილისი, ....... (ყოფ. .........), საკადასტრო კოდი: ........., სხვენი, ფართი - 55,28 კვ.მ (ქონება №2).

ხელშეკრულების მე-2 პუნქტით განისაზღვრა მოთხოვნა, რომელიც კმაყოფილდებოდა უძრავი ქონების კრედიტორის საკუთრებაში გადასვლით. ამავე მუხლის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერით მხარეებმა არაორაზროვნად დაადასტურეს, რომ კრედიტორს მოვალის მიმართ აქვს მოთხოვნის უფლება, მათ შორის გაფორმებული კრედიტებითა და გარანტიებით მომსახურების შესახებ №30.12/1 გენერალური ხელშეკრულებიდან.

ხელშეკრულების 4.1.1 ქვეპუნქტის თანახმად, ქონებაზე კრედიტორის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შემდეგ მესაკუთრეს უფლება ჰქონდა, ამ ხელშეკრულების ხელმოწერიდან 2018 წლის 31 ივლისის ჩათვლით ქონება №1 და/ან ქონება №2 ერთად ან ცალ-ცალკე ხელშეკრულებით დადგენილი წესით გამოესყიდა.

ხელშეკრულების 4.1.2 ქვეპუნტის თანახმად, №1 ქონების გამოსყიდვის ფასი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე შეადგენდა - 49 000 აშშ დოლარის ეკვივალენტ ეროვნულ ვალუტას, არანაკლებ წინამდებარე ხელშეკრულების 3.4.1 ქვეპუნქტში მითითებული დასაკუთრების ფასისა, დაანგარიშებული ხსენებული ხელშეკრულების გაფორმების დღეს არსებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით. გამოსყიდვის ოპერაციის დაბეგვრის შემთხვევაში, კანონმდებლობით განსაზღვრულ გადასახადებს გადაიხდიდა გამომსყიდველი.

ხელშეკრულების 4.1.3 ქვეპუნქტის თანახმად, №2 ქონების გამოსყიდვის ფასი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე შეადგენდა - 10 000 აშშ დოლარის ეკვივალენტ ეროვნულ ვალუტას, არანაკლებ წინამდებარე ხელშეკრულების 3.4.2 ქვეპუნქტში მითითებული დასაკუთრების ფასისა, დაანგარიშებული ხსენებული ხელშეკრულების გაფორმების დღეს არსებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით. გამოსყიდვის ოპერაციის დაბეგვრის შემთხვევაში, კანონმდებლობით განსაზღვრულ გადასახადებს გადაიხდიდა გამომსყიდველი.

5.7. 2018 წლის 23 აგვისტოს ს.ს. „ბ–სა“ და თ.ს–ს (გამომსყიდველი) შორის გაფორმდა "გამოსყიდვის ვალდებულების უზრუნველყოფის შესახებ“ №NPAMD_23.08.2018/001 ხელშეკრულება, რომლის საგანს „კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, ქონების კრედიტორის საკუთრებაში გადასვლის შესახებ გამოსყიდვის უფლებით ხელშეკრულების საფუძველზე, ბანკის მიმართ თ.ს–ის მიერ ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველყოფა წარმოადგენდა.

ხელშეკრულების თანახმად, გამომსყიდველი ს.ს. „ბ–ში“ საბანკო ანგარიშზე განათავსებდა ნაკისრი ვალდებულების უზრუნველსაყოფად - 59 000 აშშ დოლარს, მხარეთა შორის ძირითადი ნასყიდობის ხელშეკრულებების გაფორმებამდე. აღნიშული თანხა წარმოადგენდა კონტრაქტის საფუძველზე გამომსყიდველის მიერ ბანკის წინაშე ნაკისრი №....... და №........ საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული საცხოვრებელი ფართების გამოსყიდვის ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფას (3.2 ქვეპუნქტი).

ხელშეკრულების 3.3. პუნქტის თანახმად, მხარეები ადასტურებდნენ, რომ მათ შორის ნასყიდობის ხელშეკრულებები გაფორმდებოდა შესაბამის ნასყიდობის თანხებზე, 3.2 ქვეპუნქტში აღნიშნულ ტრანზაქციებთან მიმართებით დამატებითი ღირებულების გადასახადის საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურიდან წერილობითი პასუხის მიღების შემდეგ. აღნიშნული თანხა განთავსებული იქნებოდა საბანკო ანგარიშზე უძრავ ნივთებზე ნასყიდობის კონტრაქტის გაფორმებამდე.

5.8. საჯარო რეესტრის 2019 წლის 02 მარტის ამონაწერით დგინდებოდა, რომ უძრავი ქონება, მდებარე თბილისში, .........., რეგისტრირებული ........ საკადასტრო კოდით, სხვენი, ფართი 55,28 კვ.მ, 2018 წლის 09 თებერვლიდან სააქციო საზოგადოება „ბ–ის“ საკუთრებაში (უფლების დამდგენი დოკუმენტია „კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით ქონების კრედიტორის საკუთრებაში გადასვლის შესახებ გამოსყიდვის უფლებით NNPAMD-09- TECH ხელშეკრულება“, დამოწმების თარიღი: 05/02/2018, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო) ირიცხება. უძრავ ქონებაზე 2018 წლის 09 თებერვლიდან რეგისტრირებულია ვალდებულება „კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით ქონების კრედიტორის საკუთრებაში გადასვლის შესახებ გამოსყიდვის უფლებით NNPAMD-09-TECH ხელშეკრულება“, დამოწმების თარიღი: 05/02/2018, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

საჯარო რეესტრის 2019 წლის პირველი მარტის ამონაწერით დგინდებოდა, რომ უძრავი ქონება, მდებარე თბილისში, ........, რეგისტრირებული ..........საკადასტრო კოდით, მე-5 სართულზე მდებარე 59,31 კვ.მ. №33 ბინა, 2018 წლის 09 თებერვლიდან სააქციო საზოგადოება „ბ–ის“ საკუთრებაში (უფლების დამდგენი დოკუმენტია „კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით ქონების კრედიტორის საკუთრებაში გადასვლის შესახებ გამოსყიდვის უფლებით NNPAMD-09-TECH ხელშეკრულება“, დამოწმების თარიღი: 05/02/2018, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო) ირიცხება. უძრავ ქონებაზე 2018 წლის 09 თებერვლიდან რეგისტრირებულია ვალდებულება „კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით ქონების კრედიტორის საკუთრებაში გადასვლის შესახებ გამოსყიდვის უფლებით NNPAMD-09- TECH ხელშეკრულება“, დამოწმების თარიღი: 05/02/2018, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

5.9. შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 07 სექტემბრის 21-11/114718 წერილისა (თ.ს–ის განცხადების პასუხად) და 2020 წლის 12 თებერვლის №21-11/15721 წერილის (ს.ს. „ბ–ის“ განცხადების პასუხად) თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჰ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ჩათვლის უფლების გარეშე დ.ღ.გ-საგან გათავისუფლებულია ფიზიკური პირებისათვის საცხოვრებელი ბინის (სახლის) მასზე დამაგრებული მიწით მიწოდება, თუ მიმწოდებელი ამ ქონებას აწვდის იმ ფიზიკურ პირს, რომლისგანაც ეს ქონება მიიღო მისი ან/და სხვა ფიზიკური პირის სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში („ჰ.ა)“.

5.10. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით გამოსყიდვის უფლებით ქონების კრედიტორის საკუთრებაში გადასვლის შესახებ 2018 წლის 05 თებერვალის №NPAMD-09-TECH-05.02.2018 ხელშეკრულებისა და გამოსყიდვის ვალდებულების უზრუნველყოფის შესახებ 2018 წლის 23 აგვისტოს №NPAMD-23.08.2018/001 ხელშეკრულების მუხლების იმ ნორმატიული შინაარსის ბათილად ცნობის საფუძველი, რომლის მიხედვით, ს.ს. „ბ–ი“ ხელშეკრულების საგნად და მოთხოვნის საფუძვლად ს.ს. „ბ–სა“ და შ.პ.ს. „...T“-ს შორის საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ №30.12/1 გენერალურ ხელშეკრულებასა და მის საფუძველზე გაფორმებულ სესხს უთითებს, არ არსებობდა, რადგან აღნიშნული ხელშეკრულებების დადების მიზნით მოსარჩელის მოტყუების ფაქტი არ დასტურდებოდა.

5.11. სააპელაციო პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია აპელანტის პოზიცია, რომ №....... და №......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთები ს.ს. „ბ–მა“ თ.ს–ისაგან საკუთრებაში ფიზიკური პირის - ს.ო–ას სახელშეკრულებო ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში მიიღო.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი 2015 წლის 30 დეკემბრის სანოტარო აქტში ცალსახად და არაორაზროვნად იყო მითითებული, რომ კლიენტს შ.პ.ს. „...T“-ი წარმოადგენდა, მის მიერ ასაღები მაქსიმალური ვალდებულების მოცულობა (68 000 აშშ დოლარი), რომლის უზრუნველსაყოფადაც აპელანტმა უძრავი ნივთები იპოთეკით დატვირთა, აბსოლუტურად განსხვავდებოდა 2011 წელს ს.ო–ას მიერ აღებული მაქსიმალური ვალდებულების ოდენობისგან (250 000 აშშ დოლარი), განსხვავებული იყო, როგორც ხელშეკრულების პირობები, ასევე - იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოცულობაც, ვინაიდან 2011 წელს დადებულ გარიგებაში იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოცულობა 43 500 აშშ დოლარს, ხოლო 2015 წელს დადებული იპოთეკით - 2500 აშშ დოლარს შეადგენდა.

ამასთანავე, 2011 წელს დადებულ ხელშეკრულებას თანდართული ჰქონდა, ს.ო–ას მიერ აღებული სესხის დაფარვის გრაფიკი, რომლის თანახმად, სესხის დაფარვის საბოლოო ვადა 2016 წლის 10 ივნისი იყო. მართალია, საქმის მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც 2011 წელს გაფორმებული იპოთეკის 2015 წლის მდგომარეობით გაუქმების შესახებ ფაქტს დაადასტურებდა, თუმცა ვერც აღნიშნული გარემოება გამოდგებოდა იმის სამტკიცებლად, რომ ხსენებული უძრავი ნივთები ს.ს. „ბ–მა“ თ.ს–ისაგან საკუთრებაში მხოლოდ ფიზიკური პირის ს.ო–ას სახელშეკრულებო ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში მიიღო, რადგან სამოქალაქო კანონმდებლობა უძრავი ქონების მრავალგზის უფლებრივად დატვირთვის შესაძლებლობას იძლევა, ამასთან, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის იდენტურ სადავო ქონებასთან დაკავშირებით 2015 წელს, მეორე იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმება საქმის მასალებში არსებული შეუცილებადი იპოთეკის ხელშეკრულებით დასტურდებოდა, სადაც მოვალედ/კლიენტად მხოლოდ შ.პ.ს. „...T“ იყო მითითებული, რის გამოც სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, რომ სადავო უძრავი ნივთები ს.ს. „ბ–მა“საკუთრებაში ფიზიკური პირის - ს.ო–ას სახელშეკრულებო ვალდებულების უზრუნველყოფის ფარგლებში მიიღო.

5.12. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ს.ს. „ბ–ს“ თ.ს–თან უძრავ ნივთებზე (საკადასტრო კოდი: ........ და საკადასტრო კოდი: ........) ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისა და საკუთრებაში გადაცემის ვალდებულება უნდა დაკისრებოდა.

პალატამ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე და 183-ე მუხლებზე მიუთითა და აღნიშნა, რომ უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების არსებით პირობას, მყიდველის მიერ საფასურის გადახდა, გამყიდველის მიერ შესაბამისი დოკუმენტაციის მიწოდება და მისი მყიდველის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია წარმოადგენს.

სააპელაციო პალატამ 2018 წლის 23 აგვისტოს ხელშეკრულებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე მიიჩნია, რომ მყიდველს ნასყიდობის საფასური გადახდილი ჰქონდა, თუმცა გამყიდველი უარს აცხადებდა მყიდველისათვის უძრავი ქონების გადაფორმებაზე იმ მოტივით, რომ მას ხელშეკრულებით შეთანხმებული დამატებითი ღირებულების გადასახადი არ ჰქონდა გადახდილი.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის თანახმად, საქართველოში გადასახადების ადმინისტრირებაზე უფლებამოსილი ორგანო ს.ს.ი.პ. შემოსავლების სამსახურია. ამავე კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, არაპირდაპირი გადასახადი – ეს არის გადასახადი (დამატებული ღირებულების გადასახადი, აქციზი, იმპორტის გადასახადი), რომელიც დგინდება მიწოდებული (იმპორტირებული) საქონლის ან/და გაწეული მომსახურების ფასზე დანამატის სახით და რომელსაც იხდის მომხმარებელი (იმპორტიორი) ამ გადასახადით გაზრდილი ფასით საქონლის ან/და მომსახურების შეძენისას (იმპორტისას). არაპირდაპირი გადასახადის ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება ეკისრება საქონლის მიმწოდებელს (იმპორტიორს) ან/და მომსახურების გამწევს, რომელიც ამ კოდექსის მიზნებისათვის გადასახადის გადამხდელად იწოდება.

მიმწოდებელი განსახილველი დავის ფარგლებში საფინანსო ორგანიზაციაა, ანუ დღგ-ს გადახდის ვალდებულება კანონიდან გამომდინარე მას ეკისრება. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ კანონმდებლობით არ არსებობს იმგვარი შეზღუდვა, რომელიც გადასახადის გადახდაზე ვალდებული პირის მიერ ამ ვალდებულების შესრულების სხვა პირისთვის გადაკისრების აკრძალვას გულისხმობს.

ანუ, თავისთავად სადავოდ გამხდარი ხელშეკრულების ის პირობა, რომლითაც დამატებული ღირებულების გადახდის ვალდებულება აპელანტს დაეკისრა, არ ეწინააღმდეგება კანონს და სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის საფუძველზე ბათილი არ არის. თუმცა, იმ პირობებში, როდესაც, მყიდველს გამყიდველის წინაშე შესრულებული ჰქონდა ძირითადი ვალდებულება - გადახდილი ჰქონდა ნასყიდობის საფასური, გადასახადის გადახდის ვალდებულება მის არა პირველად, არამედ - მეორეულ მოთხოვნას წარმოადგენდა, მით უფრო მაშინ, როცა, იგი გადასახადის ადმინისტრირებაზე უფლებამოსილი ორგანო არ იყო, შესაბამისად, აღნიშნული საფუძვლით საკრედიტო დაწესებულებას წაერთვა შესაძლებლობა, უარი ეთქვა მისთვის კანონით მინიჭებულ ვალდებულებაზე გადაეცა საკუთრების უფლება მყიდველისთვის, როდესაც მისთვის მეორეული უფლებების დაცვა, კანონმდებლობით იყო გარანტირებული, რაც შესაბამისი საპროცესო მოქმედებების საფუძველზე და არა საკუთრების უფლების გადაცემაზე უარის თქმის შედეგად უნდა განხორციელებულიყო.

5.13. სააპელაციო პალატის განმარტებით, ხსენებულ ხელშეკრულებაში მითითებული იყო, რომ გამომსყიდველი კანონმდებლობით განსაზღვრულ გადასახადებს გამოსყიდვის ოპერაციის დაბეგვრის შემთხვევაში გადაიხდიდა. ეს დათქმა სამართლებრივი თვალსაზრისით პირობაზე დამოკიდებული იყო, სამოქალაქო კოდექსის 93-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ვადა არ არის განსაზღვრული, მაშინ პირობა შეიძლება შესრულდეს ნებისმიერ დროს. პირობა შეიძლება ძალადაკარგულად იქნეს მიჩნეული, როცა აშკარაა, რომ მოვლენის დადგომა უკვე შეუძლებელია. შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმის საფუძვლად საფინანსო ორგანიზაციას გადასახადის გადაუხდელობა მხოლოდ მაშინ შეიძლებოდა მიეთითებინა, თუკი საქმის მასალებში იარსებებდა ტრანზაქციის დაბეგვრის თაობაზე მტკიცებულება, თუმცა ასეთი დოკუმენტი საქმის მასალებში არ მოიპოვებოდა და ამგვარად წარმოდგენილი წერილი შემოსავლების სამსახურიდან ვერ გამოდგებოდა, რადგანაც იგი დაბეგვრის აქტს არ წარმოადგენდა.

ამიტომ ცალსახა იყო, რომ პირობა არ დამდგარა და მისი შესრულება აპელანტს ნებისმიერ დროს, მათ შორის - საკუთრების უფლების მის სახელზე აღრიცხვის შემდეგაც შეეძლო (თუკი ასეთი პირობა დადგებოდა). აღნიშნული მსჯელობის შესაბამისად, პალატამ დაასკვნა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილში დასაბუთებული იყო და უნდა დაკმაყოფილებულიყო.

5.14. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, სწორედ მოსარჩელეს უნდა ემტკიცებინა, რომ სადავოდ გამხდარი გარიგებები მოტყუების შედეგად დაიდო, თუმცა ხსენებული ფაქტის დამტკიცების ტვირთი მხარემ ვერ დაძლია. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას სადავო უძრავ ნივთებზე ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისა და მათი მესაკუთრედ აღრიცხვის თაობაზე, მან შეძლო დაესაბუთებინა, რომ ხელშეკრულებით შეთანხმებული და კანონით განსაზღვრული ძირითადი ვალდებულება ნასყიდობის ფასის გადახდის შესახებ შესრულებული ჰქონდა. ხოლო გადასახადის გადაუხდელობა, მისი არსებობის პირობებში, საბანკო დაწესებულების არა პირველადი, არამედ - მეორეული მოთხოვნაა, რაც ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმის საფუძველი არ შეიძლება გამხდარიყო.

6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი საფუძვლებით:

6.1. თბილისის სააპელაციო სასამართლომ, „გამოსყიდვის ვალდებულების უზრუნველყოფის შესახებ“ 2018 წლის 23 აგვისტოს №PAMD_09_TECH_23.08.2018/001 ხელშეკრულების საფუძველზე არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ მოსარჩელეს (მყიდველი) მოპასუხის (გამყიდველი) სასარგებლოდ გადახდილი ჰქონდა ნასყიდობის საფასური.

აღნიშნული ხელშეკრულების საგანს მოსარჩელის მიერ მოპასუხის მიმართ სამომავლოდ ასაღები ფინანსური ვალდებულების უზრუნველყოფა წარმოადგენდა და არა ნასყიდობის საფასურის რაიმე ფორმით გადახდა. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ კასატორის საბანკო ანგარიშზე განთავსებული 59 000 აშშ დოლარი უზრუნველყოფის საგანს წარმოადგენდა და შეუძლებელია მისი ინტერპრეტირება მოპასუხის სასარგებლოდ გადახდილ და ამ უკანასკნელის მიერ მიღებულ უძრავი ნივთების ნასყიდობის საფასურად. ამასთან, ნიშანდობლივია, რომ მხარეთა შორის არც ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმებულა და არც რაიმე სხვა გარიგების ან საკანონმდებლო მოთხოვნის საფუძველზე ჰქონია მოპასუხეს უძრავი ნივთების მოსარჩელის საკუთრებაში გადაცემის ვალდებულება (მით უფრო, გამოსყიდვის ოფციის ვადის ამოწურვის შემდეგ).

6.2. სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაასკვნა, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2018 წლის 05 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების „4.1.2.“-„4.1.3.“ ქვეპუნქტებით მხარეები შეთანხმდნენ მოპასუხის (გამყიდველი) მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ კანონმდებლობის შესაბამისად გადასახდელი დამატებითი ღირებულების გადასახადის გადახდის ვალდებულების მოსარჩელისათვის გადაკისრებაზე.

საქმეში არსებული მტკიცებულებებით ერთმნიშვნელოვნად დასტურდება, რომ ხსენებული ხელშეკრულების „4.1.2.“-„4.1.3.“ ქვეპუნქტებით მხარეთა შორის შეთანხმებული პირობა ემსახურებოდა ნასყიდობის ფასის განსაზღვრას და არა გადასახადის ადმინისტრირებისთვის კანონით დადგენილი წესის ცვლილებას. ამიტომაც, მხარეები საგანგებოდ შეთანხმდნენ, რომ - თუკი უძრავი ნივთების გამოსყიდვის მომენტში, საგადასახადო მიზნებიდან გამომდინარე, ნასყიდობის ოპერაცია დაექვემდებარებოდა კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადით დაბეგვრას (მოცემულ შემთხვევაში, დამატებული ღირებულების გადასახადის დარიცხვას), ნასყიდობის ფასი გაიზრდებოდა დასარიცხი გადასახადის შესაბამისი თანხით და მისი გადახდის ვალდებულება ეკისრებოდა გამომსყიდველს. ამასთანავე, უდავოა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის თანახმად, დამატებული ღირებულების გადასახადი არაპირდაპირი გადასახადია, რომელიც დგინდება მიწოდებული საქონლის ან/და გაწეული მომსახურების ფასზე დანამატის სახით და რომელსაც იხდის მომხმარებელი ამ გადასახადით გაზრდილი ფასით საქონლის ან/და მომსახურების შეძენისას, ხოლო გადასახადის ბიუჯეტში გადახდას უზრუნველყოფს საქონლის მიმწოდებელი/მომსახურების გამწევი. შესაბამისად, შეთანხმების არსს წარმოადგენდა ის, რომ ნასყიდობის ფასს გამყიდველი დაარიცხავდა დამატებული ღირებულების გადასახადს, მყიდველი გადაიხდიდა ნასყიდობის მთლიან ფასს (დ.ღ.გ-ის ჩათვლით), საიდანაც გამყიდველი კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით გადაიხდიდა გადასახადს სახელმწიფო ბიუჯეტში.

ამრიგად, ცხადია, რომ მხარეები ხელშეკრულებით ერთმნიშვნელოვნად იყვნენ შეთანხმებული მოსარჩელის მიერ მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების გამოსყიდვის შემთხვევაში, მოპასუხის სასარგებლოდ გადასახდელი ნასყიდობის მთლიანი ფასის განსაზღვრის პრინციპზე და არა გადასახადის ადმინისტრირებისა და სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის წესის ცვლილებაზე.

6.3. 2018 წლის 05 თებერვლის ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელეს უძრავი ნივთების გამოსყიდვის უფლება 2018 წლის 31 ივლისის ჩათვლით ჰქონდა. შესაბამისად, მხოლოდ ამ ვადის განმავლობაში იყო კასატორი ვალდებული, მოსარჩელის მოთხოვნის შემთხვევაში, მხარეთა შორის შეთანხმებული პირობებითა და შეთანხმებულ ფასად, საკუთრებაში გადაეცა მოსარჩელისათვის ნასყიდობის საგანი და ამ მიზნით გაეფორმებინა შესაბამისი ხელშეკრულება. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, უტყუარად დასტურდება, რომ მოსარჩელემ მხარეთა შორის შეთანხმებულ ვადაში (2018 წლის 31 ივლისის ჩათვლით) უძრავი ნივთები ვერ გამოისყიდა, რაც ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული ვადის ამოწურვისთანავე, გაქარწყლდა მოსარჩელის მიერ უძრავი ნივთების გამოსყიდვის ოფცია და კასატორის საპასუხო ვალდებულება უძრავი ნივთის საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, უკანონო და დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მიერ კასატორის დავალდებულება, გამოსყიდვის ვადის ამოწურვის შემდეგ, შესაბამისი საფუძვლის არარსებობის პირობებში, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, საკუთრებაში გადასცეს მოსარჩელეს უძრავი ნივთები, მით უფრო იმ ფასად, რაზეც მხარეები არ შეთანხმებულან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი, რომლის გამოც, მხარეთა შორის დადებულად შეიძლება ჩაითვალოს ნასყიდობის ხელშეკრულება და მოპასუხეს წარმოეშვას კუთვნილი უძრავი ნივთების მოსარჩელის საკუთრებაში გადაცემის ვალდებულება.

6.4. სააპელაციო სასამართლომ მოპასუხის ნების საწინააღმდეგოდ და მხარეთა შორის წერილობით შეთანხმებული პირობების დარღვევით განსაზღვრა მოპასუხის კუთვნილი უძრავი ნივთების მოსარჩელის საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ გადასახდელი უძრავი ნივთების ნასყიდობის საფასურის ოდენობა. სადავო ქონების გამოსყიდვისთვის მხარეთა შორის შეთანხმებულ ფასს წარმოადგენდა 59 000 აშშ დოლარი (ეკვივალენტი ლარში) და მასზე კანონით განსაზღვრული ოდენობის დამატებული ღირებულების გადასახადის ჯამი. ამიტომ, უძრავი ნივთების გამოსყიდვისთვის, მარტოოდენ 59 000 აშშ დოლარი (ეკვივალენტი ლარში) არ წარმოდგენდა ამ ნივთების ნასყიდობისთვის მხარეთა შორის შეთანხმებულ ფასს და ეს არც მოპასუხისთვის იყო მისაღები.

6.5. დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა მასზეც, რომ ვინაიდან მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ გადახდილი აქვს 59 000 აშშ დოლარი, გადასახადის გადახდის ვალდებულება მის არა პირველად, არამედ - მეორად მოთხოვნას წარმოადგენს. მხარეთა შორის ხელშეკრულებით შეთანხმებული იყო ნასყიდობის მთლიანი ფასი და მისი გამოანგარიშების წესი, რაც მოცემულ შეთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, მოიცავს კანონმდებლობით განსაზღვრულ შესაბამის გადასახადსაც და დაუშვებელია ამ საფასურის დაყოფა პირველად და მეორეულ მოთხოვნებად, ვინაიდან ნასყიდობის ჯამური საფასურის მიღების გარეშე, მოპასუხეს უძრავი ნივთების გასხვისების ინტერესი არ გააჩნია და მისი კანონიერი ინტერესი სწორედ ნასყიდობის საფასური სრულად მიღებაში მდგომარეობდა და აღნიშნული წარმოადგენდა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებების არსებით პირობას.

6.6. კასატორის საბანკო ანგარიშზე განთავსებული თანხა სხვა მიზანს ემსახურებოდა (წარმოადგენდა ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალებას), მხარეთა მიერ განხილული არ ყოფილა ნასყიდობის საფასურად და დაუშვებელია, ასეთად ჩაითვალოს. აღნიშნული თანხის დანიშნულება იმთავითვე შეთანხმებული იყო მხარეთა შორის და მას რაიმე კავშირი არ ჰქონია მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის გადახდილ ნასყიდობის საფასურთან. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მხარეთა შორის არც ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმებულა და არც რაიმე სხვა გარიგების ან საკანონმდებლო მოთხოვნის საფუძველზე ჰქონია მოპასუხეს უძრავი ნივთების მოსარჩელის საკუთრებაში გადაცემის ვალდებულება, მით უფრო, გამოსყიდვის ოფციის ვადის ამოწურვის შემდეგ.

6.7. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი. ნორმის არასათანადო ინტერპრეტირებით მან უგულებელყო კანონის ის ნორმატიული შინაარსი, რაც საქონლის/მომსახურების ფასის დამატებული ღირებულების გადასახადით გაზრდას გულისხმობს (რომლის დარიცხვაზეც მხარეები ხელშეკრულებით შეთანხმდნენ, თუ ოპერაცია დაექვემდებარებოდა შესაბამისი გადასახადით დაბეგვრას) და იმსჯელა მხოლოდ გადასახადის ადმინისტრირების მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდის ვალდებულების შესრულების ნაწილზე.

6.8. სააპელაციო სასამართლოს დამატებული ღირებულების გადასახადის დარიცხვასა და გადახდასთან დაკავშირებით უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 156-ე და 163-ე მუხლებით.

6.9. გამომდინარე იქიდან, რომ დავა ეხება უძრავი ნივთის გამოსყიდვასთან დაკავშირებული უფლების რეალიზაციის საკითხს, სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო, გადაწყვეტილების მიღებისას ეხელმძღვანელა ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 509-515-ე მუხლებით.

6.10. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულება უსაფუძვლოდ მიიჩნია დადებულად.

ნასყიდობა კონსესუალური ხელშეკრულებაა და დადებულად მიიჩნევა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის შესაბამისად მის ყველა არსებით პირობაზე საამისოდ დადგენილი ფორმით შეთანხმების მომენტიდან. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება კასატორის შეთანხმება მოსარჩელესთან ხელშეკრულების ერთ-ერთ არსებით პირობაზე - ნასყიდობის ფასზე იმ ოდენობით და გადახდის პირობით, როგორც ეს სააპელაციო სასამართლომ დაადგინა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცხადია, რომ უკანონოა სასამართლოს მიერ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად მიჩნევა, ვინაიდან აღნიშნულის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი, არ იკვეთება.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

10. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან, გამოსყიდვის უფლების რეალიზაციის საფუძველზე სადავო უძრავ ნივთებზე მოსარჩელის მესაკუთრედ აღრიცხვის მართლზომიერება.

11. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და არც საკასაციო საჩივრით არის შედავებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

11.1. 2015 წლის 30 დეკემბერს ს.ს. „ბ–სა“ და შ.პ.ს. „...T“-ს შორის გაფორმდა საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ №30.12/1 გენერალური ხელშეკრულება 68 000 აშშ დოლარის ლიმიტით.

11.2. 2015 წლის 30 დეკემბერს თ.ს–მა ს.ს. „ბ–ის“ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთა ქ. თბილისში, ......... მდებარე, ს.კ. ....... უძრავი ქონება შ.პ.ს. „...T“-ის მიერ №30.12/1 ხელშეკრულებით ბანკის მიმართ ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად.

11.3. 2018 წლის 05 თებერვალს, შ.პ.ს. „...T“-ს (მოვალე), თ.ს–სა (მესაკუთრე) და ს.ს. „ბ–ს“ (კრედიტორი) შორის გაფორმდა კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, გამოსყიდვის უფლებით, ქონების კრედიტორის საკუთრებაში გადასვლის შესახებ №NPAMD-09-TECH05.02.2018 ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მესაკუთრემ, მოვალის მიმართ კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, ამ უკანასკნელს საკუთრებაში გადასცა, უძრავი ნივთები, მდებარე: ქ.თბილისი, ..... (ყოფ. .......), ს/კ ........., ბინა 33, ფართი - 59.32 კვ.მ (ქონება №1) და საკადასტრო კოდი: ......., სხვენი, ფართი - 55.28 კვ.მ (ქონება №2).

11.4. №NPAMD-09-TECH05.02.2018 ხელშეკრულების 4.1.1 ქვეპუნქტის თანახმად, ქონებაზე კრედიტორის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შემდეგ მესაკუთრეს უფლება ჰქონდა, ამ ხელშეკრულებაზე ხელმოწერიდან 2018 წლის 31 ივლისის ჩათვლით უძრავი ნივთები ერთად ან ცალ-ცალკე ხელშეკრულებით დადგენილი წესით, გამოესყიდა, კერძოდ: ხელშეკრულების 4.1.2 ქვეპუნტის თანახმად, ქონება №1-ის გამოსყიდვის ფასი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე შეადგენდა - 49 000 აშშ დოლარის ეკვივალენტ ეროვნულ ვალუტას, არანაკლებ წინამდებარე ხელშეკრულების 3.4.1 ქვეპუნქტში მითითებული დასაკუთრების ფასისა, ხელშეკრულების გაფორმების დღეს არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით ეროვნული ვალუტით, გამოსყიდვის ოპერაციის დაბეგვრის შემთხვევაში, კანონმდებლობით განსაზღვრულ გადასახადებს გადაიხდიდა გამომსყიდველი; ხელშეკრულების 4.1.3 ქვეპუნტის თანახმად, ქონება №2-ის გამოსყიდვის ფასი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე შეადგენდა - 10 000 აშშ დოლარის ეკვივალენტ ეროვნულ ვალუტას, არანაკლებ წინამდებარე ხელშეკრულების 3.4.2 ქვეპუნქტში მითითებული დასაკუთრების ფასისა, დაანგარიშებული წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმების დღეს არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით ეროვნული ვალუტით, გამოსყიდვის ოპერაციის დაბეგვრის შემთხვევაში, კანონმდებლობით განსაზღვრულ გადასახადებს გადაიხდიდა გამომსყიდველი.

11.5. 2018 წლის 23 აგვისტოს ს.ს. „ბ–სა“ და თ.ს–ს (გამომსყიდველი) შორის გაფორმდა გამოსყიდვის ვალდებულების უზრუნველყოფის შესახებ №NPAMD_23.08.2018/001 ხელშეკრულება, რომლის საგანს №..... და №...... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ნივთების გამოსყიდვის ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა წარმოადგენდა. ხელშეკრულების 3.2. პუნქტის თანახმად, მოსარჩელეს ს.ს. „ბ–ში“ საბანკო ანგარიშზე უნდა განეთავსებინა ხსენებული უძრავი ნივთების გამოსყიდვის უზრუნველსაყოფად - 59 000 აშშ დოლარი. ხელშეკრულების 3.3. პუნქტის მიხედვით, მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულებები გაფორმდებოდა შესაბამის ნასყიდობის თანხებზე დამატებითი ღირებულების გადასახადის საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურიდან წერილობითი პასუხის მიღების შემდეგ.

11.6. თ.ს–მა, 2018 წლის 23 აგვისტოს ხელშეკრულების ფარგლებში, ს.ს. „ბ–ში“ საბანკო ანგარიშზე განათავსა უძრავი ნივთების გამოსყიდვის უზრუნველსაყოფად - 59 000 აშშ დოლარი.

12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 509-ე მუხლის მიხედვით, თუ გამყიდველს ნასყიდობის ხელშეკრულებით აქვს გამოსყიდვის უფლება, ამ უფლების განხორციელება დამოკიდებულია გამყიდველის ნებაზე. ამავე კოდექსის 510-ე მუხლის მიხედვით გამოსყიდვა ხდება თავდაპირველი ფასით. მყიდველს უფლება აქვს მოითხოვოს ის თანხა, რომლითაც გაიზარდა საქონლის ღირებულება გამოსყიდვის მომენტამდე სასარგებლო დანახარჯების შედეგად, ხოლო გამომსყიდველს შეუძლია მოითხოვოს იმ თანხის გამოკლება, რომლითაც შემცირდა საქონლის ღირებულება მის გამოსყიდვამდე.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობას აქვს გარკვეული თავისებურებანი, რაც იმაში მდგომარეობს, რომ გამყიდველს უფლება აქვს, დათქმულ ვადაში გამოისყიდოს გასხვისებული ნივთი. ახალ შემძენს უფლება არ აქვს, სასყიდლის მიღებასა და საკუთრების დაბრუნებაზე უარი თქვას. ხელშეკრულების შინაარსი მას ზღუდავს მესაკუთრის აბსოლუტური უფლებით ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს გამოსყიდვის უფლებით შეძენილ ქონებას. იგი გამოსყიდვის ვადით შეზღუდულია და საკუთრების უფლებას შეიძენს გამოსყიდვისათვის დათქმული ვადის გასვლის შემდეგ. თავის მხრივ, გამყიდველსაც დაკისრებული აქვს ვალდებულება გამოსყიდვის ფუნქცია მხოლოდ გამოსყიდვისათვის დათქმულ ვადაში განახორციელოს. თუ ის არ ისარგებლებს გამოსყიდვის ვადაში გამოსყიდვის უფლებით, მაშინ მას უფლება ესპობა ვადის გასვლის შემდგომ გადაიხადოს ღირებულება და ქონება გამოისყიდოს. რა თქმა უნდა, ქონების გამოსყიდვის უფლება მას არ ერთმევა ვადის გასვლის შემდეგაც, მაგრამ ამ ვადის გასვლის შემდეგ, ნივთის გაყიდვის უფლება ენიჭება მის ნამდვილ მესაკუთრეს და ის ვალდებული აღარაა იმავე ფასში, ან თუნდაც განსხვავებულ ფასში მიჰყიდოს კუთვნილი ქონება ყოფილ მესაკუთრეს. ეს მისი უფლებაა და მის ნებაზეა დამოკიდებული, გაყიდის თუ არა ქონებას, რომლის გამოსყიდვის ვადაც გავიდა (იხ. სუსგ №ას-694-665-2016; 31.03.2017 წ; №ას-1090-2021, 18 მაისი, 2022 წ.).

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მხარეებმა ხელშეკრულებით გამოსყიდვის ფასი მთლიანობაში 59 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით განსაზღვრეს, ხოლო დამატებული ღირებულების გადასახადის გადახდასთან დაკავშირებით კი შეთანხმდნენ, რომ მის გადახდას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გამოსყიდვის ოპერაციის დაბეგვრის შემთხვევაში, გამომსყიდველი უზრუნველყოფდა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8.3 მუხლის თანახმად, დამატებული ღირებულების გადასახადი წარმოადგენს არაპირდაპირ გადასახადს, რომელიც დგინდება მიწოდებული საქონლის ან/და გაწეული მომსახურების ფასზე დანამატის სახით და რომელსაც იხდის მომხმარებელი ამ გადასახადით გაზრდილი ფასით საქონლის ან/და მომსახურების შეძენისას. არაპირდაპირი გადასახადის ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება ეკისრება საქონლის მიმწოდებელს ან/და მომსახურების გამწევს, რომელიც ამ კოდექსის მიზნებისათვის გადასახადის გადამხდელად იწოდება. ამავე კოდექსის 156.2 მუხლის შესაბამისად, დღგ არის საქონლის/მომსახურების მოხმარებაზე დადგენილი გადასახადი, რომელიც ამ საქონლის/მომსახურების ფასის პირდაპირპროპორციულია. იმავე კოდექსის 163.1 მუხლის მიხედვით, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევა დღგ-ით იბეგრება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

განსახილველ შემთხვევაში, სადავო არ არის, რომ კასატორისგან სადავო უძრავი ნივთების გამოსყიდვის ოპერაცია იბეგრება დამატებული ღირებულების გადასახადით, რომლის ბიუჯეტში გადახდის ვალდებულებაც ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, საქონლის მიმწოდებელს - კასატორს გააჩნია. მიუხედავად აღნიშნულისა, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საგადასახადო კანონმდებლობა არ კრძალავს არც გადასახადის გადახდაზე ვალდებული პირის მიერ ამ ვალდებულების შესრულების სხვა პირისთვის გადაკისრებას და არც სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახადის გადახდის ვალდებულების სხვა პირის ნაცვლად შესრულებას.

მოცემულ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, მხარეებმა ხელშეკრულებით განსაზღვრეს, რომ გამოსყიდვის ოპერაციის დაბეგვრის შემთხვევაში, კანონმდებლობით განსაზღვრულ გადასახადებს გამომსყიდველი გადაიხდიდა, რაც, საკასაციო პალატის შეფასებით, უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ მხარეები შეთანხმდნენ გადასახადების, მათ შორის დამატებული ღირებულების გადასახადის გამომსყიდველის მიერ გადახდის ვალდებულებაზე, რომელიც უნდა შესრულებულიყო გამოსყიდვის ოპერაციის კონკრეტული გადასახადით დაბეგვრის შემდეგ და უშუალოდ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ამდენად, იმ პირობებში, როდესაც მხარეებმა ურთიერთშეთანხმებით გაითვალისწინეს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების (მათ შორის - დ.ღ.გ-ს) გამომსყიდველის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება, კასატორის მხრიდან მოსარჩელისთვის გამოსყიდვის უფლების განხორციელებაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ გამომსყიდველს მის სასარგებლოდ არ გადაუხდია დღგ, ეწინააღმდეგება მხარეთა შეთანხმებას და არღვევს კეთილსინდისიერების პრინციპს, მითუმეტეს, რომ კასატორს, მოსარჩელის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, უფლება აქვს სასარჩელო წარმოების გზით იდავოს აღნიშნულზე.

13. საკასაციო პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია კასატორის პრეტენზია, რომ მოსარჩელის მხრიდან გაშვებული იქნა სადავო უძრავი ნივთების გამოსყიდვის ვადა.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობას აქვს გარკვეული თავისებურებანი, რაც იმაში მდგომარეობს, რომ გამყიდველს უფლება აქვს, დათქმულ ვადაში გამოისყიდოს გასხვისებული ნივთი. ახალ შემძენს უფლება არ აქვს, სასყიდლის მიღებასა და საკუთრების დაბრუნებაზე უარი თქვას. ხელშეკრულების შინაარსი მას ზღუდავს მესაკუთრის აბსოლუტური უფლებით ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს გამოსყიდვის უფლებით შეძენილ ქონებას. იგი გამოსყიდვის ვადით შეზღუდულია და საკუთრების უფლებას შეიძენს გამოსყიდვისათვის დათქმული ვადის გასვლის შემდეგ. თავის მხრივ, გამყიდველსაც დაკისრებული აქვს ვალდებულება გამოსყიდვის ფუნქცია მხოლოდ გამოსყიდვისათვის დათქმულ ვადაში განახორციელოს. თუ ის არ ისარგებლებს გამოსყიდვის ვადაში გამოსყიდვის უფლებით, მაშინ მას უფლება ესპობა, ვადის გასვლის შემდგომ გადაიხადოს ღირებულება და ქონება გამოისყიდოს. რა თქმა უნდა, ქონების გამოსყიდვის უფლება მას არ ერთმევა ვადის გასვლის შემდეგაც, მაგრამ ამ ვადის გასვლის შემდეგ, ნივთის გაყიდვის უფლება ენიჭება მის ნამდვილ მესაკუთრეს და ის ვალდებული აღარაა იმავე ფასად ან თუნდაც განსხვავებულ ფასად მიჰყიდოს კუთვნილი ქონება ყოფილ მესაკუთრეს. ეს მისი უფლებაა და მის ნებაზეა დამოკიდებული, გაყიდის თუ არა ქონებას, რომლის გამოსყიდვის ვადაც გავიდა (იხ. ს.უ.ს.გ. №ას-694-665-2016; 31.03.2017 წ.).

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი გამოსყიდვის ვალდებულების უზრუნველყოფის შესახებ 2018 წლის 23 აგვისტოს №NPAMD_23.08.2018/001 ხელშეკრულებით ერთმნიშვნელოვნად დასტურდება, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს აღუდგინა და გაუგრძელა სადავო უძრავი ნივთების გამოსყიდვის ვადა დამატებითი ღირებულების გადასახადის საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურიდან წერილობითი პასუხის მიღებამდე, შესაბამისად, კასატორის მითითება №NPAMD-09-TECH05.02.2018 ხელშეკრულებით განსაზღვრულ გამოსყიდვის ვადაზე არარელევანტურია.

14. საკასაციო პალატას ასევე უსაფუძვლოდ მიაჩნია კასატორის პოზიცია, რომ მოსარჩელის მიერ ს.ს. „ბ–ში“ განთავსებულ 59 000 აშშ დოლარს შემხებლობა არ გააჩნია სადავო უძრავი ნივთების გამოსყიდვის ფასთან.

ამ კუთხით საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს მასზე, რომ მხარეთა შორის 2018 წლის 23 აგვისტოს გაფორმებული გამოსყიდვის ვალდებულების უზრუნველყოფის შესახებ №NPAMD_23.08.2018/001 ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება სადავო უძრავი ნივთების (ს/კ-ით №.......... და №.......) გამოსყიდვის უზრუნველსაყოფად ს.ს. „ბ–ში“ საბანკო ანგარიშზე განეთავსებინა 59 000 აშშ დოლარი, რაც მან შეასრულა.

ვინაიდან, მოსარჩელის მიერ გამოსყიდვის ფასის გადახდის უზრუნველსაყოფად სადავო უძრავი ნივთების ღირებულების თანხა - 59 000 აშშ დოლარი განთავსებული იქნა მოპასუხე ბანკში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სასამართლოს მხრიდან გამოსყიდვის უფლების რეალიზებულად აღიარებითა და სადავო უძრავ ნივთებზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღრიცხვით, კასატორი იქცევა აღნიშნული თანხის მესაკუთრედ, რაც იმთავითვე გამომდინარეობს უზრუნველყოფის არსიდან და დანიშნულებიდან.

15. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას მხარეთა შორის გამოსყიდვის ხელშეკრულების გაუფორმებლობასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც, მხარეთა შორის გაფორმებული 2018 წლის 05 თებერვლის ხელშეკრულებით განისაზღვრა გამყიდველის მხრიდან უძრავი ნივთების გამოსყიდვის უფლება და მისი განხორციელების წინაპირობები, პალატის შეფასებით, გამოსყიდვის უფლების სარგებლობასთან დაკავშირებით მხარეთა შორის დამატებითი შეთანხმების გაუფორმებლობა, ამ უფლების რეალიზაციის თვალსაზრისით არაფერს ცვლის.

16. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს.

17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 8000 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 8000 ლარის 70% – 5600 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ს.ს. „ბ–ი“-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. ს.ს. „ბ–ს“ (ს/ნ .........) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 8000 ლარის (საგადახდო დავალება №0, გადახდის თარიღი: 29.10.2021წ, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „ბ–ი“) 70% – 5600 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები : ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი