Facebook Twitter

19 მაისი, 2023 წელი

№ას-41-2022 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე)

ლაშა ქოჩიაშვილი (მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენით

კასატორი _ ნ.ვ–ია, ნ.კ–ი

მოწინააღმდეგე მხარე _ ხ.გ–ია

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 02 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება

დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა (თავდაპირველი სარჩელით); უფლებამონაცვლედ ცნობა და თანხის დაკისრება (შეგებებული სარჩელით)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ხ.გ–იამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების: ნ.ვ–იასა და ნ.კ–ის მიმართ, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვისა და თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემის შესახებ.

2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

3. ნ.ვ–იამ და ნ.კ–მა შეგებებული სარჩელი წარადგინეს მოსარჩელის წინააღმდეგ და მოითხოვეს აწ გარდაცვლილი ზ.დ–იას უფლებამონაცვლედ მოსარჩელის ცნობა, ასევე, მოსარჩელისათვის მოპასუხეების სასარგებლოდ, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 9000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრება.

4. მოსარჩელემ წარმოდგენილი შესაგებლით, შეგებებული სარჩელი არ ცნო.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით - სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ქ. თბილისში, ……., მე-2 კორპუსში მდებარე N12 ბინა, საკადასტრო კოდით: …….. და აღნიშნული უძრავი ნივთი გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს (მხარდამჭერი ანა შამათავა). გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. მოპასუხეთა შეგებებული სარჩელი, არ დაკმაყოფილდა.

6. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვის მიზნით, პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნება, ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 სექტემბრის განჩინების გაუქმება, რომლითაც მოწმეთა დაკითხვის შესახებ მოპასუხეთა შუამდგომლობა, არ დაკმაყოფილდა.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 02 ნოემბრის განჩინებით - სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. სასამართლომ განჩინება დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ-სამართლებრივ დასაბუთებას:

7.1. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქ. თბილისში, ………., მე-2 კორპუსში მდებარე N12 ბინა, ს/კ-ით ………., წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას, რომელსაც მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ ფლობენ მოპასუხეები. სააპელაციო სასამართლოს განსჯით, მოპასუხეებმა ვერ წარმოადგინეს სათანადო, საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, მათი მხრიდან სადავო ქონების მართლზომიერი ფლობისა და სარგებლობის დასადასტურებლად.

7.2. მოპასუხეები, ქონების მართლზომიერი მფლობელობისა და შეგებებული სარჩელის საფუძვლიანობის დასტურად, მიუთითებდნენ მოსარჩელის ოჯახისთვის თანხის გადახდის ფაქტზე, რაც სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქმის მასალებით ვერ იქნა დადგენილი და დადასტურებული.

7.3. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, თანხის გადახდის მტკიცება ეკისრებოდათ მოპასუხეებს, სწორედ მათ უნდა წარმოედგინათ მტკიცებულებები, რომ მხარეთა შორის არსებობდა გარიგება სესხის გადაცემის თაობაზე. ამ გარემოების დამტკიცება კი, შესაძლებელია შესაბამისი ხელშეკრულებით, თანხის გადაცემის ან მიღების ხელწერილით, ვალის აღიარების ხელშეკრულებით ან სხვა მტკიცებულებით, რაც პირდაპირ ან ირიბად დაადასტურებდა მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობას. მოპასუხეთა მხრიდან ასევე ვერ იქნა დასაბუთებული ზეპირსიტყვიერი ახსნა-განმარტება მასზე, რომ სწორედ მოსარჩელის დედას, ზ.დ–იას (რომლის კანონისმიერ მემკვიდრეს და უფლებამონაცვლეს წარმოადგენს მოსარჩელე) გადასცეს სესხის თანხა - 9000 აშშ დოლარი და არა მოსარჩელის ძმას, რომელიც სადავო ქონების მესაკუთრეს არ წარმოადგენდა.

7.4. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატამ არ გაიზიარა მოპასუხეთა მოსაზრება, რომ მათი მხრიდან ქონებით სარგებლობა ხორციელდება მართლზომიერი მფლობელობის პირობებში, რაც, თავის მხრივ, მხარეთა შორის ქონებით სარგებლობის შესახებ შეთანხმებას ეფუძნება. ამავე მიზეზით, პალატამ არ გაიზიარა მოპასუხეთა ის პოზიციაც, რომ სასამართლოს სადავო სამართალურთიერთობის გადაწყვეტისას, უნდა გამოეყენებინა გირავნობის მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმები.

7.5. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოპასუხეთა პოზიცია მასზე, რომ სხვა საცხოვრებელი არ გააჩნიათ და სადავო ბინაში ცხოვრობენ არასრულწლოვნებიც, რომელთაც განუზომელი ზიანი მიადგებათ გამოსახლების შედეგად, ვერ დაედებოდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას საფუძვლად, რამდენადაც სხვა საცხოვრებლის არქონა არ მიიჩნევა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მოთხოვნაზე უარის თქმის წინაპირობად. ამასთან, ის ფაქტი, რომ სახლში არასრულწლოვნებიც ცხოვრობდნენ, არ ყოფილა დადასტურებული საქმეში წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებებით.

7.6. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელე არის მესაკუთრე, ხოლო მოპასუხეებს არ წარმოუდგენიათ იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ სადავო უძრავ ქონებას ფლობენ კანონიერად. მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხესთან მიმართებით. ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი უფლებრივი შებოჭვისთვის, შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია სრულყოფილად განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები. ყოველივე აღნიშნული კი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია.

7.7. სააპელაციო სასამართლომ მოწმეთა დაკითხვაზე უარის თქმის შესახებ საოქმო განჩინების გაუქმების თაობაზე მოპასუხეთა მოთხოვნა დაუსაბუთებლად მიიჩნია და აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა საოქმო განჩინების დასაბუთების ნაწილში მართებული იყო, ვინაიდან, სასამართლო პრაქტიკის თანახმად, ზეპირი სესხის ხელშეკრულების ნამდვილობა, არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.

8. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და სააპელაციო სასამართლოსთვის საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება, ასევე, პირველი ინსტანციის სასამართლოს 2020 წლის 30 ივნისის განჩინების გაუქმება, რომლითაც მოპასუხეთა შუამდგომლობა მოწმის დაკითხვის თაობაზე, უარყოფილი იქნა. საკასაციო საჩივრის ძირითადი პრეტენზიები დაეფუძნა შემდეგს:

8.1. სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო ის ფაქტი, რომ მფლობელობის უფლება მოპასუხეებს გადაეცათ თანხის გადახდის სანაცვლოდ, კერძოდ, კასატორთა მიერ გადაცემული თანხით, მოპასუხის აწ გარდაცვლილმა დედამ ვალდებულება შეასრულა წინა მოგირავნესთან, რომელთანაც სესხის ხელშეკრულება ჰქონდა მის აწ გარდაცვლილ შვილს დადებული. თანხის გადაცემის შემდეგ, მოპასუხეებს სარგებლობში გადაეცათ ბინა და მას შემდეგ 6 წლის განმავლობაში ფლობენ სადავო უძრავ ქონებას. შესაბამისად, მოპასუხეები არიან სადავო ქონების მართლზომიერი მფლობელები.

8.2. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა მიერ დაირღვა შეჯიბრებითობის პრინციპი. მოპასუხეებს არ მიეცათ შესაძლებლობა მოწმედ დაეკითხათ ის პირი, ვისი ვალიც იქნა გასტუმრებული მათ მიერ გადახდილი თანხით. ცხადია, რომ მოპასუხეებს არავინ მისცემდა შესაძლებლობას, სადავო საცხოვრებელ სახლში ეცხოვრათ, რომ არა მათ მიერ ამ ქონების მესაკუთრის ვალის დაფარვა.

8.3. სასამართლომ უსაფუძვლოდ უგულებელყო სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენლის აღიარება, რომ სადავო ქონება მოპასუხეებს ე.წ. „გირავნობით“ გადაეცათ.

8.4. მოპასუხეებისათვის 6 წლის განმავლობაში არავის მოუთხოვია უძრავი ქონების გამოთავისუფლება და ამ უკანასკნელთათვის არც ქირის თანხა მოუთხოვია ვინმეს.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

10. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

12. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის შეფასების საგანია იმყოფებიან თუ არა მხარეები სესხისა და საცხოვრებელი ბინით სარგებლობის შესახებ სახელშეკრულებო ურთიერთობაში და აღნიშნულიდან გამომდინარე, მართლზომიერად ფლობენ თუ არა კასატორები სადავო საცხოვრებელ ბინას, ასევე, მოწმეთა დაკითხვაზე უარის თქმის შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს საოქმო განჩინების ძალაში დატოვების შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონიერება.

13. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მხარეებს სურთ, სახელდობრ, უძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ სარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე (მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას), 170.1 (მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას) და 172.1 (მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება) მუხლები, ხოლო თანხის დაკისრების შესახებ შეგებებული სარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი) და 626.1 (თუ ვალის დაბრუნების ვადა განსაზღვრული არ არის, მაშინ ვალი დაბრუნებულ უნდა იქნეს კრედიტორის ან მოვალის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტისას) მუხლები.

14. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და არც საკასაციო საჩივრით არის სადავოდ გამხდარი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

14.1. თავდაპირველმა მოსარჩელემ - ხ.გ–იამ, 2016 წლის 03 მაისის №160454317 სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, დედისგან - აწ გარდაცვლილი ზ.დ–იასგან მემკვიდრეობით მიიღო და საკუთრებაში აღირიცხა ქ. თბილისში, ……… მდებარე №12 ბინა, ს/კ-ით ……...

14.2. სადავო უძრავ ქონებაში ცხოვრობენ კასატორები.

14.3. კასატორებამდე, სადავო უძრავ ქონებას ფლობდა მ.ღ–ძე.

14.4. მ.ღ–ძე სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებოდა მოსარჩელის ძმასთან და ამავე დროს თავდაპირველი მესაკუთრის - ზ.დ–იას შვილთან, აწ გარდაცვლილ ბ.გ–ასთან, რომელმაც სესხის სარგებლის სახით სადავო ბინა მფლობელობაში გადასცა გამსესხებელს.

14.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 სექტემბრის საოქმო განჩინებით შეგებებული სარჩელის ავტორებს უარი ეთქვათ მოწმის სახით ნ.წ-გ–ას, გ.წ–ას, ი.წ–ძის, მ.ღ–ძის, რ.წ–ასა და თეა წულაიას დაკითხვის თაობაზე იმ საფუძვლით, რომ მოწმის ჩვენება არ წარმოადგენს დავის გადაწყვეტისათვის რელევანტურ მტკიცებულებას.

15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის. საქმე ხელახლა განსახილველად შეიძლება დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს იმავე ან სხვა შემადგენლობას.

16. განსახილველ შემთხვევაში, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლომ, ისე - სააპელაციო სასამართლომ, უსაფუძვლოდ მიიჩნია მოწმეთა დაკითხვის შესახებ მოპასუხეთა შუამდგომლობა იმაზე მითითებით, რომ დავის საგნის გათვალისწინებით, მოწმეთა ჩვენებებს მნიშვნელობა არ ჰქონდა საქმისთვის, რასაც არ იზიარებს საკასაციო პალატა.

სასესხო ურთიერთობების სამართლებრივი თავისებურებებიდან გამომდინარე, ზეპირი ფორმით სასესხო ვალდებულების შესრულების ნამდვილობისათვის არ არის საკმარისი მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები. მოწმეთა ჩვენებებთან ერთად აუცილებელია ისეთი მტკიცებულების არსებობა, რაც ერთობლივად მაღალი ალბათობით დაადასტურებს სადავო ფაქტს (მაგალითად, უშუალოდ კრედიტორის წერილი, თუნდაც მესამე პირისადმი მიმართული, რომელშიც მითითებულია ინფორმაცია ვალდებულების შესრულების თაობაზე, ან/და კრედიტორის მოქმედებები, რომლებიც მიუთითებენ ვალდებულების მიღებაზე და სხვა). ამდენად, სასესხო ვალდებულებების შესრულების თაობაზე წერილობითი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლი) მოწმეების ჩვენება დასაშვებია მხოლოდ სხვა მტკიცებულებებთან ერთად. ეს თავისებურება განპირობებულია მატერიალურ-სამართლებრივი წესით, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება, გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც.

ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. ამდენად, სასესხო ურთიერთობებში კანონი „არ ენდობა“ მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებს (ამ შემთხვევაში მოწმის ჩვენების, როგორც არაპირდაპირი (ინდიციური) მტკიცებულების შეფასება, ემპირიული წესების საფუძველზე ხორციელდება სხვა მტკიცებულებთან შეფასების გზით). აქედან გამომდინარე, კანონი მიუთითებს არა მხოლოდ გამსესხებლის უფლებაზე, არამედ - „ხელშეკრულების ნამდვილობაზე“, რაც მოიცავს როგორც გამსესხებლის უფლებას, ასევე, მსესხებლის ვალდებულებას (ხელშეკრულების რეალური ბუნებიდან გამომდინარე გამსესხებლის მიერ სესხის ხელშეკრულების საგნის მსესხებელზე საკუთრებაში გადაცემის და შემდეგ მისი მიღების ფაქტის დადგენა ემორჩილება ერთსა და იმავე წესს), შესაბამისად, მითითებული დანაწესის მიზნებიდან გამომდინარე, სასესხო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ზეპირი ფორმით ვალდებულების შესრულების შემთხვევაში, მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით“ (იხ. ს.უ.ს.გ. №ას-872-830-2013, 17 ოქტომბერი, 2014 წელი).

ამდენად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მართალია ზეპირი სესხის ხელშეკრულების დროს, მისი ნამდვილობა და, შესაბამისად, სესხის გადაცემაც არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით, თუმცა აღნიშნული არ შეიძლება გაგებული იქნას იმგვარად, რომ მოწმეთა ჩვენებებს ზეპირი სასესხო ურთიერთობის დასადგენად საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნიათ, მით უფრო მაშინ, როდესაც, კონკრეტული გარემოების დასამტკიცებლად მხარე მიუთითებს სხვა მტკიცებულებებზეც.

ამ კუთხით, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სადავო ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად, შეგებებული სარჩელის ავტორები გარდა მოწმეთა ჩვენებებისა, მიუთითებენ თავდაპირველი მოსარჩელის საპროცესო აღიარებაზეც. საქმეში წარმოდგენილია მ.ღ–ძესთან სანოტარო წესით გაფორმებული სესხის ხელშეკრულება 9000 ა.შ.შ. დოლარზე 2013 წლის 22 სექტემბრის ჩათვლით (#111017850. 22.09.2011). 2020 წლის 30 სექტემბრის სხდომის ოქმის მიხედვით, თავად მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ ბ.გ–ა პატრონობდა დედის _ ზ.დ–ას საკუთრებად აღრიცხულ ბინას და მან დაუთმო ბინა ჯერ მ.ღ–ძეს საცხოვრებლად სესხის სანაცვლოდ, ხოლო შემდეგ მოპასუხეებს. მ.ღ–ძის მიერ ბინის ფლობის შესახებ მესაკუთრე ზ.დ–თვის ცნობილი იყო. მხარეთა განმარტების მიხედვით, მ.ღ–ძემ დაიბრუნა სესხის თანხა, რის შემდეგაც ბინა გადავიდა მოპასუხეთა მფლობელობაში. ბინაზე მფლობელობის შეწყვეტის სანაცვლოდ მ.ღ–ძისათვის სესხის თანხა არც მოსარჩელეს, არც ბინის ყოფილ მესაკუთრეს (დედას) და არც მოსარჩელის ძმას _ ბ.გ–ას არ გადაუხდია.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, შეგებებული სარჩელის ავტორები შინაარსობრივად აპელირებდნენ მათსა და სადავო უძრავი ნივთის პირვანდელ მესაკუთრეს შორის არა მარტივი ფორმის ზეპირი სესხის ხელშეკრულების დადებაზე, არამედ - მათი მხრიდან ბინით სარგებლობის სამართალურთიერთობაში პირვანდელი გამსესხებლის _ მ.ღ–ძის ჩანაცვლებაზე. აღნიშნული სამართალურთიერთობის დასამტკიცებლად კი, სამოქალაქო კოდექსი სპეციალური მტკიცებულების არსებობას არ ითხოვს.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოწმეთა ჩვენებებს (მათ შორის უშუალოდ მ.ღ–ძის ჩვენებას) სადავო გარემოებების დასადგენად, არსებითი მნიშვნელობა გააჩნიათ და ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მხრიდან შეგებებული სარჩელის ავტორებს უსაფუძვლოდ ეთქვათ უარი მოწმეთა დაკითხვის შუამდგომლობაზე.

იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს განსახილველ საქმეზე შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების გათვალისწინებით, სრულად არ გამოუკვლევია მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, საკასაციო პალატა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას, თვითონ მიიღოს საქმეზე გადაწყვეტილება. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, რომელმაც საკასაციო პალატის წინამდებარე განჩინებაში მოცემული მსჯელობების შესაბამისად, თავიდან უნდა შეაფასოს მოწმეთა დაკითხვაზე უარის თქმის შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს საოქმო განჩინების კანონიერება და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და ერთობლივი შეფასების საფუძველზე მიიღოს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება.

17. ვინაიდან საკასაციო პალატის წინამდებარე განჩინებით საქმის წარმოება არ დასრულებულა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მეოთხე ნაწილის შესაბამისად, ხარჯების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.ვ–იას და ნ.კ–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 02 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები : გიორგი მიქაუტაძე

ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე