Facebook Twitter

ბს-904-34-გ-04 22 ოქტომბერი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

ნ. ქადაგიძე,

გ. ქაჯაია

საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიასა და ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს შორის განსჯადობის შესახებ დავა გ. ნ-ის სარჩელთან დაკავშირებით შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004წ. 14 მაისის ¹23/კს ბრძანების არაკანონიერად ცნობის თაობაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

2004წ. 11 ივნისს გ. ნ-ემ დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს მოპასუხე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ, რომლის საფუძველზეც მოითხოვა: შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004წ. 14 მაისის ¹23/კს ბრძანებისა და ამავე სამინისტროს 2004წ. 24 მაისის ¹118/ო ბრძანების ¹8 დანართის არაკანონიერად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 28 ივნისის განჩინებით მოსარჩელე გ. ნ-ის დაზუსტებული სარჩელი 2004წ. 24 მაისის ¹118/ო ბრძანების არაკანონიერად ცნობის, სამუშაოზე აღდგენის, განაცდურისა და ხელფასის ანაზღაურების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში, ხოლო მოსარჩელის მოთხოვნა 2004წ. 14 მაისის ¹23კს ბრძანების არაკანონიერად ცნობის თაობაზე, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგასახადო საქმეთა კოლეგიამ იმ მოტივით, რომ გასაჩივრებული ბრძანება გამომდინარეობდა ადმინისტრაციული გარიგებიდან, რომლის ფასიც არ აღემატებოდა 500000 ლარს, მიიჩნია, რომ დავა არ წარმოადგენდა მის ქვემდებარეს და 2004წ. 12 აგვისტოს ¹3ა/379-2004 განჩინებით, სასამართლოებს შორის განსჯადობის თაობაზე დავის გადაწყვეტის მიზნით, საქმე გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოსა და თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას შორის განსჯადობის თაობაზე წარმოშობილი დავის შესწავლის საფუძველზე მიიჩნევს, რომ საქმე განსჯადობის წესის დაცვით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 28 ივნისის განჩინებით მოსარჩელე გ. ნ-ის დაზუსტებული სარჩელი 2004წ. 24 მაისის ¹118/ო ბრძანების არაკანონიერად ცნობის, სამუშაოზე აღდგენის, განაცდურისა და ხელფასის ანაზღაურების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში. ხოლო მოსარჩელის მოთხოვნა 2004წ. 14 მაისის ¹23კს ბრძანების არაკანონიერად ცნობის თაობაზე, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას.

როგორც საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტით დასტურდება, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004წ. 14 მაისის ¹23/კს ბრძანებით მოსარჩელე გ. ნ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ ზემოაღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს მინისტრის ბრძანებას, მიმართულია ადმინისტრაციასა და თანამშრომელს შორის შრომითი ურთიერთობის, ე.ი ადმინისტრაციული გარიგების შეწყვეტისაკენ.

საკასაციო სასამართლო იზიარებს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის მსჯელობას და ადასტურებს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის I ნაწილის "დ" პუნქტის შესაბამისად, საოლქო სასამართლოები პირველი ინსტანციით განიხილავენ სარჩელს ადმინისტრაციული გარიგების დადების ან შესრულების, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ზიანის ანაზღაურების თაობაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სარჩელის ფასი აღემატება 500 000 ლარს.

იმის გათვალისწინებით, რომ სადავო ბრძანება არ განეკუთვნება ზემოაღნიშნული მუხლით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ გარიგებათა კატეგორიას, საკასაციო სასამართლო იზიარებს საოლქო სასამართლოს მსჯელობას და თვლის, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლისა და სსკ-ის მე-15 მუხლის შესაბამისად, დავა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004წ. 14 მაისის ¹23/კს ბრძანების არაკანონიერად ცნობის თაობაზე განსახილველად ექვემდებარება თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს, მით უფრო, რომ ზემოაღნიშნული ბრძანების კანონიერების შემოწმების გარეშე რაიონული სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს სამსახურში აღდგენის საფუძვლებზე.

რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004წ. 24 მაისის ¹118/ო ბრძანების ¹8 დანართის არაკანონიერად ცნობის თაობაზე, იმის გათვალისწინებით, რომ საკასაციო სასამართლოში მითითებულის თაობაზე დავა არ არსებობს, საკასაციო სასამართლო მოკლებულია აღნიშნულზე მსჯელობის პროცესუალურ შესაძლებლობას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. ნ-ის სარჩელი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004წ. 14 მაისის ¹23/კს ბრძანების არაკანონიერად ცნობის თაობაზე განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.