Facebook Twitter

საქმე №ას-565-2024 31 მაისი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - გ.ნ–ია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები - ლ.ქ–ია, ე.თ–ია (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებით, გ.ნ–იას (შემდგომ - მოსარჩელე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი ლ.ქ–იას (შემდგომ - პირველი მოპასუხე, პირველი მოწინააღმდეგე მხარე) და ე.თ–იას (შემდგომ - მეორე მოპასუხე, მეორე მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და საკუთრების გადაცემის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მოსარჩელემ გაასაჩივრა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. მოსარჩელემ ასევე იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 თებერვლის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.

4. სასამართლომ მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად. აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის განჩინება კანონით დადგენილი წესით ჩაჰბარდა, თუმცა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია.

5. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 59-ე-61-ე მუხლების, 63-ე-65-ე, 372-ე, 373-ე და 374-ე მუხლებისა და იმავე კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო.

6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება აპელანტმა კერძო საჩივრით გაასაჩივრა და განჩინების გაუქმება მოითხოვა.

7. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, დიაბეტით დაავადებული, ხანდაზმული ქალბატონია, რომლის ერთადერთი შემოსავალი პენსიაა. ჰყავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილი, რომელიც მასთან ცხოვრობს. საკუთრებაში აღარ აქვს რაიმე სახის უძრავი ქონება, პენსიის გარდა სხვა შემოსავალი არ გააჩნია. პირველი ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის თანხის შეგროვება ძლივს შეძლო, ხოლო ამჟამად მატერიალური და ჯანმრთელობის პრობლემების გამო სახელმწიფო ბაჟის თანხის შეგროვება ვეღარ მოახერხა. კერძო საჩივრის ავტორი ითხოვს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებას, რათა ისარგებლოს სამართლიანი სასამართლოს უფლებით.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 13 მაისის განჩინებით, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

9. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

10. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება.

11. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება და, იმავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, დარჩება განუხილველად დაუშვებლობის გამო. ნორმიდან გამომდინარე, თუ სააპელაციო საჩივარი ხარვეზიანია, სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც ხარვეზის შევსების მიზნით უნდა განხორციელდეს და აპელანტს დაუნიშნავს ვადას, რომლის განმავლობაშიც ის ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში მითითებული მოქმედებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველად.

12. გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში.

13. საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად და აპელანტს დაევალა განჩინების ასლის გადაცემიდან 10 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში წარედგინა: საქართველოს იუსტიციის უმღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშის შესაბამისი სრულყოფილად შევსებული დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი (სადაც მითითებული იქნება თუ რაში მდგომარეობს გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი უსწორობა, ასევე, სააპელაციო საჩივრის ფასი და სახელმწიფო ბაჟის ოდენობა) იმდენი ასლის დართვით, რამდენი მონაწილეც არის საქმეში; სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით სახელმწიფო ბაჟის თანხა; ნაბეჭდი სახით შედგენილი სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია CD დისკის სახით.

14. საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეში არსებულ მასალებზე, რომლითაც დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 19 ოქტომბრის განჩინება აპელანტს ჩაჰბარდა პირადად, კანონით დადგენილი წესით 2023 წლის 24 ნოემბერს, რაც შესაბამისი საპროცესო ვადის ათვლის საფუძველია.

15. სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

16. ამავე კოდექსის 61-ე-63-ე მუხლების მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება, შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო საჩივარი ან საბუთები, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი მოქმედების შესრულების უფლებას.

17. საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ აპელანტთათვის ხარვეზის გამოსწორების 10-დღიანი ვადის ათვლა 2023 წლის 25 ნოემბერს დაიწყო (შეტყობინების ჩაბარების მეორე დღე) და 2023 წლის 4 დეკემბერს ამოიწურა, მართებულად მიიჩნევს.

18. პალატის შეფასებით, აპელანტს გონივრული ვადა 10 დღე მიეცა ხარვეზის გამოსასწორებლად, თუმცა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ გამოუსწორებია და არც საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ ან რაიმე სხვა სახის (საპროცესო ვადის აღგენის) შუამდგომლობით არ მიუმართავს სააპელაციო პალატისათვის, რამაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება განაპირობა.

19. კერძო საჩივრის ავტორთა მტკიცებით, მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე სახელმწიფო ბაჟის გადახდა ვერ შეძლო, რაც სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებისა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველია.

20. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია და კერძო საჩივრის ავტორიც არ ხდის სადავოდ, რომ მას სასამართლოსათვის ხარვეზის გამოსწორების მიზნით არ მიუმართავს და არც სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება ან გადავადება არ მოუთხოვიათ. ამასთან, სააპელაციო სასამართლოში რაიმე შუამდგომლობა ხარვეზის გამოსწორებისათვის სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გაგრძელების ან გაშვეული ვადის საპატიოდ მიჩნევის ან აღდგენის მოთხოვნით წარდგენილი არ ყოფილა. პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ კერძო საჩივარს არ ერთვის საპროცესო ვადის საპატიო მიზეზით დარღვევის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულებაც და არც მასში არ არის ახსნილი, თუ რამ განაპირობა სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის დარღვევა.

21. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება ქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის მიხედვით შეასრულოს დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი მოქმედების შესრულების უფლებას. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის შესაბამისად კი, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა კი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით.

22. პალატა განმარტავს, რომ ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება არის უფლების შეზღუდვის ლეგიტიმური საფუძველი, რამდენადაც იგი პირდაპირაა რეგულირებული სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილით და ემსახურება კიდეც სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების მიზანს. საკასაციო პალატა, წინამდებარე განჩინების 18-ე პუნქტში მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული ზომა - ხარვეზის შეუვსებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება, კანონიერია და კერძო საჩივრის ავტორს არ მიუთითებია გარემოებები რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი შეიძლება გამხდარიყო.

23. საკასაციო პალატა სსსკ-ის 48-ე მუხლის პირველი ნაწილზე (სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს) მითითებით ასევე დამატებით განმარტავს, რომ საქმეში არ ყოფილა წარდგენილი მტკიცებულებები იმის თაობაზეც, რომ აპელანტს სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესაძლებლობა ობიექტურად არ გააჩნდა. მოპასუხეს სააპელაციო სასამართლოსათვის არ წარუდგენია მძიმე მატერიალური მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც შესაძლოა გამხდარიყო სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძველი. ამასთან, აპელანტს სახელმწიფო ბაჟის გადაუხდებლობის გარდა, სხვა საფუძველბითაც ჰქონდა ხარვეზი დადგენილი, რა ნაწილშიც ასევე არ შეუვსია ხარვეზი და არც მისი ვადაში შეუვსებლობის საპატიო მიზეზზე მიუთითებია.

24. საკასაციო სასამართლო არაერთ განჩინებაში უთითებს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული, შესაბამისად, სსსკ-ის 374-ე მუხლი ითვალისწინებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებას, რაც სასამართლოს ვალდებულებაა. სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას, სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი თითოეული პირის უფლებას ემსახურება, განხილულ იქნეს მისი პრეტენზია, საამისოდ კი, საპროცესო კოდექსითვე დადგენილია ის მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს სააპელაციო საჩივარი (სუსგ-ები: №ას-1025-986-2016, 13.01.2017წ; №ას-851-817-2016, 04.11.2011წ.). საპროცესო კოდექსითვე დადგენილია საჩივარზე ხარვეზის დადგენისა და სასამართლოს განსაზღვრული ვადის დაცვით მხარის მიერ მისი აღმოფხვრის წესი და წინაპირობები.

25. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, როგორც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი ნაწილით, ისე - „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული უფლების სასამართლო წესით დაცვის პრინციპი (რომელიც სამართლიანი სასამართლოს უფლების შინაარსიდან გამომდინარეობს) არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება შეზღუდვას, უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა გამართლებულია, თუკი იგი ლეგიტიმურ, კანონის მიზანს ემსახურება, ამ შემთხვევაში, ჩარევის ლეგიტიმური საფუძველი სწორედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლია, რომლის დარღვევის გამო სამართლებრივ შედეგს ამავე მუხლის მე-5 ნაწილი ითვალისწინებს. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ „არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, “სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება, დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება ,,თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე’’ (იხ. Golder judgment, p. 19, para. 38, quoting the "Belgian Linguistic" judgment of 23 July 1968, Series A no. 6, p. 32, para. 5).

26. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, მათ შორის, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სსსკ-ის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას (სსსკ-ის 38-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, 39.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, 52-ე მუხლი) და გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს თავად სააპელაციო საჩივარს ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით (სსსკ-ის 372-ე, 177.3-ე და 368.1-ე მუხლები), რომელთა შესრულება სავალდებულოა აპელანტისათვის. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებსა და სასამართლოს მითითებებს, იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მიიღებს უარყოფით საპროცესო შედეგს, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სსსკ-ის 59-ე, 63-ე, 368.5, 374.1 მუხლები).

27. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტს დაუდგინდა ვადა სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობისათვის, თავის მხრივ, მან არ გამოასწორა სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი, შესაბამისად, ჩარევის ლეგიტიმურ საფუძველს სწორედ სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი წარმოადგენდა, შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების შეფასებებსა და დასკვნებს და მიიჩნევს, რომ იგი სსსკ-ის 368-ე მუხლის სწორ გამოყენება-განმარტებას ემყარება, რის წინააღმდეგაც კერძო საჩივრის ავტორს არ მიუთითებია ამავე კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული დასაბუთებული პრეტენზია, რაც ამ განჩინების გაუქმებაზე უარის თქმის საფუძველია.

28. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

29. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ.ნ–იას კერძო საჩივრი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე