საქმე №ას-76-2024 22 მაისი, 2024 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე
პირველი კასატორი - ი.ჯ–ი (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)
მეორე კასატორი - პ.ჯ–ი, გ.ჯ–ი, (აპელანტი, მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება
პირველი საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
მეორე საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, უძრავი ქონების თანამესაკუთრედ ცნობა, საწარმოს წილების თანამესაკუთრედ ცნობა, თანაცხოვრების პერიოდში აღებული ვალების გაყოფა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. პ.ჯ–ი (შემდეგში: მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე, მეორე აპელანტი, მეორე კასატორი) და ი.ჯ–ი (შემდეგში: მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე, პირველი აპელანტი, პირველი კასატორი) 1989 წლის 10 ივნისიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. უთანხმოების გამო მხარეთა ოჯახური თანაცხოვრება ვერ შედგა და 2019 წლის სექტემბრის თვიდან ცხოვრობენ ცალკ-ცალკე.
2. მხარეებს ჰყავთ საერთო შვილები - 1994 წლის 30 აგვისტოს დაბადებული გ.ჯ–ი (მოპასუხე) და 1991 წლის 17 მაისს დაბადებული გ.ჯ–ი.
3. უძრავი ნივთები, რომლებიც საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო პ.ჯ–ის სახელზე, 2019 წლის 19 სექტემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ერთდროულად გასხვისდა დ.ჩ–ზე. დ.ჩ–ზე გასხვისებული უძრავი ქონებებია: 1. კასპის რაიონი, სოფელი ......., 10 642 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ს./კ. .......; 2. კასპის რაიონი, სოფელი ......., 11 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთის, ს.კ. .........; 3. კასპის რაიონი, სოფელი ......., 7 808 კვ.მ. მიწის ნაკვეთის, ს./კ. .........; 4. კასპის რაიონი, სოფელი ......., 10 717 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთის, ს./კ. .......; 5. კასპის რაიონი, სოფელი ......., 10 400 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთის, ს./კ. ........; 6. კასპის რაიონი, სოფელი ......., 11 800 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთის, ს./კ. ......; 7. კასპის რაიონი, სოფელი ......., 8 200 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთი, ს./კ. .........
4. ზემოაღნიშნული უძრავი ქონებები პ.ჯ–ის სახელზე საჯარო რეესტრში აღირიცხა რეგისტრირებულ მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში 2015 და 2016 წლებში.
5. მოპასუხეებს - დ.ჩ–სა და პ.ჯ–ს შორის იყო ახლო მეგობრული ურთიერთობა, ასევე მათ ჰქონდათ საერთო საქმიანობა.
6. პ.ჯ–ის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ნივთი, მდებარე: - ქ. თბილისი, ......., საკადასტრო კოდი: ........, 2019 წლის 11 სექტემბრის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლებით აღირიცხა - გ.ჯ–ის სახელზე.
7. მითითებული უძრავი ქონება პ.ჯ–ის სახელზე საჯარო რეესტრი რეგისტრირებული იყო ასევე მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში 2015 წლის 21 მაისს.
8. 2019 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილებით პ.ჯ–მა თავის საკუთრებაში არსებული წილი 50% შპს „Y. C.“-შ უსასყიდლოდ საკუთრებაში გადასცა გ.ჯ–ს.
9. 2019 წლის 05 სექტემბრის მდგომარეობით, შპს „Y.C“-ის (ს/კ ....., რეგისტრაციის თარიღი: 29.11.2012) - 50% წილის მესაკუთრედ რეგისტრირებული იყო - პ.ჯ–ი, ხოლო 50% წილის მესაკუთრედ - დ.ჩ–ი.
10. 2013 წლის 08 ოქტომბრის ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან დგინდება, რომ შპს „ც.ჰ–ი“ ს/კ N...... 50% წილის მესაკუთრედ რეგისტრირებული იყო პ.ჯ–ი და 50% წილის მესაკუთრედ კი - დ.ჩ–ი, ხელმძღვანელობა/ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირად - დირექტორად მითითებული იყო გ.მ–ი.
11. 2019 წლის 13 ნოემბრის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ გ.ჯ–ის სახელზე რეგისტრირებულია უძრავი ქონება მდებარე ქ.თბილისი, ......., ბინა N51 (მშენებარე).
12. 2017 წლის 06 იანვრის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ გ.ჯ–ის სახელზე რეგისტრირებულია უძრავი ქონება მდებარე ქ.თბილისი, ...... (მშენებარე), ს/კ N........
13. 2015-2018 წლების ამონაწერებით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ მითითებულ პერიოდში მოპასუხე პ.ჯ–ის სახელზე რეგისტრირებული იყო რამდენიმე უძრავი ქონება.
14. სსიპ შემოსავლების სამსახურიდან წარმოდგენილი ცნობით დგინდება, რომ 2014 წლიდან დღემდე მოსარჩელე ი.ჯ–ის სახელზე მიღებული შემოსავალი შეადგენს 0 ლარს, ხოლო სსიპ მომსახურების სააგენტოდან მიღებული ცნობით დგინდება, რომ მოსარჩელის სახელზე სატრანსპორტო საშუალება რეგისტრირებული არ არის.
15. 2017 წლის 05 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულების თანახმად, პ.ჯ–ის მიერ ზ.ჭ–გან სესხის სახით მიღებული ჰქონდა 5 000 აშშ დოლარი, რომელიც ესაჭიროება მისი შვილის გ.ჯ–ის მკურნალობისათვის. აღნიშნული ვალდებულება უნდა შესრულებულიყო 2021 წლის 31 დეკე,ბარმდე პერიოდში.
16. 2019 წლის 05 მარტს გაფორმებული ვალის აღიარების ხელშეკრულების თანახმად, პ.ჯ–ი და დ.ჩ–ი შეთანხმდნენ, რომ პ.ჯ–ის მიერ დ.ჩ–ის მიმართ ვალი არის ჯამურად 46 000 ლარი, რომელიც წარმოიშვა 2017 წლის სექტემბრიდან ეტაპობრივად, მას შემდეგ რაც პ.ჯ–ის შვილს გ.ჯ–ს დაუდგინდა მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა, კერძოდ, „ტელფობლასტური ლიმფომა/ლეიკემია“, რომლის რეაბილიტაციისათვის საჭირო იყო დიდი ოდენობის თანხები. მხარეთა შეთანხმებით თანხის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ეტაპობრივად 2022 წლის 31 დეკემბრამდე.
17. 2019 წლის 20 სექტემბრის შეთანხმებით, დ.ჩ–ის მიმართ პ.ჯ–ის დავალიანება დარჩენილი იყო 35 430 ლარის ოდენობით, რომლის გადახდაც უნდა განხორციელებულიყო ეტაპობრივად 2022 წლის 31 დეკემბერამდე.
18. 2019 წლის 19 დეკემბრის სანოტარო წესით დადებული ვალის აღიარების ხელშეკრულების თანახმად, პ.ჯ–ს ჰქონდა მ.ო–ვას მიმართ შესასრულებელი ვალდებულება, რომელიც წარმოიშვა 2017 წლის 20 ივნისს და ვალის თანხა შეადგენდა 43 550 ლარს, რომელიც იყო უპროცენტო. ვალდებულების შესრულება უნდა მომხდარიყო ეტაპობრივად 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში.
19. საქმეში წარმოდგენილია 2020 წლის 25 მაისის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე, რომლის მიხედვითაც ი.ჯ–ის განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და გ.ჯ–ს დაევალა არ შეეშალა ხელი ი.ჯ–ისთვის ქ.თბილისში, .......... მდებარე საცხოვრებელი სახლით სარგებლობაში, კერძოდ, არ შეეზღუდა, არ წაერთვა ამ საცხოვრებელი სახლით სარგებლობისა და სახლში ცხოვრების უფლება.
20. ი.ჯ–ის და პ.ჯ–ის შვილს, მოპასუხე გ.ჯ–ს 2017 წლის 20 ივნისს უფიქსირდებოდა, Cc91.5 მოზრდილთა T- უჯრედული ლიმფომა/ლეიკემია, მე-4 სტადიის, ძვლის ტვინის, თეძოს ძვლის და შუასაყდრის დაზიანებით. ავადმყოფობის მიმდინარეობა შეფასდა - დინამიკაში პროგრესირებადი სტატუსით. რეკომენდაციის თანახმად, ვინაიდან არაჰოჯკინის T- უჯრედული ლიმფომა/ლეიკემია საჭიროების შემთხვევაში მოიაზრებს ალოგენური ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციას, დაავადების მიმდინარეობისა და მკურნალობის შემდგომი ტაქტიკის განსაზღვრის მიზნით აუცილებელია ჩატარდეს საკონტროლო ლაბორატორიული კვლევები თურქეთში, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრში, კლინიკა „ACIBADEM“-ში: პოზიტიურ ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფია, სისხლის ლაბორატორიული კვლევები, ონკო/ჰემატოლოგის კონსულტაცია.
21. გ.ჯ–ი 2017- 2018 და 2019 წლებში რამდენიმეჯერ გაემგზავრა თურქეთის რესპუბლიკაში, შესაბამისად, ფიქსირდება სახელმწიფო საზღვრის კვეთა. ასევე, „ACIBADEM”-ში ფიქსირდება კვლევისა და მკურნალობის ხარჯთაღრიცხვა (გაცემული გ.ჯ–ის სახელზე) – 2017 წლის 14 ივნისისათვის 1000 და 474.82 აშშ დოლარის ოდენობით, 2017 წლის 16 ივნისისათვის 2 854.79 და 5 727.33 აშშ დოლარის ოდენობით. გ.ჯ–ის სახელზე გაცემულია ანგარიშფაქტურები 2017 წლის 29 ივლისს, გადასახდელმა თანხამ შეადგინა 21 830.74 თურქული ლირა, 2017 წლის 16 ივნისისთვის 10 000 და 3 516.90 თურქული ლირა, 2018 წლის 20 თებერვალს - 2 310.69 თურქული ლირა, 2019 წლის 17 ივლისს - 5 702.70 თურქული ლირა.
22. საქმეში წარმოდგენილი გ.ჯ–ის მიერ განხორციელებული თანხების შეტანა მამის - პ.ჯ–ისა და შპს „Y.C”-ს ანგარიშზე (ტ.1, ს.ფ. 490-499, ტ.2, ს/.ფ. 116-117) არ ადასტურებს მამა-შვილს შორის არსებული გარიგების ნამდვილობას, მით უმეტეს, რომ სასამართლოსთვის უცნობია გადარიცხვებში მითითებული თანხების წარმომავლობა. ამასთან, ტ.2, ს.ფ. 116 დგინდება, რომ პ.ჯ–ის მიერ არის შეტანილი შპს „Y.C”-ის ანგარიშზე, თუმცა დანიშნულებაში მითითებულია „დამფუძნებლის შენატანი გ.ჯ–ი“. აღნიშნულით დგინდება, რომ მამის მიერ მოხდა შპს ანგარიშზე თანხის შეტანა შვილის სახელით. ამასთან, ტ.1, ს.ფ. 526 არსებული სალაროს შემოსავლის ორდერი არ ადასტურებს მხარის მიერ მითითებულ გარემოებას, რომ დ.ჩ–ის მიერ მოხდა მისი ავტომობილის ლომბარდში ჩადება და აღებული თანხის პ.ჯ–ზე გადაცემა, რადგან წარმოდგენილი დოკუმენტით დასტურდება, რომ „გადამხდელად“ დაფიქსირებულია პ.ჯ–ი, ხოლო „მიმღებად“ კი - შპს „Y.C.“, ხოლო „დანიშნულებაში“ კი დაფიქსირებულია - „თანხის შეტანა“. ამდენად, წარმოდგენილი სალაროს შემოსავლის ორდერით არ დასტურდება მოპასუხე მხარის მიერ მითითებული გარემოება, რომ დ.ჩ–ის მიერ მოხდა თანხის გადაცემა პ.ჯ–ზე, რადგან საერთოდ არ ფიგურერებს მითითებულ ორდერში დ.ჩ–ი.
23. სასარჩელო მოთხოვნა და საფუძვლები
ი.ჯ–ის სარჩელი პ.ჯ–ისა და გ.ჯ–ის მიმართ წარდგენილია შემდეგი სახის მოთხოვნებით: ბათილად იქნეს ცნობილი მოპასუხეებს - პ.ჯ–სა და გ.ჯ–ს შორის 2019 წლის 11 სექტემბერს დადებული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება ნაწილობრივ, კერძოდ, უძრავი ნივთის - თბილისი, ......., ს./კ. ........ - 1/2 ნაწილში; ი.ჯ–ი ცნობილი იქნეს, უძრავი ნივთის - თბილისი, ........, ს./კ. ......... – 1/2 ნაწილის მესაკუთრედ. სასამართლომ ბათილად ცნოს მოპასუხეებს - პ.ჯ–სა და გ.ჯ–ს შორის 2019 წლის 11 სექტემბერს დადებული გარიგება/ხელშეკრულება შპს „Y. C“-ში, ს./ნ. ......., 50%-იანი წილის გ.ჯ–ისთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ ნაწილობრივ, კერძოდ, ამ 50%-იანი წილის 1/2 -ის, ანუ 25%-ის ნაწილში. ი.ჯ–ი ცნობილი იქნეს, შპს ,,Y. C”-ის, ს/ნ ...... წილის 25%-ის მესაკუთრედ. ი.ჯ–ი ცნობილი იქნეს, შპს ,,ც.ჰ–ი”-ს, ს/ნ ....... წილის 25%-ის მესაკუთრედ. სასამართლომ ბათილად ცნოს მოპასუხეებს - პ.ჯ–სა და დ.ჩ–ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, კერძოდ: 1. 2019 წლის 19 სექტემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება ნაწილობრივ, უძრავი ნივთის – კასპის რაიონი, სოფელი ......., 10 642 კვ.მ. მიწის ნაკვეთის, ს./კ. ..... – ½-ის ნაწილში. 2. 2019 წლის 19 სექტემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება ნაწილობრივ, უძრავი ნივთის - კასპის რაიონი, სოფელი ......., 11 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთის, ს.კ. ....... – ½-ის ნაწილში. 3. 2019 წლის 19 სექტემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება ნაწილობრივ, უძრავი ნივთის - კასპის რაიონი, სოფელი ......., 7 808 კვ.მ. მიწის ნაკვეთის, ს./კ. ........ - 1/2-ის ნაწილში; 4. 2019 წლის 19 სექტემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება ნაწილობრივ, უძრავი ნივთის - კასპის რაიონი, სოფელი ......., 10 717 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთის, ს./კ. ....... – ½-ის ნაწილში. 5. 2019 წლის 19 სექტემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება ნაწილობრივ, უძრავი ნივთის - კასპის რაიონი, სოფელი ......., 11 800 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთის, ს./კ. ..... – ½-ის ნაწილში. 6. 2019 წლის 19 სექტემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება ნაწილობრივ, უძრავი ნივთის - კასპის რაიონი, სოფელი ......., 11 800 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთის, ს./კ. ...... – ½-ის ნაწილში; 7. 2019 წლის 19 სექტემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება ნაწილობრივ, უძრავი ნივთის - კასპის რაიონი, სოფელი ......., 8 200 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთი, ს./კ. ....... – ½-ის ნაწილში. ი.ჯ–ი ცნობილი იქნეს: 1. უძრავი ნივთის – კასპის რაიონი, სოფელი ......., 10 642 კვ.მ. მიწის ნაკვეთის, ს./კ. ..... – ½ ნაწილის მესაკუთრედ. 2. უძრავი ნივთის - კასპის რაიონი, სოფელი ......., 11 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთის, ს.კ. ....... – ½ ნაწილის მესაკუთრედ. 3. უძრავი ნივთის - კასპის რაიონი, სოფელი ......., 7 808 კვ.მ. მიწის ნაკვეთის, ს./კ. ........ - ½ ნაწილის მესაკუთრედ; 4. უძრავი ნივთის - კასპის რაიონი, სოფელი ......., 10 717 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთის, ს./კ. ..... – ½ ნაწილის მესაკუთრედ. 5. უძრავი ნივთის - კასპის რაიონი, სოფელი ......., 11 800 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთის, ს./კ. ....... – ½ ნაწილის მესაკუთრედ.6. უძრავი ნივთის - კასპის რაიონი, სოფელი ......., 11 800 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთის, ს./კ. ....... – ½ ნაწილის მესაკუთრედ; 7. უძრავი ნივთის - კასპის რაიონი, სოფელი ......., 8 200 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთი, ს./კ. ........ – ½ ნაწილის მესაკუთრედ.
24. მოპასუხის შესაგებელი
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
25. შეგებებული სარჩელით სასარჩელო მოთხოვნა:
პ.ჯ–ისა და გ.ჯ–ის მიერ წარდგენილი შეგებებული სარჩელით მოთხოვნილია შემდეგი: პ.ჯ–სა და ი.ჯ–ს შორის შეწყდეს 1989 წლის 10 ივნისს რეგისტრირებული ქორწინება; პ.ჯ–სა და ი.ჯ–ს შორის მოხდეს თანაცხოვრების პერიოდში აღებული ვალების შუაზე გაყოფა და ი.ჯ–ს დაეკისროს 47489,50 ლარის გადახდა.
26. შეგებებული სარჩელით მოპასუხის შესაგებელი
შეგებებული სარჩელით მოპასუხემ შეგებებული სარჩელი სარჩელი არ ცნო.
27. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით ი.ჯ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა: ა) ბათილად იქნა ცნობილი - 2019 წლის 11 სექტემბრის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება - დადებული პ.ჯ–სა და გ.ჯ–ს შორის - ნაწილობრივ, კერძოდ, უძრავი ნივთის - ქ.თბილისი, ......., ს/კ ........ – ½ ნაწილში. ბ) ი.ჯ–ი - ცნობილი იქნა გ.ჯ–ის სახელზე რიცხული უძრავი ქონების - მდებარე ქ. თბილისი, ........ ქ. N38, ს/კ ....... – ½ ნაწილის მესაკუთრედ. ა) ½ ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი - პ.ჯ–სა და გ.ჯ–ს შორის 2019 წლის 11 სექტემბრის ხელშეკრულება, კერძოდ - შპს „Y.C“-ში (ს/ნ ......) პ.ჯ–ის მიერ გ.ჯ–ისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში 50% წილის გადაცემის თაობაზე. ბ) ი.ჯ–ი ცნობილი იქნა შპს “Y. C”-ში (ს/ნ .....) - 25% წილის მესაკუთრედ. ი.ჯ–ის ცნობილი იქნა შპს „ც.ჰ–ი“-ს (ს/ნ ..........) - 25 % წილის მესაკუთრედ. ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი პ.ჯ–სა და დ.ჩ–ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება ½ ნაწილში (ხელშეკრულება დადებული 2019 წლის 19 სექტემბერს უძრავ ნივთზე მდებარე - კასპის რაიონი, სოფელი ......., ს/კ ....). ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი პ.ჯ–სა და დ.ჩ–ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება ½ ნაწილში (ხელშეკრულება დადებული 2019 წლის 19 სექტემბერს უძრავ ნივთზე მდებარე - კასპის რაიონი, სოფელ ......., ს/კ .....). ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი პ.ჯ–სა და დ.ჩ–ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება ½ ნაწილში (ხელშეკრულება დადებული 2019 წლის 19 სექტემბერს უძრავ ნივთზე მდებარე - კასპის რაიონი, სოფელი ......., ს/კ ......). ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი პ.ჯ–სა და დ.ჩ–ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება ½ ნაწილში (ხელშეკრულება დადებული 2019 წლის 19 სექტემბერს უძრავ ნივთზე მდებარე - კასპის რაიონი, სოფელი ......., ს/კ ......). ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი პ.ჯ–სა და დ.ჩ–ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება ½ ნაწილში (ხელშეკრულება დადებული 2019 წლის 19 სექტემბერს უძრავ ნივთზე მდებარე - კასპის რაიონი, სოფელი ......., ს/კ .....). ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი პ.ჯ–სა და დ.ჩ–ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება ½ ნაწილში (ხელშეკრულება დადებული 2019 წლის 19 სექტემბერს უძრავ ნივთზე მდებარე - კასპის რაიონი, სოფელი ......., ს/კ .....). ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი პ.ჯ–სა და დ.ჩ–ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება ½ ნაწილში (ხელშეკრულება დადებული 2019 წლის 19 სექტემბერს უძრავ ნივთზე მდებარე - კასპის რაიონი, სოფელი ......., ს/კ ......). ი.ჯ–ი ცნობილი იქნეს მესაკუთრედ ½ ნაწილში შემდეგ უძრავ ქონებებზე: ა) კასპის რაიონი, სოფელი ......., ს/კ ....... ბ) კასპის რაიონი, სოფელი ......., ს/კ ........... გ) კასპის რაიონი, სოფელი ......., ს/კ ........... დ) კასპის რაიონი, სოფელი ......., ს/კ ....... ე) კასპის რაიონი, სოფელი ......., ს/კ ........ ვ) კასპის რაიონი, სოფელი ......., ს/კ ............ ზ) კასპის რაიონი, სოფელი ......., ს/კ ........ პ.ჯ–ის შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: შეწყდა ქორწინება პ.ჯ–სა (პ/ნ .......) და ი.ჯ–ს (პ/ნ ......) შორის რეგისტრირებული 1989 წლის 10 ივნისს. გაუქმდა ქორწინების საქტო ჩანაწერი N 1103. ი.ჯ–ს პ.ჯ–ის სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ თანაცხოვრების პერიოდში აღებული ვალების გადახდა - 25 714,5 (ოცდახუთი ათას შვიდას თოთხმეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარის ოდენობით.
28. მოპასუხეების სააპელაციო მოთხოვნა
ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა როგორც დ.ჩ–მა, ისე პ.ჯ–მა და გ.ჯ–მა, რომლებმაც მოითხოვეს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.
29. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით პ.ჯ–ისა და გ.ჯ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; დ.ჩ–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება 1.4-ე, 1.5-ე, 1.6-ე, 1.7-ე, 1.8-ე, 1.9-ე, 1.10-ე, 1.11-ე პუნქტებში და მოსარჩელე ი.ჯ–ს უარი ეთქვა მოპასუხეებს - პ.ჯ–სა და დ.ჩ–ს შორის 2019 წლის 19 სექტემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებების (უძრავი ქონების ½ ნაწილში) ბათილად ცნობის თაობაზე; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილების 4.1. პუნქტი, დანარჩენ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩეს ძალაში.
30. მოსარჩელის საკასაციო მოთხოვნა
30.1. ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა მხოლოდ იმ ნაწილში, რომლის დაკმაყოფილების ნაწილიც გააუქმა სააპელაციო პალატამ.
30.2. კასპის რაიონში არსებული შვიდივე სადავო უძრავი ქონება წარმოადგენს ქორწინების პერიოდში შეძენილ თანასაკუთრებას, შესაბამისად, მისი ერთპირონული განკარგვის უფლება პ.ჯ–ს არ ჰქონდა მოსარჩელის თანხმობის გარეშე. მხარეები რეგისტრირებულ ქორწინებაში იყვნენ 1989 წლიადნ, რა დროასც ორი შვილი შეეძინათ. 2019 წლიდან მხარეთა უთანხმოების გამო მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და ოჯახის აღდგენა შეუძლებელია. სწორედ რეგისტრირებული ქორწინების შემდგომ მხარეებმა შეისყიდეს სადავო უძრავი ქონება. აქედან გამომდინარე, ცალსახაა რომ აღნიშნული ქონებია ქორწინების განმავლობაშია შეძენილი, რაც წარმოშობს მასზე საკუთრებით უფლებებს.
30.3. აღნიშნული ქონებების საბაზრო ღირებულება გაცილებით აღემატება იმ თანხას, რის სანაცვლოდაც პ.ჯ–მა განკარგა ისინი, ამიტომ, მხოლოდ 10 750 ლარის დაფარვის ნაცვლად შესაძლებელი იყო რეალური გაყიდვის შემთხვევაში სესხის მთლიანი გადახდა.
30.4. მართალია, სასამართლომ დაადგინა პ.ჯ–სა და დ.ჩ–ს შორის სასესხო ურთიერთობა საოჯახო მეურნეობის მიზნით, რის გამოც მოსარჩელეს დაეკისრა ყოფილი მეუღლის თანაბრად, 25 714.5 ლარის ანაზღაურება, თუმცა თანასაკუთრებაში შეძენილ ქონებაზე აღნიშნული მოსაზრება არ გაითვალისწინა სააპელაციო პალატამ და მიიჩნია, რომ პ.ჯ–სა და დ.ჩ–ს შორის დადებული სესხის ხელშეკრულება ნამდვილია, რითაც დააღვია მეუღლეთა თანასაკუთრების არსებობის შესახებ სამართლებრივი ინსტიტუტი. პ.ჯ–ს არ ჰქნოდა უფლება თავად მარტის განეკარგა უძრავი ქონება, რადგან ქონების თანამესაკუთრე ასევე იყო მოსარჩელე.
30.5. სააპელაციო პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული და არასწორადაა განმარტებული ნორმები. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა მოტყუებით დადებული გარიგება, რათა მესამე პირის, მოსარჩელის ინტერესები ყოფილიყო უგულებელყოფილი. აღნიშნული დასაბუთება განსაკუთრებით დამაჯერებელია, რადგან დ.ჩ–ი და პ.ჯ–ი მეგობრები არიან, შესაბამისად, მათ შორის ასეთი სახის გარიგების დადების ალბათობაც მეტია, ასევე, დ.ჩ–ის მიმართ ვერ იმოქმედებს კეთილსინდისიერი შემძენის სტატუსი, რადგან მისთვის, როგორც პ.ჯ–ის დიდი ხნის მეგობრისთვის ცნობილი იქნებოდა ამ უკანასკნელის ოჯახური ვითარების შესახებ.
31. მოპასუხეების (გ.ჯ–ი, პ.ჯ–ი) საკასაციო მოთხოვნა
31.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა გ.ჯ–მა და პ.ჯ–მა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს. კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლოს სარეზოლუციო ნაწილის 1.2. „ა“ (1/2 ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი პაატა და გ.ჯ–ებს შორის 2019 წლის 11 სექტემბერს დადებული ხელშეკრულება შპს „Y. c“-ში 50% აქციების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე ); „ბ“ (ი.ჯ–ი ცნობილ იქნა შპს „Y.c“-ში 25% აქციების მესაკუთრედ); მე-5 პუნქტი და შეგებებული სარჩელის მოთხოვნა 21 775 ლარის ფარგლებში თანაცხოვრების პერიოდში აღებული ვალის შუაზე გაყოფის ნაწილში.
31.2. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ ნორმათა დარღვევით მიიღო გადაწყვეტილება, არასათანადოდ გამოიკვლია ფაქტობრივი გარემოებები, რამაც დააყენა ნაწილობრივ არასწორი შედეგი. საქმეზე მოსარჩელე მხარეს არ წარმოუგენია მოთხოვნის გამამართლებელი როგორც შესაბამისი სახის გარემოებები, ასევე მტკიცებულებები. თავის მხრივ, მოპასუხე მხარემ წარადგინა რამდენიმე მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება კომპანიის კონკრეტული მიზნებისთვის გასხვისების ფაქტი, ასევე, პ.ჯ–მა შვილის მკურნალობის მიზნით მეგობრებისგან ისესხა თანხები.
31.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ.ო–ვას სარჩელი პ.ჯ–ის მიმართ დაკმაყოფილდა, ამ უკანასკნელს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 43 550 ლარის გადახდა, სადაც ჩანს სესხის აღების კონკრეტული ვადები.
31.4. ასევე დადასტურებულია, რომ შპს “y.c“-ის პარტნიორთა კრების 100%-იანი გადაწყვეტილებით გ.ჯ–ი კონკრეტული ვალდებულებების შესრულების პირობით გახდა კომპანიის პარტნიორი იმ მიზნით, რომ უნდა მოზიდულიყო შესაბამისი ფინანსები, რაც მოხერხდა კიდეც და კომპანიამ 40 000 აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია მიიღო. აქ ხაზგასასმელია სწორედ ის, რომ წილის გადაცემა მოხდა კონკრეტული ვალდებულებების გადაკისრებით, რაც გ.ჯ–მა შეასრულა, ამაზე კი სააპელაციო პალატას ყურადღება არ გაუმახვილებია.
31.5. მოჩვენებით დადებული გარიგების დასადგენად, აუცილებელია ნამდვილობის გამორიცხვისთვის დადგინდეს, განზრახვის გარეშე დაიდო თუ არა გარიგება, რასაც იურიდიული შედეგი მოყვება თუ არა, ასევე, დაიფარა თუ არა სხვა სახის გარიგება. ასეთ დროს აუცილებელია, რომ გარიგების მხარეებს შორის არსებობდეს წინასწარგანზრახვა მოჩვენებითობის შესახებ, მოცემულ შემთხვევაში კი გ.ჯ–ისთვის წილების გადაცემის შემდეგ, მან განახორციელა 100 000 ლარიანი ინვესტირება, ამიტომ აშკარაა, რომ გარიგებას მოჰყვა შესაბამისი შედეგები, რაც გამორიცხავს მის მოჩვენებითობას.
31.6. საქმის ფაქტობრივი გარემოებებით დასტურდება, რომ პ.ჯ–მა აიღო რამდენიმე სესხი შვილის, გ.ჯ–ის მკურნალობის ხარჯების დაფარვის მიზნით, შესაბამისად, აღნიშნული თანხის ნახევარი უნდა იქნეს გადახდილი ი.ჯ–ის მიერ, მ.ო–ვას მიმართ არსებული სასესხო ვალდებულების ნახევარი სწორედ ი.ჯ–მა უნდა დაფაროს.
32. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
32.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 05 თებერვლის განჩინებით ი.ჯ–ის, ხოლო 20 თებერვლის განჩინებით პ.ჯ–ისა და გ.ჯ–ის საკასაციო საჩივარი 50% წილის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე ხელშეკრულების ½ ნაწილში ბათილად ცნობისა და ი.ჯ–ის შპს “Y.C”-ში 25% წილის მესაკუთრედ ცნობის ნაწილში წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
32.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29 მარტის განჩინებით პ.ჯ–ის საკასაციო საჩივარი ი.ჯ–ისთვის 21 775 ლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში დარჩა განუხილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
33. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
34. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
35. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად აქვს გამოკვლეული საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება.
36. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია.
37. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64) - იხ. შეად. სუსგ-ებს N ას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1610-2019, 07.02.2020წ; N ას- 1027-2020, 27.11.2020წ; N ას-634-2021, 4.11.2021წ; N ას-1363-2021, 5.04.2022წ; N ას-1183-2022, 23.12.2022წ; N ას-1572-2022, 5.05.2023წ.).
38. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს კვლევის საგანია სახეზეა თუ არა მოჩვენებით დადებული ჩუქებისა და სასესხო გარიგებები, არსებობს თუ არა თანასაკუთრებაში არსებული ქონების გაყოფის კანონიერი საფუძვლები.
39. პირველ რიგში, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მეორე კასატორის (პ. და გ.ჯ–ების) კასაციაზე, რომელთა პრეტენზიაც გულისხმობს შპს „Y.c“-ში გ.ჯ–ისთვის 50%-იანი წილის გადაცემის ნამდვილობასა და ი.ჯ–ისთვის წილის ნახევრის გადაცემის არამართლზომიერებას.
40. სსკ-ის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ამავე კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. 55-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
41. სსკ-ის 56-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება).
42. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა სადავოდ გამხდარი ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე ეფუძნება იმ გარემოებას, რომ გარიგება დაიდო მოჩვენებით. მოჩვენებით დადებული გარიგების ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 56-ე მუხლი, რომელიც იმავდროულად განსაზღვრავს მოჩვენებითი გარიგების ცნებას. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). სასამართლომ განმარტა, რომ გარიგების მოჩვენებით დადების საკითხის შეფასებისას, უპირველეს ყოვლისა, უნდა განიმარტოს მხარეთა ნება, რომელიც მათ გამოხატეს გარიგების დადებისას. მოჩვენებითი გარიგების ცნების განსაზღვრისას კანონი აქცენტს აკეთებს სწორედ მხარეთა განზრახვაზე, მათ მიზანზე, რომლითაც ისინი მოქმედებდნენ და რომლის შესაბამისადაც განხორციელდა მათი ნების გამოვლენა. კანონი განმარტავს, რომ მოჩვენებითი გარიგების დადებისას მხარეებს არ გააჩნიათ ამ გარიგების დადების მიზანი, უფრო ზუსტად, მათ არ სურთ „შესაბამისი“ იურიდიული შედეგის დადგომა, ანუ იმ შედეგისა, რომელსაც დადებული გარიგება თავისი შინაარსის მიხედვით ითვალისწინებს. მართალია, მხარეებს არ აქვთ გამიზნული გარიგებით გათვალისწინებული შედეგის დადგომა, მაგრამ მათ გარკვეული მოტივი ამოძრავებთ, გარკვეული მიზნების მიღწევა სურთ და სწორედ ამიტომ, წინასწარ გამიზნულად დებენ მოჩვენებით გარიგებას. მოსარჩელე თავის მოთხოვნას აყრდნობს იმ გარემოებას, რომ გარიგება დაიდო მოჩვენებით. მან უნდა მიუთითოს ის მიზანი, რასაც სინამდვილეში ისახავდა ამ გარიგების დადება. კონკრეტულად რა მოტივით, ვისთვის „მოსაჩვენებლად“ გადაწყვიტეს მხარეებმა მათი ნამდვილი ნების შენიღბვა და ამ სახით გამოვლენა. იმისათვის, რომ გამოირიცხოს მხარეთა ნების ნამდვილობა, უნდა დადგინდეს, რეალურად რისი მიღწევა სურდათ მხარეებს, თუ არა - გარიგებით გათვალისწინებული შედეგისა. მხარეთა რეალური განზრახვის დადგენისას უნდა შეფასდეს ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელიც ხელშეკრულების დადების წინაპირობას წარმოადგენდა (სუსგ.№ას-438-2022 29.01.2024 წ).
43. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოჩვენებით დადებული გარიგების ბათილად ცნობის საკითხს არეგულირებს სსკ-ის 56-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). მოჩვენებითია გარიგება, თუკი ნების გამომვლენი და ნების მიმღები თანხმდებიან იმაზე, რომ მათ მიერ გამოვლენილ ნებას არ მიეცეს მსვლელობა, ე.ი გარეგნულად კი გამოხატავენ ნებას, იქცევიან ისე, თითქოს ნამდვილად სურდეთ ამ გარეგნულად გამოხატულის მიღწევა, სინამდვილეში კი არც ფიქრობენ ამ შედეგის დადგომაზე (ლ. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, თბილისი, 2011, გვ. 361)
44. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ მოჩვენებით გარიგებას ორი ძირითადი ნიშანი ახასიათებს: პირველი, ის დადებულია მოსაჩვენებლად და, მეორე, მხარეებს არა აქვთ ამ გარიგებით გათვალისწინებული შედეგის დადგომის განზრახვა. სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, მოჩვენებითი გარიგების შემთხვევაში აუცილებელია, რომ ნების გამომვლენი და ნების მიმღები მოქმედებდნენ შეთანხმებით და ორივე აცნობიერებდეს ნების ნაკლს (სუსგ №ას-976-908-2017, 22.01.2018წ; №ას-366-2019, 17.05.2019წ; №ას-603-562-2017, 10.07.2019წ; №ას-1483-2020, 19.03.2021წ.).
45. მოჩვენებით გარიგებას ახასიათებს მხარეთა „ურთიერთშეთანხმება“, „გარიგება“ მოჩვენებით ნების გამოვლენის შესახებ. ამ შემთხვევაში ორივეს გაცნობიერებული აქვს, რომ მათ მიერ ასეთი ნების გამოვლენას არ მოჰყვება იურიდიული შედეგი. სასამართლო პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ ძირითადად მოჩვენებითი გარიგების დადება დაკავშირებულია მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობასთან (მაგალითად, მოჩვენებითი გარიგების დადების ერთ-ერთ მოტივს შეიძლება, წარმოადგენდეს მესამე პირის მოტყუება, პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება და ა.შ.). ამრიგად, იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება მიიჩნიოს მოჩვენებით გარიგებად, აუცილებელია, ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ „ურთიერთშეთანხმებაზე“, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას (სუსგ №ას-571-879-2009, 30.04.2010წ; №ას-1439-1357-2012, 01.07.2013წ; №ას-171-159-2015, 29.04.2015წ; №ას-921-861-2017, 28.11.2017წ; №ას-1305-2018, 21.12.2018წ; №ას-366-2019, 17.05.2019წ; №ას-928-2019, 22.10.2019წ.).
46. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცების ტვირთი მოჩვენებითი გარიგებების შემთხვევაში აწევს იმ პირს, რომელიც ითხოვს ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას. თუნდაც, მოსარჩელე უთითებდეს გარიგების ერთი მხარის არაკეთილსინდისიერებაზე, ივარაუდება, რომ გარიგების მეორე მხარე მოქმედებდა კეთილსინდისიერად, რისი გაქარწყლებაც, მოსარჩელეს ევალება (შდრ. სუსგ №ას-1439-1357-2012, 01.07.2013წ; №ას-862-812-2015, 11.11.2015წ.).
47. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ გარიგების არსებობისას პრეზუმირებულია გარიგების დადებამდე მხარეებს შორის გამოვლენილი ნების ნამდვილობა, რომ შეთანხმდნენ სწორედ ამ გარიგებით გათვალისწინებულ შინაარსზე, შესაბამისად, ამ საქმის მიზნებისთვის უნდა ითქვას, თუ კი გარიგების ბათილობაა მოთხოვნილი, უნდა დადგინდეს გარიგების დადებამდე მხარეთა შორის არსებული ნება რამდენად შეესაბამებოდა გარიგების შინაარსსა და მიზნებს. ასეთი სახის შედავებისას, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი კლასიკურად მოქმედებს მოდავე სუბიექტზე, ამიტომ თავად მოსარჩელე ხდება ვალდებული წარადგინოს ისეთი სახის დასაბუთება, რაც საკმარისი იქნება გარიგების დადებისას ნების ნაკლის დადასტურებაზე.
48. განსახილველ შემთხვევაში, ასეთი სახის მტკიცების ტვირთი სწორედ მოსარჩელეზე იყო, რომელმაც გარიგების ბათილობის საფუძვლად მხარეთა არაკეთილსინდისიერებასა და მოჩვენებითი გარიგების არსებობაზე მიუთითა იმ მიზეზით, რომ გარიგების მხარეები წარმოადგენდნენ ოჯახის წევრევრებს, მამა-შვილს, მოსაჩელე კი დედას, შესაბამისად, შვილმა იცოდა შიდა ოჯახური დაძაბულობის შესახებ, ამიტომ მამის ქონების მიღებისას მისი კეთილსინდისიერად მიჩნევა, რომ არ იცოდა დედის თანასაკუთრებითი უფლებების არსებობის შესახებ, საფუძველსმოკლებულია, ასევე, ცალსახაა, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო გარიგების რეალური მიზანი, რომ მოსარჩელისა და მოპასუხის (გამჩუქებლის) განქორწინების შემთხვევაში, არ წარმოშობილიყო მოსარჩელის თანასაკუთრების მოთხოვნის საკითხი.
49. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გარიგების ბათილად ცნობის საფუძვლებში სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ნამვილად დაძლია დასაბუთების სტანდარტი, რაც მტკიცების ტვირთს ატრიალებს მოპასუხეთა (ხელშეკრულების მხარეების) მიმართ კეთილსინდისიერებისა და გარიგების ნამდვილობის დადასტურების მიზნით, რადგან, ასეთი სახის გარიგების ნამდვილობა, როგორც აღინიშნა, დამოკიდებულია გარიგების მონაწილეთა, მათ შორის, წინასწარგანწყობაზე, მოცემულ შემთხვევაში კი ოჯახის წევრებს შორის დადებული გარიგება გამორიცხავს მათ შორის კეთილსინდისიერების საკითხს, რადგან ეს გარიგება, პირველ რიგში, მათივე ოჯახის წევრის თანასაკუთრებითი უფლების გაუმართლებელი შეზღუდვა შესაძლოა გამოიწვევიოს.
50. მოპასუხემ თავის მიმართ შებრუნებული მტკიცების ტვირთის დაძლევის მიზნით წარადგნია არგუმენტები, რომ წილების გადაცემა განპირობებული იყო სხვადასხვა სახის დათქმებით, რომ წილის შემძენი კომპანიის გადახდისუნარიანობას გაზრდებოდა, რაც კიდეც განხორციელდა ინვესტიციების წარმატებული მოზიდვით, შესაბამისად, გარიგების მიზანი შესრულდა და მისი ბათილობის საფუძვლები არ არსებობს. აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება, რადგან ინვესტირების მოზიდვით კომპანიის ლიკვიდურობის ზრდა ვერ გახდება გარიგების ნამდვილობის დადასტურების წინაპირობა, ის ვერ გამოდგება მოსარჩელის თანასაკუთრებითი უფლების გარიგებით გაუმართლებელი შეზღუდვის კონტრარგუმენტად, რადგან თუნდაც საწარმომ გაზარდოს აქტივები, მოსარჩელე მაინც შეზღუდული იქნება დაიკმაყოფილოს თანასაკუთრებითი კანონიერი მოთხოვნები, შესაბამისად, ეს ორი სამართლებრივი შედეგი ურთიერთთანხვედრაში არ არის, რომ მათ შორის კორელაციური დამოკიდებულება დადგინდეს. აქედან გამომდინარე, ცალსახაა, რომ გარიგების ორივე მხარე, ან თუნდაც ერთ-ერთი, არაკეთილსინდისიერი განზრახვით დებდა გარიგებას ოჯახის მეორე წევრთან იმ მიზნით, რომ ოჯახის სხვა წევრის თანასაკუთრებითი უფლებები შეზღუდულიყო, ამიტომ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ სწორად მოხდა აღნიშნული გარიგების ბათილად ცნობა და მოსარჩელისთვის მისი კუთვნილი შესაბამისი ოდენობის წილის დაბრუნება.
51. რაც შეეხება თავად მოსარჩელის საკასაციო პრეტენზიას, მისი შედავება მიმართულია პ.ჯ–სა და დ.ჩ–ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილობასა და თანასაკუთრების მიღებაზე უარის თქმის ნაწილზე.
52. სსკ-ის 1030-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მეუღლეების ან ერთ-ერთი მათგანის თხოვნით, სასამართლო ვალდებულია განქორწინების საქმის გადაწყვეტასთან ერთად განიხილოს იმ ქონების გაყოფის საკითხი, რომელიც წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას. ამავე კოდექსის 1158-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი. ასევე, 1160-ე მუხლის მიხედვით, იმ ქონების განკარგვა, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებაშია, ხდება მეუღლეთა შეთანხმებით, მიუხედავად იმისა, თუ რომელი მეუღლე განკარგავს ამ ქონებას. მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების განკარგვასთან დაკავშირებით ერთის მიერ დადებული გარიგება ვერ იქნება ბათილად ცნობილი მეორის მოთხოვნით იმ საფუძველზე, რომ: ა) მან არ იცოდა გარიგების შესახებ; ბ) ის არ ეთანხმებოდა გარიგებას. მეუღლეს, როგორც თანამესაკუთრეს, უფლება აქვს, მოითხოვოს ქონების განკარგვით მიღებული სარგებელი.
53. სსკ-ს 1169-ე მუხლის მიხედვით, მეუღლეთა საერთო ვალები მათ შორის იყოფა საერთო ქონებაში თითოეულის კუთვნილი წილის თანაზომიერად.
54. ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ რეგისტრირებული ქორწინებისას პირის საკუთრებითი უფლება იცვლება და ის დამოკიდებული ხდება მეუღლის საკუთრების უფლებაზე, რაც გულისხმობს იმას, რომ გამონაკლისების გარდა, საკუთრებაში მიღებულ ქონებაზე ავტომატურად ვრცელდება თანასაკუთრებითი უფლებები ორივე მეუღლის ქონებების მიმართ. ამავდროულად, ასეთივე უფლება-მოვალეობები წარმოიშობა ერთი მეუღლის მიერ აღებული ვალისას, თუ კი დადასტურდება, რომ აღნიშნული ვალი წარმოადგენს არა ინდივიდუალურ, არამედ საერთო ვალს. საერთო ვალის არსებობის მტკიცების ტვირთი იმ მხარეზეა, რომელიც მოითხოვს აღნიშნული ვალის დაკისრებას, ან ვალის გადახდის შემთხვევაში სხვა მოთხოვნის ჩათვლას. სწორედ ასეთივე შემთხვევაა მოცემულ დავაში სახეზე, მოსარჩელის მიზანი ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის შესახებ, დაფუძნებულია თანასაკუთრებითი უფლების გაუმართლებელ შეზღუდვაზე, ასევე, აღნიშნული გარიგებები მოჩვენებითია, რადგან ხელშეკრულებით განსაზღვრული მიწების ფასი საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებია. ამ კუთხით, მოპასუხემ მიუთითა, რომ შვილის გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თავისი მეგობრისგან ისესხა შესაბამისი თანხები, რომელთა ნაწილობრივი გასტუმრების სანაცვლოდ, დავით ჩოჩელს (სესხის გამცემი) საკუთრებაში გადასცა სადავო უძრავი ქონებები. მოპასუხე მხარემ შეძლო დაედასტურებინა, რომ მოსარჩელესთან საერთო შვილის ჯანმრთელობის პრობლემების უზრუნელყოფის მიზნით მიღებული ვალები ნამდვილად საოჯახო, საერთო ვალებს წარმოადგენდა, შესაბამისად, უძრავ ქონებებზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებებით მოხდა აღნიშნული ვალების ნაწილობრივი დაფარვა, ამიტომ, არ არსებობს გარიგებათა ბათილად ცნობის საფუძველი.
55. საკასაციო პალატა ამ ნაწილში დამატებით მიუთითებს, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ შეძლო, ერთი მხრივ, დაესაბუთებინა აღნიშნულ გარიგებათა მოჩვენებითობის საფუძვლები, ასევე ის, რომ გარიგებებით დაიფარა საერთო საოჯახო ვალების ნაწილი, შესაბამისად, მისი მოთხოვნა თანასაკუთრებითი უფლებების აღდგენის შესახებ საფუძველსმოკლებულია, რადგან უძრავი ქონების გადაცემით პ.ჯ–მა შეძლო საერთო საოჯახო ვალდებულების ნაწილის დაფარვა და კრედიტორული მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილება, რაც გულისხმობს, მათ შორის, მოსარჩელის თანასაკუთრების გამოყენებით მხარეთა საერთო ვალიდან მოსარჩელისვე დასაფარი წილით ნაწილობრივ შესრულებას, შესაბამისად, ამ კუთხითაც საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობებს.
56. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია დასაჩუქრებულის საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი.ჯ–ის, ასევე პ.ჯ–ისა და გ.ჯ–ის საკასაციო საჩივრები, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. ი.ჯ–ს (პ.ნ ....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება: N18455868898; გადახდის თარიღი 05.09.2023;) 70% – 210 ლარი;
3. პ.ჯ–სა (პ.ნ ......) და გ.ჯ–ს (პ.ნ ........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეთ ლ.კ–ძის მიერ (პ.ნ. ........) საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება: N8041; გადახდის თარიღი 19.02.2024;) 70% – 210 ლარი;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე