საქმე №ას-1040-2023
28 მაისი, 2024 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ტ.გ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები – ნ.მ–ნი, ი.ს–ძე, მ.ჯ–ი, დ.ნ–ია, ნ.გ–ნი, ბ.ბ–ძე, მ.ც–ძე, ნ.ბ–ძე, მ.ხ–ნი, ს.ს–ვა, დ.ჟ–ნი, ნ.დ–ძე, ე.მ–ი, რ.კ–ი, რ.კ–ი, რ.დ–ძე, ნ.ჯ–ძე, ლ.ც–ძე, ქ.მ–ი, დ.ყ–ნი (მოპასუხეები)
მესამე პირი - შპს ,,პ-დ.’’
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 31 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით ტ.გ–ძის და მაკა მანაგაძის სარჩელი – ნ.მ–ნის, ი.ს–ძის, მ.ჯ–ის, დ.ნ–იას, ნ.გ–ნის, ბ.ბ–ძის, მ.ც–ძის, ნ.ბ–ძის, მ.ხ–ნის, ს.ს–ვას, დ.ჟ–ნის, ნ.დ–ძის, ე.მ–ის, რ.კ–ის, ი.თ–ის, რ.დ–ძის, ნ.ჯ–ძის, ლ.ც–ძის, ქ.მ–ის, დ.ყ–ნის და შპს ,,პ-დ.ს’’ მიმართ, ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელე ტ.გ–ძემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 31 მაისის განჩინებით ტ.გ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მოსარჩელე ტ.გ–ძემ, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 სექტემბრის განჩინებით ტ.გ–ძის საკასაციო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 იანვრის განჩინებებით ქუთაისის შინაგან საქმეთა საქალაქო სამმართველოს დაევალა განჩინებების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში მოეძიებინა მოპუსეხეები - ს.ს–ვა, დ.ჟ–ნი და ნ.ჯ–ძე განჩინებებში მითითებულ მისამართებზე და უზრუნველეყო მათთვის სასამართლო კორესპონდენციების ჩაბარება. აღნიშნული გზით სასამართლო გზავნილი ჩაბარდა მხოლოდ ს.ს–ვას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 თებერვლის განჩინებით დ.ჟ–ნსა და ნ.ჯ–ძეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 სექტემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი ეცნობათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედების – საჯარო შეტყობინების მეშვეობით, კერძოდ, სასამართლო განჩინების საქართველოს სასამართლოების საქმისწარმოების სისტემის ვებგვერდზე (www.ecd.court.ge) გამოქვეყნების მეშვეობით.
2024 წლის 13 მაისს საქართველოს უზენაეს სასამართლოში კასატორმა - ტ.გ–ძემ წარმოადგინა განცხადება, რომელშიც მიუთითა, რომ მხრეებს შორის პრაქტიკულად აღარ არსებობს დავის საგანი, რის გამოც იხმობს საკასაციო საჩივარს და მოითხოვა საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნება.
2024 წლის 20 მაისს საკასაციო პალატას კვლავ განცხადებით მომართა კასატორმა და აღნიშნა, რომ მხრეებს შორის პრაქტიკულად აღარ არსებობს დავის საგანი, რის გამოც იშუამდგომლა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვებისა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების თაობაზე.
2024 წლის 22 მაისს საქართველოს უზენაეს სასამართლოში შპს ,,პ-დ–ს’’ დირექტორმა წარმოადგიმა განცხადება, რომელშიც მითითებულია, რომ მოსარჩელის მოთხოვნები დაკმაყოფილებულია, მხარეთა შორის დავის საგანი აღარ არსებობს და საკასაციო საჩივარი დაუშვებელია.
2024 წლის 24 მაისს საკასაციო პალატას საბოლოოდ დაზუსტებული განცხადებით მომართა კასატორმა - ტ.გ–ძემ, რომელშიც მიუთითა, რომ მხარეთა შორის დავის საგანი აღარ არსებობს, უარს ამბობს საკასაციო საჩივარზე და მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ განიხილა ტ.გ–ძის დაზუსტებული განცხადება და მიიჩნევს, რომ იგი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს და ადგენს მოსარჩელის უფლებას, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ ცნოს მის მიმართ წარდგენილი მოთხოვნა, ანალოგიური უფლებით აღჭურავს მხარეს ამავე კოდექსის 83-ე მუხლი. უფრო მეტიც, სსსკ-ის 378-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (სსსკ-ის 399-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, ამ ნორმის გამოყენება დასაშვებია საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის განხილვისას) სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მხარე, ამ შემთხვევაში კი კასატორი – ტ.გ–ძე უფლებამოსილია მომართოს საკასაციო სასამართლოს საკასაციო საჩივარზე უარის თქმისა და აქედან გამომდინარე, საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ შუამდგომლობით.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის – ტ.გ–ძის შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის და საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და 378-ე მუხლის მე-2 ნაწილისა, მის საკასაციო საჩივარზე უნდა შეწყდეს წარმოება, იმგვარად, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ძალაში იქნას დატოვებული. ამასთან, კასატორს უნდა განემარტოს, რომ სსსკ-ის 378-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, ქუთაიისი სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 31 მაისის განჩინების საკასაციო საჩივრით კვლავ გასაჩივრება იქნება დაუშვებელი.
სსსკ-ის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან, ხოლო ამავე ნორმის მე-4 ნაწილით დადგენილია, რომ სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისთვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში. კანონის აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვამდე საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო, კასატორს სრულად უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 300 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 49-ე (2), 272-ე, 372-ე, 378-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ტ.გ–ძის შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. შეწყდეს საქმის წარმოება ტ.გ–ძის საკასაციო საჩივარზე ნ.მ–ნის, ი.ს–ძის, მ.ჯ–ის, დ.ნ–იას, ნ.გ–ნის, ბ.ბ–ძის, მ.ც–ძის, ნ.ბ–ძის, მ.ხ–ნის, ს.ს–ვას, დ.ჟ–ნის, ნ.დ–ძის, ე.მ–ის, რ.კ–ის, რ.კ–ის, რ.დ–ძის, ნ.ჯ–ძის, ლ.ც–ძის, ქ.მ–ისა და დ.ყ–ნისა მიმართ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 31 მაისის განჩინებაზე.
3. ძალაში დარჩეს ქვემდგომი სასამართლოების მიერ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებები.
4. განემარტოთ მხარეებს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 31 მაისის განჩინების საკასაციო საჩივრით კვლავ გასაჩივრება დაუშვებელია.
5. ტ.გ–ძეს (პ/ნ .........) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე თ.მ–ის (პ/ნ ..........) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარი (საგადახდო დავალება # 2320, გადახდის თარიღი 26.06.2023).
6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
თამარ ზამბახიძე