Facebook Twitter

№ას-155-2024

13 მაისი, 2024 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – მ.ჩ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი.შ. (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 4 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი.შ–მა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში მ.ჩ–ძის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 2 307 500 აშშ დოლარის დაკისრება. ასევე 2 307 500 აშშ დოლარის 0.01% (230.75 აშშ დოლარი) დაკისრება, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2021 წლის 23 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე. აღნიშნული სარჩელის ფარგლებში მოსარჩელემ მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. კერძოდ, საქართველოს კომერციულ ბანკებში, მოპასუხის კუთვნილ საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ თანხებსა (2 307 500 აშშ დოლარის ფარგლებში) და მოპასუხის კუთვნილ შპს „გ–ის“ 25% წილზე ყადაღის დადება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 თებერვლის განჩინებით ი.შ–ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხე მ.ჩ–ძეს აეკრძალა შპს „გ–ში“, მის საკუთრებაში არსებულ 25% წილის გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა; საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადების შესახებ შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ი.შ–ის სარჩელი მოპასუხე მ.ჩ–ძის მიმართ დაკმაყოფილდა:

1. მოპასუხე მ.ჩ–ძეს მოსარჩელე ი.შ.ის სასარგებლოდ დაეკისრა 2 307 500 აშშ დოლარის გადახდა;

2. მოპასუხე მ.ჩ–ძეს მოსარჩელე ი.შ–ის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს სახით, 2 307 500 აშშ დოლარის 0.01%-ის (230.75 აშშ დოლარი) გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2021 წლის 23 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 4 დეკემბრის განჩინებით მ.ჩ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 15 თებერვლის განჩინებით მ.ჩ–ძეს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში 6 000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტისა და საკასაციო საჩივრის წარმოდგენა დედანი ხელმოწერით.

2024 წლის 5 მარტს საკასაციო პალატას მომართა ი.შ–ის წარმომადგენელმა, რომელმაც აღნიშნა, რომ მხარეები აწარმოებენ მორიგების პროცესს და მორიგების მიზნებისთვის შეთანხმდნენ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 23 თებერვლის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელმა მოითხოვა ზემოაღნიშნული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება.

2024 წლის 6 მარტს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მ.ჩ–ძის ადვოკატმა წარმოადგინა განცხადება და საკასაციო საჩივარი დედანი ხელმოწერით. წარმომადგენელმა მიუთითა, რომ მხარეთა შორის შედგა მორიგება და მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება, სასამართლოსთვის მიემართა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების მოთხოვნით. განმცხადებელმა ითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება, ვინაიდან, აქვს გონივრული მოლოდინი, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შემდგომ მომართავს საკასაციო სასამართლოს საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განცხადებით.

2024 წლის 12 მარტს საკასაციო პალატას კვლავ მომართა ი.შ–ის წარმომადგენელმა უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ იდენტური განცხადებით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 მარტის განჩინებით მ.ჩ–ძეს გაუგრძელდა საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა 10 დღით და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა 6 000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.

2024 წლის 3 აპრილს საკასაციო პალატას მომართა მ.ჩ–ძის წარმომადგენელმა და მოითხოვა საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადის 10 დღით გაგრძელება იმ მოტივით, რომ მხარეთა შორის შედგა მორიგება, მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება სასამართლოსთვის მიემართა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების მოთხოვნით და აქვს გონივრული მოლოდინი, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შემდგომ მოსარჩელე მომართავს საკასაციო სასამართლოს საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განცხადებით.

2024 წლის 8 აპრილს საკასაციო პალატას მომართა ი.შ–ის წარმომადგენელმა და კვლავ ითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება. განმცხადებელმა მიუთითა, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების არსებობა ზიანს აყენებს მხარეებს და ხელს უშლის მორიგების პროცესის დასრულებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 აპრილის განჩინებით ი.შ–ის განცხადება დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე მ.ჩ–ძეს აეკრძალა შპს „გ–ში“ (.....), მის საკუთრებაში არსებულ 25% წილის გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 აპრილის განჩინებით კასატორის მოთხოვნა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა; მ.ჩ–ძეს გაუგრძელდა საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა 10 დღით და დაევალოს მას აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 6 000 ლარის ქვითრის დედანი. აღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელს ჩაბარდა 2024 წლის 24 აპრილს.

2024 წლის 23 აპრილს საკასაციო პალატას განცხადებით მომართა კასატორის ადვოკატმა და განმარტა, რომ 2024 წლის 29 თებერვალს მ.ჩ–ძესა და ი.შ–ს შორის შედგა მორიგება და მათ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლითაც უზუნველყოფილი იქნა შპს „გ–აში“ (ს/ნ .......) მ.ჩ–ძის 25% წილის გადაცემა ი.შ.ისათვის და სამეწარმეო რეესტრის მიერ გაიცა განახლებული ამონაწერი (იხ. ტომი II, ს.ფ. 224-228), რომლის თანახმადაც შპს „გ–ის“ 75% წილის მესაკუთრეა ი.შ.ი, ხოლო მ.ჩ–ძე აღარ ირიცხება კომპანიის პარტნიორად. შპს „გ–აში“ მ.ჩ–ძის 25% წილის დათმობის სანაცვლოდ, ი.შ–ის მიერ სრულად იქნა გაქვითული მხარეთა შორის 2015 წლის 22 სექტემბერს დადებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნები, რომლებიც მიმდინარე საქმეში წარმოადგენდა დავის საგანს. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის ადვოკატმა განაცხადა, რომ აღარ არსებობს დავის საგანი და იშუამდგომლა საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.

2024 წლის 29 აპრილს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსარჩელე ი.შ–ის ადვოკატმა წარმოადგინა შუამდგომლობა, რომლითაც მოსარჩელემ მიუთითა, რომ მხარეები მორიგდნენ და მათ შორის აღარ არსებობს დავის საგანი, რის გამოც მოსარჩელემ მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ განიხილა მოსარჩელე ი.შ–ის წარმომადგენლის შუამდგომლონა და მიიჩნევს, რომ ის საფუძვლიანია და მოცემულ საქმეზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება დავის საგნის არარსებობის გამო, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამდენად, საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებისათვის დადგენილი საქმის განხილვის წესებით, თუ აღნიშნული წესები საკასაციო პალატისათვის განსაზღვრულ სპეციალურ ნორმებს არ ეწინააღმდეგება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ა1“ ქვეპუნქტით, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არ არსებობს დავის საგანი, ხოლო 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება. კანონის აღნიშნული დანაწესი იმპერატიული ხასიათისაა და ადგენს სასამართლოს ვალდებულებას, მხარეთა შუამდგომლობის ან ასეთის არარსებობის პირობებშიც შეწყვიტოს საქმის წარმოება, თუ დაადგენს, რომ მხარეთა შორის სადავო საკითხი გადაწყვეტილია და დავის საგანი, აქედან გამომდინარე კი, საქმის წარმოების გაგრძელების საჭიროება აღარ არსებობს.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე - ი.შ–სა და მოპასუხე - მ.ჩ–ძეს შორის 2015 წლის 22 სექტემბერს დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის 1.1 მუხლის თანახმად, მოსარჩელემ მოპასუხის სასარგებლოდ სესხის სახით გასცა 1 775 000 აშშ დოლარი. სესხის ხელშეკრულების პრეამბულის მიხედვით, სესხის ხელშეკრულების გაფორმების დროს მხარეები წარმოადგენდნენ შპს ,,გ–ის“ პარტნიორებს, კერძოდ, მოპასუხე წარმოადგენდა 25% წილის მფლობელ პარტნიორს. იმავე პრეამბულიდან დგინდება, რომ მოპასუხეს 2015 წლის 17 აგვისტოს შპს ,,გ–ის“ საწესდებო კაპიტალში უნდა განეხორციელებინა მისი წილის პროპორციული შენატანი, რაც შეადგენდა 1 775 000 აშშ დოლარს. სწორედ აღნიშნული წილის პროპორციული შენატანის განხორციელება გახდა წინაპირობა მხარეებს შორის 2015 წლის 22 სექტემბერს სესხის ხელშეკრულების გაფორმების და სესხის სახით 1 775 000 აშშ დოლარის გაცემისა. სესხის ხელშეკრულებით მ.ჩ–ძე ვალდებული იყო 2021 წლის 22 სექტემბრის ჩათვლით ი.შ–სათვის გადაეხადა სესხის ძირი თანხა და დარიცხული საპროცენტო სარგებელი, ჯამში 2 307 500 აშშ დოლარი. მ.ჩ–ძის მიერ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა გახდა მხარეებს შორის დავის წარმოშობის საფუძველი.

2024 წლის 29 თებერვალს მ.ჩ–ძესა და ი.შ.ს შორის გაფორმდა წილის ნასყიდობის ხელშეკრულება (იხ. ტომი II, ს.ფ. 164-185), რომლის მიხედვითაც მ.ჩ–ძემ შპს „გ–ის“ 25% წილი მიჰყიდა ი.შ.ს 2 307 500 აშშ დოლარად. აღნიშნული ხელშეკრულების მე-2 მუხლის მესამე პუნქტით განისაზღვრა, რომ შპს „გ–ის“ 25% წილზე საკუთრების რეგისტრაცია დასრულებულად ჩაითვლებოდა მას შემდეგ, რაც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო გამოსცემდა ამონაწერს, რომლის მიხედვითაც შპს „გ–ის“ 75% წილის მესაკუთრე იქნებოდა ი.შ.ი.

2024 წლის 29 თებერვლის წილის ნასყიდობის ხელშეკრულების მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილით „ნასყიდობის საგნის“ - შპს „გ–ის“ 25% წილის ღირებულება განისაზღვრა 2 307 500 აშშ დოლარით. ხელშეკრულების მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით მხარეები შეთანხმდნენ, რომ „ნასყიდობის საგნის“ მყიდველის სახელზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციის მომენტისათვის „ნასყიდობის ფასი“ ჩაითვლებოდა სრულად გადახდილად და მასზე გავრცელდებობა ურთიერთჩათვლის პრინციპი. კერძოდ, გამყიდველი - მ.ჩ–ძე დათანხმდა, რომ მის მიერ 2015 წლის 22 სექტემბრის სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და წარმოშობილო დავალიანება 2 307 500 აშშ დოლარი მყიდველის - ი.შ–ის მიმართ გაიქვითებოდა 2024 წლის 29 თებერვლის ნასყიდობის ხელშეკრულებაში და ამით დაადასტურებდა, რომ მის მიმართ მყიდველს არ გააჩნია არანაირი დავალიანება „წინამდებარე ნასყიდობის“ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ხოლო მყიდველი - ი.შ–ი დათანხმდა, რომ გამყიდველის მიერ მის ნინაშე „სესხის ხელეკრულებით“ ნაკისრი ვალდებულება და წარმოშობილი დავალიანება 2 307 500 აშშ დოლარი გაიქვითებოდა წინამდებარე „ნასყიდობის ფასში“ და დაადასტურებდა, რომ გამყიდველს არ გააჩნია მის მიმართ „სესხის ხელშეკრულებიდან“ გამომდინარე ვალდებულებები (შემდგომში „ურთიერთჩათვლა“). ასევე ხელშეკრულების მე-3 მუხლის მე-3 ნაწილით დადგინდა, რომ „ურთიერთჩათვლა“ ძალაში შევიდოდა ნასყიდობის ხელშეკრულების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციის მომენტიდან (იხ. ტომი II, ს.ფ. 168-170).

აგრეთვე, იმავე ხელშეკრულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტში მითითებულია, რომ აღნიშნული ხელშეკრულების ხელმოწერისა და ნოტარიულად გაფორმების მომენტისათვის მიმდინარეობს დავა საქართველოს უზენაეს სასამართლოში, კერძოდ, მ.ჩ–ძის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 4 დეკემბრის განჩინებაზე წარდგენილია საკასაციო საჩივარი. საკასაციო წესით გასაჩივრებული განჩინებით კი უცვლელად არის დატოვებული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელე ი.შ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე მ.ჩ–ძეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2 307 500 აშშ დოლარის გადახდა. ამავე პუნქტით განსაზღვრულია, რომ „ნასყიდობის საგნის“ მყიდველის სახელზე რეგისტრაცია გულისხმობს, რომ მყიდველს არ გააჩნია გამყიდველის მიმართ აღნიშნული დავის გარგლებში მოთხოვნა და „ურთიერთჩათვლის“ საფუძველზე ნასყიდობის საგნის მყიდველის სახელზე რეგისტრაციის მომეტიდან 3 (სამი) სამუშაო დღის განმავლობაში მყიდველი - ი.შ–ი მიმართავს სასამართლოს საქმის წარმოების შეწყვეტის მოთხოვნით, დავის საგნის არარსებობის საფუძვლით.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმას, რომ 2024 წლის 23 აპრილს კასატორ - მ.ჩ–ძის ადვოკატის მიერ წარმოდგენილი იქნა 2024 წლის 16 აპრილის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან, რომლის თანახმადაც შპს „გ–ის“ 75% წილის მესაკუთრეა ი.შ–ი, ხოლო მ.ჩ–ძე აღარ ირიცხება კომპანიის პარტნიორად (იხ. ტომი II, ს.ფ. 224-228) .

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ 2024 წლის 29 თებერვალს მ.ჩ–ძესა და ი.შ.ს შორის გაფორმებული წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით მოსარჩელე - ი.შ–ის მიერ სრულად იქნა გაქვითული მხარეთა შორის 2015 წლის 22 სექტემბერს დადებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნები, რომლებიც მიმდინარე საქმეში წარმოადგენდა დავის საგანს. აღნიშნულს ადასტურებს მოსარჩელეც და მოპასუხეც და დავის საგნის არ არსებობის გამო, შუამდგომლობენ საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ საქმეზე დავის საგანი აღარ არსებობს, მოსარჩელის მიერ შედეგი მიღწეულია, მოპასუხის ვალდებულება შესრულებულია, რაც საქმის წარმოების შეწყვეტის სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს. შესაბამისად, უნდა შეწყდეს მოცემული საქმის წარმოება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 272-ე, 273-ე, 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შეწყდეს საქმის წარმოება ი.შ–ის სარჩელზე მ.ჩ–ძის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დავის საგნის არარსებობის გამო.

2. გაუქმდეს საქმეზე ქვემდგომი სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილება/განჩინება.

3. განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თამარ ზამბახიძე