საქმე №ას-110-2024 24 მაისი, 2024 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,
ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - რ.ბ–ნი
მოწინააღმდეგე მხარეები - ი.ღ–ი, ბმა „თ–მა“
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 დეკემბრის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - კრების ოქმის ბათილად ცნობა, უძრავი ქონების ამხანაგობის საკუთრებაში აღრიცხვა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 5 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, ი.ღ–ის სარჩელი მოპასუხეების - ბმა „თ–მა“ და რ.ბ–ნის (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) წინააღმდეგ, კრების ოქმის ბათილად ცნობისა და უძრავი ქონების საკუთრებაში აღრიცხვის თაობაზე დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი+ ბმა „თ–მას“ 2019 წლის 13 ივნისის №9 კრების ოქმი, უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, დასახლება დიდი დიღომი, ქუჩა ........, სადარბაზო №3, სართული №9, ს/კ:........., ფართი 6.90 კვ.მ. მიეკუთვნა ბმას და დადგინდა მის საკუთრებაში აღრიცხვა.
2. დასახელებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების მოთხოვნით.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით, დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე წარდგენილი საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
4. მოპასუხემ, სააპელაციო საჩივარი წარადგინა, მოითხოვა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 5 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 23 ოქტომბრის განჩინების გაუქმება და საქმის განხილვა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 20 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი, იმ მოტივით, რომ დავის საგნის ღირებულება არ აღემატებოდა 2 000 ლარს.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 დეკემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა აპელანტმა.
7. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარზე დაუდგინა ხარვეზი, დაავალა სადავო უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების წარდგენა და შესაბამისი ღირებულებიდან სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
8. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ხარვეზის აღმოსაფხვრელად წარდგენილ სადავო უძრავი ქონების ღირებულების დამადასტურებელ აუდიტორულ დასკვნაში სადავო ქონების ღირებულებად მითითებული იყო 1 200 ლარი. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით სადავო ქონების ღირებულება, მექანიკური შეცდომით იყო 1 200 ლარად შეფასებული, ხოლო, რეალურად 2 200 ლარს შეადგენს, რის დასტურადაც კერძო საჩივარს ერთვის აუდიტორული შეფასების ახალი დასკვნა, რომლის მიხედვითაც სადავო უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებამ შეადგინა 2 200 ლარი.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 1 მარტის განჩინებით კერძო საჩივარი წარმოებაშია მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
10. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
11. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის შეფასების საგანია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება არ აღემატება კანონით დადგენილ ზღვრულ ოდენობას.
12. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ წინაპირობად ქონებრივსამართლებრივ დავებში, სხვა წინაპირობებთან ერთად, მიიჩნევს სააპელაციო საჩივრის ღირებულების ოდენობის შესაბამისობას კანონით გათვალისწინებულ ოდენობასთან (სსსკ-ის 365-ე მუხლი).
13. სსსკ-ის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივსამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.
14. დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოში ქონებრივ დავებზე შეტანილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა ხასიათდება გარკვეული სპეციფიკურობით, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო წარმოებაში მიიღებს და იმსჯელებს მხოლოდ ისეთ სააპელაციო საჩივრებზე, რომელთა ღირებულება 2 000 ლარს სცილდება, შესაბამისად, ნორმით დადგენილი შეზღუდვა იმპერატიულია და კრძალავს სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებას, თუ მისი ღირებულება 2 000 ლარს არ აღემატება.
15. განსახილველ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 5 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, სარჩელი კრების ოქმის ბათილად ცნობისა და უძრავი ქონების საკუთრებაში აღრიცხვის თაობაზე დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ბმა „თ–მას“ 2019 წლის 13 ივნისის №9 კრების ოქმი, უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, დასახლება დიდი დიღომი, ქუჩა ........, სართული №9, ს/კ:........., ფართი 6.90 კვ.მ. მიეკუთვნა ბმა "თ–მას" და დადგინდა მის საკუთრებაში აღრიცხვა.
16. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია, სააპელაციო სასამართლოში, მის მიერვე წარდგენილ აუდიტორულ დასკვნას ეხება, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ სააპელაციო სასამართლოში, ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით წარდგენილ დასკვნაში სადავო ქონების ღირებულებად 1 200 ლარი, მექანიკური შეცდომის საფუძველზე განისაზღვრა, ხოლო, კერძო საჩივარზე დართული ახალი აუდიტორული დასკვნის მიხედვით, რომელიც იმავე კომპანიისა და ექსპერტის მიერაა შესრულებული, სადავო ქონების ღირებულებად მითითებულია 2 200 ლარი.
17. საკასაციო სასამართლო, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, 2023 წლის 14 დეკემბერს წარდგენილ განცხადებასა და მასზე დართულ აუდიტორულ დასკვნაზე გაამახვილებს ყურადღებას და განმარტავს, რომ წარდგენილი განცხადებითაც ირკვევა, რომ სადავო ქონება 1 200 ლარად შეფასდა, ამასთან კერძო საჩივარზე, იმავე კომპანიის იმავე ექსპერტის მიერ წარდგენილი დასკვნით სადავო ქონების ღირებულება გაზრდილია 2 200 ლარამდე, თუმცა, არც დასკვნაში და არც რაიმე დამატებითი დოკუმენტით (მათ შორის არც უფლებამოსილი პირის-დასკვნის შემდგენი ექსპერტის სათანადო ცნობა) არ ირკვევა, რომ ახალი დასკვნა მომზადებულია ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით წარდგენილ საშემფასებლო დოკუმენტში არსებული ტექნიკური შეცდომის გამოსწორების მიზნით ამდენად, მხოლოდ კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია და მითითება, რომ კერძო საჩივარზე დართული დასკვნა სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი დასკვნის ტექნიკური შეცდომის გამოსწორების მიზნითაა შედგენილი დაუსაბუთებელია.
18. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიები აგრეთვე დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობებსა და მისი გაუქმების საფუძვლებს ეხებოდა, რომლის პასუხადაც საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მითითებულ პრეტენზიაზე სააპელაციო სასამართლო იმსჯელებდა სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შემთხვევაში, თუმცა განსახილველ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, სააპელაციო საჩივარი წარმოებაში არაა მიღებული, რადგან ის არ აკმაყოფილებდა დასაშვებობის წინაპირობას. აქედან გამომდინარე, კერძო საჩივარში მითითებული საფუძვლით გასაჩივრებული განჩინების გაუქმების მოთხოვნა საფუძველს მოკლებულია. შესაბამისად, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სსსკ-ის 365-ე მუხლი და სწორად განსაზღვრა სააპელაციო საჩივრის ღირებულება.
19. საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობა ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის თვალსაჩინო მაგალითია, თუმცა იგი უფლებით დაცულ სფეროში ჩარევად ვერ განიხილება, რადგანაც საკანონმდებლო საფუძველი აქვს და გამართლებულია შედარებით ნაკლები ღირებულების მქონე დავის სწრაფად დამთავრებით (იხ. ასევე სსსკ-ის - 2.2. მუხლი).
20. საკასაციო სასამართლო, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) ფარგლებში დამატებით განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს პრაქტიკა განაცხადის დასაშვებობისას ამოწმებს ზიანის (დანახარჯების) ოდენობას და მიიჩნევს, რომ მცირე ღირებულების საქმეებზე, თუკი არ დასტურდება პირის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტი, განაცხადს დაუშვებლად მიიჩნევს სწორედ „ზიანის მცირე მნიშვნელობის“ (დავის ქონებრივი ცენზის დაწესება) გათვალისწინებით (ECHR: Ionescu v. Romania; Vasilchenko v. Russia; Stefanescu v. Romania და სხვა. სუსგ №ას-230-218-2017, 28.04.2017წ.; №ას-1305-2019, 21.11.2019წ.; №1572-2019, 30.03.2020წ.; №ას-1566-2023, 30.01.2024წ.).
21. სსსკ-ის 365-ე მუხლით დადგენილი სააპელაციო საჩივრის ფასი მხარისათვის მინიჭებული გასაჩივრების უფლების ერთ-ერთ კანონიერი წინაპირობაა, რომელიც სამართალწარმოების დროულ და ეფექტურ ორგანიზებასა და განხორციელებას ემსახურება, რაც არ შეიძლება ისეთ დანაწესად შეფასდეს, რომელიც არასამართლიანად ართმევს მომჩივანს სასამართლოსადმი წვდომის უფლებას (Mirigall Escolano and Others v. Spain, 38366/97, $33, 2000, ECHR. სუსგ №ას-692-646-2017, 14.07.2017წ.; №ას- 533-533-2018, 22.06.2018წ.; №ას-1654-2023, 20.02.2024წ.).
22. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 დეკემბრის განჩინება, დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე საფუძვლიანია, ხოლო წარმოდგენილი კერძო საჩივარი არადამაჯერებელი და არასაკმარისი მტკიცების ხარისხის გათვალისწინებით - დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ.ბ–ნის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე