Facebook Twitter

საქმე Nა-5063-შ-152-2023

29 მარტი, 2024 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენით

შუამდგომლობის ავტორი – შპს „გ.უ–ნა“

წარმომადგენელი - მ.ტ–ი

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ჩ–ი“

წარმომადგენელი - მ.ბ–ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს შუამდგომლობის ავტორი – უკრაინის სუმის ოლქის კომერციული სასამართლოს 2023 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება ( საქმე N920/970/22)

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

უკრაინის ქალაქ სუმის ოლქის კომერციული სასამართლოს 2023 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით, შპს „გ.უ–ნის“ სარჩელი მოპასუხის შპს „ჩ–ის“ მიმართ 21 521,18 ევროს და სასამართლო მოსაკრებლის გადახდის ხარჯების 12 286 გრივნია 14 კაპ. ანაზღაურების მოთხოვნის შესახებ დაკმაყოფილდა.

უკრაინის ქალაქ სუმის ოლქის კომერციული სასამართლოს 2023 წლის 20 მარტის გადაწყვეტილების თანახმად, მოწინააღმდეგე მხარე სათანადოდ იყო ინფორმირებული სასამართლო სხდომის ადგილისა და დროის შესახებ, ასევე, გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2023 წლის 11 აპრილს. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ დასახელებული გადაწყვეტილება არ აღსრულებულა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით, შპს „გ.უ–ნას“ შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული.

შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ასლები კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა მოწინააღმდეგე მხარეს. მან შუამდგომლობასთან დაკავშირებით სასამართლოში წარმოადგინა მოსაზრება, ასევე, მოითხოვა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა.

მოპასუხემ აღნიშნა, რომ უკრაინის ქ. სუმის ოლქის კომერციული სასამართლოს 2023 წლის 20 მარტის გადაწყვეტილების ცნობა აღსრულება არ უნდა მოხდეს, რადგან აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია შპს „ჩ–ის“ დაუსწრებლად. შპს „ჩ–ი“ არ იყო წინასწარ ინფორმირებული სასამართლო სხდომის გამართვის ადგილისა და დროის შესახებ, მათ მიერ გაგზავნილ შესაგებელში ცალსახად აღინიშნა, რომ არ ცნობდნენ სარჩელს და ითხოვდენ სასამართლო სხდომაზე დასწრებას ვიდეოკონფერენციის საშუალებით. 02.02.2023 წელს მიიღეს უკრაინის ქ. სუმის ოლქის კომერციული სასამართლოდან 16.01.2023 წლის დადგენილება რომლითაც ეცნობა, რომ მოსამზადებელი სხდომა ჩაინიშნა 13.02.2023 წელს. ამავე დადგენილებით გათვალისწინებული იყო სასამართლო სხდომაზე მათი დასწრების უფლება ვიდეოკონფერენციის რეჟიმით - რომლის ინსტრუქცია დამატებით არ მიუღია. 3.02.2023 წელს მათი უფლებამოსილი წარმომადგენლის მცდელობის მიუხედავად სასამართლოსთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. ამის შემდეგ არ ქ. სუმის ოლქის კომერციული სასამართლოს არანაირი შეტყობინება იმის შესახებ რომ საქმის განხილვა ჩაინიშნა 20.03.2023 წელს, არ მიუღიათ, შესაბამისად ამ სასამართლო პროცესს ვერ დაესწრებოდნენ და არც ამ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების საშუალება მისცემია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. 70-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას. აღსრულებაზე გადაწყვეტილება მიიღება დაინტერესებული მხარის მიერ შესაბამისი შუამდგომლობის აღძვრის შემდეგ. სამეწარმეო და სხვა ეკონომიკური საქმიანობის საკითხებზე მართლმსაჯულებას რუსეთის ფედერაციაში ახორციელებენ საარბიტრაჟო სასამართლოები. სწორედ ასეთი სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების საკითხზე მსჯელობს პალატა. კანონის 71-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, შუამდგომლობას აღსრულებისათვის თან უნდა დაერთოს სასამართლო გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი და დამოწმებული ქართული თარგმანი, აგრეთვე ცნობა გადაწყვეტილების ძალაში შესვლისა და მისი აღსრულების აუცილებლობის შესახებ, თუ ეს შუამდგომლობის ტექსტიდან არ გამომდინარეობს. შუამდგომლობის განხილვის პროცესში უნდა დადგინდეს, დაცულია თუ არა ამ კანონის 68-ე მუხლით გათვალისწინებული პირობები.

კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის და 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის და აღსრულების საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ 1993 წლის მინსკის კონვენციით (შემდგომში „კონვენცია“). კონვენციის მე-3 თავი აწესრიგებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის სასამართლო გადაწყვეტილებათა ცნობა-აღსრულების წესებს. კონვენციის 51-ე მუხლის მიხედვით, ხელშემკვრელი სახელმწიფოები ცნობენ და აღასრულებენ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიღებულ სამოქალაქო და საოჯახო საქმეებზე იუსტიციის დაწესებულებების გადაწყვეტილებებს. კონვენციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სასამართლო, რომელიც განიხილავს ხელშემკვრელი მხარის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების საკითხს, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია.

revision au fond-ის აკრძალვის სახელით ცნობილი პრინციპი კატეგორიულად უარყოფს უცხო ქვეყნის სასამართლოს თუ არბიტრაჟის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შინაარსობრივ გადამოწმებას (სუსგ №ა-952-შ-23-2016, 06.07.2015წ.). ცნობისა და აღსრულების საკითხის გადაწყვეტისას არ ხდება საცნობი გადაწყვეტილების სამართლებრივი გამართულობის შემოწმება და მხარეთა შორის წარმოშობილი დავის ხელმეორედ არსებითი განხილვა. სასამართლო ამოწმებს მხოლოდ უცხო ქვეყნის სასამართლოს/არბიტრაჟის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა-არარსებობის საკითხს (სუსგ №ა-2761-შ-69-2016, 07.07.2017წ.,პუნ.13). უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობაზე და აღსასრულებლად მიქცევაზე უარის თქმის საფუძვლები მოცემულია როგორც კონვენციის 55-ე მუხლში (გადაწყვეტილებების აღიარებაზე და იძულებითი აღსრულების ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუკი: ა) ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის თანახმად, რომლის ტერიტორიაზეც გამოტანილია გადაწყვეტილება, იგი არ შესულა კანონიერ ძალაში ან არ ექვემდებარება აღსრულებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გადაწყვეტილება ექვემდებარება აღსრულებას კანონიერ ძალაში შესვლამდე; б) მოპასუხეს არ მიუღია მონაწილეობა პროცესში იმის გამო, რომ მას ან მის რწმუნებულს დროულად არ გადასცეს სასამართლოში გამოძახება; ბ) საქმეზე იმავე მხარეებს, იმავე საგანზე და იმავე საფუძველზე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, სადაც აღიარებულ და აღსრულებულ უნდა იქნას გადაწყვეტილება, ადრე უკვე გამოტანილი იყო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან არსებობს მესამე სახელმწიფოს სასამართლოს აღიარებული გადაწყვეტილება, ანდა თუ ამ ხელშემკვრელი მხარის დაწესებულებამ ადრე აღძრა წარმოება ამ საქმეზე; გ) წინამდებარე კონვენციის დებულებათა თანახმად, ხოლო მის მიერ გაუთვალისწინებელ შემთხვევებში იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობისა, რომლის ტერიტორიაზეც გადაწყვეტილება აღიარებული და აღსრულებული უნდა იქნას, საქმე ეხება მისი დაწესებულების განსაკუთრებულ კომპეტენციას; დ) არ არსებობს დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მხარეთა შეთანხმებას სახელშეკრულებო განსჯადობის შესახებ; ე) ამოიწურა იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის ვადა, გათვალისწინებული იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის სასამართლოც ასრულებს დავალებებს), ისე კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტში (გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.

გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების საწინააღმდეგოდ მოპასუხე უთითებს, რომ მართალია ინფორმირებული იყო უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ საქმის განხილვის თაობაზე, თუმცა არ მიეცა პროცესში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს. კერძოდ, პალატა ყურადღებას გაამახვილებს შპს „ჩ–ის“ შესაგებელზე, რომელიც დათარიღებულია 2022 წლის 14 დეკემბრით, სადაც, მოპასუხე მხარემ იშუამდგომლა სხდომაზე ჩართვა ვიდეოკონფერენციით.

სუმის ოლქის კომერციული სასამართლოს 2023 წლის 16 იანვრის დადგენილებით დასტურდება, რომ მოპასუხე არ გამოცხადდა მოსამზადებელ სხდომაზე. საქმის წარმოების დაწყების შესახებ დადგენილება არ ჩაბარებია, რის გამოც სასამართლომ გააგრძელა მოსამზადებელი წარმოების ვადა 30 დღით და გადადო მოსამზადებელი სხდომა 13.2.2023. ასევე, მხარეებს განემარტათ სხდომაზე ვიდეოკონფერენციის რეჟიმში მონაწილების უფლების შესხებ; საქმის მასალებით ასევე ირკვევა, რომ ვიდეოკონფერენციის ფორმატით სხდომაში მონაწილეობის თაობაზე მოპასუხეს განემარტა, რომ სოციალური პლატფორმით სხდომის ჩატარებას უკრაინის კანონმდებლობა არ ითვალისწინებს და შესაძლებელია მხოლოდ სპეციალურ ელექტრონულ პლატფორმაზე დარეგისტრირება, რისთვისაც საჭიროა უკრაინის მოქალაქის ელექტრონული ხელმოწერის ქონა. დადგენილია რომ მოპასუხეს განესაზღვრა გონივრული ვადა, რათა ესარგებლა უკრაინის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ვიდეოკონფერენციის მეშვეობით მიეღო პროცესში მონაწილეობა, თუმცა მხარეს ამ შესაძლებლობით არ უსარგებლია.(აღნიშნული საპროცესო მოქმედებით გამოყენება ხელმისაწვდომი იყო სათანადო კვალიფიციური იურიდიული დახმარების ფარგლებში და რა თქმა უნდა ცნობილი იყო მოწინააღმდეგე მხარისთვის, რომელიც არის სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელი პირი).

საკასაციო პალატის განმარტებით, მოპასუხის სათანადო წესით მოწვევასთან მიმართებით მნიშვნელოვანია, რომ, როდესაც შუამდგომლობას თან ერთვის მოპასუხის მოწვევის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი, წარმოიშობა გაბათილებადი პრეზუმფცია (rebuttable presumption), რომ მოპასუხე მოწვეული იყო სასამართლო განხილვაზე. მოპასუხეს აქვს შესაძლებლობა, წარმოადგინოს დამატებითი მტკიცებულებები, რათა ეს პრეზუმფცია გააბათილოს და მტკიცების ტვირთი კვლავ მოსარჩელეზე გადაიტანოს (საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთდახმარება სამოქალაქო საქმეებზე, პრაქტიკული სახელმძღვანელო, თბილისი, 2018 წ. გვ.110) (სუსგ №ა-4330-შ-121-2016, 26.02.2018წ; №ა-3821-შ-96-2023,10.10.2023წ.).

საკასაციო პალატა პალატა არ იზიარებს მოწინააღმდეგე მხარის მტკიცებას იმის შესახებ, რომ კანონით დადგენილი წესით არ მიეცა პროცესში ჩართვის შესაძლებლობა. მხარეს არ წარმოუდგენია საქმის განხილვის მსვლელობისას, საპროცესო კანონმდებლობის დარღვევის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, თანდართულ მასალებს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შუამდგომლობა აკმაყოფილებს დაწესებულ მოთხოვნებს, არ არსებობს მის ცნობაზე და აღსასრულებლად მიქცევაზე უარის თქმის რაიმე საფუძველი, რის გამოც იგი უნდა დაკმაყოფილდეს, გადაწყვეტილება საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ უნდა იქნას და დაექვემდებაროს აღსრულებას.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე და 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე და 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „გ.უ–ნას“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და აღსასრულებლად მიექცეს უკრაინის სუმის ოლქის კომერციული სასამართლოს 2023 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება რომლითაც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „გ.უ–ნ“-ის სარჩელი მოპასუხის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ჩ–ი”-ს წინააღმდეგ 21521,18 ევროს ანაზღაურების მოთხოვნით სრულად დაკმაყოფილდა. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ჩ–ი“-სგან (......... ნაკვეთი 726, დიდი ლილო, ქ. თბილისი, საფოსტო კოდი ....., საქართველო, ისნ .......) შეგროვდეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „გ.უ–ნის“ სასარგებლოდ (.... გამზირი, 147/4 ქ. სუმი, 4...., უკრაინა, ედრპოუ კოდი ....) ძირითადი დავალიანება 21,521,28 ევროს ოდენობით და სასამართლო მოსაკრებლის გადახდის ხარჯები 12 285 ჰრივნია 14 კაპ. ოდენობით.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე