საქმე № ას-1553-2023 22 მაისი, 2024 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - ააიპ „სოფლის განვითარების სააგენტო“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - სს „თ.ბ–ი“ (აპელანტი, მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 13 ოქტომბრის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის არსებითი განხილვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტომ (შემდგომში მოსარჩელე, სააგენტო, კასატორი ან საკასაციო საჩივრის ავტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „თ.ბ–ის“ (შემდგომში მოპასუხე, კომერციული ბანკი ან ბანკი) მიმართ „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებების დარღვევიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება
3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 მაისის მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც წარდგენილი სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს, ID889… სესხზე - 8658.61 ლარის, ხოლო ID.... სესხზე - 2 097.52 ლარის გადახდა.
4. მოპასუხის საჩივარი
4.1. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
5. საქალაქო სასამართლოს განჩინება
5.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 ივნისის განჩინებით მოპასუხის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
6. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი
6.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 ივნისის განჩინებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინებისა და საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
7. სააპელაციო სასამართლოს განჩინება
7.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 დეკემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების შესახებ ამავე სასამართლოს 2022 წლის 13 ივნისის განჩინება და საქმე მისი მომზადების სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს.
8.მოსარჩელის საკასაციო საჩივარი
8.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 დეკემბრის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების, ასევე, საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება.
9.უზენაესი სასამართლოს განჩინება
9.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 31 მაისის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
10. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
10.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. მოცემულ საქმეზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების შესახებ ამავე სასამართლოს 2022 წლის 13 ივნისის განჩინება და საქმე მისი მომზადების სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს.
10.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა უზენაესი სასამართლოს მითითება და უდავოდ დადგენილი გარემოება იმის შესახებ, რომ მოპასუხის სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული არ ყოფილა საპატიო მიზეზით. შესაბამისად, ამ საკითხზე სააპელაციო პალატამ აღარ განავითარა მსჯელობა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის ფარგლებში შეაფასა მხოლოდ სარჩელის იურიდიული გამართულობა.
10.3. სასამართლომ მიუთითა საქმის მასალებით უდავოდ დადენილ ფაქტობრივ გარემოებებზე (- საქართველოს მთავრობის №139 განკარგულებით დამტკიცებული „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის" ფარგლებში, 2017 წლის 15 თებერვალს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება;
- მოსარჩელეს, მოპასუხესა და გ. ბ–ძეს შორის გაფორმდა ორი მიზნობრივი თანადაფინანსების შეთანხმება (2017 წლის 27 აპრილს სესხის ID 8892.. და 2017 წლის 27 ნოემბერს სესხის ID .... შეთანხმებები);
- სესხები გაიცა 275 კვ.მ ფერმის მშენებლობისა და მოწყობისთვის;
- პროექტის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის „გ" ქვეპუნქტისა და ხელშეკრულების №1 დანართის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ შეღავათიანი აგროკრედიტის მიზნობრიობას წარმოადგენს უძრავი ნივთის (შენობა-ნაგებობის) მშენებლობა, მიწის ნაკვეთი, რომელზეც იგეგმება აღნიშნული მიზნობრიობის განხორციელება უნდა იყოს მსესხებლის საკუთრებაში ან მიწის ნაკვეთზე უნდა არსებობდეს შესაბამისი სარგებლობის უფლება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მისი მოქმედების ვადა არ უნდა იყოს სესხის ვადაზე ნაკლები. ხელშეკრულების პირობების (მე-3 მუხლის 3.1.2 ქვეპუნქტი) შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია განახორციელოს კომერციული ბანკის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი;
- მოსარჩელემ ჩაატარა მოპასუხის მიერ გაცემული სესხების მონიტორინგი და დადგინდა, რომ მოპასუხემ სესხები გასცა ხელშეკრულების პირობების დარღვევით, კერძოდ, 2017 წლის 27 აპრილს სესხი ID 8892... გაიცა საკადასტრო კოდზე ..... ფერმის მშენებლობის მიზნობრიობით, ხოლო 2017 წლის 27 ნოემბერს ID .... ამავე ფერმის მშენებლობის დასრულების მიზნობრიობით. პირველი სესხის გაცემის მომენტისთვის მიწის ნაკვეთი, რომელზეც განხორციელდა ფერმის მშენებლობა არ წარმოადგენდა ბენეფიციარის საკუთრებას და რეგისტრირებული იყო ე.პ–სა და თ.ჭ––ძის თანასაკუთრებაში, ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით დგინდება, რომ 2017 წლის 27 აპრილს ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე ქირავნობის ხელშეკრულება გ.ბ–ძესთან გააფორმა გ.პ–მა, მიწაზე, რომელიც არ იყო რეგისტრირებული მის საკუთრებაში. გ.პ–ი ზემოაღნიშნული მიწის მესაკუთრედ სსიპ საჯარო რეესტრიის ეროვნული სააგენტოში დარეგისტრირდა 2017 წლის 10 მაისს. ამასთან, წარმოდგენილი ქირავნობის ხელშეკრულება გაფორმდა 5 წლის ვადით, შესაბამისად, საჯარო რეესტრის შესახებ კანონის თანახმად, ექვემდებარებოდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციას, რაც არ მომხდარა. 2017 წლის 27 ნოემბერს სესხი ID .... გაიცა ამავე ფერმის მშენებლობის დასრულებისთვის, ზემოაღნიშნულ დარღვევებს დაემატა ის, რომ ზემოაღნიშნული ქირავნობის მოქმედების დარჩენილი ვადა სესხის გაცემისას იყო სესხის ვადაზე ნაკლები;
- ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.5 პუნქტის შესაბამისად, კომერციულ ბანკს სააგენტოს სასარგებლოდ ეკისრება პირგასამტეხლო, რომლის ოდენობა შეადგენს სააგენტოს პროექტების მონიტორინგის შედეგების განხილვის კომისიის მიერ დარღვევის დაფიქსირების მომენტში სააგენტოს მხრიდან ბენეფიციარისთვის გადახდილი თანადაფინანსების ჯამური თანხის ორმაგ ოდენობას. შესაბამისად, სესხზე ID .... მოპასუხეს დაეკისრა პირგასამტეხლო სააგენტოს მიერ ბენეფიციარისთვის გადახდილი თანადაფინანსების ჯამური თანხის ორმაგი ოდენობით - 2 097.52 ლარი. (თანადაფინანსების თანხის 1 048.76 ლარის ორმაგი ოდენობა). ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.5 პუნქტის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ სააგენტოს პროექტების მონიტორინგის შედეგების განხილვის კომისიის მიერ დარღვევის დაფიქსირების მომენტში სააგენტოს მხრიდან ბენეფიციარისთვის გადახდილი თანადაფინანსების ჯამური თანხა აღემატება 2 500 ლარს, პირგასამტეხლოს თანხა დაითვლება შემდგენაირად: თანადაფინანსების თანხას დამატებული 2 500 ლარი. შესაბამისად, სესხზე ID 889.. მოპასუხეს დაეკისრა პირგასამტეხლო 8 658.61 ლარი (თანადაფინანსების თანხას - 6 158.61 ლარს დამატებული 2 500 ლარი);
- მოსარჩელემ 2018 წლის 19 ივლისის №1/1313 წერილით აცნობა მოპასუხეს სესხებზე (ID 889.... და ID ....) პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ, რომელიც დაეკისრა მას ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.5 პუნქტის შესაბამისად. მოპასუხის მიერ დარღვეულია პროექტის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი და ხელშეკრულების დანართი №1. კერძოდ, მიწის ნაკვეთზე ს/კ ...... ქარავნობის ხელშეკრულება გაფორმებულია 2017 წლის 27 აპრილს, 5 წლის ვადით და სესხის ID 8892... გაცემისას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არ ყოფილა რეგისტრირებული. ამასთან, გამქირავებელი ქირავნობის ხელშეკრულების გაფორმებისას არ წარმოადგენდა მიწის ნაკვეთის ს/კ ..... მესაკუთრეს;
- მოპასუხის მიერ დარღვეულია პროექტის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის „გ" ქვეპუნქტი და ხელშეკრულების დანართი №1. კერძოდ, მიწის ნაკვეთზე ს/კ ...... ქირავნობის ხელშეკრულება გაფორმებული იყო 5 წლის ვადით და სესხის გაცემისას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში" არ ყოფილა რეგისტრირებული. ამასთან, ვინაიდან ქირავნობის ხელშეკრულება გაფორმებული იყო 5 წლის ვადით, 2017 წლის 27 აპრილს, მისი მოქმედების დარჩენილი ვადა სესხის ID .... გაცემისას იყო სესხის ვადაზე ნაკლები;
- სააგენტოს პროექტების/პროგრამების მონიტორინგის შედეგების განხილვის კომისიამ 2018 წლის 6 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ. ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.5 პუნქტის შესაბამისად, რომლის ჯამურმა ოდენობამ შეადგინა 10 756.13 ლარი (სესხზე ID889..., მოპასუხეს დაეკისრა - 8658.61 ლარი, რაც შედგება სააგენტოს მხრიდან ბენეფიციარისთვის გადახდილი თანადაფინანსების ჯამური თანხის 6 158.61 ლარისა და პირგასამტეხლოს, 2 500 ლარისგან, ხოლო სესხზე ID...., მოპასუხეს დაეკისრა სააგენტოს მხრიდან ბენეფიციარისთვის გადახდილი თანადაფინანსების ჯამური თანხის ორმაგი ოდენობა - 2097.52 ლარი) და ამასთანავე, წარდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში შეაფასა, არსებობდა თუ არა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების დარღვევიდან გამომდინარე მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობა. ამ მიზნით, სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის მე-8, 59-ე, 68-ე, 69-ე, 581-ე-591-ე მუხლებით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-11 მუხლით, იმსჯელა საქმეზე წარდგენილი იჯარის ხელშეკრულების (რომელიც საფუძვლად დაედო მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმებულ სესხის ხელშეკრულებებს) ნამდვილობაზე და დაასკვნა, რომ ვინაიდან მოდავე მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულებები გაცემულია ნამდვილი იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე და აქედან გამომდინარე, არ დგინდება მოსარჩელის მიმართ ნაკისრი ვალდებულებების მოპასუხის მხრიდან დარღვევის ფაქტი, აღნიშნული გამორიცხავდა სესხის ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულების გამო პირგასამტეხლოს მოპასუხისთვის დაკისრების შესაძლებლობას. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, რის გამოც, არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების ფარგლებში სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობა.
11. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი
11.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
11.2. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლი, იგი გასცდა მითითებული ნორმის მოთხოვნებს და დადასტურებულად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებს კი არ მისცა იურიდიული შეფასება, არამედ არსებითად განიხილა და იმსჯელა სარჩელის საფუძვლიანობაზე, გამოიკვლია მტკიცებულებები და მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც გასცდა საპროცესო კოდექსით განსაზღვრულ დაუსწრებელი გადაწყვეტილების რეჟიმში მისაღები გადაწყვეტილების ფარგლებს. სააპელაციო სასამართლოს უნდა განესაზღვრა მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმა და შემდეგ დაედგინა, იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები აკმაყოფილებდნენ თუ არა დამფუძნებელი ნორმის აღწერილობას.
12. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
12.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
12.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობისა და წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
13. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოს მიერ გაუქმების კანონიერება. კასატორი აცხადებს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლი და დადასტურებულად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებს კი არ მისცა იურიდიული შეფასება, არამედ არსებითად განიხილა და გადაწყვიტა სარჩელის ბედი.
14. კასატორის პრეტენზიის შემოწმებამდე, საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, მიუთითებს იმ უდავოდ დადგენილ გარემოებაზე (რასაც არც მოპასუხე ხდის სადავოდ), რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობა არასაპატიოდაა მიჩნეული (იხ. მოცემულ საქმეზე მიღებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 31 მაისის განჩინება, პარაგრაფი 51-64, ს. ფ 341-362). ამდენად, წინამდებარე საკასაციო საჩივრის ფარგლებში შესაფასებელია მხოლოდ ის საკითხი, მოპასუხის არასაპატიო მიზეზით სხდომაზე გამოუცხადებლობა, კონკრეტულ შემთხვევაში, ქმნიდა თუ არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობას და სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებდა თუ არა სასარჩელო მოთხოვნას.
15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე. ზემოაღნიშნული კანონის დანაწესის საფუძველზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა დადასტურდეს შემდეგი წინაპირობები: 1. მოპასუხეს საქმის განხილვის შესახებ კანონის მოთხოვნათა დაცვით ეცნობა; 2. იგი სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა; 3. მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, 4. სარჩელში მითითებული გარემოებები (ფაქტები) იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.
16. მითითებული საფუძვლების კუმულაციურად არსებობა ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას, თუმცა, იმისათვის, რათა სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დააკმაყოფილოს სარჩელი, მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებენ თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას (შდრ. სუსგ №ას-1468-1388-2017, 11 მაისი, 2018 წელი).
17. უზენაესი სასამართლოს არაერთ განჩინებაშია განმარტებული, თუ რას მოიაზრებს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას სასარჩელო მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა - აღნიშნული გულისხმობს მოთხოვნის დამფუძნებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის სწორად განსაზღვრასა და იმის უტყუარად დადგენას, სარჩელში მითითებული და კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული გარემოებების სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასება იძლევა თუ არა დამფუძნებელი ნორმის შემადგენლობას. მითითებულ წინაპირობათაგან თუნდაც ერთ-ერთის არარსებობა იწვევს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმასა და მხარეთა დაბარებას სასამართლო სხდომაზე. ასეთ შემთხვევაში, განსხვავებულია მოპასუხის უფლებრივი მდგომარეობა, კერძოდ, მოპასუხისაგან მტკიცებულებები არ მიიღება, სამართლებრივი ბალანსი იმგვარია, რომ მოპასუხეს მხოლოდ სამართლებრივი შესაგებლის წარდგენის უფლება აქვს, ანუ თავდაცვის საპროცესო საშუალება მხოლოდ მოთხოვნასთან მიმართებით მისი სამართლებრივი მოსაზრებით შემოიფარგლება (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განჩინება საქმეზე №ას-121-117-2016, 17 მარტი, 2016 წელი).
18. ამრიგად, მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა მოიაზრებს სასამართლოს მხრიდან დამფუძნებელი ნორმების სწორად მოძიებას, რომლებიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტს წარმოადგენს და ქმნის ამა თუ იმ ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგების აბსტრაქტულ შემადგენლობას. ნორმ(ებ)ის მოძიების შემდეგ სასამართლო ადგენს, სარჩელში მითითებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები დამფუძნებელი ნორმ(ებ)ის აბსტრაქტულ აღწერილობას აკმაყოფილებენ თუ არა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის წარმატების საფუძველია (იხ. სუსგ საქმე №ას-2-2-2017, 14 ივლისი, 2017 წელი), ანუ მოთხოვნის იურიდიული მართებულობა უნდა შემოწმდეს იმის მიხედვით, არის თუ არა იგი კანონიერი, შეიძლება თუ არა სასამართლოში ასეთი სასარჩელო მოთხოვნა წარდგენილ იქნეს და იგი დაკმაყოფილდეს კანონმდებლობის შესაბამისად (იხ. სუსგ საქმე №ას-273-2020, 29 იანვარი, 2021 წ.; საქმე №ას-1168-2022, 18 იანვარი, 2023 წ.; საქმე №ას-1416-2022, 7 თებერვალი, 2023 წ.; საქმე №ას-1440-2022, 2 მარტი, 2023 წ.).
19. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას იმის შესახებ, რომ მოპასუხის პროცესზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისა და სარჩელში მითითებული გარემოებების დამტკიცებულად მიჩნევის პირობებშიც სასამართლოს უნდა გამოეკვლია და შეეფასებინა სადავო ხელშეკრულების გაფორმების მიზნით დადებული საიჯარო ხელშეკრულებების ნამდვილობის საკითხი და ისე ემსჯელა დაუსწრებელი გადაწვეტილების მიღების საფუძვლიანობაზე.
20. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს უზენაესი სასამართლოს არაერთ განმარტებაზე იმის შესახებ, რომ მოპასუხის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლო არ იხედება საქმეში, არ ამოწმებს და არ აფასებს მტკიცებულებებს, ვინაიდან ეს საჭირო არაა, რადგან გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტები დამტკიცებულად ითვლება, მაგრამ „იხედება კანონში,“ რათა მისცეს ამ დამტკიცებულად ჩათვლილ ფაქტებს იურიდიული შეფასება. თუ ასეთი შეფასების შედეგად აღმოჩნდება, რომ აღნიშნული ფაქტები ამართლებენ შესაბამისი კანონის თანახმად მოსარჩელის მოთხოვნას, სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლომ უნდა გამოიტანოს ჩვეულებრივი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ (იხ. თ. ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, თბ., 2005, გვ.400; სუსგ საქმე №ას-1102-2018, 18 თებერვალი, 2021 წელი).
21. მოპასუხე მხარის სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის კონტექსტში დადგენილად მიიჩნევა დავის ფაქტობრივი გარემოებები, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლო დადგენილად მიიჩნევს არა მხარის მოსაზრებებს, არამედ, იურიდიული მნიშვნელობის მქონე იმ ფაქტებს, რომლებიც მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის შემადგენლობას ქმნიან. რაც შეეხება ამა თუ იმ მოსაზრებას, რომელსაც მხარე ავითარებს, ისინი სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს, რა დროსაც საქმის განმხილველი შემადგენლობა ამოწმებს ამ ფაქტებს მატერიალური სამართლის დანაწესებთან მიმართებით. თავის მხრივ, უნდა აღინიშნოს, რომ მართლმსაჯულების აქტი, მიუხედავად იმისა, იგი მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპითაა მიღებული თუ ერთ-ერთი მხარის გამოუცხადებლობის შედეგად, ყოველთვის უნდა ემყარებოდეს მატერიალური სამართლის ნორმას. საქმის განხილვაზე ერთ-ერთი მხარის გამოუცხადებლობა, თუნდაც ეს არასაპატიო მიზეზით იყოს განპირობებული, სასამართლოს არ აქვს უფლებამოსილება, გადაწყვეტილებას მხოლოდ სამართლებრივი სანქციის ფუნქცია შესძინოს და იურიდიული შეფასების გარეშე დააკმაყოფილოს გამოცხადებული მხარის ყველა პრეტენზია. სწორედ ამგვარი თვითნებობის თავიდან აცილებას ემსახურება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის დათქმა.
22. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო არ იხილავს მტკიცებულებებს და არ შედის მათ არსებით კვლევაში, მსჯელობს მხოლოდ სარჩელში მითითებულ ფაქტებზე და, სარჩელის შინაარსიდან გამომდინარე, დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოაქვს იმ შემთხვევაში, თუ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას (იხ. სუსგ საქმე №ას-1102-2018, 18 თებერვალი, 2021 წელი).
23. წინამდებარე საქმეზე უდავოდ დადგენილია, რომ მოსარჩელემ მოპასუხის მიმართ წარდგენილი სარჩელით მოითხოვა ბანკისთვის პირგასამტეხლოს დაკისრება და სარჩელი დაამყარა იმ გარემოებას, რომ საქართველოს მთავრობის №139 განკარგულებით დამტკიცებული „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის" ფარგლებში გაფორმებული სესხის ხელშეკრულებებით (ორი მიზნობრივი თანადაფინანსების შეთანხმებების - 2017 წლის 27 აპრილს - ID 8892911 სესხის და 2017 წლის 27 ნოემბერს - ID .... სესხის ხელშეკრულებებით) მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ ეკისრებოდა გარკვეული ვალდებულებები (ბანკი გასცემდა ბენეფიციარზე შეღავათიან აგროკრედიტს საკუთარი შეხედულებისამებრ ხელშეკრულებითა და პროექტით განსაზღვრული პირობებით, ხოლო აგროკრედიტის გაცემის შემთხვევაში, სააგენტო განახორციელებდა გაცემულ შეღავათიან აგროკრედიტზე განსაზღვრული წლიური საპროცენტო განაკვეთის მიზნობრივ თანადაფინანსებას და მეორად უზრუნველყოფას ხელშეკრულებისა და პროექტის პირობების შესაბამისად; პროექტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ შეღავათიანი აგროკრედიტი გაიცემოდა უძრავი ნივთის (შენობა-ნაგებობის) მშენებლობის მიზნით, მიწის ნაკვეთი, რომელზეც დაიგეგმებოდა შენობის აგება, მსესხებლის საკუთრებაში უნდა ყოფილიყო ან ამ მიწის ნაკვეთზე უნდა გავრცელებულიყო მსესხებლის შესაბამისი სარგებლობის უფლება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და მისი მოქმედების ვადა არ უნდა ყოფილიყო სესხის ვადაზე ნაკლები), რაც მან არ შეასრულა – მოპასუხემ სესხები გასცა ხელშეკრულების პირობების დარღვევით (მოსარჩელის მიერ ჩატარებული მონიტორინგის (გაცემული სესხების მონიტორინგის) ფარგლებში დადგენილია, რომ 2017 წლის 27 აპრილს სესხი ID 8892911 გაიცა საკადასტრო კოდზე ..... ფერმის მშენებლობის მიზნობრიობით, ხოლო 2017 წლის 27 ნოემბერს ID .... ამავე ფერმის მშენებლობის დასრულების მიზნობრიობით. პირველი სესხის გაცემის მომენტისთვის მიწის ნაკვეთი, რომელზეც განხორციელდა ფერმის მშენებლობა არ წარმოადგენდა ბენეფიციარის საკუთრებას და რეგისტრირებული იყო ე.პ–სა და თ.ჭ––ძის თანასაკუთრებაში, ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით დადგინდა, რომ 2017 წლის 27 აპრილს ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე ქირავნობის ხელშეკრულება გ.ბ–ძესთან გააფორმა გ.პ–მა, მიწაზე, რომელიც არ იყო რეგისტრირებული მის საკუთრებაში. გ.პ–ი ზემოაღნიშნული მიწის მესაკუთრედ სსიპ საჯარო რეესტრიის ეროვნული სააგენტოში დარეგისტრირდა 2017 წლის 10 მაისს. ამასთან, წარმოდგენილი ქირავნობის ხელშეკრულება გაფორმდა 5 წლის ვადით, შესაბამისად, „საჯარო რეესტრის შესახებ კანონის“ თანახმად, ექვემდებარებოდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციას, რაც არ მომხდარა. 2017 წლის 27 ნოემბერს სესხი ID .... გაიცა ამავე ფერმის მშენებლობის დასრულებისთვის, ზემოაღნიშნულ დარღვევებს დაემატა ის, რომ ზემოაღნიშნული ქირავნობის მოქმედების დარჩენილი ვადა სესხის გაცემისას იყო სესხის ვადაზე ნაკლები; მეორე სესხის (ID .... სესხის) გაცემისას მოპასუხემ დაარღვია პროექტის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის „გ" ქვეპუნქტი და ხელშეკრულების დანართი №1. კერძოდ, მიწის ნაკვეთზე ს/კ ..... ქირავნობის ხელშეკრულება გაფორმებული იყო 5 წლის ვადით და სესხის გაცემისას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არ ყოფილა რეგისტრირებული. ამასთან, ვინაიდან ქირავნობის ხელშეკრულება გაფორმებული იყო 5 წლის ვადით, 2017 წლის 27 აპრილს, მისი მოქმედების დარჩენილი ვადა სესხის ID .... გაცემისას იყო სესხის ვადაზე ნაკლები), შესაბამისად, მას ეკისრებოდა ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს გადახდა (სააგენტოს პროექტების/პროგრამების მონიტორინგის შედეგების განხილვის კომისიამ 2018 წლის 6 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ. ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.5 პუნქტის შესაბამისად, რომლის ჯამურმა ოდენობამ შეადგინა 10 756.13 ლარი (სესხზე ID..., მოპასუხეს დაეკისრა - 8658.61 ლარი, რაც შედგება სააგენტოს მხრიდან ბენეფიციარისთვის გადახდილი თანადაფინანსების ჯამური თანხის 6 158.61 ლარისა და პირგასამტეხლოს, 2 500 ლარისგან, ხოლო სესხზე ID...., მოპასუხეს დაეკისრა სააგენტოს მხრიდან ბენეფიციარისთვის გადახდილი თანადაფინანსების ჯამური თანხის ორმაგი ოდენობა - 2097.52 ლარი).
24. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უასფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. სსკ 361-ე მუხლის თანახმად კი, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისთვის მოვალემ უნდა გადაიხადოს პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა (სსკ-ის 417-ე მუხლი).
25. ზემოაღნიშნული სამართლებრივი განმარტებებისა და იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოპასუხის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დადასტურებულადაა მიჩნეული, საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ აღნიშნული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, ვინაიდან სახეზეა ყველა ის მოცემულობა, რაც განსახილველ დავაში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი შეიძლებოდა გამხდარიყო – ბანკმა აგროკრედიტის ფარგლებში არამიზნობრივად გასცა აგროსესხები, რითაც დაარღვია ხელშეკრულების პირობები, შესაბამისად, მოსარჩელეს წარმოეშვა მოპასუხისგან პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება.
26. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება (რომლითაც გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების შესახებ 2022 წლის 13 ივნისის განჩინება) დაუსაბუთებელია, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს. ამასთან, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების სსსკ-ის 412-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება.
27. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ააიპ „სოფლის განვითარების სააგენტოს“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 13 ოქტომბრის განჩინება და ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 23 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ასევე, დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე 2022 წლის 13 ივნისის განჩინება;
3. სს „თ.ბ–ს“ (ს.კ. ...) ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს (ს.კ. ......) სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ - 860,49 ლარის გადახდა;
4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე