Facebook Twitter

№ას-1624-2022

16 ნოემბერი, 2023 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „მ–ა“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ნოემბრის განჩინება

კასატორების მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ მესაკუთრედ ცნობა, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სს „მ–ამ“ (შემდეგში - მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ (შემდეგში - მოპასუხეები, კასატორები) შემდეგი სასარჩელო მოთხოვნებით:

1.1. აღიარებულ იქნეს სს „მ–ის“ საკუთრების უფლება თბილისში, ლილოს სამრეწველო ზონაში, მშენებლობის სამინისტროს მილების საიზოლაციო საწარმოს ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ქონებაზე, საკადასტრო კოდით: N........., ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 6448.00კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი - 4;

1.2. აღიარებულ იქნეს სს „მ–ის“ საკუთრების უფლება თბილისში, ლილოს სამრეწველო ზონაში, მშენებლობის სამინისტროს N1 სახლმშენებელი კომბინატის ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ქონებაზე, საკადასტრო კოდით: N......, ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 10705.00კვ.მ., ნაკვეთის წინა ნომერი - 4;

1.3. აღიარებულ იქნეს სს „მ–ის“ საკუთრების უფლება თბილისში, ...... ქუჩა N36-ში მდებარე უძრავ ქონებაზე, საკადასტრო კოდით: N......., ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 46621.00 კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი - N ......., 34420 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებულ შენობა -ნაგებობების ნაწილში;

1.4. სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნეს თბილისში, ლილოს სამრეწველო ზონაში, მშენებლობის სამინისტროს მილების საიზოლაციო საწარმოს ტერიტორიაზე მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: N......., ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 6448.00კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი - 4 და უძრავი ქონება გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს სს „მ–ას“;

1.5. სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნეს ლილოს სამრეწველო ზონაში, მშენებლობის სამინისტროს N1 სახლმშენებელი კომბინატის ტერიტორიაზე მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: N........, ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო - სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი -10705.00 კვ.მ., ნაკვეთის წინა ნომერი - 4 და უძრავი ქონება გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს სს „მ–ას“;

1.6. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნეს თბილისში, ...... ქუჩა N36 მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: N........, ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო - სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი - 46621.00 კვ.მ., ნაკვეთის წინა ნომერი - N ......., 34420 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა - ნაგებობები და უძრავი ქონება გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს სს „მ–ას“.

2. მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლებით სარჩელი არ ცნეს.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით:

- სს „მ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა;

- აღიარებულ იქნა სს „მ–ის“ საკუთრების უფლება თბილისში, ლილოს სამრეწველო ზონაში, მშენებლობის სამინისტროს მილების საიზოლაციო საწარმოს ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ქონებაზე, საკადასტრო კოდით: N......., ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 6448.00 კვ.მ., ნაკვეთის წინა ნომერი - 4;

- აღიარებულ იქნა სს „მ–ის“ საკუთრების უფლება თბილისში, ლილოს სამრეწველო ზონაში, მშენებლობის სამინისტროს N1 სახლმშენებელი კომბინატის ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ქონებაზე, საკადასტრო კოდით: ნN......., ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 10705.00კვ.მ., ნაკვეთის წინა ნომერი - 4;

- აღიარებულ იქნა სს „მ–ის“ საკუთრების უფლება თბილისში, ...... ქუჩა N36 მდებარე უძრავ ქონებაზე, საკადასტრო კოდით: N........, ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 46621.00 კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი - N......, 34420 კვ.მ მიწის ნაკვეთის და მასზე არსებულ შენობა -ნაგებობების ნაწილში;

- სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა თბილისში, ლილოს სამრეწველო ზონაში, მშენებლობის სამინისტროს მილების საიზოლაციო საწარმოს ტერიტორიაზე მდებარე უძრავი

ქონება, საკადასტრო კოდით: N......, ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 6448.00კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი - 4 და უძრავი ქონება გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა სს „მ–ას“;

- სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ლილოს სამრეწველო ზონაში, მშენებლობის სამინისტროს N1 სახლმშენებელი კომბინატის ტერიტორიაზე მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: N......., ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო - სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი -10705.00კვ.მ., ნაკვეთის წინა ნომერი - 4 და უძრავი ქონება გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა სს „მ–ას“;

- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა თბილისში, ...... ქუჩა N36 მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: N......., ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო - სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი - 46621.00 კვ.მ., ნაკვეთის წინა ნომერი - N ........, 34420 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა - ნაგებობები და უძრავი ქონება გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა სს „მ–ას“.

4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

5.1.თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ნოემბრის განჩინებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება.

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

6.1.სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივი გარემოებები:

6.1.1. სს „მ–ის“ საკუთრებაში ირიცხებოდა სამი უძრავი ნივთი, მდებარე:

- თბილისი, ლილოს სამრეწველო ზონა, მშენებლობის სამინისტროს მილების საიზოლაციო საწარმოს ტერიტორია, ს/კ №..... (ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 6448.00კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი - 4);

- თბილისი, ლილოს სამრეწველო ზონა, მშენებლობის სამინისტროს N1 სახლმშენებელი კომბინატის ტერიტორია, ს/კ №........ (ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 10705.00კვ.მ., ნაკვეთის წინა ნომერი - 4);

- თბილისი, ...... ქუჩა N36, ს/კ №......(ნაკვეთის ფუნქცია - არასასოფლო სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 47906.00 კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი - 2).

6.1.2. სს „მ–ის“ სამეთვალყურეო საბჭოს 2011 წლის 20 მაისის სხდომის ოქმის თანახმად, სს „მ–ის“ სამეთვალყურეო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება სს „მ–ის“ საკუთრებაში არსებულ N.........(მდებარე:თბილისი, ლილოს სამრეწველო ზონა, მშენებლობის სამინისტროს №1 სახლმშენებელი კომბინატის ტერიტორია), N.......(მდებარე: თბილისი, ლილოს სამრეწველო ზონა, მშენებლობის სამინისტროს მილების საიზოლაციო საწარმოს ტერიტორია) და N..........(მდებარე: თბილისი, ...... ქ. №36, მიწის ნაკვეთის ნაწილზე - 35705 კვ.მ) საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ უძრავ ქონებებზე სახელმწიფოს სასარგებლოდ საკუთრების უფლების მიტოვების შესახებ.

6.1.3. ზემოთ მითითებული გადაწყვეტილების შესაბამისად, 2011 წლის 23 მაისს, სს „მ–ის“ დირექტორმა - ჯ.შ–ამ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაცია N......, N........და N.........(ნაკვეთის ნაწილზე-35705 კვ.მ.) საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ უძრავ ქონებებზე.

6.1.4. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს N882011241835-03, N882011241842-03 და N882011241853-03 გადაწყვეტილებებით, N........., N.......და N........(ნაკვეთის ნაწილზე - 35705 კვ.მ.) საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ უძრავ ქონებებზე განხორციელდა სს „მ–ის“ საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაცია.

6.1.5. სს „მ–ის“ სამეთვალყურეო საბჭოს 2011 წლის 15 ივნისის სხდომის ოქმის მიხედვით, სს „მ–ის“ სამეთვალყურეო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება სს „მ–ის“ დირექტორს განეხორციელებინა თანასაკუთრებაში არსებული ქონების, მდებარე: თბილისი, ...... ქ. #36, ს/კ №....... გამიჯვნა სანოტარი წესით.

6.1.6. შედეგად, 2011 წლის 16 ივნისს, სანოტარო წესით დამოწმდა სს „მ–ის“ დირექტორის - ჯ.შ–ას თანხმობა და უძრავი ქონება, მდებარე: თბილისი, ...... ქ. N36, ს/კ ....... დაიყო N.......და N......საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებებად და საჯარო რეესტრში სს „მ–ის“ თანასაკუთრებით აღირიცხა N........საკადასტრო კოდით - 12201 კვ.მ., ხოლო, სახელმწიფოს საკუთრებად - 34420 კვ.მ.

6.1.7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 20 იანვარის გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი სს „მ–ის“ სამეთვალყურეო საბჭოს 2011 წლის 20 მაისის N3 სხდომის ოქმი სს „მ–ის“ საკუთრებაში არსებულ შემდეგ უძრავ ქონებებზე, მდებარე: 1) თბილისი, ...... ქ. N36, ფართობი - 35705 კვ.მ., ს/კ №.......; 2) თბილისი, ლილოს სამრეწველო ზონაში, მშენებლობის სამინისტროს №1 სახლმშენებელი კომბინატის ტერიტორია, ფართობი - 10705 კვ.მ., ს/კ №........; 3) თბილისი, ლილოს სამრეწველო ზონაში, მილების საიზოლაციო საწარმოს ტერიტორია, ფართობი - 6448 კვ.მ., ს/კ №........, სახელმწიფოს სასარგებლოდ საკუთრების უფლების მიტოვების შესახებ.

6.1.8. ამავე გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი სს „მ–ის“ დირექტორ ჯ.შ–ას 2011 წლის 23 მაისის განცხადებები სს „მ–ის“ საკუთრებაში არსებულ შემდეგ უძრავ ქონებებზე, მდებარე: 1) თბილისი, ...... ქ. #36, ფართობი - 35705 კვ.მ., ს/კ №......; 2) თბილისი, ლილოს სამრეწველო ზონაში, მშენებლობის სამინისტროს №1 სახლმშენებელი ომბინატის ტერიტორია, ფართობი - 10705 კვ.მ., ს/კ №..........; 3) თბილისი, ლილოს სამრეწველო ზონაში, მილების საიზოლაციო საწარმოს ტერიტორია, მიწის ნაკვეთის ფართობი - 6448 კვ.მ., ს/კ №........., სახელმწიფოს სასარგებლოდ საკუთრების უფლების მიტოვების შესახებ.

6.1.9. სს „მ–ას“ უარი ეთქვა თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე, მდებარე: თბილისი, ...... ქ. №36, ს/კ #........, გამიჯვნის შესახებ სს „მ–ის“ სამეთვალყურეო საბჭოს 2011 წლის 15 ივნისის №4 სხდომის ოქმის ბათილად ცნობაზე და თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე, მდებარე: თბილისი, ...... ქ. №36, ს/კ №......., გამიჯვნის შესახებ სს „მ–ის“ დირექტორის - ჯ.შ–ას 2011 წლის 16 ივნისის თანხმობის ბათილად ცნობაზე.

6.1.10. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება 2017 წლის 17 თებერვალს შევიდა კანონიერ ძალაში.

6.1.11. 2017 წლის 14 აგვისტოს, სს „მ–ის“ წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ს/კ №......., ს/კ №.......და ს/კ №.......უძრავ ქონებებზე ცვლილებების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოსარჩელეს ეცნობა, რომ ზემოაღნიშნულ ქონებებზე სს „მ–ის“ საკუთრების უფლების რეგისტრაცია ვერ განხორციელდებოდა, რადგან კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება არ შეაიცავდა ინფორმაციას გადაწყვეტილების თანმდევი შედეგების შესახებ.

6.1.12. თბილისში, ლილოს სამრეწველო ზონაში, მილების საიზოლაციო საწარმოს ტერიტორია, ფართობი - 6 448 კვ.მ., ს/კ .......მდებარე უძრავი ქონება; თბილისი, ლილოს სამრეწველო ზონაში, მშენებლობის სამინისტროს N1 სახლმშენებელი კომბინატის ტერიტორია, ფართობი - 10705 კვ.მ., ს/კ .......მდებარე უძრავი ქონება და თბილისი, ...... ქ. N36, ფართობი - 35705 კვ.მ., ს/კ ....... მდებარე უძრავი ქონება დღემდე იმყოფება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრებაში.

6.2.სააპელაციო პალატის მითითებით, წინამდებარე შემთხვევაში, მოსარჩელე წარმოდგენილი სარჩელით მოითხოვს უძრავი ნივთების მესაკუთრედ ცნობასა და მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვას. თავის მხრივ, მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 იანვრის კანონიერ ძალში შესული გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგიდან, რომლის შესაბამისადაც ბათილად იქნა ცნობილი სს „მ–ის“ სამეთვალყურეო საბჭოს ის გადაწყვეტილებები, რომლითაც მიტოვებულ იქნა საკუთრების უფლება სადავო უძრავ ნივთებთთან მიმართებით და რამაც განაპირობა აღნიშნული უძრავი ნივთების მოპასუხეთა საკუთრებაში აღრიცხვა.

6.3.საგულისხმო იყო, რომ დასახელებული გადაწყვეტილებით განხორციელდა სადავო გარიგებათა ბათილად ცნობა, თუმცა, არ შეფასებულა/არ გადაწყვეტილა იურიდიული ინტერესი, რაც ამოძრავებდა მოსარჩელეს, კერძოდ საკუთრების უფლების აღდგენა, რამაც საბოლოო ჯამში განაპირობა დამატებითი სასარჩელო წარმოების საჭიროება.

6.4.სააპელაციო პალატის მითითებით, აპელანტთა პრეტენზია მიემართებოდა მოსარჩელის იურიდიული ინტერესის არ არსებობასთან დაკავშირებით, რაც არ იქნა გაზიარებული პალატის მიერ, რამეთუ ცალსახა იყო, რომ მოსარჩელის იურიდიული ინტერესი ვლინდებოდა სადავო უძრავი ნივთების მესაკუთრედ ცნობასთან მიმართებით.

6.5.პალატამ მიუთითა აღიარებითი სარჩელის სამართლებრივ ბუნებაზე და განმარტა, რომ მიუხედავად ერთი სამართალწარმოების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებისა, რომლითაც გაბათილდა მოსარჩელის მიერ გამოვლენილი ნება საკუთრების უფლების მიტოვებასთან მიმართებით, ვერ იქნა უზრუნველყოფილი მოსარჩელის იურიდიული ინტერესი საკუთრების უფლების აღგენასთან მიმართებით, რამაც თავის მხრივ განაპირობა წინამდებარე სარჩელის წარმოდგენის საჭიროება.

6.6.კერძოდ, უდავო იყო, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 იანვრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (საქმე N2/2669-14), სს „მ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ბათილად იქნა ცნობილი სადავო ნების გამოვლენა, რაც საფუძლად დაედო ქონებაზე საკუთრების უფლების მიტოვებას.

6.7.დადგენილი იყო, რომ 2017 წლის 14 აგვისტოს სს „მ–ის“ წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ს/კ №......., ს/კ №.......და ს/კ №.......უძრავ ქონებებზე ცვლილებების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოსარჩელეს ეცნობა, რომ ზემოაღნიშნულ ქონებებზე სს „მ–ის“ საკუთრების უფლების რეგისტრაცია ვერ განხორციელდებოდა, რადგან კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება არ შეიცავდა ინფორმაციას გადაწყვეტილების თანმდევი შედეგების შესახებ.

6.8.განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა, აღიარებულ იქნეს სს „მ–ის“ საკუთრების უფლება უძრავ ქონებებზე, საკადასტრო კოდით: N..........., N........, N........(ნაკვეთის წინა ნომერი - N .......).

6.9.უდავო იყო, რომ ზემოაღნიშნული ქონებები 2011 წლის მაისამდე წარმოადგენდა სს „მ–ის“ საკუთრებას. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი იყო, რომ სადავო ქონებებზე მოსარჩელის მხრიდან საკუთრების უფლების დათმობა მოხდა საზოგადოების ნების საწინააღმდეგოდ, ქონება მიტოვებული იქნა სახელმწიფოს სასარგებლოდ. შემდგომში ქონებები აღირიცხა სახელმწიფოს საკუთრების უფლებით.

6.10. სს „მ–ის“ სარჩელის საფუძველზე, კანონსაწინააღმდეგო გარიგებები ბათილად იქნა ცნობილი სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც კანონიერ ძალაში შევიდა 2017 წლის 17 თებერვალს. იმის გამო, რომ სასარჩელო მოთხოვნად არ იყო მითითებული უძრავ ქონებებზე სს „მ–ის“ საკუთრების უფლების აღიარება, სსიპ საჯარო რეესტრმა მოსარჩელეს უარი განუცხადა ქონებებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე.

6.11. პალატის მოსაზრებით, ზემოთ მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, ნათელი იყო მოსარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესი წინამდებარე სარჩელთან მიმართებით, ვინაიდან დადგენილი იყო, რომ ის გადაწყვეტილებები, რომლებიც საფუძვლად დაედო სადავო ქონებებზე მოსარჩელის საკუთრების უფლების დაკარგვას, სასამართლოს მხრიდან ბათილად იყო ცნობილი, თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა, მოსარჩელე მხარე ვერ ახერხებდა საკუთრების უფლების აღგენას დამატებითი სასარჩელო განაცხადის წარმოდგენის გარეშე.

6.12. პალატა წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების დამაბრკოლებელ ფაქტორად არ გაიზიარა აპელანტთა შედავება მასზედ, რომ ადმინისტრაციული აქტები, რომელთა საფუძველზეც განხორციელდა სადავო ქონებების მოპასუხეთა საკუთრების უფლებით რეგისტრაცია, არ გაუქმებულა და ძალაში იყო, რაც მოპასუხეთა მოსაზრებით, გამორიცხავდა სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებას. პალატის განმარტებით, ის გადაწყვეტილებები, რაც საფუძვლად დაედო მოსარჩელის საკუთრების უფლების მიტოვებას სადავო ქონებებზე, ბათილად იქნა ცნობილი, როგორც კანონსაწინააღმდეგო და ამორალური გარიგებები. შესაბამისად, დღევანდელი სამართლებრივი ვითარება - საჯარო რეესტრის ჩანაწერი, რომლითაც სადავო ქონებების მესაკუთრეებად მოპასუხეები იყვნენ რეგისტრირებული - არასწორი იყო, რამეთუ ბათილი განკარგვის დადასტურების პირობებში, ასევე ბათილი იყო აღნიშნულის საფუძველზე მოპასუხეთა საკუთრების უფლების რეგისტრაცია, როგორც თანმდევი სამართლებრივი შედეგი.

6.13. პალატის დასკვნით, განსახილველ შემთხვევაში, რამდენადაც სადავო უძრავ ნივთებთთან მიმართებით აღიარებულ (აღდგენილ) იქნა მოსარჩელის საკუთრების უფლება, გამართლებული იყო მოთხოვნა ნივთების ვინდიცირებასთან მიმართებით, რადგანაც საკუთრების უფლების ჩამორთმევასთან ერთად, მოპასუხეები ვეღარ მიიჩნეოდნენ სამოქალაქო კოდექსის 160-162-ე მუხლებით დაცული უფლების მქონე პირებად - მართლზომიერ მფლობელებად, რაც თავის მხრივ გამორიცხავდა მფლობელობის შენარჩუნების უფლებას.

7. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტომ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

8. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

8.1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ საკასაციო შედავება წარმოადგინა კონკრეტულად №...... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებასთან მიმართებით. კასატორის განმარტებით, №...... საკადასტრო კოდი წარმოიშვა №....... საკადასტრო კოდის დაყოფის შედეგად. №....... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების გამიჯვნის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სს „მ–ის“ სამეთვალყურეო საბჭოს 2011 წლის 15 ივნისის სხდომის ოქმითა და სს „მ–ის“ დირექტორის მიერ, 2011 წლის 16 ივნისს გაცემული თანხმობით. კასატორი მიიჩნევს, რომ სწორედ 2011 წლის 15 ივნისის სხდომის ოქმი და 2011 წლის 16 ივნისს გაცემული თანხმობა წარმოადგენს სადავო ქონებაზე უფლების დამდგენ დოკუმენტებს, რომლებიც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 იანვრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით არ გაუქმებულა. კერძოდ, დასახელებული გადაწყვეტილებით, სს „მ–ას“ უარი ეთქვა №....... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების გამიჯვნის შესახებ სს „მ–ის“ სამეთვალყურეო საბჭოს 2011 წლის 15 ივნისის N4 სხდომის ოქმისა და სს „მ–ის“ დირექტორის - ჯ.შ–ას 2011 წლის 15 ივნისის თანხმობის ბათილად ცნობაზე. სასამართლოს განმარტებით, მითითებული სადავო გარიგებები არ წარმოადგენდნენ იძულებით დადებულ გარიგებებს. ამასთან, აღნიშნული გარიგებები არც ამორალურ და კანონსაწინააღმდეგო გარიგებებად დაკვალიფიცირდა. რამდენადაც სახელმწიფოს საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტები არ გაუქმებულა და კვლავ ძალაშია, კასატორი მიიჩნევს, რომ აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებას მოსარჩელისათვის სასარგებლო შედეგი არ მოაქვს. შესაბამისად, არ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი მოთხოვნის მიმართ.

9. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

9.1. კასატორი განმარტავს, რომ განსახილველ დავაში, აღიარებითი სარჩელით მოსარჩელის უფლების რეალიზება შეუძლებელია, რადგან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებები უძრავ ქონებებზე საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაციის შესახებ გაბათილებული არ არის. შესაბამისად, ის ადმინისტრაციული აქტები, რომელთა საფუძველზეც განხორციელდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველ ერთეულზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, ძალაშია და კანონიერია.

9.2.გარდა ამისა, კასატორი განმარტავს, რომ №.......და №.......საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ნივთების მესაკუთრეს წარმოადგენს არა სს „მ–ა“, არამედ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტი, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერებით საჯარო რეესტრიდან. შესაბამისად, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია მოსარჩელის მოთხოვნა იმ ნივთების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვაზე, რომელიც არ წარმოადგენს მის საკუთრებას.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 09 იანვრისა და 18 იანვრის განჩინებებით, წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

11. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

14. სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

15. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია N......, N.......და N......(ნაკვეთის წინა ნომერი - N .......) საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ უძრავ ქონებებზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარებისა და მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან სადავო უძრავი ქონებების გამოთხოვის მართლზომიერება.

16. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკასაციო სასამართლო საქმეს იხილავს საკასაციო საჩივრის ფარგლებში (სსსკ-ის 404.1 მუხლი) და დისპოზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით, უფლება არ აქვს გასცდეს საკასაციო საჩივარში დაფიქსირებულ პრეტენზიებს. შესაბამისად, საკასაციო პალატა კასატორებს, მათ მიერ განხორციელებული შედავების გათვალისწინებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის რელევანტურობას განუმარტავს.

17. გასაჩივრებული განჩინების საწინააღმდეგოდ წარმოდგენილი საკასაციო პრეტენზიების შინაარსის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა პირველ რიგში აღნიშნავს, რომ სარჩელის იურიდიული ინტერესის სამართლებრივ საკითხებზე განმარტებულია საკასაციო სასამართლოს არაერთ განჩინებაში. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ სსკ-ის 180-ე მუხლის განმარტებისას, დაასკვნა რომ „აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით, მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების აღიარებასთან. სხვა საკითხია იურიდიული შედეგის არსებობის ან არარსებობის დადგენის სურვილი. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის უპირატესად უნდა გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განჩინება საქმეზე N ას-121-117-2016, 17 მარტი 2016).

18. სხვა სამოქალაქო საქმეზე საკასაციო პალატამ განმარტა, რომ სარჩელის დაკმაყოფილების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს იმ იურიდიული შედეგების მიღწევადობა, რისი დადგომაც სურს მოსარჩელეს ამგვარი აღიარებით. აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული იურიდიული ინტერესი მნიშვნელოვანი სამართლებრივი მოვლენაა. ასეთი ინტერესის არსებობა ყოველთვის გულისხმობს, რომ მხარე გარკვეულ მნიშვნელობას ანიჭებს ინტერესის ობიექტს, თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ იურიდიული ინტერესი არ განისაზღვრება მხოლოდ პირის სუბიექტური დამოკიდებულებით, ანუ მხოლოდ მისი სურვილით, არამედ, აუცილებელია მისი ობიექტური მხარეც. ობიექტური თვალსაზრისით, ინტერესი მოიცავს შედეგებს, რომელიც კონკრეტული მოთხოვნის დაკმაყოფილების შედეგად ობიექტურად მიღწევადი უნდა იყოს (სუსგ №ას-1059-2019, 20.09.2019 წ.).

19. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე N.......(მდებარე: თბილისი, ლილოს სამრეწველო ზონა, მშენებლობის სამინისტროს №1 სახლმშენებელი კომბინატის ტერიტორია), N.......(მდებარე: თბილისი, ლილოს სამრეწველო ზონა, მშენებლობის სამინისტროს მილების საიზოლაციო საწარმოს ტერიტორია) და N........(მდებარე: თბილის, ...... ქუჩა N36, ნაკვეთის წინა ნომერი - N .......) საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ უძრავ ქონებებზე მისი საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნას იმ გარემოებებზე აფუძნებს, რომ სს „მ–ის“ საკუთრებას წარმოადგენდა N.......(მდებარე:თბილისი, ლილოს სამრეწველო ზონა, მშენებლობის სამინისტროს №1 სახლმშენებელი კომბინატის ტერიტორია), N.......(მდებარე: თბილისი, ლილოს სამრეწველო ზონა, მშენებლობის სამინისტროს მილების საიზოლაციო საწარმოს ტერიტორია) და N....... (მდებარე: თბილისი, ...... ქ. №36, მიწის ნაკვეთის ნაწილზე - 35705 კვ.მ) საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული სამი დამოუკიდებელი უძრავი ქონება, რომლებზედაც 2011 წლის მაისსა და ივნისში, მოსარჩელის მხრიდან საკუთრების უფლების დათმობა მოხდა საზოგადოების ნების საწინააღმდეგოდ; კერძოდ, ქონებები მიტოვებულ იქნა სახელმწიფოს სასარგებლოდ და მათზე აღირიცხა სახელმწიფოს საკუთრების უფლება. შემდგომში, სს „მ–ის“ სარჩელის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 იანვრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელის ის გადაწყვეტილებები (როგორც კანონსაწინააღმდეგო და ამორალური გარიგებები), რაც საფუძვლად დაედო სს „მ–ის“ საკუთრების უფლების მიტოვებას სახელმწიფოს სასარგებლოდ, თუმცა, იმის გამო, რომ ამ უკანასკნელი სამართალწარმოების ფარგლებში სასარჩელო მოთხოვნად არ იყო მითითებული უძრავ ქონებებზე სს „მ–ის“ საკუთრების უფლების აღიარება, სსიპ საჯარო რეესტრმა უარი განაცხადა, რომ ზემოაღნიშნული ქონებების დაერეგისტრირებინა სს „მ–ის“ სახელზე.

20. ამდენად, წინამდებარე სარჩელის მიმართ, მოსარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესი, უძრავ ნივთებზე მისი საკუთრების უფლების აღრიცხვაში მდგომარეობს, რამეთუ მოსარჩელის სასარგებლოდ მიღებული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 იანვრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელის ის გადაწყვეტილებები, რაც საფუძვლად დაედო სს „მ–ის“ საკუთრების უფლების მიტოვებას სახელმწიფოს სასარგებლოდ, მაგრამ არ გადაწყვეტილა საკუთრების უფლების აღდგენის საკითხი, აღსრულების ეტაპზე, ვერ უზრუნველყოფს მოსარჩელისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის მიღწევას.

21. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი განამტკიცებს სამართლიანი სასამართლოს პრინციპს. აღნიშნული ექვემდებარება ფართო განმარტებას და თავის თავში არა მხოლოდ საქმის მიუკერძოებელ განხილვას, არამედ სამართლიან გადაწყვეტასაც მოიცავს, რაც თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ მართლმსაჯულების განხორციელება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს, არამედ, სამართალწარმოების მიზანი დარღვეული უფლების ეფექტიან და რეალურ დაცვაზეა ორიენტირებული, რაც ეროვნული სასამართლოს მიერ საკითხის ამომწურავ გადაწყვეტაზე მიანიშნებს და არა ფორმალური ხასიათის სამართალწარმოებაზე, რომელსაც დავის აღმოფხვრა შედეგად არ მოჰყვება (სუსგ №ას-302-285-2017, 16.06.2017წ.; სუსგ №ას-1219-1139-2017, 12.01.2018წ.).

22. რაც შეეხება გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად მითითებულ საკასაციო პრეტენზიებს, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორების შედავებას მასზედ, რომ N....., N.......და N....... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ უძრავ ქონებებზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დაკმაყოფილებით მოსარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესის შესაბამისი სამართლებრივი შედეგი ვერ მიიღწევა, რადგან თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 იანვრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტები არ გაუქმებულა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებები უძრავ ქონებებზე საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაციის შესახებ, გაბათილებული არ არის.

23. კასატორების ზემოაღნიშნული შედავების ფარგლებში, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამხვილებს იმ უდავო ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურმა, 2011 წლის 25 მაისს, №882011241835-03, №882011241842-03 და №882011241853-03 გადაწყვეტილებები №......, №.......და №....... საკადასტრო კოდების მქონე უძრავ ნივთებზე სს „მ–ის“ საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაციის თაობაზე, მიიღო სს „მ–ის“ სამეთვალყურეო საბჭოს 2011 წლის 20 მაისის №3 სხდომის ოქმისა და სს „მ–ის“ დირექტორის - ჯ.შ–ას 2011 წლის 23 მაისის საკუთრების უფლების მიტოვების შესახებ სარეგისტრაციო განცხადებების საფუძველზე, რომლებიც ბათილად იქნა ცნობილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 იანვრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით. სს „მ–ის“ სამეთვალყურეო საბჭოს 2011 წლის 15 ივნისის N4 სხდომის ოქმისა და სს „მ–ის“ დირექტორის - ჯ.შ–ას 2011 წლის 15 ივნისის თანხმობით კი, რომელთა ბათილად ცნობაზეც იმავე გადაწყვეტილებით სს „მ–ას“ უარი ეთქვა, განხორციელდა მხოლოდ მიტოვების შედეგად მოპასუხის თანასაკუთრებაში აღმოჩენილი უძრავი ქონების (ს/კ №......) გამიჯვნა (ვრცლად იხ. ამ განჩინების 6.1.2.-6.1.10 აბზაცები).

24. შესაბამისად, დადგენილია, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ბათილადაა ცნობილი ის გადაწყვეტილებები (სს „მ–ის“ სამეთვალყურეო საბჭოს 2011 წლის 20 მაისის №3 სხდომის ოქმი და სს „მ–ის“ დირექტორის - ჯ.შ–ას 2011 წლის 23 მაისის საკუთრების უფლების მიტოვების შესახებ სარეგისტრაციო განცხადებები), რომლებიც წარმოადგენდნენ №......, №.......და №...... საკადასტრო კოდების მქონე უძრავ ნივთებზე სს „მ–ის“ საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძვლებს, რაც ქმნის ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების იმ დასკვნის გაზიარების შესაძლებლობას, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერი, რომლითაც სადავო ქონებების მესაკუთრეებად მოპასუხეები არიან რეგისტრირებულნი -არასწორია, რამეთუ ბათილი განკარგვის დადასტურების პირობებში, ასევე ბათილია აღნიშნულის საფუძველზე მოპასუხეთა საკუთრების უფლების რეგისტრაცია, როგორც თანმდევი სამართლებრივი შედეგი.

25. რაც შეეხება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შედავებას მასზედ, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერების თანახმად, №.......და №.......საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ნივთების მესაკუთრეს წარმოადგენს არა სს „მ–ა“, არამედ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტი და დაუსაბუთებელია მოსარჩელის მოთხოვნა იმ ნივთების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვაზე, რომელიც არ წარმოადგენს მის საკუთრებას, პალატა აღნიშნავს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ განსაზღვრული რელევანტური სამართლებრივი შედეგის - №........., №.......და №...... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ უძრავ ქონებებზე სს „მ–ის“ საკუთრების უფლების აღიარების პირობებში, მართებულია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნაც მასზედ, რომ მოპასუხეები ვეღარ მიიჩნევიან სამოქალაქო კოდექსის 160-162-ე მუხლებით დაცული უფლების მქონე პირებად - მართლზომიერ მფლობელებად, რაც თავის მხრივ გამორიცხავს მფლობელობის შენარჩუნების უფლებას.

26. ყოველივე ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს საქმეში არსებული სადავო საკითხი; ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

27. კასატორებმა ვერ დაასაბუთეს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.

28. ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

29. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები, რის გამოც მათ უარი უნდა ეთქვათ განხილვაზე.

31. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, კასატორები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თამარ ზამბახიძე