Facebook Twitter

საქმე №ას-201-2024 12 ივნისი, 2024 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

I საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „გ–ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „გ.თ.გ ჯ–ი“ (მოპასუხე)

II საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „გ.თ.გ ჯ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „გ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ნოემბრის განჩინება

I კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

II კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

შპს „გ–მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე შპს გ.თ.გ ჯ–ის“ მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „გ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხე შპს „გ.თ.გ ჯ–ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომუნალური მომსახურების საფასურის გადაუხდელობით მიყენებული ზიანის - 11 570,45 ლარისა და ფართის გადაცემის შეფერხებისათვის 70 666,66 აშშ დოლარის ანაზღაურება; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 30 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 31 მარტის განჩინებით შპს „გ–ისა“ და შპს გ.თ.გ ჯ–ის“ საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

2024 წლის 4 ივნისს შპს „გ–ის“ დირექტორმა ქ.ქ–ძემ და შპს „გ.თ.გ ჯ–ის“ დირექტორმა თ.ჩ–ძემ ერთობლივი განცხადებით მომართეს საკასაციო სასამართლოს და მოითხოვეს საქმის წარმოების შეწყვეტა სარჩელზე უარის თქმის გამო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი განცხადების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარზე წარმოება უნდა შეწყდეს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში - სსსკ) 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რასაც სსსკ-ის XLIX თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, სსსკ-ის XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

სსსკ-ის მე-2 მუხლით დამკვიდრებულია პირის უფლება მიმართოს სასამართლოს თავისი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მიზნით, ხოლო, ამავე კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს სამოქალაქო საპროცესო სამართალში, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული, ცხადია, გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას, გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები) ან უარი თქვან მათ გასაჩივრებაზე. თავის მხრივ, სსსკ-ის მე-3 მუხლის რეგულაცია არ შემოიფარგლება მხოლოდ პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვით და მასში მითითებული თითოეული საპროცესო მოქმედების განხორციელება მხარეს შეუძლია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე.

სსსკ-ის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე. ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

განსახილველ შემთხვევაში, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ უარი განაცხადა სარჩელზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შპს „გ–ის“ საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.

ვინაიდან შპს „გ–მა“ სარჩელზე უარი თქვა და მოცემულ დავაზე წარმოება დასრულდა, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზნებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს მოცემულ საქმეში გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

სსსკ-ის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას.

ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს მოცემულ საქმეზე საკასაციო სასამართლოს 2024 წლის 24 იანვრის განჩინება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის თაობაზე.

სსსკ-ის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.

კანონის აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ვინაიდან შპს „გ–ის“ საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვამდე კასატორმა (მოსარჩელემ) სარჩელზე თქვა უარი, შპს „გ–ს“ სრულად უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 8000 ლარის ოდენობით.

რაც შეეხება შპს „გ.თ.გ ჯ–ის“ საკასაციო საჩივარს, ვინაიდან წინამდებარე საქმის წარმოება შეწყდა მოსარჩელის (I კასატორი) მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო, აღარ არსებობს შპს „გ.თ.გ ჯ–ის“ (II კასატორი) მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღებაზე მსჯელობის სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად, II კასატორის საკასაციო საჩივარზე უნდა შეწყდეს წარმოება და დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 8000 ლარის ოდენობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 273-ე, 1991-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „გ–ის“ შუამდგომლობა სარჩელზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. შეწყდეს წარმოება სამოქალაქო საქმეზე - შპს „გ–ის“ სარჩელის გამო შპს „გ.თ.გ ჯ–ის“ მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე;

3. შპს „გ.თ.გ ჯ–ის“ საკასაციო საჩივარზე შეწყდეს წარმოება;

4. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება;

5. გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 იანვრის განჩინებით დადგენილი უზრუნველყოფის ღონისძიება.

6. კასატორ შპს „გ–ს“ (ს/კ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 2023 წლის 21 მარტს N1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 8000 ლარის ოდენობით;

7. კასატორ შპს „გ.თ.გ ჯ–ს“ (ს/კ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მ.ქ–ძის (პ/ნ .....) მიერ 2023 წლის 23 მარტს №3972 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 8000 ლარის ოდენობით;

8. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოში დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით დაუშვებელია;

9. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი