Facebook Twitter

29 თებერვალი 2024 წელი

№ას-54-2024 ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - სს „ლ.ბ–ი“

მოწინააღმდეგე მხარე - ნ.კ–ვა

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 05 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - გათავისუფლების შესახებ ბრძანების უკანონოდ ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ნ.კ–ვამ სარჩელით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე სს ,,ლ.ბ–ი“ მიმართ შემდეგი მოთხოვნებით:

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სს ,,ლ.ბ–ის" ადამიანური რესურსების მართვის და ადმინისტრაციის დეპარტამენტის უფროსის ნ.ჩ–ძის 2020 წლის 13 მაისის ბრძანება ნ.კ–ვას გათავისუფლების შესახებ.

1.2. ნ.კ–ვა აღდგენილ იქნეს სამსახურში - სს ,,ლ.ბ–ის" ზუგდიდის ფილიალის საკრედიტო ექსპერტის თანამდებობაზე.

1.3. ნ.კ–ვას აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური, მატერიალური ზიანის ანაზღაურება ყოველთვიურად 1300 ლარის ოდენობით მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან 2020 წლის 14 მაისიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

1.4. ბათილად იქნეს ცნობილი სს ,,ლ.ბ–ის" 19.08.2019 წ NHR094349 და 09.05.2019 წ N HR0945424 ბრძანებები ნ.კ–ვასთვის დისციპლინური სახდელების

დადების შესახებ.

2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ.კ–ვას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ნ.კ–ვას სამსახურიდან დათხოვნის შესახებ 13.05.2020 წლის ბრძანება და მოსარჩელეს მიეცა კომპენსაცია 15600 ლარის ოდენობით; ნ.კ–ვას მოთხოვნები მისი სამსახურში აღდგენის და იძულებით განაცდურისა ანაზღაურების, ასევე დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ ბრძანებების ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელემ და მოპასუხემ.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 05 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ს.ს. ,,ლ.ბ–ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ნ.კ–ვას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ნ.კ–ვასთვის კომპენსაციის მიკუთვნების, სამსახურში აღდგენაზე უარის თქმისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში (გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტები) ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით, მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება და ნ.კ–ვას სასარჩელო მოთხოვნები ამ ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ნ.კ–ვა აღდგენილი იქნა - სს ,,ლ.ბ–ის“ ზუგდიდის ფილიალის საკრედიტო ექსპერტის თანამდებობაზე ან სხვა ტოლფას თანამდებობაზე; ნ.კ–ვას სს ,,ლ.ბ–ის“ მიერ აუნაზღაურდა იძულებითი განაცდური, ყოველთვიურად 650 ლარის ოდენობით, სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან - 2020 წლის 14 მაისიდან, მიღებული (წინამდებარე) გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

5. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „ლ.ბ–მა“ გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 იანვრის განჩინებით საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კასატორს დაევალა, ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის - 1170 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის და საკასაციო საჩივრის გასაჩივრების საფუძვლების (კასაციის მიზეზების) მითითებით წარმოდგენა. ამავე განჩინებით კასატორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 იანვრის განჩინება კასატორის წარმომადგენელს - გ.ჩ–ს (იხ. მინდობილობა ტ.3, ს.ფ. 141) გაეგზავნა საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და 2024 წლის 05 თებერვალს ჩაბარდა კანცელარიის თანამშრომელ - ნ.ლ–ას (იხ. ჩაბარების დასტური).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საკასაციო საჩივარს და საქმეში არსებულ მასალებს, მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 იანვრის განჩინებით კასატორს მიეცა 10 დღის საპროცესო ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად. ამავე განჩინებით კასატორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.

10. ზემოაღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელს გაეგზავნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა 2024 წლის 05 თებერვალს.

11. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებზე, რომლებიც განსაზღვრავს სასამართლო უწყების მხარისათვის ჩაბარების წესს. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით.

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია, უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

13. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებით დასტურდება გზავნილის მხარისათვის 2024 წლის 05 თებერვალს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხარვეზის შესავსებად სასამართლოს განჩინებით განსაზღვრული 10 დღის ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2024 წლის 06 თებერვალს და ამოიწურა 2024 წლის 15 თებერვალს. ამ დროის განმავლობაში მხარეს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო დადგენილი ხარვეზი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 63-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „ლ.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი