Facebook Twitter

07 მარტი 2024 წელი

საქმე №ას-54-2024 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი - ს.ს. „ლ.ბ–ი“

მოწინააღმდეგე მხარე - ნ.კ–ვა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 05 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ.კ–ვამ სარჩელით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე ს.ს. ,,ლ.ბ–ის“ მიმართ, შემდეგი მოთხოვნებით: ბათილად იქნეს ცნობილი ს.ს. ,,ლ.ბ–ის" ადამიანური რესურსების მართვის და ადმინისტრაციის დეპარტამენტის უფროსის ნ.ჩ–ძის 2020 წლის 13 მაისის ბრძანება ნ.კ–ვას გათავისუფლების შესახებ; ნ.კ–ვა აღდგენილ იქნეს სამსახურში - ს.ს. ,,ლ.ბ–ის" ზუგდიდის ფილიალის საკრედიტო ექსპერტის თანამდებობაზე; ნ.კ–ვას აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური, მატერიალური ზიანის ანაზღაურება ყოველთვიურად 1300 ლარის ოდენობით მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან 2020 წლის 14 მაისიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე; ბათილად იქნეს ცნობილი ს.ს. ,,ლ.ბ–ის" 19.08.2019წ. №HR094349 და 09.05.2019წ. №HR0945424 ბრძანებები ნ.კ–ვასთვის დისციპლინური სახდელების დადების შესახებ.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ.კ–ვას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი ნ.კ–ვას სამსახურიდან დათხოვნის შესახებ 13.05.2020წ. ბრძანება და მოსარჩელეს მიეცა კომპენსაცია 15600 ლარის ოდენობით. ნ.კ–ვას სასარჩელო მოთხოვნები სამსახურში აღდგენის, იძულებით განაცდურის ანაზღაურების და დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ ბრძანებების ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა როგორც მოსარჩელემ ასევე მოპასუხემ. მოსარჩელემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალ გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა, ხოლო მოპასუხემ - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალ გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებზე უარის თქმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 05 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ს.ს. ,,ლ.ბ–ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ნ.კ–ვას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ნ.კ–ვასთვის კომპენსაციის მიკუთვნების, სამსახურში აღდგენაზე უარის თქმისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში (გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტები) ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით, მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება და ნ.კ–ვას სასარჩელო მოთხოვნები ამ ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. დადგინდა ნ.კ–ვს აღდგენა ს.ს. ,,ლ.ბ–ის“ ზუგდიდის ფილიალის საკრედიტო ექსპერტის თანამდებობაზე ან სხვა ტოლფას თანამდებობაზე, ს.ს. ,,ლ.ბ–ის“ მიერ ნ.კ–ვასთვის იძულებითი განაცდურის ანაზღურება, ყოველთვიურად 650 ლარის ოდენობით, სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან - 2020 წლის 14 მაისიდან, მიღებული (წინამდებარე) გადაწყვეტილების აღსრულებამდე. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ. მოსარჩელემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა, ხოლო მოპასუხემ - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 იანვრის განჩინებით ნ.კ–ვას საკასაციო საჩივარს ხარვეზი დაუდგინდა და დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა დაზუსტებული საკასაციო საჩივარი გასაჩივრების საფუძვლების მითითებით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის ამავე თარიღის განჩინებით ს.ს. „ლ.ბ–ის“ საკასაციო საჩივარს ხარვეზი დაუდგინდა და დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა დაზუსტებული საკასაციო საჩივარი გასაჩივრების საფუძვლების მითითებით და სახელმწიფო ბაჟის – 1170 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

2024 წლის 14 თებერვალს ნ.კ–ვას წარმომადგენელმა ხარვეზის შევსების განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და განცხადებას თან დაურთო დაზუსტებული საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 თებერვლის განჩინებით ნ.კ–ვას საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 თებერვლის განჩინებით ს.ს. „ლ.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

2024 წლის 01 მარტს საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა ს.ს. „ლ.ბ–ის“ შეგებებული საკასაციო საჩივარი, რომლითაც მან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 05 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. საკასაციო საჩივარს თან ერთვის სახელმწიფო ბაჟის 790 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ს.ს. „ლ.ბ–ის“ მიერ წარმოდგენილი შეგებებული საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, იგი წარმოებაში არ უნდა იქნას მიღებული და უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. დასახელებული ნორმის თანახმად, სასამართლო საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხს ამოწმებს საქმის გადაცემიდან ათი დღის ვადაში და სხვა საკითხებთან ერთად ადგენს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი უფლებამოსილი პირის მიერ.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 405-ე მუხლის თანახმად მოწინააღმდეგე მხარეს შეუძლია საკასაციო საჩივრის გადაცემიდან 10 დღის განმავლობაში წარადგინოს შეგებებული საკასაციო საჩივარი, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა ნათქვამი უარი საკასაციო საჩივრის შეტანაზე. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, ს.ს. „ლ.ბ–მა“ შეგებებული საკასაციო საჩივარი წარმოადგინა ნ.კ–ვას საკასაციო საჩივრის ჩაბარებიდან კანონით დადგენილ 10 დღიან ვადაში, მაგრამ აღნიშნული საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ ვერ იქნება განხილული, როგორც შეგებებული საკასაციო საჩივარი. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარეს შეგებებული საკასაციო საჩივრის წარდგენის უფლებით შეუძლია მხოლოდ მაშინ ისარგებლოს, თუ მას საკასაციო საჩივრით თვითონვე არ აქვს გასაჩივრებული სააპელაციო სასამართლოს განჩინება/გადაწყვეტილება (იხ. სუსგ №ას-1608-2019, 05 ივნისი, 2020 წელი; Nას-132-2021, 08 აპრილი, 2021 წელი; Nას-1447-2022, 20 იანვარი, 2023 წელი).

განსახილველ შემთხვევაში, ს.ს. „ლ.ბ–ს“ საკასაციო საჩივრით უკვე გასაჩივრებული ჰქონდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 05 ოქტომბრის გადაწყვეტილება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 იანვრის განჩინებით ს.ს. „ლ.ბ“-ს საკასაციო საჩვარს დაუდგინდა ხარვეზი, კასატორს საკასაციო საჩივარზე ხარვეზი არ შეუვსია, ხოლო აღნიშნული ნაკლის გამოსწორება შეგებებული საკასაციო საჩივრით შეუძლებელია და შეგებებული საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი (იხ. ს.უ.ს.გ. №ას-132-2021, 08 აპრილი 2021 წელი).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. აღნიშნული ნორმით განსაზღვრულია საკასაციო პალატის უფლებამოსილება, იხელმძღვანელოს ქვემდგომ სასამართლოში დადგენილი სამართალწარმოების მარეგულირებელი იმ ნორმებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-9 კარით განსაზღვრული საკასაციო სამართალწარმოების თავისებურებებს. ამავე კოდექსის 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. მითითებული ნორმის საფუძველზე, მხარეს მთლიანად უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 790 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს.ს. "ლ.ბ–ის შეგებებული საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი.

2. ს.ს. "ლ.ბ–ს" (ს/კ .....) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 790 ლარი (საგადახდო დავალება №1, გადახდის თარიღი: 01.03.2024წ, ს.ს. „ლ.ბ–ი“) შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ლაშა ქოჩიაშვილი