საქმე №ას-1475-2023 20 მარტი, 2024 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
პირველი კასატორი - სს „ს–ი“ (მოპასუხე, აპელანტი)
მეორე კასატორი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო (მოსარჩელე, აპელანტი)
მესამე პირი - შპს „გ–ი“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 05 ივნისის გადაწყვეტილება
პირველი საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
მეორე საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ (შემდეგში: მოსარჩელე, კრედიტორი, სამინისტრო, მესაკუთრე) 2010 წლის 17 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით, შპს „გ“-ს (შემდეგში: მესამე პირი) პირდაპირი მიყიდვის ფორმით (ვალდებულებების შესრულების პირობით) საკუთრებაში გადასცა სამინისტროს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება საკადასტრო კოდით №........, მდებარე: ქალაქ ქობულეთში, .........; ქ.ქობულეთში ......, ს/კ ........ და ქალაქ ქობულეთში, ........, ს/კ ........., მდებარე მიწის ნაკვეთები მათზე განთავსებული შენობა-ნაგებობები.
2. აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და შპს ,,გ–ი“-ს შორის 2010 წლის 17 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით, საკუთრებაში გადაცემული უძრავი ქონება, მიუხედავად სხვადასხვა მისამართებისა და საკადასტრო კოდებისა, წარმოადგენდა ერთ მთლიან უძრავ ქონებას და შემოსაზღვრული იყო საერთო ღობით20.09.2010წ. ,,გამქირავებელ“ შპს ,,გ“-ს და ,,დამქირავებელ“ შპს ,,ჯ“-ს შორის დაიდო ქირავნობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც: გამქირავებელმა წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილი ვადითა და სასყიდლით გადასცა დამქირაველეს დროებით სარგებლობაში მის საკუთრებაში არსებული - დაზუსტებული ფართობიდან 08 კვ.მ. ღია ფართის საწარმოს ტერიტორიაზე და ზედა სახურავის ნაწილი (შემდგომში ქირავნობის საგანი). აღნიშნული ფართი წარმოადგენდა გამქირავებლის საკუთრებას, სადაც დამქირავებელი განათავსებდა საბაზო სადგურს და საანტენო-საფიდერო მოწყობილობებს მობილური კავშირბაგმულობის განსახორციელებლად (1.1 პუნქტი); ქირავნობის საგნის მახასიათებლები იყო: სარეგისტრაციო ზონა: ქობულეთი (კოდი ..); სექტორი ქ.ქობულეთი (კოდი ..); კვარტალი N01, ნაკვეთი: N..; ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება; ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი: 75,00 კვ.მ.; შენობა ნაგებობის საერთო ფართი: 61,40 კვ.მ.; მესაკუთრე შპს ,,გ–ი“; მისამართი: ქობულეთი, .... (1.2 პუნქტი); ხელშეკრულება დაიდო 5 წლის ვადით (2.1 პუნქტი); დამქირავებლის მიერ გამქირავებლისათვის გადასახდელი თანხა შეადგენდა თვეში 1250 ლარს, ყველა სახელმწიფო გადასახადის ჩათვლით (შემდგომში ქირა) (6.1 პუნქტი).
3. შპს ,,გ–ი“-ს მიერ, ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2011 წლის 01 აგვისტოს N304 ბრძანებით, მოიშალა სამინისტროსა და შპს ,,გ“-ს შორის 2010 წლის 17 სექტემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება და შპს ,,გ“-სათვის გადაცემული საკუთრების უფლების მოწმობა და უძრავი ქონებები 08.09.2011წ. კვლავ აღირიცხა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში.
4. მიუხედავად უძრავი ქონების მესაკუთრის ცვლილებისა, მხარეებს შორის სადავო არ არის ასევე ის გარემოება, რომ შპს „ჯ“-სა და შპს „გ“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება სრულდებოდა კეთილსინდისიერად მხარეთა მიერ, შპს „ჯ/ი“ სარგებლობდა ქონებით და 2014 წლის 25 ივნისის ჩათვლით ყოველთვიურად შპს ,,გ“-ს უხდიდა ქონების სარგებლობის საფასურს (საიჯარო ქირის თანხა) 1250 ლარის ოდენობით.
5. 2014 წლის 3 ივნისს, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლებისაგან შემდგარი კომისიის მიერ შედგენილი დათვალიერების №37 აქტის თანახმად, კომისიამ ადგილზე გასვლით შეისწავლა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (მისი ნაკვეთი/შენობა- ნაგებობა), მდებარე: ქობულეთი, ...... (ს/კ .....). კომისიის მიერ ადგილზე გასვლით დადგენილი იქნა შემდეგი: აღნიშნული ქონების არამართზომიერ მოსარგებლეს წარმოადგენდა შპს ,,ჯ–ი“; მოსარგებლე ეწეოდა კომერციულ საქმიანობას (შენობის სახურავის ნაწილზე განთავსებული იყო და ფუნქციონირებდა კავშირგაბმულობის ანზა, შენობა-დანადგარებით და საკაბელო არხით); ქონების მოსარგებლეს დაკავებული ჰქონდა 18,55 კვ.მ. შენობა-ნაგებობა.
6. შპს ,,ჯ“-ს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2014 წლის 25 ივნისის №01-10/2825 წერილით ეთხოვა წერილის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში უზრუნველეყო ფართის გამოთავისუფლება და 2011 წლის 8 სექტემბრიდან ქონების არამართლზომიერად სარგებლობის შეწყვეტამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დღეში 158.56 ლარის გადახდა, რაც 2014 წლის 19 ივნისის მდგომარეობით შეადგენდა 160 942.85 ლარს, ამასთან, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი წარედგინა სამინისტროში. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამინისტროს მხრიდან გატარდებოდა კანონით დადგენილი ღონისძიებები.
7. მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ ქ.ქობულეთში, ........ მდებარე 37 502 კვ.მ. არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები: №1 შენობა 5959.9 კვ.მ. №2 შენობა 1701.9 კვ.მ. №3 შენობა 366.4 კვ.მ. №4 შენობა 256.2 კვ.მ. №5 შენობა 391.3 კვ.მ. №6 შენობა 40.8 კვ.მ. №7 შენობა 44.4 კვ.მ. და №8 შენობა 452 კვ.მ. 2011 წლის 8 სექტემბრიდან 2018 წლის 7 მარტამდე წარმოადგენდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებას.
8. 2018 წლის 7 მარტს, აღნიშნული უძრავი ქონება საჯარო რეესტრში აღირიცხა შპს ,,კ.ბ–“ს საკუთრებაში, 07.03.2018წ. უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე 10.02.2015 წ. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N000757415 დასკვნის თანახმად, ქ.ქობულეთში, ....... მდებარე შენობა-ნაგებობა N1-ზე განთავსებული შპს ,,ჯ“-ს საკუთრებაში არსებული მობილური კავშირგაბმულობის სადგურის კაბელების მიერ სახურავზე დაკავებული ფართი შეადგენდა 10,25 კვ.მ.-ს, ხოლო მოწყობილობების და ანტენების ტექნიკური ოთახის გარე ფართი შეადგენდა 7,1 კვ.მ.-ს, ხოლო შიდა ფართი 6,15 კვ.მ.-ს.
9. 12.02.2015წ. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N000808015 სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ქ.ქობულეთში, ....... (ს/კ .......) მდებარე №1 შენობა-ნაგებობის სახურავზე, შპს „ჯ“-ს სარგებლობაში არსებული მობილური კავშირგაბმულობის სადგურის განთავსებისათვის გათვალისწინებული 17.35 კვ.მ. ფართის ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება მერყეობდა 1 000 ლარიდან 1 500 ლარამდე.
10. სასარჩელო მოთხოვნა და საფუძვლები
10.1. აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე შპს „ჯ“-ს (უფლებამონაცვლე სს ,,ს–ი“) მიმართ, ქონების არამართლზომიერად სარგებლობის მთელი პერიოდისათვის, კერძოდ, 2011 წლის 8 სექტემბრიდან 2018 წლის 7 მარტამდე (6 წელი და 180 დღე) თანხის - 375 797, 59 ანაზღაურების მოთხოვნით.
10.2. 2011 წლის 08 სექტემბრიდან, ქობულეთში, ...... მდებარე 37502 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობები: N1-5959.9 კვ.მ, N2-1701.9 კვ.მ, N3- 366.4 კვ.მ, N4-256.2 კვ.მ, N5-391.3 კვ.მ, N6-40.8 კვ.მ, N7-44.4 კვ.მ N8-452 კვ.მ. წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებას (ს.კ. ........).
10.3. 2014 წლის 03 ივნისს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერად დაკავების ფაქტის, დამკავებლის ვინაობის, დაკავების ვადისა და არამართლზომიერად დაკავებული ფართობის დამდგენმა კომისიამ (დამტკიცებულია სამინისტროს 2014 წლის 02 აპრილის N157 ბრძანებით) ადგილზე გასვლით შეისწავლა ზემოთ აღნიშნული უძრავი ქონების ფაქტობრივი მდგომარეობა, რა დროსაც გაირკვა, რომ 2011 წლის 8 სექტემბრიდან შპს „ჯ“-ს დაკავებული ჰქონდა ზემოთ აღნიშნული უძრავი ქონების 18.55 კვ.მ. ფართი. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვის და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის შესაბამისად, მას არ გააჩნდა ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისთვის იყენებდა, კერძოდ, შენობის (N1 შენობის) სახურავის ნაწილზე განთავსებული ჰქონდა და ფუნქციონირებდა ფიჭური კავშირგაბმულობის ანძა, შენობა-დანადგარებითა და საკაბელო არხით. ქალაქ ქობულეთში, ...... მდებარე, ს/კ ........., განლაგებული შენობის (N1-5959.9 კვ.მ.) 1 კვ.მ. სახურავისა და მასზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთის წლიური სარგებლობის საფასური, შპს ა.კ. „ი.ა.კ“-ს 2014 წლის 18 ივნისის N221/02 აუდიტორული დასკვნის შესაბამისად, შეადგენდა 3120 ლარს.
10.4. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, შპს „ჯ“-ს სამინისტროს 2014 წლის 25 ივნისის N01-10/2825 წერილით ეთხოვა, რომ წერილის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში უზრუნველეყო ფართის გამოთავისუფლება და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთვის მიღება-ჩაბარების აქტით ჩაბარება, ასევე, 2011 წლის 08 სექტემბრიდან არამართლზომიერი სარგებლობის შეწყვეტამდე გადაეხადა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - დღეში 158.56 ლარი, რაც მოპასუხის მხრიდან დღემდე არ გადახდილა. არამართლზომიერი მოსარგებლის მიერ ასევე არ მომხდარა სადავო ქონების გამოთავისუფლება და სამინისტროსათვის ჩაბარება.
10.5. სადავო ქონება 2018 წლის 7 მარტიდან პირობადადებულ საკუთრებაშია გადაცემული შპს „კ.ბ–“-ზე. ამდენად, მოსარჩელემ მოითხოვა, მოპასუხეს, დაკისრებოდა ქონების არამართლზომიერად სარგებლობისათვის, სარგებლობის საფასური 2011 წლის 8 სექტემბრიდან 2018 წლის 7 მარტამდე (6 წელი და 180 დღე), რაც ჯამში შეადგენდა 375 797.59 ლარს (6 თვე*6 წელი=347 256 ლარი, 180 დღე (09.09.2017-07.04.2018=180 დღე)*158.56 ლარი).
11. მოპასუხის შესაგებელი
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2010 წლის 20 სექტემბერს, შპს „ჯ“-მ ქირავნობის ხელშეკრულება კანონით დადგენილი წესით გააფორმა შპს „გ–ი“-სთან და ქირის ოდენობა შეადგენდა 1250 ლარს. აღნიშნული ხელშეკრულება მხარეთა მიერ სრულდებოდა კეთილსინდისიერად, შპს „ჯ“ იხდიდა ქირას და სარგებლობდა ქონებით. სამინისტროს 2014 წლის 25 ივნისის N01-10/2825 წერილით, მისთვის ცნობილი გახდა, რომ 2011 წლის 8 სექტემბრიდან შპს „გ–ი“-ს კუთვნილი ფართის მესაკუთრე გახდა სამინისტრო. მთელი ამ პერიოდის მანძილზე (2010 წლის 20 სექტემბრიდან 2014 წლის 25 ივნისის ჩათვლით) შპს „ჯ“ ხელშეკრულებით განსაზღვრულ თანხას დადგენილ ვადაში უხდიდა ხელშეკრულების კონტრაჰენტს შპს „გ–ი“-ს. 2011 წლის 8 სექტემბრიდან სამინისტრო ჩაენაცვლა შპს ,,გ–ი“-ს ამ უკანასკნელის მიერ დადებულ ქირავნობის ხელშეკრულებაში. შესაბამისად, უსაფუძვლო იყო სამინისტროს მიერ იმ თანხების მოთხოვნა, რაც მოსარჩელის მიერ მითითებულ აუდიტორულ დასკვნაში იყო მითითებული. ამასთან, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 14 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, აჭარის არ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე შპს ,,გ–ი“-ს მოსარჩელის აჭარის არ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა 119 350 ლარის გადახდა. შესაბამისად, მოსარჩელეს ზემოთ მითითებული სადავო პერიოდისათვის (2010 წლის 20 სექტემბრიდან 2014 წლის 25 ივნისის ჩათვლით) შპს „გ–ი“-საგან მიღებული ჰქონდა ქირის საფასური. გარდა ამისა, მოთხოვნის ნაწილი ხანდაზმული იყო, ვინაიდან სარჩელი სასამართლოში წარდგენილი იქნა 2015 წლის 6 იანვარს. ყველა მოთხოვნა, რომელიც ამ პერიოდიდან 3 წელს აღემატებოდა ანუ 2012 წლის 6 იანვრამდე არსებული მოთხოვნები ხანდაზმული იყო.
12. მესამე პირის პოზიცია
მესამე პირის პოზიცია: მესამე პირის შპს ,,გ“-ს წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება საკადასტრო კოდით №.... (მდებარე ქალაქ ქობულეთში, ......) ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე, დროებით სარგებლობაში გადასცა შპს ,,ჯ“-ს და სხვა ოპერატორებს, რისთვისაც უხდიდნენ ქირის თანხას. აჭარის არ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, 2010 წლის 17 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების შემდგომ, სასამართლო წესით მოსთხოვა იმ თანხების გადახდა, რასაც ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების შემდგომ იღებდა ქირის სახით შპს ,,ჯ“-საგან და სხვა ოპერატორებისგან. მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე სასამართლო წესით მას დაეკისრა აღნიშნული თანხების გადახდა, რაც სრულად გადაიხადა.
13. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს (შემდეგში: მოსარჩელე, სამინისტრო, პირველი აპელანტი ან პირველი კასატორი) სარჩელი სს „ს–ის“ (შემდეგში: მოპასუხე, კომპანია, მეორე აპელანტი ან მეორე კასატორი) წინააღმდეგ, თანხის დაკისრების თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 53 750 ლარის გადახდა დაეკისრა
14. მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
15. მოპასუხის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემაც, რომელმაც გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
16. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 მარტის განჩინებით მოსარჩელისა და მოპასუხის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
17. მოსარჩელის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
18. მოპასუხის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა
განჩინება საკასაციო წესით ასევე გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა მოითხოვა.
19. საკასაციო სასამართლოს განჩინება
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022წლის 24 ივნისის განჩინებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო სს „ს–ის" საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 მარტის განჩინება და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
20. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით, სს ,,ს–ი“-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილების 1.1 პუნქტში ცვლილების შეტანით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და, ნაცვლად 53750 ლარისა, სს ,,ს–ი“-ს, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა 55501 ლარი, დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
21. მოსარჩელის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
22. მოპასუხის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა
22.1. გადაწყვეტილება საკასაციო წესით ასევე გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
22.2. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო პალატამ საუარესოდ შემოაბრუნა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რადგან საკასაციო ინსტანციაში წარდგენილი მოსარჩელის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შედეგად მის ნაწილში სასამართლომ დაასრულა საქმის განხილვა, ხოლო სს „ს–ის“ ნაწილში დააბრუნა ხელახლა განსახილველად, ამიტომ, სააპელაციო პალატას აღარ ჰქონდა უფლება ხელმეორედ განეხილა მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი და გაეზარდა პირველი ინსტანციით მოპასუხესთვის დაკისრებული თანხის ოდენობა. ამ შემთხვევაში, სააპელაციო პალატას უნდა მიეღო გადაწყვეტილება მხოლოდ სამი სამართლებრივი შედეგით, ან უნდა დაეტოვებინა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული შედეგი, ან უნდა შეემცირებინა დაკისრებული თანხა, ან საერთოდ არ დაეკმაყოფილებინა სასაჩელო მოთხოვნა, რადგან მხოლოდ მოპასუხის სააპელაციო საჩივრის განხილვის უფლებამოსილება ჰქონდა.
22.3. კასატორი ასევე ითხოვს მოსარჩელის საკასაციო საჩივრის ნაწილში საქმის შეწყვეტას, რადგან მის ნაწილში უკვე არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რაც გამორიცხავს გადაწყვეტილების მის ნაწილში გადასინჯვის შესაძლებლობას.
23. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
23.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 5 დეკემბრის განჩინებებით საკასაციო საჩივრები წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
23.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 28 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივრები დასაშვებად იქნა ცნობილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
24. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებით განხილვაში შევლის გარეშე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი, ხოლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთების არსებითად განხილვის გზით შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „ს–ის“ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, საქმის წარმოების ნაწილობრივ შეწყვეტის შესახებ შუამდგომლობა კი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
25. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო 22.1. სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
26. საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, პირველ რიგში, ერთდროულად იმსჯელოს სს „ს–ის“ საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ შუამდგომლობაზე, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რადგან ორივე საკითხი პროცესუალური გაგებით ეხმიანება ერთმანეთს და კორელაციურ დამოკიდებულებაში არიან.
27. სსსკ-ის 264-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) კანონიერ ძალაში შედის დაუყოვნებლივ, მისი გამოცხადებისთანავე. ამავე კოდექსის 266-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი.
28. სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო სამართლებრივ ინსტიტუტი, რომელიც საუარესოდ შემობრუნების დაუშვებლობას (non reformacio in pejus) აღიარებს, სწორედ იმას ნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლო გასჩივრებულ გადაწყვეტილებას/განჩინებას ამოწმებს მხოლოდ სააპელაციო საჩივრის ფარგლებში (სსსკ-ის 377-ე მუხლი), შესაბამისად, საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე სასამართლო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას/განჩინებას ამოწმებს მხოლოდ საკასაციო საჩივრის ფარგლებში და, უფლებამოსილია შეცვალოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება/განჩინება მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც მხარეები მოითხოვენ (სსსკ-ის 404.1, 409-ე მუხლები). არ არის გამორიცხული, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების/განჩინების შემოწმებისას, სააპელაციო სასამართლო/საკასაციო სასამართლო მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ გადაწყვეტილება/განჩინება არასწორია იმ ნაწილშიც, რომელიც არაა გასაჩივრებული და აპელანტის/კასატორის სასარგებლოდაა გამოტანილი. მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლო/საკასაციო სასამართლო ვერ გასცდება სააპელაციო საჩივრის/საკასაციო საჩივრის მოთხოვნებს და ვერ გააუქმებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას/განჩინებას იმ ნაწილში, სადაც არ არის წარმოდგენილი დასაბუთებული სააპელაციო/საკასაციო პრეტენზია (შეად. სუსგ-ას N ას- 1274-2022, 22.11.2022წ.).
29. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სს „ს–ის“ შუამდგომლობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივრის ნაწილში საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს, თუმცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად, რადგან საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ივნისის განჩინებით, სამინისტროს მიერ წარდგენილი საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, მის ნაწილში კანონიერ ძალაში შევიდა ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილება შესაბამისად, სამინისტროს აღნიშნული კასაციის ფარგლებში სასამართლო აღარ იმსჯელებს არსებითად.
30. საკასაციო პალატა არსებითი განხილვის ფარგლებში, ყურადღებას გაამახვილებს სს „ს–ის“ საკასაციო საჩივარზე, შესაბამისად, სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმის მთავარ სამართლებივ საკითხს წარმოადგენს ის, თუ რამდენადაა სახეზე უძრავი ქონების არამართლზომიერი მფლობელობა, აქედან გამომდინარე, მოპასუხის უსაფუძვლო გამდიდრება და მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობა.
31. საკასაციო პალატი სმოსაზრებით, წინამდებარე დავის ფარგლებში აუცილებელია პასუხი გაეცეს შემდეგ კითხვებს: სადავოდ გამხდარი ხელშეკრულება ქირავნობაა თუ იჯარა, ქირავნობის ან იჯარის შემთხვევაში, მესაკუთრის ცვილებისას ხელშეკრულება რჩება თუ არა ძალაში და ახალი მესაკუთრე იკავებს თუ არა კრედიტორის ადგილს, ხელშეკრულებით განსაზღვრული უძრავი ქონების არასწორი საკადასტრო კოდები ცვლის თუ არა დავის ფარგლებში სამართლებრივ შედეგს, იყო თუ არა მოსარჩელის მიერ მოპასუხესთვის 2014 წლის 25 ივნისს უძრავი ქონების გათავისუფლების შესახებ წარდგენილი წერილი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ნების გამოვლენა, აქედან გამომდინარე კი სახეზეა თუ არა მოპასუხის მიერ უძრავი ქონების არამართლზომიერი ფლობა, რაც შემდგომ წარმოშობს თუ არა უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივ წინაპირობებს, ასევე, ქირავნობის/იჯარის ხელშეკრულება დასრულდა თუ არა ამავე ხელშეკრულებით განსაზღვრულ დროში - 2015 წლის 20 სექტემბერს. მოცემულ კითხვებზე საპასუხოდ, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ფაქტობრივი გარემოებების სამ ძირითად ეტაპად გაყოფა, რათა სამართლებრივი ანალიზი გახდეს უფრო ცხადი და ნათელი.
32. პირველი ეტაპი კრედიტორის (მოსარჩელის) ცვლილებიდან მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ წერილის გადაცემის მომენტის ჩათვლით (2011 წლის 8 სექტემბრიდან 2014 წლის 25 ივნისის ჩათვლით) პერიოდია; მეორე ეტაპი: ამავე წერილის გადაცემის მომენტიდან ხელშეკრულებით განსაზღვრული გარიგების მოქმედების ვადის ამოწურვის ჩათვლით (2014 წლის 25 ივნისიდან 2015 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით) პერიოდი; ხოლო მესამე: აღნიშნული უკანასკნელი თარიღიდან მოსარჩელის საკუთრების უფლების ბოლო თარიღის ჩათვლით (2015 წლის 20 სექტემბრიდან 2018 წლის 7 მარტი) პერიოდი. აღნიშული სამივე პერიოდი მოსარჩელე მხარეს დაჯამებული სახით აქვს მოთხოვნილი, თუმცა სასამართლო მიუთითებს, რომ საკვლევია სწორედ ამ თითოეული პერიოდის სამართლებრივი მოწესრიგება, რადგან შესაძლებელია არსებობდეს მათი განსხვავებული დარეგულირების აუცილებლობა და, აქედან გამომდინარე, განსხვავებული იყოს სამართლებრივი შედეგებიც, რადგან თითოეულ ეტაპზე მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა შესაძლოა იყოს განსხვავებული.
33. პირველ რიგში, საკასაციო პალატა მიუთითებს ამავე საქმეზე უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 24 ივნისის განჩინებით უკვე განმარტებულ და მოწესრიგებულ სადავო სამართლებრივ ურთიერთობაზე ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნების შესახებ (იხ.განჩინების მე-14), სადაც აღინშნა, რომ „...მოპასუხესთან დაიდო არა იჯარის, არამედ ქირავნობის ხელშეკრულება... ... მოპასუხისთვის სარგებლობაში გადაცემული ფართი არა თავისთავად იყო გამიზნული ნაყოფის მიღებისათვის, არამედ დამქირავებელმა საკუთარი სახსრებით განათავსა მასში ფიჭური კავშირგაბმულობის დანადგარები შესაბამისი კომერციული მიზნებისათვის... ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხესა და ე.წ. მეიჯარეს შორის დაიდო არა იჯარის, არამედ ქირავნობის ხელშეკრულება“ (იხ. სუსგ N ას-172-161-2017, 29.06.2017წ.)“, რაც არა იქნა სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებაში გაზიარებული, სადაც სააპელაციო პალატა სადავო ურთიერთობას კვლავ აწესრიგებს იჯარის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმებით და, დამატებით, ქირავნობის ნორმებით ანალოგიის წესით, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მსჯელობა ამ ნაწილში ვერ იქნება გაზიარებული, რადგან უზენაესი სასამართლოს მიერ განიმარტა ხელშეკრულების შინაარსი, როგორც ქირავნობა.
34. სამოქალაქო კოდექსის 572-ე მუხლის თანახმად, თუ გამქირავებელი გაქირავებულ ნივთს მესამე პირზე გაასხვისებს დამქირავებლისათვის მისი გადაცემის შემდეგ, შემძენი იკავებს გამქირავებლის ადგილს და მასზე გადადის ქირავნობის ურთიერთობიდან გამომდინარე უფლებები და მოვალეობები. აღნიშნული ნორმით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ ქირავნობის ხელშეკრულების არსებობა არ არის დამოკიდებული მხარეთა სუბიექტურობაზე, რადგან სავსებით შესაძლებელია ხელშეკრულების მხარეები ჩანაცვლდნენ ისე, რომ ხელშეკრულების შინაარსი უცვლელი დარჩეს. სწორედ ასეთი გარემოებაა წინამდებარე საქმეშიც სახეზე, როდესაც მართალია, 2010 წლის 20 სექტემბრის ხელშეკრულება კონკრეტულ მხარეებს შორის დაიდო, თუმცა რადგან უძრავი ქონების მესაკუთრე (შპს „გ–ი“) ჩანაცვლდა ახალი მესაკუთრით (აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროთი), აღნიშნულ მხარეებს შორის 2010 წლის 17 აგვისტოს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ნასყიდობის ხელშეკრულების მოშლისას - 2011 წლის 01 აგვისტოს, სწორედ ამ დღიდან მოსარჩელე გახდა უძრავი ქონების მესაკუთრე, მაგრამ, როგორც აღინიშნა, მესაკუთრის ცვლილებით ავტომატურად არ მომხდარა ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტა, არამედ პირიქით, ის ჩვეულ რეჟიმში დარჩა ძალაში.
35. მართალია, მესაკუთრის ცვლილების შესახებ 2014 წლის 25 ივნისამდე არაფერი იცოდა მოპასუხემ, თუმცა დადგენილა, რომ აღნიშნულ პერიოდამდე ის მაინც ასრულებდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვალდებულებას - იხდიდა ქირას, რჩებოდა რა სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში, შესაბამისად, 2011 წლის 01 აგვისტოს თუმცა შეიცვალა მესაკუთრე, 2014 წლის 25 ივნისამდე პერიოდში მოპასუხის მიერ შესრულებული გადახდები ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შედეგია და, ამ ნაწილში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ვერ მოხდება სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება, რადგან ვალდებულება მოპასუხემ შეასრულა.
36. აქვე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ უნდა განისაზღვროს მართლზომიერი მფლობელობის საკითხიც, რითაც დადგინდება თუ რა დროში იყო მხარეთა ურთიერთობა სახელშეკრულებო მოწესრიგების ფარგლებში, და დროს - არა. ამისათვის, პირველ რიგში, აუცილებელია სამართლებრივად შეფასდეს მოსარჩელე მხარის 2014 წლის 25 ივნისის წერილი, რომლითაც მოპასუხეს განესაზღვრა 20 დღიანი ვადა უძრავი ქონების გამოთავისუფლების შესახებ. აღნიშნულ ნაწილშიც, საკასაციო პალატა მიუთითებს ამავე საქმეზე უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 24 ივნისის განჩინებით უკვე განმარტებულ მოწესრიგებაზე, რომლის თანახმად, აღნიშნული წერილი „არ შეიძლბა ქირავნობის ხელშეკრულების სამართლებრივ საფუძვლად იქნეს მიჩნეული“ (იხ. განჩინების მე-11 პუნქტი), ამ კუთხით საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტის (იგივე მოშლის) მოწესრიგება იმპერატიულადაა დადგენილი სამოქალაქო კოდექსის 555-56ე მუხლებით, რომელთა რეგულირებაც არ იცნობს ისეთ შემთხვევას, როდესაც მხოლოდ მესაკუთრის მითითება ფართის გამოთავისუფლების შესახებ საკმარისი იქნება ხელშეკრულების შეწყვეტისთვის, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული წერილით არ შეწყვეტილა ქირავნობის ხელშეკრულება.
37. ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საკასაციო პალატის შემდგომი კვლევის საგანია მართლზომიერი მფლობელობის საკითხი. რადგან განიმარტა, რომ მხარეთა შორის ქირავნობის ხელშეკრულება არ მოშლილა, ის ჩვეულებრივ დარჩა ძალაში ხელშეკრულების ვადის გასვლამდე - 2015 წლის 20 სექტემბრამდე (ქირავნობის ხელშეკრულება დაიდო 2010 წლის 20 სექტემბერს 5 წლის ვადით), შესაბამისად, აღნიშნულ ვადამდე მოპასუხე მხარე მართლზომიერად ფლობდა უძრავ ქონებას, რის გამოც ამ ნაწილში კანონისმიერი მოთხოვნა, რაც გულისხმობს უსაფუძვლო გამდიდრების გამო თანხის დაბრუნებას, არამართლზომიერია, რადგან ამ საკითხის მოწესრიგება უნდა მოხდეს ისევ და ისევ სახელშეკრულებო სამართლის საფუძვლებით, რაც კონკრეტულად ამ შემთხვევაში, მოწესრიგებულია სამოქალაქო კოდექსის ქირავნობის თავით.
38. რაც შეეხება შემდგომ (2015 წლის 20 სექტემბრიდან 2018 წლის 07 მარტამდე) პერიოდს, რადგან ქირავნობის ხელშეკრულება შეწყდა ამავე ხელშეკრულებით გასაზღვრული 5 წლიანი ვადის გასვლის გამო 2015 წლის 20 სექტემბერს, სწორედ ამ დროიდან ხდება მოპასუხე უძრავი ქონების არამართლზომიერი მფლობელი, რადგან მის სახელშეკრულებო მართლზომიერ მფლობელობას ვადა გაუვიდა ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტიდან, შესაბამისად, ამ ნაწილში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებითაა მოსაწესრიგებელი.
39. ზემოაღნიშნული განმარტებების საფუძველზე, უკვე ცხადი ხდება თუ რა ნაწილში უნდა მოხდეს სარჩელის დაკმაყოფილება. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ რადგან მოპასუხე კეთილსინდისიერად იხდიდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხას ხელშეკრულების დადებიდან 2014 წლის 25 ივნისამდე (მოსარჩელის წერილის მიღებამდე), საკასაციო პალატა ამ ნაწილში იზიარებს ქვედა ინსტანციის მსჯელობას, რომ მოპასუხე მხარემ საკუთარი სახელშეკრულებო ვალდებულება ამ დრომდე ჯეროვნად შეასრულა, რის გამოც ამ ნაწილში სარჩელი ვერ დაკმაყოფილდება.
40. აღნიშნულ ნაწილში, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ასევე იმ არგუმენტზე, რომ თუ კი მოპასუხემ მოსარჩელის წერილი უძრავი ქონების გამოთავისუფლების შესახებ მიიღო და ამის შემდგომ შეწყვიტა ქირის თანხის გადახდა, ხომ არ არის სახეზე მოპასუხის მხრიდან მართლზომიერი მფლობელობის მიმართ უფლებრივი ნაკლი. ამ ნაწილშიც, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოპასუხე მხარე კეთილსინდისიერად მიიჩნევდა, რომ მის მიერ შესრულებული ვალდებულება სრულდებოდა სახელშეკრულებო კრედიტორის მიმართ, ასევე ხაზგასასმელია, რომ წერილის გაგზავნამდე (2014 წლის 25 ივნისამდე) სამინისტროს არავითარი კრედიტორული მოთხოვნა წაუყენებია მოპასუხესთვის, შესაბამისად, მოპასუხისთვის ვალდებულების შესრულება თავდაპირველი კრედიტორის მიმართ ვერ ჩაითვლება შეუსრულებლობად, ასევე, დადგენილია, რომ შპს „ჯ“ სარგებლობდა უძრავი ქონებით და 2014 წლის 25 ივნისის ჩათვლით ყოველთვიურად შპს ,,გ“-ს უხდიდა ქონების სარგებლობის საფასურს 1250 ლარის ოდენობით. სწორედ აღნიშნულის გამო, 2015 წლის 21 ივლისს, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ სარჩელი აღძრა მოპასუხე შპს „გ“-ს მიმართ, უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე თანხის 119 350 ლარის დაკისრების მოთხოვნით, რაც დაკმაყოფილდა კანონიერ ძალაში შესული ბათუმის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 14 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, შესაბამისად, ამ ნაწილში მოსარჩელე მხარეს თავისი მოთხოვნა უკვე დაკმაყოფილებული აქვს.
41. სსკ-ის 531-ე მუხლის თანახმად, ქირავნობის ხელშეკრულებით გამქირავებელი მოვალეა დამქირავებელს სარგებლობაში გადასცეს ნივთი განსაზღვრული ვადით. დამქირავებელი მოვალეა გამქირავებელს გადაუხადოს დათქმული ქირა. ამავე ეკოდექსის 572-ე მუხლის თანახმად, თუ გამქირავებელი გაქირავებულ ნივთს მესამე პირზე გაასხვისებს დამქირავებლისათვის მისი გადაცემის შემდეგ, შემძენი იკავებს გამქირავებლის ადგილს და მასზე გადადის ქირავნობის ურთიერთობიდან გამომდინარე უფლებები და მოვალეობები.
42. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ 2014 წლის 25 ივნისიდან 2015 წლის 2015 წლის 20 სექტემბრამდე პერიოდში სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში, მოპასუხე ვალდებული იყო ქირავნობის ურთიერთობიდან გამომდინარე გადაეხადა ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხა, თუმცა, როგორც დადგინდა, მოპასუხე 2015 წლის 25 ივნისის შემდგომ აღარ ასრულებდა თავის სახელშეკრულებო ვალდებულებას, რაც წარმოშობს სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს.
43. სსკ-ის 982-ე მუხლის თანხმად, პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი. ბათილი განკარგვის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს შეუძლია ხელმყოფისაგან მოითხოვოს დაუყოვნებლივი ანაზღაურება.განმტკიცებული ხელყოფის კონდიქციის შემადგენლობა მოპასუხის მიმართ თავს იჩენს ქირავნობის ხელშეკრულების ვადის გასვლის (საქმეზე დადგენილია, რომ ქონება 2010 წლის 20 სექტემბერს, ხუთი წლის ვადით, იჯარით გადაეცა შპს „ჯ–ს“, თვეში 1 250 ლარის საიჯარო ქირის გადახდის პირობით) დღიდან ქონების გამოთავისუფლებამდე პერიოდში. დროის ამ მონაკვეთში ცალსახაა, რომ მოპასუხე უკვე გასული იყო სახელშეკრულებო ურთიერთობიდან და ქონების შემდგომ ფლობას სამართლებრივი საფუძვლის გარეშე განაგრძობდა, ამასთან, არც ქონებით სარგებლობისთვის არ გადაუხდია შესაბამისი საფასური. როგორც ზემოთ აღინიშნა, ამ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 982-ე მუხლი, რაც მართებულად აქვს მითითებული სააპელაციო სასამართლოს. კასატორთა საყურადღებოდ, ამ ნორმის მიზანთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მისსავე ერთ-ერთ განმარტებას მოიხმობს: „განსახილველი ნორმით გათვალისწინებული „ზიანი“ წარმოადგენს არა ზიანის ანაზღაურების შემთხვევას, არამედ, საქმე გვაქვს გამდიდრების გათანაბრებასთან. ამ შემთხვევაში ყურადსაღებია, რომ ხსენებული ნორმა მოცემულია უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტით, რაც მიგვითითებს ამ ნორმით გათვალისწინებული ზიანის გათანაბრებაზე უსაფუძვლო გამდიდრებასთან, ანუ როგორც ხელყოფის კონდიქციისათვის არის დამახასიათებელი, ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი არის ის, რომ ხელმყოფმა უნდა გაუთანაბროს უფლების მქონე პირს მის უფლებაში ჩარევა. აქედან გამომდინარე, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებულ ზიანში იგულისხმება, მიღებულის დაბრუნების შეუძლებლობის შემთხვევაში, მისი ღირებულების ანაზღაურება, ანუ საქმე გვაქვს არა ზიანის ანაზღაურებასთან, არამედ გამდიდრების გათანაბრების შემთხვევასთან“ (იხ. სუსგ N ას-472-448-2013, 5.12.2013წ; N ას-275-2020 , 16.11.2021წ; N ას-1227-2018, 15.02.2022წ.).
44. რაც შეეხება 2015 წლის 20 სექტემბრიდან 2018 წლის 07 მარტამდე პერიოდს, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ქირავნობის ხელშეკრულება ვადის გასვლის გამო შეწყდა 2015 წლის 20 სექტემბერს, სწორედ ამ თარიღიდან მოპასუხე გახდა უძრავი ქონების არამართლზომიერი მფლობელი, რა დროშიც ასევე ცხადია, ის აღარ იყო სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში ვალდებული გადაიხადა რაიმე სახის თანხა. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ხელშეკრულების გაგრძელებისვის აუცილებელი ფორმალური პროცედურები მხარეებს არ განუხორციელებიათ, შესაბამისად, ხელშეკრულებამ მოქმედება შეწყვიტა განსაზღვრულ ვადის გასვლის მომენტში, სწორედ ამ მომენტიდან მოპასუხე მხარე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს ნივთს, რასაც ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა გადაყავს კანონისმიერ ვალდებულებით ურთიერთობაში, რის საფუძველზეც, მოპასუხე ვალდებული ხდება მოსარჩელე აღადგინოს თავის დარღვეულ უფლებაში შესაბამისი სახისა და ოდენობის ზიანის ანაზღაურების საფუძველზე.
45. განსახილველ შემთხვევაში, მართალია, სასამართლომ აღნიშნა, რომ ჯამურად თანხის დაკისრება მოპასუხესთვის უნდა მოხდეს ერთ შემთხვევაში სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე 2014 წლის 25 ივნისიდან 2015 წლის 2015 წლის 20 სექტემბრამდე პერიოდზე, ხოლო, მეორე შემთხვევაში, კანონისმიერი საფუძვლით 2015 წლის 20 სექტემბრიდან 2018 წლის 07 მარტამდე პერიოდზე, თუმცა დასადგენია თუ რა ოდენობით უნდა მოხდეს თანხის დაკისრება.
46. საქმეში წარმოდგენილია თანხის მტკიცებისთვის ორი დასკვნა, მოსარჩელის წარდგენილი შპს „ა.კ. ი.ა.კს“ 2014 წლის 18 ივნისის აუდიტორული დასკვნა №221/02-ის თანახმად, ქ. ქობულეთში, ..... (ს/კ ......) მდებარე შენობის 1 კვ.მ სახურავის და მასზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთის წლიური სარგებლობის საფასური 3 120 ლარი იყო;
47. მოპასუხის წარდგენილი ექსპერტიზის ბიუროს 2015 წლის 12 თებერვლის №000808015 დასკვნა თანახმადაც, ქ. ქობულეთში, ........ (ს/კ ........) მდებარე №1 შენობა-ნაგებობის სახურავზე, შპს „ჯ–ს“ სარგებლობაში არსებული მობილური კავშირგაბმულობის სადგურის განთავსებისათვის გათვალისწინებული 17.35 კვ.მ ფართის ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება 1 000 ლარიდან 1 500 ლარამდე მერყეობდა. ქონების სპეციფიკურობიდან გამომდინარე, ვერ დგინდებოდა აღნიშნული ობიექტის 1 კვ.მ ფართის ყოველთვიური ქირის საბაზრო ღირებულება.
48. საკასაციო პალატა თანხის განსაზღვრის ნაწილში იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომლის თანახმად, მოსარჩელის მიერ წარდგენილ აუდიტორულ დასკვნაში შეფასება განხორციელებული იყო მხოლოდ დასკვნის შედგენის მომენტში არსებული, ანუ 2014 წლის მონაცემებით, მაშინ, როდესაც სასარჩელო დავის საგანს წარმოადგენდა 2011 წლიდან პერიოდში საფასურის გადახდევინება. მოპასუხის მიერ წარდგენილ ექსპერტიზის დასკვნაში კი შეფასება განხორციელებული იყო 2011-2014 წლების მონაცემების შესწავლის შედეგად. გარდა ამისა, ექსპერტიზის დასკვნაში გადმოცემული იყო შესაფასებელი ქონების, შეფასების მეთოდოლოგიის უფრო დეტალიზებული აღწერა, ვიდრე - აუდიტორულ დასკვნაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო დავის საგნისათვის უფრო შესატყვისი და დასაბუთებული იყო სწორედ მოპასუხის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა. ამასთან, ვინაიდან ამ დასკვნაში ყოველთვიური საიჯარო ქირის საორიენტაციო საბაზრო ღირებულება გონივრულ შეესაბამებოდა შპს „ჯ–ს“ მიერ მეიჯარესთან დადებული იჯარის ხელშეკრულებით განსაზღვრული საიჯარო ქირის ოდენობას, სადავო ფართის სარგებლობისათვის ყოველთვიური საფასურის ოდენობა 1 250 ლარით განისაზღვრა, შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება უნდა მოხდეს 2014 წლის 25 ივნისიდან 2018 წლისს 7 მარტამდე არსებულ პერიოდზე, რაც შეადგენს (1351x44.3) 55 368.8 ლარს, თუმცა, რადგან საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 24 ივნისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, მის ნაწილში კანონიერ ძალაში შევიდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა 53 750 ლარის გადახდის ნაწილში, რასაც უზენაესი სასამართლო ვეღარ გაზრდის, შესაბამისად, მოპასუხეს გადასახდელად უნდა დაეკისროს 53 750 ლარის გადახდა.
49. სსკ-ის 130-ე მულის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როცა პირმა შეიტყო ან პირს უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამავე კოდექსის 128-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს, ხოლო 129-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.
50. საკასაციო პალატა დამატებით ყურადღებას ამახვილებს ხანდაზმულობის შედავებაზე, და აღინიშნავს, რომ მოცემული საკითხი უნდა გადაწყდეს ორი განსხვავებული სამართლებრივი მოწესრიგებით. პირველი ეხება 2014 წლის 25 ივნისიდან 2015 წლის 20 სექტემბრამდე პერიოდს, რაზეც მოქმედებს სახელშეკრულებო ხანდაზმულობის ვადები. სამინისტროს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2014 წლის 25 ივნისს, საიდანაც სარჩელის აღძვრამდე - 2015 წლის 06 იანვრამდე არ არის გასული ხანდაზმულობის სამ წლიანი ვადა. აღნიშნულ შემთხვევაში, რადგან სახეზე იყო სახელშეკრულებო ვალდებულების პერიოდული შესრულება, ხანდაზმულობის ვადის ოდენობა შეადგენს ბოლო გაადხდიდან 3 წელს.
51. რაც შეეხება 2015 წლის 20 სექტემბრიდან 2018 წლის 07 მარტამდე პერიოდს, ვინაიდან, უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე უკუმოთხოვნას არ გააჩნია სამოქალაქო კოდექსით დადგენილი სახელშეკრულებო, უძრავ ნივთებთან დაკავშირებული ან სხვა რაიმე სპეციალური ხანდაზმულობის ვადები, მის მიმართ მოქმედებს ხანდაზმულობის საერთო - 10 წლიანი ვადა, რაც მოსარჩელეს ასევე დაცული აქვს (იხ. სუსგ-ები: N ას-225-215-2016, 25.05.2016წ; №ას-15-15-2016, 01.03.2016წ.).
52. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ამგვარი საფუძვლები და არ არის საჭირო მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, საკასაციო პალატა უფლებამოსილია თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება.
53. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. სს „ს–ის“ შუამდგომლობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივრის ნაწილში საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
3. სს „ს–ის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
4. ნაწილობრივ გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 05 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
5. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
6. სს „ს–ს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს 53 750 ლარის გადახდა;
7. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
8. სს „ს–ს“ (ს.კ. .......) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სამივე ინსტანციის სასამართლოში გადასახდელი ბაჟის - 1524.95 ლარის გადახდა;
9. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე