საქმე №ას-454-2024 29 მაისი, 2024 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ი.ფ–ია (აპელანტი, მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - სს „ბ–ი“ (მოსარჩელე)
თავდაპირველი მოპასუხე - შპს „გ.? მ–გან“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის არსებითი განხილვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სს „ბ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ი.ფ–იას, სს „ბ–ის“ სასარგებლოდ, დაეკისრა 2021 წლის 26 იანვრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 84395.71 ლარის ანაზღაურება, საიდანაც ძირი თანხაა 70503.12 ლარი, სარგებელი 10192.59 ლარი, დარიცხული პირგასამტეხლო 3700 ლარი. ი.ფ–იას, სს „ბ–ის“ სასარგებლოდ, დაეკისრა 2021 წლის 26 იანვრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე 70503.12 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე, (მაგრამ არაუმეტეს ხელშეკრულების მოქმდების ვადისა) წლიური 12 % სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 707.03 ლარს. დავალიანების დაფარვის მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება მდებარე ქ. ბათუმი, .........., საკადასტრო კოდი #........ მოსარჩელეს უარი ეთქვას მოთხოვნის - იმ შემთხვევაში თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით ამოღებული თანხა არ იქნება საკმარისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, აღსრულება მიექცეს ი.ფ–იას სხვა უძრავ-მოძრავ ქონებაზე, დაკმაყოფილებაზე.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, ი.ფ–იამ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, კერძოდ პირგასამტეხლოს, წლიური 12 %-იანი სარგებლისა და ბაჟის დაკისრების ნაწილში. ამასთანავე, აპელანტმა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე. (ტ.1 ს.ფ. 113)
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 დეკემბრის განჩინებით, (ტ.1 ს.ფ.120-124) აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა 10 (ათი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარმოედგინა 339.37 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დედანი დოკუმენტი, დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი, რომელშიც მითითებული იქნება იმის თაობაზე,თუ რაში მდგომარეობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი ან/და სამართლებრივი უსწორობა, გარემოებები, რომელზეც აპელანტი ამყარებს თავის მოთხოვნას და მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ მათ; სააპელაციო საჩივრის შევსებული ფორმის ელექტრონული ვერსია. ამასთანავე, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინებით არ დაკმაყოფილდა ი.ფ–იას შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 მარტის განჩინებით ი.ფ–იას სააპელაციო საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე, დარჩა განუხილველი.
5. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ხარვეზის დადგენის შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 21 დეკემბრის განჩინება აპელანტის წარმომადგენელს, გ.გ–ძეს (მინდობილობა წარმოდგენილია საქმეში. ტ.1 ს.ფ. 73-74) ორჯერ გაეგზავნა ფოსტის მეშვეობით 2024 წლის 15 იანვარს და 29 იანვარს და გზავნილი ჩაჰბარდა 2024 წლის 01 თებერვალს მამას - რ.გ–ძეს.(ტ.1 ს.ფ. 125-129) შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, აპელანტს (ან მათ წარმომადგენელს) სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი 2024 წლის 12 თებერვლის ჩათვლით უნდა შეევსოთ (რადგან 11 თებერვალი კვირა, არასამუშაო დღე იყო). დასახელებული ვადის გასვლის შემდეგ აპელანტის შესაძლებლობა, გამოესწორებინა ხარვეზი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, გაქარწყლებულად უნდა ჩაითვალოს. განსახილველ შემთხვევაში აპელანტს სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე განცხადებით ან შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.
6. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368.5 მუხლით და ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ სახეზე იყო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა, ი.ფ–იამ, წარადგინა კერძო საჩივარი და მისი გაუქმება მოითხოვა. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მან წარადგინა სააპელაციო საჩივარი, თუმცა სახელმწიფო ბაჟი არ ყოფილა გადახდილი, რადგან მას სახელმწიფო ბაჟის გადახდის ფინანსური და მატერიალური საშუალება არ გააჩნდა. კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ არ ხდის გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ შორის, დოკუმენტების ჩაბარების თარიღებსა და ვადებს, თუმცა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ვინაიდან მას არ გააჩნია შესაბამისი ფინანსური რესურსი, წაერთვა სასამართლოსათვის მიმართვისა და გასაჩივრების უფლება, რაც სამოქალაქო სამართლის პრინციპების უხეშ დარღვევას წარმოადგენს.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 აპრილის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
9. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი იმ საფუძვლით, რომ აპელანტებმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში არ შეავსეს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს სწორედ აღნიშნული განჩინების მართლზომიერება წარმოადგენს.
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს დასახელებულ ნორმაში მითითებულ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება და იმავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისა სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა დარჩება განუხილველი დაუშვებლობის გამო. ამდენად, თუ სააპელაციო საჩივარი ხარვეზიანია, სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისათვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა კი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
11. წინამდებარე საქმეში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 დეკემბრის განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და ხარვეზის შევსების მიზნით დაევალა 10 (ათი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარმოედგინა 339.37 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დედანი დოკუმენტი, დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი, რომელშიც მითითებული იქნება იმის თაობაზე, თუ რაში მდგომარეობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი ან/და სამართლებრივი უსწორობა, გარემოებები, რომელზეც აპელანტი ამყარებს თავის მოთხოვნას და მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ მათ; სააპელაციო საჩივრის შევსებული ფორმის ელექტრონული ვერსია. ამასთანავე, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინებით არ დაკმაყოფილდა ი.ფ–იას შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე. აღნიშნული განჩინება აპელატის წარმომადგენელს ფოსტის მეშვეობით გაეგზავნა ორჯერ 2024 წლის 15 და 29 იანვარს და გზავნილი ჩაჰბარდა 2024 წლის 01 თებერვალს მამას - რ.გ–ძეს. (ტ.1ს.ფ.125-129). შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული საპროცესო ვადის ათვლა დაიწყო მომდევნო დღიდან 2024 წლის 02 თებერვლიდან და ამოიწურა ამავე წლის 12 თებერვალს. (11 თებერვალი იყო არასამუშაო დღე, კვირა). თუმცა აპელანტს აღნიშნულ ვადაში არც ხარვეზი შეუვსია და არც ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის გაგრძელების ან/და სხვა სახის შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის.
12. შესაბამისად, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, სახეზე იყო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
13. აღსანიშნავია, რომ კერძო საჩივრის ავტორი წარმოდგენილ საჩივარში სადავოდ არ ხდის გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ შორის, დოკუმენტების ჩაბარების თარიღებსა და ვადებს, თუმცა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ვინაიდან მას არ გააჩნია შესაბამისი ფინანსური რესურსი, წაერთვა სასამართლოსათვის მიმართვისა და გასაჩივრების უფლება, რაც სამოქალაქო სამართლის პრინციპების უხეშ დარღვევას წარმოადგენს.
14. საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ მას არ ჰქონდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ფინანსური და მატერიალური საშუალება, განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე და 48-ე მუხლები ითვალისწინებს შეღავათებს სახელმწიფო ბაჟის გადახდაში. ეს ის შემთხვევებია, როდესაც სასამართლო უფლებამოსილია, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის შეფასებით განსაზღვროს პროცესის მონაწილეთა მიმართ აღნიშნული მუხლის გავრცელების დასაშვებობა. კერძოდ, 47-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რის თაობაზედაც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება; ხოლო, 48-ე მუხლის მიხედვით კი, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს. ამდენად, სასამართლო ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლების, მისი ოდენობის შემცირებისა და გადახდის გადავადების შესაძლებლობა არსებობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს მხარის მიერ წარდგენილი უტყუარი მტკიცებულებების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე შეექმნება შინაგანი რწმენა მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ.
15. მოცემულ შემთხვევაში აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ იყო ფორმალური ხასიათის (ტ.1 ს.ფ.113), ვინაიდან აპელანტს მძიმე ფინანსური მდგომარეობის ამსახველი რაიმე სახის მტკიცებულება არ წარმოუდგენია. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ დააკმაყოფილდა აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე, ვინაიდან მხოლოდ მხარის შუამდგომლობა ყოველგვარი მტკიცებულების წარმოდგენის გარეშე ვერ აკმაყოფილებს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ დადგენილ კანონისმიერ წინაპირობებს.
16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული პირის უფლება თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, არ არის აბსოლუტური და სამოქალაქო პროცესში შეიძლება შეიზღუდოს სამართალწარმოების ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, „სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს“, აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება „თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე“ (იხ. Ashingdane v. The United Kingdom, N8225/78, 28 მაისი, 1985 წელი, §57).
17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სსსკ-ის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას (სსსკ-ის 38-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, 52-ე მუხლი) და გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს თავად სააპელაციო საჩივარს ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით (სსსკ-ის 372-ე მუხლი, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილი და 368-ე მუხლის პირველი ნაწილი), რომელთა შესრულება სავალდებულოა აპელანტისთვის. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებს და სასამართლოს მითითებებს, იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სსსკ-ის 59-ე და 63-ე მუხლები, 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი და 374-ე მუხლის პირველი ნაწილი).
18. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო. შესაბამისად, კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 401-ე, 420-ე, 419-ე, 412-ე მუხლებით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი.ფ–იას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე