Facebook Twitter

საქმე №ას-289-2024 29 მაისი, 2024 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე, აპელანტი)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ე–ი“ ( მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 08 მაისის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. 2020 წლის 15 აპრილს, თვითმმართველი ერთეულის ჭიათურის მუნიციპალიტეტსა და შპს „ე–ს“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №164 ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა ელექტრონული ტენდერის (№NAT 200003153) საშუალებით ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ......... მს-ბ–ის დამაკავშირებელი გზის მოწყობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა.

2. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 242 898,13 ლალრს. მიმწოდებელი ვალდებული იყო ხელშეკრულებით 2020 წელში გათვალისწინებული სამუშაო განეხორციელებინა ხელშეკრულების გაფორმებიდან 84 (ოთხმოცდაოთხი) კალენდარულ დღეში, 2020 წლის 08 ივლისის ჩათვლით.

3. მიმწოდებელი ვალდებული იყო სამუშაოები დაეწყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 (სამი) კალენდარული დღის ვადაში. ასევე, ვალდებული იყო 3.1. მუხლით განსაზღვრულ ვადაში, სამუშაო განეხორციელებინა ხელშეკრულებაზე თანდართული, სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული ფორმით წარდგენილი, სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის შესაბამისად.

4. ხელშეკრულების გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტისა) შესრულებისათვის დამრღვევი ვალდებულია მეორე მხარის მოთხოვნისთანავე გადაუხადოს პირგასამტეხლოს სახით ხელშეკრულების შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 5 პროცენტი... ამავე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დანართით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების 0,1 პროცენტის ოდენობით.

5. ხელშეკრულების მოქმედების ვადაა 2020 წლის 08 აგვისტოს ჩათვლით, გარდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული იმ ვალდებულებებისა, რომელთა არსებობაც არ არის დამოკიდებული ხელშეკრულების მოქმედების ვადაზე.

6. ხელშეკრულებაზე დართული გეგმა-გრაფიკის თანახმად, ტრასის გამაგრების სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 822.26 ლარს და სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 15.04.2020 წ.-15.05.2020 წ. პერიოდში.

7. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი კომისიის მიერ (ერთის მხრივ) და შპს „ე–ის“ მიერ (მეორეს მხრივ) შედგა მიღება-ჩაბარების აქტი იმის თაობაზე, რომ შპს „ს.მ.ჯ“-ს მიერ გაცემული ინსპექტირების ანგარიშის (09.06.2020; 12.08.2020) საფუძველზე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „ე–ს“ შორის 2020 წლის 15 აპრილს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №164 ხელშეკრულების შესაბამისად, შემსრულებლის მიერ ჯეროვნად შესრულებული (შუალედური) და მიმღები კომისიის მიერ ჩაბარებული იქნა ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ......... მ-ბ–ის დამაკავშირებელი გზის სარემონტო სამუშაოები, რომლის შუალედური ღირებულება შეადგენს 178 028,73 (ასსამოცდათვრამეტი ათას ოცდარვა ლარი და 73 თეთრი) ლარს მიღება-ჩაბარების აქტი №1 (აქტის შედგენის თარიღი 19.08.2020წ.); სამუშაოების შესრულების პერიოდი - 06.05.2020წ-დან 17.08.2020 წლამდე.

8. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი კომისიის მიერ (ერთის მხრივ) და შპს „ე–ის“ მიერ (მეორეს მხრივ) შედგენილი იქნა მიღება-ჩაბარების აქტი იმის თაობაზე, რომ შპს „ს.მ.ჯ“-ს მიერ 21.09.2020 წელს გაცემული დასკვნის (№005482) საფუძველზე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „ე–ს“ შორის 2020 წლის 15 აპრილს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №164 ხელშეკრულების შესაბამისად, შემსრულებლის მიერ 2020 წლის 07 აგვისტოდან 2020 წლის 12 აგვისტოს ჩათვლით ფაქტობრივად შესრულებული და მიმღები კომისიის მიერ ჩაბარებული იქნა ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ......... მ-ბ–ის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები, რომლის ღირებულება შეადგენს 44 293,36 (ორმოცდაოთხი ათას ორასოთხმოცდაცამეტი ლარი და 36 თეთრი) ლარს. მიღება ჩაბარების აქტი მოსარჩელის მიერ წარდგენილია 2020 წლის 23 სექტემბერს.

9. შპს „ე–ის“ დირექტორმა განცხადებით მიმართა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიას, სადაც ითხოვა გადავადება შესასრულებელი სამუშაოების განხორციელების ვადის. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის მიერ 5 სასახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებაში განსახორციელებელი ცვლილებების განხილვის მიზნით შექმნილი კომისიის სხდომის 2020 წლის 13 მაისის №164/1 ოქმით და მხარეთა შორის დადებული №1 შეთანხმებით, №164 ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიწოდების ვადა შემსრულებელს გადაეწია 2020 წლის 28 ივლისის ჩათვლით, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2020 წლის 08 სექტემბრის ჩათვლით, გეგმა- გრაფიკის შესაბამისად.

10. სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებაში განსახორციელებელი ცვლილებების განხილვის მიზნით, შექმნილი კომისიის 2020 წლის 13 მაისის №164/1 სხდომის ოქმის თანახმად, დადგენილია, რომ ქვეყანაში არსებული კორონა ვირუსთან დაკავშირებული საგანგებო სიტუაციის გამო მიმწოდებელმა 2020 წლის 08 მაისის წერილით (რეგისტრაციის №2618/51) მერიას მიმართა სამუშაოთა შესრულების ვადის გაგრძელების მოთხოვნით. 2020 წლის 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ხელშეკრულების გაფორმებიდან - 2020 წლის 15 აპრილიდან 2020 წლის 05 მაისამდე სამუშაოს ნებართვების გაცემამდე დღეები მიმწოდებელს ჩაეთვალა საპატიოდ (სულ 20 დღე). გაცდენილი დღეების ათვლა დაიწყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესასრულებელი სამუშაოს წარდგენიდან 2020 წლის 09 ივლისიდან და დაემატა საპატიო 20 დღე.

11. სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებაში განსახორციელებელი ცვლილებების განხილვის მიზნით, შექმნილი კომისიის 2020 წლის 13 მაისის №164/1 სხდომის ოქმის საფუძველზე გაფორმებული №1 შეთანხმების აქტის (რომელიც 15.04.2020 წელს გაფორმებული №164 ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია) მე-3 პუნქტის თანახმად, სამუშაოების შესრულების კალენდარული გეგმა-გრაფიკი ჩამოყალიბდა ამ შეთანხმებაზე თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისად.

12. იმავე გეგმა-გრაფიკის მიხედვით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების პირველი ნაწილი - ტრასის დამაგრება (რომელიც მოპასუხეს ვადის დარღვევით შესრულებულად მიაჩნია) - უნდა დასრულებულიყო პირველივე თვეში 15.05.2020 წლამდე; ფარული სამუშაოების დამოწმების აქტის თანახმად, ტრასის გამაგრების სამუშაოები შესრულდა 20.06.2020 წელს.

13. საინჟინრო მონიტორინგის დასკვნაში ასახული ფარული სამუშაოების დამოწმების აქტის მიხედვით აღნიშნული სამუშაოები დასრულებულია 20.06.2020 წელს.

14. შპს „ე–ის“ დირექტორმა განცხადებით მიმართა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიას, სადაც ითხოვა ნახაზის და ხარჯთაღრიცხვის დაკორექტირება. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის მიერ სასახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებაში განსახორციელებელი ცვლილებების განხილვის მიზნით შექმნილი კომისიის სხდომის 2020 წლის 01 ივლისის №164/2 ოქმით და მხარეთა შორის დადებული №2 შეთანხმებით, №164 ხელშეკრულებასთან დაკავშირებით დაკორექტირდა სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია.

15. შპს „ე–ის“ დირექტორმა განცხადებით მიმართა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიას და №164 ხელშეკრულებით შესასრულებელი სამუშაოების განხორციელების ვადის ერთი თვით გადავადება ითხოვა. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებაში განსახორციელებელი ცვლილებების განხილვის მიზნით შექმნილი კომისიის სხდომის 2020 წლის 21 ივლისის №164/3 ოქმით და მხარეთა შორის დადებული №3 შეთანხმებით, შემსრულებელს მიწოდების ვადა განისაზღვრა 2020 წლის 17 აგვისტოს ჩათვლით, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა - 2020 წლის 17 სექტემბრის ჩათვლით, გეგმა- გრაფიკის შესაბამისად.

16. შპს „ე–ის“ დირექტორმა განცხადება წარუდგინა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიას და ითხოვა პროექტის და ხარჯთაღრიცხვის კორექტირება. შეთანხმება №4-ის თანახმად, შეიცვალა ხელშეკრულების მე-18 მუხლის მე-7 პუნქტი და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: შეიცვალა ხელშეკრულებაზე თანდართული ხარჯთაღრიცხვა. მიმწოდებლის სატენდერო წინადადება, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია, სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკი, ტექნიკური დავალება, საპროექტო დოკუმენტაციის განმარტებითი ბარათი, სპეციფიკაციები, ნახაზები, პროექტი დარჩა უცვლელი, რომელიც თან ერთვის ხელშეკრულებას და წამოადგენს მის განუყოფელ ნაწილს. ხელშეკრულების სხვა პირობები დარჩა უცვლელი. დაკორექტირებული ხარჯთაღრიცხვით ხარჯთაღრიცხვის ღირებულება განისაზღვრა 224 512 ლარითა და 30 თეთრით.

17. 2021 წლის 01 სექტემბრის, 2022 წლის 06 მაისისა და 2022 წლის 07 ივლისის წერილებით, შპს ,,ე–ის“ წარმომადგენელმა მოპასუხეს მიმართა და მოითხოვა განმარტება, თუ რატომ არ ჩაერიცხა შესრულებული სამუშაოს 8015 ლარი და 70 თეთრი.

18. 2022 წლის 13 მაისს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა მოსარჩელეს გაუგზავნა წერილით იმის თაობაზე, რომ შპს „ე–ს“ №164 ხელშეკრულების მე-13 პუნქტის მე-2 ქვეპუნქტის საფუძველზე, სამუშაოების გეგმა-გრაფიკის დარღვევისათვის დაჯარიმდა 8015,7 ლარით, რაც დაუკავდათ შესრულებული სამუშაოების ღირებულებიდან.

19. 2020 წლის 21 სექტემბრის ინსპექტირების აქტით დადგენილია, რომ სამუშაოების აქტში (ფორმა №2) შესრულებულია სამუშაოები, რომელიც ფაქტობრივად შესრულებულია 2020 წლის 19 ივნისიდან 12 აგვისტოს ჩათვლით და დადასტურებულია შესაბამისი პერიოდის ფარული აქტებით და სამუშაოს წარმოების ჟურნალით ... თუმცა მშენებელმა არ აჩვენა სრულიად შუალედური სამუშაოს შესრულების დროს. ამჟამად წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს აქტი შესრულებული სამუშაოს აქტი (მ ბ–ის დამაკავშირებელი გზა) მოიცავს შესრულების პერიოდში შესრულებული სამუშაოების მოცულობებს სრულად (7 აგვისტოდან 12 აგვისტოს ჩათვლით შესრულებული სამუშაოებისა)... ელექტრონული ტენდერის (№NAT 200003153) ფარგლებში შპს ,,ე–ის“ მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 46,289,87 ლარს (კორექტირებული 44293.36 ლარი). ობიექტზე სრულად შესრულებული სამუშაოების ღირებულებების ნაზარდმა ჯამმა შეადგენდა 224318,60 ლარი (კორექტირებული 222322.09 ლარი).

20. მოპასუხის მიერ ანაზღაურებულია შესრულებული სამუშაოების ღირებულება 48 580 ლარის, 120547,30 ლარის, 885,73 ლარის. 29719,36 ლარისა და 16570,5 ლარის ოდენობით. ასანაზღაურებელი დარჩენილია 8015, 71 ლარი.

21. სამუშაოები ხორციელდებოდა დამკვეთთან შეთანხმებით, ხელშეკრულების ფარგლებში და ვადაში. აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს ინსპექტირების დასკვნა და ფარული სამუშაოების დამოწმების აქტები.

22. სასარჩელო მოთხოვნა

2022 წლის 15 სექტემბერს, საჩხერის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა მოსარჩელის - შპს „ე–ი“-ს წარმომადგენელმა მოპასუხე - სსიპ თვითმმართველი ერთეული ჭიათურის მუნიციპალიტეტის (მერია) მიმართ და მოითხოვა მოპასუხეს - ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისროს შპს ,,ე–ის” სასარგებლოდ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოების ღირებულება 8015 ლარის და 70 თეთრის ოდენობით.

23. მოპასუხის შესაგებელი

მოპასუხე - ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიამ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

24. საჩხერის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით, შ.პ.ს. ,,ე–ის” სარჩელი სსიპ თვითმმართველი ერთეული ჭიათურის მიმართ დაკმაყოფილდა, რომელსაც მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 8015,7 ლარის გადახდა.

25. მოპასუხის სააპელაციო მოთხოვნა

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

26. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 008 მასის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება.

27. კასატორის მოთხოვნა

27.1. ზემოაღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

27.2. კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ იკვეთება მსჯელობა იმ ფაქტის გარშემო, რომ მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადების დარღვევას, სასამართლო მსჯელობს მხოლოდ პირგასამტეხლოს ოდენობაზე, გაანგარიშების წესზე და აღნიშნულიდან გამომდინარე, გაუმართლებლად მიიჩნევს მოსარჩელისთვის პირგასამტეხლოს დაკისრებას, რომელიც გათვალისწინებული იყო მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული წერილობითი ფორმით და ასევე გაწერილი იყო მისი დაკისრების ცალსახა წინაპირობა - ხელშეკრულების დანართით განსაზღრული კალენდარული გეგმა-გრაფიკის დარღვევა.

27.3. კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელე მხარემ მართალია, ვალდებულება შეასრულა სრულად, თუმცა არაჯეროვნად და დაგვიანებით, რამაც გამოიწვია სახელშეკრულებო ვადლებულების დარღვევა, რის გამოც დაკავდა სადავო თანხა.

28. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 11 მარტის განჩინებით, საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

29. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის, იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

30. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხ-ზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური სან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

31. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

32. საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს, არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

33. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვთ წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო: ა) განსახილველ შემთხვევებში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

34. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მართებულობის საკითხის შემოწმებამდე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რომელიც მხარეთა მიერაა მითითებული შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების ფარგლებში, და რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.

35. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმის მთავარი სამართლებრივი საკითხი წარმოადგენს მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული გადაუხდელი თანხის მოთხონის კანონიერების შემოწმებას, იმ ვითარებაში, როდესაც მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ ვალდებულება შესრულდა არაჯეროვნად და შედეგად აყოვნებს დარჩენილი საფასურის გადახდას.

36. სსკ-ის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან, 361-ე მუხლის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, 629-ე მუხლის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს ვალდებულებას შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

37. სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. მოვალის მიერ ვადის გადაცილებისას კრედიტორს შეუძლია დაუნიშნოს მოვალეს ვალდებულების შესრულებისათვის აუცილებელი დრო. მითითებული ნორმით დადგენილი წესი ასევე, გამორიცხავს, ვალდებულების დარღვევისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობასაც. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

38. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...; პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (შდრ. იხ. სუსგ: №ას-1373-2018, 17.01.2019; № ას 848-814-2016, 28.12.2016; №ას-816-767-2015, 19.11.2015; №ას-953-918-2016, 22.11.2016).

39. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების მე-13 მუხლზე, სადაც მითითებულია, რომ პირგასამტეხლოს მოთხოვნა დამოკიდებულია ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებასთან. აქვე, ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ვალდებულების შესრულება - თანხის გადახდა შესრულებული სამუშაოსთვის. აღნიშნული ორი მოთხოვნა/ვალდებულება ერთმანეთისგან განსხვავდება იმით, რომ პირგასამტეხლო მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი, აქცესორული საშუალებაა და მისი მოქმედება ვალდებულების არაჯეროვანი ან ვადაგადაცილებული შესრულების შემდგომ წარმოიშობა, ხოლო შესრულებული სამუშაოსთვის თანხის გადახდა ესაა პირველადი სახელშეკრულებო მოთხოვნა, რისი დაკმაყოფილებაც მთავარი სახელშეკრულებო მიზანია. აღნიშნულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარემ პირგასამტეხლოს გაქვითვა პირველადი მოთხოვნიდან განახორციელა თავისი ნებით, დამოუკიდებლად, თუმცა ვერ დასაბუთდა მოსარჩელის მიერ როგორც ვალდებულების არადროული ან არაჯეროვანი შესრულება, ისე პრიველადი მოთხოვნიდან აქცესორული მოთხონის გაქვითვის სახელშეკრულებო შესაბამისობა, აქედან გამომდინარე, არა თუ გაქვითვის, არამედ პირგასამტეხლოს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველიც კი ვერ დადასტურდა, რაც მიუთითებს მოპასუხს მხრიდან მოსარჩელისთვის გადასახდელი თანხის დაუსაბუთებელ დაკავებაზე, აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა წარმატებულია, საკასაციო საჩივარი კი დაუსაბუთებელი, ასევე, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

40. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

41. საბოლოოდ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საჩივრის ფარგლებში კასატორმა ვერ შეძლო შესაბამისი დასაბუთების წარმოდგენა, თუ რატომ უნდა გაუქმდეს აღნიშნული განჩინება, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სწორად დაადგინეს მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, სამართლებრივად მართებულად გადაწყვიტეს საქმეში არსებული ყველა სადავო საკითხი, ასევე, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა, ამდენად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს განჩინება დასაბუთებულია, არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი და საკასაციო საჩივრები როგორც დაუშვებლები, უნდა დარჩეს განხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე