საქმე №ას-341-2024 14 ივნისი, 2024 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სსიპ სახელმწოფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.ა–ეს ს.ა. წარმომადგენლობა საქართველოში“ უფლებამონაცვლე – შპს „ა–მა“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. სსიპ სახელმწოფო ქონების ეროვნული სააგენტომ (შემდგომ – მოსარჩელე, მეიჯარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ს.ა–ეს ს.ა. წარმომადგენლობა საქართველოში“ (შემდგომ – მოპასუხე, მოიჯარე) მიმართ პირგასამტეხლოს სახით 86 376.47 ლარის ანაზღაურების შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2015 წლის 30 ნოემბერს მხარეთა შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება. მოპასუხეს - მოიჯარეს სარგებლობაში გადაეცა სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები და მათზე განთავსებული სასათბურე მეურნეობა. ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 10 წელი, ყოველწლიურ საიჯარო ქირად - 123 000 ლარი. საიჯარო ქირა გადახდილი უნდა ყოფილიყო ხელშეკრულების გაფორმების მეორე წლიდან ხელშეკრულების მოქმედების შემდგომი პერიოდისთვის ყოველი წლის 31 დეკემბრამდე.
3. მოიჯარე საიჯარო ქირას იხდიდა არაჯეროვნად (2017 წლის 29 მაისს გადაიხადა 123 000 ლარი, 2019 წლის 31 მაისს – 246 000 ლარი, 2020 წლის 4 თებერვალს – 123 000 ლარი), რის გამოც, ხელშეკრულების 7.2. მუხლის თანახმად, მოიჯარეს დაეკისრა პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0.1 %-ის ოდენობით დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვალდებულების შესრულებამდე.
4. მოსარჩელემ მოპასუხეს დამატებით განუსაზღვრა ვადა და აცნობა გადასახდელი საიჯარო ქირისა და, მისი გადაუხდელობის გამო, დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების შესახებ, რასაც მოიჯარის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.
5. მოსარჩელის მითითებით, პირგასამტეხლოს საერთო თანხა შეადგენდა 86 376.47 ლარს (იხ. სარჩელი, ტ.1.ს.ფ.3-11; დაზუსტებული სარჩელი - ტ.2.ს.ფ.2-13).
მოპასუხის პოზიცია:
6. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ 2015 წლის 30 ნოემბრის იჯარის ხელშეკრულების პირობები სრულად შეასრულა. ფულადი ვალდებულების ვადაგადაცილებით შესრულება გამოწვეული იყო მხარისაგან დამოუკიდებელი, ობიექტური გარემოებებით, რის შესახებაც სახელშეკრულებო ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში ინფორმირებული იყო მეიჯარე. სწორედ აღნიშნულის საფუძველზე მოპასუხემ არაერთხელ მიმართა მოსარჩელეს პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების მოთხოვნით.
7. მოპასუხის გამოთვლით, პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შეადგენდეს 82 898.49 ლარს.
8. ამასთან, მოპასუხემ განმარტა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობად 0.1%-ის მითითება პირდაპირ წინააღმდეგობაშია როგორც პირგასამტეხლოს ინსტიტუტთან, ისე სახელმწიფოს მიდგომებთან, რაც გამოიხატება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციაში, კერძოდ, ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიმართ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სანქციის გამოყენებამ კომპანია გადახდისუუნარობის პირას არ უნდა მიიყვანოს. კეთილსინდისიერების პრინციპი ავალდებულებს მხარეებს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა დაადგინონ იმ ფარგლებში, რომელიც არ სცდება ამ ინსტიტუტის დანიშნულებას და უფლების ბოროტად გამოყენების შედეგად ხელშეკრულების მხარეს შეუსაბამოდ მძიმე ტვირთს არ აკისრებს. პირგასამტეხლოს დაკისრებით მხარემ არათანაზომიერად დიდი სარგებელი არ უნდა მიიღოს.
9. სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე მოპასუხემ პირგასამტეხლოს შემცირების თხოვნასთან დაკავშირებით, მიუთითა პირგასამტეხლოს შემცირების შემდეგ საფუძვლებზე: ინვესტიციის განხორციელების მიუხედავად, იჯარის საგნის მაღალი ეფექტურობით ფუნქციონირების უზრუნველყოფა არ არის შესაძლებელი, რაც გამოწვეულია რიგი მიზეზებით: გათბობის სისტემის ზოგადი ტექნოლოგიური პრინციპი იწვევს ბუნებრივი გაზის გადამეტებულ მოხმარებას, რაც საგრძნობლად აძვირებს წარმოების ხარჯს. აღნიშნული ნეგატიურ გავლენას ახდენს კომპანიის ფინანსურ მდგომარეობაზე და მის გადახდისუნარიანობაზე, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში. საჭიროა გათბობის სისტემის გადაკეთება/განახლება, რაც გულისხმობს კომპანიის მხრიდან დამატებითი ინვესტიციების განხორციელებას. აუცილებელია სათბურების განახლება, რაც ასევე დამატებით ინვესტიციას საჭიროებს.
10. დარიცხული პირგასამტეხლოს შეუსაბამობას ადასტურებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციაც, რომლის თანახმად, ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიმართ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სანქციის გამოყენებამ კომპანია გადახდისუუნარობის პირას არ უნდა მიიყვანოს, შესაბამისად, ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი შესრულებისათვის (მათ შორის შესრულების ვადის გადაცილებისათვის, შემსყიდველმა ორგანიზაციებმა შესაძლებელია განსაზღვრონ პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შესასრულებული ვალდებულების შესაბამისი ღირებულების არაუმეტეს 0.02%-ის ოდენობით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხემ მოითხოვა პირგასამტეხლოს შემცირება (იხ. შესაგებელი, ტ.1.ს.ფ.58-65; დაზუსტებული შესაგებელი - ტ.2.ს.ფ.68-77.).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
11. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 8 637.64 ლარის გადახდა, (იხ.ტ.2.ს.ფ.122-134), რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით (იხ.ტ.2.ს.ფ.140-151).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 იანვრის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო (იხ.ტ.2. ს.ფ. 309-323):
13. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2015 წლის 30 ნოემბერს მხარეთა შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება.
14. ხელშეკრულება გაფორმდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, „სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის, „სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის №1-1/172 ბრძანების, „გორის რაიონში, სოფელ ........ და გორის რაიონში, სოფელ ........ მდებარე ამ ბრძანების დანართი №1 განსაზღვრული სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებისა და მასზე განთავსებული სასათბურე მეურნეობის ელექტრონული აუქციონის (პირობებიანი) ფორმით იჯარის უფლებით გადაცემის შესახებ“ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 2 ოქტომბრის №1/1-4011 ბრძანების, ამავე ბრძანების საფუძველზე გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების ვალდებულების შესრულების დადასტურების, „გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ....... და სოფელ ........ მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების (ჯამში 5.0062 ჰა) და მასზე განთავსებული სასათბურე მეურნეობის ელექტრონული აუქციონის (პირობებიანი) ფორმით იჯარის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამონისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციის მოწოდების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №2067 განკარგულების საფუძველზე.
15. საიჯარო ქონებას წარმოადგენს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ...... და ........ არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები სასათბურე მეურნეობით.
16. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 10 წლით. ყოველწლიური საიჯარო ქირა - 123 000 ლარით. საიჯარო ქირა უნდა გადახდილიყო ხელშეკრულების მოქმედების მეორე წლიდან ხელშეკრულების მოქმედების შემდგომი პერიოდისთვის ყოველი წლის 31 დეკემბრამდე, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, მეიჯარის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვით.
17. ხელშეკრულების მე-7 მუხლით განისაზღვრა მხარეთა პასუხისმგებლობის ზომები. 7.2. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოიჯარეს ეკისრება პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
18. უძრავი ნივთების იჯარით გადაცემასთან დაკავშირებით საჯარო რეესტრში აღირიცხა მოიჯარის სარგებლობის უფლება 10 წლის ვადით.
19. საბანკო გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტების თანახმად, 2017 წლიდან დაზუსტებული სარჩელის წარმოდგენამდე პერიოდში მოპასუხეს საიჯარო ქირის სახით, გადახდილი აქვს 615 234 ლარი. ამასთან, სადავო არ არის, რომ მოპასუხე საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულებას ასრულებდა პერიოდული ვადაგადაცილებით, მას საიჯარო ქირის გადახდის ვადის გადაცილებებისთვის, პირგასამტეხლოს სახით, მოსარჩელის სასარგებლოდ სულ გადახდილი აქვს 22 885 ლარი.
20. შესაგებლის მიხედვით, მხარეებს შორის სადავოა 2020 წლისთვის საიჯარო ქირის გადახდის დაგვიანებასთან დაკავშირებით, რა მოცულობით უნდა ყოფილიყო გადახდილი პირგასამტეხლო. საბოლოოდ, სასამართლო სხდომაზე, მოპასუხის წარმომადგენელი დაეთანხმა მოსარჩელის კალკულაციას. ამის მიუხედავად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ 2020-21 წლებში საიჯარო ქირის გადახდასთან დაკავშირებით სახელმწიფომ დააწესა შეღავათი. „საგანგებო მდგომარეობასთან, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიშ ეპიდემიასთან ან პანდემიასთან დაკავშირებით სახელმწიფო ქონებით მოსარგებლეთა მიმართ გასატარებელი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 5 ოქტომბრის №507 დადგენილებით დამტკიცებული წესის თანახმად, სახელმწიფო ქონების მოსარგებლეები, გარდა ამავე დადგენილებით განსაზღვრული მოსარგებლეებისა, თავისუფლდებიან 2020 წლის 21 მარტიდან 2021 წლის 21 მარტამდე პერიოდისთვის სარგებლობის საფასურის გადახდის ვალდებულებისა და, ამავე პერიოდის სარგებლობის საფასურის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, დაკისრებული პირგასამტეხლოსგან. წესის თანახმად, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც სრულად ან ნაწილობრივ გადახდილი აქვს სახელმწიფო ქონებით სარგებლობის საფასური ან/და სარგებლობის საფასურის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობის/ვადაგადაცილებით შესრულების გამო დარიცხული პირგასამატეხლო, 2020 წლის 21 მარტიდან 2021 წლის 21 მარტამდე პერიოდისთვის გადახდილი თანხა ჩაეთვლება გადაუხდელი პერიოდის სარგებლობის საფასურის ანგარიშში.
21. დადგენილების თანახმად, მოპასუხეს ეცნობა, რომ 2022 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით გადასახდელი საიჯარო ქირისა და ყოველი მომდევნო წლის საიჯარო ქირის გადახდა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების შესაბამისად, განსაზღვრული საიჯარო ქირის ოდენობის და ანგარიშსწორების წესის მიხედვით.
22. ამასთან, მოპასუხეს შეახსენეს, რომ 2017-2020 წლებში ვადაგადაცილებით შესრულებისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს - 86 376.47 ლარის გადასახდელად მოსარჩელის არაერთი წერილით განესაზღვრა დამატებითი ვადა, თუმცა პირგასამტეხლო წერილის გაგზავნის დროისთვისაც არ იყო გადახდილი.
23. მოსარჩელის 2022 წლის 11 მარტის წერილით მოპასუხეს დამატებით მიეცა წერილის ჩაბარებიდან 2 თვის ვადა დარიცხული პირგასამტეხლოს გადასახდელად. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ შეღავათის დაწესების გამო, 2020 წლის 21 მარტიდან 2021 წლის 21 მარტამდე პერიოდისთვის მოპასუხე გათავისუფლებული იყო საიჯარო ქირის და ამ ქირის გადაუხდელობის გამო, პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებებისაგან. შესაბამისად, საიჯარო ქირა მოპასუხეს უნდა გადაეხადა 2020 და 2021 წლის საიჯარო წლების მხოლოდ გარკვეული მონაკვეთებისთვის - 2020 წლის პირველი იანვრიდან 2020 წლის 21 მარტამდე და 2021 წლის 21 მარტიდან 2022 წლის პირველ იანვრამდე. ამ ვადებში საიჯარო ქირის გადაუხდელობის გამო, მას შეიძლებოდა, დაკისრებოდა პირგასამტეხლო.
24. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმე პალატის 2024 წლის 9 იანვრის საოქმო განჩინებით №2ბ/6708-22 სამოქალაქო საქმეზე მოპასუხის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა შპს „ა–მა“ (შემდგომ - მოპასუხის უფლებამონაცვლე). მხარეებმა იმავე სხდომაზე ხელწერილით დაადასტურეს, რომ უარს აცხადებენ აღნიშნული საოქმო განჩინების გასაჩივრებაზე.
25. განსახილველ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრდა მხოლოდ მოსარჩელის მიერ და აპელანტის პრეტენზია გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიმართ დაემყარა იმ არგუმენტს, რომ სასამართლომ არაკანონიერად განახორციელა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი, ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 377-ე მუხლის პირველი ნაწილის (სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით) საფუძველზე, სააპელაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შემცირებული პირგასამტეხლოს კანონიერება, რაც იმას გულისხმობს, რომ პალატას დაკისრებული პირგასამტეხლოს ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლიანობა არ გამოუკვლევია.
26. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 417-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო პალატამ მიუთითა აპელანტის პრეტენზიაზე, რომ პირგასამტეხლო შეთანხმებულ იქნა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით და მოპასუხეს, როგორც კვალიფიციურ მეწარმე სუბიექტს, შესაძლებლობა ჰქონდა, წინასწარ განესაზღვრა აღნიშნული სახელშეკრულებო პირობისა და ვალდებულების დარღვევის შედეგები. აღნიშნული არგუმენტი სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობად არ მიიჩნია, ვინაიდან როგორც დადგენილია, მხარეთა შორის იჯარის ხელშეკრულება გაფორმდა რიგი ადმინისტრაციული აქტების საფუძველზე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცხადებული ელექტრონული აუქციონის შედეგად. პალატამ განმარტა, რომ აღნიშნული წესით გაფორმებული ხელშეკრულებების თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ სახელშეკრულებო პირობათა შემთავაზებელია ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც წინასწარ დადგენილი პირობებით ატარებს აუქციონს. ამასთან, მეწარმე სუბიექტებს აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ მონაწილეობა აუქციონში, ან არ მიიღონ. სახელშეკრულებო პირობათა შეცვლისა და მათზე ზემოქმედების შესაძლებლობა აუქციონში მონაწილე სუბიექტებს შეზღუდული აქვთ. შესაბამისად, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის პრეტენზიას, რომ აღნიშნულ შემთხვევაში სასამართლოს არ უნდა მოეხდინა ჩარევა სახელშეკრულებო ურთიერთობაში სსკ-ის 420-ე მუხლზე დაყრდნობით.
27. დამატებით სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მართალია, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა, სსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, საქმის გარემოებების გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს, სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფი ვალდებულება (იხ. სუსგ: №ას-708-678-2016, 27.01.2017; №ას-1199-1127-2015, 13.04.2016; №ას-222-209-2015, 6.05.2015).
28. სააპელაციო პალატამ ასევე მიზანშეწონილად მიიჩნია, შეეფასებინა აპელანტის პრეტენზია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს საპროცენტო განაკვეთი ემყარებოდა „სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის №1-1/172 ბრძანებას, შესაბამისად, სასამართლოს არ ჰქონდა უფლება, შეემცირებინა პირგასამტეხლოს ოდენობა. პალატამ განმარტა, რომ კერძო სამართლის ფარგლებში სახელშეკრულებო თანასწორობის დაცვას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, რაც უნდა გამოიხატოს როგორც ცალკეული სახელშეკრულებო ურთიერთობების შემთხვევაში საკითხის გადაწყვეტისას, ისე საკანონმდებლო მოწესრიგების ასპექტში. სამართლიანობა ბოჭავს კანონმდებელს.
29. კერძოსამართლებრივი ურთიერთობისას კანონმდებლის მიზანს კერძო სამართლისთვის დამახასიათებელი და მნიშვნელოვანი პრინციპების დაცვა წარმოადგენს. სახელშეკრულებო ურთიერთობებში კი ასეთია სახელშეკრულებო თანასწორობა და სახელშეკრულებო სამართლიანობა, რომელიც ერთიანობაში უნდა იქნეს განხილული. ამდენად, შეიძლება იმის თქმა, რომ სახელშეკრულებო თანასწორობის დარღვევა გამოიწვევს სახელშეკრულებო სამართლიანობის დარღვევას. სწორედ ასეთი შედეგის თავიდან აცილების მიზნით, სამოქალაქო კანონმდებლობა ხელშეკრულების თავისუფლების შეზღუდვით გონივრულ ფარგლებს უწესებს მის მონაწილე მხარეებს და ამით სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის აღდგენისკენ დგამს ნაბიჯს (მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ სტანდარტული პირობებით შედგენილი ხელშეკრულება) (შდრ: Di Fabio U., Form und Freiheit, DnotZ, Heft 5, Verlag C.H. Beck, München, 2006, S. 346.). (იხ. სუსგ საქმე №ას-372-2023, 6 ოქტომბერი, 2023 წელი)
30. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ თავისუფლება და სამართლიანობა - ეს ორი პრინციპი ქმნის ლოგიკურ ჯაჭვს, რომლის საფუძველზეც, თავისუფალი რეალიზების ფარგლებში, სამართლებრივი ურთიერთობის დამყარებაა შესაძლებელი. იგი ემსახურება პირთა თანასწორობის მიზანს. სწორედ ამ პრინციპზე დაფუძნებით, სახელშეკრულებო სამართლიანობა სსკ-ის ნორმებით წესრიგდება. სახელშეკრულებო სამართლიანობა, უპირველეს ყოვლისა, კერძო ავტონომიის უმთავრეს არსს ეფუძნება: მხარეთა შორის კონკრეტული კერძოსამართლებრივი ურთიერთობა თანასწორუფლებიანობაზე დაფუძნებით განხორციელდეს, ხოლო მათ შორის არსებული შეთანხმება შეესაბამებოდეს სამართლიანობისა და გონივრულობის პრინციპს. (იხ. სუსგ საქმე №ას-372-2023, 6 ოქტომბერი, 2023 წელი). პალატამ დამატებით მიუთითა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 651-ე მუხლის თანახმად, კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს, როგორც სამოქალაქო სამართლის სუბიექტი, შესაბამისად იგი მის კონტრაჰენტთან, თუ მოდავე მხარესთან გათანაბრებულ სიბრტყეში აღიქმება. აღნიშნულიდან გამომდინარე სახელშეკრულებო ურთიერთობის ერთი მხარის მიერ დადგენილი პირგასამტეხლოს საპროცენტო განაკვეთი, თუნდაც მინისტრის ბრძანების სახით, სამოქალაქო სამართალწარმოებაში ვერ გახდება სასამართლოსთვის სსკ-ის 420-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების და გარკვეულ შემთხვევაში, „ვალდებულებისაც“ კი, განხორციელების დამაბრკოლებელ გარემოებად. აპელანტის მიერ მითითებული მინისტრის ბრძანება წარმოადგენს ქვემდებარე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შესასრულებელ აქტს, თუმცა იმ მომენტიდან, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო კერძოსამართლებრივ ურთიერთობათა სფეროში აღმოჩნდება, აღნიშნული ბრძანება გავლენას ვერ იქონიებს სასამართლოს უფლებამოსილებაზე, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებათა გაანალიზების საფუძველზე, პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად მიიჩნიოს და შეამციროს იგი. პალატამ აქვე აღნიშნა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის სსკ-ის 420-ე მუხლის ჭრილში შეფასებისას, სასამართლო ითვალისწინებს მრავალ გარემოებას, მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანს - ვალდებულების დარღვევის ხარისხს, რაც თითოეულ შემთხვევაში განსხვავებულია. ერთი და იგივე პირგასამტეხლოს საპროცენტო განაკვეთი, საქმის გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასამართლომ ერთ შემთხვევაში შესაძლოა დასაშვებად მიიჩნიოს, მეორე შემთხვევაში კი შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად. შესაბამისად, ყველა საქმისთვის პირგასამტეხლოს ფიქსირებული განაკვეთის მისადაგება არ გამომდინარეობს სსკ-ის 420-ე მუხლის მიზნებიდან.
31. რაც შეეხება წინამდებარე საქმეში დადგენილი პირგასამტეხლოს ოდენობას, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს სახით 86 376.47 ლარის დაკისრებას. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა 8 637.64 ლარის ნაწილში. საქმის მასალებით და მხარეთა ახსნა-განმარტებით უდავოდ დადგენილია, რომ მოპასუხე საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულებას ასრულებდა პერიოდული ვადაგადაცილებით, თუმცა ასევე დადგენილია, რომ საბოლოოდ მოიჯარეს საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულება სრულად აქვს შესრულებული. პალატამ ყურადღება გაამახვილა მოწინააღმდეგე მხარის განმარტებაზე, რომ კომპანიას იჯარის ობიექტით სარგებლობისას შეექმნა გარკვეული სირთულეები, კერძოდ, ბუნებრივი აირის ფასის რამდენჯერმე გაზრდის შედეგად, წარმოიშვა გაუთვალისწინებელი ხარჯი სათბურების სამუშაო პროცესიდან გამომდინარე, და, შესაბამისად, კომპანიას შეექმნა ფინანსური პრობლემები, რამაც საბოლოოდ გამოიწვია საიჯარო ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულებების არაჯეროვანი, კერძოდ ვადის გადაცილებით, შესრულება. საქმეში წარმოდგენილია ასევე მოიჯარის წერილი მეიჯარის მიმართ, სადაც აღწერილია ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამომწვევი მიზეზები. აღსანიშნავია, რომ აპელანტ მხარეს მოწინააღმდეგე მხარის მიერ მითითებული ზემოაღნიშნული გარემოებები არ უარუყვია, კერძოდ აპელანტის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ვინაიდან ეს საკითხი არ ჰქონდა გამოკვლეული, ვერც უარყოფდა და ვერც დაადასტურებდა. იმ პირობებში, როდესაც აპელანტს კვალიფიციური შედავება არ განუხორციელებია მოწინააღმდეგე მხარის მიერ მითითებულ გარემოებებზე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საიჯარო ქირის გადახდის ვადის გადაცილებას, სწორედ, სათბურების გათბობის სისტემასთან დაკავშირებით წარმოშობილი გაუთვალისწინებული ხარჯები განაპირობებდა. პალატამ აქვე დასძინა, რომ ხსენებული გარემოებები, რა თქმა უნდა, არ წარმოადგენს მოიჯარის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველს, თუმცა სასამართლოს მხრიდან მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობის დადგენისას.
32. იმ გარემოებათა ერთობლიობაში შეფასებით, რომ: მოიჯარეს, მართალია, ვადაგადაცილებით, თუმცა საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულება სრულად აქვს შესრულებული, საქმის მასალებით არ დგინდება მოიჯარის მიერ ვალდებულების შესრულებისგან განზრახ თავის არიდების გარემოება, ამასთან, არსებობდა საიჯარო ქონებით სარგებლობისას, ობიექტური გარემოებებით გამოწვეული, გაუთვალისწინებელი ფინანსური ხარჯი, ვალდებულების ვადაგადაცილებით შესრულებას რაიმე დაბრკოლება, სირთულე, ან ზიანი მეიჯარისთვის არ გამოუწვევია, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით - 86 376.47 ლარი (რაც ყოველწლიური საიჯარო ქირის 70,2%-ს შეადგენს), პირგასამტეხლოს დაკისრება შეუსაბამოა სსკ-ის 420-ე მუხლის მიზნებისთვის. ამასთან, პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ საიჯარო ქირის გადახდის ვადის გადაცილებებისთვის, მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით, მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდილი აქვს 22 885 ლარი. მართალია, სასამართლო უკვე ანაზღაურებული პირგასამტეხლოს ოდენობის შეფასებას ვერ მოახდენს, თუმცა სარჩელით მოთხოვნილი ოდენობის კანონიერების კვლევისას, აუცილებლად მიიღებს მხედველობაში. ამ ფაქტობრივი მოცემულობის პირობებში, გამოდის, რომ მოიჯარეს პერიოდულად ვადაგადაცილებით შესრულებული ვალდებულებებისთვის ეკისრება არა 8 637,64 ლარი, არამედ 31 522,64 ლარი, რაც მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობის 37%-ს შეადგენს. რეალურად გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს 10-ჯერ შემცირება არ მომხდარა.
33. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე, პირველი ინსტანციის სასამართლოს მართებულად აქვს რეალიზებული სსკ-ის 420-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება და მოპასუხისთვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობაც განსაზღვრული აქვს იმგვარად, რომ იგი უზრუნველყოფს პირგასამტეხლოს ინსტიტუტის მიზნის მიღწევას და, ამავდროულად, არ იწვევს კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრებას მოვალის ხარჯზე. ამგვარად სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება კანონიერია და განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობა არ არსებობს.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
34. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
35. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის გარემოებები, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, ამასთან, გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული.
36. „სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის №1-1/172 ბრძანების თანახმად, სარგებლობაში გადაცემის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში პირგასამტეხლო განისაზღვრება გადაუხდელი თანხის 0,1%-ით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და მოპასუხეს შორის დადებული ხელშეკრულებით განისაზღვრა ვალდებულების დარღვევისათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობა, რომელიც №1-1/172 ბრძანების საფუძველზე განისაზღვრა მხარეთა შეთანხმებით. შესაბამისად, საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, დასაკისრებელი პირგასამტეხლო ვერ მიიჩნევა შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად და არ არსებობს მისი შემცირების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
37. კასატორმა ასევე მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად არ მიიღო მხედველობაში მოპასუხის უფლებამონაცვლის 2023 წლის 24 მაისისა და 2023 წლის 12 ივნისის განცხადებები, რომელთა საფუძველზეც ამ უკანასკნელმა იკისრა სახელმწიფოს მიმართ მოპასუხის ფინანსური ვალდებულებების შესრულება (90 900 ლარის ოდენობით) ერთი წლის განმავლობაში. მითითებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ მოპასუხის უფლებამონცვლისათვის მიმდინარე დავის თაობაზე ცნობილი იყო. მას მოსარჩელის 2023 წლის 13 ივნისის წერილით ეცნობა, რომ სააგენტო არ არის წინააღმდეგი, მან 90 899,81 ლარის ოდენობით პირგასამტეხლო გადაიხადოს, არაუგვიანეს 2024 წლის პირველი ივლისისა. შესაბამისად, სააპელაციო პალატას უნდა გამოეყენებინა სსკ-ის 341-ე მუხლი.
38. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ უგულებელყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა საქმეებზე №ას-1417-2018, 16.11.2020წ., ასევე, №ას-189-2022, 16.09.2022წ (იხ. საკასაციო საჩივარი).
39. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 13 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
40. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
41. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:
42. 2015 წლის 30 ნოემბერს მხარეთა შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება.
43. ხელშეკრულება გაფორმდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, „სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის, „სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის №1-1/172 ბრძანების, „გორის რაიონში, სოფელ ........ და გორის რაიონში, სოფელ ........ მდებარე ამ ბრძანების დანართი №1 განსაზღვრული სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებისა და მასზე განთავსებული სასათბურე მეურნეობის ელექტრონული აუქციონის (პირობებიანი) ფორმით იჯარის უფლებით გადაცემის შესახებ“ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 2 ოქტომბრის №1/1-4011 ბრძანების, ამავე ბრძანების საფუძველზე გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების ვალდებულების შესრულების დადასტურების, „გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ........ და სოფელ ........ მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების (ჯამში 5.0062 ჰა) და მასზე განთავსებული სასათბურე მეურნეობის ელექტრონული აუქციონის (პირობებიანი) ფორმით იჯარის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამონისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციის მოწოდების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის № 2067 განკარგულების საფუძველზე.
44. საიჯარო ქონებას წარმოადგენს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ........ და ........ არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები სასათბურე მეურნეობით.
45. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 10 წლით. ყოველწლიური საიჯარო ქირა - 123 000 ლარით. საიჯარო ქირა უნდა გადახდილიყო ხელშეკრულების მოქმედების მეორე წლიდან ხელშეკრულების მოქმედების შემდგომი პერიოდისთვის ყოველი წლის 31 დეკემბრამდე, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, მეიჯარის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვით.
46. ხელშეკრულების მე-7 მუხლით განისაზღვრა მხარეთა პასუხისმგებლობის ზომები. 7.2. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოიჯარეს ეკისრება პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
47. უძრავი ნივთების იჯარით გადაცემასთან დაკავშირებით საჯარო რეესტრში აღირიცხა მოიჯარის სარგებლობის უფლება 10 წლის ვადით.
48. საბანკო გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტების თანახმად, 2017 წლიდან დაზუსტებული სარჩელის წარმოდგენამდე პერიოდში მოპასუხეს საიჯარო ქირის სახით, გადახდილი აქვს 615 234 ლარი. ამასთან, სადავო არ არის, რომ მოპასუხე საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულებას ასრულებდა პერიოდული ვადაგადაცილებით, მას საიჯარო ქირის გადახდის ვადის გადაცილებებისთვის, პირგასამტეხლოს სახით, მოსარჩელის სასარგებლოდ სულ გადახდილი აქვს 22 885 ლარი.
49. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მხარე არ დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს მიერ სადავო პირგასამტეხლოს შემცირებას, რადგან მისი ოდენობა განისაზღვრა „სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის №1-1/172 ბრძანებით, ამასთან, გადასახდელის თანხის შესახებ ცნობილი იყო როგორც მოპასუხის, ასევე მისი უფლებამონაცვლისათვის. კასატორის მოსაზრებით, გასაჩივრებული განჩინება ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.
50. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგ - სსსკ-ი) 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორის შედავებების საფუძვლიანობა, კერძოდ, კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ემყარება კანონდარღვევას, რადგან სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი მატერიალური და საპროცესო ნორმების დარღვევით.
51. სსსკ-ის 393-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ: არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; არასწორად განმარტა კანონი. საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება, გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.
52. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს იჯარის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა.
53. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების გამო დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდა, სსკ-ის 417-ე (პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის), მუხლიდან გამომდინარეობს.
54. ამ ტიპის სარჩელის წარმატებულობა, ბუნებრივია, უნდა შემოწმდეს მისი დამფუძნებელი ნორმის/ნორმების წინაპირობებთან მიმართებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ უპირველესად, სასამართლომ სწორად უნდა განსაზღვროს მოთხოვნის მარეგულირებელი სამართლებრივი საფუძველი - კანონის ნორმა, გამოარკვიოს სარჩელში მითითებული ფაქტების შესაბამისობა დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებთან (ფორმალური გამართულობა), დადებითი პასუხის შემთხვევაში, სარჩელსა და შესაგებელში გამოთქმული პოზიციების ურთიერთშეჯერებით გამოარკვიოს სადავო და უდავო ფაქტობრივი გარემოებები (მტკიცების საგანი) და გაანაწილოს მხარეთა შორის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურების ტვირთი (მტკიცების ტვირთი).
55. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 581-ე მუხლის თანახმად, იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზედაც. იჯარის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების წესები, თუ 581-606-ე მუხლებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
56. იჯარა ორმხრივმავალდებულებელი, სასყიდლიანი და კონსესუალური ტიპის ხელშეკრულებაა. მეიჯარის ვალდებულებაა, დროებით სარგებლობაში გადასცეს მოიჯარეს იჯარის საგანი (ქონება) ისე, რომ შესაძლებელი იყოს მისგან სწორი სამეურნეო გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით ნაყოფის მიღება, ხოლო მოიჯარის ვალდებულება კი, შეთანხმებული საზღაურის გადახდაა. შესაბამისად, საიჯარო სამართლებრივი ურთიერთობის მიზანი არის არა მხოლოდ იჯარის საგნის სარგებლობა, არამედ იჯარის საგნის სარგებლობის გამო მიღებული შემოსავალი. იჯარა ქირავნობის სამართლებრივი ურთიერთობის ნაირსახეობაა, მაგრამ ქირავნობისგან მას სწორედ იჯარის საგნის სარგებლობით შემოსავლის მიღების აუცილებლობა მიჯნავს. შემოსავლის მიღების შესაძლებლობის აუცილებლობის უზრუნველყოფა კი, მეიჯარის ვალდებულების ჯეროვნად შესრულების გამოკვეთილი პასუხისმგებლობაა, რასაც ეფუძნება მოიჯარის ვალდებულება საიჯარო ქირის გადახდის შესახებ (შდრ. სუსგ № ას- 823-823-2018, 06.11.2018წ.; სუსგ №ას-738-700-2015, 18 დეკემბერი, 2015 წელი). ქირავნობის დროს კონკრეტული, ინდივიდუალურად განსაზღვრული, მოუხმარებადი ნივთი გადაეცემა დამქირავებელს სარგებლობაში, ხოლო იჯარის შემთხვევაში გადაეცემა ქონება, რომელიც, არა მარტო ნივთებს, არამედ არამატერიალურ ქონებრივ სიკეთესაც აერთიანებს [სსკ-ის 147-ე მუხლი], ანუ იმ მოთხოვნებსა და უფლებებს, რომლებიც მოიჯარეს მისცემს შესაძლებლობას, მიიღოს ნაყოფი (მატერიალური სარგებელი). იჯარის შემთხვევაში ნაყოფია ის შემოსავლები, რაც მეურნეობის სწორი გაძღოლის გზით მიიღება სამართლებრივი ურთიერთობის (იჯარის) საფუძველზე („იურიდიული ნაყოფი“)] (იხ. სუსგ №ას-738-700-2015, 18.12.2015წ.; №ას-849-2020, 3 დეკემბერი, 2020).
57. განსახილველ საქმეში სადავოდაა გამხდარი, მხარეთა შორის დადებული 2015 წლის 30 ნოემბრის იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოიჯარის მიერ გადასახდელი პირგასამტეხლოს ოდენობა.
58. კასატორის პრეტენზიასთან მიმართებით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (შდრ. სუსგ-ები:№ას-1245-2022, 09 მარტი, 2023 წელი; №ას-1274-2022, 22 ნოემბერი, 2022 წელი; №ას-1451-1371-2017, 13 ნოემბერი, 2018 წელი; №ას-848-814-2016, 28 დეკემბერი, 2016 წელი).
59. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. (იხ: ირაკლი რობაქიძე, წიგნში სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 590).
60. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას (შდრ: სუსგ №ას-1336-2019, 30 მარტი, 2022 წელი; №ას-1928-2018, 31 ოქტომბერი, 2019 წელი).
61. საკასაციო პალატა დოქტრინასა და სასამართლო პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ პირგასამტეხლოზე უფლება აქცესორული უფლებაა. ეს იმას ნიშნავს, რომ არ არსებობს პირგასამტეხლო ძირითადი უფლების გარეშე. პირგასამტეხლო ძირითადი უფლების სამსახურშია. ამიტომაც დაუშვებელია პირგასამტეხლოს მოთხოვნის განხორციელება ძირითადი უფლების გარეშე. პირგასამტეხლოს აქცესორული ბუნება განაპირობებს იმ ფაქტსაც, რომ მისი დაკისრების წინაპირობას წარმოადგენს მოვალის მიერ ვალდებულების ბრალეულად დარღვევა. პირგასამტეხლო უსაგნო იქნება, როცა მოვალის ბრალის გარეშე ვალდებულება ვერ შესრულდება ან ხელშეკრულება გაუქმდება. პირგასამტეხლოთი ვალდებულების უზრუნველყოფა სულაც არ ცვლის პასუხისმგებლობის საერთო საფუძველს. ამიტომაცაა, რომ თუკი ძირითადი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა, მაშინ მას არც პირგასამტეხლოს გადახდა დაეკისრება (იხ. ლადო ჭანტურია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მესამე, მუხლი 417, თბილისი, 2001, გვ. 489-490; ქეთევან მესხიშვილი, კერძო სამართლის აქტუალური საკითხები, ტომი I, თბ., 2020 წელი, გვ. 89; სუსგ №ას-1006-2021,31 მაისი, 2022 წელი, პ.17).
62. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის თვალსაზრისით ყურადსაღებია მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის საკითხი. ვალდებულების დარღვევა შეიძლება გამოიხატოს როგორც ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებაში, ასევე ვალდებულების შეუსრულებლობაში. პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის ვალდებულების დარღვევა (შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება) აუცილებლად მოვალის ბრალეულობით უნდა იქნეს გამოწვეული. თუ არ დადგინდება მოვალის ბრალი, მაშინ მის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნასაც არ ექნება სამართლებრივი საფუძველი (იხ. სერგი ჯორბენაძე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, მუხლი 417, ველი 23-26, 2019 წელი). პირგასამტეხლოს დაკისრება ხდება ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში. შესაბამისად, პირგასამტეხლოს დაკისრება მოაზრებულია მხოლოდ ძირითადი ან/და დამატებითი ვალდებულების დარღვევისას (იხ. გიორგი ვაშაკიძე, სამოქალაქო კოდექსის გართულებულ ვალდებულებათა სისტემა, თბილისი, 2010 წ. გვ. 232). მტკიცების ტვირთის განაწილების მხრივ კრედიტორმა უნდა ამტკიცოს ვალდებულების დარღვევა და პირგასამტეხლოს თაობაზე წერილობითი შეთანხმების არსებობა, ხოლო მოვალის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს ვალდებულების ჯეროვანი შესრულება ან მისი ბრალეულობის გამორიცხვა (იხ. ქეთევან მესხიშვილი, კერძო სამართლის აქტუალური საკითხები, ტომი I, თბილისი, 2020, გვერდი 93; შდრ: სუსგ-ები: №ას-157-2023, 07 მარტი, 2023 წელი; №ას-213-2023, 11 აპრილი, 2023 წელი).
63. მოცემულ შემთხვევაში გასაზიარებელია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებისათვის, მოპასუხეს წარმოეშვა მოსარჩელისათვის პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება.
64. კასატორის პრეტენზიასთან მიმართებით, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი, რადგან მოპასუხე წარმოადგენს მეწარმე სუბიექტს, ასევე შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა არ არის შეუსაბამოდ მაღალი, საკასაციო პალატა აღნიშნავს შემდეგს:
65. სსკ-ის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძოსამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი. ეს წესი გამოიყენება როგორც სამეწარმეო, ასევე არასამეწარმეო, საქართველოსა თუ სხვა ქვეყნის პირების მიმართ. სსკ-ის 319-I მუხლის თანახმად კი, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. სსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
66. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ვინაიდან მხარეები თავისუფალნი არიან პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში, შესაძლებელია ისინი იმ ოდენობის პირგასამტეხლოზე შეთანხმდნენ, რისი გადახდევინებაც შემდგომ მძიმე ტვირთად დააწვება მოვალეს. სასამართლო ასეთ შემთხვევაში ახდენს პირგასამტეხლოს „სამართლიან“ შემცირებას ანუ სასამართლოს ამოცანაა მხარეები დაიცვას უსამართლო და სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი ტვირთისაგან, ვინაიდან ხელშეკრულების დადებისას მხარეები ყოველთვის ვერ საზღვრავენ მათი თავისუფალი ნების მოსალოდნელ სამართლებრივ შედეგებს, შესაბამისად, სსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად, რადგან პირგასამტეხლოს უმთავრესი მიზანი კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენაა და არა მისი უსაფუძვლო გამდიდრება მოვალის ხარჯზე (შდრ: სუსგ №ას-279-2023, 18 მაისი, 2023 წელი).
67. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს, თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება (იხ. ს.ჯორბენაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, 2019 წელი, გვ. 800). კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. მნიშვნელობა ენიჭება ნაკისრი ვალდებულების დარღვევაში მოვალის ბრალის ხარისხსაც, აგრეთვე გასათვალისწინებელია მოვალის ეკონომიკური მდგომარეობა. თუ მოსამართლე მივა იმ დასკვნამდე, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, იგი შეამცირებს მას იმ ოდენობამდე, რომელსაც ვალდებულების დარღვევის თანაზომიერად და სამართლიანად მიიჩნევს. (შდრ. ირ. რობაქიძე, სახელშეკრულებო სამართალი, თანაავტორობით, თბილისი, 2014, გვ. 604, 605.). იმისათვის, რომ სასამართლომ შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, კრედიტორის მოთხოვნა პირგასამტეხლოს გადახდაზე წარმოშობილი უნდა იყოს, ე.ი. ძირითადი ვალდებულება უნდა იქნეს დარღვეული. პირგასამტეხლოს შემცირება მის წარმოშობამდე ანუ ძირითადი ვალდებულების დარღვევამდე, დაუშვებელია (შდრ. Friesecke, in Palandt, BGB Komm., 78 Aufl., 2018., §343, Rn.5). სწორედ დარღვევის მომენტიდან ეკისრება მოვალეს პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება და სწორედ ამ მომენტიდან ხდება იგი შესასრულებლად მძიმე ან შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. (შდრ. სუსგ №ას-1527-2018, 31 იანვარი, 2019 წელი).
68. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 420-ე მუხლის დანაწესი იმპერატიულია, შესაბამისად, მხარეებს არ გააჩნიათ უფლებამოსილება, თავიანთი შეთანხმებით გამორიცხონ იგი. ამდენად, კანონმდებელმა დააწესა მექანიზმი, რომელიც სასამართლოს აღჭურვავს უფლებამოსილებით, დააკორექტიროს პირგასამტეხლოს ოდენობა და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე იმ შემთხვევაში, როდესაც პირგასამტეხლოს ოდენობა გონივრულ და სამართლიან ფარგლებს სცდება. „მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და რაც მთავარია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება. (იხ. სუსგ-ები: №ას-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წელი; №ას-708-662-2017, 11.01.2017 წელი). როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსისა და ფარგლების განმარტება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი), არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა (იხ: ნათია ჩიტაშვილი. პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17; ასევე იხ.: სუსგ №ას-827-2021, 03 დეკემბერი, 2021წ.). პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე მოთხოვნის დაყენებასთან ერთად, მხარემ უნდა დაასაბუთოს, რას ეფუძნება ასეთი მოთხოვნა, ანუ მტკიცების ტვირთი პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების თაობაზე, ეკისრება ვალდებულ პირს (მოვალეს) (იხ. სუსგ-ები: №ას-888-2020, 10 დეკემბერი, 2020; №ას-1245-2022, 09 მარტი, 2023 წ.).
69. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 420-ე მუხლით გათვალისწინებული მოწესრიგება, არ გამოიყენება კანონით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოსთან მიმართებით.
70. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წარმოშობის საფუძვლების მიხედვით განასხვავებენ კანონისმიერ და სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს. კანონისმიერად ითვლება პირგასამტეხლო, რომელიც ნორმატიული აქტითაა დადგენილი. მაშასადამე, პირგასამტეხლოს კვალიფიკაციისათვის კანონისმიერ ან სახელშეკრულებო პირგასამტეხლოდ - გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, თუ ვისი ნებით არის იგი წარმოშობილი( კანონმდებლის თუ მხარეთა შეთანხმებით). კანონისმიერი პირგასამტეხლოს სახელშეკრულებო პირგასამტეხლოსაგან განმასხვავებელ ერთ-ერთ ძირითად ნიშნად მისი კონკრეტული ხასიათი გვევლინება. ყოველი ასეთი კანონისმიერი პირგასამტეხლო გათვალისწინებულია იმ კონკრეტული შემთხვევისათვის, რომლისთვისაც არის იგი დადგენილი კანონმდებლის მიერ. მეორე განმასხვავებელ ნიშნად, მისი განსაზღვრულობა გვევლინება - კანონმდებელი ყოველთვის ადგენს მის ან კონკრეტულ ოდენობას, ანდა წესს, რომლის მიხედვითაც უნდა იქნეს განსაზღვრული კანონისმიერი პირგასამტეხლოს ოდენობა. სასამართლოს არ შეუძლია შეამციროს კანონით დადგენილი პირგასამტეხლოს ოდენობა. (ნორმატიულად განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობის სასამართლოს მიერ შემცირების შეუძლებლობის შესახებ იხ., სუსგ-ები: №ას-862-828-2016, 24 თებერვალი, 2017 წ; №ას-1171-1116-2014, 02 თებერვალი, 2015 წ; №ას-1171-1116-2014, 24 მარტი, 2014 წ).
71. საკასაციო პალატა დაუსაბუთებლობის გამო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი აქვს კანონით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოს, ამიტომაც არ არსებობდა მისი შემცირების სამართლებრივი საფუძველი და სრულად იზიარებს წინამდებარე განჩინების პპ.28-30 განვითარებულ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნას.
72. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა, (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი, – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა (შდრ: სუსგ №ას-186-2021, 25.03.2021წ.; სუსგ №ას-535-2021, 29.10.2021წ).
73. მართალია, პირგასამტეხლოს განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა, დასახელებული დანაწესი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, მხარის მოთხოვნის საფუძველზე იმსჯელოს და შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად. (შდრ. სუსგ-ებს: № ას-827-2021, 03 დეკემბერი, 2021წ; № ას-384-2020, 28 მარტი, 2022წ; № ას-51-2021, 01 აპრილი, 2022წ; № ას-1098-2021, 26 ივლისი, 2022წ; № ას-626-2023, 7 ივლისი, 2023 წ.). მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფი ვალდებულება (იხ. სუსგ-ები: №ას-400-2023, 20 ოქტომბერი, 2023 წ; №ას-626-2023, 7 ივლისი, 2023წ; №ას-941-2022, 31 ოქტომბერი, 2022წ; № ას-51-2022, 22 ივლისი, 2022წ; №ას-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წ; № ას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წ; № ას-1158-1104-2014, 6 მაისი, 2015წ.).
74. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის მიხედვით პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების მოცულობიდან (იხ. სუსგ-ები: ͏№ას-1366-2023, 28 თებერვალი, 2024წ. პ.19, №ას-1443-2023, 23 თებერვალი, 2024 წ. პ.21; №ას-861-2023, 15 თებერვალი, 2024წ. პ. 18; №ას-824-2023, 31 იანვარი, 2024წ.; №ას-1389-2023, 30 იანვარი, 2024წ.; №ას-732-2022, 24 ნოემბერი, 2022 წ. №ას-1274-2022, 22 ნოემბერი, 2022, პ.74; №ას-603-2021, 14 დეკემბერი, 2021 წ.; №ას-626-2021, 14 ივლისი, 2021 წელი; №ას-1819-2019, 19 თებერვალი, 2020; №ას-971-2019, 28 ოქტომბერი, 2019; №ას-581-2019, 31 ივლისი, 2019; №ას-931-896-2016, 31 იანვარი, 2017 წ.; №ას-164-160-2016, 28 ივლისი, 2016).
75. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მყარად დადგენილ სასამართლო პრაქტიკაზე, კერძოდ, როდესაც ხელშეკრულების მხარე არის მეწარმე სუბიექტი, მისი პასუხისმგებლობის ხარისხი ბევრად აღემატება ფიზიკური პირის პასუხისმგებლობის ხარისხს, რომელიც შესაძლებელია იყოს ხელშეკრულების სუსტი მხარე, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსს და მის თანმდევ სამართლებრივ შედეგს. ამდენად, როდესაც საკითხი ეხება მეწარმე სუბიექტის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა იყოს მინიმალური ოდენობის. ”როდესაც საკითხი ეხება მეწარმე სუბიექტის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა იყოს მინიმალური ოდენობის. ასეთ შემთხვევებში უმნიშვნელოვანესია დარღვევის პროპორციული პირგასამტეხლოს განსაზღვრა, რაც იქნება გარანტი იმისა, რომ პირგასამტეხლომ არ დაკარგოს თავისი ძირითადი ფუნქცია - ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველყოფის პრევენცია და განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურების შესაძლებლობა” (შდრ: სუსგ №ას-889-2022, 23 მარტი, 2023 წ). „სახელშეკრულებო ურთიერთობაში კონტრაჰირებულ მეწარმე სუბიექტს/იურიდიულ პირს, მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება ვალდებულების დარღვევის სამართლებრივ შედეგებზე პასუხისგება. ხელშეკრულებაში იურიდიული პირის კონტრაჰირებისას, სასამართლომ პირგასამტეხლო უნდა შეამციროს, მხოლოდ არგუმენტირებული შედავების არსებობის პირობებში“ (შდრ. სუსგ №ას-65-2024, 15 აპრილი, 2024 წ.).
76. საკასაციო პალატა კასატორის პრეტენზიებთან დაკავშირებით განმარტავს, რომ საკანონმდებლო მოწესრიგებას საფუძვლად უდევს კონკრეტული სოციალური პროცესების მართვის სამართლებრივ-პოლიტიკური მოდელი ანუ, როდესაც კანონმდებელი განსაზღვრულ ქცევას სავალდებულოდ ადგენს, ამით მას სურს განსაზღვრული მიზნების მიღწევა. ასეთ შემთხვევაში, კანონმდებელს მინიჭებული აქვს უფლებამოსილებები, ერთი მხრივ, დასახული მიზნის მიღწევასთან, ხოლო, მეორე მხრივ, ამ მიზნის მისაღწევად გამოსაყენებელი სამართლებრივი საშუალებების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. კანონის ინტერპრეტაცია უნდა ემსახურებოდეს ამ კანონის მიზანს. კანონის ცალკეული დებულებები გააზრებული უნდა იქნას სხვადასხვა დებულებათა ურთიერთდამოკიდებულებაში. კანონის ინტერპრეტაცია მთლიანობაში წარმოადგენს არგუმენტების შერჩევისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესს, რომელიც ხშირად სხვადასხვა, ერთმანეთთან კონკურენციაში მყოფ მიზნებზე არის ორიენტირებული. სამართლებრივი გადაწყვეტილებები დამოკიდებულია კონკრეტულ სიტუაციებზე, რადგან განსხვავებულ, თუნდაც ტიპიურ სიტუაციებში, მიზნები და მათთან დაკავშირებული ინტერესები სხვადასხვა მოცულობითა და კონსტელაციაში გარკვეულ როლს თამაშობენ.
77. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამართლიანობის მიღწევის გარდა, სამართლის ამოცანაა, უზრუნველყოს სამართლებრივი უსაფრთხოება და ინტერესთა ოპტიმალური და მიზანშეწონილი დაკმაყოფილება. ყოველივე ეს მიზანი გათვალისწინებულ უნდა იქნას კანონის ინტერპრეტაციისა და განვრცობის პროცესში. კანონის ინტერპრეტაცია სამართლიან მოწესრიგებასა და ოპტიმალურ დაკმაყოფილებას უნდა იწვევდეს (იხ. სუსგ საქმე №ას-774-2023, 12 სექტემბერი, 2023 წელი).
78. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. სსკ-ს მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით, ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას.
79. საკასაციო პალატის მოსაზრებით, კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე მხარეთა თანამშრომლობა, მეორე მხარის ინტერესების გათვალისწინება, მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერების გამოჩენა საჭიროა ამ ურთიერთობის ნორმალურად განვითარებისათვის. ასეთ შემთხვევაში, ორივე მხარე იქნება კმაყოფილი: კრედიტორი - ვალდებულების შესრულების მიღებით, ხოლო მოვალე - ვალდებულებისაგან გათავისუფლებით.
80. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ თანამედროვე ქართულ სამართლებრივ სივრცეში კეთილსინდისიერება მატერიალურ სამართლებრივ ნორმად გადაიქცა და სამართლიანობასა და თანასწორობაზე დამყარებულ სამართლებრივ სისტემაში გაერთიანდა, რითაც უფრო ვრცელი დატვირთვა შეიძინა. კეთილსინდისიერება ნიშნავს გულწრფელობას, სამართლიანობას, ვალდებულებების მიმართ პატიოსან დამოკიდებულებას. კეთილსინდისიერების ინსტიტუტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო სამართლისათვის და იგი მთლიანად კერძო სამართლის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს (შდრ: სუსგ №ას-1338-1376-2014, 29.06.2015წ.).სსკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეების ქცევის მასშტაბს - კეთილსინდისიერების ვალდებულებას, ინდივიდის მოქმედებას სამართლიანობის კრიტერიუმთან ურთიერთკავშირში (იხ: ლადო ჭანტურია, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, თბილისი, 2017, მუხ.8, ველი 1, 10-12; დავით კერესელიძე, კერძო სამართლის უზოგადესი სისტემური ცნებები, თბილისი, 2009, გვ.83, 92-95).სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებული არიან, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები.
81. სახელშეკრულებო სამართალში შეიძლება გამოვყოთ კეთილსინდისიერების რამდენიმე ფუნქცია: 1) კანონისა და ხელშეკრულების ხარვეზის შევსება, რაც გულისხმობს მხარეთათვის დამატებით ვალდებულებების დადგენას, ანუ სახელშეკრულებო ვალდებულებების განვრცობას, გაფართოებას, შევსებას; 2) ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებების შეზღუდვა; 3) ხელშეკრულების კორექტირება; 4) ხელშეკრულების განმარტება. მოსამართლე ვალდებულია, გამოავლინოს და მხედველობაში მიიღოს ყველაფერი ის, რაც მხარეებმა არ გაამხილეს, მაგრამ ხელშეკრულების საბოლოო მიზნის გათვალისწინებით, მასში დაფიქსირებული უნდა ყოფილიყო, თუ ხარვეზიანი ადგილები მოწესრიგდებოდა სამართლიანობის პრინციპისა და საქმიანი ბრუნვის ჩვეულებათა შესატყვისად (იხ. ალექსანდრე იოსელიანი, კეთილსინდისიერების პრინციპი სახელშეკრულებო სამართალში (შედარებით-სამართლებრივი გამოკვლევა), „ქართული სამართლის მიმოხილვა“, სპეციალური გამოცემა, თბ., 2007, 54). ამა თუ იმ ხელშეკრულებაში, შესაძლოა, არც კი იყოს ჩამოყალიბებული განსაზღვრულად ქცევის წესი, მაგრამ განსაზღვრული წესით ქცევის, განსაზღვრული მოქმედების შესრულების ვალდებულება კეთილსინდისიერების პრინციპის მოთხოვნებიდან გამომდინარეობდეს (იხ: ნინო ხუნაშვილი, კეთილსინდისიერების პრინციპი სახელშეკრულებო სამართალში, თბილისი, 2016, გვ.117,118).რაც შეეხება ე.წ. ხელშეკრულების კორექტირებას (მისადაგებას შეცვლილი გარემოებებისადმი), ანუ ხელშეკრულების ადაპტაციას, მან უნდა ასახოს მხარეთა ის ნება, რომელიც კონტრაჰენტებს ექნებოდათ შეცვლილი გარემოებების ხელშეკრულების დადების ეტაპზე ცოდნის შემთხვევაში (ვრცლად იხ.: ნათია ჩიტაშვილი, შეცვლილი გარემოებების გავლენა ვალდებულების შერულებაზე და მხარეთა შესაძლო მეორად მოთხოვნებზე (შედარებით ანალიზი), თბილისი, 2015).
82. იმ გარემოებათა ერთობლიობაში შეფასებით, რომ მოიჯარეს, მართალია, ვადაგადაცილებით, თუმცა საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულება სრულად აქვს შესრულებული; საქმის მასალებით არ დგინდება მოიჯარის მიერ ვალდებულების შესრულებისგან განზრახ თავის არიდების გარემოება, ამასთან, არსებობდა საიჯარო ქონებით სარგებლობისას, ობიექტური გარემოებებით გამოწვეული, გაუთვალისწინებელი ფინანსური ხარჯი, ვალდებულების ვადაგადაცილებით შესრულებას რაიმე დაბრკოლება, სირთულე, ან ზიანი მეიჯარისთვის არ გამოუწვევია, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით - 86 376.47 ლარი (რაც ყოველწლიური საიჯარო ქირის 70,2%-ს შეადგენს), პირგასამტეხლოს დაკისრება შეუსაბამოა სსკ-ის 420-ე მუხლის მიზნებისთვის. ამასთან, დადგენილია, რომ საიჯარო ქირის გადახდის ვადის გადაცილებებისთვის, მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით, მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდილი აქვს 22 885 ლარი. ამ ფაქტობრივი მოცემულობის პირობებში, მოიჯარეს პერიოდულად ვადაგადაცილებით შესრულებული ვალდებულებებისთვის ეკისრება არა 8 637,64 ლარი, არამედ 31 522,64 ლარი, რაც მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობის 37%-ს შეადგენს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კრედიტორის და მოვალის მტკიცების ფარგლების, ასევე ვალდებულების დარღვევის შინაარსის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატის მიერ განსაზღვრული ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდა, განსახილველ შემთხვევაში წარმოადგენს მოპასუხის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების ადეკვატურ, გონივრულ და სამართლიან ოდენობას.
83. კასატორის პრეტენზია უკავშირდება აგრეთვე იმას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად არ მიიღო მხედველობაში მოპასუხის უფლებამონაცვლის 2023 წლის 24 მაისისა და 2023 წლის 12 ივნისის განცხადებები, რომელთა საფუძველზეც ამ უკანასკნელმა იკისრა სახელმწიფოს მიმართ მოპასუხის ფინანსური ვალდებულებების შესრულება (90 900 ლარის ოდენობით) ერთი წლის განმავლობაში. მითითებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ მოპასუხის უფლებამონცვლისათვის მიმდინარე დავის თაობაზე ცნობილი იყო. მას მოსარჩელის 2023 წლის 13 ივნისის წერილით ეცნობა, რომ სააგენტო არ არის წინააღმდეგი, მან 90 899,81 ლარის ოდენობით პირგასამტეხლო გადაიხადოს, არაუგვიანეს 2024 წლის პირველი ივლისისა. შესაბამისად, სააპელაციო პალატას უნდა გამოეყენებინა სსკ-ის 341-ე მუხლი (იხ. საკასაციო საჩივარი, წინამდებარე განჩინების პ.37).
84. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსსკ-ის 407-1 მუხლის საფუძველზე, მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას, იმსჯელოს კასატორის აღნიშნულ პრეტენზიაზე.
85. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
86. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
87. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
88. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
89. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწოფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი
მირანდა ერემაძე