Facebook Twitter

საქმე №ას-358-2024 14 ივნისი, 2024 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შეზღუდული პასუხისმგებლობის ამხანაგობა „მშენებლობის კასპიისპირეთის სამმართველო“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – პირგასამტეხლოს შემცირება, ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. შეზღუდული პასუხისმგებლობის ამხანაგობა „მშენებლობის კასპიისპირეთის სამმართველომ“ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა, დაეკისროს მოპასუხეს სამუშაოების მოცდენით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება 17225 ლარის ოდენობით, მიყენებული ზიანის ანაზღაურება – 45665,57 ლარი და უსაფუძვლოდ მიღებული პირგასამტეხლოს თანხის ანაზღაურება – 171142,15 ლარი.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2019 წლის 29 მარტს მხარეთა შორის გაფორმდა ხელშეკრულება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ......... და სოფელ ......... დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის შესახებ, 1997914,00 ლარის ღირებულებით.

3. სამუშაოები უნდა დაწყებულიყო 3 დღეში და უნდა დასრულებულიყო 2019 წლის 26 ივნისის ჩათვლით. ხარჯთაღრიცხვაში ღორღი იყო ნაკლები და სამუშაოების მხოლოდ 16%-ის ჩატარება იყო შესაძლებელი. მოპასუხეს აღნიშნულის თაობაზე ეცნობა 2019 წლის 22 აპრილს, 10 მაისს, ხოლო 17 მაისისა და 10 ივნისის წერილების შესაბამისად, შესასრულებელი სამუშაოები შესრულდა და გაგრძელებისთვის უნდა შეცვლილიყო ხარჯთაღრიცხვა, ვადა კი გაგრძელებულიყო 80 დღით.

4. მოსარჩელის მითითებით, 777,24 მ3 ღორღის მოცულობის სამუშაოების შესრულება დასტურდება 2019 წლის 24 ივნისის შპს „ო. გ-ის“ (შემდგომ - შპს) 2019 წლის 17 მაისის №2 ფორმის დადასტურების აქტით.

5. 2019 წლის 10 ივლისს მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურმაც მოითხოვა ხარჯთაღრიცხვის შეცვლა და თანხა გაიზარდა 93676 ლარით, ამდენად, 2019 წლის 17 მაისიდან 2019 წლის 10 ივლისამდე კომპანიის საქმიანობა შეფერხდა 46 დღით, რის გამოც მუშები ყოველდღე ელოდებოდნენ სამუშაოების დაწყებას, ხოლო დღიური თანხა შეადგენდა 15 ლარს, რის გამოც მოცდენით გამოწვეული ზიანი შეადგენს 17225 ლარს.

6. 2019 წლის 17 და შემდგომ 19 ივლისის წერილით მერს ეცნობა, რომ მოსახლეობა დადიოდა გზაზე და საჭირო იყო გადაადგილების აკრძალვა. ამავე წლის 22 აგვისტოს წერილით მერიას ეცნობდა, რომ დამკვეთმა ვერ უზრუნველყო შეუფერხებლად სამუშაოების წარმოების პირობები. ბეტონის საფარის ხელახლა დაგებით კი კომპანიას მიადგა 45665,57 ლარის ზარალი. №1 ურთიერთშეთანხებით ხელშეკრულების შესრულების ვადამ 10 დღით გადაიწია - 2019 წლის 6 ივლისის ჩათვლით, ნაცვლად 15 დღისა, რასაც ადასტურებს მეტეოროლოგიური ცნობა. აღნიშნული კი, თავის მხრივ, პირგასამტეხლოს დაანგარიშების არამართლზომიერი დარიცხვის წინაპირობა გახდა. 2019 წლის 10 ივლისის წერილის საფუძველზე სამუშაოების დასრულების ვადა განისაზღვრა 2019 წლის 5 აგვისტოს ჩათვლით, ღორღის დანაკლისის გამო. მიწერილობაში ნათქვამი იყო, რომ ხარჯთაღრიცხვა გაიზარდა 93676 ლარით, ხოლო პროცედურების ხანგრძლივობამ შეადგინა 46 კალენდარული დღე. აღნიშნული დროის მანძილზე მუშა-ბრიგადები იდგნენ და ელოდნენ ცვლილების შეტანას სამუშაოების გასაგრძელებლად. სამუშაოების ვადა გაიზარდა 30 დღით ნაცვლად 46-ისა. 2019 წლის 9 აგვისტოს მიწერილობის საფუძველზე, სამუშაოების დასრულების ვადა გაიზარდა 19 დღით, 2019 წლის 24 აგვისტოს ჩათვლით. აღნიშნულის საფუძველი გახდა მელიორაციის საკითხებზე წარმოჭრილი ახალი გარემოებები. 2019 წლის 28 ნოემბერს მერიამ ხელი მოაწერა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტს, რითაც დასრულებულად ჩაითვალა ხელშეკრულება.

7. აქტში მითითებულია, რომ ის გაიცა ინსპექტირების ანგარიშის საფუძველზე 2019 წლის 21 ნოემბერს და მოსარჩელეს ეცნობა, რომ თუ ის არ მოაწერდა ხელს, ვერ მიიღებდა დარჩენილ თანხას, რაც კომპანიას ესაჭიროებოდა და იძულებული იყო, მიეღო ეს წინადადება. საბოლოო ჯამში ვადაგადაცილებულად ჩაითვალა 85 დღე, ხოლო პირგასამტეხლო დაანგარიშდა ხელშერულების მთლიანი ღირებულებიდან 0,1% - 177785,15 ლარი. 2019 წლის 21 ნოემბრის შპს-ის ანგარიშით დგინდება, რომ, 2091590 ლარის ნაცვლად, შესრულებულია 1984767 ლარის სამუშაოები, რაც მიუთითებს პირგასამტეხლოს დაანგარიშების მცდარობაზე. საბოლოო თარიღად განსაზღვრული იყო 2019 წლის 24 აგვისტო, ხოლო ინსპექტირება ჩატარდა ამავე წლის 15 ოქტომბრიდან 21 ნოემბრის პერიოდში, რასაც ერთვის №2 ფორმა, რომელიც შედგენილია 27 სექტემბერს. შესაბამისად, სამუშაოების შესრულების ვადად უნდა განისაზღვროს 27 სექტემბერი. ასევე, მეტეოროლოგიური პირობების გამო, სამუშაოები შეფერხდა 15 დღით, თუმცა პერიოდი გაიზარდა 10 დღით, შესაბამისად, 5 დღე დაკლებულია. ღორღთან დაკავშირებული პრობლემის გამო, სამუშაოები შეფერხდა 46 დღით, რაზეც 16 დღე იქნა დაკლებული (გაგრძელდა 30 დღით, 46-ის ნაცვლად). შესაბამისად, 2019 წლის 24 აგვისტოდან 27 სექტემბრამდე სულ 34 დღეა, რასაც უნდა გამოაკლდეს 21 დღე და პირგასამტეხლოს დარიცხვის პერიოდი უნდა განისაზღვროს 13 დღით. მთლიანი ღირებულების 0,1%-ის დაკისრება უდავოდ ბათილი გარიგებაა. 27 სექტემბრის სამუშაოების შესრულების დადასტურებამდე შესრულებული იყო 1473951,73 ლარის სამუშაო, ხოლო შესასრულებელი იყო 511091,83 ლარის სამუშაო, შესაბამისად, მოსარჩელემ მიიჩნია, რომ პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულებიდან და არა მთლიანი თანხიდან.

მოპასუხის პოზიცია:

8. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სამუშაოები დაიწყო 10 დღის დაგვიანებით, რაც მოსარჩელეს ეცნობა 2019 წლის 15 აპრილის №2463 წერილით. სახელშეკრულებო ღირებულება გაიზარდა, თუმცა სიტყვიერი შეთანხმებით სამუშაოები არ უნდა შეჩერებულიყო და მოხდებოდა ხარჯთაღრიცხვის კორექტირება. 80 დღით გაგრძელება აბსურდული იყო და გაგრძელდა გონივრული ვადით. 46-დღიანი მოცდენა არ ყოფილა მოპასუხის მიზეზით, რასაც ადასტურებს შპს-ის ყოველდღიური ინსპექტირების ჟურნალი. მართალია, მოსახლეობისთვის აკრძალვის დაწესებაზე მოსარჩელემ მიმართა მერიას, მაგრამ მოპასუხე არ იყო ვალდებული ეს გაეკეთებინა. ამასთან, 2019 წლის 20 მაისის შპს-ის შეუსაბამობის აქტით დგინდებოდა, რომ ბეტონის საფარს გაუჩნდა ბზარები, რაზეც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 23 მაისის №3216-13 წერილით გაფრთხილებულ იქნა მიმწოდებელი ხარვეზების გამოსწორებზე. რიგ შემთხვევაში ხარვეზები იმ მასშტაბის იყო, რომ საჭირო გახდა ბეტონის საფარის ამოჭრა და თავიდან მოწყობა, რასაც ადასტურებს ყოველდღიური ინსპექტირების ოქმები. ხელშეკრულების მე-10 მუხლით მოსარჩელე თავად იყო ვალდებული, დაეცვა ობიექტის უსაფრთხოება. მეტეოროლოგიურმა სამსახურმა აღნიშნა, რომ კოდა-........ ტერიტორიაზე არ წარმოებს დაკვირვება და წარმოდგენილია უახლოსი ველის მონაცემები. ამასთან, შპს-ის ყოველდღიური ინსპექტირების ანგარიშით დგინდება, რომ სამუშაოები ხორციელდებოდა 13-დან 16 აპრილის ჩათვლით, შესაბამისად, გონივრულ ოდენობადა ჩაითვალა 10 დღე. საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტს ორივე მხარე აწერს ხელს.

9. რაც შეეხება თანხებს, მიუხედავად იმისა, რომ მერიას დარჩენილი თანხა 2020 წლის 1 მარტამდე უნდა აენაზღაურებინა, მობილიზაცია გაუწია აღნიშნულის ჩარიცხვას ვადაზე ადრე. პირგასამტეხლოს 85 დღეზე დაანგარიშება მოხდა 2019 წლის 24 აგვისტოდან 2019 წლის 18 ნოემბრის ჩათვლით, ვინაიდან №5 შეთანხმებით სამუშაოების დასრულების ვადა განისაზღვრა 24 აგვისტომდე, ხოლო შპს-ის საბოლოო ინსპექტირების ანგარიშის მიხედვით სამუშაოები დასრულდა 2019 წლის 18 ნოემბერს. უსაფუძვლოა მითითება, თითქოს სამუშაოები დასრულდა 2019 წლის 27 სექტემბერს, რადგან 2019 წლის 9 ოქტომბრის №6323-13 წერილით მერიამ მიმწოდებელს განუმარტა, რომ სამუშაოები დასრულებული არ იყო. ამის შემდეგ, 9 ოქტომბერს მიმწოდებელმა მიმართა მერიას სამუშაოების დასრულების შესახებ და ითხოვა საბოლოო თანხის ანაზღაურება. აღნიშული გადამოწმებული იყო მერიისა და შპს-ის მიერ და აღმოჩნდა, რომ სამუშაოები დასრულებული არ იყო. სამუშაოები დასრულდა 18 ნოემბერს, რის შემდეგაც მოხდა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი. პირგასამტეხლოს დაანგარიშება განხორციელდა ხელშეკრულების მიხედვით.

10. მოპასუხე ასევე არ დაეთანხმა, მოცდენის გამო, 17225 ლარის ანაზღაურებას. შემოსავალი მიუღებლად რომ ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. სარჩელში არ არის მითითებული სამართლებრივი საფუძველი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 411-ე მუხლის თანახმად, მოპასუხეს ვალდებულება არ დაურღვევია. მიმწოდებელი გამოყენებული თანამშრომლების რაოდენობას თავად წყვეტს, აღნიშნული ხელშეკრულებით არ რეგულირდება. შესაბამისად, ამ შემთხვევაში მოპასუხის ბრალეული ქმედება არ გამოკვეთილა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

11. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2022 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის დაკისრებული პირგასამტეხლო - 177 785,15 ლარი შემცირდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 165 195,2 ლარის ანაზღაურება, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 114 805 ლარის გადახდა შემდეგ გარემოებათა გამო:

13. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აპელანტს სადავოდ არ გაუხდია, შესაბამისად, უდავოდ დადგენილად უნდა ჩაითვალოს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

14. 2019 წლის 29 მარტს მხარეთა შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საგანი იყო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ........ სოფელ ......... დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია (2019-2020) მრავალწლიანი შესყიდვა - გზის საფართან დაკავშირებული სხვდასხვა სამუშაოები; ხელშეკრულების ფასი - 1 997 914 ლარი; ვადა - 2019 წლის 26 ივნისი.

15. ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოები უნდა დაწყებულიყო 3 დღეში და შესრულებულიყო თანდართული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად.

16. სამუშაოების მიღება-ჩაბარების წესი განისაზღვრა შემდეგნაირად: მიმწოდებლის მიერ წარდგენილი შესრულებული სამუშაოები მიღებულად ჩაითვლებოდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების დადასტურებიდან და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. ხელშეკრულების შესრულების კონტროლს ახორციელებდა შპს.

17. ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დანართით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების 0,1%-ის ოდენობით.

18. 2019 წლის 15 აპრილს მოპასუხის მიერ მოსარჩელისადმი გაგზავნილი №2463 წერილის თანახმად, სამუშაოები დაწყებული კიდევ არ იყო, რის გამოც მოსარჩელეს დაეკისრა პირგასამტეხლო 0,1% ის ოდენობით. 2019 წლის 6 მაისის №L_19-05/067 წერილით შპს-მ მერიას აცნობა, რომ სამუშაოები დაიწყო 2018 წლის 12 აპრილიდან.

19. 2019 წლის 22 აპრილს მოსარჩელის მიერ მოპასუხისადმი გაგზავნილი №22/04-1 წერილის თანახმად: ხარჯთაღრიცხვაში გაპარულია შეცდომა, 0-40 მმ ფრაქციული ღორღი 25400 კვ.მ-ზე 15სმ სიმაღლე, ჯამში მითითებულია 777,24 მ3, ხოლო ტრანსპორტირება 20 კმ-დან 10243,58 ტონა, არადა უნდა იყოს 25400*0,204=5181.6მ3, ასევე, ტრანსპორტირება იქნება 5181,6*1,6=8290,56 ტ. შესაბამისად, იზრდება ხარჯთაღრიცხვა 2 058 806,47-მდე.

20. 2019 წლის 10 მაისის №10/05-01 წერილით მოსარჩელემ მოპასუხეს აცნობა, რომ, ინტენსიური წვიმების გამო, სამუშაოების ჩატარება ვერ ხერხდება, ასევე გრუნტი თიხოვანია და წვიმების დასრულებიდან რამდენიმე დღე ესაჭიროება გასაშრობად. ასევე, მხარემ შეახსენა აპრილის წერილის საკითხიც, რომ ხარჯთაღრიცხვის შეცვლამდე სამუშაოები ჩერდება და ითხოვა სამუშაოების შესრულების ვადის 50 დღით გადაწევა.

21. სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 10 მაისის №12/1-425 წერილით, კ........ საავტომობილო გზის მონაკვეთზე დაკვირვება არ წარმოებს, თუმცა მისგან უახლოესი ველის ავტომატური მეტეოროლოგიური საგუშაგოს მონაცემებზე დაყრდნობით, 2019 წლის 29 მარტიდან 29 აპრილის ჩათვლით ნალექი აღინიშნა, 30-31 მარტს, 1, 4-7 აპრილს, 13, 16-17, 19-23 აპრილს, სულ - 15 დღე.

22. 2019 წლის 17 მაისის №17/05-02 წერილის თანახმად, მოსარჩელემ მოპასუხეს აცნობა, რომ წარუდგენდა კორექტირებული ხარჯთაღრიცხვა - 2100867.49 ლარი და მოითხოვა აღნიშნული საკითხის დროულად გადაწყვეტა, რადგან სამუშაოები შეჩერდა.

23. 2019 წლის 21 მაისის №3106-13 წერილით მოპასუხემ შპს შეატყობინა, რომ ხარჯი ღორღის ნაწილში არასწორად დაანგარიშდა და მოითხოვა საკითხის ოპერატიულად შესწავლა, ცვლილებების შეტანა, ხარჯთაღრიცხვისა და ანგარიშის დროულად წარდგენა.

24. 2019 წლის 23 მაისის №3216-13 წერილით მოპასუხემ მოსარჩელეს აცნობა, რომ 20 მაისის შეუსაბამობის აქტის თანახმად, ბეტონის საფარის დაგების შემდეგ, დაგების ტექნოლოგიის დაცვის მიუხედავად, დაგებული ბეტონის საფარს ადგილ-ადგილ აღენიშნება მცირე ზედაპირული ბზარები. დამატებით შესამოწმებელია ბეტონის ხარისხი. მენარდეს მიეცა რჩევა, ლაბორატორიული კვლევა ჩაეტარებინა ბეტონზე. მოსარჩელეს განემარტა, რომ 10 დღეში წარმოედგინა ლაბორატორიული კვლევის შედეგი და აღმოეფხვრა ხარვეზი, წინააღმდეგ შემთხვევაში გატარდებოდა სანქციები. აქტს დაერთო 2019 წლის 18 მაისს გადაღებული ფოტოსურათები.

25. 2019 წლის 31 მაისს მოსარჩელის მიერ მოპასუხისადმი გაგზავნილი №31/05-02 წერილის თანახმად, გაუთვალისწინებელი სამუშაოები გამოვლინდა შემდეგ საკითხებზე: მილები, ბუჩქნარის გაჩეხვა, საგზაო სამოსი. მოსარჩელემ მოითხოვა გაუთვალისწინებელი სამუშაოების ანაზღაურება სახარჯთაღრიცხვო უწყისის მიხედვით.

26. 2019 წლის 7 ივნისის №3524-13 წერილით მოპასუხემ მოსთხოვა მოსარჩელეს, წარედგინა 11 ივნისამდე შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა (ღორღთან დაკავშირებით).

27. 2019 წლის 10 ივნისის №10/06-01 წერილის შესაბამისად, მოსარჩელემ მოპასუხეს წარუდგინა, 2019 წლის 7 ივნისს გამოგზავნილი №3524-13 წერილის თანახმად, კორექტირებული ხარჯთაღრიცხვა №1 დანართის შესაბამისად. ასევე მეტეოროლოგიური პირობების გამო, მშენებლობა გაჩერდა, ასევე საჭირო იყო ღორღი. შეუძლებელი გახდა სხვა უბნებზე მუშაობის გაგრძელება. მხარემ მოითხოვა სამუშაოების დასრულების ვადის ათვლას კორექტირების დამტკიცების დღიდან. ასევე კორექტირებული ხარჯთაღრიცხვის დამტკიცება და სამუშაოების შესრულების ვადის 80 დღით გადაწევა.

28. მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის 2019 წლის 20 ივნისის №1860 წერილით მერს ეცნობა, რომ ღორღის მოცულობა, 4800,6 მ3-ის ნაცვლად, მითითებული იყო 777,24 მ3, ხოლო ტრანსპორტირება, 7680,96 ტ. ნაცვლად, - 1243,58 ტ., რაც შპს-ის ექსპერტიზით იქნა შესწორებული, ხოლო კორექტირებული ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად, კომპანიამ წარმოადგინა შესაბამისი გაანგარიშება. ბიუჯეტი გაიზარდა 93676,07 ლარით, რითაც სახელშეკრულებო ღირებულება გაიზარდა 4,7%-ით. ერთვის კორექტირებული ხარჯთაღრიცხვა.

29. 2019 წლის 24 ივნისის №3934 წერილით მოპასუხემ თანხმობა გამოთქვა, მოსარჩელეს შეესრულებინა ეს სამუშაოები გაუთვალისიწინებელი ხარჯით, გარდა ბუჩქნარის გაჩეხვის სამუშაოებისა, რაც ისედაც გათვალისწინებული იყო არსებულ ხარჯთაღრიცხვაში.

30. მერიის №3578-13 წერილით, 28.05.2019-24.06.2019 პერიოდში ინსპექტირების ანგარიშის დასკვნა ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 232469,78 ლარს, რაც 209166,15 ლარით ნაკლებია წარმოდგენილ №2 ფორმაში მითითებული 441635,93 ლარისა. სამუშაოების ხარისხი შეესაბამება დოკუმენტაციის მონაცემებს. მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2019 წლის 26 ივნისის №1947 წერილით, მერს ეცნობა, რომ აპრილში მოსული ინტენსიური წვიმების გამო, ობიექტზე სამუშაოები არ მიმდინარეობდა, რასაც ადასტურებს ცნობა სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოდან, შესრულების ვადა უნდა გადაიწიოს 10 დღით.

31. 2019 წლის 28 ივნისის №L_19-06/244 წერილით, შპს-მ მოპასუხეს აუწყა, რომ სამუშაოების დასრულების თარიღი იყო 2019 წლის 26 ივნისი, სამუშაოები არ დასრულებულა. ურთიერთშეთანხმება №1, 5 ივლისი, 2019 წელი - მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2019 წლის 26 ივნისის №1947 წერილის საფუძველზე, ხელშეკრულების შესრულების ვადა გაგრძელდა 2019 წლის 6 ივლისის ჩათვლით. ურთიერთშეთანხმება №2, 5 ივლისი, 2019 წელი - ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 2091590,07 ლარით. საფუძველი: მერიის ინფრასტრუქტურისა და მშენებლობის სამსახურის 2019 წლის 20 ივნისის №1860 წერილი.

32. 2019 წლის 5 ივლისის №05/07-01 წერილით მოსარჩელემ მოპასუხეს მოსთხოვა, შეეთანხმებინა, ორი ქანობის ნაცვლად, ერთის მოწყობა, რადგან ორქანობიანმა განლაგებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს ბეტონის რღვევა. 2019 წლის 19 ივლისის №4531-13 წერილით მოპასუხემ მიმართა შპს „ა–ის“ დირექტორს (საპროექტო დოკუმენტაციის შემდგენი) ერთქანობიანის დასაშვებობასთან დაკავშირებით. 2019 წლის 24 ივლისის №4681-13 წერილით მერია დათანხმდა ცვლილებაზე, ერთქანობიანი საფარის მოწყობაზე. 2019 წლის 9 ივლისის №4357-13 წერილით მოპასუხემ მიმართა ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რადგან ხარჯი გაიზარდა 4,7%-ით და მოითხოვა, ეშუამდგომლათ საქართველოს მთავრობასთან საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №2577 განკარგულების №0 დანართში ცვლილების შეტანის თაობაზე.

33. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის 2019 წლის 10 ივლისის №2085 წერილით მერს ეცნობა, რომ დაშვებულ იქნა შეცდომა, 7680,96 ტონა ღორღის ნაცვლად, მითითებული იყო 1243,58 ტ. (4800,6 მ3-ის ნაცვლად, - 777,24 მ3), ხოლო ტრანსპორტირება 20 კმ-ზე. შპს-ის 2019 წლის 22 მაისის ექსპერტიზის ანგარიში შესწორდა (ხარჯთაღრიცხვა იქნა დაკორექტირებული), ხოლო შემსრულებელმა კომპანიამ წარმოადგინა შესაბამისი გაანგარიშება, რომელის მიხედვითაც სახელშეკრულებო ღირებულება გაიზარდა 93 676 ლარით (ყოველივე ზემოაღნიშნული პროცედურების ხანგრძლივობამ შეადგინა 46 კალენდარული დღე). ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამუშაოების შესრულების ვადა უნდა გაზრდილიყო 30 დღით და გათვალისწინებული ყოფილიყო, რომ კომპანიას უკვე გაგრძელებული აქვს ვადა 10 დღით.

34. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის 2019 წლის 10 ივლისის №2085 წერილის საფუძველზე, 2019 წლის 11 ივლისის №4 ურთიერთშეთანხმებით, სამუშაოების შესრულების ვადა გაგრძელდა 2019 წლის 5 აგვისტოს ჩათვლით..

35. 2019 წლის 17 ივლისს №17/07-02 წერილით მოსარჩელემ მოპასუხეს აუწყა, რომ ახალდაგებულ გზის საფარზე ხდება მოსახლეობის გადაადგილება, რაც იწვევს გზის საფარის დაზიანებას და აფერხებს სამუშაოების წარმოებას. მანვე ითხოვა, მერიას მოეხდინა რეაგირება, რომ მომავალში გზა არ დაზიანებულიყო. 19 ივლისს №019/07-2019 წერილიც იგივე შინაარსისაა.

36. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის 2019 წლის 9 აგვისტოს №2397 წერილით მერს ეცნობა, რომ, რეალური საჭიროების გამო, შეიქმნა დამატებითი სამუშაოების შესრულების საჭიროება. სანიაღვრე არხიდან გასული წყალი უნდა ჩასულიყო სარწყავ არხში, ასევე, მეორე მხარეს სანიაღვრე არხი უნდა გაგრძელებულიყო 1,5 კმ-ით, რათა საცხოვრებელი სახლები არ დატბორილიყო. ასევე, საჭირო იყო სანიაღვრე მილების ადგილმდებარეობის შეცვლა და დამატებითი ლითონის მილების მოწყობა. ამიტომ სამუშაოების შესრულების ვადა უნდა გაგრძელებულიყო 19 დღით.

37. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის 2019 წლის 9 აგვისტოს №2397 წერილის საფუძველზე, 2019 წლის 9 აგვისტოს №5 ურთიერთშეთანხმებით, ხელშეკრულების ვადა გაგრძელდა 2019 წლის 24 აგვისტოს ჩათვლით.

38. 2019 წლის 22 აგვისტოს №22/08-01 წერილით მოსარჩელემ მოპასუხეს ამცნო, რომ №5 ურთიერთშეთანხმების თანახმად, დასრულების ვადად განისაზღვრა 2019 წლის 24 აგვისტო, თუმცა სამუშაოები ამ ვადაში ვერ დასრულდება, რადგან რკინა-ბეტონის გზა კეთდება. გარკვეული პერიოდი მასზე გადაადგილება შეუძლებელია, რაზეც 2019 წლის 8 ივლისის №08/07-01 წერილში იყო დასმული საკითხი. მიუხედავად ამისა, მოძრაობა არ შეწყვეტილა და ამან გამოიწვია გზის საფარის დაზიანება და საჭირო გახდა მისი ხელმეორედ მოწყობა, აღნიშნულმა კი იმოქმედა ხელშეკრულების ვადებზე. აგრეთვე შესასრულებელია გაუთვალისწინებელი სამუშაოები, რომელიც ჯერ შეთანხმების პროცესშია, კერძოდ, სანიაღვრე მილებთან დაკავშირებით, მელიორაციის არსებულ არხთან დაკავშირებით აღნიშნული საკითხების გადაუწყვეტელობის შემთხვევაში სამუშაოების დასრულება შეუძლებელია, რაზეც არაერთხელ დადგა საკითხი დამკვეთთან, თუმცა მოსარჩელეს თანხმობა არ მიუღია. დასრულების ვადა უნდა გადავადდეს 20 დღით.

39. 2019 წლის 26 აგვისტოს №L_19-08/221 წერილით შპს-მ მოპასუხეს აცნობა, რომ სამუშაოების დასრულების თარიღი იყო 24.08.19 წელი, თუმცა სამუშაოები არ დასრულებულა. 2019 წლის 27 აგვისტოს №5387-13 წერილით მოპასუხემ მოსარჩელეს დააკისრა პირგასამტეხლო, რადგან სამუშაოების შესრულების ვადა იყო 24 აგვისტომდე, რაც ამ ვადაში ვერ იქნა უზრუნველყოფილი.

40. 2019 წლის 27 სექტემბრის №27/09-01 წერილით მოსარჩელემ მოპასუხეს წარუდგინა საბოლოო შესრულებული სამუშაოების მიღების აქტი და გაუთვალისწინებელი სამუშაოების მიღების აქტი. მანვე მოითხოვა ექსპერტიზის ჩატარება და თანხის ჩარიცხვა.

41. 2019 წლის 9 ოქტომბრის №6326-13 წერილით მოპასუხემ მოსარჩელეს აღნიშნული წერილის პასუხად აცნობა, რომ 24 აგვისტოსათვის დასამთავრებელი სამუშაოები არ დასრულებულა, რის გამოც დაერიცხებათ პირგასამტეხლო და მოითხოვა უმოკლეს დროში ხელშეკრულების დასრულება.

42. 2019 წლის 9 ოქტომბრის №09/10-01 წერილით მოსარჩელემ მოპასუხეს მოახსენა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები დაასრულა, წარუდგინა მიღების აქტები, მათ შორის, გაუთვალისწინებელ სამუშაოებზე, მოითხოვა ექსპერტიზის ჩატარება და თანხის ანაზღაურება.

43. 2019 წლის 21 ნოემბრის ინსპექტირების ანგარიშის თანახმად, №6 სამუშაოების აქტში (№2 ფორმა) მიეთითა 579785,33 ლარი. №2 ურთიერთშეთანხმებით განისაზღვრა ხელშეკრულების ღირებულება - 2091590,07 ლარი.

44. 15.10.2019-21.11.2019 პერიოდზე ინსპექტირების ანგარიშის შესაბამისად, შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 500633,67 ლარი, რაც 554476,07 ლარზე 53842,52 ლარით ნაკლებია. გაუთვალისწინებელი სამუშაოების ფაქტობრივად შესრულების ღირებულებამ შეადგინა 10458,16 ლარი, რაც 25309,14 ლარზე 14850,98 ლარით ნაკლებია. წარადგინა შესრულებული სამუშაოების მიღების №6 აქტი, თარიღდება 27.09.2019 წლით (ფორმა№2). წარადგინა შესრულებული გაუთვალისწინებელი სამუშაოების მიღების აქტი, დათარიღებულია 27.09.2019 წლით (ფორმა №2). 2019 წლის 28 ნოემბრის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით მოსარჩელემ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული 2091590,07 ლარის სახელშეკრულებო ღირებულების სამუშაოები. მიმწოდებელმა წარადგინა №2 საბოლოო ფორმა 554476,07 ლარზე და გაუთვალისწინებელი სამუშაოების №2 ფორმა 25309,14 ლარზე. აღნიშნულ სამუშაოებს ინსპექტირება ჩაუტარა შპს-ს (21.11.2019წ.), რომლის მიხედვით ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 500633,67 ლარი, რაც 53842,52 ლარით ნაკლებია 554476,07 ლარზე. გაუთვალისწინებელი სამუშაოების ფაქტობრივად შესრულების ღირებულებამ შეადგინა 10458,16 ლარი, რაც 25309,14 ლარზე 14850,98 ლარით ნაკლებია. ამჟამად ჩარიცხული თანხა შეადგენს 1383332,00 ლარს. ვინაიდან შემსრულებელმა 85 დღის დაგვიანებით დაასრულა სამუშაოები, ხელშეკრულების 13.2 პუნქტის მიხედვით, მიმწოდებელს დაეკისრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სახელშეკრულებო ღირებულების 0,1% (2091590,07*0,1=2091,59*85=177785,15 ლარი), ამდენად, მიმწოდებელზე ჩასარიცხი თანხამ შეადგინა 423926,41 ლარი (1974585,4-1383332,0-177785,15+10458,16=423926,41), დაკავებული 5%-იანი თანხის - 73697,56 ლარის გათვალისწინებით.

45. 2019 წლის 29 ნოემბრის №7462-13 წერილით მერიამ მიმართა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, რათა ამ უკანასკნელს ეშუამდგომლა საქართველოს მთავრობასთან აღნიშნული პროექტის სრული დაფინანსების საკითხში.

46. 2019 წლის 13 დეკემბრის №3741 წერილით მერის ინფრასტრუქტურის სამსახურმა მოსთხოვა მერს შესაბამისი ცვლილებების შეტანა, რათა უზრუნველყოფილ იქნას დასრულებული სამუშაოების სრულყოფილი ანაზღაურება წლის ბოლომდე. 2019 წლის 17 დეკემბრის №6 ურთიერთშეთანხმებით ხელშეკრულების ფარგლებში 2019 წლის განმავლობაში ანგარიშსწორება განხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1758773,00 ლარით, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან - 332817,07 ლარით.

47. შპს-მ მოპასუხეს დეტალური ანგარიში წარუდგინა სამუშაოების ყოველთვიური შესრულების შესახებ. 2019 წლის 10 მაისის წერილით აპრილში განხორციელებული სამუშაოების ანგარიშში აისახა, რომ სამუშაოები შეჩერდა 22 დღე. 2019 წლის 10 ივნისის წერილით, მაისში სამუშაოები შეჩერდა 3 დღე; 2019 წლის 10 ივლისის წერილით, ივნისში სამუშაოები შეჩერდა 17 დღე. №2 ფორმით IR_19-04-A012/F/02 ღირებულებამ შეადგინა 232469,78 ლარი, შესრულებული სამუშაოს დადასტურების თარიღი იყო 24.06.2019 წელი; 2019 წლის 10 აგვისტოს წერილით, ივლისში განხორციელებული სამუშაოების ანგარიშში დაფიქსირდა სამუშაოების შეჩერება 4 დღით. №2 ფორმით IR_19-04-A012/F/03, ღირებულებაა 362517,09 ლარი, შესრულებული სამუშაოს დადასტურების თარიღია 05.07.2019 წელი. 2019 წლის 10 სექტემბრის წერილით, აგვისტოში განხორციელებული სამუშაოების ანგარიში დაიწყო 2019 წლის 12 აპრილს სამუშაოები შეჩერდა 18 დღე; დასრულება 24.08.19 წელი; ფორმა №2 IR_19-04-A012/F/04, ღირებულება 373443,34 ლარი, შესრულებული სამუშაოს დადასტურების თარიღი 19.08.2019 წელი; 2019 წლის 10 ოქტომბრის წერილი - სექტემბრის თვეში განხორციელებული სამუშაოების ანგარიში: სამუშაოები შეჩერდა 2 დღე; ფორმა №2IR-19-04-012/F/05, ღირებულება 382574,82 ლარი, შესრულებული სამუშაოს დადასტურების თარიღი 11.09.2019 წელი; 2019 წლის 11 ნოემბრის წერილი - ოქტომბრის თვეში განხორციელებული სამუშაოების ანგარიში: სამუშაოები შეჩერდა 6 დღე; 2019 წლის 10 დეკემბრის წერილი - ნოემბრის თვეში განხორციელებული სამუშაოების ანგარიში: ინსპექტირების დასრულების თარიღი 22.11.2019 წელი; სამუშაოების დასრულების ფაქტიური თარიღი 18.11.2019; სამუშაოები შეჩერდა 6 დღე; ფორმა №2 IR_19-04-A012/F/06, ღირებულება 511091,83 ლარი, შესრულებული სამუშაოს დადასტურების თარიღი 22.11.2019 წელი.

48. შპს-მ მოპასუხეს დეტალური ანგარიში წარუდგინა სამუშაოების ყოველდღიური შესრულების შესახებ, რომელთა ნაწილით დადგინდა სამუშაოების შეჩერების პერიოდი და მოსარჩელის მიერ ხარვეზით შესრულებული სამუშაოები: 05.04.19წ. - სამუშაოები არ დაწყებულა; 12.04.19წ. - სამუშაოები დაიწყო. სამუშაოები არ წარმოებდა: 14.04.19; 17.04.19 - უამიდობის გამო; სამუშაოები შეჩერებულია - 24.04.19წ.-მდე არ დევს აქტები; 24.04.19წ.-დან გაგრძელდა სამუშაოები; 25, 26-29.04.19წ. - სამუშაოები არ მიმდინარეობდა; 30.04.19 - სამუშაოები დროებით შეჩერებულია. 01.06.19 - მითითებულია, რომ მიმდინარეობს ხარვეზების გამოსწორების სამუშაოები; 12.06.19 - მითითებულია, რომ მიმდინარეობს ბეტონის საფარის მოწყობისა და ხარვეზების გამოსწორების სამუშაოები. ძირითადი სამუშაოები შეჩერებულია ამის გამო; 13.06.19წ. - იდენტური ჩანაწერია, ამოჭრილია ბეტონები; 14.06.19წ. - იდენტურია; 17.06.19წ. - ბზარების გამო, ამოჭრეს ბეტონი; 08.07.19 - ზედაპირმა მიიღო ბზარები, რაც შეუსაბამოა, მოსარჩელე გაფრთხილებულია, რომ გამოსწორდეს ხარვეზი.

49. მოსარჩელე ამხანაგობის დირექტორის ცნობიდან ირკვევა 2019 წლის 17 მაისიდან 2019 წლის 10 ივლისამდე პერიოდში სამუშაოებზე მომუშავე მუშა-მოსამსახურეებზე გაწეული ხარჯი. ობიექტზე გაჩერებული სამუშაოების დღეებში მითითებულია 15 მუშის სია. 53 დღე, სამივლინებო თანხა დღიურად - 15 ლარი, სულ - 11925 ლარი. ბინის ქირა 53 დღეზე, დღიურად - 100 ლარი, სულ, - 5300 ლარი. მთლიანობაში - 17225 ლარი.

50. საქმეში წარმოდგენილი საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით მხარეები ადასტურებენ, რომ ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 2 091 590,07 ლარს, ხოლო ხელშეკრულებით შეთანხმებული სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2019 წლის 24 აგვისტოს ჩათვლით.

51. მხარეთა შორის სადავო არ არის გარემოება, რომ 2019 წლის 24 აგვისტოს მდგომარეობით, მოსარჩელეს შესრულებული ჰქონდა 1 351 005,03 ლარის სამუშაოები, ხოლო შესასრულებლად დარჩენილი ჰქონდა კიდევ 740 585,04 ლარის სამუშაოები.

52. ასევე, სადავო არ არის გარემოება, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები, ნაცვლად შეთანხმებული 2019 წლის 24 აგვისტოსი, დასრულდა 2019 წლის 18 ნოემბერს. ამდენად, მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა 85 დღის ვადაგადაცილებით, რაც ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობას წარმოადგენდა.

53. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს რაიმე პრეტენზიას პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში. აპელანტის მიერ სადავოდ არის გამხდარი მხოლოდ სასამართლოს მიერ სსკ-ის 420-ე მუხლის გამოყენების მართებულობა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შესაბამისობა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებისადმი, კერძოდ, აპელანტის მოსაზრებით, სასამართლო გასცდა სარჩელის მოთხოვნის ფარგლებს, როდესაც 0.1%-ის ოდენობით პირგასამტეხლო შეამცირა და განსაზღვრა 0.02%-ით, ვინაიდან ამგვარი მოთხოვნა წარმოდგენილი სარჩელიდან არ გამომდინარეობდა. შესაბამისად, პალატა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობას შეაფასებს მხოლოდ სამართლებრივი თვალსაზრისით, კერძოდ, რამდენად არსებობდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შემცირების კანონით გათვალისწინებული წინაპირობა და გასცდა თუ არა სასამართლო სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს.

54. სააპელაციო პალატამ მიუთითა სსსკ-ის ფუნდამენტურ, დისპოზიციურობის პრინციპზე, რომლის თანახმადაც მხარეები სასამართლოში საქმის წარმოებას იწყებენ ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ (სსსკ-ის 3.1 მუხლი), ამდენად, როგორც სასამართლოში დავის დაწყება, ისე მოთხოვნის ჩამოყალიბება, თუ დავის საგნის განსაზღვრა, მხოლოდ მხარის პრეროგატივაა; სასამართლოს როლი, სამოქალაქო სამართალწარმოების ფარგლებში, განისაზღვრება მხარეთა მიერ განსაზღვრული მოთხოვნის საფუძვლიანობის მათ მიერვე წარმოდგენილი მტკიცებულებების ფარგლებში გამოკვლევასა და სამართლებრივ შეფასებაში. ამ მოსაზრებას საფუძვლად უდევს სსსკ-ის 248-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.

55. სააპელაციო პალატამ სასარჩელო მოთხოვნისა და სარჩელში მითითებული ფაქტობრივი საფუძვლების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე მიიჩნია, რომ სასამართლო გასცდა სარჩელის მოთხოვნის ფარგლებს, როდესაც ხელშეკრულების 13.2 პუნქტში მითითებული პირგასამტეხლოს ოდენობა, კერძოდ - მისი განმსაზღვრელი რიცხვითი სიდიდე (0.1%) შეამცირა 0.02%-მდე, რადგან მოსარჩელეს არც მითითებული სიდიდის შემცირება მოუთხოვია და არც იმ გარემოებებზე მიუთითებია, თუ რატომ იყო კერძო ავტონომიის ფარგლებში შეთანხმებული პირგასამტეხლოს აღნიშნული ოდენობა შეუსაბამოდ მაღალი.

56. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელე პირგასამტეხლოს თანხის ოდენობას სადავოდ ხდიდა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ იგი არასწორად დაანგარიშდა ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან და მიიჩნევდა, რომ მართებული იყო პირგასამტეხლო დაანგარიშებულიყო შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულებიდან. ამასთან, მოსარჩელე სადავოდ ხდიდა ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობას და ამ გარემოებებზე დაყრდნობით ითხოვდა პირგასამტეხლოს შემცირებას. პალატამ აღნიშნა, რომ სარჩელში სადავოდ არ არის გამხდარი ხელშეკრულების ის პირობა, რომლის მიხედვითაც პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა 0.1%-ის ოდენობით. რაც იმას ნიშნავს, რომ მეორე მხარეს მოესპო შედავების შესაძლებლობა, რადგან მოსარჩელის მიერ მითითებულ და სამტკიცებელ გარემოებათა წრეში არ შედიოდა ის საკითხი, თუ რა პროცენტულობით უნდა დაანგარიშებულიყო პირგასამტეხლო - 0.1%-ით, თუ, მაგალითად, 0.02%-ით. შედეგის თვალსაზრისით კი, სასამართლომ ისე შეამცირა პირგასამტეხლო 0.02%-მდე, რომ ასეთი მოთხოვნა მოსარჩელეს არ ჰქონია. აღნიშნული გარემოებით შეილახა მოპასუხის უფლება, თავი დაიცვას მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტებისა და მოთხოვნის ფარგლებში და არა მის მიღმა. შესაბამისად, დაირღვა ასევე დიპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპები.

57. სწორედ, ამგვარი პროცესუალურ-სამართლებრივი არაგანსაზღვრულობის დაუშვებლობას უზრუნველყოფს დისპოზიციურობის პრინციპი, რაც ნიშნავს მხარეთა მიერ საკუთარი ნების საფუძველზე კანონით მათთვის მინიჭებული უფლებების განკარგვას. „სასამართლო მკაცრად შეზღუდულია მოთხოვნის ფარგლებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი პრინციპების სახით უზრუნველყოფს ყოველი პირისათვის უფლების სასამართლო წესით დაცვას, რაც იწყება უშუალოდ იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად (სსკ-ის მე-2 მუხლი). ფუძემდებლური პრინციპებითაა უზრუნველყოფილი პირის უფლება და ვალდებულება განსაზღვროს სასამართლო დავის საგანი (სსკ-ის მე-3 მუხლი). თავის მხრივ, სასამართლო შებოჭილია სარჩელის მოთხოვნის ფარგლებით და უფლებაშეზღუდულია, მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა (სსკ-ის მე-3 და 248-ე მუხლები)“(შდრ: სუსგ №ას-395-374-2013, 23 სექტემბერი, 2013 წელი).

58. ამგვარად, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების საფუძველზე, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლო გასცდა სარჩელის ფარგლებს, როდესაც, შესაბამისი მითითებისა და მოთხოვნის არარსებობის პირობებში, შეაფასა ხელშეკრულების 13.2 პუნქტით გათვალისწინებული 0.1%-ის გონივრულობა და შეამცირა იგი 0.02%-მდე, ამასთან პალატამ მიიჩნია, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო პირგასამტეხლოს თანხა უნდა განისაზღვროს 62 950.15 ლარით, შემდეგ გარემოებათა გამო:

59. სსკ-ის 420-ე, 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ პირგასამტეხლოს გონივრულობის კვლევა სასამართლო კონტროლის სფეროში ექცევა, როგორც საჯარო წესრიგის უზრუნველყოფისა და სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა კეთილსინდისიერების განმაპირობებელი ფაქტორი. საჯარო წესრიგის ცნება სამოქალაქო კოდექსის მორალურ იმპერატივებთანაა დაკავშირებული. საჯარო წესრიგი ხელს უწყობს ზნეობრივი და სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვის დამკვიდრებას, საჯარო წესრიგის დარღვევით ილახება არა მხოლოდ ვინმეს კერძო ინტერესები, არამედ საჯარო ინტერესები (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 5 მაისის განჩინებაში (საქმე №ას-318-301-2017).

60. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ხელშეკრულებით მოსარჩელემ იკისრა შეთანხმებულ ვადაში 2 091 590,07 ლარის ღირებულების ვალდებულების შესრულება. ხელშეკრულების 13.2 პუნქტით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილი იყო, შემსრულებლისათვის დაეკისრებინა პირგასამტეხლო ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 0.1%-ის ოდენობით.

61. სსკ-ის 115-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უპირველესი ამოცანა სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე იგი ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად, პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების ხარისხი და სხვა. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

62. სააპელაციო პალატამ მიუთითა მსგავსი კატეგორიის საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე, რომლის თანახმადაც, პირგასამტეხლოს, როგორც მხარეთა სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში (სსკ-ის 319-ე მუხლი) დათქმული პირობის მიუხედავად, ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს გათვალისწინება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, ვინაიდან სამუშაოთა ნაწილის ვადის დარღვევით შეუსრულებლობა ხელშეკრულების საერთო თანხის გათვალისწინებით პირგასამტეხლოს დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებებისა და ვალდებულების შესულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. იგი, ერთი მხრივ, უსაფუძვლოდ ზრდის მის მოცულობას და, მეორე მხრივ, მოვალეს უკვე შესრულებული ვალდებულების ნაწილში აკისრებს პასუხისმგებლობას. ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, პირგასამტეხლო დაანგარიშებულ უნდა იქნეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (იხ. საქმე №ას-164-160-2016, 2016 წლის 28 ივლისის განჩინება, №ას-581-2019, 2019 წლის 31 ივლისის განჩინება).

63. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ხელშეკრულების მთლიანი ღირებულება შეადგენდა 2 091 590,07 ლარს. მოსარჩელემ ნაკისრი ვალდებულება შეთანხმებულ ვადაში ვერ შეასრულა და ხელშეკრულების ვადის ამოწურვის მომენტისათვის (2019 წლის 24 აგვისტოს) შესასრულებლად დარჩენილი ჰქონდა კიდევ 740 585,04 ლარის სამუშაოები. ვალდებულება სრულად შესრულდა 2019 წლის 18 ნოემბერს - 85 დღის ვადაგადაცილებით.

64. სააპელაციო პალატამ, სადავო ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს გამოთვლის მექანიზმის გათვალისწინებით (ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან), მიიჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.1%-ის ოდენობით, ვალდებულების დარღვევის მოცულობასთან, ხასიათთან და ვადაგადაცილების ხანგრძლივობასთან მიმართებით არაგონივრული და შეუსაბამოდ მაღალია. პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა დაანგარიშდეს ვადაგადაცილებით შესრულებული სამუშაოს ღირებულებიდან - 740 585,04 ლარიდან, რაც 85-დღიანი ვადაგადაცილების გათვალისწინებით 62 950.15 ლარს შეადგენს. პალატის მოსაზრებით, პირგასამტეხლოს აღნიშნული ოდენობა უზრუნველყოფს შესასრულებელი ვალდებულების დარღვევისათვის გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებას და შეესაბამება მოპასუხის მიერ დაგვიანებით შესრულებელი ვალდებულებისათვის პასუხისმგებლობის სახით დაწესებულ საზღაურს.

65. ზემოაღნიშნული გარემოებები საფუძველია დასკვნისათვის, რომ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიამ მოსარჩელეს კუთვნილი საზღაურიდან პირგასამტეხლოს ანგარიშში 114 805 ლარი (177 755.15-62 950. 15=114 815) ისე დაუკავა, რომ ამ უკანასკნელს პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება არ გააჩნდა. რაც იმას ნიშნავს, რომ შემკვეთმა შემსრულებელს ხელშეკრულებით შეთანხმებული საზღაური არ გადაუხადა. ამდენად, მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ გააჩნია 114 805 ლარის გადახდის ვალდებულება, რაც ეფუძნება სსკ-ის 629-ე მუხლს (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური).

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

66. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

67. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა, თუმცა არასწორად განმარტა კანონი.

68. მხარის მითითებით, მოსარჩელემ 2019 წლის 29 მარტის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობები დაარღვია და მას პირგასამტეხლოს - გარიგებით გათვალისწინებული თანხის 0,1%-ის ოდენობით გადახდის ვალდებულება წარმოეშვა.

69. კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელეს სადავო პირგასამტეხლოს ოდენობა კანონშესაბამისად დაერიცხა ხელშეკრულების საერთო თანხიდან და მისი დაბრუნების წინაპირობა არ არსებობს.

70. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

71. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

72. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:

73. 2019 წლის 29 მარტს მხარეთა შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საგანი იყო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ........ სოფელ ......... დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია (2019-2020) მრავალწლიანი შესყიდვა - გზის საფართან დაკავშირებული სხვდასხვა სამუშაოები; ხელშეკრულების ფასი - 1 997 914 ლარი; ვადა - 2019 წლის 26 ივნისი.

74. ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოები უნდა დაწყებულიყო 3 დღეში და შესრულებულიყო თანდართული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად.

75. სამუშაოების მიღება-ჩაბარების წესი განისაზღვრა შემდეგნაირად: მიმწოდებლის მიერ წარდგენილი შესრულებული სამუშაოები მიღებულად ჩაითვლებოდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების დადასტურებიდან და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. ხელშეკრულების შესრულების კონტროლს ახორციელებდა შპს.

76. ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დანართით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების 0,1%-ის ოდენობით.

77. ხელშეკრულების მთლიანი ღირებულება შეადგენდა 2 091 590,07 ლარს. მოსარჩელემ ნაკისრი ვალდებულება შეთანხმებულ ვადაში ვერ შეასრულა და ხელშეკრულების ვადის ამოწურვის მომენტისათვის (2019 წლის 24 აგვისტოს) შესასრულებლად დარჩენილი ჰქონდა კიდევ 740 585,04 ლარის სამუშაოები. ვალდებულება სრულად შესრულდა 2019 წლის 18 ნოემბერს - 85 დღის ვადაგადაცილებით.

78. მოცემულ საქმეზე კასატორის პრეტენზია შეეხება იმ გარემოებას, რომ, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების თანახმად, მოპასუხემ მართებულად იანგარიშა მოსარჩელისათვის დასაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მთლიანი თანხიდან, შესაბამისად, სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ დააკისრა თანხის დაბრუნება მოსარჩელე ამხანაგობისათვის.

79. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგ - სსსკ-ი) 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორის შედავებების საფუძვლიანობა, კერძოდ, კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ემყარება კანონდარღვევას, რადგან სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი მატერიალური და საპროცესო ნორმების დარღვევით.

80. სსსკ-ის 393-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ: არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; არასწორად განმარტა კანონი. საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება, გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.

81. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ნარდობის (სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა.

82. ის სამართლებრივი შედეგი, რომლის მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, სსკ-ის 417-ე (პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის), სსკ-ის 629-1 (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური) მუხლებიდან გამომდინარეობს.

83. ამ ტიპის სარჩელის წარმატებულობა, ბუნებრივია, უნდა შემოწმდეს მისი დამფუძნებელი ნორმის/ნორმების წინაპირობებთან მიმართებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ უპირველესად, სასამართლომ სწორად უნდა განსაზღვროს მოთხოვნის მარეგულირებელი სამართლებრივი საფუძველი - კანონის ნორმა, გამოარკვიოს სარჩელში მითითებული ფაქტების შესაბამისობა დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებთან (ფორმალური გამართულობა), დადებითი პასუხის შემთხვევაში, სარჩელსა და შესაგებელში გამოთქმული პოზიციების ურთიერთშეჯერებით გამოარკვიოს სადავო და უდავო ფაქტობრივი გარემოებები (მტკიცების საგანი) და გაანაწილოს მხარეთა შორის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურების ტვირთი (მტკიცების ტვირთი).

84. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონმდებლობა ითვალისწინებს სამუშაოს შესრულების ტიპის ისეთ ხელშეკრულებას, როგორიცაა ნარდობა. ნარდობის ხელშეკრულება, ნასყიდობის ხელშეკრულების მსგავსად, ერთერთი ყველაზე უფრო მეტად გავრცელებული ხელშეკრულებაა სასაქონლო-ფულად ფასეულობათა ბრუნვის სფეროში. ნარდობის ხელშეკრულება აწესრიგებს უშუალოდ წარმოების პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს, რადგან იგი დაკავშირებულია მენარდის ვალდებულებასთან - შეასრულოს ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო და გადასცეს შემკვეთს შეთანხმებული საზღაურის მიღების პირობით შესრულებული სამუშაოს შედეგი (იხ. დამატებით: ზ. ძლიერიშვილი, ნარდობის ხელშეკრულება, თბილისი, 2016, გვერდი 26).

85. სსკ-ის 629-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნარდობა, როგორც სამუშაოს შესრულების ტიპის ხელშეკრულება, არის კონსენსუალური, ორმხრივი და სასყიდლიანი ხელშეკრულება. (შდრ: სუსგ №ას-240-2023, 21 მარტი, 2023 წ. პ.10).

86. კასატორის პრეტენზიასთან მიმართებით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (შდრ. სუსგ-ები:№ას-1245-2022, 09 მარტი, 2023 წელი; №ას-1274-2022, 22 ნოემბერი, 2022 წელი; №ას-1451-1371-2017, 13 ნოემბერი, 2018 წელი; №ას-848-814-2016, 28 დეკემბერი, 2016 წელი).

87. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. (იხ: ირაკლი რობაქიძე, წიგნში სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 590).

88. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას (შდრ: სუსგ №ას-1336-2019, 30 მარტი, 2022 წელი; №ას-1928-2018, 31 ოქტომბერი, 2019 წელი).

89. საკასაციო პალატა დოქტრინასა და სასამართლო პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ პირგასამტეხლოზე უფლება აქცესორული უფლებაა. ეს იმას ნიშნავს, რომ არ არსებობს პირგასამტეხლო ძირითადი უფლების გარეშე. პირგასამტეხლო ძირითადი უფლების სამსახურშია. ამიტომაც დაუშვებელია პირგასამტეხლოს მოთხოვნის განხორციელება ძირითადი უფლების გარეშე. პირგასამტეხლოს აქცესორული ბუნება განაპირობებს იმ ფაქტსაც, რომ მისი დაკისრების წინაპირობას წარმოადგენს მოვალის მიერ ვალდებულების ბრალეულად დარღვევა. პირგასამტეხლო უსაგნო იქნება, როცა მოვალის ბრალის გარეშე ვალდებულება ვერ შესრულდება ან ხელშეკრულება გაუქმდება. პირგასამტეხლოთი ვალდებულების უზრუნველყოფა სულაც არ ცვლის პასუხისმგებლობის საერთო საფუძველს. ამიტომაცაა, რომ თუკი ძირითადი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა, მაშინ მას არც პირგასამტეხლოს გადახდა დაეკისრება (იხ. ლადო ჭანტურია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მესამე, მუხლი 417, თბილისი, 2001, გვ. 489-490; ქეთევან მესხიშვილი, კერძო სამართლის აქტუალური საკითხები, ტომი I, თბ., 2020 წელი, გვ. 89; სუსგ №ას-1006-2021,31 მაისი, 2022 წელი, პ.17).

90. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის თვალსაზრისით ყურადსაღებია მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის საკითხი. ვალდებულების დარღვევა შეიძლება გამოიხატოს როგორც ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებაში, ასევე ვალდებულების შეუსრულებლობაში. პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის ვალდებულების დარღვევა (შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება) აუცილებლად მოვალის ბრალეულობით უნდა იქნეს გამოწვეული. თუ არ დადგინდება მოვალის ბრალი, მაშინ მის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნასაც არ ექნება სამართლებრივი საფუძველი (იხ. სერგი ჯორბენაძე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, მუხლი 417, ველი 23-26, 2019 წელი). პირგასამტეხლოს დაკისრება ხდება ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში. შესაბამისად, პირგასამტეხლოს დაკისრება მოაზრებულია მხოლოდ ძირითადი ან/და დამატებითი ვალდებულების დარღვევისას (იხ. გიორგი ვაშაკიძე, სამოქალაქო კოდექსის გართულებულ ვალდებულებათა სისტემა, თბილისი, 2010 წ. გვ. 232). მტკიცების ტვირთის განაწილების მხრივ კრედიტორმა უნდა ამტკიცოს ვალდებულების დარღვევა და პირგასამტეხლოს თაობაზე წერილობითი შეთანხმების არსებობა, ხოლო მოვალის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს ვალდებულების ჯეროვანი შესრულება ან მისი ბრალეულობის გამორიცხვა (იხ. ქეთევან მესხიშვილი, კერძო სამართლის აქტუალური საკითხები, ტომი I, თბილისი, 2020, გვერდი 93; შდრ: სუსგ-ები: №ას-157-2023, 07 მარტი, 2023 წელი; №ას-213-2023, 11 აპრილი, 2023 წელი).

91. მოცემულ შემთხვევაში გასაზიარებელია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების 85 დღით ვადაგადაცილებისათვის, მოსარჩელეს წარმოეშვა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება.

92. კასატორის პრეტნზიასთან მიმართებით, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის მიხედვით, ვალდებულების ნაწილის შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით დაკისრება, მართალია, იცავს კრედიტორის ქონებრივ ინტერესს, მაგრამ არღვევს სახელშეკრულებო წონასწორობას და ვერ ასრულებს ვალდებულების დარღვევის პრევენციის ნორმატიულ დანიშნულებას. დაუშვებელია, პირგასამტეხლო მხარეს ეკისრებოდეს იმ ვალდებულების პროპორციული ღირებულებიდანაც, რომელიც მან ჯეროვნად შეასრულა. პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების მოცულობიდან (იხ. სუსგ-ები: ͏№ას-1366-2023, 28 თებერვალი, 2024წ. პ.19, №ას-1443-2023, 23 თებერვალი, 2024 წ. პ.21; №ას-861-2023, 15 თებერვალი, 2024წ. პ. 18; №ას-824-2023, 31 იანვარი, 2024წ.; №ას-1389-2023, 30 იანვარი, 2024წ.; №ას-732-2022, 24 ნოემბერი, 2022 წ. №ას-1274-2022, 22 ნოემბერი, 2022, პ.74; №ას-603-2021, 14 დეკემბერი, 2021 წ.; №ას-626-2021, 14 ივლისი, 2021 წელი; №ას-1819-2019, 19 თებერვალი, 2020; №ას-971-2019, 28 ოქტომბერი, 2019; №ას-581-2019, 31 ივლისი, 2019; №ას-931-896-2016, 31 იანვარი, 2017 წ.; №ას-164-160-2016, 28 ივლისი, 2016).

93. საკასაციო პალატა კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს, რომ საკანონმდებლო მოწესრიგებას საფუძვლად უდევს კონკრეტული სოციალური პროცესების მართვის სამართლებრივ-პოლიტიკური მოდელი ანუ, როდესაც კანონმდებელი განსაზღვრულ ქცევას სავალდებულოდ ადგენს, ამით მას სურს განსაზღვრული მიზნების მიღწევა. ასეთ შემთხვევაში, კანონმდებელს მინიჭებული აქვს უფლებამოსილებები, ერთი მხრივ, დასახული მიზნის მიღწევასთან, ხოლო, მეორე მხრივ, ამ მიზნის მისაღწევად გამოსაყენებელი სამართლებრივი საშუალებების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. კანონის ინტერპრეტაცია უნდა ემსახურებოდეს ამ კანონის მიზანს. კანონის ცალკეული დებულებები გააზრებული უნდა იქნას სხვადასხვა დებულებათა ურთიერთდამოკიდებულებაში. კანონის ინტერპრეტაცია მთლიანობაში წარმოადგენს არგუმენტების შერჩევისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესს, რომელიც ხშირად სხვადასხვა, ერთმანეთთან კონკურენციაში მყოფ მიზნებზე არის ორიენტირებული. სამართლებრივი გადაწყვეტილებები დამოკიდებულია კონკრეტულ სიტუაციებზე, რადგან განსხვავებულ, თუნდაც ტიპიურ სიტუაციებში, მიზნები და მათთან დაკავშირებული ინტერესები სხვადასხვა მოცულობითა და კონსტელაციაში გარკვეულ როლს თამაშობენ.

94. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამართლიანობის მიღწევის გარდა, სამართლის ამოცანაა, უზრუნველყოს სამართლებრივი უსაფრთხოება და ინტერესთა ოპტიმალური და მიზანშეწონილი დაკმაყოფილება. ყოველივე ეს მიზანი გათვალისწინებულ უნდა იქნას კანონის ინტერპრეტაციისა და განვრცობის პროცესში. კანონის ინტერპრეტაცია სამართლიან მოწესრიგებასა და ოპტიმალურ დაკმაყოფილებას უნდა იწვევდეს (იხ. სუსგ საქმე №ას-774-2023, 12 სექტემბერი, 2023 წელი).

95. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. სსკ-ს მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით, ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას.

96. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ თანამედროვე ქართულ სამართლებრივ სივრცეში კეთილსინდისიერება მატერიალურ სამართლებრივ ნორმად გადაიქცა და სამართლიანობასა და თანასწორობაზე დამყარებულ სამართლებრივ სისტემაში გაერთიანდა, რითაც უფრო ვრცელი დატვირთვა შეიძინა. კეთილსინდისიერება ნიშნავს გულწრფელობას, სამართლიანობას, ვალდებულებების მიმართ პატიოსან დამოკიდებულებას. კეთილსინდისიერების ინსტიტუტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო სამართლისათვის და იგი მთლიანად კერძო სამართლის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს (შდრ: სუსგ №ას-1338-1376-2014, 29.06.2015წ.).სსკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეების ქცევის მასშტაბს - კეთილსინდისიერების ვალდებულებას, ინდივიდის მოქმედებას სამართლიანობის კრიტერიუმთან ურთიერთკავშირში (იხ: ლადო ჭანტურია, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, თბილისი, 2017, მუხ.8, ველი 1, 10-12; დავით კერესელიძე, კერძო სამართლის უზოგადესი სისტემური ცნებები, თბილისი, 2009, გვ.83, 92-95).

97. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კრედიტორის და მოვალის მტკიცების ფარგლების, ასევე ვალდებულების დარღვევის შინაარსის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატის მიერ განსაზღვრული ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდა (მოსარჩელისათვის მის მიერ არამართლზომიერად გადახდილი თანხის დაბრუნება), განსახილველ შემთხვევაში წარმოადგენს მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების ადეკვატურ, გონივრულ და სამართლიან ოდენობას.

98. საკასაციო პალატას მიუთითებს, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი სადავო გარემოებების მტკიცების სტანდარტის დაცვით, უზრუნველყო მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების დადასტურება, ხოლო მოპასუხემ კი ვერ შეძლო სასარჩელო მოთხოვნის სრულად განხორციელების გამორიცხვა, შესაბამისად, კასატორმა ვერ დაარწმუნა საკასაციო პალატა, მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძვლების არსებობაში (იხ. სუსგ საქმე №ას-1389-2023, 30 იანვარი, 2024 წელი).

99. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

100. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

101. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

102. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

103. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი

მირანდა ერემაძე