საქმე №ას-455-2024 14 ივნისი, 2024 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „რ.ქ.მ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ფ.კ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. შპს „ფ.კ–იმ“ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „რ.ქ.მ–ის“ (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ 18 955.45 ლარის ანაზღაურების შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, მხარეთა შორის გაფორმდა სამი ხელშეკრულება. 2020 წლის 27 აგვისტოს ხელშეკრულების თანახმად, მისაწოდებელ საქონელს წარმოადგენდა სპილენძის კაბელები და გოფრირებული მილები. საქონლის ჩამონათვალი და ღირებულება განისაზღვრა ხელშეკრულების №1 დანართით. კაბელების საერთო ღირებულებამ შეადგინა 492 844 ლარი, ხოლო გოფრირებული მილების ღირებულებამ - 113 661.6 ლარი. 2020 წლის 27 აგვისტოს ხელშეკრულების ფასს წარმოადგენდა სულ 606 505.6 ლარი.
3. 2020 წლის 10 სექტემბრის ხელშეკრულების საგნად განისაზღვრა სპილენძის კაბელები და გოფრირებული მილები. საქონლის ჩამონათვალი და ღირებულება განისაზღვრა ხელშეკრულების №1 დანართით. კაბელების საერთო ღირებულებამ შეადგინა 24 449 ლარი, ხოლო გოფრირებული მილებისამ - 3 603 ლარი. 2020 წლის 10 სექტემბრის ხელშეკრულების ფასს წარმოადგენდა 28 052 ლარი.
4. მესამე ხელშეკრულება დაიდო 2020 წლის 23 სექტემბერს. აღნიშნული ხელშეკრულების დანართების მიხედვით, განისაზღვრა მისაწოდებელი პროდუქციის სახეობა, ოდენობა და ღირებულებები, რაც შეეხება თავად მისაწოდებლის პროდუქციის სახეობებს, ესენი იყო: ზოლოვანა, გლინულა, კლემექსი, დამიწების ღერო გლინულაზე გადასაბმელი, გოფრეს და კაბელის ჭა პლასტმასის, კომბინირებულია კაბელის, წყლის დასალევი ფანტანის, ძაღლის წყლის დასალევი ფანტანი, ქუჩის ტრენაჟორების. აღნიშნული პროდუქციის საერთო ღირებულებამ შეადგინა 84 240 ლარი.
5. ზემოხსენებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული საქონელი მოპასუხე მხარეს მიეწოდებოდა ეტაპობრივად ზეპირი შეთანხმების მიხედვით, ხოლო გადახდა უნდა განხორციელებულიყო ეტაპობრივად, კერძოდ, ავანსი გადაიხდებოდა ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, ხოლო დარჩენილი ღირებულება - საქონლის მიწოდების შემდგომ. წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებებითა და ანგარიშფაქტურებით იკვეთება მოსარჩელე მხარის მიერ მოპასუხისთვის მიწოდებული საქონლის რაოდენობა და ღირებულება. სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, 2020 წლის 12 სექტემბრიდან, 2021 წლის 30 მარტამდე, მოპასუხემ მოსარჩელისგან შეიძინა ხელშეკრულებით და მისი დანართების მიხედვით განსაზღვრული პროდუქცია, რომლის საერთო ღირებულებამ შეადგინა სულ 718 797.60 ლარი. გადაუხდელი ფულადი ვალდებულების ოდენობა შეადგენს 18 955.45 ლარს.
6. 2021 წელს, მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთიეობის დაწყებისას, მოპასუხე იურიდიული პირი იწოდებოდა როგორც შპს „ე–სი“, რომელმაც, 2022 წლის მარტს განიცადა ცვლილება და შეეცვალა სახელწოდება, შესაბამისად, ამჟამად წარმოადგენს მოპასუხეს.
მოპასუხის პოზიცია:
7. მოპასუხემ წარადგინა წერილობითი შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მის საფუძვლებს არ ეთანხმება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 18 955.45 ლარის გადახდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 თებერვლის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
10. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხის სააპელაციო საჩივრის განხილვა მთავარ სხდომაზე დაინიშნა 2024 წლის 29 თებერვლის 13:40 საათზე, რის შესახებაც აპელანტი გაფრთხილებული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. აპელანტის წარმომადგენელს სასამართლო უწყება ჩაბარდა 2024 წლის 15 თებერვალს სატელეფონო შეტყობინების გზით. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ უწყების ჩაბარება განხორციელდა სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი, მესამე ნაწილებისა და 73-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით. მასვე განემარტა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგები. საქმის განხილვისათვის დანიშნულ დროს აპელანტი სხდომაზე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის მიზეზი უცნობებია სასამართლოსათვის. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოწინააღმდეგე მხარემ - მოსარჩელემ მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.
11. სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი, მესამე ნაწილების, 229-ე მუხლის მეორე ნაწილის, 372-ე მუხლისა და 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
12. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
13. კერძო საჩივრის ავტორმა დაადასტურა, რომ 2024 წლის 15 თებერვალს სასამართლოს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა საქმის განხილვის თარიღი, თუმცა მხარეს მოლოდინი ჰქონდა, რომ მიმდინარე წლის თებერვალი არ უნდა ყოფილიყო ნაკიანი წელიწადი და თებერვლის ბოლო თარიღი იქნებოდა 28 რიცხვი, ამდენად, ჩათვალა, რომ სასამართლო პროცესი გაიმართებოდა 29 მარტს.
14. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე დაინტერესებული იყო საქმის განხილვით, შესაბამისად, ვერ იმოქმედებს ვარაუდი, რომ მან დავის მიმართ ინტერესი დაკარგა. მართალია, დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებულა, თუმცა არსებობს სსსკ-ის 233-ე და 241-ე მუხლებით გათვალისწინებული გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველი.
15. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, ვერც მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა და ვერც სასამართლო პრაქტიკა პირდაპირ ვერ მიუთითებს, თუ რა სახის გარემოება უნდა შეფასდეს საპატიოდ. აღნიშნული საკითხი წყდება კონკრეტული ვითარების გათვალისწინებით. ამასთან, გასაჩივრებული განჩინება არღვევს მხარის კონსტიტუციურ და საერთაშორისო კანონმდებლობით - ევროპული კონვენციით დადგენილ გარანტიებს. ევროპული სასამართლოს პრაქტიკით, არ შეიძლება მხარეს შეეზღუდოს სასამართლო პროცესში მონაწილეობის უფლება, თუ მას ამ უფლებაზე უარი არ უთქვამს (Case of Dilipak and Karakaya v. Turkey, no. 24838/05). ასევე სასამართლომ (სახელმწიფომ) უნდა მიმართოს ყველა ზომას, რათა მხარე ჩართული იყოს პროცესში და მიეცეს უფლება, მოახდინოს ზეგავლენა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (case of Bacaksiz v. Turkey, no.24245/09) (იხ. კერძო საჩივარი).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
16. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
17. სსსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
18. მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა რეგულირების სფეროს.
19. სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.
20. სსსკ-ის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება, რასაც უკავშირდება სსსკ-ის 276-ე-278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები, ხოლო 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილია სარჩელის განუხილველად დატოვების შესაძლებლობაც, თუ საქმის განხილვაზე მოსარჩელე არ გამოცხადდება, ხოლო მოპასუხე თანახმაა, რომ სარჩელი დარჩეს განუხილველად.
21. ზემოაღნიშნულ ნორმათა მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას აპელანტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, თუ აპელანტი კანონით დადგენილი წესით მოწვეული იყო საქმის განხილვაში და არ გამოცხადდა არასაპატიო მიზეზით (შდრ: სუსგ-ები: №ას-429-2024, 22 მაისი, 2024 წ; №ას-330-2024, 25 აპრილი, 2024 წ; №ას-380-2024, 18 აპრილი, 2024 წ; №ას-105-2022, 29 თებერვალი, 2024 წ; №ას-1668-2019, 28 თებერვალი, 2020წ.; №ას-1380-2019, 24 დეკემბერი, 2019 წ; №ას-960-2019, 09 სექტემბერი, 2019 წ; № ას-1483-1403-2017, 12 იანვარი, 2018 წ.).
22. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. ის განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება. კონვენციის მე-6 მუხლი უზრუნველყოფს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უფლებას - უფლებას სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე.
23. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მხარეთა თანასწორობის პრინციპი, რომელიც სამართლიანი სასამართლოს ფართო კონცეფციის ერთ-ერთი ელემენტია, მოითხოვს თითოეული მხარისაგან ჰქონდეს გონივრული შესაძლებლობა წარმოადგინოს საკუთარი საქმე ისეთ პირობებში, რომელიც არ ჩააყენებს მას მნიშვნელოვნად არახელსაყრელ მდგომარეობაში მის მოწინააღმდეგე მხარესთან მიმართებით (იხილეთ Nideröst-Huber v Switzerland, 18/02/1997, § 23; Kress v France (დიდი პალატა), no.39594/98, § 72, ECHR 2001-VI; Yvon v France, no 44962/98, § 31, ECHR 2003-V; Gorraiz Lizarraga and Others v Spain, no. 62543/00, § 56, ECHR 2004-III. „სამართლიანი სასამართლოს უფლების ზოგადი კონცეფცია“ მოიცავს შეჯიბრებითი სამართალწარმოების ფუნდამენტურ პრინციპს (იხ. Ruiz-Mateos V Spain, 23/06/1993, § 63, ECHR , Series A, no.262; Lobo Machado v Portugal, 20/02/1996, § 31, 1996-I. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ „სამართლიანი სასამართლო განხილვის“ მოთხოვნების დაცვა თითოეულ ინდივიდუალურ საქმეში (იხილეთ Dombo Beheer B.V. v. the Netherlands, 27.10.1993, § 33, სერია A no. 274). აღნიშნული პრინციპი იმასაც გულისხმობს, რომ პირი ინფორმირებული უნდა იყოს მის წინააღმდეგ მიმდინარე სამართალწარმოების შესხებ (იხ. Dilipak and Karakaya v Turkey, no. 7942/05 და 24838/05, 04/03/2014, § 77). ერთიანობაში, ყველაფერი ეს ქმნის უფლებას საქმის სამართლიან განხილვაზე (GOLDER v. THE UNITED KINGDOM).
24. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სააპელაციო სასამართლოში მოპასუხის სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა 2024 წლის 15 თებერვალს, თუმცა აპელანტის შუამდგომლობის საფუძველზე განხილვის თარიღი გადაიდო ამავე წლის 29 თებერვალს, 13:40 საათზე (იხ. ტომი 2, ს.ფ.50.). საქმის განხილვის თარიღი აპელანტის წარმომადგენელს ეცნობა 2024 წლის 15 თებერვალს სასამართლო სატელეფონო აქტით (იხ. ტომი 2, ს.ფ 58). აპელანტის წარმომადგენლის შესაბამისი უფლებამოსილება დადასტურებულია საქმის მასალებში არსებული მინდობილობით (ტომი 1, ს.ფ 75).
25. აღნიშნულის მიუხედავად, არც აპელანტი და არც მისი წარმომადგენელი საქმის განხილვაზე არ გამოცხადდნენ, ხოლო მოწინააღმდეგე მხარემ მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.
26. განსახილველი კერძო საჩივრი ეფუძნება იმ გარემოებას, რომ აპელანტი საქმის განხილვაზე ვერ გამოცხადდა საპატიო მიზეზით, კერძოდ, მართალია მას 2024 წლის 15 თებერვალს სასამართლოს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა საქმის განხილვის თარიღი, თუმცა მხარეს მოლოდინი ჰქონდა, რომ მიმდინარე წლის თებერვალი არ უნდა ყოფილიყო ნაკიანი წელიწადი და თებერვლის ბოლო თარიღი იქნებოდა 28 რიცხვი, ამდენად, ჩათვალა, რომ სასამართლო პროცესი გაიმართებოდა 29 მარტს.
27. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება უნდა გადაისინჯოს და საქმე განახლდეს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ.
28. სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს იმავე კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ამ მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია, მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა - სასამართლოს უფლებამოსილებაა (შდრ. სუსგ-ები: №ას-1445-1459-2011, 31 ოქტომბერი, 2011წ.; №ას-1410-1330-2017; 30 იანვარი, 2018წ.).
29. სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას.
30. კანონის მითითებული დანაწესის თანახმად, საპატიოდ ჩაითვლება ისეთი გარემოების არსებობის სარწმუნოდ დადასტურება, რომელიც ობიექტურად შეუძლებელს ხდის მხარის მიერ საპროცესო მოქმედების შესრულებას, მოცემულ შემთხვევაში კი – სასამართლო პროცესზე გამოცხადებას. ამასთან, ამგვარი საპატიო გარემოების დადასტურების ვალდებულებასთან დაკავშირებულ მტკიცების სტანდარტს აწესებს სსსკ-ის 102-ე მუხლი, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
31. ამდენად, სათანადო მტკიცებულებით დადასტურებას საჭიროებს საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზად დასახელებული ნებისმიერი გარემოება, რომელზეც მხარე აპელირებს. ამასთან, აღნიშნული მიზეზი უნდა ადასტურებდეს სადავო საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის ობიექტურ შეუძლებლობას (იხ. სუსგ №ას-6-2023, 4 მაისი, 2023 წელი).
32. კერძო საჩივრის ავტორი შემოიფარგლა მხოლოდ იმაზე მითითებით, რომ მისი მოლოდინით, მიმდინარე წლის თებერვალი არ უნდა ყოფილიყო ნაკიანი წელიწადი და თებერვლის ბოლო თარიღი იქნებოდა 28 რიცხვი და, ამდენად, სასამართლო პროცესი გაიმართებოდა 29 მარტს.
33. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სწორედ იმ მიზნით აწესებს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის მიზეზის შეფასების ზემოთ მოყვანილ წესს, რომ მხარეებმა საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ და მხოლოდ ობიექტურად გამოუვალი მდგომარეობა იქნეს მიჩნეული დასახელებული მოვალეობების შეუსრულებლობის საპატიო მიზეზად. განსახილველ საქმეზე მსგავს გარემოებაზე კერძო საჩივრის ავტორს არ მიუთითებია. ამასთან, თებერვლის ბოლო რიცხვისათვის დამახასიათებელი თავისებურების ან წარმოშობილი სხვა რაიმე ბუნდოვნობის გათვალისწინებით, აპელანტს შეეძლო საქმის განხილვის თარიღი მოგვიანებით დაეზუსტებინა, რაც მას არ განუხორციელებია.
34. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება.
35. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
36. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „რ.ქ.მ–ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი
მირანდა ერემაძე