საქმე №ას-461-2024 14 ივნისი, 2024 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ე.ჯ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – რ.ჩ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილებით რ.ჩ–ძის (შემდგომ - მოპასუხე) სააპელაციო საჩივარი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებაზე დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით ე.ჯ–ძის (შემდგომ - მოსარჩელე, განმცხადებელი, კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი მოპასუხისათვის 133 000 აშშ დოლარის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის სახით წინასწარ გადახდილი 5000 ლარის ანაზღაურება.
საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 ივნისის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.
განმცხადებლის მოთხოვნა და საფუძვლები:
3. 2024 წლის 22 თებერვალს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სააპელაციო პალატის 2017 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება.
4. განმცხადებლის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი მოპასუხის სასარგებლოდ მოსარჩელისათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში აღსასრულებლად, თუმცა აღსრულება ვერ მოხდა, რადგან სააღსრულებო ფურცელშიც და სასამართლო დავის მიმდინარეობისას მოპასუხის იდენტიფიცირება ხდებოდა საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ნომრით, ხოლო მოპასუხის მხრიდან მინდობილობა მის წარმომადგენელ ა.ბ–ას (შემდგომ - მოპასუხის წარმომადგენელი) სახელზე გაცემულია მოპასუხის იდენტური სახელისა და გვარის მქონე უკრაინის მოქალაქე პირის მიერ. აღნიშნულის შესახებ მოპასუხე მხარემ შეიტყო 2024 წლის 7 თებერვალს, სააღსრულებო ფურცელში დაშვებული უსწოროების გასწორებასთან დაკავშირებულ განხილვაზე, რის შემდეგ წინამდებარე განცხადება წარდგენილ იქნა საპროცესო ვადის დაცვით. შესაბამისად, მოპასუხის წარმომადგენელი არ იყო უფლებამოსილი, მინდობილობის საფუძველზე მონაწილეობა მიეღო სასამართლო განხილვებში, როგორც პირველ, ასევე სააპელაციო ინსტანციებში ვინაიდან, იგი, სასამართლოსგან პროცესუალური ნორმების შესაბამის შეტყობინებებს, როგორც პროცესის მონაწილე მხარე იღებდა უკრაინის და არა, როგორც საქართველოს მოქალაქე მოპასუხის წარმომადგენელი. ამდენად, ზემოხსენებულ გარემოებათა გამო მოპასუხის იდენტიფიცირება ვერ მოხდა და წარმოიშვა სსსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 თებერვლის განჩინებით მოსარჩელის განცხადება საქმის წარმოების განახილების შესახებ დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
6. სსსკ-ის 429-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ შეამოწმა გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით წარდგენილი განცხადების დასაშვებობის საკითხი და მიიჩნია, რომ იგი დაუშვებელია და განუხილველად უნდა დარჩეს. ამავე კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტისა და 426-ე მუხლის თანახმად, განცხადებების დასაშვებობაზე მსჯელობისას, სასამართლო ამოწმებს მხოლოდ იმ საკითხს, დაცულია, თუ არა კანონით გათვალისწინებული ერთთვიანი ვადა განმცხადებლის მიერ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლად მიჩნეული გარემოების მისთვის შეტყობიდან, განცხადების წარდგენამდე.
7. თავად განმცხადებლის მითითებით, ის ფაქტი, რომ მოპასუხის წარმომადგენელს არ ჰქონდა უფლება, მინდობილობის საფუძველზე მონაწილეობა მიეღო სასამართლო განხილვებში, მისთვის ცნობილი გახდა, მხოლოდ 2024 წლის 7 თებერვალს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე, რა დროსაც იხილებოდა საკითხი სააღსრულებო ფურცელში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე. შესაბამისად, ამ თარიღიდან უნდა მოხდეს ბათილად ცნობის შესახებ განცხადების წარდგენისათვის განსაზღვრული ერთთვიანი ვადის ათვლა, რაც დაცული აქვს.
8. სააპელაციო პალატამ განმცხადებლის აღნიშნული მსჯელობა არ გაიზიარა და მიუთითა, რომ 2017 წლის 16 თებერვალს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში, დანაშაულით მიყენებული ზიანის - 133000 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნით აღძრულ სარჩელზე წარდგენილი შესაგებელი თანდართული მასალებით, მათ შორის, მოპასუხის წარმომადგენლის სახელზე მარწმუნებლის მიერ გაცემული და 2016 წლის 19 აგვისტოს, კიევის საქალაქო ნოტარიული ოლქის კერძო ნოტარიუსის მიერ დამოწმებული მინდობილობის ასლი მოსარჩელეს ჩაბარდა პირადად 2017 წლის 6 მარტს (იხ. ტომი 1, ს.ფ 77).
9. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით მას უარი ეთქვა. ამასთან, მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის სახით წინასწარ გადახდილი 5000 ლარის ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2019 წლის 14 ივნისს და, მისი აღსრულების მიზნით, გაიცა სააღსრულებო ფურცელი. დადგენილია, რომ მოპასუხის წარმომადგენელი ყველა ინსტანციის სასამართლოში მონაწილეობას იღებდა შესაგებელზე თანდართული 2016 წლის 19 აგვისტოს მინდობილობით.
10. 2023 წლის 2 აგვისტოს მოპასუხის წარმომადგენელმა სააპელაციო პალატას განცხადებით მიმართა და ამავე სასამართლოს 2017 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე გაცემულ სააღსრულებო ფურცელში უსწორობის გასწორება მოითხოვა. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ სააღსრულებო ფურცელში მითითებული კრედიტორის - მოპასუხის მაინდეტიფიცირებელი რეკვიზიტები არ შეესაბამება მინდობილობაში არსებულ კრედიტორის მონაცემებს. განცხადება თანდართული დოკუმენტებით, მათ შორის, წარმომადგენლის სახელზე მოპასუხის მიერ გაცემული და 2016 წლის 19 აგვისტოს, კიევის საქალაქო ნოტარიული ოლქის კერძო ნოტარიუსის მიერ დამოწმებული მინდობილობის ასლი მოსარჩელეს გადაეგზავნა 2023 წლის 31 ოქტომბერს, რაც ჩაბარდა პირადად 2023 წლის პირველ ნოემბერს და მიეცა სამი დღის ვადა მოსაზრების წარმოსადგენად (იხ. ტ.2.ს.ფ. 60).
11. 2023 წლის 6 ნოემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ იქნა მოსარჩელის მოსაზრება, საიდანაც ირკვევა, რომ მისთვის ცნობილი იყო წარმომადგენლის სახელზე გაცემული იმ მინდობილობის თაობაზე, რომლითაც იგი მონაწილეობას იღებდა სამოქალაქო საქმის განხილვაში, როგორც მოპასუხის წარმომადგენელი (იხ. ტ.2.ს.ფ. 63).
12. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად ჩათვალა, რომ ჯერ კიდევ 2017 წლის 6 მარტს, ხოლო განმეორებითად, 2023 წლის პირველ ნოემბერს, მოსარჩელისათვის ცნობილი იყო, მის სარჩელზე მოპასუხედ დასახელებული რ.ჩ–ძის მიერ, ადვოკატ ა.ბ–ას სახელზე გაცემული წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დოკუმენტი - 2016 წლის 19 აგვისტოს კიევის საქალაქო ნოტარიული ოლქის კერძო ნოტარიუსის მიერ დამოწმებული მინდობილობა, მისი შინაარსი და ამ მინდობილობის საფუძველზე, სარჩელთან დაკავშირებულ დავაში ადვოკატის მონაწილეობის ფაქტი, რაც არცერთი ინსტანციის სასამართლოში სადავოდ არა გაუხდია და არც გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში მოუთხოვია გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
13. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სსსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოსარჩელის 2024 წლის 22 თებერვლის განცხადება, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის განახლების შესახებ წარმოდგენილია სსსკ-ის 426-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ერთთიანი ვადის დარღვევით, რაც მისი დაუშვებლად ცნობისა და განუხილველად დატოვების საფუძველია.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
14. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
15. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად აითვალა კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის სსსკ-ის 426-ე მუხლით გათვალისწინებული ერთთვიანი საპროცესო ვადა, როდესაც იგი დაუკავშირა მოპასუხის მიერ წარდგენილი შესაგებლისა და თანდართული მინდობილობის 2017 წლის 6 მარტს მოსარჩელისათვის ჩაბარების ფაქტს.
16. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით (სსსკ-ის 203-ე მუხლი) სასამართლოსთვის დაკისრებული ვალდებულება, შეემოწმებინა საქმის განხილვაში მონაწილე პირთა წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, გადააკისრა მოსარჩელეს. განმცხადებელს არ შეეძლო სცოდნოდა, რომ საქართველოს მოქალაქე მოპასუხისა და მოპასუხის წარმომადგენლისათვის მინდობილობის გამცემი იმავე სახელისა და გვარის მქონე უკრაინის მოქალაქის ერთ პირად ინდენტიფიცირება ვერ მოხდებოდა. აღნიშნულის თაობაზე მოსარჩელემ შეიტყო მას შემდეგ, რაც მოპასუხის წარმომადგენელმა მიმართა სააპელაციო სასამართლოს განცხადებით სააღსრულებო ფურცელში უსწორობის გასწორების შესახებ. ამდენად, საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადების წარდგენის ვადა უნდა აითვალოს სააპელაციო პალატის 2024 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებიდან სააღსრულებო ფურცელში უსწორობის გასწორების შესახებ.
17. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მოპასუხის წარმომადგენელი უფლებამოსილებას ახორციელებდა უკრაინის მოქალაქის მიერ მინიჭებული მინდობილობის საფუძველზე, მიუხედავად იმისა, რომ იგი სასამართლო სისტემაში იდენტიფიცირდებოდა საქართველოს მოქალაქედ, ასევე, როგორც საქართველოს მოქალაქე რ.ჩ–ძე გახლავთ, დაუსწრებლად მსჯავრდებული მოსარჩელის მიმართ ჩადენილი თაღლითური ქმედებების გამო.
18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სსსკ-ის 422-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე ქუთაისის სააპელაციო სასამრთლოს 2017 წლის 13 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
19. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
20. საკასაციო პალატა პირველ რიგში აღნიშნავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების, როგორც მართლმსაჯულების აქტის დანიშნულებაა მატერიალურ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა შორის დავების გადაწყვეტა. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, იგი იძენს საბოლოო, სავალდებულო და შეუქცევად ხასიათს. სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა უკავშირდება ორ პრინციპს: პირველი - „დავა გადაწყვეტილია“ (Res Juticata) და მეორე - ფაქტების პრეიუდიციას (იხ. პაატა ქათამაძე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის რჩეული მუხლების კომენტარი, მუხლი 266, თბილისი, 2020).
21. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილება ესაა კანონით დადგენილი წესით საქმის განხილვის შედეგად სასამართლოს მიერ მიღებული მართლმსაჯულების აქტი, რომელიც პასუხობს კანონით დადგენილ მოთხოვნებს და რომლითაც საქმე არსებითად წყდება. „ნებისმიერი სასამართლო გადაწყვეტილება არის მართლმსაჯულების აქტი, რომლის მეშვეობითაც წესრიგდება მოდავე მხარეებს შორის სამართლებრივი ურთირთობები. გადაწყვეტილება სასამართლო საქმიანობის საბოლოო პროდუქტად მიიჩნევა“ (იხ. მ. სულხანიშვილი, სასამართლო გადაწყვეტილება, როგორც საპროცესო დოკუმენტი და მისი გასაჩივრების ფორმები მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიხედვით, „მართლმსაჯულება და კანონი“ , № 4(47), 2015, გვ.19.).
22. სასამართლო გადაწყვეტილების, როგორც მართლმსაჯულების აქტის დანიშნულებაა მატერიალურ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა შორის დავების გადაწყვეტა. სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერი ძალა ესაა გადაწყვეტილების თვისება, რომელსაც იგი იძენს გარკვეული, კანონით ზუსტად განსაზღვრული პირობების საფუძველზე (იხ. თ. ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, მეორე გამოცემა, თბილისი, 2005, გვ. 377).
23. საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მისი ფუნქციური დატვირთვით ქვეყნის სახელით გამოტანილი მართლმსაჯულების აქტია, რომლის უმთავრესი ამოცანა ამ გადაწყვეტილებით დადგენილი მართლწესრიგის რეალურად არსებობაა. სასამართლო გადაწყვეტილება, ობიექტური და სუბიექტური ფარგლების გათვალისწინებით, კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ, სავალდებულოა როგორც მოდავე მხარეთათვის, ისე - ნებისმიერი სხვა პირისათვის, რომელთაც ერთმევათ უფლება, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება თუ სამართლებრივი შედეგი კვლავ გახადონ სადავო (სსსკ-ის მე-10 მუხლი, XXVIII თავი). ერთადერთი საგამონაკლისო შემთხვევა, როდესაც დასრულებული საქმისწარმოება შესაძლოა განახლდეს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების გზით, როგორც უკვე აღინიშნა, გათვალისწინებულია ამავე კოდექსის მე-11 კარით ( საქმის წარმოების განახლება) და აღნიშნული, თავისი მიზნებიდან გამომდინარე, წარმოადგენს არა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისა თუ მართლმსაჯულების სხვა აქტის შემდგომი გასაჩივრების შესაძლებლობას, არამედ მიმართულია მხარის უფლებაზე, კანონით ზუსტად განსაზღვრული შემთხვევების არსებობისას, როდესაც საქმისწარმოების განახლების საფუძველი განმცხადებლისათვის ობიექტურად იყო უცნობი საქმისწარმოების დასრულებამდე, არ აღმოჩნდეს არათანაბარ მდგომარეობაში. ამასთანავე, ნიშანდობლივია, რომ მხოლოდ ასეთი გარემოების არსებობა საკმარისი არაა და კანონმდებელი სავალდებულოდ მიიჩნევს, ერთი მხრივ, ამ გარემოების საფუძვლიანობის უტყუარად დადასტურებას.
24. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დასრულებული საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით წარდგენილი განცხადების საფუძვლიანობის კვლევისათვის, პირველ რიგში, ყურადღებაა გასამახვილებელი კანონის იმ დანაწესზე, რომელიც საქმის წარმოების განახლების საპროცესო სამართლებრივ მექანიზმს ითვალისწინებს, ხოლო შემდგომ დასადგენია ამ საპროცესო მოქმედების განხორციელებისათვის კანონით გათვალისწინებული წანამძღვრების არსებობა.
25. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. სსსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას ასეთი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე. აღნიშნული საფუძვლებით გადაწყვეტილების ბათილად ცნობა არ შეიძლება, თუ მხარეს შეეძლო ამ საფუძვლების წამოყენება საქმის განხილვისას, შესაბამისად პირველი ინსტანციის, სააპელაციო ან საკასაციო ინსტანციის სასამართლოში.
26. ამავე კოდექსის 426-ე მუხლი პირველი ნაწილი იმპერატიულად განსაზღვრავს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის ვადას და ადგენს, რომ განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. მეორე ნაწილის მიხედვით კი, ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა.
27. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესრული გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებაზე დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი მოპასუხისათვის 133 000 აშშ დოლარის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის სახით წინასწარ გადახდილი 5000 ლარის ანაზღაურება.
28. 2020 წლის 10 იანვარს აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე ამოიწერა სააღსრულებო ფურცელი.
29. 2023 წლის 13 ოქტომბერს მოპასუხის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა 2020 წლის 10 იანვრის სააღსრულებო ფურცელში დაშვებული უსწორობის გასწორება, რადგან აღმასრულებლის 2023 წლის 16 თებერვლის წერილის შესაბამისად, დადგინდა ხარვეზი. სააღსრულებო ფურცელში მითითებული კრედიტორის რეკვიზიტი არ შეესაბამება მინდობილობაში არსებულ კრედიტორის მონაცემებს. თანდართული სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის სამსახურის პასუხის მიხედვით, სააღსრულებო ფურცელში მითითებული პირის - მოპასუხის (შესაბამისი პირადი ნომრით) რეგისტრაცია გაუქმებულია. განმცხადებელმა მოითხოვა უსწორობის გასწორება ისე, რომ კრედიტორად მიეთითოს მოპასუხის, როგორც უკრაინის მოქალაქის რეკვიზიტები.
30. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 7 თებერვლის განჩინებით მოპასუხის განცხადებაზე უსწორობის გასწორების შესახებ საქმის წარმოება შეწყდა.
31. 2024 წლის 22 თებერვალს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა სსსკ 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სააპელაციო პალატის 2017 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება. განმცხადებელმა მიუთითა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 7 თებერვლის განჩინებით, მისთვის ცნობილი გახდა ამავე სასამართლოს 2017 წლის 13 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესრული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის წინაპირობის შესახებ.
32. განმცხადებლის მოსაზრებით, საქმის წარმოების განახლების საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ მოცემულ დავაში მოპასუხე მხარე მონაწილეობდა არაუფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით, შესაბამისად, მოპასუხე არ ყოფილა კანონით დადგენილი წესით მიწვეული საქმის განხილვაზე.
33. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს და არც კერძო საჩივრის ავტორს სადავოდ არ გაუხდია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ის გარემოება, რომ 2016 წლის 19 აგვისტოს, კიევის საქალაქო ნოტარიული ოლქის კერძო ნოტარიუსის მიერ დამოწმებული მინდობილობის ასლი (იხ. ტომი 1, ს.ფ 50-55), რომლითაც მოპასუხემ თავის რწმუნებულს წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მიანიჭა, საქმის მასალებში წარდგენილ იქნა ჯერ კიდევ პირველი ინსტანციის სასამართლოში, სარჩელზე შეტანილ შესაგებელთან ერთად. სარჩელი თანდართულ მასალებთან ერთად მოსარჩელეს ჩაბარდა პირადად 2017 წლის 6 მარტს (იხ. ტომი 1, ს.ფ 77).
34. სწორედ დასახელებული მინდობილობიდან ირკვევა, რომ მოპასუხის იდენტური სახელისა და გვარის მქონე პირი წარმოადგენს უკრაინის და არა საქართველოს მოქალაქეს, რაც გახდა სააპელაციო პალატის 2017 წლის 13 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესრული გადაწყვეტილების აღუსრულებლობის მიზეზი.
35. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების პ. 12-ში განვითარებულ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მტკიცებულება, რომელსაც საქმის წარმოების განახლების თაობაზე მოსარჩელის განცხადება ეფუძნება, მისთვის ხელმისაწვდომი იყო ჯერ კიდევ 2017 წლის 6 მარტს, ხოლო განმეორებითად - 2023 წლის პირველ ნოემბერს. ამდენად, მას შეუზღუდავად შეეძლო, გაცნობოდა მინდობილობის შინაარსს და პრეტენზია მოპასუხის წარმომადგენლის არაუფლებამოსილების შესახებ წარედგინა საქმის განხილვის პროცესში. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ სსსკ-ის 426-ე მუხლით გათვალისწინებული ერთთვიანი ვადა 2017 წლის 6 მარტიდან მართებულად აითვალა.
36. სსსკ-ის 429-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლომ თავისი ინიაციტივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს, რაც შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით.
37. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, მართებულად შეამოწმა საქმის წარმოების განახლების შესახებ წინამდებარე განცხადების დასაშვებობა.
38. დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტი, რომ სააპელაციო სასამართლომ მინდობილობის კანონშესაბამისობის შემოწმების ვალდებულება მოსარჩელეს უკანონოდ დააკისრა. საქმის წარმოების განახლების წინაპირობების შემოწმებისას, სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს არა მოპასუხის წარმომადგენლის უფლებამოსილების საკითხი, არამედ მხოლოდ ის გარემოება, თუ როდის შეიტყო ან უნდა შეეტყო განმცხადებელს, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის წინაპირობის არსებობა.
39. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია ვერც მხარეთა და ვერც მოსამართლის ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება.
40. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
41. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე.ჯ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი
მირანდა ერემაძე