საქმე №ას-171-2024 12 ივნისი, 2024 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ნ.ქ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.ფ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 11 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. მ.ფ–ძემ (შემდგომში – „მოსარჩელე”) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ.ქ–ის (შემდგომშ - „მოპასუხე“, „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით.
2. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 40 000 აშშ დოლარის გადახდა.
4. მოპასუხემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 11 იანვრის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
6. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში მოპასუხის სააპელაციო საჩივრის ზეპირი განხილვა სასამართლოს მთავარ სხდომაზე დანიშნული იყო 2024 წლის 11 იანვარს 12:00 საათზე, რის შესახებაც აპელანტი გაფრთხილებული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. კერძოდ, აპელანტის წარმომადგენელს სასამართლო უწყება 2024 წლის 11 იანვარს 12:00 საათზე დანიშნული სხდომის შესახებ ჩაბარდა ტელეფონის საშუალებით 2023 წლის 01 დეკემბერს. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70.1, 70.3 და 73.2.ა მუხლების მიხედვით, უწყება აპელანტისა და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ითვლება; საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ დანიშნულ დროს არც აპელანტი და არ მისი წარმომადგენელი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულან. ამასთან, სააპელაციო პალატას გადაეცა 2024 წლის 10 იანვრით დათარიღებული აპელანტის წარმომადგენლის, ადვოკატ ა.შ–ის განცხადება აღნიშნულ სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის საპატიოდ მიჩნევისა და საქმის განხილვის სხვა დროისათვის გადადების შესახებ, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მის მამიდაშვილს განუვითარდა მწვავე ინსულტი და მოუწია მისი გორის საავადმყოფოში გადაყვანა; სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელი არ დაეთანხმა აპელანტის წარმომადგენლის შუამდგომლობას დაუსაბუთებლობის გამო და მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.
7. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 216.1, 215.3 მუხლებით და მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ იყო სასამართლო სხდომაზე აპელანტის წარმომადგენლის გამოუცხადებლობის საპატიო გარემოებები, რის გამოც არ არსებობდა მისი შუამდგომლობის დაკმაყოფლების საფუძველი. საკითხის ამგვარად გადაწყვეტისას სააპელაციო პალატამ ის გარემოებაც გაითვალისწინა, რომ წინამდებარე საქმის განხილვის მიზნით ჩანიშნული წინა სასამართლოს მთავარი სხდომა აპელანტის წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე გადაიდო.
8. სააპელაციო სასამართლომ ასევე იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387.1, 387.3, 229.2, 372-ე, 275.1.გ მუხლებით და ვინაიდან სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით იყო გაფრთხილებული 2024 წლის 11 იანვარს 12:00 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის შესახებ, ხოლო მოწინააღმდეგე მხარე შუამდგომლობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას, მიიჩნია, რომ სახეზე იყო მოპასუხის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა წარადგინა კერძო საჩივარი და მისი გაუქმება მოითხოვა.
10. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:
10.1. განსახილველ საქმეზე მოპასუხის წარმომადგენელი საქალაქო სასამართლოში იყო ზ:.დ–ძე, რომლსაც სააპელაციო სასამართლოში პროცესის წარმართვის უფლებამოსილება არ ჰქონდა. შესაბამისად, ამ უკანასკნელმა გადაანდო უფლებამოსილება ა.შ–ს, თუმცა მის მიმართ გაცემული მინდობილობა დახარვეზდა სააპელაციო სასამართლოს მიერ იმ მოტივით, რომ იმ პირის მიერ გაცემული მინდობილობა, ვისაც სააპელაციო სასამართლოში საქმის წარმოების უფლებამოსილება არ აქვს, არაა სასამართლოსთვის მისაღები. შესაბამისად, იტალიაში მყოფმა მოპასუხემ ა.შ–ის მიმართ გასცა ახალი მინდობილობა დისტანციურად, რის თაობაზეც, ასევე, მინდობილობის სასამართლო პროცესზე წარდგენის შესახებ, ეცნობა სააპელაციო სასამართლოს;
10.2. სასამართლო სხდომის დანიშვნისა და შეტყობინების გაგზავნისას სააპელაციო სასამართლომ უხეშად დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების იმპერატიული მოთხოვნები. კერძოდ, სასამართლომ აპელანტსა და მის წარმომადგენელს, ა.შ–ს პროცესის შესახებ არ შეატყობინა, თუმცა სასამართლომ ეს გარემოება არ გაითვალისწინა. 2024 წლის 11 იანვარს 12 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის შესახებ ამ უკანასკნელმა სრულიად შემთხვევით გაიგო 2024 წლის 10 იანვარს 17:00 საათზე სასამართლოს ვებგვერდიდან;
10.3. როგორც შემდგომ აპელანტისთვის გახდა ცნობილი, სასამართლოს მიერ შეცდომით მოხდა არაუფლებამოსილი პირის, ზ:.დ–ძის გაფრთხილება პროცესის დანიშვნის შესახებ. ამასთან, გაირკვა, რომ ზ:.დ–ძეს 2024 წლის 05 იანვარს გარდაეცვალა მამა და ამ პერიოდისათვის საერთოდ არ იმყოფებოდა თბილისში;
10.4. მოქმედი კანონმდებლობით აღნიშნულ პიროვნებას სააპელაციო სასამართლოში პროცესში მონაწილეობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილება არ გააჩნია. შესაბამისად, მისი გაფრთხილება სასამართლოს საპროცესო ნორმების შესაბამისად გაფრთხილებად არ უნდა ჩაეთვალა და უნდა უზრუნველეყო აპელანტის შეტყობინება;
10.5. 2024 წლის 11 იანვარს დაგეგმილი იყო ა.შ–ის ოჯახის წევრის ოპერაცია (მამიდაშვილს განუვითარდა ინსულტი) ქ. გორში, სადაც იგი შეიძლება დონორი ყოფილიყო. აღნიშნულის თაობაზე ელექტრონულად ენობა სასამართლოს (მან ელ. ფოსტაზე გადაგზავნა განცხადება პროცესის გადადების თაობაზე ახალ მინდობილობასთან ერთად) და ტელეფონითაც ესაუბრა მოსამართლის თანაშემწეს. 2024 წლის 14 იანვარს გარდაიცვალა მისი ნათესავი მიუხედავად ექიმების მხრიდან ყველანაირი მცდელობისა.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
12. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
14. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება.
15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.
16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ხოლო, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276–278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები. ანალოგიური შინაარსისაა იმავე კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი.
17. ზემოაღნიშნულ ნორმათა მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას აპელანტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, თუ აპელანტი კანონით დადგენილი წესით მოწვეული იყო საქმის განხილვაში და არ გამოცხადდა არასაპატიო მიზეზით (იხ. სუსგ საქმე Nას-421-399-2012, 30 აპრილი, 2012 წელი; Nას-237-224-2015, 25 მაისი, 2015 წელი; Nას-634-634-2018, 31 ოქტომბერი, 2018 წელი; Nას-1151-2021, 21 დეკემბერი, 2021 წელი). მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.
18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერების შემოწმება და საქმის განახლება უნდა მოხდეს იმ წესების დაცვით, რაც გათვალისწინებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიმართ.
19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. იმავე კოდექსის 233-ე მუხლის პირველ ნაწილში მოცემულია იმ შემთხვევების ჩამონათვალი, რომელთა არსებობის დროსაც დაუშვებელია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, კერძოდ, აღნიშნული ნორმის მიხედვით, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.
20. მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორი დავობს, რომ სასამართლოს აპელანტისა და მისი წარმომადგენლისათვის არ უცნობებია 11.01.2024 წელს დანიშნული სასამართლო სხდომის შესახებ, რასაც საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს.
21. წინამდებარე საქმეში არსებული მასალებიდან, კერძოდ, „ტელეფონით სასამართლო შეტყობინების შესახებ“ აქტიდან ირკვევა, რომ სააპელაციო სასამართლოში 11.01.2024წ. დანიშნული სასამართლო სხდომის შესახებ 01.12.2023 წელს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა აპელანტის წარმომადგენელს, ა.შ–ს (იხ. ტ. 3, ს.ფ. 46). კერძო საჩივრის ავტორს აღნიშნული სატელეფონო აქტი სადავოდ არ გაუხდია. ა.შ–ის უფლებამოსილებასთან დაკავშირებით კი საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეშია 29.11.2023 წელს ზ.დ–ძის, როგორც მოსარჩელის რწმუნებულის მიერ, ა.შ–ის მიმართ გაცემული მინდობილობა, რომლითაც ა.შ–ს (რომელიც რეგისტრირებულია ადვოკატთა ასოციაციის წევრთა ერთიან სიაში) მიენიჭა უფლებამოსილება წარმოადგინოს მოსარჩელის ინტერესები ყველა ინსტანციის სასამართლოში (იხ. ტ. 3, ს.ფ. 35-36). საქმეშია ასევე მოსარჩელის მიერ ზ.დ–ძის მიმართ 18.10.2023 წელს გაცემული მინდობილობა (რომლის საფუძველზეც გაიცა 29.11.2023 წელს ა.შ–ის მიმართ მინდობილობა), რომლითაც ამ უკანასკნელს ასევე მიენიჭა მოსარჩელის ინტერესების ყველა ინსტანციის სასამართლოში დაცვის უფლებამოსილება, მისი მესამე პირისათვის გადანდობის უფლებით (იხ. ტ. 3, ს.ფ. 36-37).
22. ამდენად, ა.შ–ი სასამართლოს მხრიდან სატელეფონო შეტყობინების განხორციელების დროისათვის მოსარჩელის უფლებამოსილი წარმომადგენელი იყო და, შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილიდან [მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს] გამომდინარე, 11.01.2024 წელს დანიშნული სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის შესახებ შეტყობინება აპელანტისთვის კანონით დადგენილი წესით ჩაბარებულად ითვლება.
23. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია ასევე იმაში მდგომარეობს, რომ 11.01.2024წ. სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული.
24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება/განჩინება, შეუძლია სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველ ნაწილში მოცემული ჩამონათვალის გარდა მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობის და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია.
25. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიზნებისათვის საპატიო მიზეზის ცნებას განსაზღვრავს აღნიშნული კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
26. იმისათვის, რომ სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მიზეზი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიიჩნიოს, მას უნდა შეექმნას მხარის გამოცხადების ობიექტური შეუძლებლობის მყარი შინაგანი რწმენა. ასეთ შემთხვევაში, ისევე როგორც, ზოგადად, სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მხარეს ეკისრება სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი. ამასთან, სასამართლო სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის ყოველი კონკრეტული შემთხვევა უნდა შეფასდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, ინდივიდუალურად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
27. მოცემულ შემთხვევაში აპელანტის წარმომადგენელი, ა.შ–ი სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად 10.01.2024წ. წარდგენილ განცხადებაში იმ გარემოებაზე მიუთითებდა, რომ მის მამიდაშვილს განუვითარდა მწვავე ინსულტი და გადაიყვანეს საავადმყოფოში ქ. გორში, რის გამოც მოუწია ქალაქიდან გასვლა. ამასთან, კერძო საჩივარში დამატებით აღნიშნულია, რომ ა.შ–ის მამიდაშვილი ექიმების მცდელობის მიუხედავად გარდაიცვალა 14.01.2024 წელს. აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად კერძო საჩივრის ავტორმა კერძო საჩივარს დაურთო თ.მ–ის გარდაცვალების მოწმობა (იხ. ტ. 3, ს.ფ. 74), რომლის თანახმად, აღნიშნული პიროვნება გარდაიცვალა 14.01.2024 წელს ქ. გორში, თუმცა მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტებითა და აღნიშნული დოკუმენტით არ დასტურდება, ერთი მხრივ, აპელანტის წარმომადგენლის მიერ 10.01.2024წ. განცხადებაში საპატიო მიზეზად მითითებული გარემოება, ხოლო, მეორე მხრივ კი, აღნიშნულის გამო მისი 11.01.2024წ. სასამართლო სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობა.
28. გარდა ზემოაღნიშნულისა, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება, რომ გარდაცვლილი პირი ადვოკატის ოჯახის წევრია ან იმყოფებოდა მისი მეურვეობის ქვეშ ან ადვოკატი მოქმედებდა, როგორც მხარდამჭერი პირი.
29. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ განსახილველ საქმეზე დანიშნული წინა სასამართლო სხდომა (30.11.2023წ.) ერთხელ უკვე გადაიდო აპელანტის წარმომადგენლის, ა.შ–ის შუამდგომლობით იმ საფუძვლით, რომ იგი ახალი ჩართული იყო საქმეში წარმომადგენლად და საქმის გასაცნობად დრო ესაჭიროებოდა.
30. შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობდა სასამართლო სხდომის გადადების კანონით გათვალისწინებული საფუძველი, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ მოპასუხის სააპელაციო საჩივარი მართებულად დატოვა განუხილველად.
31. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს რომ კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ნ.ქ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 11 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი