საქმე №ას-1513-2023 30 აპრილი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - მ.ს–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ი.მ–ნი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი - არასრულწლოვანთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა, მშობლის წარმომადგენლობითი უფლების ნაწილობრივ შეზღუდვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მ.ს–იმ (შემდეგ - მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ი.მ–ნის (შემდგომ - მოპასუხე, შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორი, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ (მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო) და მოითხოვა არასრულწლოვანთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა და მოპასუხე მშობლის წარმომადგენლობითი უფლების ნაწილობრივ შეზღუდვა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით, არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის თაობაზე სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს განესაზღვრა არასრულწლოვან შვილთან - 2012 წლის 20 თებერვალს დაბადებულ მ.ე-ნ.მ–თან (შემდგომ - არასრულწლოვანი) საქართველოში ურთიერთობისთვის შემდეგი წესი:
2.1 მოპასუხეს მიეცა უფლება, წაიყვანოს არასრულწლოვანი შვილი ყოველი წლის 12 მარტიდან - 18 მარტის ჩათვლით (ღამე დარჩენის უფლების გარეშე) ყოველდღიურად 10:00 საათიდან 20:30 საათამდე - ბავშვის დედასთან ბავშვის საცხოვრებელ ადგილზე უკან დაბრუნების ვალდებულებით. დაევალოს ზემოაღნიშნულ დღეებში ბავშვის დასწრება სასწავლო პროცესებსა და წრეებზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში). სასწავლო დღის შემთხვევაში ბავშვი წაიყვანოს იმ დროის გათვალისწინებით, რომ უზრუნველყოფილ იქნეს ბავშვის სასაწავლო პროცესებსა (მათ შორის – დისტანციური სწავლების შემთხვევაში) და წრეებზე დასწრება. მოსარჩელეს დაევალოს, აცნობოს საქართველოში დროებითი საცხოვრებელი ადგილის შესახებ, მოპასუხე - ი.მ–ნს მოკლე ტექსტური შეტყობინების ან ნებისმიერი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით, არასრულწლოვანთან ზემოაღნიშნული ურთიერთობის წესის დაწყებამდე ერთი დღით ადრე.
2.2 მოპასუხეს მიეცა უფლება, წაიყვანოს არასრულწლოვანი შვილი ყოველი წლის 18 ივნისიდან - 24 ივნისის ჩათვლით (ღამე დარჩენის უფლების გარეშე) ყოველდღიურად 10:00 საათიდან - 20:30 საათამდე ბავშვის დედასთან საცხოვრებელ ადგილზე უკან დაბრუნების ვალდებულებით. დაევალოს მას ზემოაღნიშნულ დღეებში ბავშვის დასწრება სასწავლო პროცესებსა და წრეებზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში). სასწავლო დღის შემთხვევაში ბავშვი წაიყვანოს იმ დროის გათვალისწინებით, რომ უზრუნველყოფილ იქნეს ბავშვის სასწავლო პროცესებსა (მათ შორის დისტანციური სწავლების შემთხვევაში) და წრეებზე დასწრება. მოსარჩელეს დაევალოს, აცნობოს საქართველოში დროებითი საცხოვრებელი ადგილის შესახებ მოპასუხეს, მოკლე ტექსტური შეტყობინების ან ნებისმიერი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით, არასრულწლოვანთან ზემოაღნიშნული ურთიერთობის წესის დაწყებამდე ერთი დღით ადრე.
2.3 მოპასუხეს მიეცეს უფლება, წაიყვანოს არასრულწლოვანი შვილი 15 ოქტომბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით (ღამე დარჩენის უფლების გარეშე) ყოველდღიურად 10:00 საათიდან - 20:30 საათამდე ბავშვის დედასთან ბავშვის საცხოვრებელ ადგილზე უკან დაბრუნების ვალდებულებით, დაევალოს ზემოაღნიშნულ დღეებში ბავშვის დასწრება სასწავლო პროცესებსა და წრეებზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში). სასწავლო დღის შემთხვევაში ბავშვი წაიყვანოს იმ დროის გათვალისწინებით, რომ უზრუნველყოფილ იქნეს ბავშვის სასწავლო პროცესებსა (მათ შორის დისტანციური სწავლების შემთხვევაში) და წრეებზე დასწრება. მოსარჩელეს დაევალა, აცნობოს საქართველოში მისი დროებითი საცხოვრებელი ადგილის შესახებ მოპასუხეს, მოკლე ტექსტური შეტყობინების ან ნებისმიერი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით, არასრულწლოვანთან ზემოაღნიშნული ურთიერთობის წესის დაწყებამდე ერთი დღით ადრე.
2.4 მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა არასრულწლოვანი შვილის ყოველწლიურად 22 აგვისტოდან - 12 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში არსებული 27 დღიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში საქართველოს საზღვრებს გარეთ, მოსარჩელისა და მოსარჩელის ოჯახის წევრების მუდმივ საცხოვრებელ ადგილებზე: ჩრდილოეთ კვიპროსში, თურქეთსა ან/და შვეიცარიაში გაყვანის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა, კენტი წლებისას (2021, 2023 და ა.შ.) 25 დეკემბრიდან კენტი წლის მომავალი წლის 2 იანვრის ჩათვლით, ხოლო ლუწი წლების (2022, 2024 და ა.შ.) 3 იანვრიდან 8 იანვრის ჩათვლით, საქართველოს საზღვრებს გარეთ, მოსარჩელისა და მოსარჩელის ოჯახის წევრების მუდმივ საცხოვრებელ ადგილებზე: ჩრდილოეთ კვიპროსში, თურქეთში ან/და შვეიცარიაში გაყვანის თაობაზეც არ დაკმაყოფილდა მოთხოვნა. არასრულწლოვანი შვილის საზღვარგარეთ გაყვანაზე უარის თქმის ნაწილში, მოსარჩელის მიმართ მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის თაობაზე მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა; დროებითი განკარგულება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
3. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილებაზე მოითხოვა. შეგებებული სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემაც, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 21 ივნისის განჩინებით, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი და მოპასუხის შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
5. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არასრულწლოვანი ბავშვის ასაკისა და მოწიფულობის, მისი ნება-სურვილის გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული ურთიერთობის წესი გამომდინარეობს ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
6. სასამართლომ მიუთითა, რომ აღიარებს მოსარჩელის უფლებას და სურვილს, ჰქონდეს რეგულარული და მჭიდრო ურთიერთობა შვილთან, რაც თავისთავად მოიცავს ბავშვის წაყვანას მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილას, ურთიერთობას მამის ოჯახის წევრებსა და ნათესავებთან, თუმცა ხშირ შემთხვევაში, როდესაც ბავშვი იზრდება ერთ-ერთი მშობლის ოჯახში, ასეთი ღონისძიება საჭიროა ეტაპობრივად. აღნიშნული გამომდინარეობს ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან, რომელიც ხშირ შემთხვევაში, გადაწონის მშობლის უფლებებს. არასრულწლოვნის მიერ გამოხატული ნება-სურვილის უპირატესად გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს ღამის თევითა და საზღვარგარეთ წაყვანის და ამ მიზნით მშობლის უფლების შეზღუდვის თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
7. სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
8. კასატორის მითითებით, სასამართლომ არ მისცა შესაძლებლობა, საქმეში სადავო საკითხთან მიმართებით ბავშვის რეალური ნების დასადგენად ჩართულიყო ფსიქოლოგი. სასამართლოს უარი დაუსაბუთებელი და უკანონოა, ვინაიდან სასამართლოს მიერ არასრულწლოვნის გამოკითხვა არაა საკმარისი არასრულწლოვნის რეალური ნების სრულფასოვნად და სიღრმისეულად გამოსარკვევად.
9. კასატორის მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ პირველი და მეორე ინსტანციების სასამართლოში წარმართული არასრულწლოვნის ინტერვიუს შინაარსი მეტწილად იდენტურია, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩართულმა ფსიქოლოგმა წერილობით დაადასტურა, რომ არასრულწლოვნის მიერ გამოხატული პოზიცია იყო არა მისი ნამდვილი ნება ან საუკეთესო ინტერესი, არამედ დედის ზეგავლენის შედეგი, სააპელაციო სტადიაზე ფსიქოლოგის ჩართულობა არსებითი მნიშვნელობის იყო, ვინაიდან პირველი ინსტანციის სტადიაზე გამოკვლევის შემდეგ გასული იყო 3 წელზე მეტი, ხოლო სააპელაციო სასამართლოში განხილვისას ფაქტორები შეცვლილი იყო, შესაბამისად, ფსიქოლოგს შესაძლოა, უფრო მეტი არგუმენტი ჰქონოდა პირველ ინსტანციაში გამოხატული პოზიციის გასამყარებლად ან პირიქით.
10. კასატორის ასევე მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია შეჯიბრებითობის პრინციპი, როცა უარი უთხრა საქმეს, დართულიყო მოპასუხის მიერ არასრულწლოვნის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის დამადასტურებელი აუდიოჩანაწერი. კასატორის მტკიცებით, აუდიოჩანაწერი არ იყო ფარული, ვინაიდან მოპასუხისათვის ცნობილი იყო, რომ მოსარჩელე სატელეფონო საუბარს იწერდა.
11. კასატორი ასაჩივრებს იმ საოქმო განჩინებასაც, რომლითაც უარი ეთქვა 2022 წლის 30 მარტის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე და მოითხოვს: გაუქმებას, მის ფარგლებში წარმოდგენილი მტკიცებულებების დართვას, გამოყენებითი ფსიქოლოგიისა და კვლევის ცენტრის საქმეში ჩაბმას ამ უკანასკნელის მიერ წერილობითი ფორმით მოსაზრების წარდგენის მიზნით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
12. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:
15. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
16. საკასაციო პალატის შეფასების საგანია, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა მიერ მამისათვის არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობისათვის განსაზღვრული წესის მართლზომიერება, კერძოდ, კასატორი სადავოდ ხდის სასამართლოთა მიერ შვილთან ურთიერთობისათვის განსაზღვრულ წესს და გადაწყვეტილებას ასაჩივრებს იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა არასრულწლოვნის დროებით საზღვარგარეთ გაყვანაზე, ამ მიზნით მოპასუხე მშობლის უფლების შეზღუდვაზე და არასრულწლოვნის მამასთან ღამე დარჩენაზე. საკასაციო საჩივრის ძირითადი პრეტენზია ეფუძნება იმ გარემოებას, რომ სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული ბავშვის ნება.
17. პირველ რიგში, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, მათ შორის, „ბავშვის უფლებების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის კონვენციით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციითა და საქართველოს შიდასაკანონმდებლო აქტებით აღიარებულია მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპი შვილების მიმართ და ბავშვის უფლება, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. ბავშვისა და მშობლების ურთიერთობის უფლება შეიძლება, შეიზღუდოს ან გამოირიცხოს მხოლოდ მაშინ, თუ ეს აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის.
18. „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენცია აწესებს ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. კონვენციის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია, იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულისა და ურთიერთგაგების ატმოსფეროში.
19. დასახელებული კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში, იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას. კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან, შესაბამის შემთხვევებში, კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.
20. სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასა და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, სადაც განხილულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებები, უპირატესობა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. Elsholz v. Germany, N25735/94, 31.07.2000, პარ. 52; TK and KM v. UK, N 28945/95, 10.05.2001, პარ. 72. შდრ. ასევე, სუსგ №ას-967-916-2015, 25.02.2016წ.).
21. ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესობა დადგენილია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლითაც. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართოდ განიმარტება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც (იხ.: სუსგ №ას-1112-1047-2015, 04.03.2016წ.; №ას-1323-2023, 07.02.2024წ.).
22. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მშობლების ბავშვთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ დავებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის (Krasicki v. Poland, § 83). ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს უპირველესი საზრუნავი (Gnahore v. France, § 59) და შესაძლებელია, თავისი შინაარსიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, გადაწონოს მშობლების ინტერესი (Sahin v. Gernamy, § 66).
23. აღნიშნული პრინციპი აისახა საქართველოს კანონმდებლობაშიც. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის შესაბამისად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. იმავე კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.
24. ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბავშვს უფლება აქვს, მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა მიენიჭოს მის საუკეთესო ინტერესებს. იმავე კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბავშვს უფლება აქვს, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში, სადაც შექმნილია პირობები მისი ჰარმონიული აღზრდისა და განვითარებისთვის და კეთილდღეობისთვის.
25. დასახელებული სამართლებრივი ნორმების ანალიზი ცალსახად ქმნის დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას, უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება, შესაბამისად, ჩარევის პროპორციულობის დასაშვები ზღვარი იმისი უალტერნატივოდ დადგენაა, რომ ამგვარი ჩარევა წარმოადგენს ერთადერთ სწორ და მისაღებ გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის/მცირეწლოვნის, როგორც საზოგადოების მომავალი სრულუფლებიანი და ღირსეული წევრის, განვითარებაში (იხ.: სუსგ №ას-458-440-2016, 15 ივლისი, 2016 წელი).
26. საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, მშობლების განქორწინების შემდეგ ბავშვთან კონტაქტის უფლება მშობელს, რომელთანაც შვილი არ ცხოვრობს, არათუ უნარჩუნდება, არამედ ის ვალდებულიცაა, ურთიერთობა ჰქონდეს შვილთან, რომელიც ეფექტური და, შეძლებისდაგვარად, რეგულარული უნდა იყოს. რასაკვირველია, ამ საკითხის გადაწყვეტის დროს, პირველ რიგში, ბავშვის ინტერესები უნდა გათვალისწინდეს, რომელიც ორ ასპექტს გულისხმობს: ერთი მხრივ, ბავშვის ინტერესებია, რომ განვითარდეს ჯანსაღ გარემოში და მშობელს არ მიეცეს ისეთი ნაბიჯის გადადგმის შესაძლებლობა, რომელიც ზიანს მიაყენებს მის ჯანმრთელობასა და განვითარებას; მეორე მხრივ, ცხადია, ბავშვისთვის მნიშვნელოვანია ისიც, რომ შეუნარჩუნდეს კავშირი მამასთან, რათა გაძლიერდეს მამის როლი და მისი აქტიური ჩართულობა ბავშვის ცხოვრებაში (იხ.: სუსგ №ას-63-59-2017, 13.11.2018წ.; №ას-434-2021, 30.07.2021წ.; №ას-414-2024, 24.04.2024წ.).
27. საკასაციო პალატა, მოცემულ შემთხვევაში, ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, შვილთან ურთიერთობისათვის დადგენილი წესის არასწორად განსაზღვრასთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ მოსარჩელე და მოპასუხე 2012 წლის 20 თებერვალს დაბადებული არასრულწლოვნის მშობლები არიან. უდავოა, რომ მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე, ხოლო არასრულწლოვანი შვილი იზრდება დედასთან - მოსარჩელესთან ერთად თბილისში. მოსარჩელე კი ცხოვრობს შვეიცარიაში. ამ უკანასკნელისა და მისი ოჯახის წევრების საცხოვრებელ ადგილი ჩრდილოეთ კვიპროსია, თურქეთი. ამასთან, საქმის მასალებით დგინდება, რომ მხარეებს შორის 2020 წლის 13 ივლისის განჩინებით დამტკიცდა მორიგება მოსარჩელესა და არასრულწლოვანს შორის ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებებით ურთიერთობის წესსა და თურქული ენის გავლის წესთან დაკავშირებით. უდავოა, რომ კასატორი წელიწადში სამჯერ მაინც ჩამოდის საქართველოში შვილის სანახავად. დედის კეთილი ნებიდან გამომდინარე, რომ მამა-შვილს ჰქონოდა კარგი ურთიერთობა, მოსარჩელე ცხოვრობდა მოპასუხესთან სახლში და აქტიურად იყო ჩართული ბავშვის ცხოვრებაში. ბოლო დროს მშობლებს შორის წარმოქმნილია უთანხმოება.
28. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა სავსებით იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოკვლეულ და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც ემყარება საქმეში წარდგენილ ფსიქოლოგის დასკვნას და თავად არასრულწლოვნის გამოკითხვას და მიაჩნია, რომ გადაწყვეტილება სწორედ არასრულწლოვანი ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით არის მიღებული. კასატორს კი არ წარმოუდგენია დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, თუ რატომ უნდა შეიცვალოს დაწესებული ურთიერთობის წესი, მით უფრო, როდესაც საქმეში წარდგენილი ფსიქოლოგის ანგარიშიდანაც და თავად ბავშვის გამოკითხვითაც ცალსახად ჩანს აღნიშნული ურთიერთობის წესის ცვლილების მიმართ ბავშვების წინააღმდეგობა (ფსიქოლოგის დასკვნის თანახმად, არასრულწლოვანი მამასთან დასვენებასთან დაკავშირებით გამოხატავს დადებით ემოციებს და იხსენებს მხოლოდ დადებით შთაბეჭდილებებს, მაგრამ მამასთან ერთად გამგზავრებაზე წინააღმდეგია იმ მიზეზიდან გამომდინარე, რომ არ იცის თურქული ენა და ვერ ეკონტაქტება მას, ამასთან არასრულწლოვანმა მიუთითა, რომ დედის გარეშე დაძინება უჭირს. მას სურვილი აქვს საქართველოში მამასთან შეხვედრის, თუმცა საქართველოში შეხვედრის ფარგლებში მამასთან დარჩენაზე უარი განაცხადა ისევ ენის ბარიერის გამო. განმარტავს, რომ, როდესაც გაიზრდება, მაშინ წავა მამასთან. ფსიქოლოგის განმარტებით, გამომდინარე იქედან, რომ მ–ს არ ჰქონია მამასთან ღამე მარტო დარჩენის გამოცდილება, რეკომენდებულია საზღვარგარეთ წაყვანამდე, ბავშვი ეტაპობრივად მომზადდეს, რაც შესაძლოა, გულისხმობდეს მამასთან ღამის თევის დაგეგმვას ჯერ საქართველოს ტერიტორიაზე და ღამეების რაოდენობის ეტაპობრივ ზრდას. ამასთან, მნიშვნელოვანია, მამასთან ყოფნის პერიოდში ბავშვს სისტემატურად ჰქონდეს ურთიერთობა დედასთან. აღნიშნული ვიზიტების დაგეგმვის პროცესში, სასურველია, მხარეებმა გაიარონ დამატებითი კონსულტაცია სპეციალისტთან. ფსიქოლოგის მიერ სასამართლო სხდომაზე გაცხადებული განმარტების შესაბამისად, არასრულწლოვანმა მისი ჩაძინების სირთულზე ისაუბრა დედასთანაც ყოფნის პერიოდში. ამბობს, რომ დედის გარეშე ვერ დარჩება ღამით მამასთან. პირველი ინსტანციაში არასრულწლოვნის მიერ გაჟღერებული პოზიციის თანახმად კი, იგი თანახმაა, საქართველოში მამის ჩამოსვლის შემთხვევაში ჰქონდეს მასთან ურთიერთობა, მაგრამ წინააღმდეგია მასთან ღამის თევით დარჩენაზე და საზღვარგარეთ წასვლაზე მარტო, დედის გარეშე. მისი განმარტებით, ღამე დედის გარეშე ვერ იძინებს და ვერსად რჩება. კასატორის მოთხოვნებს მხარი არ დაუჭირა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომაც, რომელმაც განმარტა, რომ მათი პოზიცია ემყარება ბავშვის სურვილს, ამ ეტაპზე მამა-შვილს შორის დამოკიდებულების ხარისხს, მშობელთან მიჯაჭულობას, ფსიქოლოგის დასკვნას, სადაც საუბარია ბავშვის გამოცდილებაზე მამასთან ღამით დარჩენასთან დაკავშირებით. დასკვნის შესაბამისად, პირველ ეტაპზე ბავშვი უნდა მოემზადოს და შემდეგ უნდა ჰქონდეს ურთიერთობა მამასთან ღამის თევით. გამომდინარე იმ გარემოებიდან, რომ ამ ეტაპზე ზუსტი დროისა და პერიოდის განსაზღვრა შეუძლებელია, საკითხი უნდა გადაწყდეს ამ ეტაპზე არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რაც ბავშვის მამასთან ღამე დარჩენის შესაძლებლობას გამორიცხავს. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნებს არასწრულწლოვნის მამასთან დარჩენასა და საზღვარგარეთ გაყვანასთან დაკავშირებით სააგენტოს პოზიციით, საქართველოს საზღვრებს გარეთ მოსარჩელის მიერ ბავშვის გაყვანის მოთხოვნასთან დაკავშირებით, სააგენტოს მხრიდან იდენტიფიცირებულია თეორიული რისკი, რომლის წარმოშობის შემთხვევაში, უცნობია ის სამართლებრივი მექანიზმები, რაც გარანტირებულად შექმნის რისკის დაძლევის რეალურ შესაძლებლობას. მოცემულ შემთხვევაში, ამგვარი თეორიული რისკი შეიძლება შეეხოს ბავშვის საქართველოდან გადაადგილების შემთხვევაში, ე.წ. ჩრდილოეთ კვიპროსის რესპუბლიკაში მისი დარჩენის მოსალოდნელ შანსს, შესაბამისად, რისკები არსებობს, რითაც გადაწყვეტილების აღსრულებას შესაძლებელია ხელი შეეშალოს, რადგან გადაწყვეტილების აღსრულების კომპეტენცია შემოიფარგლება საქართველოს ფარგლებში). ნიშანდობლივია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2022 წლის 12 ოქტომბერს გამართულ სხდომაზეც მოუსმინეს არასრულწლოვანს, რომელმაც იგივე პოზიცია დააფიქსირა და გამოხატა მამასთან ურთიერთობის სურვილი, მაგრამ არა ღამის საათებში დარჩენით. მისი განმარტებით, მეგობართანაც არ რჩება ღამის თევით, რადგან დედის გარეშე ვერ იძინებს.
29. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული გარემოებები სასამართლოს მიერ არარსრულწლოვნის საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე უნდა იქნეს გათვალისწინებული და ყოველგვარი სავარაუდო გარემოება, რაც ბავშვის ფსიქოემოციას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს, უნდა გადაიჭრას ბავშვის ინტერესების სასარგებლოდ, მისთვის სტაბილური და მშვიდი გარემოს შექმნის უზრუნველსაყოფად, შესაბამისად, ბავშვის ასაკის, მისი პოზიციის, მხარეთა საცხოვრებელ ადგილებს შორის მანძილის, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ მამა-შვილს შორის ამ ეტაპზე მიჯაჭვულობა არარსებობს, შესაძლოა არასრულწლოვნის დედასთან ღამით მოცილება უარყოფითად აისახოს მის ფსიქიკაზე, რისი გათვალისწინებითაც, კასატორის საკასაციო პრეტენზიები ვერ იქნება გათვალისწინებული.
30. რაც შეეხება კასატორის საკასაციო პრეტენზიას, რომელიც არასრულწლოვნის მიერ გამოვლენილი ნების ნაკლს ეხება პალატა არ იზიარებს და მიუთითებს, რომ ფსიქოლოგთან და სასამართლო სხდომაზე დაფიქსირებული არასრულწლოვნის პოზიციის გათვალისწინებით, ასევე, ფსიქოლოგის განმარტების გათვალისწინებით (რომელმაც აღნიშნა, რომ დედა ბავშვს მიზანმიმართულად რომ არ განაწყობს მამის პიროვნების წინააღმდეგ, ადასტურებს ბავშვის მიერ შეფასების პროცესში მამის თავისუფლად ხსენება დედისა და მისი ოჯახის წევრების გარემოცვაში) არ დგინდება სადავო საკითხებზე ის გარემოება, რომ ბავშვს მოსარჩელის მოთხოვნის შესაბამისად სურს განსაზღვრული ურთიერთობის წესის შეცვლა და დედის ზეგავლენის გამო აღნიშნულს არ ამჟღავნებს. პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული საქმეში წარმოდგენილი არცერთი გარემოებით არ იკვეთება აღნიშნულის საწინააღმდეგოდ კი ცალსახად დგინდება ბავშვის ნება - უარი დარჩეს მამასთან ღამის თევით, რისი გათვალისწინებითაც, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა მიერ განსაზღვრული ურთიერთობის წესი გამომდინარეობს ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან, სრულად შეესაბამება ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგებს და თავად ბავშვის ნებას, შესაბამისად, გასაზიარებელია სააპელაციო პალატის დასკვნა მასზე, რომ მამა-შვილის ურთიერთობის განსაზღვრული წესის შეცვლის საფუძველი არ იკვეთება, რადგანაც სხვაგვარად შესაძლებელია ბავშვის ფსიქოემოცია მნიშვნელოვნად დაზიანდეს.
31. კასატორის საკასაციო პრეტენზიის იმ ნაწილს, რომელიც ფსიქოლოგის ჩართვას და საოქმო განჩინების გაუქმებას ეხება, პალატა დაუსაბუთებლობის მოტივით არ იზიარებს და მიუთითებს, რომ როგორც უკვე აღინიშნა, არასრულწლოვანმა ნება ორივე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოში ნათლად დააფიქსირა. მისი ნება ნათლად არის მითითებული ფსიქოლოგის დასკვნაშიც. ის გარემოება, რომ არასრულწლოვნის მიერ გაჟღერბული ნება არ ემთხვევა კასატორის სურვილს, არ შეიძლება საქმეში ისევ ფსიქოლოგის ჩაბმის საფუძველი გახდეს, რამაც შეიძლება დამატებითი სტრესი და დისკომფორტი შეუქმნას არასრულწლოვანს, რომელმაც გარკვევით, არაერთხელ გამოხატა საკუთარი პოზიცია სადავო საკითხთან მიმართებით. რაც შეეხება აუდიოჩანაწერის დართვას, პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას აუდიოჩანაწერის დართვაზე უარის თქმის უკანონობასთან დაკავშირებითაც და მიუთითებს, რომ ვინაიდან საკითხი უკავშირდებოდა პირადი საუბრების ფარულ აუდიოჩანაწერს, რაც გულისხმობს ასეთ ჩაწერას მეორე მხარის ნებართვის გარეშე, მიიჩნევა, რომ კანონდარღვევითაა მოპოვებული და ვერ იქნებოდა გაზიარებული მოთხოვნა მისი საქმეზე დართვასთან დაკავშირებით.
32. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება.
33. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
34. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
35. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. მასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. მსგავს საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
36. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
37. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ.ს–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. მ.ს–ს (პასპორტის №.......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ი.ბ–ას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება №19445041566 / გადახდის თარიღი 20.11.2023), 70% - 210 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე