Facebook Twitter

ბს-96-94(გ-06) 19 აპრილი, 2006 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნ. ქადაგიძე,

ნ. სხირტლაძე

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიებს შორის დავა მ. ბ-ის სარჩელის განსჯადობის თაობაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

2005წ. 26 იანვარს მ. ბ-მ სარჩელით მიმართა თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საქართველოს ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტის მიმართ და აღნიშნა, რომ 1992წ. 19 აგვისტოდან 1993წ. 23 ივლისამდე მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებში აფხაზეთის ტერიტორიაზე, რაც დასტურდება საქართველოს ეროვნული გვარდიისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამდებობის პირების მიერ გაცემული ცნობებით. მოსარჩელის განმარტებით, “ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ” კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრული შეღავათებით იგი გათანაბრებულია დიდი სამამულო ომის მონაწილეებთან, მაგრამ საქართველოს ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტმა სასამართლოს გადაწყვეტილების არსებობის გარეშე არ გაატარა რეგისტრაციაში, როგორც აფხაზეთის ომის მონაწილე. აქედან გამომდინარე, მ. ბ-მ მოითხოვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის აფხაზეთის ტერიტორიაზე წარმოებული საბრძოლო მოქმედებების მონაწილედ ცნობა და მასზე შეღავათების გავრცელება.

“რაიონული (საქალაქო) სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997წ. 14 ნოემბრის ¹649 ბრძანებულებაში 2005წ. 12 აპრილს საქართველოს პრეზიდენტის ¹213 ბრძანებულებით შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, ლიკვიდირებულ იქნა თბილისის რაიონული სასამართლოები და შეიქმნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სპეციალიზებული სასამართლო კოლეგიები, რის შემდეგაც ზემოაღნიშნული საქმე განსახილველად გადაეცა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ 2005წ. 30 ოქტომბრის განჩინებით მ. ბ-ის სარჩელი საქართველოს ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტის მიმართ განსახილველად განსჯადობით გადაუგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას. ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ განსახილველი დავა არ გამომდინარეობდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან და შესაბამისად, არ წარმოადგენდა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსჯად დავას, რის გამოც სსკ-ის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის თანახმად, საქმე სამოქალაქო კოლეგიის მიერ უდავო სამართალწარმოების წესით უნდა განხილულიყო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია არ დაეთანხმა ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მსჯელობას და 2006წ. 3 იანვრის განჩინებით საქმე განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადაუგზავნა. სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ მოცემული საქმის განხილვა არ შეიძლება უდავო სამართალწარმოების წესით, ვინაიდან, სსკ-ის 315-ე მუხლის თანახმად, იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის შესახებ განცხადებაში უნდა აღინიშნოს, თუ რა მიზნისათვის სჭირდება განმცხადებელს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა, ანუ განცხადებაში მითითებული უნდა იყოს ამ ფაქტის დადგენის მიზანი, რათა მოსამართლემ განცხადების მიღების დროს განსაზღვროს მოცემული ფაქტის იურიდიული მნიშვნელობა და ასევე დაინტერესებულ პირთა წრეც, რომელთაც პროცესუალურად მიეცემათ საშუალება დროულად განაცხადონ თავიანთი ინტერესების შესახებ.

სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიუთითა, რომ სსკ-ის 311-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ უდავო წარმოების წესით საქმის განხილვისას აღიძრება დავა ისეთი უფლებების შესახებ, რომლებიც სასამართლოს უწყებრივად ექვემდებარება, სასამართლო განცხადებას განუხილველად დატოვებს და დაინტერესებულ პირებს განუმარტავს, რომ მათ უფლება აქვთ, წარმოადგინონ სარჩელი საერთო საფუძველზე. სასამართლოს განმარტებით, მ. ბ-მ სწორად აღძრა სარჩელი ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტის მიმართ, რომელიც ვეტერანების სოციალური დაცვის გარდა ახორციელებს კონტროლს სახელმწიფოს ხარჯზე უკანონო შეღავათების მიღებაზე, რის გამოც იგი წარმოადგენს მხარეს განსახილველ დავაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ მ. ბ-ის მოთხოვნა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებული საბრძოლო მოქმედების მონაწილედ აღიარებისა და შესაბამისი შეღავათების გავრცელების შესახებ საჯარო სამართლებრივი ხასიათისა იყო, საჯარო კანონმდებლობიდან გამომდინარეობდა და მიმართული იყო კონკრეტული ადმინისტრაციული ორგანოს წინააღმდეგ, რის გამოც საქმის განხილვა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით უნდა მომხდარიყო.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსაზრებების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ბ-ის სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯად დავას წარმოადგენს და განსახილველად მას უნდა დაექვემდებაროს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის მე-11 მუხლი განსაზღვრავს სასამართლოს უწყებრივად დაქვემდებარებულ სამოქალაქო საქმეებს. შესაბამისად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლიც იძლევა სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეების რეგლამენტაციას, რომლის მიხედვითაც, ამ კოდექსით დადგენილი წესით საერთო სასამართლოებში განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარეობს. ამავე კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილი კიდევ უფრო აკონკრეტებს, თუ რა შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული დავის საგანს, კერძოდ, მითითებული ნორმის “გ” პუნქტის შესაბამისად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობით არის მოწესრიგებული.

საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მოცემული დავა საჯარო სამართლებრივი ხასიათისაა და გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მ. ბ-ის სარჩელი აღძრულია საქართველოს ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტის მიმართ, რომელიც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “ა” პუნქტის დეფინიციიდან გამომდინარე ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენს, ვინაიდან იგი კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას, კერძოდ, უზრუნველყოფს ვეტერანების სოციალურ დაცვას და ახორციელებს კონტროლს სახელმწიფოს ხარჯზე შეღავათების მიღების კანონიერებაზე. გარდა ამისა, ვინაიდან მოცემულ საქმეში დავის საგანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებული საბრძოლო მოქმედების მონაწილედ აღიარება და შესაბამისი შეღავათების გავრცელება, ამიტომ საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მ. ბ-ის სარჩელი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “გ” პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველი სარჩელია, ვინაიდან იგი აღძრულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ქმედების განხორციელების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ, მართალია, მ. ბ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში საქართველოს ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტის წინააღმდეგ, მაგრამ არ წარადგინა კონკრეტული მოთხოვნა მოპასუხის მიმართ, რის გამოც საქმე განხილული უნდა იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული უდავო წარმოების წესით. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოცემულ საქმეში დავის ძირითად არსს წარმოადგენს მ. ბ-ის ომის მონაწილეებთან გათანაბრება და შესაბამისი შეღავათების მიღება, რაც შეუძლებელია განხორციელდეს საქართველოს ვენეტართა სახელმწიფო დეპარტამენტის მონაწილეობის გარეშე, ვინაიდან სწორედ იგია უფლებამოსილი, იმსჯელოს ამა თუ იმ პირისათვის შეღავათის მიცემის კანონიერების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო ასევე ვერ დაეთანხმება ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას მოცემული დავის სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი უდავო წარმოების წესით განხილვის თაობაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი უდავო წარმოება ეს ისეთი წარმოებაა, რომელშიც არ არის დავა უფლებაზე და არ არის ერთი პირის მიერ მეორისადმი მიმართული მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნა. უდავო წარმოების წესით განსახილველ საქმეებში შეიძლება არსებობდეს დავა ფაქტის და არა უფლების შესახებ. ამრიგად, უდავო წარმოების წესით განსახილველ საქმეებში დგინდება ფაქტები და არა ამ ფაქტების სამართლებრივი შედეგები. მოცემულ საქმეში მ. ბ-ე დავობს არა იურიდიული ფაქტის, არამედ უფლების _ ომის მონაწილეებთან გათანაბრებისა და შეღავათების მიღების თაობაზე, რაც ვერ იქნება განხილული უდავო წარმოების წესით.

უდავო წარმოება არ იცნობს ურთიერთდაპირისპირებულ მხარეთა ინსტიტუტს. უდავო წარმოებით განსახილველ საქმეებში არ გვყავს მოსარჩელე და მოპასუხე, არამედ არიან მხოლოდ განმცხადებელი და დაინტერესებული მხარე. ეს განპიროვნებულია იმით, რომ დაპირისპირებული მხარეების არსებობა გულისხმობს დავას უფლებაზე, რაც მიუღებელია უდავო წარმოებისათვის. სსკ-ის 311-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ უდავო წარმოების წესით საქმის განხილვისას აღიძვრება დავა ისეთი უფლებების შესახებ, რომლებიც სასამართლოს უწყებრივად ექვემდებარება, სასამართლო განცხადებას განუხილველად დატოვებს და დაინტერესებულ პირებს განუმარტავს, რომ მათ უფლება აქვთ წარადგინონ სარჩელი საერთო საფუძვლებით, ე.ი. უფლებაზე დავის აღძვრის შემთხვევაში უდავო წარმოება გარდაიქმნება სასარჩელო წარმოებად. რაც შეეხება განსახილველ შემთხვევას, მ. ბ-მ სასამართლოს მიმართა სასარჩელო განცხადებით მოპასუხე საქართველოს ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტის მიმართ, სადაც პირდაპირ მიუთითა, რომ მოპასუხე არ ატარებს რეგისტრაციაში და უარს ეუბნება შეღავათის მიცემაზე. ამრიგად, სასარჩელო განცხადებაში ცალსახად არის მითითებული, რომ საქართველოს ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტი სადავოდ ხდის მ. ბ-ის უფლებას, გაუთანაბრდეს იგი ომის მონაწილეებს და მიიღოს შესაბამისი შეღავათები, რაც უფლებაზე დავის ხასიათიდან გამომდინარე, ვერ იქნება განხილული უდავო წარმოების წესით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე განსჯადობით განსახილველად უდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ადმინისტრაციული საქმე მ. ბ-ის სარჩელის გამო მოპასუხე საქართველოს ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტის მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

2. საქმე გადაეცეს განსჯად სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.