Facebook Twitter

საქმე №ა-1418-შ-37-2024 03 ივნისი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ნ.ზ–ვა

მოწინააღმდეგე მხარე – ვ.ნ.

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – უკრაინის, ქ. მიკოლაივის, ლენინის რაიონული სასამართლოს 16.11.2023 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება (საქმე N490/3580/21)

დავის საგანი - მშობლის უფლების ჩამორთმევა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. უკრაინის, ქ. მიკოლაივის, ლენინის რაიონული სასამართლოს 16.11.2023 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით (საქმე N490/3580/21) (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება“) ნ.ზ–ვას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც "შუამდგომლობის ავტორი") სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ვ.ნ–ს ჩამოერთვა მშობლის უფლებები არასრულწლოვანი შვილების - ბ.ნ–ის (დაბადებული 26.04.2006 წელს), ვ.ნ–ს (დაბადებული 27.01.2009 წელს), ე.ნ–ის (დაბადებული 23.07.2011 წელს) მიმართ.

2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მომართა შუამდგომლობის ავტორმა და მოითხოვა უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იგი შვილებთან ერთად ცხოვრობს საქართველოში, სურს, მისმა არასრულწლოვანმა შვილმა - ბ.ნ–იმ მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა, რისთვისაც მიმართა უფლებამოსილ ორგანოს და ესაჭიროება ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების ცნობა.

3. უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 17.12.2023 წელს.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 25.03.2024 წლის განჩინებით შუამდგომლობას დაუდგინდა ხარვეზი და შუამდგომლობის ავტორს მიეცა 10 დღე ხარვეზის შესავსებად. ხარვეზის შევსების ვადაში შუამდგომლობის ავტორმა იშუამდგომლა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.04.2024 წლის განჩინებით შუამდგომლობის ავტორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 10 დღით. ამავე განჩინებით მას განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში შუამდგომლობა დარჩებოდა განუხილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

5. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მეხუთე პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნების გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოებში სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.04.2024 წლის განჩინებით შუამდგომლობის ავტორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 10 დღით. აღნიშნული განჩინება გაეგზავნა შუამდგომლობის ავტორს შუამდგომლობის ტექსტში მითითებულ მისამართზე და ჩაჰბარდა პირადად 14.05.2024 წელს (იხ. ჩაბარების დასტური, ს.ფ. 54).

7. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

8. მოცემულ შემთხვევაში, შუამდგომლობის ავტორისთვის ხარვეზის შევსების 10 - დღიანი ვადის დენა დაიწყო 15.05.2024 წელს და ამოიწურა 24.05.2024 წელს. ამდენად, შუამდგომლობის ავტორს ხარვეზი 24.05.2024 წლის ჩათვლით უნდა შეევსო. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში შუამდგომლობის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.

9. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. კანონის დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარე სწორედ კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაშია ვალდებული განახორციელოს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მან დაკარგა ინტერესი დავის მიმართ (სუსგ №ა-324-შ-6-2020, 9 მარტი, 2020 წელი; №ა-2180-შ-56-2019, 16 სექტემბერი, 2019 წელი).

10. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შუამდგომლობის ავტორს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად. სასამართლო დამატებით აქვე განმარტავს, რომ იმ გარემოების აღმოფხვრის შემთხვევაში, რომელიც საფუძვლად დაედო შუამდგომლობის განუხილველად დატოვებას, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს კვლავ მიმართოს სასამართლოს საერთო წესის დაცვით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, სსსკ-ის 63-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ.ზ–ვას შუამდგომლობა უკრაინის, ქ. მიკოლაივის, ლენინის რაიონული სასამართლოს 16.11.2023 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილების (საქმე N490/3580/21) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დარჩეს განუხილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე: თამარ ზამბახიძე