Facebook Twitter

საქმე №ას-1412-2022 29 ნოემბერი, 2023 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „მ.ლ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 21 დეკემბრის განჩინებით შპს „მ.ლ–ის“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „აპელანტი“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 23 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „სს“ (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი მოპასუხის მიმართ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 96 139, 57 ლარის გადახდა, ასევე, იმავე სასამართლოს 2021 წლის 08 ივნისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. მოსარჩელემ 2021 წლის 26 მარტს სარჩელი აღძრა საჩხერის რაიონულ სასამართლოში მოპასუხის მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით.

2.2. მოპასუხე კომპანია რეგისტრირებულია 2017 წლის 01 მაისს. საწარმოს 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორია ნ.მ–ძე, ხოლო საწარმოს იურიდიული მისამართია: ქ. რუსთავი, ....... (იხ. ს.ფ. 290).

2.3. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 184-ე და 201-ე მუხლების შესაბამისად, მოსარჩელემ მოპასუხეს გაუგზავნა სარჩელი და თანდართული მასალები იურიდიული მისამართის მიხედვით, ქ. რუსთავში, .........

2.4. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებითა და თავად აპელანტის განმარტებებით ირკვევა, რომ საწარმოს იურიდიული მისამართი ემთხვევა ამავე საწარმოს დირექტორის, ნ.მ–ძის საცხოვრებელ მისამართს - ფაქტობრივ ადგილსამყოფელს. ასევე, დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების გზავნილი საწარმოს იურიდიულ მისამართზე ჩაბარდა იურიდიული პირის დამფუძნებლისა და დირექტორის მეუღლეს (იხ. ს.ფ. 51).

2.5. მოპასუხის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილმა პირმა, ნ.მ–ძემ 2021 წლის 20 აპრილს სასამართლოს შესაბამის მოხელეს სატელეფონო გასაუბრებისას დაუდასტურა 2021 წლის 03 აპრილს სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების გზავნილის ოჯახის წევრისთვის ჩაბარების ფაქტი (იხ. ს.ფ. 56).

2.6. მოპასუხეს გზავნილის ჩაბარებიდან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ 7-დღიან ვადაში შესაგებელი არ წარუდგენია. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც შესაგებლის წარუდგენლობის მოტივით სსსკ-ის 2321-ე მუხლის საფუძველზე გამოტანილ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე, საპროცესო ნორმების მოთხოვნებს შეესაბამება.

2.7. აპელანტის პრეტენზია, სხვა გარემოებებთან ერთად, ეფუძნება იმ გარემოებას, რომ სარჩელი და თანდართული მასალები მოსარჩელემ მოპასუხეს არ გადაუგზავნა ფაქტობრივი ადგილსამყოფელის მიხედვით ქ. ჭიათურაში, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ცნობილი იყო მოპასუხე კომპანიის ფაქტობრივი მისამართი. ამასთან, სასამართლო გზავნილი ჩაბარდა არაუფლებამოსილ პირს - მოპასუხე კომპანიის დირექტორის მეუღლეს, რომელიც არ წარმოადგენს აღნიშნული კომპანიის სახელით გზავნილის ჩაბარებაზე უფლებამოსილ პირს.

3. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია სასამართლო გზავნილის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული სუბიექტებისთვის ჩაბარებას და არც მხარეები ყოფილან შეთანხმებული ჩაბარების განსხვავებულ წესზე, თუმცა განსახილველ საქმეში ადგილი აქვს დამატებით გარემოებებს, რომლებიც მიუთითებენ გზავნილის კანონით დადგენილი წესით ჩაბარებაზე.

4. სააპელაციო პალატის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 26-ე მუხლის მიხედვით, იურიდიული პირის ადგილსამყოფელად ითვლება მისი ადმინისტრაციის მდებარეობის ადგილი. იურიდიულ პირს შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთი ადგილსამყოფელი (იურიდიული მისამართი). მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სასამართლო გზავნილი - სარჩელი თანდართული მასალებით მოპასუხეს გადაეგზავნა მის რეგისტრირებულ, იურიდიულ მისამართზე და ჩაბარდა მოპასუხე კომპანიის დირექტორის მეუღლეს. ნიშნადობლივია, რომ მოპასუხე მის მიერ წარდგენილ სააპელაციო საჩივარში ზემოაღნიშნულ მისამართზეც მიუთითებს. ამასთან, დადგენილია, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხეს სწორედ მითითებულ მისამართზე ჩაბარდა და ამ შემთხვევაშიც გზავნილი კომპანიის დირექტორის ოჯახის წევრმა - დედამ ჩაიბარა (იხ. ს. ფ. 73), რაც საჩივრის ავტორს სადავოდ არ გაუხდია და კანონით დადგენილ ვადაში უზრუნველყო სასამართლოში საჩივრის წარდგენა. დადგენილია და ამ გარემოებაზე მიუთითებს მოპასუხე კომპანიის დირექტორიც, რომ მოპასუხე იურიდიული პირი რეგისტრირებულია კომპანიის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის - დირექტორის საცხოვრებელი ბინის მისამართზე, ხოლო დირექტორი, ნ.მ–ძე უფლებამოსილია ჩაიბაროს გზავნილი.

5. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74.1 მუხლით და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კომპანიის იურიდიული მისამართი წარმოადგენს მისი დირექტორის საცხოვრებელი ბინის მისამართს, ხოლო დირექტორმა ვერ წარადგინა იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ აღნიშნულ მისამართზე არსებობს სსსკ-ის 73.8 მუხლით გათვალისწინებული, გზავნილის ჩაბარებაზე უფლებამოსილი რომელიმე სხვა სუბიექტი, მიიჩნია, რომ დირექტორის ოჯახის წევრისთვის გზავნილის ჩაბარება მოცემულ შემთხვევაში უნდა ჩაითვალოს მოპასუხე კომპანიის დირექტორის მიერ ჩაბარებად.

6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეს სასამართლო გზავნილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების სრული დაცვით ჩაბარდა.

7. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოპასუხე საჩივარში აღნიშნავს, რომ მის მიერ შესაგებლის წარუდგენლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით. კერძოდ, კომპანიის დირექტორის ძმის მძიმე ავადმყოფობით. საჩივარს თან ერთვის შპს ,,ო.ს.კ.ც–ის“ მიერ გაცემული ცნობა (იხ. ს.ფ. 89-90) ზ.მ–ძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომლითაც დასტურდება მისი მძიმე ავადმყოფობის ფაქტი (რომელიც აღნიშნული ცნობის თანახმად, გამოვლინდა 2021 წლის აპრილში), თუმცა სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის მსჯელობა და აღნიშნა, რომ მხოლოდ წარდგენილი მტკიცებულებით არ ირკვეოდა, ოჯახის წევრის ავადმყოფობა რატომ ხდიდა შეუძლებელს მოპასუხე კომპანიის დირექტორისთვის გზავნილის გადაცემას, ასევე, არ დასტურდებოდა შესაგებლის შედგენისა და სასამართლოსთვის წარდგენის ან შესაგებლის წარსადგენად განსაზღვრული ვადის გაგრძელების მოთხოვნის შეუძლებლობა.

8. სააპელაციო პალატის განმარტებით, მოპასუხის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ შესაგებლის წარდგენისთვის დადგენილ პერიოდში აპელანტს ჰქონდა შესაგებლის წარუდგენლობის რაიმე საპატიო გარემოება. ამასთან, მას არ ჰქონია მცდელობა სასამართლოსთვის დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებამდე ეცნობებინა მის მიერ საპატიო მიზეზებად მიჩნეული გარემოებების არსებობის შესახებ და არ უთხოვია შესაგებლის წარსადგენად განსაზღვრული ვადის გაგრძელება.

9. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სარჩელში მითითებულია, რომ 2017 წლის 07 ივნისს მხარეთა შორის გაფორმდა ხელშეკრულება N52, რომლითაც მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება, განეხორციელებინა მადნის ზედაპირული დამუშავება (მოპოვება), გადაზიდვა-გამდიდრება და მზა პროდუქციის დამკვეთისთვის ჩაბარება, ხოლო დამკვეთმა, მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, შემსრულებლის მიერ ინვოისის წარდგენიდან 10 დღის ვადაში გადაეხადა შესაბამისი ანაზღაურება. მოსარჩელემ ჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მოპასუხეს გადასცა 370 509,57 ლარის ღირებულებისა და შეთანხმებული ხარისხის წიაღისეული. აღნიშნულის დასადასტურებლად მოსარჩელემ მიუთითა საგადასახადო ანგარიშფაქტურებზე. მოსარჩელემ ასევე მიუთითა, რომ მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულება შეასრულა ნაწილობრივ, კერძოდ, გადაიხადა 274 370 ლარი, ხოლო გადასახდელად დარჩენილია 96 139,57 ლარი, რომლის ანაზღაურებასაც ითხოვს განსახილველი სარჩელით.

10. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დავალიანების დაკისრების შესახებ მოთხოვნა სრულად გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 629-ე მუხლების საფუძვლებიდან და დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება იურიდიულად გამართლებულია. შესაბამისად, შეუძლებელია გაზიარებულ იქნეს აპელანტის მსჯელობა, რომ მოპასუხეს მოსარჩელის წინაშე ნაკისრი ვალდებულება შესრულებული აქვს. აღნიშნული გარემოებების მტკიცება-შეფასების შესაძლებლობა მოპასუხემ გაუშვა მის მიერ საპროცესო ვალდებულების (შესაგებლის წარდგენის) არასაპატიო მიზეზით შეუსრულებლობის გამო.

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების, ასევე, განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველი.

12. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით საჩხერის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 23 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ იმავე სასამართლოს 2021 წლის 08 ივნისის განჩინების გაუქმება მოითხოვა.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

14. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

17. საკასაციო საჩივრის თანახმად:

17.1. საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოპასუხის სახელზე გაგზავნილი სასამართლოს გზავნილი ჩაბარდა კომპანიის დირექტორის ოჯახის წევრს - მეუღლეს, მ.ს–ძეს 2021 წლის 03 აპრილს, რაც არ შეიძლება ჩაითვალოს იურიდიული პირისათვის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით გზავნილის ჩაბარებად, მათ შორის იმ პირობებშიც, თუ აღნიშნული მისამართი იურიდიული პირის რეგისტრაციის ადგილს წარმოადგენს შემდეგი გარემოებების გამო: განსახილველ შემთხვევაში მოპასუხის ძირითადი მისამართი, ანუ ფაქტობრივი ადგილსამყოფელი, როგორც სადავო პერიოდში, ასევე, ამჟამადაც, არის ქ. ჭიათურა, სადაც იგი ახორციელებს საქმიანობას, აქვს ოფისი და ჰყავს თანამშრომლები. აღნიშნულის შესახებ ცნობილი იყო და არის მოსარჩელისთვისაც, ვინაიდან იგი სწორედ ჭიათურაში მდებარე ოფისში აწარმოებდა მოპასუხესთან საქმიან მოლაპარაკებებს. შესაბამისად, ამ მოცემულობაში გზავნილის დირექტორის ოჯახის წევრის მიერ ჩაბარება, თუნდაც იურიდიული პირის რეგისტრაციის მისამართის ადგილზე, არ შეიძლება უფლებამოსილი პირისათვის ჩაბარებად ჩაითვალოს სსსკ-ის 71-ე მუხლიდან გამომდინარე. მეუღლე არ არის ის უფლებამოსილი პირი, რომელსაც გააჩნია თუნდაც სათანადო ცოდნა იმისათვის, რომ უზრუნველყოს იურიდიული პირისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება;

17.2. საყურადღებოა, რომ სარჩელში თავად მოსარჩელეს მოპასუხის ძირითად მისამართად მითითებული აქვს სხვა მისამართი - ქ. თბილისი, ......., ხოლო იურიდიული პირის რეგისტრაციის მისამართი მითითებული აქვს, როგორც ალტერნატიული მისამართი;

17.3. გარდა ზემოაღნიშნულისა, სახეზე იყო შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზი. კერძოდ, როგორც შესაგებელზე თანდართული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ N13617 ცნობით და თავად მ.ს–ძე-მ–ძის განცხადებით დასტურდება, მოპასუხე კომპანიის დირექტორის ძმის - ზ.მ–ძის მძიმე ავადმყოფობისა და აქედან გამომდინარე ოჯახში შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამო, მან ვერ მოახერხა მეუღლისთვის სასამართლო გზავნილის გადაცემა;

17.4. სასამართლოს განმარტებასთან დაკავშირებით, რომ კომპანიის დირექტორს არ მიუმართავს სასამართლოსთვის შესაგებლის ვადის გაგრძელების მოთხოვნით, კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლო გზავნილი მოპასუხემ ჩაიბარა შესაგებლის წარსადგენად განსაზღვრული ვადის გასვლის შემდგომ, შესაბამისად, ვადის გაგრძელების მოთხოვნა ყოველგვარ აზრს მოკლებული იყო;

17.5. მოპასუხეს გააჩნია წინამდებარე დავის მიმართ ინტერესი. სარჩელზე თანდართული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მოპასუხეს მოსარჩელისათვის გადასახდელი აქვს რაიმე თანხა, ხოლო საჩივარზე თანდართული მტკიცებულებით დასტურდება, რომ მოპასუხეს მომსახურების დარჩენილი, სადავო ნაწილი გადახდილი აქვს ნაღდი ანგარიშსწორების გზით. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ სარჩელში მითითებული ფაქტები იურიდიულად არ ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.

18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას უზრუნველყოფს. ის საპროცესო დისციპლინის განმტკიცებასა და პროცესის გამარტივებას ემსახურება. აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუტი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციაა.

19. მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის სამართლებრივი შედეგი რეგლამენტირებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლით, რომლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

20. ამდენად, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმის მიხედვით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის საკმარისია იმ პროცესუალური შემადგენლობის ნიშნების არსებობა, როგორიცაა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტაციის მოპასუხისათვის სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარება და სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არასაპატიო მიზეზით მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარმოუდგენლობა. ამ ფაქტობრივი წინაპირობების კუმულაციურად არსებობა ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას. ხოლო, სარჩელის დაკმაყოფილების მიზნებისათვის კი, უნდა არსებობდეს ერთი დამატებითი პირობაც, როგორიცაა სასარჩელო მოთხოვნის იურიდიული მართებულობა (იხ. სუსგ საქმე Nას-121-117-2016, 17 მარტი, 2016 წელი).

21. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტურ საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (სსკ-ის 229-232-ე მუხლები) ან/და არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (სსკ-ის 2321-ე მუხლი), რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი, შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს (პრეზუმფცია). ასეთ შემთხვევაში, სასამართლო საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე კი არ იღებს გადაწყვეტილებას, არამედ სარჩელში მითითებულ ფაქტებს უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევს და თუ მათი ერთობლიობა, თეორიულად, სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას იძლევა, გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

22. ამრიგად, შესაგებლის წარუდგენლობის, შესაბამისად, სარჩელის უარყოფის (არცნობის) არარსებობის შემთხვევაში, მოქმედებს პრეზუმფცია, რომლის თანახმად, ამ პროცესუალური მოქმედების განუხორციელებლობა უტოლდება სარჩელში მითითებული ფაქტების აღიარებას (ივარაუდება ისეთი გარემოებები, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ მოთხოვნას). ამით მოსარჩელე თავისუფლდება ამ ფაქტების დამტკიცების ტვირთისაგან. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დროს მოქმედებს პრეზუმფცია, რომელიც ეხება ფაქტს, მტკიცების წესს და არა სამართალს (იხ. სუსგ საქმე Nას-121-117-2016, 17 მარტი, 2016 წელი).

23. წინამდებარე საქმეში დადგენილია, რომ მოპასუხე კომპანიას სარჩელი და თანდართული მასალები გაეგზავნა მის იურიდიულ მისამართზე: რუსთავი, ........ და ჩაბარდა კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი პარტნიორისა და დირექტორის მეუღლეს - მ.ს–ძეს 2021 წლის 03 აპრილს.

24. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ მოპასუხე კომპანიის დირექტორის მეუღლისათვის გზავნილის ჩაბარება, თუნდაც კომპანიის იურიდიულ მისამართზე, არ შეიძლება ჩაითვალოს იურიდიული პირისათვის გზავნილის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით ჩაბარებად.

25. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს გზავნილის მხარისათვის ჩაბარების წესი განსაზღვრულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით. აღნიშნული კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. იმავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

26. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე კომპანიის იურიდიული მისამართი, სადაც მას სასამართლო გზავნილი (სარჩელი და თანდართული მასალები) ჩაბარდა, ემთხვევა კომპანიის დირექტორის - ნ.მ–ძის საცხოვრებელ მისამართს, რომელიც როგორც სარჩელში, ისე მოპასუხის მიერ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე წარგდენილ საჩივარში (იხ. ს.ფ. 76), სააპელაციო და საკასაციო საჩივრებში (იხ. ს.ფ. 127, 210) კომპანიის ალტერნატიულ მისამართად არის მითითებული. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილიდან [სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა] გამომდინარე, მოპასუხისათვის სარჩელისა და თანდართული მასალების გაგზავნა/ჩაბარება შესაძლებელი იყო როგორც მისი ძირითადი მისამართის - ფაქტობრივი ადგილსამყოფელის, ისე იურიდიული/ალტერნატიული მისამართის მიხედვით, ხოლო ვინაიდან მოპასუხე კომპანიის იურიდიული მისამართი მისი დირექტორის საცხოვრებელი ადგილის მისამართს წარმოადგენს, კომპანიის დირექტორის მეუღლისათვის გზავნილის ჩაბარება, აღნიშნული კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად ჩაბარებად უნდა ჩაითვალოს. კასატორს აღნიშნულის საწინააღმდეგო დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოპასუხეს სარჩელი და თანდართული მასალები სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით ჩაბარდა. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მოპასუხეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სწორედ იურიდიულ მისამართზე ჩაბარდა (გზავნილი ჩაიბარა დირექტორის დედამ, იხ. ს.ფ. 73), თუმცა ამ შემთხვევაში მან დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი კანონით დადგენილ ვადაში წარადგინა.

28. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის შედავებას, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზი.

29. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებამდე სასამართლო ვალდებულია შეამოწმოს, ხომ არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები. კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები. იმავე კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები.

30. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიზნებისათვის საპატიო მიზეზის ცნებას განსაზღვრავს აღნიშნული კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

31. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ საჩივარს დაურთო შპს „ო.ს.კ.ც–ის“ ცნობა ზ.მ–ძის (კომპანიის დირექტორის ძმის) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (იხ. ს.ფ. 89-90), რომლითაც დასტურდება მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა, თუმცა მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ მოპასუხემ/საჩივრის ავტორმა ვერ დაასაბუთა აღნიშნული გარემოება რატომ გახდა მოპასუხისათვის (მოპასუხე კომპანიის დირექტორისათვის) გზავნილის გადაცემის დამაბრკოლებელი გარემოება.

32. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ მოცემულ შემთხვევაში სარჩელში მითითებული გარემოებები (იხ. წინამდებარე განჩინების მე-9 პუნქტი), საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629.1 [ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური] და 361.2 [ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას] მუხლებიდან გამომდინარე, იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მართლზომიერების შეფასების ფარგლებში სასამართლოს განხილვის საგანი ვერ გახდება კასატორის შედავება მოსარჩელის მიმართ არსებული ვალდებულების სრულად შესრულების თაობაზე.

33. შესაბამისად, ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხეს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში შესაგებელი არ წარუდგენია და არც შესაგებლის წარსადგენად განსაზღვრული ვადის გაგრძელების შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო მოპასუხის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები.

34. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

35. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

36. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 4 806,98 ლარის 70% – 3 364,89 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „მ.ლ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. შპს „მ.ლ–ს“ (ს.ნ. ........) დაუბრუნდეს მის მიერ 2022 წლის 18 ნოემბერს №1668773907 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 4 806,98 (ოთხი ათას რვაას ექვსი ლარი და ოთხმოცდათვრამეტი თეთრი) ლარის 70% – 3 364,89 (სამი ათას სამას სამოცდაოთხი ლარი და ოთხმოცდაცხრა თეთრი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი