საქმე №ას-1334-2022 28 ნოემბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ა.რ–ი (მოპასუხე, მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.კ–ი (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელში)
მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო
არასრულწლოვანი ბავშვები - ლ.რ–ი, გ.რ–ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 8 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – არასრულწლოვნების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 08 დეკემბრის განჩინებით ა.რ–ის (შემდგომში - „მოპასუხე“, „მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში“, „მამა“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 08 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც ნ.კ–ის (შემდგომში - „მოსარჩელე“, „მოპასუხე შეგებებულ სარჩელში“ ან „დედა“) სარჩელი მოპასუხის მიმართ, მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო, დაკმაყოფილდა; შეწყდა მხარეთა შორის 2006 წლის 26 თებერვალს რეგისტრირებული ქორწინება (აქტის ჩანაწერი N0068250); არასრულწლოვანი ბავშვების - 2007 წლის 05 იანვარს დაბადებული ლ.რ–ისა და 2012 წლის 25 სექტემბერს დაბადებული გ.რ–ის (შემდგომში ერთად - „არასრულწლოვანი ბავშვები/შვილები“) საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის საცხოვრებელი ადგილი; მოპასუხეს შეეზღუდა მშობლის უფლება არასრულწლოვანი შვილების საზღვარგარეთ გაყვანის ნებართვის გაცემის უფლების ნაწილში და მათი საზღვარგარეთ გაყვანის უფლება კალენდალური წლის განმავლობაში არაუმეტეს 10 თვის ვადით მიეცა დედას მამის ნებართვის გარეშე; მოპასუხის შეგებებული სარჩელი მოსარჩელის მიმართ არასრულწლოვანი ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. მოსარჩელე და მოპასუხე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2006 წლის 26 თებერვლიდან. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი ქალიშვილი - 2007 წლის 05 იანვარს დაბადებული ლ.რ–ი და 2012 წლის 25 სექტემბერს დაბადებული გ.რ–ი (იხ. ტ. 1, ს.ფ. 16-18).
2.2. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს არასრულწლოვანი ლ.რ–ი იყო 15 წლის და 6 თვის, ხოლო არასრულწლოვანი გ.რ–ი 9 წლის 9 თვის.
2.3. მოსარჩელემ, მოპასუხემ და მათმა არასრულწლოვანმა შვილებმა ლატარიაში, ე.წ. „მწვანე ბარათის“ გათამაშებაში გაიმარჯვეს, რომლის საფუძველზეც, სხვა უფლებებთან ერთად, ამერიკის შეერთებულ შტატებში (შემდგომში - „აშშ”) ლეგალურად ცხოვრების, მუშაობის, სოციალური დაზღვევის ნომრისა და სახელმწიფო დაზღვევის მიღების უფლება მოიპოვეს. 2017 წლის 01 აპრილს აშშ-ში თავდაპირველად გაემგზავრა მოსარჩელე, ხოლო იმავე წლის 24 ივლისს ასევე გაემგზავრნენ მოპასუხე და არასრულწლოვანი შვილები.
2.4. უდავოა, რომ 2017 წლის 04 სექტემბერს აშშ-დან საქართველოში დაბრუნდნენ მოპასუხე და არასრულწლოვანი ბავშვები. საქართველოში დაბრუნების შემდეგ არასრუწლოვანმა ბავშვებმა ცხოვრება გააგრძელეს მამასთან ერთად გარდაბნის რაიონში მდებარე სოფელ ......... 2019 წლის 08 აგვისტოს აშშ-დან საქართველოში დროებით დაბრუნდა მოსარჩელეც. დედის საქართველოში დაბრუნების შემდეგ არასრულწლოვანი ბავშვები საცხოვრებლად გადავიდნენ ქ. თბილისში, მოსარჩელის მამის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ საცხოვრებელ სახლში, სადაც არასრულწლოვანი ბავშვები დღემდე ცხოვრობენ. აშშ-დან საქართველოში დაბრუნების შემდეგ არასრულწლოვანმა ბავშვებმა სწავლა გააგრძელეს სოფელ ........ მდებარე სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში, ხოლო ამჟამად ორივე არასრულწლოვანი განათლებას იღებს ქ. თბილისში.
2.5. მოსარჩელე ცხოვრობს ქალაქ ნიუ-იორკში ნაქირავებ ბინაში და არის შრომისუნარიანი. ძველი დამსაქმებელი, სადაც ის საშინაო სამედიცინო მოვლის სპეციალისტად მუშაობდა, ახასიათებს როგორც ფასდაუდებელ თანამშრომელს, რომელიც ყველა ვალდებულებას ასრულებდა ჯეროვნად, მაღალი პროფესიონალიზმით. საქმეში წარდგენილია იჯარის ხელშეკრულებები, საიდანაც ირკვევა, რომ დამქირავებელს - მოსარჩელესა და გამქირავებელს შორის რამდენჯერმე გაგრძელდა ქირავნობის ხელშეკრულება 2685 %%%%%%%, ბრუკლინი, ნიუ-იორკში მდებარე უძრავ ქონებაზე.
2.6. მოპასუხე ცხოვრობს გარდაბნის რაიონში სოფელ ........ მდებარე კერძო სახლში, სადაც საცხოვრებლად ყველა პირობაა შექმნილი. იგი 2019 წლის ოქტომბრის ჩათვლით დასაქმებული იყო შპს ,,ჯ.უ.ე.ფ–ში”, სადაც მისი ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენდა 1000 ლარს.
2.7. თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის სოციალური მუშაკის 10.12.2019წ. დასკვნის თანახმად, სოციალური მუშაკის მიერ ვიზიტი განხორციელდა მოსარჩელის საცხოვრებელ მისამართზე ქ. თბილისში, ........ მდებარე საცხოვრებელ სახლში, რომელიც მოსარჩელის მამის საკუთრებას წარმოადგენს. ვიზიტის ფარგლებში გასაუბრება შედგა როგორც მოსარჩელესთან, ასევე, არასრულწლოვან ბავშვებთან. მოსარჩელის განმარტებით, 2017 წელს ოჯახმა გაიმარჯვა ,,მწვანე ბარათის” გათამაშებაში, რომლის საშუალებითაც გაემგზავრნენ აშშ-ში. ჩასვლისთანავე მეუღლეებს შორის დაიძაბა ურთიერთობა, მოპასუხე აშშ-ში თავს გრძნობდა არარეალიზებულად და სურდა საქართველოში დაბრუნება. იმ პერიოდში მოსარჩელეს არ ჰქონდა ბავშვებისთვის მომვლელის დაქირავების საშულება, ამიტომ 2017 წელს მოპასუხე შვილებთან ერთად საქართველოში დაბრუნდა. შემდეგ პერიოდში მოსარჩელემ იქირავა სტაბილური საცხოვრებელი, განიმტკიცა სამსახურებრივი პოზიციები და სურს შვილების მასთან საცხოვრებლად გადაყვანა. მოსარჩელის გადმოცემით, მისი ყოველთვიური შემოსავალი საშუალოდ 3 000 აშშ დოლარია. მოსარჩელის დის განმარტებით, ბავშვების აღზრდაში დედა აქტიურად არის ჩართული, მათ შორის, საზღვარგარეთ ყოფნის პერიოდში. მოსარჩელის განმარტებით, სარჩელის აღძვრის საფუძველი გახდა ბავშვების მამის მხრიდან ბავშვების აშშ-ში გამგზავრებასთან დაკავშირებით გამოხატული უარყოფითი დამოკიდებულება და შესაბამისი დოკუმენტების გაცემასთან დაკავშირებით წარმოქმნილი სირთულეები. არასრულწლოვანი ბავშვების გადმოცემით, დედასთან აქვთ თბილი და მეგობრული დამოკიდებულება, დედა ცდილობს წაახალისოს მათი მისწრაფებები. მამასთან დაკავშირებით მიუთითებენ, რომ მამას მათთან მეგობრული ურთიერთობა აქვს. მამასთან თანაცხოვრების პერიოდში იხსენებენ ბებიის ჩართულობას მათი აღზრდის პროცესში. ბავშვები აღნიშნავენ, რომ მამამ აშშ-ში დედასთან გამგზავრების თხოვნაზე უარი უთხრათ. სოციალურმა მუშაკმა არასრულწლოვანთა უპირატესი უფლებებისა და ინტერესების გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიიჩნია მამისათვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა (იხ. ტ. 1, ს.ფ. 85-86).
2.8. გარდაბნის რაიონული განყოფილების სოციალური მუშაკის 13.01.2020წ. დასკვნის თანახმად, მოპასუხე ცხოვრობს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ......... მას აქვს კერძო სახლი, სადაც შექმნილია ყველა პირობა ბავშვებისთვის. მოპასუხის ინფორმაციით, ამერიკაში ისინი თავს აფარებდნენ სხვა ქართველების ოჯახს, სადაც იყო ძალიან დამამცირებელ გარემოში, ამასთანავე იყო არასათანადო მოპყრობის შემთხვევები მის მიმართ. მოსარჩელე მუშაობდა და შვილებს მამა უვლიდა. ფაქტობრივად, მას და ბავშვებს არ ჰქონდათ ვინმესთან ურთიერთობა. აღნიშნული უარყოფით გავლენას ახდენდა მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. ასევე, ძალიან განიცდიდა ბავშვების მდგომარეობას, ისინი შეჩვეული იყვნენ თანატოლებთან და ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობას, რაც აშშ-ში ყოფნის დროს შეზღუდული ჰქონდათ. ამასთან, სამუშაოდან გამომდინარე, დედაც ვერ იცლიდა მათთან ურთიერთობისთვის. საქართველოში დაბრუნების შემდგომ მათ კვლავ გააგრძელეს ცხოვრება სოფელ ........, მათივე სახლში, სადაც ბავშვებს ძალიან უყვართ ყოფნა. დედის საქართველოში ყოფნის პერიოდში ბავშვები დედასთან ცხოვრობენ. ისინი თბილისიდან სოფელ ........ დადიან სკოლაში და სკოლის შემდგომ მიდიან სახლში მამასთან და ბებიასთან, დაისვენებენ, ისადილებენ, მოისიყვარულებენ და შემდგომ მიემგზავრებიან თბილისში დედასთან.
მოპასუხის განმარტებით, მას და მის შვილებს ძალიან უყვართ ერთმანეთი და ცალ-ცალკე ძალიან გაუჭირდებათ. მან ასევე იცის მისი შვილების დამოკიდებულება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. განსაკუთრებით განიცდის ლ–ს მდგომარეობას, რადგან იცის, რომ ლ–ს ძალიან უყვარს მისი გარემო, თანატოლები, მეგობრები ვისთანაც მთელი ბავშვობა აქვს გატარებული და ბავშვთან საუბრით გამორკვეული აქვს, რომ ლ. დედის სურვილს ითვალისწინებს, თორემ მას სულ არ უნდა არსად წასვლა და ურჩევნია იცხოვროს თავის სახლში მამასთან, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას დედა არ უყვარს. დედას ლ–ის გადაყვანა სურდა სხვა სკოლაში, რასაც ბავშვი არ დაეთანხმა, რადგან არ უნდოდა გარემოს შეცვლა.
მოპასუხე გამოხატავს მზაობას, მოსარჩელესთან შეთანხმებით ხელი შეუწყოს ბავშვებს ინგლისური ენის საფუძვლიანად დაუფლებაში, რათა სკოლის დასრულების შემდგომ ბავშვებმა თავად მიიღონ გადაწყვეტილება გაემგზავრონ თუ არა ამერიკაში საცხოვრებლად.
სოციალური მუშაკის რეკომენდაციით, გათვალისწინებული უნდა იყოს ის გარემოებები, რომ საქართველოდან გამგზავრების შემთხვევაში არასრულწლოვან ბავშვებს შეზღუდული ექნებათ მამასთან და სხვა მათთვის ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობა, აგრეთვე, მოუწევთ სკოლის გამოცვლა, რაც სავარაუდოდ უარყოფით ზეგავლენას მოახდენს მათზე, განსაკუთრებით 13 წლის ლ–ზე, რომელსაც აქვს გარდატეხის ასაკი და მის ასაკში ბავშვები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან. ასევე, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ბავშვების მამას აქვს გამოცდილება მეორე მშობლის ყოველდღიური ჩართულობის გარეშე მოუაროს და იზრუნოს შვილებზე, იზრუნოს მათ გარეგნობაზე და ჰიგიენაზე, დააკმაყოფილოს მათი საჭიროებები, იზრუნოს შვილების ჯანმრთელობაზე და განათლებაზე, ასევე, მას ჰყავს თანადგომის ქსელი, რომლებიც მხარდაჭერას უცხადებენ მას. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მოსარჩელის საქართველოში ყოფნის პერიოდში მათი შვილები იცხოვრებენ დედასთან (იხ. ტ. 1, ს.ფ. 89-90).
2.9. საქმეში წარმოდგენილია 14.05.2021წ. ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგები, რომლის ფარგლებშიც არასრულწლოვან ბავშვებთან და მათ მშობლებთან ჯამში ექვსი ვიზიტი განხორციელდა, რა დროსაც გამოყენებულ იქნა ნახევრად სტრუქტურირებული ინტერვიუ, ქცევაზე დაკვირვება, გ.რ–თან დამატებით დაუსრულებელი წინადადებები, ოჯახის ნახატი.
დასკვნით ირკვევა, რომ გამოკვლევის პროცესში არასრულწლოვანები თავისუფლად გამოთქვამდნენ მოსაზრებებს. 14 წლის ლ.რ–ი ამჯობინებს დედასთან ურთიერთობას და განწყობილია, რომ ამერიკაში წავა. 8 წლის გ.რ–ი მეტად მორიდებულია, ამერიკაში წასვლასთან დაკავშირებით არგუმენტირებულად უჭირს საკუთარი პოზიციის გამოხატვა. გ–ას თხრობა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ლაკონურია და მოკლე წინადადებებით აფიქსირებს მოსაზრებას. მას დედა ენატრება. მამის და გოგონების შეხვედრიდან ჩანს, რომ მამას შვილები ენატრება. ლექსიკური მარაგი, ზოგადი ცოდნის დონე, ორივე არასრულწლოვნის შემთხვევაში ასაკს შეესაბამება. არასრულწლოვნებს მშობლების მიმართ აქვთ დადებითი დამოკიდებულებები. მათ ურთიერთობაში რაიმე შემაფერხებელი არ არის. თავს თავისუფლად გრძნობენ.
ლ.რ–ის დედის მიმართ დამოკიდებულება: ,,დედასთან ჩვეულებრივი დამოკიდებულება მაქვს, არ ვეწინააღმდეგები, ვეწყობით ერთმანეთს. ზოგჯერ ფილმებსაც ვუყურებთ ერთად, რაიმე გასაზიარებელი თუ მაქვს პირველად უფრო დედას ვეუბნები, რადგან უფრო დედასთან მაქვს შეხება”.
გ.რ–ის დედის მიმართ დამოკიდებულება: ,,დედასთან ყოველდღე ვლაპარაკობ, ჩემს დასთან რეკავს და ველაპარაკები მეც, როდესაც დედასთან ერთად ვთამაშობ, სულ მაღაზიებში მივყვები, მეხუტება ხოლმე” (ბედნიერია როცა დედაზე საუბრობს). ოჯახის ნახატის სიტუაციურ შეკითხვებში გ–ამ აღნიშნა, რომ დედა ყველაზე ბედნიერია და დედას ბედნიერების მიზეზი გ–ას კარგი სწავლა და ქცევაა. დაუსრულებელ წინადადებებში ამბობს: „დედაჩემი სულ მახარებს”.
ლ.რ–ის მამის მიმართ დამოკიდებულება: ,,ჩემთვის დედა და მამა ორივე მშობელია, ბოლოს წინა კვირას ვნახე, ხანდახან უთანხმოება მოგვდის იმიტომ, რომ იქნებ მოხერხდეს და ერთად ვიყოთო, მაგრამ მშობლები ვერ ეწყობიან ერთმანეთს, მე ამერიკაში მინდა ძალიან”.
გ.რ–ის დამოკიდებულება მამის მიმართ: “მამას შაბათ-კვირას ვნახულობ, ზოგჯერ სამეცადინო მაქვს და ვერ ვნახულობ. მომენატრა. მირეკავს ხოლმე, მე ვერ ვურეკავ მესენჯერი არ მაქვს. ჩემს დას ურეკავს, ყოველდღე ველაპარაკები. მამიკოსთან ერთად როდესაც ვარ ვთამაშობ გარეთ გავდივარ, ვსეირნობ, მაღაზიაში მივდივართ ხოლმე”. დაუსრულებელ წინადადებებში ამბობს: „მე მინდა, მამაჩემი სულ მატარებდეს გარეთ” (სეირნობას გულისხმობს).
არასრულწლოვანი ბავშვების მხრიდან დედის და მამის მიმართ გაუცხოვება არ იკვეთება.
გ–ა: „დედაც და მამაც წასვლაზე შენ როგორც გინდა ისე ქენიო მეუბნებიან... ამერიკაში მინდა წასვლა, მომწონს იქაურობა, დედასთან ერთად მინდა ცხოვრება, დედა ვერ ჩამოვა, იქ მინდა სწავლის გაგრძელება, რომ წავედი, იქ მომეწონა, თან ერთი მეგობარი იქ გავიჩინე. მამიკოს როგორც უნდა ისე მოიქცეს, თუ უნდა წამოვიდეს, თუ უნდა აქ დარჩეს... ზოგჯერ ჩემს დასთან ერთად ვლაპარაკობ წასვლის საკითხებზე, მინდა ამერიკაში წასვლა, იმიტომ, რომ იქ მინდა სწავლის გაგრძელება, ინგლისურად რომ ვილაპარაკო, მეგობრები რომ მყავდეს იქაური მომწონს...”.
ლ–ი: „წასვლა ორივეს გვინდა, მამა ეწინააღმდეგება ამ საკითხს. ის ფიქრობს, რომ აქაც შეიძლება ცხოვრება... მე დიზაინი მაინტერესებს და იქ უფრო უკეთ ვისწავლი. ენა ვიცი, ამერიკაში მინდა ძალიან”. ლ–ი შეკითხვაზე - დედა რომ საქართველოში დაბრუნდეს მაინც ენდომება თუ არა ამერიკაში წასვლა, პასუხობს: „დედა არ დაბრუნდება საქართველოში, ან როდესაც გავიზრდები მერე წავალ ამერიკაში, ეხლა დამოუკიდებლად პატარა ვარ და ვერ წავალ, დედასთან მინდა ცხოვრება”.
მამის და არასრულწლოვნების შეხვედრისას მამა აღნიშნავს, რომ ,,ეხლანდელ საცხოვრებელში, მეტი ინიციატივა რომ გამოიჩინონ გოგონებმა მამასთან ყოფნის სურვილისა, უსიამოვნება შეხვდებათ ბებიის მხრიდან, ამიტომ ერიდებიან პირდაპირ ამის აღნიშვნას. ჩემს სახლში ლაღად და სიყვარულით გრძნობენ თავს”.
დედის ინტერვიუდან ირკვევა, რომ დედამ იზრუნა არასრულწლოვნების ადაპტაციის პროცესის მარტივად გასავლელად. ის მზაობას აცხადებს შვილებმა იცხოვრონ მასთან. დედის განმარტებით, მან მოამზადა როგორც საცხოვრებელი პირობები, ასევე, იზრუნა სამომავლოდ შვილების სოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობაზე. ცხოვრობს ისეთ უბანში, სადაც ბავშვებს ქართულ ოჯახებთანაც ექნებათ ურთიერთობა, ასევე, შერჩეული აქვს შესაბამისი სკოლა, სადაც არასრულწლოვნებს შეეძლებათ განათლების მიღება.
დასკვნა: არასრულწლოვნებს მშობლების მიმართ აქვთ დადებითი დამოკიდებულება. მათ ურთიერთობაში რაიმე შემაფერხებელი არ არის. თავს თავისუფლად გრძნობენ. არასრულწლოვნებს აქვთ დედის მონატრება და მასთან ურთიერთობის მოთხოვნილება. მამასთან თავს გრძნობენ კომფორტულად, თავისუფლად გამოთქვამენ მოსაზრებებს და მამის მიმართ დამოკიდებულება დადებითია. ლ–ის დედასთან სურს და განწყობაც აქვს შექმნილი, რომ ამერიკაში ისწავლის დიზაინს. გვიან მოცემულ ეტაპზე სწავლობს ენას და ასევე სურვილი აქვს იყოს დედასთან, თუმცა წინააღმდეგი არ არის მამასთან იცხოვროს. გასათვალისწინებელია დასთან მიჯაჭვულობის საკითხი, გ–ა ლ–ის აზრს ითვალისწინებს და მასთან აქვს მიჯაჭვულობა. ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ბავშვების ცხოვრებაში ჩართულობის მხრივ თანაბრად მონაწილეობდნენ მშობლები. დედის მიმართ მონატრება არასრულწლოვნებს აძლევს მოტივაციას, დედასთან ამერიკაში წავიდნენ საცხოვრებლად. საცხოვრებელი ადგილის ცვლილება არ დააზიანებს არასრულწლოვნებს ისეთ შემთხვევაში, როდესაც ისინი ამ ცვლილებისთვის იქნებიან მომზადებულები. მოცემულ ვითარებაში ლ.რ–ს არ აქვს ენის ბარიერი და უფრო მარტივად მოახერხებს ადაპტაციას, გ–ას ადაპტაციის პროცესის მარტივად გასავლელად დასჭირდება ენის ბარიერის საკითხის მოგვარება
რეკომენდაციები: გასათვალისწინებელია ენის ბარიერი და ადაპტაციის საკითხები ამერიკაში ჩასვლის შემთხვევაში. ისეთ შემთხვევაში თუ არასრულწლოვნები დარჩებიან საქართველოში, მათი საუკეთესო ინტერესების დაცვით მამასთან უფრო მჭიდრო ურთიერთობის საჭიროება დგას, მოცემულ რეალობაში მამას იშვიათად ხვდებიან, ხოლო დედა ფიზიკურად არ იმყოფება საქართველოში, შესაბამისად, ორივე მშობელთან დისტანცირება უწევთ. სასურველია მშობლები შეთანხმდნენ დავის საგანზე და გადახედონ საკუთარ პოზიციებს.
2.10. სააპელაციო სასამართლოში არასრულწლოვან ბავშვებთან წარმოებული გასაუბრების ფარგლებში დადასტურდა, რომ ბავშვებს უყვართ ორივე მშობელი. ლ.რ–ი ერთმნიშვნელოვნად გამოხატავს დედასთან აშშ-ში საცხოვრებლად წასვლის სურვილს. აშშ-ში საცხოვრებლად გადასვლას ლ.რ–ი საყვარელ ადამიანთან - დედასთან ცხოვრებასთან ერთად განათლების მიღებას უკავშირებს და აღნიშნავს, რომ აშშ-ში სურს არქიტექტურის შესწავლა. ლ. გამოხატავს წყენას მამის მიმართ, რასაც იმით ხსნის, რომ მამას არ უნდა მისი აშშ-ში წასვლა და შესაბამის საბუთებზე თანხმობის გაცემა. აშშ-ში საცხოვრებლად გადასვლის შემთხვევაში მამასთან ურთიერთობის შესაძლო გაციების შესახებ დასმულ საკითხზე ლ–ს დედის მაგალითი მოჰყავს და განმარტავს, რომ მიუხედავად დედასთან დისტანცირებისა, დედის მიმართ მისი გრძნობები არ შეცვლილა. ლ. ახსენებს აშშ-ში მყოფ მეგობარს, რომელიც აშშ-ში სწავლასთან და სასწავლებლებთან დაკავშირებით ინფორმაციას უზიარებს.
3. აპელანტის პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ მან შესაგებელშივე აღნიშნა აშშ-ში ბავშვებისთვის არასათანადო პირობების არსებობის შესახებ, სააპელაციო პალატამ პირველ რიგში ყურადღება მიაპყრო წინამდებარე განჩინების 2.3 პუნქტში დასახელებულ იჯარის ხელშეკრულებას, რომლითაც საცხოვრებელი ბინის მოსარჩელის მართლზომიერ მფლობელობაში არსებობის ფაქტი მტკიცდება; გარდა ამისა, სასამართლოს განმარტებით, ამ მიმართებით საგულისხმოა შესაგებლის შინაარსი, სადაც აშშ-ში საცხოვრებელი პირობების ნაკლზე მითითებულია, როგორც მოპასუხისა და არასრულწლოვანი ბავშვების საქართველოში დაბრუნების საფუძველზე, რაც მხარეთა და მათი არასრულწლოვანი შვილების აშშ-ში გამგზავრების პერიოდს - 2017 წლის მოვლენებს ეხება, რა დროსაც არც მოსარჩელე და არც მოპასუხე აშშ-ში დასაქმებული არ ყოფილან, მეტიც, მოპასუხე განმარტავდა, რომ აშშ-ში მისი და ბავშვების ყოფნის დროს დროებით ქართულ ოჯახთან უწევდათ ცხოვრება.
4. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სააპელაციო სასამართლოში გასაუბრების დროს არასრულწლოვანი ლ.რ–ი იყო 15 წლის და 6 თვის, ხოლო არასრულწლოვანი გ.რ–ი 9 წლის 9 თვის; ამასთან, ფსიქოლოგიური გამოკვლევების შედეგების თანახმად, არასრულწლოვნების განვითარება/ზოგადი ცოდნის დონე მათ ასაკს შეესაბამება. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან, სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგის დასკვნებთან ერთად გადაწყვეტილების მიღებისას მნიშვნელობა უნდა მინიჭებოდა არასრულწლოვნების პოზიციას.
5. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმის განხილვის მიმდინარეობის ყველა ეტაპზე არასრულწლოვანმა ბავშვებმა დედასთან ერთად ცხოვრების სურვილზე მიუთითეს. ამ მხრივ განსაკუთრებით საგულისხმოა უფროსი ქალიშვილის - ლ.რ–ის პოზიცია, რომელიც გამოხატავს უპირობო სურვილს აშშ-ში დედასთან საცხოვრებლად გადასვლასთან დაკავშირებით, მეტიც, მამის მიმართ გაბრაზებისა და წყენის გაჩენის ერთადერთ საფუძვლად დედასთან გამგზავრებაში ხელის შეშლას ასახელებს. სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა ფსიქოლოგის დასკვნაში საცხოვრებელი ადგილის ცვლილების მოსალოდნელ რისკებზეც, რაშიც დასკვნის ავტორი დედის საცხოვრებელი ქვეყნის ენის, ამ შემთხვევაში ინგლისური ენის, ცოდნას ასახელებს და იქვე დასძენს, რომ ვინაიდან ლ.რ–ს არ აქვს ენის ბარიერი, ადაპტირებასაც მარტივად მოახერხებს. სასამართლოს განმარტებით, მართალია, საქმის განხილვის მიმდინარეობის დროს გ.რ–ი არ ფლობდა ინგლისურ ენას, თუმცა აღნიშნული გარემოება ბავშვის სურვილს - იცხოვროს დედასთან და უფროს დასთან ერთად ვერ გადაწონიდა. ამ მიმართებით განსაკუთრებით საგულისხმოა თავად არასრულწლოვნის განწყობა მათ შორის ინგლისური ენის შესწავლასთან და უცხოენოვანი მეგობრების ყოლასთან დაკავშირებით, ასევე, გასათვალისწინებელია არასრულწლოვნების დედის განათლება, პროფესიული გამოცდილება და უნარ-ჩვევები (უდავოა, რომ მოსარჩელე პროფესიით ინგლისური ენის პედაგოგია), რაც კითხვის ნიშნის ქვეშ არასდროს დამდგარა. ამდენად, საქმის განხილვის დროს ენის არცოდნა ბავშვის სურვილის საპირისპირო შედეგს საფუძვლად ვერ დაედება.
6. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ცალ-ცალკე მცხოვრები მშობლებისა და არასრულწლოვნის ინტერესებს შორის ბალანსის დაცვის მიზნით, უნდა გამოინახოს არა მხოლოდ ერთ-ერთი მშობლის სასარჩელო მოთხოვნაზე სწორი გადაწყვეტილების მიღების საშუალება, არამედ უნდა დადგინდეს მეორე მშობლის ურთიერთობის წესი ბავშვის მიმართ, რა დროსაც საკითხი უნდა გადაწყდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ზედმიწევნით უნდა განიკარგოს სპეციალისტების - ბავშვის კანონიერი წარმომადგენლებისა და ფსიქოლოგების შესაძლებლობანი. ამ მიმართებით საგულისხმოა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის პოზიცია, რომ რადგან მშობლების მხრიდან არანაირი ზეგავლენა ბავშვებზე არ არსებობს, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს არასრულწლოვნების სურვილი გადაწყვეტილების მიღების დროს. საგულისხმოა ასევე დასკვნის ავტორი ფსიქოლოგის სასამართლოში მიცემული ახსნა-განმარტებაც, რომლის თანახმად, მართალია, ბავშვებს ძალიან თანმიმდევრულად და კონკრეტულად არ აქვთ აშშ-ში ცხოვრების გეგმა, თუმცა ბავშვები განწყობილნი არიან, რომ მონატრებულ დედასთან ერთად უკეთეს გარემოში იცხოვრებენ და უკეთეს განათლებას მიიღებენ (იხ. 05.07.2022წ. სხდომის ოქმი).
7. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-8 მუხლით, „ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის” 3.1, 9.1, 9.3, მე-12, 18.1, ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-8, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198.1, 1199-ე, 1201-ე მუხლებით და საქმეზე დადგენილი გარემოებების, ბავშვების სურვილის, განსახილველი საკითხის მიმართ მათი დამოკიდებულებისა და მამის მიმართ ჩამოყალიბებული წყენის მიზეზის გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ ბავშვების სურვილის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღებით იარსებებს მამა-შვილებს შორის ურთიერთობის გართულებისა და საბოლოოდ ასეთი გადაწყვეტილების აღსრულების გართულების სერიოზული რისკები. დასახელებულმა გარემოებებმა კი სასამართლოს მისცა დასკვნის საფუძველი, რომ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც ბავშვების საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილი განისაზღვრა და ამ მიზნით ბავშვების მამას საზღვარგარეთ გაყვანის ნებართვის გაცემის უფლების ნაწილში მშობლის უფლება შეეზღუდა, ბავშვების ობიექტურ სურვილსა და მათ საუკეთესო ინტერესებს შეესაბამება.
8. სააპელაციო პალატის განმარტებით, წინამდებარე განჩინებაში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი დასკვნები პირდაპირ გამორიცხავს მოპასუხის შეგებებული სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
9. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
10. მოსარჩელემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის მიზნით მოცემულ საქმეზე დროებითი განკარგულების გამოცემა მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
11. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
14. საკასაციო საჩივრის თანახმად:
14.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაირღვა მოპასუხის, როგორც მშობლის, უფლებები. სოციალური მუშაკის დასკვნით, ბავშვებს გამგზავრებით შეეზღუდებათ მამასთან, ასევე, ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობა, მოუწევთ სკოლის გამოცვლა, რაც, სავარაუდოდ, უარყოფით გავლენას მოახდენს მათზე. დასკვნაში ასევე მითითებულია, რომ გ–ას ადაპტაციის პროცესი მარტივი არ იქნება, საზღვარგარეთ გადასასვლელად დასჭირდება ენის ბარიერის საკითხის მოგვარება, რაც რეკომენდაციაშიც მითითებულია;
14.2. მოპასუხეს შვილებთან ყოველდღიური ჩართულობის დიდი გამოცდილება აქვს, იგი უვლიდა შვილებს, ზრუნავდა მათ ჰიგიენაზე, გარეგნობაზე, ჯანმრთელობასა და განათლებაზე, ჰყავდათ თანადგომის ქსელი. მამას ძალიან უყვარს თავისი შვილები და ზრუნავს მათ მომავალ განვითარებაზე. რა აუცილებლობით არის გამოწვეული, რომ ბავშვებმა იცხოვრონ და ისწავლონ ამერიკაში, როდესაც მხარეს კონკრეტული სკოლაც არ აქვს არჩეული. სასამართლო მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტებით შემოიფარგლა და ისე დაადგინა, რომ მოსარჩელეს აქვს შემოსავალი 3000 აშშ დოლარის ოდენობით;
14.3. სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გახდა დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი. სასამართლო დაეყრდნო მოსარჩელის ახსნა-განმარტებას იმ ფაქტობრივი გარემოების შეფასების ნაწილში, რისი დამადასტურებელი მტკიცებულებებიც ვერ იქნა წარდგენილი, კერძოდ, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას. სასამართლომ ბავშვების საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილი განსაზღვრა, თუმცა რომელი ადგილი, გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული, ასევე, არ იქნა შესწავლილი მოსარჩელის საცხოვრებელი პირობები. მოპასუხე აღნიშნულს სადავოდ ხდიდა შესაგებელშიც, რადგან სწორედაც გაუსაძლისი პირობების გამო მოუწია შვილებთან ერთად საქართველოში დაბრუნება.
15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, მათ შორის, „ბავშვის უფლებების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის კონვენციით, „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციითა“ და საქართველოს შიდასაკანონმდებლო აქტებით აღიარებულია მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპი შვილების მიმართ და ბავშვის უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. ბავშვისა და მშობლების ურთიერთობის უფლება შეიძლება შეიზღუდოს ან გამოირიცხოს მხოლოდ მაშინ, თუ ეს აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის.
16. „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენცია აწესებს ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. კონვენციის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულისა და ურთიერთგაგების ატმოსფეროში.
17. დასახელებული კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში, იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას. კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან, შესაბამის შემთხვევებში, კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.
18. ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესობა დადგენილია, ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით.
19. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც (იხ. სუსგ საქმე Nას-1112-1047-2015, 04 მარტი, 2016 წელი).
20. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მშობლების ბავშვთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ დავებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის (Krasicki v. Poland, § 83). ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს უპირველესი საზრუნავი (Gnahore v. France, § 59) და შესაძლებელია, თავისი შინაარსიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, გადასწონოს მშობლების ინტერესი (Sahin v. Gernamy, § 66).
21. აღნიშნულმა პრინციპმა ასახვა ჰპოვა საქართველოს კანონმდებლობაშიც. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის შესაბამისად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. იმავე კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.
22. დასახელებული სამართლებრივი ნორმების ანალიზი იძლევა ცალსახა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება, შესაბამისად, ჩარევის პროპორციულობის დასაშვები ზღვარი იმისი უალტერნატივოდ დადგენაა, რომ ამგვარი ჩარევა წარმოადგენს ერთადერთ სწორ და მისაღებ გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის/მცირეწლოვნის, როგორც საზოგადოების მომავალი სრულუფლებიანი და ღირსეული წევრის, განვითარებაში (იხ. სუსგ საქმე Nას-458-440-2016, 15 ივლისი, 2016 წელი).
23. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლის თანახმად, თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი. შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.
24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ არასრულწლოვნის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის საკითხის გადაწყვეტისას შესწავლილი უნდა იყოს საკითხი იმის შესახებ, როდის და სად სჯობს იყოს ბავშვი, სად არის მისთვის უკეთესი, რომელ მშობელს აქვს უფრო მეტი რესურსი კონკრეტულ პერიოდში, რომ მისცეს ბავშვს უკეთ განვითარების შანსი. გარემომ, სადაც მომავალში იქნება ბავშვი, ხელი უნდა შეუწყოს მის ფსიქო-ემოციურ და ინტელექტუალურ განვითარებას, სამომავლო ურთიერთობებსა და სოციალიზაციის პროცესს. ამასთან, როდესაც საქმე არასრულწლოვნების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრასა და ცალ-ცალკე მცხოვრებ მშობლებთან ურთიერთობის მოწესრიგებას ეხება, განსაკუთრებული სიფრთხილით შეფასებას მოითხოვს არასრულწლოვანთა საქმეებზე მომუშავე პირებისა თუ შესაბამისი სპეციალისტების (ფსიქოლოგის) მიერ გაკეთებული დასკვნები (იხ. სუსგ საქმე Nას-53-51-2016, 06 ივლისი, 2016 წელი; Nსას-1060-2021, 28 აპრილი, 2022 წელი).
25. განსახილველ შემთხვევაში საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, სოციალური მუშაკის 10.12.2019წ. და 13.01.2020წ. დასკვნების, ფსიქოლოგიური გამოკვლევის 14.05.2020წ. შედეგების, ასევე, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის პოზიციისა და სასამართლო სხდომაზე ფსიქოლოგის მიერ მიცემული ახსნა-განმარტების ურთიერთშეჯერებისა და თავად არასრულწლოვანი ბავშვების პოზიციის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ არასრულწლოვანი ბავშვების საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა სრულად შეესაბამება არასრულწლოვანი ბავშვების საუკეთესო ინტერესებს და, შესაბამისად, იმ ეროვნულ და საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებს, რომლებიც დადგენილია არასრულწლოვანთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტისათვის. კასატორს აღნიშნულის საწინააღმდეგო სამართლებრივად ვარგისი პრეტენზია არ წარმოუდგენია.
26. ზემოაღნიშნული მსჯელობები იმავროულად გამორიცხავს არასრულწლოვანი ბავშვების საცხოვრებელ ადგილად მამის საცხოვრებელი ადილის განსაზღვრის თაობაზე მოპასუხის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
27. რაც შეეხება მშობლის/მამის უფლების შეზღუდვას არასრულწლოვანი ბავშვების საზღვარგარეთ გაყვანაზე თანხმობის გაცემის ნაწილში, კასატორს აღნიშნულთან დაკავშირებით შედავება არ წარმოუდგენია, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ მამისათვის აღნიშნული უფლების შეზღუდვის მიზანს მოცემულ შემთხვევაში ბავშვების საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა წარმოადგენს (ვინაიდან დედის საცხოვრებელი ადგილი აშშ-ში მდებარებს), საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოპასუხისათვის მშობლის უფლების შეზღუდვა საზღვარგარეთ გაყვანის ნებართვის გაცემის უფლების ნაწილში ასევე შეესაბამება არასრულწლოვანი ბავშვების საუკეთესო ინტერესებს.
28. დროებითი განკარგულების გამოცემის თაობაზე მოწინააღმდეგე მხარის/მოსარჩელის შუამდგომლობასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 355-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე მიიღოს დროებითი განკარგულება, რათა მოაწესრიგოს ერთ-ერთი მშობლის ურთიერთობა ბავშვთან. დროებითი განკარგულება გამოიყენება სასამართლოში საქმის განხილვის პერიოდში. შესაბამისად, მსგავსი სახის შუამდგომლობის დაკმაყოფილება, უპირველეს ყოვლისა, დამოკიდებულია იმ საკითხზე, სასამართლო ცნობს თუ არა საკასაციო საჩივარს დასაშვებად.
29. ამგვარად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, შეუძლებელია მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობის დაკმაყოფილება.
30. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
31. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
32. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ა.რ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. ნ.კ–ის შუამდგომლობა დროებითი განკარგულების გამოცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
3. კასატორს ა.რ–ს (პ/ნ N........) დაუბრუნდეს მ.კ–ას მიერ 2022 წლის 24 ოქტომბერს №14883491041 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% – 210 (ორას ათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი