საქმე №ას-39-2021 7 ივლისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ ქალაქ თბილისის N67-ე საჯარო სკოლა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – დ.კ–ა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 8 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 08 დეკემბრის განჩინებით სსიპ ქ. თბილისის N67 საჯარო სკოლის (შემდგომში - „მოპასუხე“, „სკოლა“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც დ.კ–ას (შემდგომში - „მოსარჩელე”) სარჩელი მოპასუხის მიმართ დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი საყვედურის გამოცხადების შესახებ სკოლის 09.10.2017წ. N1/კ-123 და შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ 20.10.2017წ. N1/კ-132 ბრძანებები; მოსარჩელე აღდგენილ იქნა სკოლის ქიმიის მასწავლებლის თანამდებობაზე და სკოლას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიურად 390,24 ლარის (ხელზე მისაღები თანხა) ოდენობით 2017 წლის 20 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. მოსარჩელე დასაქმებული იყო სკოლაში ქიმიის მასწავლებლად, უვადოდ. მისი ყოველთვიური შრომის ანაზღაურება შეადგენდა 487,8 ლარს (ხელზე ასაღები 390,24 ლარი).
2.2. სკოლის 09.10.2017წ. N1/კ-123 ბრძანებით „ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, სკოლის შინაგანაწესის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა (მასწავლებლის მიერ „მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის“ დარღვევა) და ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის“ დარღვევისთვის (კერძოდ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 14.07.2010წ. N57/ნ ბრძანებით დამტკიცებული „მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის” მე-4 მუხლის მე-2, მე-4, მე-7 და მე-11 პუნქტების გაუთვალისწინებლობისთვის) სკოლის ქიმიის მასწავლებელს, მოსარჩელეს დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობა და დისციპლინური სახდელის სახით შეეფარდა საყვედური (იხ. ტ. 1, ს.ფ. 20-21).
2.3. სკოლის 04.10.2017წ. დისციპლინური კომიტეტის სხდომის N3 ოქმიდან ირკვევა, რომ დღის წესრიგით განიხილებოდა სკოლის ქიმიის მასწავლებლის, მოსარჩელის შესაძლო დისციპლინური გადაცდომის საკითხი მე-11„ბ” კლასის მოსწავლის - გ.ქ–ვას მშობლის, ს.ა–ას 21.09.2017წ. N1126021 განცხადების საფუძველზე. სკოლის დირექტორს მიეცა რეკომენდაცია, „მასწავლებელთა პროფესიული ეთიკის კოდექსის“ მე-4 მუხლის მე-2, მე-4, მე-7 და მე-11 პუნქტების გაუთვალისწინებლობისათვის მოსარჩელისათვის შეეფარდებინა საყვედური (იხ. ტ. 1, ს.ფ. 22-25).
2.4. სკოლის 20.10.2017წ. N1/კ-132 ბრძანებით „ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სკოლის ქიმიის მასწავლებელს, მოსარჩელეს შეუწყდა 2017 წლის 28 სექტემბერს გაფორმებული N5-35 შრომითი ხელშეკრულება (გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან) 2017 წლის 20 ოქტომბრიდან (იხ. ტ. 1, ს.ფ. 18-19).
2.5. სკოლის დისციპლინური კომიტეტის 11.10.2017წ. სხდომის N4 ოქმით დგინდება, რომ სხდომაზე დღის წესრიგით განიხილებოდა სკოლის ქიმიის მასწავლებლის, მოსარჩელის შესაძლო დისციპლინური გადაცდომის საკითხი, საფუძველი: სკოლის დირექტორის 04.10.2017წ. N1207224 წარდგინება, რომლის საფუძველს, თავის მხრივ, წარმოადგენდა მე-8„ა” კლასის დამრიგებლის, ვ.ა–ძის 04.10.2017წ. N1207216 მოხსენებითი ბარათი. ოქმის თანახმად, მოსარჩელის მიერ კიდევ ერთხელ დაირღვა (პირველი დარღვევა დადგენილია გ.ქ–ვას მშობლის, ს.ა–ას 21.09.2017წ. N112607 განცხადების საფუძველზე) “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 14.07.2017წ. N57/ნ ბრძანებით დამტკიცებული „მასწავლებელთა პროფესიული ეთიკის კოდექსის” ნორმები. სკოლის დირექტორს მიეცა რეკომენდაცია „ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-8 პუნქტის, მე-19 მუხლის პირველი პუნქტის, მე-20 მუხლის პირველი პუნქტის, „მასწავლებელთა პროფესიული ეთიკის კოდექსის“ მე-4 მუხლის მე-2, მე-4, მე-7 პუნქტების გაუთვალისწინებლობისათვის ქიმიის მასწავლებელთან, მოსარჩელესთან სკოლის მოქმედი შინაგანაწესის 22-ე მუხლის მე-9 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისა და მისი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე (იხ. ტ. 1, ს.ფ. 26-36).
2.6. მოსარჩელემ სკოლის სხვა რამდენიმე პედაგოგთან ერთად სკოლის დირექტორის მხრიდან შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში მათ მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციის დადგენის მიზნით, 2017 წლის ივნისში განცხადებით მიმართა საქართველოს სახალხო დამცველს (იხ. ტ. 1, ს.ფ. 140-149, 151, 306-331).
2.7. საქართველოს სახალხო დამცველის 05.12.2017წ. N13-3/16566 წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა დაიწყო 06.06.2017წ. N7892/17 კოლექტიური განცხადების შესწავლა. განცხადების თანახმად, მოსარჩელე და სხვა მასწავლებლები გახდნენ დისკრიმინაციის მსხვერპლნი შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში განსხვავებული მოსაზრების ნიშნით. მოსარჩელეს ასევე ეცნობა, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის შედეგად დადგინდა პირდაპირი დისკრიმინაციისა და შევიწროების ფაქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.
3. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მხრიდან დისციპლინურ გადაცდომის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად შეაფასა საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებები, მხარეთა ახსნა-განმარტებები და მართებულად არ დაადგინა მოსარჩელის მხრიდან დარღვევის არსებობის ფაქტი.
4. სააპელაციო პალატის მითითებით, მოპასუხე განმარტავდა, რომ სკოლის 2017 წლის N3 ოქმის თანახმად, დისციპლინური კომიტეტი განიხილავდა ამავე საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებლის, მოსარჩელის შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ფაქტს. საქმის მოკვლევის პროცესში ახსნა-განმარტება ჩამოერთვათ თვითმხილველ მოსწავლეებსა და მოსარჩელეს. მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ გ–ას თავი ედო ჩანთაზე, მასწავლებელმა სთხოვა რვეული ამოეღო და ჩაეწერა ის, რაც დაფაზე ეწერა. როცა მოსწავლისაგან საპასუხო რეაგირება ვერ მიიღო, ჩანთა გაუწია და თავი ააწევინა, რამაც გამოიწვია მოსწავლის აღელვება. ხუთმა მოსწავლემ განმარტა, რომ მასწავლებელმა ყვირილით მიმართა, ჩანთა უხეშად გადაუგდო, რამაც გამოიწვია მოსწავლის წყობიდან გამოყვანა და კლასი ატირებულმა დატოვა. ფაქტს ადასტურებს მანდატური, ე.გ–ი. მისი თქმით, საკლასო ოთახიდან ისმოდა ხმამაღალი ლაპარაკი, შემდეგ კი გ–ა საპირფარეშოში ნახა ატირებული, დააბანინა სახე და დააწყნარა. მას მოსარჩელემაც მიმართა, რომ გ.ქ–ვამ დატოვა გაკვეთილი. მოსარჩელემ აღნიშნული ფაქტი უარყო, მან აგრეთვე უარყო მოსწავლის მიმართ უხეში მოპყრობის ფაქტი. მოსწავლეები ასევე აღნიშნავენ, რომ გ–ა დაჯდა ბიჭთან, ხოლო მოსარჩელემ უთხრა, რომ "უნდა გაგათხოვო, თათრების ქორწილში არ ვყოფილვარ და დამპატიჟეო", რის შედეგადაც მოსწავლემ თავი დამცირებულად და შეურაცხყოფილად იგრძნო. მან აღნიშნულის შესახებ უამბო დედას, თუმცა მშობელმა თავი შეიკავა ჩივილისაგან და აღნიშნა, რომ მისი შვილის მიმართ განმეორებით შევიწროვების მოთმენას უკვე აღარ აპირებდა.
5. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სკოლის დისციპლინური კომიტეტის 11.10.2017წ. N4 ოქმის თანახმად, დღის წესრიგს წარმოადგენდა მოსარჩელის მიერ შესაძლო დისციპლინური გადაცდომა, რომლის საფუძველიც იყო ამავე სკოლის დირექტორის წარდგინება. აღსანიშნავია, რომ, თავის მხრივ, დირექტორის აღნიშნული წარდგინების საფუძველს წარმოადგენდა სკოლის მე-8„ა” კლასის მოსწავლეების - ა.ხ–ის, ს.ე–ის, ნ.გ–ის, მ.ა–ვის, დ.ფ–სა და ამავე კლასის დამრიგებლის, ვ.ა–ძის 05 ოქტომბრის მიმართვები. ოქმში ნათლად და მკაფიოდ არის წარმოდგენილი სხდომის მიმდინარეობა, მოსწავლეთა გამოთქმული პრეტენზიები. სხდომაზე მოსწავლეებმა დირექტორს განუცხადეს, რომ ქიმიის მასწავლებელმა, მოსარჩელემ მათ თანაკლასელებს - ნ.დ–ძეს, ს.ა–სა და ლ.მ–ძეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. კომიტეტის თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას ასევე გააცნო კლასის სხვა მოსწავლეთა ახსნა-განმარტებები, რომლის თანახმად, ისინი ერთხმად უთითებდნენ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე. გამოიკითხა სკოლის ექიმი, რომელმაც დაადასტურა ნ.დ–ძის სხეულზე ჩანაჭდევი ლაქის არსებობა, რომლის შესახებ თავად მოსწავლემ შეატყობინა. სხდომაზე ნ.დ–ძის მშობელმაც დაადასტურა ზემოაღნიშნული ფაქტი, თუმცა იგი თავს იკავებდა მომხდარი ფაქტის შესახებ წერილობით წარდგენისაგან, რადგან მოსარჩელე მისი ყოფილი მასწავლებელი იყო. მოპასუხე ასევე ყურადღებას ამახვილებს ლ.მ–ძის მშობლის, ნ.მ–ის განმარტებაზე, რომელიც ადასტურებს მომხდარ ფაქტს, თუმცა თავს იკავებს მის წინააღმდეგ ახსნა-განმარტების მიცემისაგან, ვინაიდან მოსარჩელე მისი ნათესავია. მოპასუხემ განმარტა, რომ სასამართლომ ყურადღება უნდა გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ მოსწავლეები - ს.ა–ი, მ.ა–ვი, ა.ხ–ი და ლ.მ–ძე გასაუბრებისას აღნიშნავდნენ, რომ ს.ა–ს სახლში მისვლა აღარ უნდა, რადგან მოსარჩელე მას "ყოველ დღე სახლში უზის". ასევე, საინტერესოა ლ.მ–ძის განმარტებაც, რომელიც უთითებს, რომ მოსარჩელე მასთანაც მიდიოდა სახლში და აწუხებდა. მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს, რომ მოსწავლეებმა ახსნა-განმარტებები მისცეს თავისუფალი ნების ფარგლებში და ადგილი არ ჰქონია მათზე რაიმე სახის ზემოქმედებას. აღნიშნულს ადასტურებს გ.ო–ის მშობელი თ.გ–ი, რომელიც უშუალოდ ესწრებოდა მოსწავლეთა მიერ წერილობითი ნების გამოხატვას.
6. სააპელაციო პალატის მითითებით, ქიმიის მასწავლებელმა, მოსარჩელემ უარყო მშობლის ბრალდება. მან თქვა, რომ უხეშად არ მიუმართავს მოსწავლისათვის, მხოლოდ მოითხოვა მისგან საგაკვეთილო პროცესში ჩართვა, თავი ააწევინა და ჩანთა ნელა გასწია გვერდზე. გ–ამ უხეშად მიმართა, მასწავლებელი ჩანთის დაზიანებაში დაადანაშაულა და ტირილით გავარდა კლასიდან. მშობლის ბრალდებასთან დაკავშირებით, რომ წინა წელს მასწავლებელმა გ–ას „თათარი“ უწოდა, მოსარჩელემ განმარტა შემდეგი: „გ–ას ლამაზი აბადოკი ეკეთა და ვუთხარი - რა ლამაზი ხარ, მან მადლობა გადამიხადა. მე ვკითხე - შენ თათარი ხარ? მან მითხრა, რომ თათარი კი არა აზერბაიჯანელი იყო“. „მართალი ხარ მეთქი. მე ძალიან ბევრი აზერბაიჯანელი მეგობარი მყავს, აზერბაიჯანელი იყო ი.მ–ვი, შესანიშნავი პოეტი, რომელიც ქართულად წერდა და ჩვენი ოჯახის ახლობელი იყო. ბევრჯერ ვყოფილვარ მათ ქორწილში, მომწონს თქვენი ცერემონიალები, ბლუდები. გ–ა, შენს ქორწილში ხომ დამპატიჟებ-მეთქი, მან მკაცრი უარი მითხრა, რატომ უნდა დაგპატიჟოო. დაირეკა ზარი, შევუდექი მუშაობას. მე მისთვის არასდროს მითქვამს თათარო“.
7. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს განყოფილებიდან გამოთხოვილ იქნა მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე სკოლაში არასრულწლოვანი მოსწავლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაწყებული გამოძიების პროცესში გამოკითხული მოსწავლეების გამოკითხვის ოქმები (იხ. ტ. 1, ს.ფ. 339- 382). მოწმეთა გამოკითხვის ოქმების მიხედვით, გ.ქ–ვამ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განმარტა შემდეგი: ქიმიის მასწავლებელი, მოსარჩელე გამოირჩევა მკაცრი ხასიათით. მოსარჩელემ, როცა იგი იყო მე-8 კლასის მოსწავლე, მიაყენა ეროვნული შეურაცხყოფა, მან უთხრა ,,თათრების ქორწილი მიყვარს და უნდა გაგათხოვო“. ეს სიტყვები მისთვის იყო შეურაცხმყოფელი, ვინაიდან დასცინა კლასის წინაშე. მისი მითითებით, ეროვნებით არ არის თათარი და არის აზერბაიჯანელი. აღნიშნულმა ფაქტმა შეაშფოთა მისი მშობელი - დედა და მომხდარიდან რამდენიმე დღეში სკოლის დირექციას მიმართა განცხადებით. აღნიშნულთან დაკავშირებით დისციპლინურმა კომისიამ მოსარჩელეს საყვედური გამოუცხადა. მისი განმარტებით, 2017 წლის სექტემბერში ქიმიის გაკვეთილზე თავი იგრძნო შეუძლოდ და გაკვეთილის მსვლელობის პროცესში მერხზე დადებულ ჩანთაზე თავი ჩამოდო, რაზეც მოსარჩელემ დაიწყო ყვირილი - ,,რა დღეში ხარ, დედაშენმა მითხრა მკაცრად მოექეციო და ჩანთიდან თავი აწიე და უსმინე“. ამის შემდეგ თავი აწია და დაიწყო გაკვეთილის მოსმენა. ამ პერიოდში შეტრიალდა უკან მჯდომი კლასელისკენ და მალევე მოტრიალდა. ამ პროცესში მოსარჩელე მივიდა მის მერხთან, მაგიდაზე დადებული ჩანთა აჯაჯგურა, შემდეგ კი უხეშად გაწია, თან ყვიროდა, შემდეგ თავზე ხელი დაადო - გამოდი დაფასთანო. გ.ქ–ვამ დატოვა სასაწავლო პროცესი და გავიდა გოგონების საპირფარეშოს მიმართულებით, რაც სკოლის მანდატურმა შეამჩნია. აღნიშნულის შესახებ ასევე მოუყვა კლასის დამრიგებელს.
8. სააპელაციო პალატის მითითებით, 2019 წლის 06 მაისს სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა სკოლის მანდატური ე.გ–ი, რომელმაც განმარტა, რომ: მოსარჩელე ხშირად თანამშრომლობდა მანდატურის სამსახურთან საგაკვეთილო პროცესში დარღვევის არსებობის შემთხვევაში. ამ შემთხვევაშიც აცნობა, რომ საგაკვეთილო პროცესში ჩართვის შესახებ მოწოდებაზე ბავშვი განაწყენდა და დაუკითხავად გავიდა კლასიდან. სთხოვა, რომ ყურადღება მიექცია მისთვის. ე.გ–ის ჩვენების თანახმად, კლასიდან გამოსულ მოსწავლეს, გ.ქ–ვას შეაკითხა საპირფარეშოში, ბავშვი ფანჯრიდან იყურებოდა, არ ეტყობოდა გაბრაზება, არ ტიროდა. მის კითხვაზე - მოხდა თუ არა რამე ან ვინმემ ხომ არ აწყენინა, ასევე, დააზუსტა, დ. მასწავლებელმა ხომ არ უთხრა რამე, განუმარტა, რომ არაფერი არ მომხდარა და კარგად იყო. მოწმემ განმარტა, რომ ადრეც იგივე განაცხადა და არ ადასტურებდა მასთან შეუთანხმებლად ოქმში არსებულ ჩანაწერს.
9. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, 2019 წლის 31 იანვრის სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხნენ სკოლის მასწავლებლები - ც.ნ–ი, ი.გ–ი, ლ.კ–ი და ნ.მ–ი, რომლებმაც მოსარჩელე გამორჩეულად კარგ მასწავლებლად დაახასიათეს; ასევე, მიუთითეს, რომ მას დევნიდნენ და მასზე იყო ზეწოლა, ვინაიდან ეწინააღმდეგებოდა დირექტორის გადაწყვეტილებებს, სამეურვეო საბჭოში არ მისცა ხმა სასურველ კანდიდატურას; მათ ასევე განაცხადეს, რომ გ.ქ–ვას ფაქტს არ შესწრებიან; პირად საუბრებში ბავშვები ადასტურებენ, რომ მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა; ამ ფაქტს უარყოფს მთელი კლასი; მოსარჩელის მიერ ბავშვებზე ძალადობის და საყვედურის გამოთქმის ფაქტიც კი არ დაფიქსირებულა; ბავშვებს ახსნა-განმარტება დააწერინეს მიზანმიმართულად, მშობლების გარეშე.
10. სააპელაციო პალატის განმარტებით: მოწმის სახით დაკითხულმა გ.ქ–ვას თანაკლასელმა, გ.შ–მა არ დაადასტურა მოსარჩელის მიერ მოსწავლის შეურაცხყოფის ფაქტი. მისი ჩვენების თანახმად, მასწავლებელმა გ.ქ–ვას ჩანთა გვერდზე მიუწია და უთხრა, ყურადღებით ყოფილიყო. მასწავლებელი არ შეხებია. ბავშვებმაც ნახეს ჩანთა და არაფერი არ ჰქონდა დაზიანებული; მ.ს–ის განმარტებაც იმავეს მიუთითებს - ჩანთა თავად შეამოწმა და ნახა, რომ არ იყო დაზიანებული. ასევე, არ დაადასტურა გ.ქ–ვას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი; მ.ა–ვმაც უარყო გ.ქ–ვასათვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი; მოსარჩელის მიერ გ.ქ–ვას შეურაცხყოფის ფაქტი ასევე არ დაადასტურა ამავე სკოლის მანდატურმა, თ.ა–ემ. მისი ჩვენების თანახმად, იგი მსგავს ფაქტს არ შესწრებია; ამასთან, სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხვის ოქმში გ.ქ–ვამ განმარტა, რომ მის პიროვნებას და მას არ განუცდია ეროვნული დისკრიმინაცია მოსარჩელის მხრიდან, არც ფიზიკურ შეურაცხყოფას ჰქონია ადგილი, ხოლო ჩანთასთან დაკავშირებით მატერიალური ზიანი არ განუცდია, უბრალოდ ეწყინა ამგვარი ქმედება.
11. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ნ.დ–ძემ, ს.ა–მა და ლ.მ–ძემ სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხვისას განმარტეს შემდეგი:
- ნ.დ–ძემ განმარტა, რომ ქიმიის გაკვეთილზე მას არ ჰქონდა კალამი და იხედებოდა ფანჯრიდან, რა დროსაც მოსარჩელე მივიდა და ხელი მოჰკიდა მკლავზე, მიატრიალა კლასის მიმართულებით და უთხრა - შემომხედე და მისმინეო. მოსარჩელის აღნიშნული ქმედება არ იყო შეურაცხმყოფელი, არ განუცდია არანაირი ტკივილი და აღნიშნული არ აღუქვია ძალადობის ფაქტად. ქიმიის გაკვეთილი დამთავრდა ჩვეულებრივ, რის შემდეგაც კლასელებთან ერთად ავიდა საკლასო ოთახში. აღნიშნული ფაქტიდან რამდენიმე დღის შემდეგ მას ჰქონდა ოდნავი სილურჯე მარცხენა მკლავზე, თუმცა აღნიშნულისთვის ყურადღება არ მიუქცევია, რადგან მოსარჩელის ქმედება არ იყო ძალადობა და არც ტკივილი განუცდია. მომხდარის შესახებ აცნობა მშობლებს. მომხდარი ფაქტიდან რამდენიმე დღის შემდეგ დამრიგებელმა - ვ.ა–ძემ მას სთხოვა წერილობით დაეფიქსირებინა ის, რაც ქიმიის გაკვეთილზე მოხდა. მან ასევე განმარტა, რომ მოსარჩელის მხრიდან თანაკლასელების, ლ.მ–ძისა და ს.ა–ის მიმართ არანაირი სახის ძალადობის ფაქტს არ შესწრებია და მისი თანდასწრებით მასწავლებელს აღნიშნული პირებისათვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია;
- ლ.მ–ძის განმარტებით, მოსარჩელეს, რომელიც ქიმიას ასწავლის, არასოდეს ჰქონია რაიმე სახის კონფლიქტი. მისი თქმით, კლასელებთან ერთად იმყოფებოდა ქიმიის გაკვეთილზე. გაკვეთილზე ის იჯდა მასწავლებლის მაგიდიდან წინა მიმართულებით მეორე მერხზე, მარტო, გაკვეთილის მსვლელობის დროს ფარდას წევდა აქეთ-იქეთ. მოსარჩელემ რამდენჯერმე მისცა შენიშვნა, მაგრამ არ დაუჯერა. შემდგომ ქიმიის მასწავლებელი მივიდა მასთან (მასწავლებელი იდგა ფეხზე და ხსნიდა გაკვეთილს), ხელი მოჰკიდა ქურთუკში, ნელი მოძრაობით მოატრიალა და თან წყნარად უთხრა, რომ მისთვის მოესმინა, რადგანაც გაკვეთილს ხსნიდა. მასწავლებელმა ხელი მოჰკიდა ქურთუკზე, სხეულზე არ შეხებია. ამ დროს მას არანაირი სახის ტკივილი არ განუცდია და არანაირი სახის დაზიანება არ მიუღია. ამის შემდგომ ქიმიის მასწავლებელს არაფერი უთქვამს. მან ასევე განმარტა, რომ ნ.დ–ძისა და ს.ა–ის მიმართ მოსარჩელის მხრიდან არანაირი ძალადობის ფაქტს არ შესწრებია, ასევე, მას არც სატყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიუყენებია.
- ს.ა–ის განმარტებით, მოსარჩელე კარგი და მეგობრული პიროვნებაა. ის ყოველთვის თბილად ექცეოდა და კარგი მასწავლებელი იყო. მოსარჩელეს მისთვის არასდროს მიუყენებია ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, უხეშადაც არასდროს მიუმართავს. ამასთან, მისი თანდასწრებით მოსარჩელეს არავისთვის მიუყენებია სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა. ლ.მ–ძეს და ნ.დ–ძეს მისთვის არასდროს უთქვამთ, რომ მათ მოსარჩელე ცუდად მოექცა, სცემა ან იძალადა მათზე.
12. სააპელაციო პალატის განმარტებით, მოსწავლეები - ე.კ–ძე, ა.გ–ი, მ.ა–ვი, ა.ლ–ძე, ა.ხ–ი და ა.გ–ძე გამოკითხვის ოქმებში ადასტურებენ, რომ ძალადობის ფაქტს თავად არ შესწრებიან:
- ე.კ–ძე გამოკითხვის ოქმში აფიქსირებს, რომ დამრიგებლის თხოვნით დაწერა ხელწერილი მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სადაც მიუთითა, რომ მის კლასელს - ლ.მ–ძეს მოსარჩელემ თავში წამოარტყა და მიატრიალა კლასის მხარეზე, თუმცა რეალურად თავში ჩარტყმა არ დაუნახავს.
- ა.გ–ის გამოკითხვის თანახმად, მან ხელწერილში დაწერა, რომ მოსარჩელემ ნ.დ–ძეს უბწკინა და ხელი მოარტყა, თუმცა რეალურად აღნიშნული თავად არ დაუნახავს.
- იგივეა მითითებული ა.ლ–ძის გამოკითხვის ოქმში, რომლის თანახმად, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ხელწერილის შედგენისას მან დაწერა, რომ მოსარჩელემ უბწკინა ნ.დ–ძეს და ლ.მ–ძეს, თუმცა აღნიშნული თავად არ დაუნახავს.
- იგივე განმარტა ა.ხ–მაც მოწმის გამოკითხვის ოქმში. ახსნა-განმარტებაში დაწერა, რომ მოსარჩელემ შემოარტყა ნ.დ–ძეს, ხოლო ლ.მ–ძეს თავში ჩაარტყა, თუმცა თავად არ დაუნახავს.
- ა.გ–ძის ჩვენებით კი, მოსარჩელე მივიდა ნ.დ–ძესთან ხელი მოჰკიდა მკლავზე, მოაბრუნა და სთხოვა, მოესმინა მისთვის. ხოლო, ლ.მ–ძეს, რომელიც საუბრობდა სხვა მოსწავლეებთან, თავს დებდა მერხზე, მოსარჩელემ ხელი მოკიდა ტანსაცმლზე და მოაბრუნა, პერანგი შეხების ადგილზე გაიწელა.
- გამოკითხვის ოქმში მ.ა–ვმა ასევე დააფიქსირა, რომ ლ.მ–ძე იხედებოდა ფანჯრიდან, რის გამოც მოსარჩელე მივიდა ქურთუკში მოჰკიდა ხელი და მოატრიალა. მისი მითითებით, ლ–მ განიცადა თუ არა ტკივილი არ იცის, ხოლო როგორც ლ–ს შეატყო, მას ამ ფაქტისთვის ყურადღება არ მიუქცევია, იღიმებოდა. სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით მ.ა–ვმა უარყო მოსარჩელის მიერ მოსწავლეთა მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი .
13. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ამავე სკოლის ექიმის, ნ.ა–იას ჩვენების თანახმად, მას 2-3 დღის შემდეგ აჩვენეს ნ.დ–ძის მკლავი, რომელმაც უთხრა მოსარჩელემ მიჩქმიტაო. დაზიანება იყო მოლურჯო-მოყვითალო ფერის. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საყურადღებოა ის გარემოება, რომ ნ.ა–იას ჩვენებით იმის ზუსტად განსზღვრა, თუ როდის მოხდა დაზიანება, შეუძლებელია. აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარდგენილი არ არის. მით უფრო თავად ნ.დ–ძის ახსნა-განმარტებით, მოსარჩელის ქმედებით მას ტკივილი არ განუცდია.
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება მოსარჩელის მიერ სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის, ასევე, სკოლის მოსწავლეთა მიმართ მასწავლებლის მხრიდან ძალადობის, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტები.
15. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე, საქართველოს შრომის კოდექსის 38.8, 32.1, 44-ე მუხლებით და ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო გასაჩივრებული ბრძანებების ბათილად ცნობის, ასევე, მოსარჩელის პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენისა და მისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების საფუძვლები.
16. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
18. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგ–სხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
21. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია.
22. საკასაციო საჩივრის თანახმად:
22.1. სააპელაციო სასამართლოს მიერ არ მომხდარა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვა;
22.2. 09.10.2017წ. N1/კ-123 დირექტორის ბრძანებით მოსარჩელეს გამოეცხადა დისციპლინური სახდელი - საყვედური. დისციპლინური წარმოების დაწყების საბაბი გახდა მე-11 კლასის მოსწავლის - გ.ქ–ვას მშობლის განცხადება, იმასთან დაკავშირებით, რომ მის შვილს მოსარჩელემ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და უწოდა "თათარი". მშობლის განცხადების მიხედვით, მოსარჩელემ თანაკლასელებთან ერთად მიმართა გ–ას, რომ "ჯერ არ ვყოფილვარ თათრების ქორწილში და უნდა გაგათხოვოო". დისციპლინური კომიტეტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ მომხდარი ფაქტი ზეპირი გამოკითხვის დროს დაადასტურეს გ–ას კლასელებმა. მეორე ეპიზოდში გ–ას ჩანთაზე ედო თავი, მასწავლებელმა მას სთხოვა რვეული ამოეღო, ხოლო როცა მოსწავლისგან საპასუხო რეაგირება ვერ მიიღო, ჩანთა გაუწია და თავი ააწევინა, რამაც მოსწავლის აღელვება გამოიწვია. 5 მოსწავლე განმარტავს, რომ მასწავლებელმა ყვირილით მიმართა მოსწავლეს. მოსარჩელე მოსწავლეს მიმართავდა პედაგოგისათვის შეუფერებელი და საგაკვეთილო პროცესისათვის მიუღებელი ფრაზებით, რაც სასამართლომ არ გაითვალისწინა;
22.3. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, რომლის მიხედვით, საქმეში, სადაც არასრულწლოვნის ინტერესები და უსაფრთხოება იკვეთება, ყველა გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალიწინებით.
22.4. 11.10.2017წ. N4 ოქმში ნათლად არის წარმოდგენილი სხდომის მიმდინარეობა და მოსწავლეთა მიერ გამოთქმული პრეტენზიები. მოსწავლეებმა განაცხადეს, რომ ქიმიის მასწავლებელმა, მოსარჩელემ მათ თანაკლასელებს - ნ.დ–ძეს, ს.ა–სა და ლ.მ–ძეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. კომიტეტის თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო მოსწავლეთა ახსნა-განმარტებები, სადაც ისინი ერთხმად უთითებდნენ მოსარჩელის მიერ განხორციელებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე. ერთ-ერთ მოსწავლეს სხეულზე ნაჭდევი ლაქაც კი აღენიშნებოდა, რომელიც თავადაც დაადასტურა, მისმა მშობელმაც და სკოლის ექიმმაც. თავად მოსწავლე უთითებს, რომ მოსარჩელემ მას „უჩქმიტა“, „მარცხენა მკლავი ჩალურჯებული მაქვსო“. მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას იმ ფაქტს, რომ მოსწავლეებმა ახსნა-განმარტებები თავისუფალი ნების ფარგლებში წარადგინეს და მათზე რაიმე სახის ზემოქმედებას ადგილი არ ჰქონია. აღნიშნულს ადასტურებენ მშობლები, რომლებიც მოსწავლეთა მიერ წერილობითი ნების გამოვლენას ესწრებოდნენ. ამასთან, სასამართლო სხდომაზე გამოკითხული არცერთი მოსწავლე ადასტურებს ფაქტს, რომ დამრიგებელი ან დირექტორი მათზე ზეგავლენას ახდენდა;
22.5. სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა ის ფაქტი, რომ თავად ნ.დ–ძემ დაწერა, რომ მოსარჩელე გაკვეთილზე „იგნორს ურტყამს“ როდესაც რაღაცას ეკითხება. ასევე, აღნიშნა, რომ მან უჩქმიტა. აღნიშნული ფაქტი უკვე მეტყველებს იმ გარემოებაზე, მასწავლებელი რაოდენ უარყოფით ზეგავლენას და უარყოფით ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენს ბავშვზე და სხვა მოსწავლეებზე;
22.6. მართალია, მანდატურმა არ დაადასტურა ატირებული მოსწავლის ნახვის ფაქტი, თუმცა ის გარემოება, რომ მას საგაკვეთილო პროცესი მიტოვებული ჰქონდა, ცალსახაა, რაც არ მოხდებოდა მისი აღელვების გარეშე და თვითნებურად, ყოველგვარი მიზეზის გარეშე არ გამოვიდოდა კლასიდან. მისი მხრიდან კლასის დატოვების მიზეზი გახდა მთელი კლასის წინაშე თავის დამცირებულად და შეურაცხყოფილად გრძნობა;
22.7. სასამართლომ არ გაითვალისწინა ერთ-ერთი მოსწავლის, ს.ა–ის მიერ მითითებული ფაქტი, რომ მას სახლში მისვლა არ უნდა, ვინაიდან თითქმის ყოველდღე სახლში უზის ქიმიის მასწავლებელი. ლ.მ–ძეც აღნიშნავს, რომ ქიმიის მასწავლებელი მასთანაც დადის სახლში და ტვინს „უბურღავს“;
22.8. სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ შესაძლებელია დასაქმებულის სამუშაოზე აღდგენა. მოსარჩელის გათავისუფლებიდან გასულია დიდი დრო, შეცვლილია საკანონმდებლო ბაზა და მოთხოვნები მასწავლებელთა მიმართ. ამჟამად მოსარჩელე ვერ აკმაყოფილებს მასწავლებლის საქმიანობისათვის შესაბამის მოთხოვნებს;
22.9. სასამართლომ არ გაითვალისწინა საკასაციო სასამართლოს Nას-460-439-2015 საქმეზე დადგენილი პრაქტიკა, სადაც სასამართლომ განმარტა შემდეგი: „რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე, პალატამ ის ნაწილობრივ საფუძლიანად მიიჩნია და განმარტა, რომ შრომითი ურთიერთობის ფაქტობრივად შეწყვეტიდან გასული იყო დიდი დრო, რომლის განმავლობაშიც შეიცვალა საქართველოში განათლების სისტემის მარეგულირებელი ნორმატიული ბაზა, პედაგოგებს დაუწესდათ ახალი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და ა.შ. ასეთ პირობებში, მიუხედავად მოსარჩელის პროფესიული გამოცდილებისა, ეზ–ის სამუშაოზე აღდგენა მიზანშეუწონელი იყო და დამსაქმებელს დაეკისრა კომპენსაციის გადახდა ერთი წლის შრომის ანაზღაურების შესაბამისად“;
22.10. საქართველოს მთავრობის 23.05.2019წ. 241-ე დადგენილებით დამტკიცებული „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, იმ პრაქტიკოსი მასწავლებლის ადგილას, რომელიც 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით არ დარეგისტრირდა მასწავლებლის გამოცდაზე (გარდა იმ პრაქტიკოსი მასწავლებლებისა, რომლებიც 2020-2021 სასწავლო წლის დაწყებამდე ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად შეივსებენ/დააგროვებენ სტატუსის ამაღლებისთვის საჭირო 19 კრედიტ ქულას), სკოლის ადმინისტრაცია 2020-2021 სასწავლო წლის დაწყებამდე ერთი თვით ადრე აცხადებს კონკურსს. მასწავლებლის ვაკანტური პოზიციის შეუვსებლობის შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, საჭიროებიდან გამომდინარე, უფლებამოსილია ეს პრაქტიკოსი მასწავლებელი დაასაქმოს მოცემულ პოზიციაზე ვაკანსიის შევსებამდე უსტატუსოდ.
23. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლების კვლევისას დამსაქმებლის უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხის შეფასება შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე გამოცემულ ბრძანებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (იხ. მაგ., სუსგ საქმე Nას-1391-1312-2012, 10 იანვარი, 2014 წელი; Nას-151-147-2016, 19 აპრილი, 2016 წელი).
24. მოცემულ შემთხვევაში სკოლის 20.10.2017წ. N1/კ-132 სადავო ბრძანების თანახმად, მოსარჩელის გათავისუფლების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი. აღნიშნული ნორმის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია - დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა, თუ დასაქმებულის მიმართ ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე გამოყენებულ იქნა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა.
25. ამდენად, დასახელებული სამართლებრივი ნორმა იმპერატიულად ადგენს შედეგის დადგომის წინაპირობას: დისციპლინური სახდელის შეფარდებიდან 1-წლიან ვადაში მეორე გადაცდომის ჩადენა. ამასთან, აღნიშნულ საფუძველზე დასაქმებულისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრების მართლზომიერების შეფასების მიზნებისთვის, განმსაზღვრელია დასაქმებულის მიერ ვალდებულების განმეორებით დარღვევის ფაქტის გამოვლენა, რადგან აღნიშნული ნორმის ფარგლებში პასუხისმგებლობის საფუძველი შესაძლებელია იყოს მხოლოდ იმავე დარღვევების განმეორებითობა. დარღვევის განმეორებითობასთან მიმართებით არსებითია ქმედების ერთგვაროვნება (იხ. სუსგ საქმე Nას-1350-2019, 27 ნოემბერი, 2019 წელი).
26. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას (იხ. მაგ., სუსგ საქმე Nას-1056-996-2015, 15 დეკემბერი, 2015 წელი; Nას-151-147-2016, 19 აპრილი, 2016 წელი; Nას-539-539-2018, 21 დეკემბერი, 2018 წელი).
27. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მოსარჩელეს მართლზომიერად გამოეცხადა საყვედური და შემდგომ ასევე მართლზომიერად გათავისუფლდა სამსახურიდან, ეკისრებოდა მოპასუხეს/დამსაქმებელს, თუმცა მან ვერ უზრუნველყო მისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და ამ გარემოებების სათანადოდ დადასტურება.
28. კერძოდ, საქმეში არსებულ მტკიცებულებებში - სკოლის დისციპლინური კომიტეტის სხდომის 04.10.2017წ. N3 და 11.10.2017წ. N4 ოქმებში მოსარჩელის მიერ მოსწავლეთა მიმართ განხორციელებულ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფასთან დაკავშირებით ასახული სკოლის მოსწავლეების ახსნა-განმარტებები განსხვავდება, ხოლო რიგ შემთხვევებში სრულიად ეწინააღმდეგება მოსწავლეთა მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემულ ახსნა-განმარტებებს, ასევე, მათ მიერ საჯარო სკოლაში (მოსარჩელესთან დაკავშირებულ ფაქტზე მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე) არასრულწლოვანი მოსწავლის მიმართ განხროციელებული ძალადობის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში მიცემულ ჩვენებებს; ამასთან, სკოლის მანდატურმა, ე.გ–მა 06.05.2019წ. სასამართლო სხდომაზე არ დაადასტურა დისციპლინური კომიტეტის სხდომის ოქმში ასახული მისი ახსნა-განმარტება და განაცხადა, რომ სხდომის ოქმში ჩანაწერი მასთან შეუთანხმებლად გაკეთდა; ხოლო, სკოლის მასწავლებლებმა - ც.ნ–მა, ი.გ–მა, ლ.კ–მა და ნ.მ–მა 31.01.2019წ. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე გამორჩეულად კარგ მასწავლებლად დაახასიათეს. ასევე, მიუთითეს, რომ მას სდევნიდნენ და მასზე იყო ზეწოლა, ვინაიდან ეწინააღმდეგებოდა დირექტორის გადაწყვეტილებებს, სამეურვეო საბჭოში არ მისცა ხმა სასურველ კანდიდატურას; აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ სადავო ბრძანებების გამოცემამდე, 06.06.2017 წელს მოსარჩელემ სხვა პედაგოგებთან ერთად განცხადებით მიმართა სახალხო დამცველს გასხვავებული მოსაზრების ნიშნით შრომითსამართლებრივ ურთიერთობაში დისკრიმინაციული მოპყრობის საფუძვლით, რასთან დაკავშირებითაც დადგინდა სკოლაში მასწავლებელთა მიმართ პირდაპირი დისკრიმინაციისა და შევიწროვების ფაქტი.
29. ამდენად, საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით ერთმნიშვნელოვნად არ დასტურდება მოსარჩელის მხრიდან სარჩელში მითითებული დისციპლინური გადაცდომის ჩადენის - მოსწავლეთა მიმართ სიტყვიერი ან/და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტები, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად, სადავო ბრძანებების ბათილად ცნობის საფუძველია.
30. საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად (დავის წამოშობის დროს მოქმედი რედაქცია), სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.
31. თანამდებობაზე აღდგენა დასაქმებულის უპირატესი უფლებაა, რადგან მისი დათხოვნა უკანონო გათავისუფლების თანმდევი შედეგია, შესაბამისად, დათხოვნის უკანონოდ ცნობის პირობებში, უკანონოდ გათავისუფლებული პირის მოთხოვნა პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის თაობაზე დაცვის ღირსი ლეგიტიმური ინტერესის შემცველია, თუმცა აღნიშნული უფლება აბსოლუტური კატეგორია არ არის და მისი დაკმაყოფილება გარკვეულ წინაპირობებზეა დამოკიდებული. როდესაც უკანონოდ დათხოვნილი პირი შრომითი ხელშეკრულების ბათილად ცნობასა და უფლებებში აღდგენას ითხოვს, სასამართლომ თავად უნდა შეაფასოს მოსარჩელის უფლებრივი რესტიტუციის საუკეთესო გზა შემდეგი პრიორიტეტული თანმიმდევრობით, კერძოდ, თუ მოსარჩელის ინტერესი პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენაა, სასამართლომ დასაქმებულისა და დამსაქმებლის ორმხრივი პატივსადები ინტერესების დაცვით უნდა შეამოწმოს მითითებული მოთხოვნის საფუძვლიანობა და დაკმაყოფილების მიზანშეწონილობა. შესაბამისად, თუ სასამართლომ დაადგინა, რომ გათავისუფლების ბრძანება უკანონოა, თუმცა უკანონოდ დათხოვნილი დასაქმებულის პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენა შეუძლებელი ან მიზანშეუწონელია, ასეთ შემთხვევაში სასამართლომ უნდა დაადგინოს, ხომ არ არის შესაძლებელი უფლებადარღვეული დასაქმებულის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა. (იხ. საქართველოს შრომის სამართალი და საერთაშორისო შრომის სტანდარტები, სახელმძღვანელო მოსამართლეების, იურისტებისა და სამართლის პედაგოგებისათვის, გვ. 270-272).
32. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის ობიექტური შეუძლებლობა დამსაქმებლის მტკიცების ტვირთში შემავალი გარემოებაა. მან უნდა ადასტუროს, რომ პირვანდელი სამუშაო ადგილი აღარ არსებობს, ან არსებობს, თუმცა დაკავებულია. მისივე მტკიცების საგანში შედის ასევე იმის დადასტურება, რომ მესამე პირი, რომელიც სადავო პოზიციას იკავებს, ამ ფაქტის მიმართ კეთილსინდისიერია, აღნიშნული ფორმალურ ხასიათს არ ატარებს და მხოლოდ რეალური საჭიროებიდან გამომდინარეობს. ამავდროულად, დამსაქმებლის პატივსადები ინტერესი გათავისუფლებულ დასაქმებულთან სამსახურებრივი ურთიერთობის გაგრძელების შეუძლებლობაშიც შეიძლება მდგომარეობდეს. ზემოაღნიშნული გარემოებების დამტკიცების შემთხვევაში, მოწინააღმდეგე მხარეზე გადადის ტოლფასი თანამდებობის არსებობის მტკიცების ტვირთი(იხ. სუსგ საქმე Nას-902-864-2014, 30 მარტი, 2015 წელი; Nას-475-456-2016, 24 ივნისი, 2016 წელი; Nას-761-712-2017, 10 ივლისი, 2017 წელი).
33. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხეს არც პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას და არც სააპელაციო სასამართლოში მიუთითებია პირვანდელ სამუშაო ადგილზე მოსარჩელის აღდგენის ობიექტური შეუძლებლობის შესახებ, შესაბამისად, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია იმსჯელოს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში, საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს მოსარჩელის პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლოში მითითებულ პრეტენზიებზე (იხ. წინამდებარე განჩინების 22.8-22.10 პუნქტები).
34. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობა, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომლითაც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
35. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
36. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარისა და 402,43 ლარის, ჯამში 702,43 ლარის 70% – 491,7 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სსიპ ქალაქ თბილისის N67-ე საჯარო სკოლის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორს სსიპ ქალაქ თბილისის N67-ე საჯარო სკოლას (ს/კ N2.......) დაუბრუნდეს მის მიერ 2021 წლის 8 იანვრის №7228 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 (სამასი) ლარის და 2021 წლის 24 თებერვლის №7401 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 402,43 (ოთხას ორი ლარი და ორმოცდასამი თეთრი) ლარის, საერთო ჯამში 702,43 (შვიდას ორი ლარი და ორმოცდასამი თეთრის) ლარის 70% – 491,7 (ოთხას ოთხმოცდათერთმეტი ლარი და სამოცდაათი თეთრი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი