Facebook Twitter

საქმე №ას-433-2021 16 დეკემბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს.ნ–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 თებერვლის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში - „მოსარჩელე“, „მერია“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელის სარჩელი (სარჩელით მოთხოვნილი იყო მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს სახით 4 242,48 ლარის გადახდის დაკისრება) შპს „ს.ნ–ის“ (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „მიმწოდებელი“) მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა 2 121,24 ლარის ოდენობით.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. მხარეთა შორის 03.07.2018 წელს გაფორმდა N03.01/30/330 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ქ. თბილისში სხვადასხვა ტერიტორიების გასამწვანებლად დასარგავი ამერიკული ნეკერჩხლის (თანმდევი მომსახურებით - დარგვა, მოვლა-პატრონობა) სახელმწიფო შესყიდვა; ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 125 059 ლარით (ქალაქ თბილისში სხვადასხვა ტერიტორიების გასამწვანებლად დასარგავი ამერიკული ნეკერჩხლის ნერგების მიწოდების ღირებულება განისაზღვრა 101 332 ლარით, ხოლო დარგული მცენარეების მოვლა-პატრონობის ღირებულებად განისაზღვრა 23 727 ლარი); ინფორმაცია შესყიდვების ობიექტის ტექნიკური მახასიათებლების შესახებ, რაოდენობისა და ერთეულის ღირებულების მითითებით, მოცემულია მიმწოდებლის მიერ წარდგენილ ფასების ცხრილში, რომელიც თან ერთვის ხელშეკრულებას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს (იხ. ტ. 1, ს.ფ. 23-30).

2.2. ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2019 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით, ეტაპობრივად, შემსყიდველის წერილობითი დავალების შესაბამისად.

2.3. მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის 22.10.2018წ. N18-01182954235 წერილით მიმწოდებელს დაევალა ამერიკული ნეკერჩხლის ნერგების დარგვის დაწყება, ხოლო 21.11.2018წ. N18-01183252737 წერილით აღნიშნული მომსახურების განხორციელების ვადამ გადაიწია 2018 წლის 01 დეკემბრის ჩათვლით (იხ. ტ. 1, ს.ფ. 31-32).

2.4. მიმწოდებელმა დაარღვია სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება.

2.5. ხელშეკრულების დარღვევის ფაქტი იკვეთება მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის 27.12.2018წ. N18- 01183612625 და 08.01.2019წ. N18-0119008226 წერილებით. ამასთან, 20.12.2018წ. შესრულებული სამუშაოების აქტი N1 და 24.12.2018წ. მიღება-ჩაბარების აქტი N1 ადასტურებს, რომ მიმწოდებლის მიერ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შესრულდა 2018 წლის 20 დეკემბერს, 19 კალენდარული დღის ვადაგადაცილებით (იხ. ტ. 1, ს.ფ. 33-36).

2.6. ხელშეკრულების 8.4 პუნქტის თანახმად, ფასების ცხრილის ,,ქალაქ თბილისში სხვადასხვა ტერიტორიების გასამწვანებლად დასარგავი ამერიკული ნეკერჩხლის ნერგების (თანმდევი მომსახურებით - დარგვა) მიწოდების” თავში პირველ, მე-2, მე-3 და მე-4 პოზიციებზე მიწოდების ვადის დარღვევის შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (19 დღე) ვადაგადაცილებით წარდგენილი და მიღება-ჩაბარების აქტით დადასტურებული ღირებულების (93 832 ლარი) 0,1%-ის ოდენობით, ჯამში 1 782,81 ლარი. აღნიშნულის თაობაზე მიმწოდებელი ინფორმირებულ იქნა მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის 14.01.2019წ. N12-0119014944 წერილით (იხ. ტ. 1, ს.ფ. 37).

2.7. მხარეთა შორის 08.11.2018 წელს გაფორმდა N03.01/30/497 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ქ. თბილისში, ......., კორპუსებს შორის არსებული პარკის ტერიტორიის გასამწვანებლად დასარგავი მერქნიანი მცენარეების (თანმდევი მომსახურებით - დარგვა) სახელმწიფო შესყიდვა; ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 303 550 ლარით; ინფორმაცია შესყიდვების ობიექტის ტექნიკური მახასიათებლების შესახებ, რაოდენობისა და ერთეულის ღირებულების მითითებით, მოცემულია მიმწოდებლის მიერ წარდგენილ ფასების ცხრილში, რომელიც თან ერთვის ხელშეკრულებას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს (იხ. ტ. 1, ს.ფ. 39-46).

2.8. ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2018 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით, შემსყიდველის წერილობითი დავალების შესაბამისად.

2.9. მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის 22.11.2018წ. N18-01183263954 წერილით მიმწოდებელს დაევალა ქ. თბილისში, ........ კორპუსებს შორის არსებული პარკის ტერიტორიაზე მცენარეების მიწოდება 2018 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით (იხ. ტ. 1, ს.ფ. 39-42, 47).

2.10. მომწოდებელმა დაარღვია სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. მან 214 253,76 ლარის ღირებულების შესყიდვის ობიექტის მიწოდება განახორციელა 2018 წლის 11 დეკემბერს, ხოლო 89 296,24 ლარის ღირებულების კი 2018 წლის 18 დეკემბერს, 08 კალენდარული დღის ვადის გადაცილებით.

2.11. ხელშეკრულების დარღვევის ფაქტი იკვეთება მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის 25.12.2018წ. N18–01183591829 წერილიდან, ამასთან აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის 25.12.2018წ. N18-01183591829 წერილი, 11.12.2018წ. შესრულებული სამუშაოების აქტი N1, 14.12.2018წ. მიღება-ჩაბარების აქტი N1, 18.12.2018წ. შესრულებული სამუშაოების აქტი N2 და 21.12.2018წ. მიღება-ჩაბარების აქტი N2 (იხ. ტ. 1, ს.ფ 48-52).

2.12. ხელშეკრულების 8.3 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისთვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (08 დღე) ხელშეკრულების ღირებულების (303 550 ლარი) 0,1%-ის ოდენობით, ჯამში 2 428,4 ლარი. აღნიშნულის თაობაზე მიმწოდებელი ინფორმირებულ იქნა მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის 17.01.2019წ. N12– 01190173498 წერილით (იხ. ტ. 1, ს.ფ. 39-42, 53).

2.13. მხარეთა შორის 12.11.2018 წელს გაფორმდა N03.01/30/503 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ქ. თბილისში სხვადასხვა ტერიტორიების გასამწვანებლად დასარგავი სოფორას ხის და უნგრული ცაცხვის ნერგების (თანმდევი მომსახურებით - დარგვა, მოვლა-პატრონობა); ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 166 900 ლარით (ხელშეკრულების 2.3 პუნქტი); ამასთან, ქ. თბილისში სხვადასხვა ტერიტორიების გასამწვანებლად დასარგავი სოფორას ხის და უნგრული ცაცხვის ნერგების მიწოდების ღირებულება განისაზღვრა 133 118 ლარით, ხოლო დარგული მცენარეების მოვლა-პატრონობის ღირებულებად განისაზღვრა 33 782 ლარი; ინფორმაცია შესყიდვების ობიექტის ტექნიკური მახასიათებლების შესახებ, რაოდენობისა და ერთეულის ღირებულების მითითებით, მოცემულია მიმწოდებლის მიერ წარდგენილ ფასების ცხრილში, რომელიც თან ერთვის ხელშეკრულებას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს (იხ. ტ. 1, ს.ფ. 54-61).

2.14. ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2019 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით, ეტაპობრივად, შემსყიდველის წერილობითი დავალების შესაბამისად.

2.15. მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის 03.12.2018წ. N18-01183371902 წერილით მიმწოდებელს დაევალა 10 ცალი უნგრული ცაცხვისა და 200 ცალი სოფორას ნერგის დარგვა 2018 წლის 14 დეკემბრის ჩათვლით (იხ. ტ. 1, ს.ფ 54-58, 62).

2.16. მიმწოდებელმა დაარღვია სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. აღნიშნული დასტურდება მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის 27.12.2018წ. N18-01183612611 წერილით, ასევე, 21.12.2018წ. შესრულებული სამუშაოების აქტი N2 და 21.12.2018წ. მიღება-ჩაბარების აქტი N2 ადასტურებს, რომ მიმწოდებლის მიერ 10 ცალი უნგრული ცაცხვის ნერგის დარგვა განხორციელდა 2018 წლის 21 დეკემბერს, 07 კალენდარული დღის ვადის გადაცილებით (იხ. ტ. 1, ს.ფ 63-65).

2.17. ხელშეკრულების 8.4 პუნქტის თანახმად, ფასების ცხრილის ,,ქალაქ თბილისში სხვადასხვა ტერიტორიების გასამწვანებლად დასარგავი სოფორას ხის და უნგრული ცაცხვის ნერგების (თანმდევი მომსახურებით - დარგვა) მიწოდების” თავში პირველ, მე-2, მე-3 და მე-4 პოზიციებზე მიწოდების ვადის დარღვევის შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (7 დღე) ვადაგადაცილებით წარდგენილი და მიღება-ჩაბარების აქტით დადასტურებული ღირებულების (4 468 ლარი) 0,1%-ის ოდენობით ჯამში 31.28 ლარი. აღნიშნულის თაობაზე მიმწოდებელი ინფორმირებულ იქნა მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის 14.01.2019წ. N12-0119014949 წერილით (იხ. ტ. 1, ს.ფ 54-58, 66).

3. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე, 420-ე მუხლებით და მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევის სიმძიმის (მიწოდება განხორციელებული იყო მხოლოდ 34 დღის დაგვიანებით), ასევე, ხელშეკრულების მხარეთა კეთილსინდისიერების პრინციპისა და სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების სტანდარტის გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი იყო და პირველი ინსტანციის სასამართლომ ის მართებულად შეამცირა ორჯერ - 2 121,24 ლარამდე.

4. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მითითება, რომ ვინაიდან მოპასუხემ ნაწილობრივ ცნო სარჩელი, სასამართლო ვალდებული იყო ემსჯელა დარჩენილი ნაწილის - 2 105,6 ლარის ფარგლებში პირგასამტეხლოს შემცირების კუთხით.

5. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

7. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

11. კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით პრეტენზია (შედავება) არ განუხორციელებია.

12. საკასაციო საჩივრის თანახმად:

12.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე არ არის საკმარისად დასაბუთებული. სასამართლოს აქვს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილება, თავისი შეხედულებისამებრ, საქმის კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, თუმცა აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს არა ნებისმიერი ოდენობის პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას, არამედ იმ ოდენობის, რომელიც ძირითად ვალდებულებასთან მიმართებით შეუსაბამოდ მაღალია;

12.2. გასაჩივრებულ განჩინებაში განვითარებული მსჯელობა ეწინააღმდეგება ხელშეკრულების ავტონომიის პრინციპს, რაც გულისხმობს, რომ სასამართლოს არ აქვს უფლება გაუმართლებლად ჩაერიოს ხელშეკრულების თავისუფლებაში და შეცვალოს ხელშეკრულების ის პირობა, რომელიც შეთანხმებულია მხარეთა ნების საფუძველზე. მოწინააღმდეგე მხარე დაეთანხმა ხელშეკრულების პირობებს, შესაბამისად, მას უნდა ჰქონოდა გათვითცნობიერებული ვალდებულების დარღვევის მოსალოდნელი შედეგი;

12.3. სასამართლომ სრულად უგულებელყო მოპასუხისათვის მზარდი პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნა, რაც წინააღმდეგობაში მოდის სსკ-ის 420-ე მუხლით სასამართლოსათვის მინიჭებულ უფლებამოსილებასთან .კერძოდ, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, თუმცა მას უფლება არ აქვს საერთოდ გააუქმოს იგი.

13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლი ხელშეკრულების მხარეებს ანიჭებს უფლებამოსილებას, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

14. ამდენად, პირგასამტეხლოს თაობაზე შეთანხმება არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, ასეთ დროს სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ასევე, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიც არის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. მაგ., სუსგ საქმე Nას-1560-1463-2012, 28 დეკემბერი, 2012 წელი; Nას-1200-1145-2013, 16 მაისი, 2014 წელი; Nას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი; Nას-1511-2018, 26 მარტი, 2019 წელი).

15. საკასაციო სასამართლო აგრეთვე განმარტავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, პირგასამტეხლო დაანგარიშებული უნდა იყოს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან. საერთო ღირებულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს გათვალისწინება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან რამდენიმე დღის ვადაგადაცილებისათვის ხელშეკრულების საერთო თანხის გათვალისწინებით პირგასამტეხლოს დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებებისა და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს (იხ. სუსგ საქმე Nას-164-160-2016, 28 ივლისი, 2016 წელი).

16. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი, პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა (იხ. სუსგ საქმე Nას-186-2021, 25 მარტი, 2021 წელი).

17. მოცემულ შემთხვევაში დარღვეული ვალდებულების ხასიათის, ხელშეკრულებების საერთო ღირებულების (125 059 ლარი, 303 550 ლარი და 166 900 ლარი), ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობის (19, 8 და 7, ჯამში 34 კალენდარული დღე), დარღვევით გამოწვეული შესაძლო ზიანისა და მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის (03.07.2018წ. და 12.11.2018წ. ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებით წარდგენილი და მიღება-ჩაბარების აქტით დადასტურებული ღირებულების 0,1%, ჯამში - 1814,09 ლარი, ხოლო 08.11.2018წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,1%, ჯამში - 2 428,4 ლარი), ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო ნაწილობრივ ცნო, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხისათვის დაკისრებული შემცირებული პირგასამტეხლოს ოდენობა (2 121,24 ლარი) გონივრულ და სამართლიან ოდენობას წარმოადგენს.

18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს. წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არის დაუსაბუთებელი. კასატორმა ვერ დაადასტურა პირგასამტეხლოს შემცირების არამართლზომიერება და საკასაციო პალატა ვერ დაარწმუნა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის წინაპირობების არსებობაში, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

19. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი