Facebook Twitter

საქმე №ა-5832-შ-148-2022 29 ნოემბერი, 2023 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – შპს „მ-ლ“

მოწინააღმდეგე მხარე – ა.ჩ–ნი

განჩინება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2022 წლის 8 მარტის NA41-62115/16 განჩინება სუბსიდიური პასუხისმგებლობის ოდენობის დადგენის შესახებ

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2022 წლის 8 მარტის NA41-62115/16 განჩინებით სუბსიდიური პასუხისმგებლობის ოდენობის დადგენის შესახებ (შემდგომში - „საცნობი გადაწყვეტილება“ ან „რუსეთის ფედერაციის სასამართლოს გადაწყვეტილება“) ე.პ. ძე ე–ს და ა.თ. ძე ჩ–ს (შემდგომში - „მოწინააღმდეგე მხარე“) სოლიდარულად დაეკისრათ დავალიანების გადახდა შპს „მ-ლის“ (შემდგომში – „შუამდგომლობის ავტორი“) სასარგებლოდ 5 413 311,56 რუბლის ოდენობით, საიდანაც 5 090 902,08 რუბლი რეესტრის მესამე რიგის ძირითადი დავალიანებაა, 322 409,48 რუბლი - ფინანსური სანქციები.

2. 2022 წლის 10 ივნისს საცნობ გადაწყვეტილებაზე რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლომ გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომელშიც მოვალედ მითითებულია მოწინააღმდეგე მხარე.

3. შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელმა ბ.ბ–მა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობით მოითხოვა საცნობი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება მოწინააღმდეგე მხარისათვის თანხის დაკისრების ნაწილში.

4. საცნობი გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ საქმის განხილვა გაიმართა მოპასუხეთა და გაკოტრების საქმეში მონაწილე პირთა დაუსწრებლად, რომლებსაც სასამართლომ ჯეროვნად გაუგზავნა შეტყობინებები. ინფორმაცია სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის შესახებ გამოქვეყნდა საარბიტრაჟო საქმეთა კარტოთეკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

5. საცნობი გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ იგი კანონიერ ძალაში შევიდა 2022 წლის 23 მარტს.

6. მოწინააღმდეგე მხარის ფინანსური მენეჯერის მიერ გაცემული, სათანადოდ დათარიღებული და დამოწმებული ცნობიდან ირკვევა, რომ საცნობი გადაწყვეტილებით მოწინააღმდეგე მხარისათვის შუამდგომლობის ავტორის სასარგებლოდ დაკისრებული ვალდებულება (5 413 311,56 რუბლის ოდენობით) რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ დაკმაყოფილებულა.

7. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის 10 თებერვლის N01/32806 ცნობით დასტურდება, რომ მოწინააღმდეგე მხარე (დაბადებული 01.01.1976წ.) ითვლება საქართველოს მოქალაქედ, ხოლო 2023 წლის 13 თებერვლის N01/34673 ცნობით ირკვევა, რომ მოწინააღმდეგე მხარე (პ/ნ ......) რეგისტრირებულია მისამართზე - ქ. თბილისი, ............

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 6 მარტის განჩინებით შუამდგომლობა საცნობი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ მოწინააღმდეგე მხარეს უფლება ჰქონდა წარმოედგინა მოსაზრება აღნიშნული შუამდგომლობის თაობაზე მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის განმავლობაში.

9. 2023 წლის 20 მარტს მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა ელენე ლაზარიაშვილმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა მოსაზრება (პოზიცია), რომლითაც მოითხოვა საცნობი გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმა შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

9.1. მოპასუხე ინფორმირებული არ იყო სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის შესახებ, რაც მინსკის კონვენციის 55-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენს აღნიშნული კონვენციის ხელშემკვრელი მხარის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის საფუძველს;

9.2. საცნობ გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ აღნიშნული საკითხის განხილვა დანიშნულია სასამართლოს სხდომაზე, რომელიც გაიმართა მოპასუხეთა და გაკოტრების საქმეში მონაწილე პირთა დაუსწრებლად, რომლებსაც სასამართლომ ჯეროვნად გაუგზავნა შეტყობინებები. თუმცა, არსად არის აღნიშნული, რომ ეს შეტყობინებები ვინმეს ჩაბარდა;

9.3. გადაწყვეტილებიდან საერთოდ გაუგებარია, რომელი საკითხის განხილვაზეა მსჯელობა, ვინაიდან უშუალოდ გადაწყვეტილება შეეხება სუბსიდიური პასუხისმგებლობის განსაზღვრას, ხოლო ზევით საუბარია არა კონკრეტულად ამ, არამედ - გაკოტრების საქმეზე. ამასთან, შემდეგ აბზაცში სასამართლო ამბობს, რომ ჯეროვნად გაგზავნაში იგულისხმება მხოლოდ ის, რომ ინფორმაცია სხდომის დროისა და ადგილის შესახებ გამოქვეყნდა საარბიტრაჟო საქმეთა კარტოთეკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. ასეთი გამოქვეყნება არ შეიძლება ჩაითვალოს უწყების ჩაბარების გზით გაფრთხილებად. მხარეს მინიმუმ უნდა ჰქონდეს ინფორმაცია დავის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, რათა ჰქონდეს შესაძლებლობა შეამოწმოს საარბიტრაჟო საქმეთა კარტოთეკა. ამასთან, საერთოდ არ არსებობს ინფორმაცია, სად, რამდენჯერმე გაეგზავნა მხარეს შეტყობინება, როდის აიტვირთა ინფორმაცია ზემოხსენებულ კარტოთეკაში. შესაბამისად, ჰქონდა თუ არა მხარეს შესაბამისი დრო და საშუალება რეაგირებისათვის;

9.4. მნიშვნელოვანია ისიც, რომ 2020 წლიდან მოწინააღმდეგე მხარე უწყვეტად იმყოფება საქართველოში, ხოლო 2017 წლიდან საერთოდ აღარ ყოფილა რუსეთის ფედერაციაში, ვინაიდან იძებნებოდა ყალბი ბრალდებით. შესაბამისად, გაუგებარია, სად უგზავნიდნენ მას გზავნილებს ან რა ხერხით ატყობინებდნენ, რომ მიმდინარეობდა კონკრეტული დავა;

9.5. რუსეთის ფედერაციის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსასრულებლად მიქცევა ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს, რადგან მოპასუხეს კანონით დადგენილი წესით არ ჰქონდა სასამართლო განხილვისას თავის დაცვის საშუალება;

9.6. საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებთან წინააღმდეგობის კონტექსტში ხაზგასასმელია, რომ რუსეთის ფედერაციის სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება გადახდისუუნარობის შესახებ რუსეთის ფედერაციის 2002 წლის კანონს და მასში შეტანილ ცვლილებებს. კერძოდ, 61.11 მუხლით დადგენილია იურიდიული პირის ნაცვლად ფაქტობრივად ნებისმიერი მესამე პირის, რომელიც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ჩაითვლება იურიდიული პირის მაკონტროლებლად, ფინანსური პასუხისგება - სუბსიდიარული პასუხისმგებლობა. რეალურად ის თანხები, რომელთა გადახდაც დაეკისრა მოწინააღმდეგე მხარეს, არ წარმოადგენს მის ვალს, უფრო მეტიც, წარმოადგენს კომპანიის ვალს, რომელშიც იგი არ იყო არც დამფუძნებელი, არც დირექტორი, საერთოდ არ ეკავა რაიმე სახის პოზიცია კომპანიაში;

9.7. რუსეთის ფედერაციის მიერ მიღებული ცვლილებები სუბსიდიარული პასუხისმგებლობის შესახებ არა მხოლოდ გამორიცხავს იურიდიული პირის პირადი პასუხისმგებლობის არსებობას თეორიულ დონეზეც კი, არამედ წარმოადგენს საერთაშორისო კანონმდებლობითა და საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული კერძო საკუთრების უფლების სრულიად გაუმართლებელ და დაუშვებელ შეზღუდვას. წარმოდგენილი გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებით სასამართლო საქართველოს საკანონმდებლო სივრცეში შემოიტანს და დაამკვიდრებს რუსეთის ფედერაციის მიერ მიღებულ საერთაშორისო სამართლისა და პრინციპების საწინააღმდეგო, არადემოკრატიულ ქცევის წესებს, რომელიც არა მხოლოდ უარყოფითად აისახება მოწინააღმდეგე მხარეზე, არამედ - პოტენციურად დაუცველს გახდის საქართველოში მყოფი ყველა პირის, განსაკუთრებით რუსეთის ფედერაციასთან კავშირის მქონე საქართველოს მოქალაქეების, მათი ოჯახის წევრების საკუთრების უფლებას;

9.8. პირისათვის სხვა პირის ნაცვლად სუბსიდიარული პასუხისმგებლობის დაკისრებას, მით უმეტეს, გაკოტრების საქმის წარმოების პროცესში, თანაც საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ საქართველო კანონმდებლობა არ იცნობს. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აღნიშნული საკითხი არ შეიძლება იყოს საარბიტრაჟო განხილვის საგანი;

9.9. წარმოდგენილი გადაწყვეტილება არ არის ძირითადი გადაწყვეტილება, რომლითაც დადგინდა, რომ მოწინააღმდეგე მხარე სუბსიდიარული წესით პასუხისმგებელია სხვა პირის ვალდებულებებზე. წარმოდგენილია მხოლოდ განჩინება მისი პასუხისმგებლობის ოდენობის განსაზღვრის შესახებ. შესაბამისად, არ არსებობს ცნობა, როგორ, რა წესით, რა დარღვევებით ჩატარდა სხდომა და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, სადაც დადგინდა, რომ მოწინააღმდეგე მხარე იყო სხვის ვალდებულებაზე პასუხისმგებელი. მნიშვნელოვანია, ჰქონდა თუ არა მოწინააღმდეგე მხარეს აღნიშნული საკითხის გადაწყვეტისას საკუთარი საპროცესო უფლებების რეალიზების შესაძლებლობა;

9.10. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილია მოწინააღმდეგე მხარის ფინანსური მენეჯერის მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც ასახულია ინფორმაცია, რომ რუსეთის ფედერაციის ფარგლებში აღსრულება მოწინააღმდეგე მხარის მიმართ არ განხორციელებულა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 467-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულების დროს ერთ-ერთი მოვალის მიერ ვალდებულების მთლიანად შესრულება ათავისუფლებს შესრულებისაგან დანარჩენ მოვალეებს. შესაბამისად, ცალსახაა, რომ, თუ რუსეთის ფედერაციაში აღსრულება განხორციელდა სხვა სოლიდარული მოვალის მიმართ, აღარ არსებობს მისი აღსრულების შესაძლებლობა მოწინააღმდეგე მხარის მიმართ. ასევე სხვა საკითხია, რამდენად წარმოადგენს ფინანსური მენეჯერი კომპეტენტურ პირს მსგავსი ცნობის გასაცემად;

9.11. თავად აღსასრულებელ გადაწყვეტილებაში არსად არის მითითებული, რომ იგი საბოლოოა ან, რომ იგი გამოტანისთანავე შედის ძალაში, პირიქით, მითითებულია, რომ იგი შეიძლება გასაჩივრდეს. სააღსრულებო ფურცელი, რომელიც გაცემულია გადაწყვეტილების მიღების დღესვე - 08.03.2022 წელს, არ იმეორებს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს, არამედ დამატებით ასკვნის, რომ სასამართლო აქტი ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას. ამასთან, სააღსრულებო ფურცელში, რომელსაც აწერია თარიღი - 08.03.2022 წელი, ტექსტში მითითებულია, რომ გაცემულია 2022 წლის 10 ივნისს. ყოველივე აღნიშნული კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს დოკუმენტის ნამდვილობას. ასევე საყოველთაოდ აღიარებული ფაქტია, რომ რუსეთის ფედერაციაში შესაძლებელია ფაქტობრივად ნებისმიერი საბუთის გაყალბება. ამდენად, მოწინააღმდეგე მხარე აკეთებს განცხადებას საბუთის (გადაწყვეტილების, სააღსრულებო ფურცლის, ფინანსური მენეჯერის მიერ გაცემული ცნობის) სიყალბის თაობაზე სსსკ-ის 137-ე მუხლის შესაბამისად;

9.12. ე.წ. კრედიტორი კომპანიის მიერ ხდება მოწინააღმდეგე მხარის დევნა. მის წინააღმდეგ ვითომდა მესამე პირების მიმართ მისი ვალდებულების არსებობის თაობაზე რუსეთის ფედერაციაში დაიწყეს სისხლისსამართლებრივი დევნა და გამოაცხადეს საერთაშორისო ძებნა. თუმცა, ინტერპოლის ეროვნული ბიუროს მიერ გათვალისწინებული იქნა მის მიმართ მიმდინარე დევნის უკანონობა და 2022 წლის 1 ივნისის წერილის შესაბამისად, დასტურდება, რომ იგი მოიხსნა საერთაშორისო ძებნიდან.

9.13. დანაშაულებრივ სამყაროსთან კრედიტორი კომპანიის წარმომადგენლების კავშირებზე არსებობს უამრავი წყარო. მათ მოწინააღმდეგე მხარეს ჩამოაკითხეს თბილისშიც, რათა დაეშინებინათ. მოწინააღმდეგე მხარის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში. ყოველივე აღნიშნული კი ამყარებს ეჭვს, რომ შუამდგომლობის ავტორი არ მოერიდებოდა არც დოკუმენტების გაყალბებას.

10. მოწინააღმდეგე მხარის საპასუხოდ, 2023 წლის 24 აპრილს შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელმა - ბ.ბ–მა წარმოადგინა მოსაზრება და განმარტა შემდეგი:

10.1. საჯაროდ გამოქვეყნება წარმოადგენს მხარეთა ინტერესების დაცვის ერთადერთ საშუალებას მაშინ, როდესაც მოწინააღმდეგე მხარის ადგილსამყოფელი უცნობია. მოცემულ შემთხვევაში მოწინააღმდეგე მხარე იმყოფებოდა ძებნაში. ამასთან, თუ მხარე თვლის, რომ პროცესზე არ იქნა შესაბამისი წესით მიწვეული, მას შეუძლია აღნიშნული საფუძვლით მიმართოს რუსეთის ფედერაციის სასამართლოს;

10.2. საქართველოს კანონმდებლობა და სასამართლო პრაქტიკა იცნობს გამჭოლ პასუხისმგებლობას. არ აქვს მნიშვნელობა პასუხისმგებლობას სუბსიდიალურს ვუწოდებთ თუ გამჭოლს, როდესაც კომპანიის მიერ მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია ფიზიკური პირი და მისი ბრალეულობა აშკარად იკვეთება, ამასთან, თუ მეწარმე სუბიექტი გადახდისუუნაროა, პასუხისმგებლობა დაეკისრება უშუალოდ იმ პირს, ვისი ბრალეული ქმედებებითაც იქნა ზიანი გამოწვეული;

10.3. განსხვავებით საქართველოში არსებული არბიტრაჟებისა, რომლებიც კერძო სამართლის სუბიექტებს წარმოადგენენ, რუსეთის ფედერაციაში არბიტრაჟი არის სახელმწიფო დაწესებულება, რომელიც უნდა გაუთანაბრდეს ქართულ საერთო სასამართლოებს. მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლო წარმოადგენს სასამართლოს, რომელიც განიხილავს ადმინისტრაციულ და კორპორაციულ დავებს. შესაბამისად, არ შეიძლება მისი განხილვა საქართველოში არსებული არბიტრაჟების რანგში;

10.4. მხარე ყურადღებას ამახვილებს პასუხისმგებლობის სოლიდარულად დაკისრებაზე. აღნიშნული საქმის წარმოების ფარგლებში კონკრეტულად მოწინააღმდეგე მხარის პასუხისმგებლობის მოცულობაა განსაზღვრული და წარდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მას ვალდებულება კრედიტორის მიმართ არ შეუსრულებია;

10.5. მოწინააღმდეგე მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ საქმის წარმოება რუსეთის ფედერაციაში არ დასრულებულა და, რომ გადაწყვეტილება გასაჩივრებულია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

11. საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობასა და თანდართულ მასალებს, ასევე - მოწინააღმდეგე მხარის პოზიციას, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შუამდგომლობა მოწინააღმდეგე მხარის მიმართ სუბსიდიური პასუხისმგებლობის ოდენობის დადგენის ნაწილში საცნობი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

12. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო [„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68.5 მუხლი], ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მიღების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება [„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 70.3 მუხლი].

13. მოწინააღმდეგე მხარე მის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მოსაზრებით სადავოდ ხდის სასამართლო განხილვის თაობაზე მისი ინფორმირებულობის საკითხს.

14. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ წესებს აქვთ უპირატესი იურიდიული ძალა ამ კანონით განსაზღვრულ წესებთან შედარებით.

15. „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ კონვენციის (შემდგომში - „მინსკის კონვენცია“) 55-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, 52-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების აღიარებაზე და იძულებითი აღსრულების ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარის თქმა იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხეს პროცესში იმის გამო არ მიუღია მონაწილეობა, რომ მას ან მის რწმუნებულს დროულად არ გადასცეს სასამართლოში გამოძახების შესახებ შეტყობინება.

16. საცნობი გადაწყვეტილების თანახმად, 2017 წლის 21 მარტს სასამართლომ გადაწყვეტილებით შპს „სკ გეფესტი“ ცნო გადახდისუუნაროდ (გაკოტრებულად) და გახსნა მოვალის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოება. 2019 წლის 19 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით საარბიტრაჟო სასამართლომ ე.პ. ძე ე–ს და ა.თ. ძე ჩ–ს დააკისრა სუბსიდიური პასუხისმგებლობა მოვალის ვალდებულებებზე, პასუხისმგებლობის ოდენობის ნაწილში საქმის წარმოება შეჩერებულია. 02.12.2021 წლის განჩინებით სასამართლომ განაახლა წარმოება ცალკეულ დავაზე საკონკურსო მმართველის შუამდგომლობის საფუძველზე სუბსიდიური პასუხისმგებლობის ოდენობის დადგენის მიზნით. აღნიშნული საკითხის განხილვა დანიშნულია სასამართლო სხდომაზე, რომელიც გაიმართა მოპასუხეთა და გაკოტრების საქმეში მონაწილე პირთა დაუსწრებლად, რომლებსაც სასამართლომ ჯეროვნად გაუგზავნა შეტყობინებები. რუსეთის ფედერაციის საარბიტრაჟო საპროცესო კოდექსის 121-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ინფორმაცია სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის შესახებ გამოქვეყნდა საარბიტრაჟო საქმეთა კარტოთეკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე http://kad.arbitr.ru.

17. საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო უწყების ჩაბარების საკითხი რეგულირდება იმ ქვეყნის საპროცესო კანონმდებლობით, რომელიც განიხილავს მხარეთა შორის წარმოშობილ დავას (იხ. სუსგ საქმე №ა-1997-შ-48-2018, 5 ნოემბერი, 2018 წელი).

18. მოცემულ შემთხვევაში საქმის განმხილველმა რუსეთის ფედერაციის სასამართლომ საკუთარი საპროცესო კანონმდებლობის საფუძველზე მიიჩნია, რომ მოწინააღმდეგე მხარე ჯეროვნად იყო ინფორმირებული სასამართლო განხილვის თაობაზე, რაც ქმნის მოწინააღმდეგე მხარის სათანადო წესით ინფორმირებულობის პრეზუმფციას.

19. მოწინააღმდეგე მხარემ კი ზემოაღნიშნული პრეზუმფციის გასაქარწყლებლად ვერ დაამტკიცა, რომ საქმის განმხილველმა სასამართლომ დაარღვია რუსეთის ფედერაციის ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული უწყების ჩაბარების წესები. მან ვერ მიუთითა, რუსეთის ფედერაციის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული კონკრეტულად რომელი ნორმა იქნა დარღვეული მისთვის უწყების ჩაბარებისას (შედ. იხ. სუსგ საქმე №ა-5274-შ-130-2018, 11 ივნისი, 2019 წელი). სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსაზრებით, სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება საარბიტრაჟო საქმეთა კარტოთეკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე შეიძლება განხილულ იქნეს იმგვარ გამონაკლისად, როდესაც მხარე ინფორმირებულად მიიჩნევა მისთვის უწყების პირადად ჩაუბარებლობის შემთხვევაში. მსგავსი გამონაკლისის არსებობა გათვალისწინებულია ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით, კერძოდ, სსსკ-ის 78-ე მუხლით [თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. სასამართლო შეტყობინება საჯაროდ ვრცელდება შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებით ან დაინტერესებული მხარის მოთხოვნის შემთხვევაში – მისივე ხარჯებით იმ გაზეთში, რომელიც მასობრივადაა გავრცელებული მხარის საცხოვრებელი ადგილის შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებით. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლო უწყება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება სასამართლო შეტყობინების შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებიდან ან გაზეთში ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს]. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ თავად მოწინააღმდეგე მხარის მითითებით, იგი 2017 წლიდან საერთოდ არ ყოფილა რუსეთის ფედერაციაში, რადგან იძებნებოდა. საქართველოს კანონმდებლობითაც საჯარო შეტყობინება გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც მხარის ადგილსამყოფელი უცნობია.

20. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში სამოქალაქო საქმეთა პალატა მიიჩნევს, რომ დაცულია მინსკის კონვენციის 55-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოპასუხის ინფორმირებულობის წინაპირობა.

21. მოწინააღმდეგე მხარე გამოთქვამს ასევე პრეტენზიას, რომ იურიდიული პირის ნაცვლად ფაქტობრივად ნებისმიერი მესამე პირის, რომელიც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ჩაითვლება იურიდიული პირის მაკონტროლებლად, ფინანსური პასუხისგება - სუბსიდიარული პასუხისმგებლობა ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს. მისი განმარტებით, ის თანხები, რომელთა გადახდაც დაეკისრა მას, წარმოადგენს კომპანიის ვალს, რომელშიც იგი არ იყო არც დამფუძნებელი, არც დირექტორი, საერთოდ არ ეკავა რაიმე სახის პოზიცია კომპანიაში.

22. სამოქალაქო საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ზოგადი წესის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ვალდებულებებისთვის საზოგადოების პარტნიორები და დირექტორი პირადი ქონებით პასუხს არ აგებენ [„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 123-ე მუხლი: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის სამეწარმეო საზოგადოება, რომლის კაპიტალი დაყოფილია წილებად, ხოლო ამ საზოგადოების ვალდებულებებისთვის პარტნიორების პასუხისმგებლობა შეზღუდულია. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება კრედიტორის წინაშე მთელი თავისი ქონებით აგებს პასუხს. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება პარტნიორთა ვალდებულებებისთვის პასუხს არ აგებს]. თუმცა საზოგადოებისათვის მიყენებული ზიანისათვის დირექტორის პირადი პასუხისმგებლობა დადგენილია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლით, რომლის თანახმად, ხელმძღვანელი პირი ვალდებულია სამეწარმეო საზოგადოების საქმეებს გაუძღვეს მართლზომიერად და კეთილსინდისიერი ხელმძღვანელის გულისხმიერებით, კერძოდ, მასზე ისე ზრუნავდეს, როგორც ანალოგიურ პირობებში უნდა ეზრუნა/ემოქმედა ჩვეულებრივ, საღად მოაზროვნე პირს, იმ რწმენით, რომ მისი ეს მოქმედება სამეწარმეო საზოგადოებისთვის ეკონომიკურად ყველაზე ხელსაყრელია. ხელმძღვანელი პირი სამეწარმეო საზოგადოების წინაშე პასუხს აგებს კეთილსინდისიერების მოვალეობის ბრალეული შეუსრულებლობით მიყენებული ზიანისთვის. დაუშვებელია, წესდებით ან პარტნიორთა გადაწყვეტილებით შეიზღუდოს ხელმძღვანელი პირის პასუხისმგებლობა ამ მოვალეობის განზრახ შეუსრულებლობისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ საზოგადოების წინაშე პასუხს აგებენ ასევე შპს-ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრებიც [„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 125.2. და 210-ე მუხლები].

23. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულია ასევე გამონაკლის შემთხვევაში კომპანიის კრედიტორების წინაშე კომპანიის პარტნიორის პირადი პასუხისმგებლობის შესაძლებლობაც (ე.წ. „გამჭოლი პასუხისმგებლობა“) [მუხლი 26: კომანდიტური საზოგადოების კომანდიტი, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, სააქციო საზოგადოების, კოოპერატივის პარტნიორი სამეწარმეო საზოგადოების ვალდებულებისთვის კრედიტორის წინაშე პასუხს არ აგებს. გამონაკლის შემთხვევაში კომანდიტური საზოგადოების კომანდიტი, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, სააქციო საზოგადოების, კოოპერატივის პარტნიორი სამეწარმეო საზოგადოების კრედიტორის წინაშე პასუხს აგებს პირადად, თუ ის პასუხისმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივ ფორმას ბოროტად იყენებს და სამეწარმეო საზოგადოებას არ შეუძლია კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილება]. საკასაციო პალატის განმარტებით, „გამჭოლი პასუხისმგებლობის“ გამოყენების საჭიროება, როგორც წესი, წარმოიშობა იმ შემთხვევაში, როცა ვალდებულება წარმოეშვა კომპანიას, მაგრამ იგი არ არის გადახდისუნარიანი. კრედიტორი, გადახდისუნარიანი პირის ძიებაში, უჩივის კომპანიის პარტნიორს და მიუთითებს, რომ ამა თუ იმ მიზეზის გამო, ის პირადად აგებს პასუხს კომპანიის სახელით წარმოშობილი ვალდებულებებისათვის. ასეთ შემთხვევაში, როდესაც კომპანია გადახდისუუნაროა და კრედიტორი ითხოვს გადახდას პარტნიორისაგან, სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, ვალდებულების შეუსრულებლობით წარმოშობილი დანაკარგი მესამე პირს თუ პარტნიორს დააკისროს. ყოველ ასეთ შემთხვევაში შეზღუდული პასუხისმგებლობის პრინციპის უპირობო გამოყენება გამოიწვევდა შედეგს, რომელიც ყოველთვის კრედიტორს აზარალებს. ამასთან, აღნიშნული ნორმა თავის თავში მოიცავს არა მხოლოდ პასუხისმგებლობის შეზღუდვის კორპორაციული ფორმის ბოროტად გამოყენებას (მაგ., კორპორაციის, როგორც მხოლოდ პარტნიორის მიზნის მისაღწევი „ინსტრუმენტის“ დანიშნულებით გამოყენება; „კორპორაციული ფორმალობების დაუცველობა“; კორპორაციის, როგორც პარტნიორის „ალტერ ეგოს“ არსებობა), არამედ თავად შეზღუდული პასუხისმგებლობის, როგორც პასუხისმგებლობის ელემენტის, ბოროტად გამოყენებას, რაც გულისხმობს პარტნიორის მიერ პასუხისმგებლობის შეზღუდვის პრივილეგიის მარტოოდენ სხვისი ინტერესების საზიანოდ გამოყენებას და საკუთარი ეკონომიკური რისკებისა და დანაკარგის სხვაზე გადაკისრებას კრედიტორის განზრახ შეცდომაში შეყვანით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ კომპანიის პარტნიორებისა და დირექტორის პასუხისმგებლობა კრედიტორების წინაშე კომპანიის ვალდებულებების მიმართ სუბსიდიურია, ხოლო ერთმანეთის მიმართ შესაძლებელია სოლიდარული იყოს (შედ. იხ. სუსგ საქმე №ას-1307-1245-2014, 6 მაისი, 2015 წელი). ამასთან, საზოგადოებისთვის ზიანის მიყენებასა და მის ვალდებულებებზე პასუხისმგებლობა პირს შესაძლებელია დაეკისროს ასევე ზოგადი წესით, როგორც დელიქტით მიყენებული ზიანისთვის.

24. ამდენად, სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსაზრებით, იურიდიული პირის ვალდებულებებზე მისი მაკონტროლებელი ფიზიკური პირის ფინანსური სუბსიდიური პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობითაც, შესაბამისად, არ არის წინააღმდეგობაში საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებთან, ხოლო თავად საქმის ხელახლა შემოწმების უფლებამოსილება საქართველოს სასამართლოს არ გააჩნია. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, საერთაშორისო სამართლებრივ ბრუნვაში მრავალი ქვეყანა მისდევს revizion au fond-ის აკრძალვის სახელით ცნობილ პრინციპს, რომელიც უარყოფს უცხო ქვეყნის სასამართლოს (არბიტრაჟის) მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შინაარსობრივ გადამოწმებას (იხ. სუსგ საქმე №ა-952-შ-23-2016, 6 ივლისი, 2015 წელი). აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების საკითხის გადაწყვეტისას არ ხდება საცნობი გადაწყვეტილების სამართლებრივი გამართულობის შემოწმება და მხარეთა შორის წარმოშობილი დავის ხელმეორედ არსებითი განხილვა. სასამართლო ამოწმებს მხოლოდ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა-არარსებობის საკითხს.

25. რაც შეეხება მოწინააღმდეგე მხარის პრეტენზიას, რომ საცნობი გადაწყვეტილება არ წარმოადგენს ძირითად გადაწყვეტილებას, რომლითაც დადგინდა მოწინააღმდეგე მხარის სუბსიდიური პასუხისმგებლობა, არამედ საცნობი გადაწყვეტილებით განისაზღვრა მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარის სუბსიდიური პასუხისმგებლობის ოდენობა, სამოქალაქო საქმეთა პალატა მიუთითებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 70.1. მუხლზე, რომლის თანახმად, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების ობიექტად მოიაზრება არა კანონიერ ძალაში შესული ნებისმიერი გადაწყვეტილება, არამედ - მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე ცნობაუნარიანი და აღსრულებადი გადაწყვეტილება (იხ. სუსგ საქმე №ა-1302-შ-31-2010, 6 ივლისი, 2010წ.). განსახილველ შემთხვევაში საცნობი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით დადგენილია არა მარტო ზოგადად მოწინააღმდეგე მხარის სუბსიდიური პასუხისმგებლობა, არამედ განსაზღვრულია მისი სუბსიდიური პასუხისმგებლობის კონკრეტული ოდენობა, რაც აღნიშნულ გადაწყვეტილებას აქცევს აღსრულებაუნარიანად. გამომდინარე აქედან, მოწინააღმდეგე მხარის პრეტენზია იმაზე, რომ უცნობია შეეძლო თუ არა მას საკუთარი საპროცესო უფლებების რეალიზება იმ სასამართლოს სხდომაზე, რომელზედაც დადგინდა ზოგადად მისი სუბსიდიური პასუხისმგებლობა, მოცემულ შემთხვევაში არარელევანტურია.

26. მოწინააღმდეგე მხარის პრეტენზიასთან დაკავშირებით მისი ფინანსური მენეჯერის მიერ გაცემული ცნობის თაობაზე, სამოქალაქო საქმეთა პალატა აღნიშნავს, რომ დასახელებული ცნობა არის სათანადოდ დათარიღებული და დამოწმებული, რომლიდანაც ირკვევა, რომ საცნობი გადაწყვეტილებით მოწინააღმდეგე მხარისათვის შუამდგომლობის ავტორის სასარგებლოდ დაკისრებული ვალდებულება (5 413 311,56 რუბლის ოდენობით) რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ დაკმაყოფილებულა. ამასთან, თავად ამავე ცნობაში მითითებულია, რომ გაკოტრების შესახებ კანონის შესაბამისად, ფინანსური მენეჯერი პასუხისმგებელია კრედიტორების მოთხოვნების დასაფარად სახსრების დროულ და სრულ გადარიცხვაზე, ხოლო სხვა პირებს, გარდა ფინანსური მენეჯერისა, არ აქვთ კრედიტორების მოთხოვნების დაფარვის უფლება. შესაბამისად, ფინანსური მენეჯერის მიერ მისი კომპეტენციის ფარგლებში გაცემული აღნიშნული ცნობა მიიჩნევა მინსკის კონვენციით გათვალისწინებულ დოკუმენტად, რომლითაც შესაძლებელია დადასტურდეს ის გარემოება, აღსრულებულია თუ არა საცნობი გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე.

27. მოწინააღმდეგე მხარე დავობს ასევე იმასთან დაკავშირებით, რომ, ვინაიდან მას სხვა პირთან ერთად დაეკისრა სოლიდარული ვალდებულება, შესაძლოა, არ არსებობდეს საცნობი გადაწყვეტილების აღსრულების საფუძველი მის მიმართ [სსკ-ის 467-ე მუხლი: ერთ-ერთი მოვალის მიერ ვალდებულების მთლიანად შესრულება ათავისუფლებს შესრულებისაგან დანარჩენ მოვალეებს. იგივე წესი მოქმედებს კრედიტორთან მოვალის მიერ განხორციელებული გაქვითვის მიმართ]. სამოქალაქო საქმეთა პალატა აღნიშნავს, რომ საქმის განხილვის ეტაპზე მოწინააღმდეგე მხარეს არ მიუთითებია და არც დაუმტკიცებია, რომ მეორე სოლიდარულმა მოვალემ შეასრულა საცნობი გადაწყვეტილებით დაკისრებული ფინანსური ვალდებულება. შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის სასამართლო გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევის ეტაპზე არ არსებობს მსგავსი დამაბრკოლებელი გარემოება.

28. რაც შეეხება მოწინააღმდეგე მხარის შედავებას, რომ საცნობი გადაწყვეტილება და სააღსრულებო ფურცელი ყალბია, სამოქალაქო საქმეთა პალატა აღნიშნავს, რომ 2022 წლის 8 მარტის საცნობი გადაწყვეტილება არის სათანადო წესით დამოწმებული, გადაწყვეტილების ბოლოს აღნიშნულია, რომ იგი შეიძლება გასაჩივრდეს გამოტანის დღიდან 10 დღის განმავლობაში, ხოლო გადაწყვეტილების პირველ გვერდზე დატანილ შტამპზე მითითებულია, რომ იგი კანონიერ ძალაში შევიდა 2022 წლის 23 მარტს, ბეჭედდასმულია და ხელმოწერილია. სააღსრულებო ფურცელი კი გაცემულია 2022 წლის 10 ივნისს, რაც არ იძლევა აღნიშნული დოკუმენტების ნამდვილობაში ეჭვის შეტანის საფუძველს.

29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საქმეთა პალატა მიიჩნევს, რომ მოწინააღმდეგე მხარემ ვერ დაამტკიცა მინსკის კონვენციის 55-ე მუხლით გათვალისწინებული შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლების არსებობა.

30. მინსკის კონვენციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასამართლო, რომელიც განიხილავს გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ნებართვისა და აღიარების თაობაზე შუამდგომლობას, შემოიფარგლება წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული პირობების დაცვის დადგენით. იმ შემთხვევაში, თუ პირობები დაცულია, სასამართლოს გამოაქვს იძულებითი აღსრულების შესახებ გადაწყვეტილება.

31. ამდენად, წარმოდგენილი შუამდგომლობა აკმაყოფილებს მინსკის კონვენციის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და, ამასთან, არც კონვენციის 55-ე მუხლით გათვალისწინებული შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლები არსებობს. შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.

32. სამოქალაქო საქმეთა პალატა აღნიშნავს, რომ შუამდგომლობის ავტორის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარის ოდენობით. საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლო არ წარმოადგენს კერძო არბიტრაჟს, იგი საერთო სასამართლოების სისტემაში შედის. უცხო სახელმწიფოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობაზე კი სახელმწიფო ბაჟის გადახდევინება არ წარმოებს (შედ. იხ. სუსგ საქმე №ა-3568-შ-93-2013, 2014 წლის 13 მარტი). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შუამდგომლობის ავტორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 53-ე-55-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „მ-ლის“ შუამდგომლობა ა.ჩ–ნის მიმართ სუბსიდიური პასუხისმგებლობის ოდენობის დადგენის ნაწილში რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2022 წლის 8 მარტის NA41-62115/16 განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად სუბსიდიური პასუხისმგებლობის ოდენობის დადგენის შესახებ რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2022 წლის 8 მარტის NA41-62115/16 განჩინება, რომლითაც ა.ჩ–ნს სოლიდარულად დაეკისრა დავალიანების გადახდა შპს „მ-ლის“ სასარგებლოდ 5 413 311,56 რუბლის ოდენობით, საიდანაც 5 090 902,08 რუბლი რეესტრის მესამე რიგის ძირითადი დავალიანებაა, 322 409,48 რუბლი - ფინანსური სანქციები;

3. შუამდგომლობის ავტორს შპს „მ-ლს“ (გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი: .......) დაუბრუნდეს ლ.დ–ას მიერ 2022 წლის 30 სექტემბერს №14631853431 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარი შემდეგი ანგარიშიდან (თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150);

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი