საქმე №ას-294-2024 14 ივნისი, 2024 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი – შპს „გ.რ.ე. ი.ბ–მი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „D.B.“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინებები – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 დეკემბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების ნაწილში და იმავე სასამართლოს 2024 წლის 16 თებერვლის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება
დავის საგანი – სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 დეკემბრის განჩინებით შპს „გ.რ.ე. ი.ბ–მისა“ (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „საჩივრის ავტორი“) და შპს „D.B.“-ის (შემდგომში - „მოპასუხე“) სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 06 ოქტომბრის გადაწყვეტილება; ამასთან, გაუქმდა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 24 იანვრის განჩინება და ყადაღისაგან გათავისუფლდა მოპასუხის საკუთრებაში არსებული 100 ერთეული უძრავი ქონება (მე-4 პუნქტი).
2. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 24 იანვრის განჩინებით მოსარჩელის წარმომადგენლის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო მოპასუხის კუთვნილ 100 ერთეულ უძრავ ქონებას, რომელზედაც რეგისტრირებულია მოსარჩელის სამომავლო საკუთრების უფლება 2017 წლის 19 დეკემბრის 89 F/B წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე; 2023 წლის 26 სექტემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა მოპასუხის წარმომადგენელმა და სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული ზარალის - 3 522 746 აშშ დოლარის (9 276 155 ლარის) ანაზღაურების უზრუნველყოფა მოითხოვა; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოსარჩელეს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში განეხორციელებინა მოპასუხისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ანგარიშზე 1 500 000 ლარის შეტანის გზით (თანხის შეტანის დამადასტურებელი მტკიცებულება უნდა წარდგენილიყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში განჩინების ჩაბარებიდან 30 დღის განმავლობაში); მოსარჩელეს განემარტა, რომ 1 500 000 ლარის შეტანის დამადასტურებელი მტკიცებულების 30 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარუდგენლობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გაუქმდებოდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 24 იანვრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ; დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით დადგენილ ვადაში მოსარჩელემ არ განახორციელა მოპასუხისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ანგარიშზე 1 500 000 ლარის შეტანა.
3. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ სახეზე იყო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 24 იანვრის განჩინების გაუქმებისა და მოპასუხის საკუთრებაში რეგისტრირებული 100 ერთეული უძრავი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების საფუძველი.
4. მოსარჩელემ ზემოაღნიშნულ განჩინებაზე (სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების ნაწილში) წარადგინა საჩივარი, რომლითაც მისი (განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის) გაუქმება მოითხოვა.
5. საჩივრის ავტორმა მიუთითა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
5.1. სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელეს დაავალა მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა დეპოზიტზე 1 500 000 ლარის შეტანის გზით. აღნიშნული ცალმხრივი პირობა, რომელიც სრულიად არაპროპორციულად და გაუმართლებლად დაევალა მოსარჩელეს, ვერ შესრულდა, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილებასთან ერთად მიღებულ იქნა განჩინება ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 24 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე და ყადაღისაგან გათავისუფლდა მოპასუხის კუთვნილი ასი ერთეული უძრავი ქონება, რომელიც მოსარჩელის ერთადერთ უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენდა საბოლოო გადაწყვეტილების აღუსრულებლობისგან დასაცავად;
5.2. თუკი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტისათვის არ იარსებებს მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საშუალება, სასამართლოს გადაწყვეტილება იქცევა აღუსრულებელ გადაწყვეტილებად. ფაქტია, რომ მოცემულ დავაზე (რომლის დავის საგნის ფასის ნახევარსაც კი ვერ ფარავს არსებული უზრუნველყოფის ღონისძიება) უზრუნველყოფის ღონისძიების არარსებობის პირობებში, მოპასუხე ყველა შესაძლო ღონისძიებას მიმართავდა, რათა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება აღუსრულებელი დარჩენილიყო. ამის ნათელი მაგალითია, თუნდაც, მათ მიერ შუამდგომლობით წარმოდგენილი მტკიცებულებები და მითითებული ფაქტები, რომლითაც ისინი ცდილობენ ყადაღადადებული ქონების განკარგვაზე ან/და უფლებრივ დატვირთვაზე მითითებით განსაზღვრონ ზიანი. მხარე მიუთითებს ზიანზე, რომელიც არ არსებობს, გარიგებებზე, რომელიც ბათილია, როგორც წინასწარი ნების გამომხატველობით, ასევე, შემდგომაც, რადგან გარიგების საგანზე გავრცელებულია ყადაღა, რომელიც ემსახურება დავის განხილვის ლეგიტიმურ ინტერესს - გადაწყვეტილების აღუსრულებლობისგან დაცვას. ამ მოცემულობაში კი სააპელაციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც, კანონიერ ძალაში შეუსვლელი გადაწყვეტილება აღუსრულებლობის რისკის ქვეშ დააყენა. სასამართლომ ვერ დაასაბუთა მიღებული განჩინების მიზანშეწონილობა;
5.3. დაუშვებელია გაზიარებულ იქნას განმცხადებლის არგუმენტი, რომ მხარეთა შეთანხმებით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ (2 163 819 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით) აღსრულდა და აღარ არსებობს სარჩელის აღუსრულებლობის რაიმე რისკი;
5.4. განმცხადებელმა ვერ დაადასტურა ზიანის მოცულობა. წარდგენილ შუამდგომლობაში მოპასუხე მიუთითებდა, რომ ის შევიდა გარიგებაში კერძო სუბიექტთან, შპს „ე.პ–თან“ და იკისრა ვალდებულება, „შეთანხმების საგნით განსაზღვრული ქონების ყადაღისგან გასათავისუფლებლად“. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ნებისმიერი ნება, რომელიც გამოხატულია ყადაღადადებულ ქონებაზე და მის განკარგვას ემსახურება ვალდებულებით ან/და სანივთო უფლებით, დაკავშირებულია საჯარო წესრიგთან და ამგვარად შეზღუდული ნივთის კერძო გარიგების საგნად ქცევა და მასზე ვალდებულებების აღება, სულ მცირე, მხარის არაკეთილისინდისიერების არეალს კიდევ უფრო აფართოვებს და გარიგების მოჩვენებითობისა და ბათილობის ნიშნებსაც მრავლად შეიცავს. აღნიშნულზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ მხარემ იკისრა იმგვარი მოქმედების განხორციელების ვალდებულება, რომელიც მის ძალისხმევაში არ შედის და ის სასამართლოს კომპეტენციაა.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 თებერვლის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
7. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, დადგენილია, რომ მოპასუხე არის მეწარმე სუბიექტი, მშენებელი კომპანია, იგი სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 05.02.2013 წლიდან და მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს მშენებლობა (ბინები, ოფისები), გაქირავება და რეალიზაცია. მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების შესახებ განცხადებაზე დართულია მტკიცებულებები, კერძოდ, აუდიტორული დასკვნა, რომლითაც დასტურდება, რომ მოპასუხესა და აუდიტორულ კომპანია „ინტელექტ-აუდიას“ შორის 2023 წლის 11 სექტემბერს გაფორმებული N962 ხელშეკრულების თანახმად, შემფასებელმა მოახდინა წარდგენილი უძრავი ქონების (ქ. ბათუმში, ........ მდებარე შენობა-ნაგებობის მე-10, მე-11, 29-ე და 30-ე სართულებზე არსებული 96 ერთეული საცხოვრებელი ფართი, ჯამური ფართობით - 3 647,70 კვ.მ) საბაზრო ღირებულებისა და გაუქირავებლობით მიუღებელი შემოსავლის შეფასება 2023 წლის 18 სექტემბრის მდგომარეობით. დასკვნაში მოყვანილი ფაქტებისა და გარემოებების გათვალისწინებით, 2023 წლის 18 სექტემბრის მდგომარეობით „შეფასების ობიექტის“ საბაზრო ღირებულებად ჯამურად განისაზღვრა - 2 918 160,00 აშშ დოლარი, რაც შეფასების თარიღისათვის დამრგვალებულად 7 684 390,00 ლარია. იმ შემთხვევაში, თუკი შესაფასებლად წარდგენილი ფართები შეფასების თარიღისთვის იქნებოდა გასაქირავებელ კონდიციაში (გარემონტებული), ჯამურად მიუღებელი დღიური შემოსავალი შეადგენდა 4 141,00 აშშ დოლარს, მათ შორის, შპს „ე.პ–ის“ წილი შეადგენდა 2 484,60 აშშ დოლარს (60%), ხოლო მოპასუხის მიუღებელი ყოველდღიური შემოსავალი 1 656,40 აშშ დოლარს (40%), რაც შეფასების თარიღისათვის დამრგვალებულად 4 361,00 ლარია; დადგენილია ასევე, რომ მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა უძრავი ქონების წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი ნასყიდობის საფასურის - 2 510 000 აშშ დოლარის გადახდა.
8. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოპასუხის წარმომადგენლის შუამდგომლობის განხილვისას სააპელაციო პალატამ რეალურად შეაფასა მოსარჩელის მოთხოვნის პერსპექტიულობა, მათ შორის, მის სასარგებლოდ საქმის გადაწყვეტის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლებლობის საკითხი, რადგან სამართლიანი სასამართლოს უფლების მხარისათვის რეალიზება უდავოდ გულისხმობს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებადობის უზრუნველყოფას; სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა წარდგენილი განცხადების არგუმენტს, რომ კომპანიას, როგორც მეწარმე სუბიექტს, რომლის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს უძრავი ქონების აგება, გაქირავება და რეალიზაცია, ადგება ზიანი მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებებზე მოსარჩელის სასარგებლოდ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გამო; სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ განცხადება შეიცავდა ზიანის თაობაზე სარწმუნო დასაბუთებას (ხელშეკრულება, აუდიტორული დასკვნა); სააპელაციო პალატამ წარდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად დასაბუთებულად მიიჩნია განმცხადებლის (მოპასუხის) მსჯელობა სამეწარმეო საქმიანობისა და მიზნებიდან გამომდინარე, უძრავი ნივთების დაყადაღებიდან დღემდე პერიოდის განმავლობაში მოპასუხის მიერ მიღებული და მისაღები ზარალის თაობაზე.
9. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლით და განმარტა, რომ გასაჩივრებული განჩინების გაუქმების მოტივით მოსარჩელის მიერ წარდგენილი საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებას, რატომ არის უსაფუძვლო მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით ვალდებულების დაკისრება; არ შეიცავს მითითებას, რატომ არ შეიძლება მიადგეს ზიანი მოქმედ მეწარმე სუბიექტს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით, იმ პირობებში, როდესაც მეწარმე სუბიექტს ეზღუდება ქონებით სრული სარგებლობის უფლება. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ საჩივრის ავტორმა დასაშვები სტანდარტით ვერ დაასაბუთა გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობა, რაც მისი უცვლელედ დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
10. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საჩივრის საფუძვლების გამოკვლევისა და გასაჩივრებული განჩინებების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
13. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 24 იანვრის განჩინების გაუქმების მართლზომიერება.
14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება, ასევე, უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში, სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე, გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.
15. დასახელებული სამართლებრივი ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელეს, საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობის შესახებ.
16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით მოპასუხეს შეიძლება მიადგეს ზარალი, მას შეუძლია გამოიყენოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და იმავდროულად მოსთხოვოს პირს, რომელმაც მიმართა სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, მეორე მხარისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა. უზრუნველყოფის გარანტია სასამართლომ შეიძლება ასევე გამოიყენოს მოწინააღმდეგე მხარის განცხადების საფუძველზე.
17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნულ სამართლებრივ ნორმაში მითითებული დანაწესი ითვალისწინებს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისაგან მოპასუხის თავდაცვის მექანიზმს ისეთი შემთხვევისათვის, როდესაც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შედეგი მოპასუხისათვის ზიანის მომტანია. ასეთ დროს დასაშვებია, მოსარჩელეს მოეთხოვოს ობიექტურად სავარაუდო ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა. სასამართლო საკუთარი ინიციატივით აამოქმედებს აღნიშნულ მექანიზმს მხოლოდ მაშინ, თუ მოპასუხისათვის ზიანის მიყენების საფრთხე აშკარაა, წინააღმდეგ შემთხვევაში მითითებული გარემოების სარწმუნოდ დადასტურების ტვირთი მოპასუხეს ეკისრება (სსსკ-ის 102-ე მუხლი) (იხ. სუსგ საქმე Nას-958-923-2016, 21 ოქტომბერი, 2016 წელი).
18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირი, რომელმაც მიმართა სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, ვალდებულია უზრუნველყოს მოპასუხისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურება სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო დაუყოვნებლივ გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ, რომელიც ექვემდებარება საჩივრის ფორმით გასაჩივრებას. განჩინების გასაჩივრების ვადა 5 დღეა. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.
19. წინამდებარე საქმეში დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული ზარალის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად მოსარჩელეს დაევალა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ანგარიშზე 1 500 000 ლარის შეტანა განჩინების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში და აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულების სასამართლოში წარდგენა; იმავე განჩინებით მოსარჩელეს განემარტა, რომ ამ ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში, გაუქმდებოდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 24 იანვრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება; სადავო არ არის, რომ მოსარჩელეს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ განუხორციელებია ზემოაღნიშნული თანხის საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ანგარიშზე განთავსება, რის გამოც, ზემოთ მითითებული სამართლებრივი ნორმის შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 დეკემბრის განჩინებით გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 24 იანვრის განჩინება და ყადაღისაგან გათავისუფლდა მოპასუხის საკუთრებაში არსებული 100 ერთეული უძრავი ქონება (რომელზედაც 2017 წლის 19 დეკემბრის 89 F/B წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე რეგისტრირებულია მოსარჩელის სამომავლო საკუთრების უფლება).
20. განსახილველი საჩივრით საჩივრის ავტორი ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 დეკემბრის განჩინების გაუქმებას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების ნაწილში, თუმცა საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საჩივრის ავტორს არ მიუთითებია იმგვარ გარემოებებზე, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი შეიძლება გამხდარიყო. კერძოდ, მას არ დაუსაბუთებია სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში რატომ არ/ვერ განახორციელა უზრუნველყოფის გარანტიის წარდგენა.
21. საჩივრის ავტორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ საერთოდ არ არსებობდა უზრუნველყოფის გარანტიის გამოყენების საფუძვლები, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი საჩივრით გასაჩივრებულია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 დეკემბრის განჩინება, რომლითაც გაუქმდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელემ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში უზრუნველყოფის გარანტია არ წარადგინა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, განსახილველი საჩივრის ფარგლებში იმსჯელოს სასამართლოს მიერ გამოყენებული უზრუნველყოფის გარანტიის მართლზომიერებაზე (შედ. იხ. სუსგ საქმე Nას-939-2019, 15 ივლისი, 2019 წელი, Nას-1273-2021, 28 დეკემბერი, 2021 წელი)
22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 დეკემბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების ნაწილში დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „გ.რ.ე. ი.ბ–მის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 დეკემბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების ნაწილში და იმავე სასამართლოს 2024 წლის 16 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელი;
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი