საქმე №ას-576-2024 14 ივნისი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ბ.შ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ჯ.უ.ე.ფ–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 20 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - დარიცხული დავალიანების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბ.შ–ძემ (შემდეგ - მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ჯ.უ.ე.ფ–ის“ (შემდგომ - მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ და მოითხოვა მისთვის 2 585.08 ლარის დარიცხვა ცნობილ იქნეს ბათილად და მოპასუხეს დაევალოს ამ თანხის ჩამოწერა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 20 მარტის განჩინებით, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
4. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აპელანტმა (მოსარჩელემ) ვერ მიუთითა ისეთ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებიც გამორიცხავდა დავალიანების ანაზღაურებაზე მის პასუხისმგებლობას, შესაბამისად, მას სწორად ეთქვა უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
6. კასატორის მითითებით, სასამართლოს ინიციატივითა და კარნახით მოპასუხემ წარმოადგინა ყალბი დოკუმენტი, ვითომდა გახარჯული წყლის საფასურის საანგარიშო ცნობა. მოსამართლემ ყურად არ მიიღო მტკიცება ამ ცნობის სიყალბეზე.
7. კასატორის განმარტებით, მოპასუხეს არც 2022 წლის 9 მარტს და არც 2022 წლის 15 დეკემბერს არ აუღია მრიცხველის ჩვენება და ვერც აიღებდა, რადგან მინით დაფარული ცილინდრი, სადაც წყლის ხარჯვის მზომავი მექანიზმი და ციფერბლატია, დაფარული იყო ტალახით, რომლისგანაც მრიცხველის მოხსნისა და ბრჯენებისგან გათავისუფლების გარეშე ვერავინ გაასუფთავებდა, შესაბამისად, არავის შეეძლო რეალური ჩვენების აღება.
8. მრიცხველის დაზიანების გამო რეალური ჩვენების არარსებობისა და უკანონოდ თანხის დარიცხვის შესახებ კასატორმა მოწინააღმდეგე მხარეს რამდენჯერმე მიმართა. ამ უკანასკნელს კი მრიცხველი დეკემბრის ნახევრამდე არ შეუმოწმებია, რაც სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობას ადასტურებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
9. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:
12. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
13. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის - დარიცხული წყლის საფასურის – 2585.08 ლარის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე აღძრულია ვალდებულების არარსებობის აღიარების მოთხოვნით (სსსკ-ის 180-ე მუხლი), რომელიც დამოკიდებულია იმაზე, დაამტკიცებს თუ არა მოსარჩელე, რომ მას მითითებული ოდენობის წყალი არ მოუხმარია და, შესაბამისად, არც მითითებული თანხის გადახდის ვალდებულება არ გააჩნია.
14. საკასაციო პალატა, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის (კასატორის) საკასაციო პრეტენზიას არ იზიარებს და სსსკ-ის მე-4 (სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები) და ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებზე (თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით) მითითებით განმარტავს, რომ ამ უკანასკნელს სათანადო მტკიცებულებებით არ დაუდასტურებია თავისი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა, კერძოდ, კასატორს არ წარუდგენია მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ მას სადავო რაოდენობით წყალი არ მოუხმარია და, შესაბამისად, დარიცხვაც უკანონოა. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ კი, მოპასუხის 2022 წლის 15 დეკემბრის აღრიცხვის კვანძის/დამღის შეცვლის აქტით დასტურდება წყლის მრიცხველის შეცვლა მისამართზე: საბურთალო, ......., აბონენტი: შ–ძე. ამავე აქტით ირკვევა მრიცხველის ჩვენების განულება (მოხსნის ჩვენება 11073მ). აქტში აღნიშნულია, რომ წყალმზომისა და წყალმზომის კვანძის მოვლა-პატრონობა ევალება აბონენტს, რომელიც ვალდებულია, დაიცვას წყალმზომის კვანძისა და პლომბების მთლიანობა, დროულად შეამოწმოს და დაზიანების შემთხვევაში შეაკეთოს მრიცხველი, უზრუნველყოს წყალმზომის კვანძის ხელმისაწვდომობა მოპასუხის წარმომადგენელისათვის, დაუყოვნებლივ შეატყობინოს ყველა დარღვევისა და დაზიანების შესახებ კომპანიას, რომელიც წყალმზომის მუშაობის დროს გამოვლინდება და/ან პლომბის დაზიანების და/ან მისი მთლიანობის დარღვევის შემთხვევების შესახებ (იხ. ს.ფ. 84). მოპასუხე კომპანიის მიერ წარმოდგენილი ბილინგის დოკუმენტის (პროგრამულად განხორციელებული დარიცხვის შესახებ) თანახმად კი, ..... აბონენტზე (ბ.შ–ძე) მრ. სერიული №10819437 დამონტაჟებულია 9.10.2019. ამის შემდეგ აბონენტს ერიცხებოდა სულ შეფასებითი ჩვენებები, ხოლო 3.9.2022 დაერიცხა რეალური ჩვენება 7.430.00 კუბი = 3.717.38 ლარი (სრულიად ახალი ტარიფით), რადგან 2019 წლიდან 12.3.2020-ის ჩათვლით ტარიფი იყო 0.32922, ხოლო 2021 წლიდან 0.50032, ამიტომ აბონენტს გაუფორმდა ტარიფებს შორის სხვაობა. გამოთვლა: აბონენტის დაურიცხავი დღეების რაოდენობა სულ არის 911; საშუალო დღიური დარიცხვა - 8.16 (დარიცხული კუბი გაყოფილია დაურიცხავი დღეების რაოდენობაზე); ძველი ტარიფებით დასარიცხი დღეების რაოდენობა - 478; ტარიფებს შორის სხვაობა ერთ დღეზე - 0.17. ტარიფებს შორის სხვაობა = 8,16*478*0,17=(667.37). საქმის მასალებში წარმოდგენილია აბონენტის ბრუნვის ისტორიაც (22.02.2023წ.), რომლის მიხედვით, 2022 წლის 9 მარტს დაფიქსირებულია დარიცხვა-რეალური ჩვენება - 10.257.00, 7.430.00 მ3, თანხა - 3.717.38, სულ დავალიანება - 3.717.38; 2022 წლის 9 მარტს განხორციელებული შესწორება-შეფასებითი ჩვენების საფუძველზე განსაზღვრულია მინუს - 1.119.61 მ3, მინუს თანხა - 464.93, სულ დავალიანება 3252.45; 2022 წლის 9 მარტის შესწორება-ტარიფებს შორის სხვაობის შედეგად დაფიქსირებულია - მინუს თანხა - 667.37, სულ დავალიანება – 2585.08.
15. პალატა ყურადღებას ამახვილებს მოწინააღმდეგე მხარის 2023 წლის 7 მარტის წერილზეც, რომლითაც კომპანიამ კასატორს შესთავაზა წყლის მრიცხველის (№1081.....) ლაბორატორიაში შემოწმება, თუმცა შესაბამისი განცხადებით მოქალაქეს კომპანიისათვის არ მიუმართავს. წერილში მითითებულია, რომ 2022 წლის ნოემბერში, მოსარჩელის განცხადების საფუძველზე, კომპანიის წარმომადგენლების მიერ შეიცვალა დაზიანებული ჭა. შეიცვალა წყლის მრიცხველიც №10819..., რომელზედაც დაფიქსირდა მოხსნის ჩვენება 11073 მ3. მრიცხველი გარეგნულად არ იყო დაზიანებული. დამონტაჟდა ახალი მრიცხველი №1965.., საწყისი ჩვენებით 0მ3 (იხ. ტ.1, ს.ფ. 107). საქმეში წარმოდგენილია მოპასუხე კომპანიის 2022 წლის 19 მარტის წერილიც, რომელშიც აღნიშნულია, რომ მოსარჩელისათვის 2022 წლის მარტამდე მოხმარებული წყლის საფასური დაერიცხა შეფასებითი ჩვენების მიხედვით, ვინაიდან კომპანიის წარმომადგენელი მრიცხველებიდან ჩვენებას არ იღებდა. 2022 წლის მარტში აბონენტს დაერიცხა მოხმარებული სასმელი წყლის დავალიანება, რომელიც დარიცხულია მრიცხველზე არსებული ჩვენების (10.257მ3) მიხედვით. დარიცხულმა თანხამ შეადგინა 2585.08 ლარი, რომელიც გადაანგარიშებულია ძველი და ახალი ტარიფის მიხედვით. ამავე წერილის თანახმად, კომპანია მოსარჩელეს შესთავაზა წყლის მრიცხველის ლაბორატორიაში შემოწმებას.
16. ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გათვალისწინებით პალატა მიუთითებს, რომ კასატორის მიერ მითითებული სიტყვიერი განმარტება წყლის მოუხმარებლობასთან დაკავშირებით საკმარისი არ არის მითითებული მსჯელობის დასაბუთებულად მიჩნევისათვის, შესაბამისად, მოსარჩელეს საფუძვლიანად დაერიცხა წყლის გადასახადი, რის გამოც არ არსებობს 2585.08 ლარის გადახდისგან ამ უკანასკნელის გათავისუფლების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
17. რაც შეეხება დოკუმენტის სიყალბეზე კასატორის მითითებას, პალატა მიუთითებს, რომ დოკუმენტის სიყალბე საჭიროებს დადგენას საამისოდ რელევანტური მტკიცებულებებით. კასატორის მარტოოდენ ზეპირსიტყვიერი მითითება, რომ ბილინგის დოკუმენტი გაყალბებულია, ვერ უზრუნველყოფს მისი მტკიცების საგანში შემავალი სადავო ფაქტობრივი გარემოების დადასტურებას. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, დოკუმენტის არანამდვილობა მისი დადასტურების შემთხვევაშიც კი, კასატორისათვის ხელსაყრელ სამართლებრივ შედეგს ვერ უზრუნველყოფს, რისი გათვალისწინებითაც, არ არსებობს კასატორის პრეტენზიის გაზიარების საფუძველი.
18. პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება.
19. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
20. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
21. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
22. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: საქმე №ას-195-2020, 2023 წლის 30 მარტის განჩინება; №ას-30-2022, 2022 წლის 24 მაისის განჩინება; საქმე №ას-426-426-2020, 2020 წლის 18 სექტემბრის განჩინება).
23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
24. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან „სახელმწიფო ბაჟის“ შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „მ“ პუნქტის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბ.შ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე