ბს-977-563(გ-05) 27 ოქტომბერი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით: ი. ლეგაშვილი (თავმჯდომარე),
ჯ. გახოკიძე (მომხსენებელი),
ნ. ქადაგიძე
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მ. წ-ის სააპელაციო საჩივრის განსჯადობის თაობაზე თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა და სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატებს შორის განსჯადობის შესახებ დავა.
აღწერილობითი ნაწილი:
2004წ. 26 თებერვალს ვ. ბ-მა და ვ. კ-მა სარჩელი აღძრეს თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოში შპს “......... არბიტრაჟის”, თბილისის საღსრულებო ბიუროსა და მ. წ-ის მიმართ და მოითხოვეს შპს “.......... არბიტრაჟის” 2003წ. 28 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება, რომლითაც დაკმაყოფილდა მ. წ-ის საარბიტრაჟო პრეტენზია და დადგინდა ვ. კ-ისა და ვ. ბ-ის იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის გზით, მ. წ-ის მიმართ არსებული ვალის _ 60780 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარეის გადახდა, მოსარჩელემ ასევე მოითხოვა მითითებულ გადაწყვეტილებაზე 2004წ. 6 იანვარს გამოწერილი სააღსრულებო ფურცლის გაუქმება და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის “გ” და “დ” ქვეპუნქტების შესაბამისად, 2003წ. 28 ნოემბრის გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2004წ. 9 თებერვლის ¹01/25 წინადადების ბათილად ცნობა.
მოსარჩელის განმარტებით, 2002წ. 23 მაისს მ. წ-ესა და ვ. ბ-ს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, მ. წ-ემ ვ. ბ-ს ასესხა 47200 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, ხოლო სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ვ. ბ-ის კუთვნილი, თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის ნაწილი. ხელშეკრულების მე-9 პუნქტის თანახმად, სესხის გადაუხდელობის შემთხვევაში იპოთეკის საგნის რეალიზაციის მოთხოვნით, იპოთეკარი განცხადებით მიმართავდა რაიონულ სასამართლოს იპოთეკის საგნის ადგილმდებარეობის მიხედვით. ხელშეკრულებით ასევე დეტალურად განისაზღვრა სამართლებრივი გარანტიები, რაც შესაძლებლობას მისცემდა მესაკუთრეს, თავიდან აეცილებინა ნივთის რეალიზაცია. ამდენად, მოსარჩელის მითითებით, მ. წ-ეს იპოთეკით დატვირთული ნივთის რეალიზაციის მოთხოვნით შეეძლო მიემართა მხოლოდ სასამართლოსათვის. შპს “........ არბიტრაჟს” არ უნდა მიეღო მ. წ-ის საარბიტრაჟო პრეტენზია, რადგან მხარეებს შორის საარბიტრაჟო შეთანხმება არ არსებობდა. გარდა ამისა, შპს “....... არბიტრაჟი” გასცდა საარბიტრაჟო პრეტენზიის საგანს, რადგან მ. წ-ე ითხოვდა მხოლოდ სავალო თანხისა და ადვოკატის მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, ......... არბიტრაჟის გადაწყვეტილებით კი დადგინდა ვალის დაბრუნება იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის გზით, რითაც უგულებელყოფილ იქნა საარბიტრაჟო სასამართლოს დებულების 17.6 მუხლი. ამასთან, მოსარჩელის მითითებით, არასწორია მოვალედ ვ. კ-ის დასახელება, რადგან დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, მოვალე მხარეს მხოლოდ ვ. ბ-ი წარმოადგენს. ამდენად, მოსარჩელის აზრით, დაირღვა “კერძო არბიტრაჟის შესახებ” კანონის 36.4 მუხლი.
მოსარჩელის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში, 2004წ. 6 იანვარს გამოწერილი სააღსრულებო ფურცელი უნდა გაუქმდეს, რადგან გადაწყვეტილების აღსრულება ასეთ შემთხვევაში წყდება, თანახმად “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 34.1 მუხლის “დ” ქვეპუნქტისა, ხოლო გადაწყვეტილებისა და სააღსრულებო ფურცლის გაუქმების პირობებში აღარ იარსებებს გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ წინადადების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
2004წ. 29 ივნისს ვ. ბ-მა და ვ. კ-მა დააზუსტეს სასარჩელო მოთხოვნა და მოპასუხეებად მიუთითეს თბილისის საღსრულებო ბიურო და მ. წ-ე, ხოლო მესამე პირად _ შპს “....... არბიტრაჟი”.
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 20 ივლისის გადაწყვეტილებით ვ. ბ-ისა და ვ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა შპს “......... არბიტრაჟის” 2003წ. 28 ნოემბრის გადაწყვეტილება, 2004წ. 6 იანვარს გაცემული საღსრულებო ფურცელი და ბათილად იქნა ცნობილი სააღსრულებო ბიუროს 2004წ. 6 თებერვლის წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. წ-ემ.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 16 დეკემბრის საოქმო განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 26-ე, სსკ-ის მე-11, 182-ე მუხლების, 279-ე მუხლის “დ” პუნქტისა და 282-ე მუხლის შესაბამისად, მ. წ-ის სარჩელის მე-3 მოთხოვნა თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2004წ. 9 თებერვლის ¹01/25 წინადადების ბათილად ცნობის შესახებ ცალკე წარმოებად გამოეყო საქმეს, სარჩელის პირველი და მეორე მოთხოვნები შპს “......... არბიტრაჟის” 2003წ. 28 ნოემბრის გადაწყვეტილებისა და 2004წ. 6 იანვრის სააღსრულებო ფურცლის გაუქმების შესახებ განსჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას, საქმის წარმოება სარჩელის მესამე მოთხოვნაზე შეჩერდა მხარეთა დავის სარჩელის სამოქალაქო მოთხოვნების ნაწილში გადაწყვეტამდე.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, თავდაპირველი გადაწყვეტილება გამოტანილ იქნა სამოქალაქო საქმეზე, ამასთან, მესამე მოთხოვნა მთლიანად დამოკიდებულია პირველი და მეორე მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე. დავის უმთავრეს საგანს წარმოადგენს შპს “......... არბიტრაჟის” გადაწყვეტილების გაუქმება და ამავე არბიტრაჟის მიერ გამოწერილი სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა, რაც წარმოადგენს სამოქალაქო მოთხოვნებს და ისინი სამოქალაქო სამართალწარმოების წესით უნდა იქნეს განხილული, რადგან შპს “......... არბიტრაჟის” გადაწყვეტილება გამოტანილია სამოქალაქო დავაზე, კერძოდ, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულების შესახებ თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2004წ. 9 თებერვლის წინადადების ბათილად ცნობის თაობაზე, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ იგი წარმოადგენს ადმინისტრაციული წესით განსახილველ საქმეს, რომელიც დამოკიდებულია იმაზე, დაკმაყოფილდება თუ არა სარჩელის წინა ორი სამოქალაქო მოთხოვნა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 15 ივნისის განჩინებით საქმე განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 16 დეკემბრის საოქმო განჩინება და აღნიშნა, რომ საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოებისა და კერძო არბიტრაჟის მიერ მიღებული აქტების აღსრულების წესსა და პირობებს აწესრიგებს კანონი “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ”, რომელიც საჯარო სამართლებრივი კანონია. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საერთო სასამართლოში განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააღსრულებო ფურცლის გაუქმების შესახებ დავა განხილულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული კანონმდებლობის შესაბამისად.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა და სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატების განჩინებების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ საქმე შპს “........ არბიტრაჟის” 2003წ. 28 ნოემბრის ¹02/03 გადაწყვეტილების გაუქმებისა და ამავე არბიტრაჟის მიერ 2004წ. 6 იანვარს გამოწერილი სააღსრულებო ფორცლის გაუქმების ნაწილში განსახილველად უნდა გადაეცეს თბილისის სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას.
საქმის მასალების თანახმად, ვ. ბ-ი და ვ. კ-ი 2004წ. 26 თებერვალს აღძრული სარჩელით ითხოვდნენ შპს “.......... არბიტრაჟის” 2003წ. 28 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებას, რომლითაც დაკმაყოფილდა მ. წ-ის საარბიტრაჟო პრეტენზია და დადგინდა ვ. კ-ისა და ვ. ბ-ის იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის გზით, მ. წ-ის მიმართ არსებული ვალის _ 60780 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, მოსარჩელეებმა ასევე მოითხოვეს მითითებულ გადაწყვეტილებაზე 2004წ. 6 იანვარს გამოწერილი სააღსრულებო ფურცლის გაუქმება და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის “გ” და “დ” ქვეპუნქტების შესაბამისად, 2003წ. 28 ნოემბრის გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2004წ. 9 თებერვლის ¹01/25 წინადადების ბათილად ცნობა.
საკასაციო პალატა იზიარებს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ მოსარჩელეთა ძირითადი მოთხოვნა, რომლის გადაწყვეტაზეცაა დამოკიდებული დანარჩენი ორი მოთხოვნის გადაწყვეტა, კერძოდ, სააღსრულებო ფურცლისა და აღმასრულებლის წინადადების ბათილად ცნობა, წარმოადგენს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ დავას, რადგან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, სადავო ურთიერთობის ადმინისტრაციულ დავათა კატეგორიას მიკუთვნებისათვის იგი უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება ან შესრულება, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის, ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე, თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის, ან დაკავშირებული პირის ქონების კანონიერება. აღნიშნულის შესაბამისად, მოთხოვნა შპს “........... არბიტრაჟის” გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ არ წარმოადგენს ადმინისტრაციული დავის საგანს, რადგან შპს “......... არბიტრაჟის” დებულების პირველი მუხლის 1.1 ნაწილის თანახმად, არბიტრაჟი იხილავს მხარეთა შორის წამოჭრილ სამოქალაქო დავას. საქმის მასალებითაც დასტურდება, რომ კონკრეტულ შემთხვევაში შპს “......... არბიტრაჟმა” განიხილა სამოქალაქო სამართლებრივი დავა, კერძოდ, სესხის დაბრუნებისა და ზიანის ანაზღაურების შესახებ. შესაბამისად, შპს “........ არბიტრაჟის” გადაწყვეტილების კანონიერება სცილდება ადმინისტრაციული დავის სფეროს და იგი განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. რაც შეეხება არბიტრაჟის გადაწყვეტილების შესაბამისად გამოწერილი სააღსრულებო ფურცლის გაუქმებას, აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მოსაზრებას აღნიშნული მოთხოვნის ნაწილში დავის ადმინისტრაციულად მიჩნევის შესახებ, რადგან იგი არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან და დავის საგანს არ წარმოადგენს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.2 მუხლით გათვალისწინებულ დავის საგანი. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე, სააღსრულებო ფურცელი გადაეცემა კრედიტორს, რომლის სადავოობის შემთხვევაში, მოპასუხეებს წარმოადგენს კრედიტორი და, შესაბამისად, დავა მიმდინარეობს ფიზიკურ პირებს შორის, რის გამოც დავა განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმე შპს “........ არბიტრაჟის” 2003წ. 28 ნოემბრის ¹02/03 გადაწყვეტილების გაუქმებისა და ამავე არბიტრაჟის მიერ 2004წ. 6 იანვარს გამოწერილი სააღსრულებო ფორცლის გაუქმების ნაწილში განსახილველად უნდა გადაეცეს თბილისის სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს “.......... არბიტრაჟის” 2003წ. 28 ნოემბრის ¹02/03 გადაწყვეტილების გაუქმებისა და 2004წ. 6 იანვარს გამოწერილი სააღსრულებო ფორცლის გაუქმების ნაწილში საქმე განსახილველად გადაეცეს თბილისის სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.