Facebook Twitter

საქმე №ას-636-2024 14 ივნისი, 2024 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი - შპს „ა.ბ“ (ძირითად სარჩელში - მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი)

მოწინააღმდეგე მხარე - თ.წ–ია (ძირითადი მოსარჩელე, შეგებებულ სარჩელში - მოპასუხე)

განმცხადებლების მოთხოვნა - გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილებით, თ.წ–იას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „გ–ის’’ 2006 წლის 29 დეკემბრის №1-14876 სადამფუძნებლო ხელშეკრულება მოიშალა; თ.წ–ია ცნობილი იქნა ამხანაგობიდან გასულად და ამხანაგობაში განხორციელებული შენატანი - უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისში, ..... (ს/კ ..) დაუბრუნდა; თ.წ–იას დანარჩენი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა; დაკმაყოფილდა შპს „ა–სა“ და ა.თ–ძის შეგებებული სარჩელი; თ.წ–იას შპს „ა–ის“ და ა.თ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა 488.301.42 ლარის გადახდა, საიდანაც თანხის 79.38% გადახდილი უნდა იქნეს შპს „ა–თვის“, ხოლო 20.62% - ა.თ–ძისთვის.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა შპს „ა–ის“ წარმომადგენელმა და იმ გარემოებაზე მითითებით, რომ არსებობდა საფრთხე დაკისრებული თანხის გადახდისაგან თავის არიდების მიზნით თ.წ–იას მოეხდინა ქონების გასხვისება, მოითხოვა ამ უკანასკნელს აკრძალვოდა ქ. თბილისში, ...... მდებარე მიწის ნაკვეთის (ს/კ .....) საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ, გასხვისება ან/და უფლებრივად დატვირთვა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 22 მარტის განჩინებით, შპს „ა–ის“ განცხადება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ არ დაკმაყოფილდა, რაზეც განმცხადებელმა საჩივარი წარადგინა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 ივნისის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 22 მარტის განჩინება გადაწყვეტილების უზრუნველყორფაზე უარის თქმის შესახებ.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 18 მარტის განჩინებით, თ.წ–იას და შპს „ა–ის“ სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილება, რაც თ.წ–იამ და შპს „ა–მა“ საკასაციო წესით გაასაჩივრეს.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 30 მაისის განჩინებით, თ.წ–იას საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო შპს „ა–ს“ დადგენილი აქვს ხარვეზი, რომლის გამოსწორების ვადა ჯერ არ გასულა.

7. საქართველოს უზენაეს სასამართლოს 2024 წლის 6 ივნისს განცხადებით მომართეს შპს „ა–მა“ და ა.თ–ძემ და იმ საფუძვლით, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გარეშე შეუძლებელი გახდება ან გართულდება გადაწყვეტილების აღსრულება, მოითხოვეს თ.წ–იას აეკრძალოს ქალაქი თბილისში, ......(ს/კ №......) მდებარე უძრავი ქონების მის სახელზე რეგისტრაციის მომენტიდან გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა. ასევე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალოს ზემოაღნიშნულ ქონებაზე ნებისმიერი სარეგისტრაციო წარმოების განხორციელება, გარდა, ამ ქონებაზე თ.წ–იას საკუთრების უფლების რეგისტრაციისა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

8. საკასაციო პალატა წარმოდგენილი განცხადების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ა–ის“ განცხადება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც სსსკ-ის XLIX თავი შეიცავს. იმავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, სსსკ-ის XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამდენად, საკასაციო სასამართლო საქმის განხილვის ამა თუ იმ ეტაპზე უფლებამოსილია იხელმძღვანელოს ქვემდგომ ინსტანციებში დადგენილი საქმის განხილვის მარეგულირებელი ყველა იმ ნორმით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვის მარეგულირებელ წესებს.

10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 194-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე. სასამართლოსთვის იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით ხელმეორედ მიმართვის შემთხვევაში მიიღება განჩინება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ, რაც გასაჩივრდება საჩივრით.

11. კანონის ზემოაღნიშნული ნორმა კრძალავს სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე სასამართლოსათვის განმეორებით მიმართვის შესაძლებლობას, თუ პირველად მიმართვისას, სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე განცხადება არ დაკმაყოფილდა და, ამასთან, მოთხოვნილია იმავე სახის უზრუნველყოფის ღონისძიება იმავე საფუძვლით.

12. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის 194-ე მუხლის მე-5 ნაწილი იმგავარად განიმარტება, რომ მასში გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფაც ვიგულისხმოთ, ვინაიდან სსსკ-ის 271-ე მუხლი, რომელიც უფლებას ანიჭებს ეროვნულ სასამართლოს, უზრუნველყოს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა, მიუთითებს გადაწყვეტილების აღსრულებისას სარჩელის უზრუნველყოფის ნორმების გამოყენებაზე (იხ.: სუსგ №ას-618-2020, 28.06.2021წ.).

13. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ წინამდებარე საქმეზე გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მოთხოვნით შპს „ა–მა“ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიმართა და მოითხოვა თ.წ–იას აკრძალვოდა ქ. თბილისში, ........ მდებარე მიწის ნაკვეთის (ს/კ ........) საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ გასხვისება ან/და უფლებრივად დატვირთვა. უდავოა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 22 მარტის განჩინებით, შპს „ა–ის“ განცხადება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ არ დაკმაყოფილდა, რაზეც განმცხადებელმა საჩივარი წარადგინა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 ივნისის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა განჩინება გადაწყვეტილების უზრუნველყორფაზე უარის თქმის შესახებ. შპს „ა–მა“ საკასაციო სასამართლოსაც იმავე შინაარსის განცხადებით მომართა და იშუამდგომლა თ.წ–იას აეკრძალოს ქალაქი თბილისში, ..... (საკადასტრო კოდი №.......) მდებარე უძრავი ქონების მის სახელზე რეგისტრაციის მომენტიდან გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა. ასევე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალოს ზემოაღნიშნულ ქონებაზე ნებისმიერი სარეგისტრაციო წარმოების განხორციელება, გარდა, ამ ქონებაზე თ.წ–იას საკუთრების უფლების რეგისტრაციისა.

14. საქმის გარემოებების შესწავლის შედეგად, პალატა მიიჩნევს, რომ შპს „ა–მა“ მოთხოვნის საფუძვლად ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოსა და საკასაციო სასამართლოში წარდგენილი შუამდგომლობებით ერთსა და იმავე გარემოებებზე მიუთითა. რაც შეეხება უშუალოდ მოთხოვნას, განსხვავება წინამორბედ და საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ განცხადებებს შორის იყო ის, რომ შპს „ა–მა“ დამატებით მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსაც აეკრძალოს ზემოაღნიშნულ ქონებაზე ნებისმიერი სარეგისტრაციო წარმოების განხორციელება, გარდა, ამ ქონებაზე თ.წ–იას საკუთრების უფლების რეგისტრაციისა, რაც სამართლებრივად და შედეგობრივად არ ცვლის მოთხოვნის შინაარსს. ამასთან, ყველა შემთხვევაში, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძველია 2022 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა. მართალია, განმცხადებელი აღნიშნავს, რომ განსხვავებული გარემოებებიდან გამომდინარე აყენებს მოთხოვნას, თუმცა, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლომ, ისე - სააპელაციო პალატამ უზრუნველყოფის ღონისძიების სახით უძრავი ქონების გასხვისებასა და უფლებრივად დატვირთვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების კონტექსტში შეაფასა მოთხოვნა და არ დააკმაყოფილა იგი. ამასთანავე სასამართლოს მსჯელობის საგანს სწორედ ის საფრთხეები წარმოადგენდა, რაც ამჟამად საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ განცხადებაშია აღნიშნული.

15. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, შპს „ა.ბს“ დამატებითი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გზით სურს იმ შედეგის მიღწევა, რაც სასამართლოს მიერ უკვე შეფასებულია და შესულია კანონიერ ძალაში, შესაბამისად, არ არსებობს განცხადების მიღებისა და მისი შინაარსობრივი საფუძვლიანობის შესწავლის პროცესუალური წინაპირობები, რაც განცხადების სსსკ-ის 194-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 194-ე, 284-ე, 264.3 მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ა–ის“ განცხადება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ დარჩეს განუხილველად;

2. შპს „ა–ს“ (ს/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ განცხადებაზე ა.რ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 50 ლარიდან (საგადახდო დავალება №22133288792 / გადახდის თარიღი 03.06.2024) – 25 ლარი;

3. შპს „ა–ს“ (ს/ნ ....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ განცხადებაზე ა.რ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 50 ლარიდან (საგადახდო დავალება №22287958331 / გადახდის თარიღი 12.06.2024) – 25 ლარი;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე