Facebook Twitter

საქმე №ას-636-2024 14 ივნისი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი - ა.თ–ძე (ძირითად სარჩელში - მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი)

მოწინააღმდეგე მხარე - თ.წ–ია (ძირითადი მოსარჩელე, შეგებებულ სარჩელში - მოპასუხე)

განმცხადებლების მოთხოვნა - გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილებით, თ.წ–იას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „გ–თის’’ 2006 წლის 29 დეკემბრის №1-14876 სადამფუძნებლო ხელშეკრულება მოიშალა; ცნობილი იქნა თ.წ–ია ამხანაგობიდან გასულად და დაუბრუნდა ამხანაგობაში განხორციელებული შენატანი - უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისში, ........ (ს/კ .....); თ.წ–იას დანარჩენი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა; დაკმაყოფილდა შპს „ა.ბ–სა“ და ა.თ–ძის შეგებებული სარჩელი; თ.წ–იას შპს „ა.ბ–ს“ და ა.თ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა 488.301.42 ლარის გადახდა, საიდანაც თანხის 79.38% გადახდილი უნდა იქნეს შპს „ა.ბ–სათვის“, ხოლო 20.62% - ა.თ–ძისთვის.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 18 მარტის განჩინებით, თ.წ–იას და შპს „ა.ბ–ს“ სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილება, რაც თ.წ–იამ და შპს „ა.ბ–მა“ საკასაციო წესით გაასაჩივრეს.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 30 მაისის განჩინებით, თ.წ–იას საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო შპს „ა.ბ–ს“ დადგენილი აქვს ხარვეზი, რომლის გამოსწორების ვადა ჯერ არ არის გასული.

4. საქართველოს უზენაეს სასამართლოს 2024 წლის 6 ივნისს განცხადებით მომართეს შპს „ა.ბ–მა“ და ა.თ–ძემ და იმ საფუძვლით, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გარეშე შეუძლებელი გახდება ან გართულდება გადაწყვეტილების აღსრულება მოითხოვეს თ.წ–იას აეკრძალოს ქალაქი თბილისში, ....... (საკადასტრო კოდი №......) მდებარე უძრავი ქონების თ.წ–იას სახელზე რეგისტრაციის მომენტიდან მისი გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა. ასევე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალოს ზემოაღნიშნულ ქონებაზე ნებისმიერი სარეგისტრაციო წარმოების განხორციელება, გარდა, ამ ქონებაზე თ.წ–იას საკუთრების უფლების რეგისტრაციისა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 14 ივნისის განჩინებით, შპს „ა.ბ–ს“ განცხადება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ განუხილველად დარჩა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

6. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ა.თ–ძის განცხადება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც სსსკ-ის XLIX თავი შეიცავს. იმავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, სსსკ-ის XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამდენად, საკასაციო სასამართლო საქმის განხილვის ამა თუ იმ ეტაპზე უფლებამოსილია იხელმძღვანელოს ქვემდგომ ინსტანციებში დადგენილი საქმის განხილვის მარეგულირებელი ყველა იმ ნორმით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვის მარეგულირებელ წესებს.

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად ამ კოდექსის XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფისას XXIII თავით მოწესრიგებული სარჩელის უზრუნველყოფის ნორმების გამოყენებას

9. სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.

10. სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სწრაფ და ეფექტურ საპროცესოსამართლებრივ გარანტიას. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელეს საკუთარი უფლებების დაცვის მიზნით მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს ამგვარი ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლო დარწმუნდეს კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე, სარჩელის უზრუნველყოფის აუცილებლობაში. აღნიშნული მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, ამ საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების, თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას, სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გამოყენების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება. იგივე სტანდარტი მოქმედებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შემთხვევაშიც.

11. გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანს მისი აღსრულების ხელშეწყობა წარმოადგენს, ვინაიდან საქმის სამართლიანი განხილვის უფლება მოიცავს ასევე ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებასაც და ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად განიხილება (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „შპს „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ“).

12. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში ხაზს უსვამს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობას და განმარტავს, რომ „სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება“ (იხ. „აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ“, განაცხადი №40765/02; Burdov v. Russia, no. 59498/00, §34, ECHR 2002-III; Hornsby v. Greece , judgment of 19 March 1997, Reports of Judgments and Decisions 1997-II, p. 510, §40 Hornsby; Mutishev and Others v. Bulgaria, 18967/03, §129, 3 December 2009; Antonetto v. Italy, no. 15918/89, §28, 20 July 2000).“

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკითხს იმის შესახებ, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება უნდა იქნეს გამოყენებული, წყვეტს სასამართლო მოსარჩელის განცხადების შესაბამისად. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს - მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა.

14. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ წინამდებარე საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილებით, თ.წ–იას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „გ–თის’’ 2006 წლის 29 დეკემბრის №1-14876 სადამფუძნებლო ხელშეკრულება მოიშალა; ცნობილი იქნა თ.წ–ია ამხანაგობიდან გასულად და დაუბრუნდა ამხანაგობაში განხორციელებული შენატანი - უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისში, ........ (ს/კ .......); თ.წ–იას დანარჩენი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა; დაკმაყოფილდა შპს „ა.ბ–სა“ და ა.თ–ძის შეგებებული სარჩელიც; თ.წ–იას შპს „ა.ბ–ს“ და ა.თ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა 488.301.42 ლარის გადახდა, საიდანაც თანხის 79.38% გადახდილი უნდა იქნეს შპს „ა.ბ–სათვის“, ხოლო 20.62% - ა.თ–ძისთვის. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 18 მარტის განჩინებით უცვლელად დარჩა. აღნიშნულ განჩინებაზე შპს „ა.ბ–მა“ და თ.წ–იამ წარადგინეს საკასაციო საჩივრები და ამჟამად საქმის წარმოება საკასაციო სასამართლოში მიმდინარეობს (იხ. წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტი).

15. განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელი გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, ითხოვს თ.წ–იასთვის თბილისში, ......... (ს/კ №..........) მდებარე უძრავი ქონების ამ უკანასკნელის სახელზე რეგისტრაციის მომენტიდან მისი გასხვისებისა და უფლებრივად დატვირთვის აკრძალვას (ქონება ამჟამად ამხანაგობა „გ–თის“ საკუთრებაშია). ასევე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთვის ზემოაღნიშნულ ქონებაზე ნებისმიერი სარეგისტრაციო წარმოების განხორციელების აკრძალვას, გარდა, ამ ქონებაზე თ.წ–იას საკუთრების უფლების რეგისტრაციისა.

16. კასატორი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროებას ასაბუთებს იმით, რომ მოპასუხემ ყველა ის ქონება, რომელსაც წლების განმავლობაში ფლობდა წინამდებარე დავის დაწყებამდე გაასხვისა და ამ ეტაპზე რაიმე ქონება მის სახელზე არ ფიქსირდება. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ განცხადებას ერთვის ამონაწერები საჯარო რეესტრიდან და უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, საიდანაც დგინდება თ.წ–იას მიერ კონკრეტული უძრავი ნივთების გასხვისების ფაქტი.

17. პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნაა მოპასუხისათვის თანხის დაკისრება, რაც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დაკმაყოფილებულია. ამდენად, საქმის მასალებით დგინდება, რომ დაკმაყოფილებულია მიკუთვნებითი, ანუ აღსრულებითი სარჩელი. ეს ნიშნავს, რომ გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომა დამოკიდებული იქნება არა მხოლოდ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლაზე, არამედ - ასევე მოპასუხის ნებაზე - განახორციელოს გარკვეული მოქმედება, გადაიხადოს დაკისრებული თანხა. თანხის გადახდის თაობაზე ნების არარსებობის შემთხვევაში, გადაწყვეტილებით განსაზღვრული შედეგის დადგომა დამოკიდებული ხდება ისეთ საშუალებაზე, როგორიცაა იძულებითი აღსრულება.

18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან შეუზღუდავია მესაკუთრის ნება, განახორციელოს საკუთარი ქონების მიმართ სამართლებრივი შედეგის მქონე მოქმედებები, მაგალითად გაყიდვა, გაჩუქება და სხვა, მოცემულ შემთხვევაში არ არის უსაფუძვლო, რომ შეგებებულმა მოპასუხემ, სხვადასხვა მოტივით, განახორციელოს მითითებული მოქმედებები და უძრავი ქონება მის სახელზე რეგისტრაციის შემდგომ აღმოჩნდეს მესამე პირთა, შესაძლო კეთილსინდისიერ პირთა საკუთრებაში. ასეთ შემთხვევაში, თუკი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტისათვის არ იარსებებს ქონება, რომელზედაც შესაძლოა მიქცეულ იქნეს იძულებითი აღსრულება, გადაწყვეტილება იქცევა აღუსრულებელ გადაწყვეტილებად, ხოლო სარჩელის მიზანი მიღწეული ვერ იქნება (შდრ. იხ. სუსგ საქმე №ას-1462-2019, 21 თებერვალი, 2020 წელი).

19. პალატა ზემოაღნიშნულ გარემოებებზე მითითებით მიიჩნევს, რომ ა.თ–ძის დაკმაყოფილებული მოთხოვნის ნაწილში მიღებული გადაწყვეტილება საჭიროებს დაცვას. ამგვარი დაცვის საჭიროება განპირობებულია იმ მიზეზით, რომ გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომა დამოკიდებულია არა მხოლოდ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლაზე, არამედ, ასევე - მოპასუხის ნებაზე. როცა ასეთი ნება არ არსებობს, გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა სწორედ იძულებითი აღსრულების მექანიზმზეა დამოკიდებული.

20. სადავო არ არის, რომ თავდაპირველ მოსარჩელეს, რომელიც შეგებებული სარჩელის მოპასუხეა, სასამართლოს კანონიერ ძალაში შეუსვლელი გადაწყვეტილებით მოპოვებული აქვს სადავო ნივთზე უფლება და, ბუნებრივია, თუ ეს გადაწყვეტილება იარსებებს, მას დაუსაბუთებლად არ უნდა შეეზღუდოს მოპოვებული უფლების რეგისტრაციის შესაძლებლობა. ამდენად, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებით იზღუდება შეგებებული მოპასუხის ნება, გადაწყვეტილებით მოპოვებული უფლების რეგისტრაციის მომენტიდან, გაასხვისოს ან სხვაგვარად დატვირთოს თავისი საკუთრება, რაც უზრუნველყოფის გადაწყვეტილების აღსრულებას. რაც შეეხება განმცხადებლის მოთხოვას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალოს ზემოაღნიშნულ ქონებაზე ნებისმიერი სარეგისტრაციო წარმოების განხორციელება, გარდა, ამ ქონებაზე თ.წ–იას საკუთრების უფლების რეგისტრაციისა, პალატა მიუთითებს, რომ თ.წ–იასთვის რეგისტრაციის მომენტიდან ქონების გასხვისებისა და უფლებრივად დატვირთვის აკრძალვა რეალურად ფარავს ზემოაღნიშნულ მოთხოვნას და იმ მიზანს, რისი მიღწევაც განმცხადებელს სურს, შესაბამისად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთვის ქონებაზე სარეგისტრაციო წარმოების განხორციელების აკრძალვის საფუძველი არ არსებობს

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს წინამდებარე საქმეში გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების - თ.წ–იასთვის უძრავი ქონების მის სახელზე რეგისტრაციის მომენტიდან გასხვისებისა და უფლებრივად დატვირთვის გამოყენებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 271-ე, 191-ე, 193-ე, 194-ე, 284-ე მუხლებით, 264-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა.თ–ძის განცხადება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. თ.წ–იას (პ/ნ......) აეკრძალოს ქალაქი თბილისში, ...... (ს/კ №........) მდებარე უძრავი ქონების მის სახელზე რეგისტრაციის მომენტიდან გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე