საქმე №ას-318-2024 24 მაისი, 2024 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – დ.ნ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.კ–ვა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელისდაკმაყოფილებაზე უარის თქმა ან/და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად
დავის საგანი – არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილას დაბრუნება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ.კ–ვას /პასპორტის N50 09 ..../ (შემდეგში: მოსარჩელე ან ბავშვის/არასრულწლოვანის დედა) სარჩელი დ.ნ–ძის /პ/ნ...../ (შემდეგში: მოპასუხე, ბავშვის/არასრულწლოვანის მამა, აპელანტი ან კასატორი) წინააღმდეგ, არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
1.1. არასრულწლოვანი - 26.02.2018 წელს დაბადებული მ. (მ.) ნ–ძე /პ/ნ ....../ დაბრუნებულ იქნა რუსეთის ფედერაციაში დედასთან, ჩვეულ საცხოვრებელ ადგილას (მდებარე - რუსეთის ფედერაცია, ნოვოსიბირსკი, .........). საქართველოდან არასრულწლოვანის მ. (მ.) ნ–ძის /დაბადებული 26.02.2018 წელს, პ/ნ ......./ დაბრუნება /წაყვანა/ განხორციელება დადგინდა დედის, მ.კ–ვას /პასპორტის N50 09 ..../ მიერ;
1.2. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით საქართველოში მ.კ–ვასთვის /პასპორტის N50 ......../ არასრულწლოვანი შვილის, მ. (მ.) ნ–ძის /დაბადებული 26.02.2018 წელს, პ/ნ ...../ გადაცემის უზრუნველყოფა დაევალა მამას, დ.ნ–ძეს /პ/ნ ......./. დ.ნ–ძეს /პ/ნ ......../ დაევალა არასრულწლოვნის - მ. (მ.) ნ–ძის /დაბადებული 26.02.2018 წელს, პ/ნ ......../ სამგზავრო დოკუმენტების (დაბადების მოწმობა, პასპორტი) გადაცემა - მ.კ–ვასათვის /პასპორტის N50 ........./, ასეთის ქონის შემთხვევაში;
1.3. მოსარჩელის (წარმომადგენლების) მოთხოვნა, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა;
1.4. ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა მოცემულ საქმეზე არსებული ყველა დროებითი განკარგულების გაუქმება გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისთანავე;
1.5. დადგინდა, რომ არასრულწლოვანი მ. (მ.) ნ–ძე /დაბადებული 26.02.2018 წელს, პ/ნ ....... რუსეთის ფედერაციაში, დედასთან, მ.კ–თან /პასპორტის N50 ......./ მის საცხოვრებელ ადგილას (მდებარე - რუსეთის ფედერაცია, ნოვოსიბირსკი, .......) დაბრუნებულ იქნას ბავშვის ჯანმრთელობის, კერძოდ, მკურნალობის კურსის /იგულისხმება სმენის და მხედველობის მკურნალობის ჩატარება/ გაწევის შემდგომ, რაც არ უნდა აღემატებოდეს 4-5 თვეს. მკურნალობის /იგულისხმება სმენის და მხედველობის მკურნალობის ჩატარება/ კურსის ვადის ათვლა დაიწყო გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე - 2023 წლის 11 ოქტომბრიდან.
2. საქმის განხილვისას არასრულწლოვან მ. (მ.) ნ–ძეს ჰყავს საკუთარი წარმომადგენელი, ასევე, მესამე პირად ჩართულია სსიპ სახელმწიფო ზრუნვის და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო (შემდეგში: სააგენტო).
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და იმავე სასამართლოს 2023 წლის 2 ოქტომბრის განჩინება არასრულწლოვანის გამოკითხვის მასალების გასაიდუმლოების შესახებ, სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ბავშვის მამამ (მოპასუხემ/აპელანტმა), რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, ბავშვის დედის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 იანვრის განჩინებით არასრულწლოვანის მამის (მოპასუხის) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და იმავე სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება (იხ. მე-3 პუნქტი).
5. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
5.1. მ.კ–ვა (მოსარჩელე, ბავშვის დედა) და დ.ნ–ძე (მოპასუხე/აპელანტი, ბავშვის მამა) 2011 წლის 29 დეკემბრიდან 2022 წლის 22 თებერვლამდე იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში რუსეთის ფედერაციაში. მხარეებს თანაცხოვრების განმავლობაში შეეძინათ ორი შვილი: 2012 წლის 23 აპრილს დაბადებული ი. ნ–ძე და 2018 წლის 26 თებერვალს დაბადებული მ. ნ–ძე (ბავშვი).
5.2. ბავშვები ცხოვრობდნენ მშობლებთან ერთად რუსეთის ფედერაციაში (ქ. ნოვოსიბირსკში) 2022 წლის დეკემბრამდე, მხარეთა განშორებამდე, ხოლო 2022 წლის თებერვლის შემდეგ- დედასთან (მოსარჩელესთან). მითითებულ თარიღამდე ბავშვები სწავლობდნენ რუსეთში მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულებებში და სწორედ მათი საცხოვრებელი გარემოს მიხედვით იყვნენ ადაპტირებულნი საზოგადოებაში.
5.3. ნოვოსიბირსკის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2022 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილების თანახმად, არასრულწლოვანის მამამ (მოცემულ დავაში მოპასუხემ/აპელანტმა) 13.04.2022 წელს მიმართა სასამართლოს მისი გადახდისუუნაროდ ცნობის მოთხოვნით, მიუთითებდა 871 159.92 რუბლის ოდენობით დავალიანების არსებობაზე და შუამდგომლობდა მის მიმართ მოქალაქის ქონების რეალიზაციის პროცედურის შემოღებას. ნოვოსიბირსკის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებით, წინამდებარე დავის მოპასუხე/აპელანტი ცნობილი იქნა გადახდისუუნაროდ და შემოღებული იქნა მოქალაქის ქონების რეალიზაციის პროცედურა ექვსი თვის ვადაში. საალიმენტო გადასახადების სასამართლო აღმასრულებელთა განყოფილებაში 2022 წლის 17 თებერვალს გაიცა დადგენილება სააღსრულებო წარმოების აღძვრის შესახებ. დადგენილების თანახმად, აღიძრა სააღსრულებო წარმოება მოპასუხის/აპელანტის მიმართ, არასრულწლოვანი შვილების (იხ. წინამდებარე განჩინების 5.1 ქვეპუნქტი) სასარგებლოდ, ალიმენტის გადახდასთან დაკავშირებით.
5.4. მამამ 2022 წლის 19 დეკემბერს არასრულწლოვნები ჩამოიყვანა საქართველოში, რასაც ეთანხმებოდა დედა. მოსარჩელემ (დედამ) 2022 წლის 5 ოქტომბერს თანხმობა გასცა არასრულწლოვანი შვილებისათვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებასა და საქართველოს პასპორტის მიღებაზე.
5.5. ნოვოსიბირსკში მდებარე N203 საბავშვო ბაღის წინაშე გაკეთებულ მშობლების ერთობლივ განცხადებაში (14.12.2022წ.) მითითებულია: გთხოვთ, დატოვოთ ადგილი საბავშვო ბაღში მ. ნ–ძისათვის 19.12.2022 წლიდან 20.01.2023 წლამდე პერიოდში საქართველოში დასასვენებლად და ჯანმრთელობის აღსადგენად გამგზავრებასთან დაკავშირებით. აღნიშნულ ბაღში დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან ადგილის შენარჩუნების თაობაზე გაცემულია ბრძანება N38 2022 წლის 14 დეკემბერს.
5.6. ნოვოსიბირსკში მდებარე N86-ე საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის წინაშე გაკეთებულ მშობლების ერთობლივ განცხადებაში (14.12.2022წ.) მითითებულია: გთხოვთ, გაათავისუფლოთ ი.ნ–ძე სკოლის გაკვეთილებიდან 19.12.2022 წლიდან 20.01.2023 წლამდე ჩათვლით პერიოდში საქართველოში დასასვენებლად და ჯანმრთელობის აღსადგენად გამგზავრებასთან დაკავშირებით.
5.7. ბავშვების დედამ (მოსარჩელემ) 2023 წლის 22 იანვარს განცხადებით მიმართა რუსეთის ფედერაციაში პოლიციას. განცხადების თანახმად, მამას (მოპასუხეს) 2023 წლის 20 იანვარს საქართველოდან უნდა დაებრუნებინა არასრულწლოვანი შვილები - ი.ნ–ძე და მ. ნ–ძე დედასთან, მაგრამ არასრულწოვნების მამამ მოსარჩელეს აცნობა, რომ არ დააბრუნებდა ბავშვებს და ისინი საქართველოში საცხოვრებლად რჩებოდნენ. რუსეთის ფედერაციის პოლიციამ მოსარჩელეს (ბავშვების დედას) განუმარტა, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტა შეეძლო სასამართლოს არასრულწლოვანი ბავშვების საცხოვრებელი ადგილის დასადგენად.
5.8. ბავშვების დედა (მოსარჩელე) 2023 აპრილში ჩამოვიდა საქართველოში, მას სურდა არასრულწლოვანი შვილების რუსეთის ფედერაციაში წაყვანა, რასაც მოჰყვა კონფლიქტი მხარეებს (მოსარჩელესა და მოპასუხეს) შორის. მითითებულ პერიოდში არასრულწლოვანმა ილია ნ–ძემ გამოხატა სურვილი, დედასთან ერთად წასვლასთან დაკავშირებით და გაჰყვა დედას, ხოლო არასრულწლოვანი მ. ნ–ძე ხელში აიყვანა მამამ და ბავშვი დარჩა მასთან.
5.9. არასრუწლოვანების მამამ (მოპასუხემ/აპელანტმა) თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 13 აპრილს მიმართა სარჩელით არასრულწლოვანი ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის მოთხოვნით. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 18 აპრილის განჩინებით ბავშვების მამას უარი ეთქვა სარჩელის განსახილველად მიღებაზე.
5.10. ბავშვების დედამ (მოსარჩელემ) 2023 წლის 26 აპრილს მიმართა რუსეთის ფედერაციაში პოლიციას („ლენინსკის“ მე-7 განყოფილება), სადაც მიუთითა საქართველოში მისი ჩასვლის და აპელანტთან შეხვედრის/კონფლიქტის შესახებ, რასაც შეესწრნენ არასრულწლოვნები (განცხადების შინაარსი).
5.11. აპელანტმა (მამამ), ბავშვების საქართველოში ჩამოყვანის შემდეგ, იზრუნა მ. ნ–ძის ჯანმრთელობის მდგომარეობის კვლევასა და მის მკურნალობაზე. ბავშვს ჩაუტარდა გამოკვლევა და დაუდგინდა ორმხრივი სენსონევრალური სმენის დაქვეითება, რის გამოც ორი წლის ვადით მიენიჭა შშმ პირის სტატუსი. ამჟამად მიმდინარეობს დინამიკაში დაკვირვება, ბავშვი საჭიროებს სმენის აპარატს. მამამ შვილებს შეუქმნა მზრუნველი და კეთილსაიმედო გარემო.
5.12. 2023 წლის აპრილის შემდეგ არასრულწლოვანი ი. ნ–ძე საკუთარი სურვილით გაჰყვა დედას და ამჟამად მასთან ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, ხოლო არასრულწლოვანი მ. ნ–ძე ამჟამად ცხოვრობს მამასთან საქართველოში, არის ქ. თბილისის N99 საბავშვო ბაგა ბაღის აღსაზრდელი. მ. ნ–ძე 2022 წლის 14 აპრილიდან დღემდე (07.02.2023წ.) ირიცხება ქალაქ ნოვოსიბირსკში მდებარე საბავშვო ბაღის N203 „რადუჟკას“ მოსწავლედ. მ. ნ–ძის მიმართ გაცემულია დასკვნა შშმ მოსწავლეებისთვის განათლების მიღების სპეციალური პირობების შექმნის შესახებ (სწავლების სპეციალური მეთოდები და ტექნიკა: სკოლამდელი განათლების ადაპტირებული საბაზისო საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისად ამბლიოპიის და სიელმის მქონე ბავშვებისთვის).
5.13. მოსარჩელე (დედა) მუშაობს ქ. ნოვოსიბირსკის მუნიციპალურ უნიტარულ საწარმოში, მისი გრაფიკია: 40 საათიანი სამუშაო კვირა, ორშაბათიდან პარასკევამდე - სამუშაო დღე იწყება 8:00 საათზე, მთავრდება 17:00 საათზე. დასვენების დღეები - შაბათი, კვირა.
5.14. არასრულწოვანი მ. ნ–ძე დაბადებიდან 2022 წლის 19 დეკემბრამდე ცხოვრობდა დედასთან და 2012 წლის 23 აპრილს დაბადებულ ძმასთან - ი. ნ–ძესთან ერთად რუსეთის ფედერაციაში, ქალაქ ნოვოსიბირსკში - მოსარჩელის (დედის) მისამართი ბავშვების ჩვეულებრივ ადგილსამყოფელს წარმოადგენს. საქართველოში არასრულწლოვნების ჩამოყვანამდე, ბავშვების საცხოვრებელს წარმოადგენდა დედის საცხოვრებელი.
6. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სავსებით სწორად და სრულყოფილად შეაფასა დადგენილი ფაქტები და „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ კონვენციის (შემდეგში: ჰააგის 1980 წლის კონვენცია) მე-12 მუხლის საფუძველზე, მართებულად დააკმაყოფილა დედის სარჩელი.
6.1. დასახელებული კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, ბავშვის გადაადგილება ან დაკავება არამართლზომიერად უნდა ჩაითვალოს, როდესაც:
a) ეს წარმოადგენს დარღვევას მეურვეობის უფლებებისა, მიკუთვნებულისა პირისთვის, დაწესებულებისთვის ან სხვა ორგანოსთვის, ერთობლივად თუ ცალკე, იმ სახელმწიფოს კანონმდებლობის მიხედვით, რომელშიც ბავშვი ჩვეულებრივ ცხოვრობდა უშუალოდ გადაადგილებამდე ან დაკავებამდე; და
b) გადაადგილების ან დაკავების დროისათვის ეს უფლებები რეალურად გამოიყენებოდა, ერთობლივად თუ ცალკე, ანდა ამგვარად გამოყენებული იქნებოდა, რომ არა გადაადგილება ან დაკავება.
ზემოთ, a) ქვეპუნქტში მოხსენიებული მეურვეობის უფლება შეიძლება წარმოიქმნას კანონის მოქმედების შედეგად, სასამართლო ან ადმინისტრაციული გადაწყვეტილების საფუძველზე, ანდა ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის მიხედვით კანონიერი ძალის მქონე შეთანხმების საფუძველზე.
ამავე კონვენციის მე-5 მუხლის მიხედვით, ამ კონვენციის მიზნებისათვის:
a) „მეურვეობის უფლებები“ მოიცავს უფლებებს, რომლებიც შეეხება ბავშვის პიროვნებაზე მზრუნველობას და, კერძოდ, ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის უფლებას.
b) „ურთიერთობის უფლება“ მოიცავს უფლებას ბავშვის განსაზღვრული დროით წაყვანისა ისეთ ადგილას, რომელიც არ არის ბავშვის ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილი.
6.2. კონვენციის თანახმად, ბავშვი არამართლზომიერად გადაადგილებულად ან დაკავებულად ითვლება, თუ სხვა სახელმწიფოში გადაადგილებით ანდა დაკავებით დაირღვევა მისი ჩვეულებრივი საცხოვრებელი სახელმწიფოს კანონმდებლობით დადგენილი მეურვეობის ან მზრუნველობის უფლება.
6.3. მოცემულ შემთხვევაში უდავოდ არის დადგენილი, რომ არასრულწოვანი მ. ნ–ძე დაიბადა რუსეთის ფედერაციაში და საქართველოში ჩამოსვლამდე ამ ქვეყანაში ჯერ მშობლებთან, ხოლო შემდეგ დედასთან ერთად ცხოვრობდა. ბავშვი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა და 2022 წლის დეკემბრამდე, საქართველოში ჩამოსვლამდე, სკოლამდელ აღზრდას ქ. ნოვოსიბირსკში იღებდა. მეტიც, 2022 წლის 17 თებერვლიდან რუსეთის ფედერაციაში აპელანტის მიმართ ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდის მიზნით სააღსრულებო წარმოებაც კი მიმდინარეობს. ამრიგად, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ცხადია, რომ ბავშვის ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილი არის რუსეთის ფედერაცია.
6.4. რუსეთის ფედერაციის (რფ) საოჯახო კოდექსის 61-ე მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ (მშობლის უფლებები) – (შეად.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის /შემდეგში: სსკ/ 1197-ე მუხლს). რფ საოჯახო კოდექსის 65-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, ბავშვების საცხოვრებელი ადგილი დგინდება მშობლების შეთანხმებით. შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას წყვეტს სასამართლო ბავშვების ინტერესებისა და მათი მოსაზრებების გათვალისწინებით (შეად. სსსკ-ის 1201-ე მუხლის 1-ელ და მე-2 ნაწილებს). შესაბამისად, როგორც ბავშვის ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილის, ე.ი. რუსეთის ფედერაციის, ისე საქართველოს კანონმდებლობით, ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის უფლება ცალ-ცალკე, არა დედას ან მამას, არამედ ორივე მშობელს ერთად გააჩნია. ეს კი ნიშნავს, რომ ერთ-ერთი მშობლის თვითნებური გადაწყვეტილება ბავშვის საზღვარგარეთ გადაადგილების ან დაკავების შესახებ, მეორე მშობლის მეურვეობის უფლებას არღვევს და ჰააგის კონვენციის თანახმად, არამართლზომიერად ითვლება.
7. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტის/მოპასუხის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მამამ ბავშვი საქართველოში დედის თანხმობით ჩამოიყვანა, თუმცა საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ ბავშვის ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში საქართველოში დატოვება დედასთან შეთანხმებული იყო. ამის საპირპისპიროდ საქმეში მოთავსებულია მხარეთა ერთობლივი განცხადებები N203 საბავშვო ბაღის გამგისა და მუნიციპალური საბიუჯეტო საგანმანათლებლო დაწესებულების N86 საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დირექტორის სახელზე, რომლებშიც აღნიშნულია, რომ მხარეთა შვილები საქართველოში მიემგზავრებიან „დასასვენებლად და ჯანმრთელობის აღსადგენად“ 2022 წლის 19 დეკემბრიდან 2023 წლის 20 იანვრის ჩათვლით. ამის გამო, მხარეებმა (ბავშვების მშობლებმა) საბავშვო ბაღის გამგეს მ. ნ–ძისათვის დაწესებულებაში ადგილის შენარჩუნება, ხოლო საშუალო სკოლის დირექტორს ი.ნ–ძის გაკვეთილებიდან გათავისუფლება სთხოვეს (იხ. წინამდებარე განჩინების 5.5-5.6 ქვეპუნქტები).
7.1. 2023 წლის 22 იანვარს, ე.ი. პრაქტიკულად მხარეთა შორის შეთანხმებული ვადის გასვლისთანავე, დედამ განცხადებით მიმართა რუსეთის ფედერაციის პოლიციის ადგილობრივ განყოფილებას და შვილების გატაცების, უკანონო დატყვევების, გადაადგილებისა და შემდგომი დაკავების თაობაზე აცნობა. 2023 წლის 6 აპრილს მოსარჩელე საქართველოში ჩამოვიდა და რუსეთის ფედერაციაში უფროს შვილთან, ი. ნ–ძესთან ერთად დაბრუნდა(იხ. წინამდებარე განჩინების 5.7-5.8 ქვეპუნქტები).
7.2. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ დედის თანხმობა ბავშვისათვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებასა და საქართველოს პასპორტის მიღებაზე, თავისთავად არ ამტიცებს იმას, რომ იგი ბავშვების საქართველოში საცხოვრებლად დარჩენაზე თანახმა იყო. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, საქმეზე დადგენილი გარემოებები ადასტურებს, რომ 2023 წლის 20 იანვრის შემდეგ ბავშვი- არასრუწლოვანი მ. (მ.) ნ–ძე საქართველოში დედის თანხმობის გარეშე, მისი მეურვეობის უფლების დარღვევით იმყოფება, ე.ი. ჰააგის კონვენციის თანახმად, მითითებული დღიდან საქართველოში მისი დაკავება არამართლზომიერია.
8. ჰააგის 1980 წლის კონვენციის მე-12 მუხლის თანახმად, როდესაც ბავშვი არამართლზომიერად არის გადაადგილებული ან დაკავებული, მე–3 მუხლის მნიშვნელობით, და იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოს, სადაც ბავშვი იმყოფება, სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარჩევის დაწყების თარიღისთვის, გასულია ერთ წელზე ნაკლები ვადა არამართლზომიერი გადაადგილების ან დაკავების თარიღიდან, აღნიშნული ორგანო დაუყოვნებლივ იძლევა განკარგულებას ბავშვის დაბრუნების თაობაზე. როგორც აღინიშნა, ბავშვი საქართველში არამართლზომიერად არის დაკავებული 2023 წლის 20 იანვრიდან, ამ დღიდან ერთწლიანი ვადა კი, არათუ საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვის დაწყების თარიღისათვის, არამედ სააპელაციო სასამართლოს მიერ წინამდებარე განჩინების გამოტანამდეც არ გასულა. ეს ნიშნავს, რომ კონვენციის ზემოხსენებული ნორმის საფუძველზე კონვენციის მონაწილე სახელმწიფოს - საქართველოს უფლებამოსილი ორგანო, ამ შემთხვევაში, სასამართლო ვალდებულია, მიიღოს გადაწყვეტილება ბავშვის დაბრუნების თაობაზე. ამრიგად, პირველი ინსტანციის გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონშესაბამისია.
9. ჰააგის 1980 წლის კონვენციის მე-13 მუხლის თანახმად, მიუხედავად წინამავალი მუხლის დებულებებისა, მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული არ არის, გასცეს განკარგულება ბავშვის თაობაზე თუკი პირი, დაწესებულება ან სხვა ორგანო, რომელიც მის დაბრუნებას ეწინააღმდეგება, დაადგენს, რომ:
a) პირი, დაწესებულება ან სხვა ორგანო, რომლის მზრუნველობის ქვეშაც იმყოფება ბავშვის პიროვნება, რეალურად არ სარგებლობდა მეურვეობის უფლებებით გადაადგილების ან დაკავების დროისათვის, ანდა დაეთანხმა ან მოგვიანებით შეეგუა გადაადგილებას ან დაკავებას; ან
b) არსებობს იმის სერიოზული რისკი, რომ მისი დაბრუნება ბავშვს ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ საფრთხეს შეუქმნის, ან სხვაგვარად ჩააყენებს ბავშვს აუტანელ მდგომარეობაში.
სასამართლოს ან ადმინისტრაციულ ორგანოს აგრეთვე შეუძლია უარი განაცხადოს ბავშვის დაბრუნების შესახებ განკარგულების გაცემაზე, თუკი დაადგნეს, რომ ბავშვი მისი დაბრუნების წინააღმდეგია და მან უკვე მიაღწია ისეთ წლოვანებასა და მოწიფულობის ასაკს, როდესაც მიზანშეწონილია მისი აზრის გათვალისწინება.
ამ მუხლში მოხსენიებული გარემოებების განხილვისას, სასამართლო და ადმინისტრაციული ორგანოები მხედველობაში ღებულობენ ბავშვის სოციალურ ფონთან დაკავშირებულ ინფორმაციას, მიწოდებულს ბავშვის ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილის სახელმწიფოს ცენტრალური ორგანოს ან სხვა კომპეტენტური ორგანოს მიერ.
9.1. როგორც აღინიშნა, ბავშვის საქართველოში ჩამოსვლამდე დედა მისი მეურვეობის უფლებით სარგებლობდა და დაკავებას არათუ არ შეგუებია, არამედ, არსებითად ბავშვის საქართველოში დაყოვნების მეორე დღიდანვე სამართლებრივი და ფაქტობრივი ზომები მიიღო მის დასაბრუნებლად. მეტიც, უფროსი არასრულწლოვანი შვილი დედამ რუსეთის ფედერაციაში დააბრუნა კიდეც.
9.2. საქმეში არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდება, რომ რუსეთის ფედერაციაში დაბრუნება ბავშვს ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ საფრთხეს შეუქმნის ან სხვაგვარად ჩააყენებს აუტანელ მდგომარეობაში. დადგენილია, რომ ბავშვი შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა, თუმცა ასევე დადგენილია ისიც, რომ დედას დადებული აქვს ხელშეკრულება შპს „ს.ც.ლ–თან“ მისთვის ფასიანი სამედიცინო მომსახურების გაწევის შესახებ, ხოლო ქ. ნოვოსიბირსკის მერიის განათლების დეპარტამენტის 2022 წლის 24 მარტის „დასკვნა“ ბავშვისთვის განათლების მისაღებად სპეციალური პირობების შექმნას ითვალისწინებს. სააპელაციო სასამართლომ, მოპასუხის სააპელაციო შედავების ფარგლებში, აღნიშნა: სასამართლო ვერ დარწმუნდა, რომ ბავშვი საჭირო სამედიცინო მომსახურებას რუსეთის ფედერაციაში ვერ მიიღებს.
10. საქმის მასალებით არ დგინდება მართლაც იზიარებს თუ არა მოსარჩელე (ბავშვის დედა) გერმანელი მოაზროვნის, ბერტ ჰელინგერის შეხედულებებს, რაზედაც მოპასუხე უთითებს, თუმცა მიაჩნია, რომ აღნიშნული ბავშვის დაბრუნებასთან კავშირში არ არის.
11. ქ. თბილისის საქალაქო ცენტრის მხარდაჭერის, სასამართლო/სასამართლო დავების აღსრულების განყოფილების ფსიქოლოგის ხ.ნ–ის 2023 წლის 28 სექტემბრის „ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგებით“, სოციალური მუშაკის 2023 წლის 2 ოქტომბრის დასკვნითა და უშუალოდ ბავშვთან გასაუბრებით ერთმნიშვნელოვნად დგინდება, რომ არასრულწლოვანს დედასთან დაბრუნება უნდა.
11.1. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ფსიქოლოგის მიერ აღწერილ ბავშვის ქცევასა და მის სიტყვებზე: ბავშვი „დედასთან მუდმივ კომუნიკაციაშია, ესაუბრება, უთანხმებს რა ფერით დახატავს („მე ავიღებ ლურჯს“), დედას ყურებს თვალებში, უღიმის, შემდეგ თავს ადებს მუხლზე და ეუბნება: „დედა მე შენ ძალიან მიყვარხარ“... „მე შენ მენატრები დედა“ ეუბნება დედას და ეხუტება მას... მიმართავს ძმას: „ი–ა იცი, რაა, მე შენ ძალიან მიყვარხარ“... 16:43 სთ. დედას მიმართავს მ.ი: „დედა მე შენ ძალიან მიყვარხარ“... 16:52 სთ. მიეხუტა დედას... 16:54 სთ. მ.ი მიმართავს: „დედა“, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთ სივრცეში იმყოფებიან შვილს დედის მონატრება უღვივდება. 16:58 სთ. ეხუტება დედას... 17:06 „დედა მე შენ ძალიან მიყვარხარ“ (დედას კალთაში უზის), მიეხუტა, დახუჭა თვალები, მიეყრდნო, კისერზე დედას მოხვია ხელი და ჩაეხუტა“. აშკარაა, რომ ბავშვს დედა იმდენად ენატრებოდა და მასთან ყოფნა იმდენად სურდა, რომ ამას ვერბალურად თუ არავერბარულად, პრაქტიკულად, ყოველ წუთს გამოხატავდა.
11.2. სააპელაციო სასამართლომ ხაზგასმით მიუთითა ფსიქოლოგის დასკვნაზე, რომლის მიხედვითაც: „სოციალური წრე, ახლობელი ადამიანები, რომელშიც უწევდა ცხოვრება ნოვოსიბირსკში მათ მიმართ მონატრება იჩენს თავს, გარდა ამისა, თბილისის შემთხვევაში, მეტი სოციალიზაციისთვის საჭირო იქნება ურთიერთობის წრის გაფართოება თანატოლ ბავშვებთან“.
11.3. სოციალური მუშაკის დასკვნაში კი აღნიშნულია: „მიუხედავად ოთხთვიანი განშორებისა, მ.ი დედას კარებში ელოდებოდა. მათი შეხვედრა იყო მძაფრი, ემოციური, სადაც იკვეთებოდა, რომ ორივე მათგანს ძლიერი მონატრების გრძნობა ჰქონდა ერთმანეთის მიმართ. მ.ი დედას ხშირად უმეორებდა, რომ ძალიან უყვარს და ენატრება... დედის დანახვისას მ.ი დედას ჩაეხუტა, დაუწყო მოფერება და იმის მრავალჯერ გამეორება, რომ ძალიან უყვარს და ენატრება. აღსანიშნავია, რომ პირველადი ემოციები იმდენად მძაფრი იყო, რომ დედა-შვილმა ვერ შეიკავეს თავი და იტირეს“. სასამართლოს შეფასებით აღნიშნული ცალსახად ადასტურებს, რომ ბავშვი არც ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების წინააღმდეგია და არც საქართველოში ინტეგრირებული არ არის.
11.4. დედასთან დაბრუნების სურვილი ბავშვმა გამოხატა მოსამართლესთან გასაუბრების დროსაც.
11.5. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ბავშვის ძმა - ი. ნ–ძე რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობს, ამრიგად, მ–ის საქართველოში დატოვება ძმების ერთმანეთისაგან დაშორებას გამოიწვევს, რაც ბავშვის ინტერესებს არ შეესაბამება. დადგენილი გარემოებების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ ჰააგის 1980 წლის კონვენციის მე-13 მუხლით გათვალისწინებული ბავშვის დაბრუნების გამომრიცხავი საფუძვლები არ არსებობს.
12. სააპელაციო სასამართლომ ასევე იმსჯელა ბავშვის უფლებათა კოდექსით დადგენილ დებულებებზეც, კერძოდ, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭება (მათი უპირატესი გათვალისწინება) სავალდებულოა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოების, საჯარო დაწესებულების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ან/და ქმედების განხორციელებისას. მშობლების მხრიდან ბავშვზე ნეგატიური ზემოქმედების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ დადგენილია მოსამართლისა და ბავშვის გასაუბრების სხდომის ოქმების კონფიდენციალურად შენარჩუნების პრაქტიკა (შეად. სუსგ-ას N ას-733-2020, 29.03.2022წ.).
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 53-ე მუხლის 1-ელი ნაწილის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 %-ისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში, განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
13.1. დადგენილია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელის ინტერესებს იცავდა ადვოკატი ს.გ–ვა. საქმეში წარმოდგენილია „იურიდიული მომსახურების გაწევის შესახებ“ ხელშეკრულებები დადებული მოსარჩელესა და სს „ჯ.ე–ს“ შორის, რომლითაც ამ საწარმომ მოსარჩელის სასარგებლოდ სამართალწარმოებაში მონაწილეობის ვალდებულება იკისრა (ს.ფ. 335-342); ასევე წარმოდგენილია ნაღდი ანგარიშსწორების განხორციელების დამადასტურებელი ქვითარი, რომლითაც სს „ჯ.ე–ისათვის“ 1339,15 ლარის გადახდა დასტურდება (ს.ფ. 343). ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, საქალაქო სასამართლომ აპელანტს მოსარჩელის სასარგებლოდ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება სავსებით მართებულად დააკისრა.
14. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ არ არსებობს მოპასუხის (არასრულწლოვანის მამის) სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის საფუძვლები, რის გამოც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა.
15. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
15.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ (ბავშვის მამამ), რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, არასრულწლოვანის დედის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ან საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა. კასატორის პრეტენზიები სააპელაციო საჩივარში ასახული შედავების იდენტურია და ძირითადად შემდეგ საკითხებს ეხება:
15.1.1. კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს სრულფასოვნად არ შეუფასებია გარემოებები, მისი დასკვნები წინააღმდეგობრივი და ფაქტების არასწორი ინტერპრეტაციის შედეგია. გასაჩივრებული განჩინებით სათანადოდ არ არის გამოკვლეული და გათვალისწინებული ბავშვის საუკეთესო ინეტერესები;
15.1.2. სასამართლომ ჯერ დააკმაყოფილა მოპასუხის მოთხოვნა ბავშვის სხვა ფსიქოლოგის მონაწილეობით დაკითხვაზე, ხოლო შემდეგ საჭიროდ არ მიიჩნია ამ სახით შუამდგომლობის დაკმაყოფილება და თვითონ გადაწყვიტა ბავშვის მოსმენა, რაც ყოვლად შეუსაბამო პირობებში მოხდა;
15.1.3. ქვემდგომი სასამართლოები უგულებელყოფენ იმას, რომ ბავშვი საქართველოს მოქალაქეა;
15.1.4. დედა (მოსარჩელე) დაინტერესებულია თავისი ცხოვრების ტრანსფორმაციით ბერტ ჰელინგერის მეთოდით;
15.1.5. სააპელაციო სასამართლო უთითებს მოსარჩელის მიმართვებზე (სარჩელებზე, განცხადებებზე) რუსეთის ფედერაციაში, თუმცა, არ აფასებს, თუ რამდენად კეთილსინდისიერად იყენებს მხარე სასამართლოსადმი და სხვა უწყებებისადმი მიმართვის უფლებას;
15.1.6. სააპელაციო სასამართლომ ხელოვნურად მოაქცია საქმის განხილვა ერთწლიან ვადაში, მიყოლებით ჩაატარა პროცესები, დაზოგა საკუთარი რესურსი. რამაც მოწინააღმდეგე მხარეს წაართვა პროცესუალური შესაძლებლობები, მაგ., მოწმე ჟ–ვას დაკითხვა, რომლის ნოტარიულად დამოწმებული განმარტება წარდგენილი იყო სასამართლოში, თუმცა, მოსარჩელის მტკიცებულება არ დაერთო საქმეს, 18 იანვრის სხდომა მოსარჩელის წარმომადგენელთა გარეშე ჩატარდა, რადგან მათ არ შეეძლოთ გამოცხადება და ამის თაობაზე 16 იანვრის სხდომაზე უთხრეს მოსამართლეს. 18 იანვარსვე გამოცხადდა სააპელაციო სასამართლოს განჩინება;
15.1.7. გაუგებარია, როდის მოხდა სარჩელის საგნის გარდაქმნა უკანონოდ დაკავებული ბავშვის საკითხად მაშინ, როდესაც, თავდაპირველი სარჩელი უკანონოდ გადაადგილებული და დაკავებული ბავშვის დაბრუნებას ეხებოდა;
15.1.8. სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა ჰააგის 1980 წლის კონვენცია, რადგან რუსეთის ფედერაციას არ აქვს რატიფიცირებული ეს აქტი;
15.1.9. კასატორი შუამდგომლობს არასრულწლოვანის დაკითხვას იმის თაობაზე, სურს თუ არა ბავშვს დედასთან ცხოვრება.
15.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 მარტის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
16. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის (არასრულწლოვნის მამის) მიერ წარმოდგენილი საკასაციო განაცხადი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არ აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ, სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, ატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზიები (შედავება).
18. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წანამძღვარი და სამართლებრივად მართებულად შეაფასა სადავო სამართალურთიერთობა ჰააგის 1980 წლის კონვენციიისა და ბავშვის უფლებათა კოდექსის საფუძველზე.
19. კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა ჰააგის 1980 წლის კონვენცია (იხ. საკასაციო პრეტენზია 15.1.8 ქვეპუნქტში), საკასაციო სასამართლო განმარტავს, კონვენციის ხელშემკვრელი მხარეების სტატუსთან დაკავშირებული ნუსხა ხელმისაწვდომია ოფიციალურ გვერდზე https://www.hcch.net/en/instruments/conventions/status-table/?cid=24. ამ ნუსხის მიხედვით, დგინდება კონვენციის რატიფიკაციის, მასთან მიერთების ან უფლებამონაცვლეობის საკითხი. მითითებულ ნუსხის მიხედვით, რუსეთის ფედერაციის შემთხვევაში აღნიშნულია, რომ რუსეთი კონვენციას მიერთებულია 2011 წლის 28 ივლისიდან, რაც ძალაშია იმავე წლის 1 ოქტომბრიდან. თუ კასატორის პრეტენზია იმას გულისხმობს, რომ 1980 წლის კონვენციით გარანტირებული დებულებების ასამოქმედებლად აუცილებელია, მოთხოვნის გამგზავნი (ამ შემთხვევაში რუსეთის ფედერაცია) და მოთხოვნის მიმღები (ამ შემთხვევაში საქართველო) სახელმწიფოები თანამშრომლობდნენ ორმხრივად კონვენციის 38-ე მუხლის შესაბამისად, უდავოა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის არ არსებობს ორმხრივ თანამშრომლობაზე შეთანხმება და არც კონვენციასთან მიერთების შესახებ აღიარება, თუმცა, მიუხედავად ამისა, მაინც ვერ იქნება ეს საკასაციო პრეტენზია გაზიარებული. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კონვენციით გარანტირებული დებულებების ასამოქმედებლად, ზოგადი სტანდარტის თანახმად, აუცილებელია რამდენიმე კრიტერიუმი კუმულაციურად არსებობდეს, კერძოდ: ბავშვს არ უნდა ჰქონდეს შესრულებული 16 წელი (მე-4 მუხლი), უნდა დგინდებოდეს, რომ არამართლზომიერ გადაადგილებამდე/დაკავებამდე არასრულწლოვანი, ჩვეულებრივ, ცხოვრობდა კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოში (მე-3(1)(ა) და მე-4 მუხლები) და მოთხოვნის გამგზავნი და მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოები ორმხრივად უნდა თანამშრომლობდნენ კონვენციის 38-ე მუხლის (ნებისმიერი სხვა სახელმწიფო შეუძლია შეუერთდეს ამ კონვენციას... შეერთებას ძალა ექნება მხოლოდ შეერთებულ სახელმწიფოსა და იმ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობასთან მიმართებაში, რომლებსაც განცხადებული ექნებათ მათ მიერ შეერთების მიღების შესახებ. ამგვარი განცხადება გასაკეთებელი ექნება ნებისმიერ იმ წევრ სახელმწიფოსაც, რომელიც კონვენციას რატიფიკაციას გაუკეთებს, მიიღებს ან დაამტკიცებს შეერთების შემდეგ) შესაბამისად. აღნიშნული მუხლის თანახმად, კონვენცია აწესებს კონკრეტული სახელმწიფოებისათვის კონვენციის ძალაში შესვლის დამატებით მოთხოვნას, რაც საერთაშორისო სახელშეკრულებო სამართალში არატრადიციული მოწესრიგებაა და იგი მოითხოვს, რომ კონვენციის ასამოქმედებლად, საჭიროა ეს მიერთება აღიარონ იმ სახელმწიფოებმა, რომელთათვისაც კონვენცია უკვე ძალაშია შესული (იხ. ჰააგის 1980 წლის კონვენცია „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ პრაქტიკული სახელმძღვანელო-გვ.21-22).
20. როგორც უკვე აღინიშნა, სადავო არაა ის გარემოება, რომ როგორც საქართველო, ისე რუსეთის ფედერაცია წარმოადგენენ 1980 წლის ჰააგის კონვენციის ხელშემკვრელ მხარეებს, თუმცა საქართველოს სახელმწიფოსა და რუსეთის ფედერაციას შორის არ არსებობს ორმხრივ თანამშრომლობაზე შეთანხმება/კონვენციასთან მიერთების აღიარება კონვენციის 38-ე მუხლის შესაბამისად. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული ვითარება არ წარმოადგენს დავის გადაწყვეტისას, კონვენციით გათვალისწინებული დებულებების გამოყენებაზე უარის თქმის საფუძველს, კერძოდ, საკასაციო სასამართლო მოიხმობს კონვენციის 29-ე მუხლს, რომლის თანახმად, "ეს კონვენცია ხელს არ უშლის ნებისმიერ პირს, დაწესებულებას ან ორგანოს, რომელიც აცხადებს, რომ ადგილი ჰქონდა მეურვეობის ან ურთიერთობის უფლებათა დარღვევას მე–3 (ბავშვის არამართლზომიერად გადაადგილების/დაკავების საფუძვლები) და 21–ე მუხლის (შეფარების უფლება) მნიშვნელობის ფარგლებში, მიმართოს უშუალოდ ხელშემკვრელ სახელმწიფოს სასამართლო ან ადმინისტრაციულ ორგანოებს, ამ კონვენციის დებულებათა თანახმად იქნება ეს, თუ არა". ზემოთ აღნიშნული ნორმის საფუძველზე, უნდა აღინიშნოს, რომ ჰააგის კონვენცია არ ცდილობს შექმნას განსაკუთრებული სისტემა ხელშემკვრელ სახელმწიფოებს შორის ბავშვების დაბრუნების მიზნით. პირიქით, კონვენცია არის დამატებითი ქმედითი ინსტრუმენტი იმ პირების დასახმარებლად, ვისი მეურვეობის ან ნახვის უფლებაც დარღვეულ იქნა. შესაბამისად, პირებს ამავე კონვენციით აქვთ არჩევანის შესაძლებლობა – მიმართონ ხელშემკვრელი სახელმწიფოს ცენტრალურ ორგანოებს, ანუ გამოიყენონ კონვენციის მექანიზმები, თუ აირჩიონ უშუალო ქმედების გზა- სასამართლოსადმი მიმართვისა იმ სახელმწიფოში, სადაც ბავშვი იმყოფება. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, ანუ როდესაც დაინტერესებული პირი მიმართავს სასამართლოს, მას შეუძლია მეორე არჩევანიც გააკეთოს და წარადგინოს განცხადება "კონვენციის დებულებების გამოყენებით ან მის გარეშე”. მეორე შემთხვევაში, ცხადია, კომპეტენტური ორგანოები არ იქნებიან ვალდებული, გამოიყენონ კონვენციის დებულებები, თუ სახელმწიფოს არ აქვს ისინი გადატანილი შიდა კანონმდებლობაში, კონვენციის მე-2 მუხლის შესაბამისად. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, კონვენციის 38-ე მუხლი ე.წ. გამოყენების საგამონაკლისო ნორმას კი არ წარმოადგენს და კონვენციის გამოყენების აკრძალვას კი არ ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე სახელმწიფოთა შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ აღიარება არ არსებობს, არამედ ე.წ. პროცედურული ნორმაა, რომელიც კონვენციის წევრი სახელმწიფოს მიერ სხვა სახელმწიფოების კონვენციასთან მიერთების/აღიარების პროცედურას (თანამშომლობას) განამტკიცებს. ამგვარი ქმედებებით ხელშემკვრელი სახელმწიფოები შეეცადნენ, შეენარჩუნებინათ აუცილებელი წონასწორობა უნივერსალიზმის სურვილსა და იმ რწმენას შორის, რომ თანამშრომლობის სისტემა მხოლოდ მაშინ არის ეფექტიანი, როდესაც მხარეებს შორის არსებობს საკმარისი ხარისხის ორმხრივი ნდობა (იხ. ჰააგის კონვენციის ელიზა პერეს-ვერას განმარტებითი ანგარიში, პუნქტი d.41; მუხლი 35-144. < https://assets.hcch.net/docs/7d5e50cc-c3df-4308-8f33-09b4fe92b4f1.pdf> )- შეად. სუსგ-ებს: N ას-70-2022, 16.02.2022წ;N ას-1480=2022, 11.01.2023წ.
21. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოსარჩელემ საკუთარი უფლების დაცვის მიზნით, უშუალოდ მიმართა კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს-სასამართლოს და მოთხოვნა ბავშვის უფლებათა კონვენციის და სსსკ-ის 3517-35118 მუხლებს დააფუძნა, რომელიც აწესრიგებს არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნებისა და ბავშვთან ურთიერთობის უფლებებს, ასევე ადგენს ასეთი საქმეების განხილვის თავისებურებებს და აღნიშნული ნორმები სრულად შეესაბამება 1980 წლის ჰააგის კონვენციის მოთხოვნებს. დამატებით ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სსკ-ის 13057-13059 მუხლებით (N3339, 20.03.2015წ; ამოქმედდა 31.03.2015წ.) მოწესრიგებულია არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნებისა და ბავშვთან ურთიერთობის უფლებები. სსკ-ის 13059 მუხლით დადგენილია, რომ პირი ან ორგანო, რომელიც ამტკიცებს, რომ მას აქვს იმ ბავშვთან ურთიერთობის უფლება, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება, უფლებამოსილია ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენების შესახებ შუამდგომლობით/სარჩელით მიმართოს ცენტრალურ ორგანოს ან სასამართლოს.
22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ჰააგის 1980 წლის კონვენციის ინტერპრეტაცია და გამოყენება უნდა მოხდეს „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-8 მუხლით განსაზღვრული ვალდებულებების გათვალისწინებით და „ბავშვის უფლებების შესახებ“ გაეროს 1989 წლის კონვენციის შესაბამისად. ჰააგის კონვენციის პირველი მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, კონვენციის მიზნებია: სხვა ხელშემკვრელ სახელმწიფოში არამართლზომიერად გადაადგილებული ან დაკავებული ბავშვების სწრაფი დაბრუნებისა და ერთ–ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მეურვეობისა და ურთიერთობის უფლებათა ეფექტიანი შესრულების უზრუნველყოფა. ამდენად, კონვენცია უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს „status quo-ს“ აღგენას, ითხოვს რა არამართლზომიერად გადაადგილებული ან დაკავებული ბავშვის დაუყოვნებლივ დაბრუნებას თავის ჩვეულ საცხოვრებელ ადგილას (ჰააგის კონვენციის ელიზა პერეს-ვერას განმარტებითი ანგარიში, b-16). აღნიშნული კი, საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს არასრულწლოვანთა დაცვას არამართლზომიერი გადაადგილებით/დაკავებით გამოწვეული მავნე შედეგებისაგან. ამასთან, კონვენციის პრეამბულის მიხედვით, არამართლზომიერად გადაადგილებული ან დაკავებული ბავშვის დაბრუნების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას სახელმძღვანელო პრინციპს ბავშვის საუკეთესო ინტერესები წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ კონვენციის მუხლები უშუალოდ არ ეხება ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის პრინციპს, კონვენციის ორივე მიზანი - ერთი პრევენციული, ხოლო მეორე მიმართული ბავშვის ჩვეულ გარემოში დაუყოვნებლივი რეინტეგრაციისკენ, მთლიანობაში პასუხობს ბავშვის საუკეთესო ინტერესების კონცეფციას (ჰააგის კონვენციის ელიზა პერეს-ვერას განმარტებითი ანგარიში, c - 25).
23. აღსანიშნავია, რომ კონვენციის მიზანი ბავშვის დაბრუნებასთან დაკავშირებით, არ გულისხმობს იმის განსაზღვრას, თუ როგორ მოწესრიგდება მომავალში მასზე მეურვეობა. დაბრუნების მიზანია, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს არამართლზომიერი გადაადგილების შედეგად დარღვეული უფლების აღდგენა ბავშვის იმ ადგილას დაბრუნებით, რომელიც მისი ჩვეული საცხოვრებელი ადგილია. თუ მეურვეობის უფლება უნდა შეიცვალოს, მაშინ ეს იქნება ჩვეული საცხოვრებელი ადგილის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების გადასაწყვეტი. კონვენციის მიზანია, რომ იმ მშობელმა, რომელმაც ბავშვი არამართლზომიერად გადააადგილა, არ ისარგებლოს უპირატესობით და არ დააყოვნოს ბავშვი დიდხანს. ამ მიზნით, დაბრუნების შესახებ განაცხადი უნდა შეივსოს, რაც შეიძლება, სწრაფად. ასეთ განმარტებას აკეთებს ასევე ერთ-ერთ საქმეში ფინეთის უზენაესი სასამართლო (Finland: Supreme Court of Finland: KKO:2004:76 [INCADAT cite: HC/E/FI 839]-მითითებული გადაწყვეტილება ციტირებულია ჰააგის 1980 წლის კონვენცია „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ პრაქტიკული სახელმძღვანელოდან-გვ.13-14). კონვენციის ამოსავალი წერტილი არის ის, რომ არასრულწლოვნის მეურვეობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება უნდა ჰქონდეს არა მოთხოვნის მიმღებ სახელმწიფოს, არამედ იმ ქვეყანას, სადაც არის არასრულწლოვნის ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილი. შესაბამისად, კონვენცია არ ეხება ბავშვზე მეურვეობის უფლების განსაზღვრას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კონვენციის მიზნებისთვის მნიშვნელოვანია, ერთმანეთისგან გაიმიჯნოს მისი რეგულირების სფერო და მეურვეობის უფლება. კონვენციის მე-16 მუხლის თანახმად, მას შემდეგ, რაც მიიღებენ შეტყობინებას, რომელიც შეეხება ბავშვის არამართლოზმიერ გადაადგილებას ან დაკავებას მე–3 მუხლის მნიშვნელობით, იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანოები, რომელში გადაყვანილია ან დაკავებულია ბავშვი, არ ღებულობენ გადაწყვეტილებას მეურვეობის უფლებათა არსის თაობაზე მანამ, სანამ არ დადგინდება, რომ ბავშვი არ უნდა იქნეს დაბრუნებული ამ კონვენციის მიხედვით, ან თუ ამ კონვენციის მიხედვით გათვალისწინებული განაცხადი შეტანილი არ იქნება შეტყობინების მიღებიდან გონივრული ვადის ფარგლებში. აღნიშნული მუხლი მოთხოვნის მიმღებ სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს არ აძლევს უფლებამოსილებას, მიიღონ მეურვეობის უფლების შესახებ გადაწყვეტილება მანამ, სანამ არ გამოვა გადაწყვეტილება ბავშვის დაბრუნებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით, ან კონვენციის საფუძველზე განაცხადი შეტანილი არ იქნება შეტყობინების მიღებიდან გონივრული ვადის ფარგლებში. ამასთან, კონვენციის მე-19 მუხლის თანახმად, ამ კონვენციის მიხედვით გათვალისწინებული გადაწყვეტილება ბავშვის დაბრუნების შესახებ არ უნდა ჩაითვალოს დადგენილებად მეურვეობასთან დაკავშირებული რაიმე საკითხის არსის თაობაზე. დასახელებული მუხლის თანახმად უკანონოდ გადაადგილებული ან დაკავებული ბავშვის დაუყოვნებლივ დაბრუნების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ განსაზღვრავს და არ ადგენს მეურვეობის უფლების არსს. ამ დებულების მთავარი მიზანია, მოახდინოს იმ პირის მიერ, რომელმაც არამართლზომიერად გადააადგილა ან დააკავა არასრულწლოვანი, ცალმხრივი ქმედებით შეცვლილი გარემოების ზეგავლენის პრევენცია არასრულწლოვნის მეურვეობასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე (იხ. ჰააგის კონვენციის პრაქტიკული სახელმძღვანელო, თბილისი 2018, გვ. 20).
24. რაც შეეხება ჰააგის კონვენციის იურისდიქციის გავრცელების სხვა წინაპირობებს, აღნიშნული რეგლამენტირებულია კონვენციის მე-4 მუხლში, რომლის თანახმად კონვენცია გამოიყენება ნებისმიერი იმ ბავშვის მიმართ, რომელიც ჩვეულებრივ ცხოვრობდა ხელშემკვრელ სახელმწიფოში მეურვეობის ან ურთიერთობის უფლებათა დარღვევამდე. კონვენცია აღარ გამოიყენება, როდესაც ბავშვი 16 წლის ასაკს მიაღწევს. ამ ნორმიდან გამომდინარე, ბავშვი იმ შემთხვევაში ექცევა კონვენციის იურისდიქციაში, თუ მას არ შესრულებია 16 წელი, სახეზე არის არამართლზომიერი გადაადგილება/დაკავება და არამართლზომიერ გადაადგილებამდე/დაკავებამდე ცხოვრობდა ხელშემკვრელ სახელმწიფოში.
25. უდავო ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ მ. ნ–ძეს არ მიუღწევია 16 წლის ასაკისათვის. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ კრიტერიუმებზე, რომლებიც არსებობენ გადაადგილების/დაკავების არამართლზომიერების დასადგენად, რადგან სწორედ ეს უკანასკნელი გარემოებაა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი იმისა, ექცევა თუ არა არასრულწლოვანი ჰააგის კონვენციის იურისდიქციაში. კონვენციის მე-3 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, ბავშვის გადაადგილება ან დაკავება არამართლოზომიერად უნდა ჩაითვალოს, როდესაც: ეს წარმოადგენს მეურვეობის უფლების დარღვევას, რომელიც მიკუთვნებულია პირისთვის, დაწესებულებისთვის ან სხვა ორგანოსთვის, ერთობლივად თუ ცალკე, იმ სახელმწიფოს კანონმდებლობის მიხედვით, რომელშიც ბავშვი ჩვეულებრივ ცხოვრობდა უშუალოდ გადაადგილებამდე ან დაკავებამდე და გადაადგილების ან დაკავების დროისათვის ეს უფლებები რეალურად გამოიყენებოდა ერთობლივად თუ ცალკე, ანდა ამგვარად გამოყენებული იქნებოდა, რომ არა გადაადგილება ან დაკავება. „რეალური სხვაობა არასრულწლოვნის არამართლზომიერ გადაადგილებასა და არამართლზომიერ დაკავებას შორის არის ის, რომ არამართლზომიერად აკავებენ, როდესაც რეალურ მეურვეს თავდაპირველად გაცემული ჰქონდა ბავშვის კონკრეტული დროით გადაადგილების შესახებ ნებართვა, თუმცა ამ დროის გასვლის შემდგომ, ბავშვს უკან აღარ აბრუნებენ. არამართლზომიერი გადაადგილების დროს კი, ბავშვის გადაადგილების თაობაზე რეალური მეურვის თანხმობა, საერთოდ არ არსებობს” (იხ. სუსგ N ას-70-2022, 16.02.2022წ.) აღნიშნული კრიტერიუმები, ასევე, ასახულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3517-ე და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 13057-ე მუხლებში. ამდენად, დაუსაბუთებელია კასატორის პრეტენზია, რომელიც წინამდებარე განჩინების 15.1.7 ქვეპუნქტშია ასახული, რადგან სარჩელის „გარდაქმნა“ კი არ მოხდა, არამედ დადგინდა, რომ დედის თანხმობით მამასთან ერთად საქართველოში ჩამოსული არასრუწლოვანი მ. ნ–ძე არამართლზომიერად დააკავა (დააყოვნა) მამამ საქართველოს ტერიტორიაზე და არ დააბრუნა ჩვეულ საცხოვრებელ ადგილას-დედასთან რუსეთის ფედერაციაში, რის გამოც დედამ სარჩელი აღძრა საქართველოს სასამართლოში (იხ. წინამდებარე განჩინების 5.2, 5.4, 5.7, 5.8, 5.14 ქვეპუნქტები). „უკანონოდ დაკავებული“ ბავშვების მოხსენიება გულისხმობს იმ შემთხვევებს, როდესაც ბავშვი არ იმყოფება თავის ჩვეულ საცხოვრებელ ადგილას (იმ პირის თანხმობით, რომელიც, როგორც წესი, ახორციელებს მასზე მეურვეობას) და პირი, ვისთანაც იგი იმყოფება, არ აბრუნებს მას. ეს არის ტიპური სიტუაცია, რომელსაც ადგილი აქვს, როდესაც ბავშვის გადაადგილება ნახვის უფლების არამართებული გამოყენების შედეგია (იხ. კონვენციის თაობაზე ელიზა პერეზ-ვერას განმარტებითი მოხსენება - b.ქვეპუნქტი a, პ.57). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ჰააგის კონვენცია მეურვეობისა და ნახვის უფლებებს მიჯნავს, „კონვენცია ცალსახად ანიჭებს უპირატესობას იმ იდეას, რომ ნახვის უფლება წარმოადგენს მეურვეობის უფლების ბუნებრივ კომპენსაციას და მასზე უფლებაც, შესაბამისად, იმ მშობელს უნდა ჰქონდეს, რომელიც მეურვეობის უფლებას მოკლებულია (იხ. კონვენციის თაობაზე დასახელებული განმარტებითი მოხსენება - პ.26).
26. ჰააგის კონვენციის გამოსაყენებლად და იმისათვის, რომ არასრულწლოვნის გადაადგილება/დაკავება არამართლზომიერად შეფასდეს, სახეზე უნდა იყოს განმცხადებლის მეურვეობის უფლების დარღვევა და ეს უფლება გადაადგილებამდე/დაკავებამდე რეალურად უნდა ხორციელდებოდეს; ამასთან, არამართლზომიერ გადაადგილებამდე/დაკავებამდე არასრულწლოვანი ჩვეულებრივ უნდა ცხოვრობდეს კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოში. შესაბამისად, კონვენციის მიზნებისთვის მნიშვნელოვანია განისაზღვროს, თუ რას გულისხმობს მეურვეობის უფლება და მისი რეალური განხორცილება, ასევე, რა მოიაზრება ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილში.
27. ჰააგის კონვენციის მე-5 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, „მეურვეობის უფლებები“ მოიცავს უფლებებს, რომლებიც შეეხება ბავშვის პიროვნებაზე მზუნველობას, კერძოდ, ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის უფლებას; ხოლო, „ურთიერთობის უფლება“ - უფლებას ბავშვის განსაზღვრული დროით წაყვანისა ისეთ ადგილას, რომელიც არ არის ბავშვის ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად, მეურვეობის უფლების წარმოშობის საფუძველია: კანონი, სასამართლო ან ადმინისტრაციული გადაწყვეტილება, ან/და იმ სახელმწიფოს კანონმდებლობის მიხედვით კანონიერი ძალის მქონე შეთანხმება. იგივე წინაპირობებია განსაზღვრული მეურვეობის უფლების არსებობისთვის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 13057-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით.
28. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ:
28.1. არასრულწოვანი მ. ნ–ძე თავის ძმასთან და მშობლებთან ერთად ცხოვრობდა რუსეთის ფედერაციაში (ქ. ნოვოსიბირსკში) 2022 წლის დეკემბრამდე, მშობლების განშორებამდე, ხოლო 2022 წლის თებერვლის შემდეგ- დედასთან (მოსარჩელესთან). მითითებულ თარიღამდე მ. ნ–ძე და მისი ძმა სწავლობდნენ რუსეთში მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულებებში და ძმები სწორედ მათი საცხოვრებელი გარემოს მიხედვით იყვნენ ადაპტირებულნი საზოგადოებაში;
28.2. მამამ (მოპასუხემ) 2022 წლის 19 დეკემბერს არასრულწლოვნები (ძმები) მათი დედის (მოსარჩელის) თანხმობით ჩამოიყვანა საქართველოში. მოსარჩელემ (დედამ) 2022 წლის 5 ოქტომბერს თანხმობა გასცა არასრულწლოვანი შვილებისათვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებასა და საქართველოს პასპორტის მიღებაზე;
28.3. რუსეთის ფედერაციაში, ნოვოსიბირსკში მდებარე N203 საბავშვო ბაღს ერთობლივი განცხადებით (14.12.2022წ.) მიმართეს მშობლებმა და მიუთითეს, რომ შენარჩუნებულიყო ადგილი საბავშვო ბაღში მ. ნ–ძისათვის 19.12.2022 წლიდან 20.01.2023 წლამდე პერიოდში საქართველოში დასასვენებლად და ჯანმრთელობის აღსადგენად გამგზავრებასთან დაკავშირებით. აღნიშნულ ბაღში დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან ადგილის შენარჩუნების თაობაზე გაცემულია ბრძანება N38 2022 წლის 14 დეკემბერს;
28.4. რუსეთის ფედერაციაში, ნოვოსიბირსკში მდებარე N86-ე საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლას მშობლებმა ერთობლივი განცხადებით (14.12.2022წ.) მიმართეს და ითხოვეს მ.ის ძმის ი.ნ–ძის გათავისუფლება სკოლის გაკვეთილებიდან 19.12.2022 წლიდან 20.01.2023 წლამდე ჩათვლით პერიოდში საქართველოში დასასვენებლად და ჯანმრთელობის აღსადგენად გამგზავრებასთან დაკავშირებით;
28.5. ბავშვების დედამ (მოსარჩელემ) 2023 წლის 22 იანვარს განცხადებით მიმართა რუსეთის ფედერაციაში პოლიციას. განცხადების თანახმად, მამას (მოპასუხეს) 2023 წლის 20 იანვარს საქართველოდან უნდა დაებრუნებინა არასრულწლოვანი შვილები - ი. ნ–ძე და მ. ნ–ძე დედასთან, მაგრამ არასრულწოვნების მამამ მოსარჩელეს აცნობა, რომ არ დააბრუნებდა ბავშვებს და ისინი საცხოვრებლად რჩებოდნენ საქართველოში. რუსეთის ფედერაციის პოლიციამ მოსარჩელეს (ბავშვების დედას) განუმარტა, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტა შეეძლო სასამართლოს არასრულწლოვანი ბავშვების საცხოვრებელი ადგილის დასადგენად;
28.6. ბავშვების დედა (მოსარჩელე) 2023 აპრილში ჩამოვიდა საქართველოში, მას სურდა არასრულწლოვანი შვილების რუსეთის ფედერაციაში წაყვანა, რასაც მოჰყვა კონფლიქტი მხარეებს (მოსარჩელესა და მოპასუხეს) შორის. მითითებულ პერიოდში არასრულწლოვანმა ი.ნ–ძემ გამოხატა სურვილი, დედასთან ერთად წასვლასთან დაკავშირებით და გაჰყვა დედას, ხოლო არასრულწლოვანი მ. ნ–ძე ხელში აიყვანა მამამ და ბავშვი დარჩა მასთან;
28.7. არასრუწლოვანების მამამ (მოპასუხემ/აპელანტმა) თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 13 აპრილს მიმართა სარჩელით და მოითხოვა არასრულწლოვანი ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, რაზედაც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 18 აპრილის განჩინებით მას უარი ეთქვა სარჩელის განსახილველად მიღებაზე;
28.8. ბავშვების დედამ (მოსარჩელემ) 2023 წლის 26 აპრილს მიმართა რუსეთის ფედერაციაში პოლიციას („ლენინსკის“ მე-7 განყოფილება), სადაც მიუთითა საქართველოში მისი ჩასვლის და აპელანტთან შეხვედრის/კონფლიქტის შესახებ, რასაც შეესწრნენ არასრულწლოვნები (განცხადების შინაარსი);
28.9. 2023 წლის აპრილის შემდეგ არასრულწლოვანი ი.ნ–ძე საკუთარი სურვილით გაჰყვა დედას და ამჟამად მასთან ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, ხოლო არასრულწლოვანი მ. ნ–ძე ამჟამად ცხოვრობს მამასთან საქართველოში, არის ქ. თბილისის N99 საბავშვო ბაგა ბაღის აღსაზრდელი. მ. ნ–ძე 2022 წლის 14 აპრილიდან დღემდე (07.02.2023წ.) ირიცხება ქალაქ ნოვოსიბირსკში მდებარე საბავშვო ბაღის N203 „რადუჟკას“ მოსწავლედ. მ. ნ–ძის მიმართ გაცემულია დასკვნა შშმ მოსწავლეებისთვის განათლების მიღების სპეციალური პირობების შექმნის შესახებ (სწავლების სპეციალური მეთოდები და ტექნიკა: სკოლამდელი განათლების ადაპტირებული საბაზისო საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისად ამბლიოპიის და სიელმის მქონე ბავშვებისთვის);
28.10. არასრულწოვანი მ. ნ–ძე დაბადებიდან 2022 წლის 19 დეკემბრამდე ცხოვრობდა დედასთან და 2012 წლის 23 აპრილს დაბადებულ ძმასთან - ი.ნ–ძესთან ერთად რუსეთის ფედერაციაში, ქალაქ ნოვოსიბირსკში - მოსარჩელის (დედის) მისამართი ბავშვების ჩვეულებრივ ადგილსამყოფელს წარმოადგენს.
29. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებების საფუძველზე დასაბუთებულია დასკვნა, რომ საქართველოში არასრულწლოვნების ჩამოყვანამდე, ბავშვების საცხოვრებელს წარმოადგენდა დედის საცხოვრებელი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ჰააგის კონვენციით დადგენილი დაბრუნების საგამონაკლისო წინაპირობები ერთმნიშვნელოვნად დამოკიდებულია და ითვალისწინებს ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, არაერთხელ განმარტა, რომ სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის, უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასა და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, რათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, იქ, სადაც საკითხი ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (საქმე "ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ" - Elsholz v. Germany, # 25735/94, 31.07.2000, პარ. 52 და TK და KM გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - TK and KM v. UK, # 28945/95, 10.05.2001, პარ.72. Johansen v. Norway)- შეად. სუსგ-ებს: N ას-967-916-2015, 25.02.2016წ; N ას-286-2019, 6.06.2019წ; N ას-163-2021, 28.05.2021წ; N ას-70-2022, 16.02.2022წ; N ას-1436-2022, 27.12.2022წ; N ას-1052-2022, 27.12.2022წ.).
30. მოცემულ საქმეზე არსებობს, როგორც ბავშვის საკითხებზე მომუშავე სპეციალისტის დასკვნა, ისე უშუალოდ სასამართლოს მიერ არის მოსმენილი ბავშვის მოსაზრება. კასატორის შუამდგომლობა საკასაციო სასამართლოს მიერ ბავშვის მოსაზრების მოსმენის შესახებ და წინამდებარე განჩინების 15.1.2 ქვეპუნქტში ასახული პრეტენზია დაუსაბუთებელია, რადგან მიუხედავავდ იმისა, რომ სსსკ-ის 354-ე მუხლით სასამართლოსათვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება, რომელიც ინკვიზიციურობის ელემენტებს მოიცავს, შესაძლებლად მიიჩნევს საქმის გარემოებების დადგენას, მტკიცებულებათა გამოთხოვას სასამართლოს ინიციატივითაც, აღნიშნული საკასაციო ინსტანციის სამართალწარმოების ეტაპს არ მოიცავს. უმაღლესი და საბოლოო ინსტანციის სასამართლო სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით ხელმძღვანელობს და ამის საფუძველზე აფასებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების/განჩინების დასაბუთებულობას, მოცემულ შემთხვევაში კი არ ვლინდება სააპელაციო სასამართლოსათვის საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების სსსკ-ის 412-ე მუხლით დადგენილი სამართლებრივი საფუძვლები. ამდენად, დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა კასატორის პრეტენზია, რომ სააპელაციო სასამართლოს სრულფასოვნად არ შეუფასებია გარემოებები, მისი დასკვნები წინააღმდეგობრივი და ფაქტების არასწორი ინტერპრეტაციის შედეგია, გასაჩივრებული განჩინებით სათანადოდ არ არის გამოკვლეული და გათვალისწინებული ბავშვის საუკეთესო ინეტერესები.
31. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენცია აწესებს ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში, იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას. დასახელებული კონვენციის მე-12 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბების უნარის მქონე ბავშვის უფლებას, თავისუფლად გამოხატოს ეს შეხედულებანი ბავშვთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე, ამასთან, ბავშვის შეხედულებებს სათანადო ყურადღება ეთმობა ბავშვის ასაკისა და მოწიფულობის შესაბამისად. "ბავშვთა უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბავშვს უფლება აქვს, მოუსმინონ ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას, რომელიც მის რომელიმე უფლებას ეხება ან გავლენას მოახდენს მის რომელიმე უფლებაზე, და გაითვალისწინონ ბავშვის მოსაზრება მისი საუკეთესო ინტერესების შესაბამისად; ამასთან ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უფლების ასაკის, შეზღუდული შესაძლებლობის ან სხვა გარემოების საფუძველზე შეზღუდვა.
32. ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასება მოიცავს ბავშვის უფლების პატივისცემას, თავისუფლად გამოხატოს თავისი მოსაზრება ყველა საკითხზე, რომელიც მასზე ზეგავლენას ახდენს და მის მიერ გამოთქმული მოსაზრებისთვის სათანადო მნიშვნელობის მინიჭებას (იხ. გაეროს ბავშვთა კომიტეტის N 12 ზოგადი სახელმძღვანელო კომენტარი). ამავდროულად, როდესაც საკითხი უკავშირდება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს და უფლებას მოუსმინონ, გათვალისწინებული უნდა იქნეს ბავშვის განვითარებადი უნარები. ბავშვის უფლებათა კომიტეტის განმარტებით, რაც უფრო მეტი იცის ბავშვმა და მეტი გამოცდილება აქვს და მეტი ესმის, მით უფრო უნდა შეცვალონ მშობლებმა, მეურვეებმა ან ბავშვზე პასუხისმგებელმა სხვა პირებმა მითითებები და დარიგებები - შეხსენებითა და რჩევებით, მოგვიანებით კი - დამოკიდებულება დამყარდეს აზრთა ურთიერთგაცვლით, თანასწორ საფუძვლებზე. შესაბამისად, ბავშვის მომწიფებასთან ერთად მის მოსაზრებებს მეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს მისი საუკეთესო ინტერესების შეფასებისას. სიმწიფე არის გაგებისა და კონკრეტული საკითხის შეფასების უნარი და ბავშვის ინდივიდუალური შესაძლებლობების შესაბამისად დგინდება. „ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციის მე–12 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, ეს არის ბავშვის შესაძლებლობები გამოხატოს მოსაზრებები საკითხთან დაკავშირებით გონივრულად და დამოუკიდებლად. ამასთან, ბავშვს აქვს უფლება „თავისუფლად გამოთქვას შეხედულებები“. „თავისუფლად“ ნიშნავს, რომ ბავშვს შეუძლია აზრის გამოხატვა ზეწოლის გარეშე და ასევე ნიშნავს, რომ დაუშვებელია ბავშვით მანიპულირება ან მასზე უსაფუძვლო გავლენა ან ზეწოლა. „თავისუფლად“ შინაგანად დაკავშირებულია ბავშვის „საკუთარ“ მოსაზრებასთან: ბავშვს აქვს უფლება, გამოხატოს საკუთარი მოსაზრებები და არა სხვების აზრები. განსახილველ შემთხვევაში, წინამდებარე განჩინების 11-11.4 პუნქტებში ასახული გარემოებები, ასევე, ის, რომ არასრულწლოვანის საქართველოს ტერიტორიაზე მამის მიერ დაკავებას მოჰყვა ძმასთან განცალკევება, რაც ეწინააღმდგება როგორც არასრულწოვანი ძმების საუკეთესო ინტერესებს, ისე ოჯახური ცხოვრების პატივისცემას, საკასაციო სასამართლოს არწმუნებს, რომ სააპელაციო სასამართლომ ბავშვის საუკეთესო ინტერესებით და არა მხოლოდ ჰააგის 1980 წლის კონვენციის კრიტერიუმებით გამოიკვლია და შეაფასა სარჩელის დასაბუთებულობა, შესაბამისად, კანონიერად დააკმაყოფილა არასრულწლოვანის დედის სარჩელი.
33. საკასაციო სასამართლო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის განმარტებას მოიხმობს საქმეზე X ლატვიის წინააღმდეგ (საჩივარი № 27853|09; პარ. 101; 26.11.2013წ.), რომლის მიხედვითაც, ჰააგის კონვენციის ფარგლებში ბავშვის დაბრუნებასთან დაკავშირებული საჩივრის კონტექსტი მეურვეობის სამართალწარმოებისგან განსხვავდება, ბავშვის ინტერესების ცნება ჰააგის კონვენციით გათვალისწინებული გამონაკლისების ფარგლებში უნდა შეფასდეს, რაც დროის გარკვეულ მონაკვეთს ეხება (მუხლი მე-12), კონვენციის გამოყენების პირობებს (მუხლი მე-13 (ა) პუნქტი) და „სერიოზული რისკის“ არსებობას (მუხლი მე-13 (ბ) პუნქტი), ასევე მომთხოვნი სახელმწიფოს ფუნდამენტურ პრინციპებთან შესაბამისობის მხრივ, რაც ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტურ თავისუფლებათა დაცვასთან არის დაკავშირებული (მუხლი მე-20). ეს ამოცანა უმთავრესია მომთხოვნი სახელმწიფოს ეროვნული ხელისუფლებისათვის, რომელსაც, მათ შორის, დაინტერესებულ მხარეებთან პირდაპირი კონტაქტის უპირატესობა გააჩნია. მე-8 მუხლით გათვალისწინებული ამოცანის შესრულებისას, ეროვნული სასამართლოები შეფასების თავისუფლებით სარგებლობენ, თუმცა ევროპული ზედამხედველობის ქვეშ რჩებიან, რომლის დროსაც, სასამართლო კონვენციის ძალით განიხილავს გადაწყვეტილებებს, რომლებიც ეროვნულმა ხელისუფლებამ იმ უფლებამოსილების ფარგლებში მიიღო (იხ. შესაბამისი ცვლილებებით, Hokkanen v. Finland, 23 September 1994, § 55, Series A no. 299-A; და ასევე Maumousseau and Washington, ზემომოყვანილი, § 62, და Neulinger and Shuruk, ზემომოყვანილი, § 141).
34. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, მოდავე მხარეებმა სწორედ არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით უნდა იმოქმედონ წინამდებარე განჩინებით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების დროს და თითოეულმა მათგანმა შვილის უპირატესი ინტერესი უნდა აღიაროს. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ევროპული სასამართლოს მსჯელობაზე: „ჰააგის კონვენციის მიხედვით, დაბრუნების მოთხოვნის კონტექსტში, რომელიც შესაბამისად გამიჯნულია მეურვეობასთან დაკავშირებული სამართალწარმოებისაგან, ბავშვის საუკეთესო ინტერესების კონცეფცია უნდა შეფასდეს ჰააგის კონვენციით დაშვებული გამონაკლისების მიხედვით, რომელიც გულისხმობს დროის გასვლას (მუხლი 12), კონვენციის გამოყენების პირობებს (მუხლი 13 § a) და სერიოზული რისკების არსებობას (მუხლი 13 § b). ასევე, მხედველობაში უნდა იყოს მიღებული მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს ფუნდამენტურ პრინციპებთან შესაბამისობა, რაც გულისხმობს ფუნდამენტური თავისუფლების და ადამიანთა უფლებების დაცვას (მუხლი 20). ეს დავალება, პირველ რიგში, ეკისრება მოთხოვნის მიმღებ სახელმწიფოს, რომელსაც აქვს, სხვა დანარჩენთან ერთად, მხარეებთან პირდაპირი ურთიერთობის უპირატესობა. მე-8 მუხლთან დაკავშირებული ვალდებულების შესრულების დროს, ეროვნული სასამართლოები სარგებლობენ შეფასების ზღვრით, რომელიც საბოლოოდ ექვემდებარება ევროპულ ზედამხედველობას. მაშასადამე, სასამართლო კომპეტენტურია განიხილოს ეროვნული სასამართლოების მიერ ჩატარებული პროცედურა, კერძოდ, დაადგინოს, ეროვნული სასამართლოები ჰააგის კონვენციის გამოყენებისა და განმარტების დროს, რამდენად იცავდნენ კონვენციის გარანტიებს, განსაკუთრებით მე-8 მუხლთან დაკავშირებულს. ევროპული და ჰააგის კონვენციის ჰარმონიული განმარტება შესაძლებელია, იმ შემთხვევაში, თუ ხდება ორ პირობაზე დაკვირვება. პირველ რიგში, ფაქტორები რომლებსაც შეუძლიათ დაუშვან გამონაკლისი ბავშვის დაუყოვნებლივ დაბრუნებასთან დაკავშირებით, აღნიშნული კონვენციების მე-12, მე-13 და მე-20 მუხლების გამოყენებით, კონკრეტულად იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი აღზრდილია სამართალწარმოების რომელიმე მხარის მიერ, აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული მოთხოვნის ადრესატი სასამართლოს მიერ. ამ სასამართლომ უნდა მიიღოს ამ საკითხზე საკმარისად დასაბუთებული გადაწყვეტილება, რათა საშუალება მისცეს ევროპულ სასამართლოს დაადგინოს, რომ ეს საკითხები ეფექტურად იქნა განხილული. მეორე მხრივ, აღნიშნული ფაქტორები უნდა შეფასდეს კონვენციის მე-8 მუხლის გათვალისწინებით და ამ მხრივ კონვენციის მე-8 მუხლი ადგილობრივ ხელისუფლებას აკისრებს კონკრეტულ პროცედურულ მოვალეობებს: როცა განიხილება საჩივარი ბავშვის დაბრუნების შესახებ, სასამართლომ არ უნდა განიხილოს მხოლოდ არგუმენტირებული მტკიცება ბავშვის დაუყოვნებლივ დაბრუნებასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით, არამედ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება შესაბამისი მიზეზების დასახელებით, გამომდინარე საქმის კონკრეტული გარემოებებიდან. ორივე შემთხვევა, პროტესტების არ გათვალისწინება დაბრუნებასთან დაკავშირებით, რომლებსაც შეუძლიათ დაკვალიფიცირდნენ ჰააგის კონვენციის მე-12, მე-13 და მე-20 მუხლების ფარგლებში და გადაწყვეტილების შედეგად არასაკმარისი დასაბუთებით ამ პროტესტების უარყოფა ეწინააღმდეგება კონვენციის მე-8 მუხლის მოთხოვნებს, ისევე, როგორც ჰააგის კონვენციის მიზანს და დანიშნულებას. აუცილებელია სათანადოდ გათვალისწინება იმ არგუმენტების, რომლებიც მოყვანილია ეროვნული სასამართლოების დასაბუთებაში, რომლებიც არაა ავტომატური და სტერეოტიპული, არამედ ჰააგის კონვენციის მიერ დაშვებული გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც უნდა განიმარტოს, არის საკმარისად დეტალური. ეს ასევე საშუალებას მისცემს სასამართლოს, რომლის მოვალეობა არაა ეროვნული სასამართლოების ადგილის დაკავება, განახორციელოს ევროპული ზედამხედველობა, რომელიც მასზე არის მინდობილი. დამატებით იმ პრინციპებისა, რომლებიც აღნიშნულია ზემოთ, სასამართლომ რამდენჯერმე განაცხადა, რომ ოჯახური ცხოვრების ეფექტურად დაცვა მოითხოვს, რომ მშობელსა და ბავშვს შორის მომავალი ურთიერთობა იყოს განსაზღვრული მნიშვნელოვანი განხილვის და არა უბრალოდ დროის გასვლის ფაქტორის საფუძველზე (იხ.Maumousseau and Washington v. France , no. 39388/05, § 73, 6 December 2007; Lipkowsky and McCormack v. Germany (dec.), no. 26755/10, 18 January 2011 დაDiamante and Pelliccioni v. San Marino, no. 32250/08, § 177, 27 September 2011)[ „გ.ს. საქართველოს წინააღმდეგ“, (საჩივარი N 2361/13)]“-შეად. სუსგ-ას N ას-967-916-2015, 25..02.2016წ.
35. რაც შეეხება კასატორი სხვა პრეტენზიებს (იხ. წინამდებარე განჩინების 15.1.3-15.1.6 ქვეპუნქტები), ისინი დაუსაბუთებელია. კერძოდ, კასატორის მტკიცებით, ქვემდგომი სასამართლოები უგულებელყოფენ იმას, რომ ბავშვი საქართველოს მოქალაქეა, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული არ წარმოადგენს იმ საფუძველს, რომელიც ბავშვის ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილას დაბრუნებას დააბრკოლებს. კასატორის მითითება დედის (მოსარჩელის) დაინტერესებაზე, თავისი ცხოვრების ტრანსფორმაცია მოახდინოს ბერტ ჰელინგერის მეთოდით, არ არის კავშირში განსახილველ დავასთან, როგორც ეს მართებულად აღნიშნა სააპელაციო სასამართლომ, რადგან უნდა დგინდებოდეს, რომ დედის ამგვარი დაინტერესება ბავშვისათვის საფრთხის შემცველია და ბავშვის დაბრუნება მას აუტანელ გარემოში ცხოვრებას უქადის. მოსარჩელის მიერ უფლების სასამართლოს გზით დაცვა კონსტიტუციით არის გარანტირებული და შეუძლებელია საკასაციო სასამართლოს კვლევის საგანი გახდეს, თუ რამდენად კეთილსინდისიერად იყენებს მოსარჩელე სასამართლოსადმი და სხვა უწყებებისადმი მიმართვის უფლებას რუსეთის ფედერაციაში. კასატორის მორიგი პრეტენზია, რომ სააპელაციო სასამართლომ ხელოვნურად მოაქცია საქმის განხილვა ერთწლიან ვადაში, მიყოლებით ჩაატარა პროცესები, დაზოგა საკუთარი რესურსი. რამაც მხარეს წაართვა პროცესუალური შესაძლებლობები, მაგ., მოწმე ჟ–ვას დაკითხვა, რომლის ნოტარიულად დამოწმებული განმარტება წარდგენილი იყო სასამართლოში, თუმცა, მტკიცებულება არ დაერთო საქმეს, 18 იანვრის სხდომა მოსარჩელის წარმომადგენელთა გარეშე ჩატარდა, რადგან მათ არ შეეძლოთ გამოცხადება და ამის თაობაზე 16 იანვრის სხდომაზე უთხრეს მოსამართლეს, 18 იანვარსვე გამოცხადდა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, ასევე დაუსაბუთებელია, რადგან ბავშვის საუკეთესო ინტერესებთან დაკავშირებული საქმის განხილვა ზოგადად პრიორიტეტულია საერთო სასამართლოებისათვის, ხოლო კონკრეტული განრიგის მიხედვით სასამართლო სხდომების დანიშვნა, სასამართლოს გადასაწყვეტია და მისი დამოუკიდებლობის შემადგენელი ნაწილია, რომელშიც ჩარევა დაუშვებელია. რაც შეეხება კონკრეტული მტკიცებულების დართვას/წარდგენას თუ სხვა საკითხებს, აღნიშნული საპროცესო კანონმდებლობით რეგულირდება და ამ მიმართებით დასაბუთებული საკასაციო შედავება არ არის წარმოდგენილი. სააპელაციო სასამართლოში სხდომის მოსარჩელის წარმომადგენელთა გარეშე ჩატარების თაობაზე არ არის წარმოდგენილი მოსარჩელის საკასაციო პრეტენზია, შესაბამისად, ამაზე მოპასუხის (კასატორის) შედავებას სასამართლო ვერ განიხილავს.
36. ზემოხსენებული მსჯელობისა და დასკვნების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების საპროცესოსამართლებრივი საფუძველი, რაც მისი დაუშვებლად ცნობისა და გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 407.1-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ.ნ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. დ.ნ–ძეს (პ/ნ .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 20.03.2024 წელს #21078793306 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% - 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: მ. ერემაძე
ზ. ძლიერიშვილი