Facebook Twitter

საქმე №ას-340-2024 16 მაისი, 2024 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,

თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ნ.ლ–ია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა, მესაკუთრედ ცნობა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით ნ.ლ–იას (შემდეგში: მოსარჩელე ან კასატორი) სარჩელი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან სააგენტო) წინააღმდეგ, საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობისა და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე, დაკმაყოფილდა; უმკვიდროდ იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივის ცნობა-დახასიათების მიხედვით ქ. თბილისში, ...... მდებარე ე.ს–ის სახელზე აღრიცხული საცხოვრებელი სადგომი, კერძოდ, ლიტერი „ა“, სართულების რაოდენობა: 1, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი - 42.12 კვ.მ.; ლიტერი „ვ“, სართულების რაოდენობა: 1, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი - 77.30 კვ.მ.; ლიტერი „დ-გ-ბ-კ-ვც“ (დამხმარე), უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი - 59.00 კვ.მ და მოსარჩელეს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცა.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათების თანახმად, ქ. თბილისში, ......... მდებარე საცხოვრებელი სადგომი, კერძოდ: ლიტერი „ა“, სართულების რაოდენობა: 1, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი - 42.12 კვ.მ.; ლიტერი „ვ“, სართულების რაოდენობა: 1, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი - 77.30 კვ.მ.; ლიტერი „დ-გ-ბ-კ-ვ“ (დამხმარე), უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი - 59.00 კვ.მ აღრიცხულია ე.ს–ის სახელზე (იხ. ცნობა-დახასიათება- ს.ფ. 27);

3.2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 28 ოქტომბრის №181645 წერილის მიხედვით, ქ. თბილისში, ....... მდებარე უძრავ ნივთზე ე.ს–ის საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის (იხ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 28 ოქტომბრის წერილი N 181645- ს.ფ. 28);

3.3. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 5 ივნისის №116311 წერილის მიხედვით, ტექნიკური აღრიცხვის არქივში წარდგენილია უძრავი ნივთის ტექნიკური აღრიცხვის ბარათი მისამართით: ქ. თბილისი, ........., რომლის სააღრიცხვო მასალაში ასევე ფიქსირდება მისამართი: .......... (იხ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 5 ივნისის წერილი N 116311- ს.ფ. 99);

3.4. მოსარჩელე სადავო მისამართზე - ქ. თბილისი, ......., რეგისტრირებულია - 1999 წლის 4 ნოემბრიდან (იხ. ს.ფ. 25-26);

3.5. სს „თ–ის“ მიერ გაცემული წერილის თანახმად, N0985410 სააბონენტო ბარათზე (მის: .....) 1996 წლის მდგომარეობით აბონენტად რეგისტრირებული იყო ს–ნი ე.პ. ძე, ხოლო 1996 წლამდე ინფორმაცია აბონირების შესახებ არ ინახება ხანდაზმულობის გამო. რაც შეეხება ლ–კის, წერილის გაცემის დროისათვის (10.10.2022წ.) ზემოაღნიშნულ მისამართზე რეგისტრირებულია აბონენტად, თუმცა რეგისტრაციის თარიღი უცნობია შესაბამისი დოკუმენტაციის სს „თ–ში“ არ არსებობის გამო(იხ. ს.ფ. 32);

3.6. აბონენტის ბრუნვის ისტორიით ლ–ის აბონენტად აღრიცხვა 1999 წლიდან დასტურდება (იხ. აბონენტის ბრუნვის ისტორია- ს.ფ.33-51);

3.7. ე.ს–ი 1995 წლის 25 ოქტომბერს გარდაიცვალა(იხ. გარდაცვალების მოწმობა- ს.ფ. 22);

3.8. სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ გაცემული ინფორმაციის თანახმად, ერთიან ელექტრონულ რეესტრში არ არის რეგისტრირებული ჩანაწერი 1995 წლის 25 ოქტომბერს გარდაცვლილი ე.პ. ძე ს–ნის სამკვიდრო ქონების თაობაზე. ასევე, ანდერძების ერთიან ელექტრონულ რეესტრში არ მოიძებნა ჩანაწერი ე.პ. ძე ს–ის სახელით შესრულებული ანდერძის თაობაზე (იხ. ინფორმაცია ანდერძების ერთიანი ელექტრონული რეესტრიდან- ს.ფ. 30).

4. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, დაკავებული საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობისა და საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ”+ საქართველოს კანონის (შემდეგში: სპეციალური კანონი) მე-9 მუხლის პირველი და მე-2 პუქტებით გათვალისწინებული დებულება: თუ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე გარდაცვლილი ან გარდაცვლილად გამოცხადებულია და არც კანონით მემკვიდრეები და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არცერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, მოსარგებლე უფლებამოსილია მოითხოვოს დაკავებული საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა (საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობის შესახებ სარჩელი). ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, უმკვიდროდ ცნობილი საცხოვრებელი სადგომი სასამართლო გადაწყვეტილებით მოსარგებლეს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა და საჯარო რეესტრში რეგისტრირდება.

5. ზემოაღნიშნული მოთხოვნა კი განხორციელებადია შემდეგი წინაპირობების არსებობისას: მოსარჩელე უნდა იყოს საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლე; მესაკუთრე უნდა იყოს გარდაცვლილი ან გარდაცვლილად გამოცხადებული; არც კანონით და არც ანდერძით მემეკვიდრეები არ უნდა არსებობდნენ.

6. საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა, რომ სპეციალური კანონით წესრიგდება არა ყველა ის ურთიერთობა, რაც უძრავი ნივთის თაობაზე დადებულ ფორმადაუცველ გარიგებასთანაა დაკავშირებული, არამედ მხოლოდ ისეთი, რომელიც მოითხოვს სპეციალურ მოწესრიგებას. მითითებული კანონის მოქმედების ფარგლებში სამოქალაქო ბრუნვის მონაწილენი ვალდებული იყვნენ, დაეცვათ უძრავ ქონებაზე საკუთრების წარმოშობის იმ დროს მოქმედი წესები, მაგრამ, ზოგიერთ შემთხვევებში, ამ წესების დარღვევა უკავშირდებოდა გარკვეულ ობიექტურ გარემოებებს, რაც დამახასიათებელი იყო იმ დროს მოქმედი სამართლებრივი სივრცისათვის, კერძოდ, სამოქალაქო უფლებათა განხორციელება იმ დროს ბევრად იყო დამოკიდებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივ დანაწესებზე, რაც ხელს უშლიდა თავისუფალი სამოქალაქო ბრუნვის დამკვიდრებას. ასეთ ვითარებაში ხშირად მხარეთა ურთიერთობა არ სცილდებოდა მათი ფაქტობრივი ქონებრივი ურთიერთობის ფარგლებს. საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ განსაკუთრებული მოწესრიგება უკავშირდება უშუალოდ ამ ურთიერთობების სპეციფიკას, კერძოდ, ურთიერთობებს, რომლებიც არსებობდა ზემოაღნიშნულ პერიოდში ფაქტის სახით, სპეციალურმა კანონმა მიანიჭა იურიდიული მნიშვნელობა და დაუკავშირა მას კონკრეტული სამართლებრივი შედეგები.

7. სპეციალური კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოსარგებლე არის პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის კეთილსინდისიერად, ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან პირი - რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. სპეციალური კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგება უნდა დასტურდებოდეს შემდეგი გარემოებით/გარემოებებით: სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია, კომუნალური გადასახადების გადახდა ან/და მესაკუთრისათვის გარკვეული საფასურის გადახდა.

8. სპეციალური კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად მოსარგებლე არის პირი, რომელიც კანონის მიღების მომენტისთვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო ფორმის დაცვის გარეშე დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ან მფლობელობის უფლება მიღებული აქვს საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით, ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით; მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად გარიგება საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ უნდა დასტურდებოდეს შემდეგი გარემოებებით: სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია და კომუნალური გადასახადების გადახდა ან/და მესაკუთრისთვის გარკვეული ოდენობის საფასურის გადახდა; მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე გარდაცვლილი ან გარდაცვლილად გამოცხადებულია და არც კანონით მემკვიდრეები და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არცერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, მოსარგებლე უფლებამოსილია მოითხოვოს დაკავებული საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა (საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობის შესახებ სარჩელი) და, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად უმკვიდროდ ცნობილი საცხოვრებელი სადგომი სასამართლო გადაწყვეტილებით მოსარგებლეს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა და საჯარო რეესტრში რეგისტრირდება.

9. მითითებული საკანონმდებლო მოწესრიგების ფარგლებში სპეციალური კანონის ნორმატიული დანაწესიდან ერთმნიშვნელოვნად გამომდინარეობს, რომ ამ კანონის შესატყვისად საკუთრების უფლების წარმოშობის ალტერნატიული საფუძვლებია: უძრავ ქონებაზე ფორმის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება; საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის დათმობის გარიგება, რომელიც, თავის მხრივ, უნდა დადასტურდეს საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაციითა და კომუნალური გადასახადების გადახდით, ან/და მესაკუთრისთვის გარკვეული საფასურის გადახდით; ადმინისტრაციული აქტით. დასახელებულ რომელიმე წინაპირობასთან თანმხვედრად, საცხოვრებელ სადგომზე, როგორც უმკვიდრო ქონებაზე, საკუთრების უფლების წარმოშობისთვის აუცილებელია გამოირკვეს, რომ შესაბამისი საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე გარდაცვლილია და მამკვიდრებელს არ ჰყავს მემკვიდრე, რომელმაც სამკვიდრო მიიღო.

10. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტის (მოპასუხის) პრეტენზია და განმარტა, რომ საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის დათმობის გარიგებაზე მითითებით საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების მოპოვებისათვის კანონმა იმპერატიულად განსაზღვრა ორი წინაპირობის: საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაციისა და კომუნალური გადასახადების გადახდის დადასტურების აუცილებლობა, ანუ სასამართლოს მიერ პირისათვის შესაბამისი საფუძვლით მოსარგებლის სტატუსის მინიჭება მხოლოდ კანონის მითითებული წინაპირობების დაკმაყოფილებით/შესრულებით მიიღწევა.

11. სააპელაციო სასამართლომ მოიხმო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა, რომლის თანახმად, სპეციალური კანონის მიზნებისათვის მოსარგებლედ მიიჩნევა მხოლოდ ის პირი, რომელსაც მესაკუთრემ „დაუთმო“ საცხოვრებელი სადგომი. ამასთან, ამგვარი „დათმობა“ უნდა დასტურდებოდეს ან წერილობითი ფორმით დადებული გარიგებით ან ისეთი ფაქტობრივი გარემოებებით, რომლებიც სარწმუნოდ მიუთითებს საცხოვრებელი სადგომის დათმობაზე. სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია, კომუნალური გადასახადების გადახდა, მესაკუთრისათვის გარკვეული საფასურის გადახდა წარმოადგენს იმ ფაქტებს, რომლითაც უნდა დასტურდებოდეს საცხოვრებელი სადგომის დათმობის ფაქტი. ამასთან, დანაწესი იმპერატიული შინაარსისაა და ადგენს, რომ რეგისტრაცია და კომუნალური გადასახადების გადახდის ფაქტი ერთად უნდა არსებობდეს, რათა სასამართლომ საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგება დაადგინოს (იხ. სუსგ-ები: N ას-347-332-2016, 30.06.2016 წ.; N ას-772-733-2013, 27.01.2014 წ.; N ას-695-651-2010, 10.03.2011 წ.).

12. სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლივად შეფასების შედეგად მიიჩნია, რომ არ დასტურდება მოსარჩელის სადავო მისამართზე 1997 წლის მდგომარეობით რეგისტრაციის ფაქტი. კერძოდ, სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საინფორმაციო ბარათით დგინდება, რომ მოსარჩელე სადავო მისამართზე (ქ. თბილისი, ........) რეგისტრირებულია 1999 წლის 4 ნოემბრიდან, ხოლო აბონენტის ბრუნვის ძველი ისტორიის შესაბამისად, ლ–კი აბონენტად მითითებულია 1999 წლის 18 ოქტომბრის თარიღიდან (იხ. ს.ფ. 51). რაც შეეხება, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ საბინაო წიგნის ჩანაწერს (იხ. ს.ფ. 54), აღნიშნული დოკუმენტი მოპასუხემ სადავოდ გახადა და მიუთითა, რომ ბინაზე რეგისტრაციის წელი სათანადოდ არ იკითხება, რაც შეეხება თარიღს - 04 ნოემბერი, ემთხვევა საინფორმაციო ბარათში აღნიშნულ რეგისტრაციის თვეს და რიცხვს, სადაც რეგისტრაციის წელია - 1999. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც არ დასტურდება, სადავო საცხოვრებელ მისამართზე არც რეგისტრაცია და არც კომუნალური გადასახადების გადახდის ფაქტი 1997 წლის მდგომარეობით, არამედ აღნიშნული რეგისტრაციის ფაქტი და აბონენტის ბრუნვის ისტორია დადასტურებულია 1999 წლიდან, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მხოლოდ საბინაო წიგნის ჩანაწერი, ბინაში 1990 წელს ჩაწერის შესახებ, ვერ გახდება მითითებული სადავო ფაქტობრივი გარემოების დადასტურებულად მიჩნევის საფუძველი. რაც შეეხება, მოსარჩელის მითითებას მოწმის ჩვენებაზე, აღნიშნული ვერ გააქარწყლებს საქმის მასალებში წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებებს, ამასთან, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოწმის ჩვენების გაზიარების შემთხვევაშიც, თუკი მიჩნეული იქნებოდა, რომ მოსარჩელე სადავო მისამართზე ცხოვრობდა 1996 წლის მდგომარეობით, აღნიშნული არ ადასტურებს, რომ ის წარმოადგენს სპეციალური კანონით გათვალისწინებულ მოსარგებლეს და არა, მაგალითად, დამქირავებელს.

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.

14. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობას, ე.ი. აღიარებას ითხოვს. ეს ნიშნავს, რომ ამ ნაწილში, მას აღძრული აქვს აღიარებითი სარჩელი, რომლის იურიდიული ინტერესი უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მოპოვებაა. შესაბამისად, აღიარებითი სარჩელის წარმატების წინაპირობა მიკუთვნებითი მოთხოვნის დაკმაყოფილებაა. მესაკუთრედ ცნობის თაობაზე მოთხოვნის უსაფუძვლობის პირობებში კი (არ დადასტურდა მოსარჩელის მოსარგებლედ მიჩნევის ფაქტი), საფუძველი გამოეცალა საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობის მოთხოვნასაც.

15. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

15.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაცო საჩივრით გაასაჩივრა აპელანტმა (მოსარჩელემ) მისი გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

15.2. კასატორის განმარტებით, იგი სპეციალური კანონით განსაზღვრული მოსარგებლეა, 1990 წლიდან ფლობს სადავო საცხოვრებელ სახლს, საქმის განხილვის დროსაც სადავო სახლში ცხოვრობს, რაც დასტურდება საბინაო წიგნის ჩანაწერითა და კომუნალური გადასახადების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტებით;

15.3. კასატორი აღნიშნავს, რომ მოწმემ, რომელიც მოსარჩელის მეზობელია, მოსარჩელის მიერ სადავო ქონების ფაქტობრივი დაუფლება დაადასტურა;

15.4. კასატორის წარმომადგენლის განმარტებით, სარჩელის უარყოფის შემთხვევაში მოსარჩელე ერთადერთი საცხოვრებლის გარეშე დარჩება, რითაც მისი კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები შეილახება.

15.5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 21 მარტის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

16. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

19. განსახილველ შემთხვევაში, კასატორის ძირითადი პრეტენზია ისაა, რომ დასტურდება მისი, როგორც სპეციალური კანონით გათვალისწინებული მამკვიდრებლის მოსარგებლედ მიჩნევის ფაქტი, რაც მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია.

20. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიას და სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს სადავო საკითხებთან მიმართებით (იხ. წინამდებარე განჩინების 4-14 პუნქტებში ასახული მსჯელობა), რომელიც სავსებით შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას მოცემული კატეგორიის საქმეებზე (იხ. სუსგ-ები: Nას-1193-1138-2013, 31.03.2015 წ; N ას-1115-1072-2016, 17.02.2017წ; N ას-111-104-2017, 28.07.2017 წ; N ას-781-781-2018, 25.09.2018წ; N ას-1207-1127-2017, 19.09.2018წ; N ას-137-2019, 06.05.2019წ; N ას-1931-2018, 26.03.2019წ; N ას-1293-2018, 01.03.2019წ; N ას-1763-2019, 21.02.2020წ; N ას-761-2020, 8.04.2021წ; N ას-1439-2020, 22.04.2021წ; N ას-318-2021, 5.04.2022წ; N ას-282-2021, 5.07.2022წ; N ას-958-2022, 30.09.2022წ; Nჟ ას-795-2-21, 22.11.2022წ; N ას-1017-2023-13.10.2023წ.).

21. სპეციალური კანონიდან გამომდინარე, პირისათვის საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლის სტატუსის მინიჭების ცნობის თაობაზე არსებობს მყარი სასამართლო პრაქტიკა, კერძოდ, სპეციალური კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1997 წლის 25 ნოემბრამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს (სპეციალური კანონით 5601-IIს {მიღებულია 24/06/2016, ვებ გვერდზე გამოქვეყნდა 18/07/2016} ძალადაკარგულად გამოცხადდა “ საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს 1998 წლის 25 ივნისის კანონი {პარლამენტის უწყებანი, №25-26, 15.07.1998, გვ. 11}).

22. სპეციალური კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინში ,,მოსარგებლედ“ მოიაზრება პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობდა საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან პირი, რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ხოლო განსახილველი ნორმის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, ტერმინი „რეგისტრაცია“ განიმარტება, როგორც „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 27 ივნისის კანონის ამოქმედებამდე არსებული წესით რეგისტრაცია (ჩაწერა) საცხოვრებელ ფართობში. დასახელებული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები თანაბრად ვრცელდება მესაკუთრესა და მოსარგებლეზე, აგრეთვე - მათ უფლებამონაცვლეებზე.

23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სპეციალური კანონი ადგენს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1997 წლის 25 ნოემბრამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს. მოცემული კანონის მიზანია ისეთი ფაქტობრივი ურთიერთობების მოწესრიგება, რომელთაც არ ითვალისწინებს არც საქართველოს მოქმედი სამოქალაქო კოდექსი და ისინი არც საბჭოთა სამოქალაქო კანონმდებლობით იყო სათანადოდ მოწესრიგებული. ეს ურთიერთობები ათეულობით წლების განმავლობაში ყალიბდებოდა მოქალაქეთა შორის მოწესრიგებული სამოქალაქო ურთიერთობების გვერდით. მათ ფართოდ დამკვიდრებას ხელს უწყობდა არა მარტო საბჭოთა სამართლებრივი სისტემის ნაკლოვანებანი, არამედ - სხვა სუბიექტური თუ ობიექტური გარემოებანი. სამოქალაქო უფლებათა განხორციელება კანონში მითითებულ პერიოდში ბევრად იყო დამოკიდებული ადმინისტრაციულ- სამართლებრივ დანაწესებზე, რაც ხელს უშლიდა თავისუფალი სამოქალაქო ბრუნვის დამკვიდრებას. ასეთ ვითარებაში მხარეები ფაქტობრივად იძულებული იყვნენ, ურთიერთობები დაემყარებინათ კანონის მიღმა. მითითებულიდან გამომდინარე, „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონმა მათ მიანიჭა იურიდიული მნიშვნელობა და დაუკავშირა მას კონკრეტული სამართლებრივი შედეგი - ე.ი. აღნიშნული გარიგებების საგანი აღიარებულ იქნა სამოქალაქო ბრუნვის ობიექტად. თავის მხრივ, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სამოქალაქო ბრუნვის ობიექტად მიიჩნევა არა მხოლოდ ნივთები, არამედ არამატერიალური ობიექტები - უფლებები და მოთხოვნები, შესაბამისად, ამ კანონით მოსარგებლის სტატუსიდან გამომდინარე უფლება შესაძლოა განკარგული იქნეს ან/და გადავიდეს მემკვიდრეზე (შეად. სუსგ-ებს: N ას-958-2022, 30.09.2022წ; N ას- 1017-2023, 13.10.2023წ.).

24. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წანამძღვარი და ისინი სამართლებრივად სწორად შეაფასა.

25. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს; საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

26. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელე სადავო ფართში რეგისტრირებულია 1999 წლის 4 ნოემბრიდან. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ საბინაო წიგნის ჩანაწერთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ მხოლოდ ჩანაწერი ბინაში 1990 წელს ჩაწერის შესახებ ვერ გახდება სადავო ფაქტობრივი გარემოების დადასტურებულად მიჩნევის საფუძველი. ასევე გასაზიარებელია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა მარტოოდენ მოწმის ჩვენების გაუზიარებლობის თაობაზე, რადგან ის ვერ გადაწონის წერილობით მტკიცებულებებს, რომლებიც საქმის მასალებშია წარმოდგენილი და არ ადასტურებს სპეციალური კანონით დადგენილ იმ ფაქტობრვი გარემოებებს, რომელთა საფუძველზეც მოსარჩელე (კასატორი) სადავო საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლედ შეიძლება იქნეს მიჩნეული. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ საქმეში მოთავსებულ მტკიცებულებათა ერთობლივად შეფასება მოსარჩელისათვის მოსარგებლის სტატუსის მინიჭებას გამორიცხავს. რაც შეეხება, აბონენტის ბრუნვის ისტორიას ლ–კი აბონენტად მითითებულია 1999 წლის 18 ოქტომბრიდან, რაც სპეციალური კანონით განსაზღვრული პერიოდის (იხ. წინამდებარე განჩინების 21 -ე პუნქტი) მიღმაა და კანონის მოთხოვნას არ აკმაყოფილებს.

27. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მისცა მათ, სწორად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებთა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო მოსარჩელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

29. კასატორი, კანონის საფუძველზე, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 407.1-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.ლ–იას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: მ. ერემაძე

თ. ზამბახიძე