Facebook Twitter

საქმე №ა-2431-შ-60-2024 18 ივნისი, 2024 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი;

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი –ნ.მ–ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – ნიუ-იორკის ქალაქის კლერკის კანცელარიის ქორწინების რეგისტრაციის ბიუროს მიერ გაცემული ქორწინების მოწმობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 მაისის განჩინებით ნ.მ–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნა აშშ-ის რაიონული სასამართლოს, ნიუ-იორკის აღმოსავლეთის რაიონული სასამართლოს ინსტანციის 2009 წლის 29 მაისის პეტიცია, რომლითაც პირის სახელი ნ.ქ–ი შეიცვალა და იწოდება, როგორც ნინა მამატის.

2. 2024 წლის 30 მაისს ნ.მ–ის წარმომადგენელმა ნ.კ–ძემ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ითხოვა ნიუ-იორკის ქალაქის კლერკის კანცელარიის ქორწინების რეგისტრაციის ბიუროს მიერ გაცემული ქორწინების მოწმობის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა. განმცხადებლის განმარტებით, ქორწინების მოწმობა წარმოდგენილი იყო 2024 წლის 2 მაისის შუამდგომლობასთან ერთად, რომელი შუამდგომლობის საფუძველზეც აშშ-ის რაიონული სასამართლოს, ნიუ-იორკის აღმოსავლეთის რაიონული სასამართლოს ინსტანციის 2009 წლის 29 მაისის პეტიციის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა მოხდა, ხოლო ქორწინების მოწმობის ცნობაზე არ უმსჯელია სასამართლოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ განცხადებას და დაასკვნა, რომ ნ.მ–ის შუამდგომლობა ნიუ-იორკის ქალაქის კლერკის კანცელარიის ქორწინების რეგისტრაციის ბიუროს მიერ გაცემული ქორწინების მოწმობის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

3. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის (შემდეგში: სპეციალური კანონი) 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს.

4. სპეციალური კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. სპეციალური კანონის 71-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, შუამდგომლობას აღსრულებისათვის თან უნდა დაერთოს სასამართლო გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი და დამოწმებული ქართული თარგმანი, აგრეთვე ცნობა გადაწყვეტილების ძალაში შესვლისა და მისი აღსრულების აუცილებლობის შესახებ, თუ ეს შუამდგომლობის ტექსტიდან არ გამომდინარეობს. სპეციალური კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია, რომ სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას.

5. განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილია ნიუ-იორკის ქალაქის კლერკის კანცელარიის ქორწინების რეგისტრაციის ბიუროს მიერ გაცემული ქორწინების მოწმობა, რომლითაც დასტურდება ქორწინების რეგისტრაცია. აღნიშნული დოკუმენტი დამოწმებულია აპოსტილით და წარდგენილია სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში და, განსხვავებით აშშ-ის რაიონული სასამართლოს, ნიუ-იორკის აღმოსავლეთის რაიონული სასამართლოს ინსტანციის 2009 წლის 29 მაისის პეტიციისგან, სამოქალაქო რეესტრის სამსახურს ნ.მ–ისათვის არ მოუთხოვია ქორწინების მოწმობის უზენაესი სასამართლოს მიერ ცნობა. გარდა ამისა, ქორწინების მოწმობის ცნობის შესაძლებლობას სპეციალური კანონი არ ითვალისწინებს, მისი აპოსტილით დადასტურება საკმარისია საქართველოს ტერიტორიაზე ძალმოსილ დოკუმენტად მისაჩნევად, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას არ განეკუთვნება.

6. მოცემულ შემთხვევაში შუამდგომლობის ავტორი ითხოვს ნიუ-იორკის ქალაქის კლერკის კანცელარიის ქორწინების რეგისტრაციის ბიუროს მიერ გაცემული ქორწინების მოწმობის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას.

7. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2024 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით, ნ.მ–ს განცხადებაზე ხარვეზი იმის გამო დაუდგინდა, რომ აშშ-ის რაიონული სასამართლოს, ნიუ-იორკის აღმოსავლეთის რაიონული სასამართლოს ინსტანციის 2009 წლის 29 მაისის პეტიცია (უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება) არ იყო საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილი და არა იმის გამო, რომ ნიუ-იორკის ქალაქის კლერკის კანცელარიის ქორწინების რეგისტრაციის ბიუროს მიერ გაცემული ქორწინების მოწმობის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა უნდა მომხდარიყო. შუამდგომლობის განხილვის პროცესში უნდა დადგინდეს, დაცულია თუ არა ამ კანონის 68-ე მუხლით გათვალისწინებული პირობები საქართველოს ტერიტორიაზე საცნობ უცხო ქვეყნის სასამართლო აქტთან მიმართებით. თავის მხრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საპროცესო საკითხები განიხილება სწორედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს, ხოლო კოდექსის 372-ე მუხლი ადგენს, რომ საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლო საქმის განხილვის ამა თუ იმ ეტაპზე უფლებამოსილია, იხელმძღვანელოს ქვემდგომ ინსტანციებში დადგენილი საქმის განხილვის მარეგულირებელი ყველა იმ ნორმით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვის მარეგულირებელ წესებს.

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ.მ–ის შუამდგომლობა ნიუ-იორკის ქალაქის კლერკის კანცელარიის ქორწინების რეგისტრაციის ბიუროს მიერ გაცემული ქორწინების მოწმობის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად.

10.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის მე-2, 68-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.მ–ის შუამდგომლობა, ნიუ-იორკის ქალაქის კლერკის კანცელარიის ქორწინების რეგისტრაციის ბიუროს მიერ გაცემული ქორწინების მოწმობის, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

მ. ერემაძე