საქმე № ას-285-2024 5 ივნისი, 2024 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიცია (მოსარჩელე, აპელანტი)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,ო -მა ფ–ე’’ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 21 დეკემბრის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის არსებითი განხილვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. შპს ,,ო-მა ფ–ეს’’ (შემდეგში: მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე, მოვალე) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციას (შემდეგში: მოსარჩელე, აპელატი, კასატორი, კრედიტორი, დამკვეთი) შორის 2021 წლის 16 აპრილს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N15/3-146 ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, შემსყიდველს წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიცია, ხოლო მიმწოდებელს - შპს ,,ო-მა ფ–ე’’. ხელშეკრულების მე-2 პუნქტის მიხედვით, შესყიდვის ობიექტია ხელშეკრულების დანართი N1-ით განსაზღვრული ავეჯი. მე-3 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების ღირებულებაა 37710 ლარი. მე-4 პუნქტის მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებულია განახორციელოს უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო შესყიდვის ობიექტის მიწოდება მოქმედი ყველა საჭირო ნორმების, სტანდარტების, წესებისა და მოთხოვნების დაცვით, დანართი N1-ით განსაზღვრული ვადების შესაბამისად. 10.3 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის, მათ შორის ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისთვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისთვის მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,25%-ის ოდენობით. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2022 წლის 30 იანვრის ჩათვლით.
2. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N15/3-146 ხელშეკრულებით საქონლის მიწოდების ბოლო ვადა იყო 2021 წლის 19 მაისი. შემსყიდველს მიმწოდებელმა საქონელი მიაწოდა 63 დღიანი ვადაგადაცილებით.
3. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N15/3-146 ხელშეკრულების პირობების დარღვევის - ვადაგადაცილებით საქონლის მიწოდების გამო, შემსყიდველმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ მიმწოდებელს - შპს ,,ო-მა ფ–ეს’’ დააკისრა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0.25%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (37710-ის 0.25%*X63=5939,33) დაკისრებული პირგასამტეხლო მოპასუხეს არ გადაუხდია.
4. სასარჩელო მოთხოვნა და საფუძვლები
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ მოპასუხე შპს ,,ო-მა ფ–ეს’’ მიმართ და მოითხოვა მოპასუხე შპს ,,ო-მა ფ–ეს’’ მოსარჩელე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით 5939,33 ლარის გადახდა.
5. მოპასუხის შესაგებელი
მოპასუხე არ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას. წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლოს სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მიწოდების ვადაგადაცილების დღეების რაოდენობას ეთანხმება, თუმცა, მიაჩნია, რომ დაკისრებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და იგი უნდა შემცირდეს და ნაცვლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული 0,25%-ისა, უნდა განისაზღვროს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,02%-ით.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სარჩელი მოპასუხე შპს ,,ო-მა ფ–ე’’ (საიდენტიფიკაციო N422738201) მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე. მოპასუხე შპს ,,ო-მა ფ–ეს’’ მოსარჩელე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სასარგებლოდ დაეკისრა 2021 წლის 16 აპრილის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N15/3-146 ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს სახით 475,15 ლარის გადახდა;
7. მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასააჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ, რომელმაც გადაწყვეტილების ნაწილობრივი გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
9. მოსარჩელის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა
9.1. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. კასატორის მტკიცებით, მოპასუხე მეწარმე სუბიექტრია, რომელსაც აქვს მტკიცების მაღალი ტვირთი დაასაბუთოს პირგასამტეხლოს შეუსაბამობა, რაც ვერ განახორციელა, ამიტომ სასამრთლო ვალდებული იყო სრულად დაეკმაყოფილებინა სარჩელი.
9.2. ხელშეკრულების თანახმად, ვადის გადაცილების შემთხვევაში, თუ ეს ეხება საქონლის ვადაგადაცილებით მიწოდებას, შემსყიდველი უფლებამოსილია დააკისროს მიმწოდებელს საქონლის ღირებულების 0.25% როგორც პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
9.3. დადგენილია, რომ მოპასუხემ ვალდებულება არაჯეროვნად შეასრულა, რაც გამოიხატა პროდუქციის ვადის დარღვევით მიწოდებაში, რამაც მოსარჩელეს წარმოუშვა პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება. ვალდებულების დარღვევა გამოიხატა 37 710 ლარის პროდუციის 63 დღის ვადაგადაცილებით მიწოდებაში, ისე, რომ არც ერთი ინდივიდუალური (პარტიებით) მიწოდება განხორციელებულა თავის ვადაში, თუმცა, სააპელაციო პალატამ მაინც მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს შემცირება მართლზომიერი იყო, რაც კასატორის პრეტენზიით, დაუსაბუთებელია.
10. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
10.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 11 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
10.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 მისის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი.
10.3.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
11. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვის გზით შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო 22.1. სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
13. სსკ-ის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან, 361-ე მუხლის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, 629-ე მუხლის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს ვალდებულებას შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
14. სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. მოვალის მიერ ვადის გადაცილებისას კრედიტორს შეუძლია დაუნიშნოს მოვალეს ვალდებულების შესრულებისათვის აუცილებელი დრო. მითითებული ნორმით დადგენილი წესი ასევე, გამორიცხავს, ვალდებულების დარღვევისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობასაც. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.
15. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...; პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (შდრ. იხ. სუსგ: №ას-1373-2018, 17.01.2019; № ას 848-814-2016, 28.12.2016; №ას-816-767-2015, 19.11.2015; №ას-953-918-2016, 22.11.2016).
16. „პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან... პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა“ (შდრ. იხ. სუსგ №ას-176-157-2014).
17. „მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და რაც მთავარია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, და ა.შ. (იხ.სუსგ-ები: Nას-708-678-2016, 27.01.2017; №ას-1199-1127-2015, 13.04.2016; №ას-222-209-2015, 6.05.2015).
18. ამრიგად, კანონმდებლის მიერ ხელშეკრულების მხარეთათვის პირგასამტეხლოს თავისუფლად განსაზღვრის უფლების მინიჭება იმას არ ნიშნავს, რომ ეს თავისუფლება ხელშეუხებელია. მოვალის სათანადო კვალიფიკაციის შესაგებლის არსებობისას, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს გონივრულობა და საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამ მიზანს ემსახურება სსკ-ის 420-ე მუხლი, რომლის საფუძველზეც, სასამართლოს უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში, საქმის გარემოებების სრულყოფილი ანალიზის შედეგად უნდა გადაწყდეს.
19. პალატა მიუთითებს, რომ ვალდებულების ნაწილის შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებების და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (იხ. სუსგ: Nას-971-2019, 28.10.2019; Nას-581-2019, 31.07.2019; Nას-164-160-2016, 28.07.2016; სუსგ: ას-1160-2021).
20. განსახილველ შემთხვევაში, მთავარ სადავო სამართლებრივ საკითხს წამოადგენს ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო შესაბამისი ოდენობის პირგასამტეხლოს დაკისრების მართლზომიერება.
21. როგორც დადგენილია, ხელშეკრულების ფასი განისაზღვრა 37 710 ლარით, თუმცა, მოპასუხე მხარე ნაწილ-ნაწილ ვალდებულების შესრულებას ახორციელებდა ვადის დაგვიანებით, რამაც შეადგინა 63 დღე. მართალია, პირგასამტეხლოს ოდენობა ხელშეკრულებით განისაზღვრა ვადაგადაცილებულ დღეზე 0.25%-ის ოდენობით, თუმცა მოპასუხე ვალდებული იყო წარმოედგინა კვალიფიციური შედავება იმისათვის, რომ სასამართლოს შეძლებოდა პირგასამტეხლოს ღირებულების შეუსაბამობაზე მსჯელობა. ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა, მართალია, მიიჩნიეს, რომ სახეზე იყო პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი ოდენობა, თუმცა საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოპასუხის დასაბუთება არასაკმარისია იმისათვის, რომ 0.02%-მდე მოხდეს პირგასამტეხლოს შემცირება, თანაც იმ ვითარებაში, როდესაც მოპასუხე საკუთარი ვალდებულების ნაწილ-ნაწილ შესრულებისას არღვევდა ვადებს.
22. ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა დაადგინეს, რომ მოპასუხე 37 710 ლარის ღირებულების ვალდებულებებს პერმანენტულად ვადის დარღვევით ახორციელებდა (რაც, თავის მხრივ, ზრდის პასუხისგების ხარისხს), არის იურიდიული პირი და მეტი წინდახედულობისა და ვალდებულების შესრულების მეტი ბერკეტი აქვს ფიზიკურ პირთან შედარებით, აქედან გამომდინარე, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა უნდა მოხდეს აღნიშნულ (და ასევე, ზემოთ მითითებულ) გარემოებათა ურთიერთშეჯერებით, რის საფუძველზეც, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს გონივრული ოდენობის განსაზღვრა ვერ ჩაითვლება შესაბამისად, თუ ის ვერ მიაღწევს თავს ფუნქციურ მიზანს, ასეთ დროს, მან შესაძლოა დაკარგოს კიდეც თავისი ინსტიტუციური მნიშვნელობა, თუკი მოვალესთვის უმჯობესი იქნება ვალდებულება ვადაგადაცილებით შეასრულოს და გადაიხადოს მცირე პირგასამტეხლო, ვიდრე დროულად შეასრულოს და ამაში დამატებითი ხარჯი გასწიოს, ასეთი სახის დაშვების გამართლება კერძოსამართლებრივ ურთიერთობებს რისკისშემცველს გახდიდა, ამიტომ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს სახით მოპასუხეს უნდა დაეკისროს 2969.6 ლარის გადახდა.
23. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ამგვარი საფუძვლები და არ არის საჭირო მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, საკასაციო პალატა უფლებამოსილია თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება.
24. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 21 დეკემბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შპს ,,ო-მა ფ–ეს“ (ს.კ. .....) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სასარგებლოდ დაეკისროს 2021 წლის 16 აპრილის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N15/3-146 ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს სახით 2 969.6 ლარის გადახდა;
4. შპს ,,ო-მა ფ–ეს“ (ს.კ. ......) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სამივე ინსტანციის სასამართლოში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის - 356,3 ლარის გადახდა;
5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე