№ას-108-2024
23 მაისი, 2024 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), ლაშა ქოჩიაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ლ.ჩ–ძე (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ.გ–ია (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინებები – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 სექტემბრის საოქმო განჩინება და ამავე სასამართლოს 2023 წლის 12 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – საზიარო უფლების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თ.გ–იამ (შემდეგში - მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა მცხეთის რაიონულ სასამართლოში ლ.ჩ–ძის მიმართ (შემდეგში - მოპასუხე, შეგებებული სარჩელის მოსარჩელე, კასატორი) შემდეგი სასარჩელო მოთხოვნებით:
1.1.გაუქმდეს საზიარო უფლება ქონების რეალიზაციის გზით უძრავ ქონებაზე, რომლის რეკვიზიტებია: მცხეთის მუნიციპალიტეტი, საგურამოს ადმინისტრაციული ერთეული, ბლოკი 054, ნაკვეთი 058; საკადასტრო კოდი .......; დაზუსტებული ფართობი: 1000 კვ.მ; შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი №1 და რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა განაწილდეს მოსარჩელე თ.გ–იასა და მოპასუხე ლ.ჩ–ძეს შორის მათი წილების პროპორციულად;
1.2.გაუქმდეს საზიარო უფლება ქონების რეალიზაციის გზით უძრავ ქონებაზე, რომლის რეკვიზიტებია: მცხეთის მუნიციპალიტეტი, საგურამოს ადმინისტრაციული ერთეული, ბლოკი 054, ნაკვეთი 059; დაზუსტებული ფართობი: 1500 კვ.მ; შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი №1, შენობა №2, მშენებარე შენობა №3, საკადასტრო კოდი: ....... და რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა განაწილდეს მოსარჩელე თ.გ–იასა და მოპასუხე ლ.ჩ–ძეს შორის მათი წილების პროპორციულად;
1.3.მოპასუხე მხარეს დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 120 ლარი და ექსპერტიზისთვის გაწეული ხარჯი - 129 ლარი (პირველი სასარჩელო მოთხოვნის საპროცესო ხარჯები). მოპასუხე მხარეს დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 120 ლარი და ექსპერტიზისთვის გაწეული ხარჯი - 736 ლარი (მეორე სასარჩელო მოთხოვნის საპროცესო ხარჯები).
2. მოპასუხე ლ.ჩ–ძემ ძირითად სარჩელთან დაკავშირებით წარმოდგენილი შესაგებლით, სარჩელი არ ცნო.
3. მოპასუხე ლ.ჩ–ძემ თ.გ–იას წინააღმდეგ შეგებებული სარჩელი წარადგინა შემდეგი სასარჩელო მოთხოვნებით:
3.1. გაუქმდეს ლ.ჩ–ძის და თ.გ–იას შორის საზიარო უფლება უძრავ ქონებაზე მდებარე: მცხეთის მუნიციპალიტეტი, საგურამოს ადმინისტრაციული ერთეული, ბლოკი 054, ნაკვეთი 058, ს/კ: ........, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2022 წლის 07 მარტის №001356722 საექსპერტო დასკვნის მიხედვით და ლ.ჩ–ძეს მიეკუთვნოს აღნიშნული უძრავი ქონების ლურჯ ფერად მონიშნული ნაწილი კერძოდ, მიწის ნაკვეთიდან 1000 კვ.მ-დან მიეკუთვნოს დანართ 3-ზე ლურჯი ფერით მონიშნული 500 კვ.მ მიწის ნაკვეთის ფართობი;
3.2. გაუქმდეს ლ.ჩ–ძეს და თ.გ–იას შორის საზიარო უფლება უძრავ ქონებაზე, მდებარე: მცხეთის მუნიციპალიტეტი, საგურამოს ადმინისტრაციული ერთეული, ბლოკი 054, ნაკვეთი 059, ს/კ:ბ ........, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2022 წლის 07 მარტის №001356822 საექსპერტო დასკვნის 1-ლი ვარიანტის მიხედვით და ლ.ჩ–ძეს მიეკუთვნოს აღნიშნული უძრავი ქონების ლურჯ ფერად მონიშნული ნაწილი, კერძოდ, შენობა-ნაგებობიდან 513.68 კვ.მ - დან მიეკუთვნოს დანართ 5-ზე და 6-ზე ლურჯი ფერით აღნიშნული 256.84 კვ.მ ფართი, ხოლო განაშენიანებისაგან თავისუფალი 1126 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან მიეკუთვნოს დანართ 7-ზე და 8-ზე ლურჯი ფერით აღნიშნული 563 კვ.მ მიწის ნაკვეთის ფართი.
4. შეგებებული სარჩელით მოპასუხემ - თ.გ–იამ ლ.ჩ–ძის შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
5. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, თ.გ–იას სარჩელი დაკმაყოფილდა; გაუქმდა საზიარო უფლება უძრავ ნივთზე, მდებარე: მცხეთის მუნიციპალიტეტი, საგურამოს ადმინისტრაციული ერთეული, ბლოკი 054, ნაკვეთი 058; საკადასტრო კოდი ......; დაზუსტებული ფართობი: 1000 კვ.მ; შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი №1 - მისი აუქციონის წესით რეალიზაციის გზით და დადგინდა, რომ ამონაგები თანხა მხარეებს შორის განაწილდეს უძრავ ნივთზე მათი წილების პროპორციულად; გაუქმდა საზიარო უფლება უძრავ ნივთზე, მდებარე: მცხეთის მუნიციპალიტეტი, საგურამოს ადმინისტრაციული ერთეული, ბლოკი 054, ნაკვეთი 059; დაზუსტებული ფართობი: 1500 კვ.მ; შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი №1, შენობა №2, მშენებარე შენობა №3, საკადასტრო კოდი: ....... - მისი აუქციონის წესით რეალიზაციის გზით და დადგინდა, რომ ამონაგები თანხა მხარეებს შორის განაწილდეს უძრავ ნივთზე მათი წილების პროპორციულად; მოპასუხე ლ.ჩ–ძეს მოსარჩელე თ.გ–იას სასარგებლოდ დაეკისრა 120 ლარი, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ, ასევე 736 ლარი ექსპერტიზის ჩატარებისთვის გაწეული ხარჯების სანაცვლოდ; მოსარჩელე თ.გ–იას დაუბრუნდა დ.ღ–ძის მიერ, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 120 ლარი; ლ.ჩ–ძის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
6. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ.ჩ–ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.
7. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
7.1.თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით, ლ.ჩ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
8. სააპელაციო სასამართლოს განჩინების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
8.1. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
8.1.1. მოსარჩელე (მოპასუხე შეგებებულ სარჩელში) თ.გ–იას (პ/ნ .......) და მოპასუხე (მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში) ლ.ჩ–ძეს (პ/ნ ........) თანასაკუთრებაში გააჩნიათ ორი უძრავი ნივთი (წილობრივი მონაცემებით: თ.გ–იას - 1/2 ნაწილი, ლ.ჩ–ძეს - 1/2 ნაწილი), რომელთა რეკვიზიტებია:
- მცხეთის მუნიციპალიტეტი, საგურამოს ადმინისტრაციული ერთეული, ბლოკი 054, ნაკვეთი 058; საკადასტრო კოდი ........; დაზუსტებული ფართობი: 1000 კვ.მ; შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №1;
- მცხეთის მუნიციპალიტეტი, საგურამოს ადმინისტრაციული ერთეული, ბლოკი 054, ნაკვეთი 059; საკადასტრო კოდი .........; დაზუსტებული ფართობი: 1500 კვ.მ; შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: შენობა №1; შენობა №2; მშენებარე შენობა №3.
8.1.2. თ.გ–იას ინიციატივით ჩატარებული სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2022 წლის 07 მარტის №001356622 დასკვნის თანახმად, მცხეთის მუნიციპალიტეტში, საგურამოში, №......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების გამიჯვნა თანამესაკუთრეთა შორის, მათ სახელზე საჯარო რეესტრში რიცხული წილების შესაბამისად იზოლირებულად, დანიშნულებრივი ღირებულების შემცირების გარეშე შეუძლებელია, ვინაიდან საზაფხულო ფართის და ასევე აუზის მდებარეობა არ იძლევა აღნიშნული უძრავი ქონების ფუნქციური დანიშნულების შემცირების გარეშე ერთგვაროვან ნაწილად გამიჯვნის შესაძლებლობას; თუმცა, ტექნიკური თვალსაზრისით, შესაძლებელია გაიყოს №......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 1000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (განხილული როგორც გაუნაშენიანებელი მიწის ნაკვეთი). აღნიშნულის გათვალისწინებით, მცხეთის მუნიციპალიტეტში, საგურამოში, №......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 1000 კვ.მ. მიწის ნაკვეთის გაყოფა შესაძლებელია ისე როგორც ეს დანართ №3-ზეა აღნიშნული, რა შემთხვევაშიც პირველი ½ წილის მფლობელს 1000 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან შესაძლებელია გამოეყოს დანართ №3-ზე ყვითელი ფერით აღნიშნული 500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რაც შეესაბამება მისი ½ წილის შესაბამის 500 კვ.მ. ფართს, ხოლო, მეორე ½ წილის მფლობელს 1000 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან შესაძლებელია გამოეყოს დანართ №3-ზე ლურჯი ფერით აღნიშნული 500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რაც შეესაბამება ½ წილის შესაბამის 500 კვ.მ. ფართს;
· იგივე წესს ითვალისწინებს 2022 წლის 07 მარტის №001356722 ექსპერტიზის დასკვნაც.
8.1.3. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2022 წლის 07 მარტის №001356822 დასკვნის თანახმად, საგურამოში, №........ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების გამიჯვნა თანამესაკუთრეთა შორის, მათ სახელზე საჯარო რეესტრში რიცხული წილების შესაბამისად, იზოლირებულად, დანიშნულებრივი ღირებულების შემცირების გარეშე, შესაძლებელია ორ ვარიანტად; ორივე ვარიანტით გაყოფის შემთხვევაში:
- პირველი ½ წილის მფლობელს 513.68 კვ.მ. ფართის შენობა-ნაგებობიდან შესაძლებელია გამოეყოს დანართ N5-ზე და N6-ზე ყვითელი ფერით აღნიშნული 256.84 კვ.მ. ფართი, ხოლო განაშენიანებისაგან თავისუფალი 1126 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან, შესაძლებელია გამოეყოს დანართ N7-ზე და N8-ზე ყვითელი ფერით აღნიშნული 563 კვ.მ. ფართი;
- მეორე ½ წილის მფლობელს კი, 513.68 კვ.მ. ფართის შენობა-ნაგებობიდან შესაძლებელია გამოეყოს დანართ N5-ზე და N6-ზე ლურჯი ფერით აღნიშნული 56.84 კვ.მ. ფართი; ხოლო განაშენიანებისაგან თავისუფალი 1126 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან შესაძლებელია გამოეყოს დანართ N7-ზე და N8-ზე ლურჯი ფერით აღნიშნული 563 კვ.მ. ფართი, რაც შეესაბამება ½ წილის შესაბამის 563 კვ.მ. ფართს.
· იგივე წესით გამიჯვნას ითვალისწინებს 2022 წლის 07 მარტის №001356522 ექსპერტიზის დასკვნაც, რომლის კვლევით ნაწილში, აღნიშნულია შემდეგი: ზემოაღნიშნული ვარიანტებით გაყოფის შემთხვევაში საჭირო იქნება მოეწყოს და მოშენდეს დანართ №5-ზე და დანართ №6-ზე წითელი ფერით აღნიშნული ტიხარი, კარისა და ფანჯრის ღიობები. პირველი ვარიანტით გაყოფის შემთხვევაში საჭირო იქნება კიბის უჯრედში, პირველ და მეორე სართულებს შორის დამაკავშირებელი სივრცის იზოლირება ერთმანეთისაგან. ასევე, გამოყოფილ ნაწილში არარსებობის შემთხვევაში უნდა მოეწყოს სამზარეულო.
8.2.სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მხარეებს სურდათ (საზიარო უფლების გაუქმება ქონების ნატურით გაყოფის გზით (ძირითად სარჩელში), საზიარო უფლების გაუქმება ქონების აუქციონზე რეალიზაციის გზით (შეგებებულ სარჩელში)) მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები სამოქალაქო კოდექსის 961-ე (თითოეულ მოწილეს შეუძლია, ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება), 963-ე (საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი საგნები შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე, თანაბარი წილების განაწილება მონაწილეთა შორის ხდება კენჭისყრით) და 964-ე (თუკი ამგვარი დაყოფა გამოირიცხება, უფლება შეიძლება გაუქმდეს ქონების რეალიზაციისა და ამონაგები თანხის თანამესაკუთრეთა წილების პროპორციულად განაწილების გზით) მუხლებიდან გამომდინარეობდა.
8.3.პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ, საზიარო უფლების გაუქმების ორ შესაძლებლობაზე: საზიარო უფლების გაუქმებას ნატურით გაყოფის გზით (963-ე მუხლი) და საზიარო უფლების გაუქმებას საზიარო საგნის გაყიდვით (964-ე მუხლი) და განმარტა, რომ ეს უკანასკნელი იმ შემთხვევაში გამოიყენებოდა, თუ ნატურით გაყოფა გამორიცხული იყო.
8.4.საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მართებულად იქნა დაადგენილი, რომ საზიარო საგნების (მდებარე: მცხეთის მუნიციპალიტეტი, საგურამოს ადმინისტრაციული ერთეული, ბლოკი 054, ნაკვეთი 058; საკადასტრო კოდი .........; დაზუსტებული ფართობი: 1000 კვ.მ; შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი #1 და მცხეთის მუნიციპალიტეტი, საგურამოს ადმინისტრაციული ერთეული, ბლოკი 054, ნაკვეთი 059; დაზუსტებული ფართობი: 1500 კვ.მ; შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი #1, შენობა #2, მშენებარე შენობა #3, საკადასტრო კოდი: ........) ნატურით გაყოფა შეუძლებელი იყო.
8.5.სადავო საკითხთან მიმართებით, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ საზიარო საგანს წარმოადგენდა ორი მიწის ნაკვეთი, მათზე არსებული შენობა-ნაგებობებით. აღნიშნული უძრავი ნივთები საკუთრებაში აღრიცხული იყო ორ პირზე, რომლებიც განსახილველი დავის მხარეები იყვნენ და თითოეულს ამ საგნების მიმართ თანაზიარი (1/2 –1/2) საკუთრების უფლება გააჩნდათ.
8.6.სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა მოცემული საქმის გადაწყვეტისათვის უმთავრესი გარემოება - უძრავ ნივთებზე საზიარო უფლების ნატურით გაყოფის გზით გაუქმების წინაპირობების არ არსებობა, რაც გამომდინარეობდა საქმეზე წარმოდგენილი სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ საექსპერტო დასკვნებიდან.
8.7.იმავდროულად, პალატამ ყურადღება მიაქცია სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნების შემსრულებელი ექსპერტის - ნ.ს–ძის სასამართლო სხდომაზე მიცემულ განმარტებებს, რომლის თანახმადაც: ვინაიდან აღნიშნული შენობა-ნაგებობა წარმოადგენდა ერთი ოჯახისთვის განკუთვნილ საცხოვრებელ სახლს, ნატურით გამიჯვნის შემთხვევაში, საჭირო იქნებოდა განხორციელებულიყო გარკვეული სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რაც ასევე გათვალისწინებული იყო დასკვნაში, მათ შორის დანართ №5-ზე და დანართ №7-ზე წითელი ფერით აღნიშნულ ნაწილებში უნდა მოწყობილიყო და ამოშენებულიყო ტიხრები, კარისა და ფანჯრის ღიობები, ამასთან, ვინაიდან სახლში იყო ერთი სამზარეულო, გამიჯვნის ორივე ვარიანტის შემთხვევაში, გამოყოფილ ნაწილში არარსებობის შემთხვევაში, საჭირო იქნებოდა მოწყობილიყო მეორე სამზარეულოც, ამასთან გამიჯვნის პირველი ვარიანტის შემთხვევაში, საჭირო იქნებოდა პირველ და მეორე სართულს შორის კიბის უჯრედში დამაკავშირებელი სივრცის იზოლირება/გადახურვა.
8.8.პალატის მოსაზრებით, ზემოაღნიშნული ერთმნიშვნელოვნად მიუთითებდა იმაზე, რომ სადავო უძრავი ქონების ერთგვაროვან ნაწილებად ნატურით გაყოფისათვის აუცილებელი იქნებოდა სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარება, რაც დაკავშირებული იყო დამატებით ხარჯებთან ამ მშენებლობის საწარმოებლად. მითითებული საზიარო საგნის გაყოფის ფორმა კი, რომელიც ითვალისწინებდა ქონების რეკონსტრუქციასა და დანახარჯების გაღებას, არ გამომდინარეობდა სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლის დისპოზიციიდან. ამასთან, საცხოვრებელი სახლის ორ იზოლირებულ ნაწილად გამიჯვნა, ტექნიკურ მოთხოვნათა დაცვით, ისე რომ არ შემცირებულიყო თითოეული გამოყოფილი ნაწილის ფუნქციური (დანიშნულებრივი) ღირებულება, შეუძლებელი იყო, რადგან გამიჯვნის შემთხვევაში, გამოყოფილ ნაწილს არ ექნებოდა სამზარეულო, რაც გათვალისწინებული იყო მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნებით. აქედან გამომდინარე, გამოყოფილ ნაწილებს შეუმცირდებოდა დანიშნულებრივი (ფუნქციური) ღირებულება. ექსპერტის განმარტებით, საცხოვრებელ სახლს უნდა ჰქონდა შესასვლელი, სამზარეულო, დამხმარე ფართი, საცხოვრებელი ოთახები, დერეფანი, სველი წერტილი. შესაბამისად, გაყოფის შემთხვევაში, რომელიმე თანამესაკუთრე შესაძლებელია აღმოჩენილიყო სამზარეულოს გარეშე. აღნიშნული კი, ფაქტობრივად სპობდა საცხოვრებლის ფუნქციურ დანიშნულებას. პალატამ ყურადღება გაამხვილა ამავე ექსპერტის იმ განმარტებაზეც, რომ მან გამიჯვნა მოახდინა ფაქტობრივად არსებული ფართის, სამშენებლო ნორმებისა და წესების გათვალისწინებით, შესაბამისი კოეფიციენტისა და პარამეტრების გამოყენებით. მან დასკვნის შედგენისას იხელმძღვანელა „დამყვანი კოეფიციენტით“ და იმსჯელა ნივთის ტექნიკური თვალსაზრისით გაყოფის შესაძლებლობაზე, მას არ გაუთვალისწინებია კომუნიკაციების მოწყობის შესაძლებლობა. ამასთან აღნიშნა, რომ სამშენებლო ნორმებისა და წესების შესაბამისად, აივნის/ვერანდის ნაწილი გათვალისწინებული იყო „დამყვანი კოეფიციენტით“ (0.3) (მაგალითად, თუ ტერასის ფართობი ფაქტობრივად შეადგენდა 100 კვ.მ-ს დამყვანი კოეფიციენტით დაანგარიშებისას ის უტოლდებოდა 30 კვ.მ. საცხოვრებელ ფართს. ე.წ. „დამყვანი კოეფიციენტის“ გამოყენების გარეშე, სახლის, როგორც პირველი, ისე მეორე ვარიანტით გამიჯვნის შემთხვევაში, ყვითელი ფერით გამოყოფილი ფართის ჯამური მოცულობა აშკარად აღემატებოდა ლურჯი ფერით გამოყოფილი შენობა-ნაგებობების ფართობს. შესაბამისად, მხარეს, რომელსაც შეხვდებოდა ტერასა და აივნები, ექნებოდა გაცილებით დიდი ფართი. გამიჯვნის ორივე შემოთავაზებულ ვარიანტში ტერასა, რომელიც ფაქტობრივად იყო 67.85 კვ.მ. და აივანები - ფაქტობრივად 20.74 კვ.მ და 20.11 კვ.მ - აღმოჩნდებოდა ერთი მხარის (ყვითელი ფერით დაშტრიხულ) ნაწილში, ხოლო მეორე მხარის (ლურჯი ფერით დაშტრიხულ) ნაწილში საპირწონედ მსგავსი ფუნქციური ღირებულების სივრცე - აივანი იქნებოდა ფაქტობრივად მხოლოდ 2.10 კვ.მ ფართობის მქონე. ამასთან, №001356522 დასკვნაში მითითებული წესით უძრავი ნივთის გამიჯვნის შემთხვევაში, ერთ-ერთი თანამესაკუთრის ინდივიდუალურ საკუთრებაში შეიძლებოდა აღმოჩენილიყო მყარი კედლებით ნაშენი ნაგებობის ნაწილი, ხოლო მეორე თანამესაკუთრის ინდივიდუალურ საკუთრებაში დარჩებოდა შენობა-ნაგებობის ღია ნაწილი (ე.წ. ვერანდა), რომელსაც ოთხივე მხრიდან კაპიტალურად ნაშენი კედლები არ ექნებოდა. შესაბამისად, წარმოდგენილი სახით გამიჯვნის შემთხვევაში, მხარეები საკუთრებაში მიიღებდნენ აბსოლუტურად სხვადასხვა ხარისხის ნაგებობას. ამასთან, ექსპერტის განმარტებით, მესამე სართულზე თეთრი ფერით დაშტრიხული ფართი, ვინაიდან სამშენებლო ნორმების მიხედვით ვერ აკმაყოფილებდა ფართისთვის გათვალისწინებულ სიმაღლის სტანდარტს, გასამიჯნ ფართში არ იყო გათვალისწინებული. ასევე, შემოთავაზებული პირველი ვარიანტით გამიჯვნის შემთხვევაში ავტოფარეხი მთლიანად ლურჯი ფერით დაშტრიხულ მხარეს რჩებოდა, ხოლო ყვითელი ფერით დაშტრიხულ მხარეს საპირწონედ ასეთი დანიშნულების ფართი არ ხვდებოდა; გამიჯვნის მეორე ვარიანტის შემთხვევაში კი, ავტოფარეხი იყოფოდა ორ ნაწილად, რა დროსაც ლურჯი ფერით დაშტრიხულ მხარეს რჩებოდა ავტოფარეხის დანიშნულების მქონე ფართი, ხოლო მეორე ნაწილი კარგავდა ამ დანიშნულებას და იქცოდა დამხმარე ფართად, ამდენად ყვითელი ფერით დაშტრიხულ მხარეს ავტოფარეხი არ ექნებოდა.
8.9.ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნებით დგინდებოდა, რომ ერთ შემთხვევაში (ს/კ ..........) სადავო საზიარო საგნის გაყოფა იმ შემთხვევაში იყო შესაძლებელი, თუ მოეწყობოდა და ამოშენდებოდა ტიხარი, კარისა და ფანჯრის ღიობები, პირველი ვარიანტით გაყოფის შემთხვევაში საჭირო იქნებოდა ასევე კიბის უჯრედში პირველ და მეორე სართულებს შორის დამაკავშირებელი სივრცის იზოლირება ერთმანეთისაგან. ასევე, გამოყოფილ ნაწილში არარსებობის შემთხვევაში უნდა მოწყობილიყო სამზარეულო, ხოლო მეორე შემთხვევაში (ს/კ .........) უძრავი ქონების გამიჯვნა თანამესაკუთრეთა შორის მათ სახელზე საჯარო რეესტრში რიცხული წილების შესაბამისად იზოლირებულად, დანიშნულებრივი ღირებულების შემცირების გარეშე შეუძლებელი იყო, ვინაიდან საზაფხულო ფართის და ასევე აუზის მდებარეობა არ იძლეოდა აღნიშნული უძრავი ქონების ფუნქციური დანიშნულების შემცირების გარეშე ერთგვაროვან ნაწილად გამიჯვნის შესაძლებლობას.
8.10. პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ლ.ჩ–ძემ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნების საპირისპირო მტკიცებულება (გარდა საკუთარი ახსნა-განმარტებისა და 2022 წლის 07 მარტის 001356722 ექსპერტიზის დასკვნისა, რომლიც იგივე შინაარსის მატარებელი იყო), რაც სასამართლოს სხვაგავარი მსჯელობის შესაძლებლობას მისცემდა, ვერ წარმოადგინა. მას არ ჰქონდა წარმოდგენილი სამართლებრივად ვარგისი და წონადი მტკიცებულება, რომელიც კვალიფიციური ექსპერტის დასკვნის გასაბათილებლად გამოდგებოდა.
8.11. ამგვარად, იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ შემთხვევაში უძრავ ქონებაზე თანამესაკუთრეთა იდეალური წილების შესაბამისი რეალური წილების გამოყოფა, მათი კუთვნილი წილის შესაბამისი ნივთის ფუნქციური დანიშნულებისა და ღირებულების შემცირების გარეშე შეუძლებელი იყო, გამოვლენილი იყო საზიარო ქონების აუქციონზე გაყიდვისა და ამონაგები თანხების თითოეული თანამესაკუთრის წილის შესაბამისად განაწილებით, საზიარო უფლების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობა.
8.12. პალატამ ისიც აღნიშნა, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტისას, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიღო მხედველობაში ის გარემოებაც, რომ დასკვნაში მითითებული წესით უძრავი ნივთის გამიჯვნის შემთხვევაში მოსარჩელის ინდივიდუალურ საკუთრებაში გადავიდოდა მყარი კედლებით ნაშენი ნაგებობის პირველი და მეორე სართული, ხოლო მოპასუხის საკუთრებაში რჩებოდა პირველ სართულზე არსებული შენობა-ნაგებობის ღია ნაწილი, ე.წ. ვერანდა, რომელსაც ოთხივე მხრიდან კაპიტალურად ნაშენი კედლები არ ჰქონდა. ამდენად, წარმოდგენილი სახით გამიჯვნის შემთხვევაში მხარეები საკუთრებაში იღებდნენ აბსოლუტურად სხვადასხვა ხარისხის ნაგებობას. ამასთან, უძრავი ნივთის ნაწილზე გავრცელდებოდა ინდივიდუალური საკუთრება, ხოლო სხვა ნაწილზე - საერთო საკუთრება (უძრავი ნივთის განსაზღვრულ ნაწილებზე საერთო საკუთრების რეჟიმი რჩებოდა), რაც თანასაკუთრებაზე საზიარო უფლების გაუქმების არსს და შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლის მიზანს ეწინააღმდეგებოდა.
8.13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარის საფუძველს ქმნიდა იმ დასკვნისათვის, რომ არსებობდა საზიარო უფლების ნატურით გაყოფის გამომრიცხველი წინაპირობა. შესაბამისად, მოსარჩელე (თ.გ–ია) უფლებამოსილი იყო, მოეთხოვა უძრავი ნივთების რეალიზაცია და ამონაგების განაწილება საზიარო საგნების მესაკუთრეებს შორის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 964-ე მუხლის შესაბამისად.
9. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება და ასევე, ამავე სასამართლოს 2023 წლის 28 სექტემბრის საოქმო განჩინება, რომლითაც აპელანტის წარმომადგენლის შუამდგომლობა საქმეზე მტკიცებულების დართვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ.ჩ–ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.
10. კასატორის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
10.1. კასატორი არ იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას მასზედ, რომ სადავო უძრავი ქონების ერთგვაროვან ნაწილებად ნატურით გაყოფისათვის აუცილებელი იქნება სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარება, რაც დაკავშირებულია დამატებით ხარჯებთან ამ მშენებლობის საწარმოებლად. მითითებული საზიარო საგნის გაყოფის ფორმა კი, რომელიც ითვალისწინებს ქონების რეკონსტრუქციასა და დანახარჯების გაღებას, არ გამომდინარეობს სსკ-ის 963-ე მუხლის დისპოზიციიდან. ამასთან, საცხოვრებელი სახლის ორ იზოლირებულ ნაწილებად გამიჯვნა, ტექნიკური მოთხოვნათა დაცვით, ისე, რომ არ შემცირდეს თითოეული გამოყოფილი ნაწილის ფუნქციური (დანიშნულებრივი) ღირებულება, შეუძლებელია, რადგან გამიჯვნის შემთხვევაში გამოყოფილ ნაწილს არ ექნება სამზარეულო, რაც გათვალისწინებულია მოქმედი სამშენებლო ნორმებსა და წესების მოთხოვნებით. აღნიშნული დასკვნის საპირისპიროდ, კასატორი განმარტავს, რომ ნატურით გასაყოფი საცხოვრებელი დანიშნულების ფართები, როგორც წესი, არ შენდება მათი შემდგომში ნატურით გაყოფის შესაძლებლობების გათვალისწინებით. ამასთანავე, შეუძლებელია სრული მათემათიკური სიზუსტით განხორციელდეს საცხოვრებელი თუ არასაცხოვრებელი ფართების გაყოფა. ხშირ შემთხვევაში, ქონების ნატურით გაყოფისათვის აუცილებელი ხდება მცირედი სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარება. საცხოვრებლის არსებობა იმდენად მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ ასპექტს წარმოადგენს ადამიანის ცხოვრებაში, რომ კანონმა სსკ-ის 964-ე მუხლი აუქციონზე ქონების გაყიდვას ითვალისწინებს, როგორც უკიდურეს ზომას და იმ შემთხვევაში, თუ ნატურით გაყოფა გამოირიცხება. კასატორის მითითებით, არც სსკ-ის 964-ე და არც სსკ-ის 963-ე მუხლი არ ითვალისწინებს ნატურით გასაყოფი ქონების სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარების აკრძალვას ან დაუშვებლად გამოცხადებას.
10.2. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლო ექსპერტიზის დასკვნის საწინააღმდეგოდ მივიდა დასკვნამდე, რომ რადგან გამიჯვნის შემთხვევაში გამოყოფილ ნაწილს არ ექნება სამზარეულო, ამის გამო საზიარო საგნის გაყოფა შეუძლებელია. კასატორის მითითებით, ამ მხრივ, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ გამოყოფილ ფართებს, გააჩნია ყველა შესაძლებლობა და ამ ფართებში, არსებობს ყველა კომუნიკაცია სამზარეულოს მოსაწყობად. კასატორი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ქონების ნატურით გაყოფისას, არ არის სავალდებულო, რომ ყველა გაყოფილი ფართები იყოს ერთმანეთის იდენტური (ანუ, ორივე ფართს ჰქონდეს იგივე რაოდენობის საძინებელი, კაბინეტი, ავტოფარეხი და სხვა). კანონმდებლის მოთხოვნაა, რომ გაყოფილ ფართებს გააჩნდეს ფუნქციური დანიშნულება. ექსპერტიზის დასკვნებით კი, ერთმნიშვნელოვნად არის დადგენილი, რომ საცხოვრებელი სახლის გაყოფა მისი სამეურნეო დანიშნულების შემცირების გარეშე სრულად შესაძლებელია. კასატორის მითითებით, საქმის მასალებში არ არსებობს სხვა საპირისპირო მტკიცებულება, რომელიც გამორიცხავდა კვალიფიციური ექსპერტის ზემოთ ხსენებულ დასკვნას.
10.3. კასატორის მითითებით, სასამართლოს მსჯელობა მასზედ, რომ ვერანდას ოთხივე მხრიდან არ გააჩნია მყარი კედლები, არ შეესაბამება რეალობასა და საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს. კასატორის მითითებით, ვერანდას გააჩნია ორი მხრიდან მყარად ნაშენები კედლები. ამასთან, კასატორი მიუთითებს სსსკ-ის 162-ე მუხლზე (თუ საქმის განხილვასთან დაკავშირებულ საკითხზე მოსამართლეს სპეციალური ცოდნა არ გააჩნია, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით დანიშნოს ექსპერტიზა საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული საკითხის განმარტებას არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმის გადაწყვეტისათვის და მის გარეშე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია) და განმარავს, რომ საზიარო საგნის ნატურით გაყოფის შესაძლებლობის ან შეუძლებლობის შესახებ საჭიროა საინჟინრო სამშენებლო მიმართულების ცოდნა, რომელიც მოსამართლეს არ გააჩნია. აღნიშნული ცოდნის მატარებელ სუბიექტს სამშენებლო დარგის სპეციალისტი - ექსპერტი წარმოადგენს, რომელიც საექსპერტო დასკვნის გამოტანისას ეყრდნობა სპეციალურ ლიტერატურას, სახელმძღვანელოებს. საცხოვრებელი სახლის (კერძო სახლის ან/და ბინის) გაყოფის შესაძლო მეთოდიკები შემუშავებულია სპეციალიზირებული ინსტიტუტების მიერ, როგორც სამშენებლო, ასევე, იურიდიული დარგის სპეციალისტების მიერ. ე. წ. "დამყვანის კოეფიციენტი" წარმოადგენს არა ცალკე აღებული ექსპერტის მოგონილ ტერმინს, არამედ ზემოთ ხსენებული სპეციალისტეის მიერ შემუშავებულ კოეფიციენტს, რომლის გამოყენების გარეშე შეუძლებელი ხდება ნებისმიერი ფორმის, პარამეტრის და სიმაღლის საცხოვრებელი სახლის ნატურით გაყოფა. კასატორის მითითებით, ამოსავალი წერტილი საცხოვრებელი სახლის ნატურით გაყოფისათვის არის ის, რომ მხარეებმა მიიღონ ერთგვაროვანი ნაწილები და არა იდენტური ნაწილები. ზუსტად სახლის გაყოფისას ერთგვაროვანი ნაწილების (რა თქმა უნდა მათი ფუნქციური დანიშნულების მოსპობის გარეშე) მიღების მიზნით შემუშავებული და შემოღებული იქნა „დამყვანი კოეფიციენტის“ ცნება. იმ გარემოებაზე, რომ მხარეები არ და ვერ მიიღებენ სახლის დაყოფისას იდენტურ ნაწილებს, მიუთითებს სსკ-ის 963-ე მუხლის ბოლო წინადადება: „თანაბარი წილების განაწილება მონაწილეთა შორის ხდება კენჭისყრით“. კასატორის მოსაზრებით, კანონმდებელმა პირდაპირ მიუთითა, რომ თუ მხარეთა შორის არ ხდება შეთანხმება გაყოფილი სახლის თუ რომელი ნაწილი ვის უნდა მიეკუთვნოს, პრიორიტეტი ენიჭება არა რომელიმე მხარის სურვილს, არამედ კენჭისყრის შედეგებს, რომელიც მხარეებისათვის სავალდებულოა. ექსპერტის მიერ დადგენილი იქნა, რომ სადაო საცხოვრებელი სახლი ნამდვილად შეიძლება დაიყოს ორ თანაბარ ნაწილებად მათი ფუნქციური დანიშნულების შემცირების გარეშე. ამავე დროს, ლ.ჩ–ძემ თ.გ–იას შესთავაზა ფართის არჩევა, რაზედაც უარი მიიღო. შესაბამისად, ვინაიდან, მხარეთა შორის ვერ მოხდა შეთანხმება თუ ვინ რომელი ფართის ინდივიდუალური მესაკუთრე გახდებოდა, სასამართლოს სრული შესაძლებლობა ჰქონდა უარი კი არ ეთქვა ლ.ჩ–ძის დასაბუთებული შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე, არამედ უნდა ეხელმძღვამნელა სსკ-ის 963-ე მუხლით და კენჭისყრით გაენაწილებინა სახლის ფართები მხარეთა შორის. ამავე მოტივით, კასატორი სადავო ქონების ნატურით გამიჯვნის შეუძლებლობის მოტივად, უარყოფს სააპელაციო პალატის შეფასებასაც მასზედ, რომ ნატურით გაყოფის შემთხვევაში, მხარეები გაყოფისას იღებენ სხვადასხვა ხარისხის ნაგებობას.
10.4. კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ ლ.ჩ–ძემ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნების საპირისპირო მტკიცებულება (გარდა საკუთარი ახსნა-განმარტებისა და 2022 წლის 07 მარტის #001356722 ექსპერტიზის დასკვნისა, რომელიც იგივე შინაარსის მატარებელია), რაც სასამართლოს სხაგვარი მსჯელობის შესაძლებლობას მისცემდა, ვერ წარმოადგინა. კასატორის მოსაზრებით, საგულისხმო იყო, რომ თ.გ–იამ წარადგინა 2022 წლის 07 მარტის №001356622 ექსპერტის დასკვნა, რომლითაც დადგენილ იქნა საცხოვრებელი სახლის გაყოფის შესაძლებლობა. ლ.ჩ–ძემ წარადგინა 2022 წლის 07 მარტის ექსპერტიზის №001356822 დასკვნა, რომლითაც დადასტურებულ იქნა საცხოვრებელი სახლის გამიჯვნის შესაძლებლობა. სხვაობაა აღნიშნული დასკვების ნუმერაციაში (001 356 622 და 001 356 822). ამის გარდა, ლ.ჩ–ძემ სააპელაციო სასამართლოს წარუდგინა 06.04.2023 წლის ექსპერტიზის დასკვნა №002324123, რომლითაც დადასტურებულ იქნა საცხოვრებელი სახლის გამიჯვნის ფაქტი ექსპერტიზის დასკვნის „ა“ ვარიანტის შესაბამისად. აღნიშნულის მიუხედავად, სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ არ მიიღო აღნიშნული დასკვნა. შესაბამისად სრულად გაუგებარია თუ რომელი ექსპერტიზა იგულისხმა სააპელაციო სასამართლომ მაშინ, როცა საქმეში არსებული ორივე ექსპერტიზა ადასტურებს სახლის გამიჯვნის შესაძლებლობას და ამის საწინააღმდეგო მტკიცებულება არ არსებობს.
10.5. კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას მასზედ, რომ სახლის გამიჯვნის შემთხვევაში, უძრავი ქონების ნაწილზე გავრცელდება ინდივიდუალური საკუთრება, ხოლო სხვა ნაწილზე - საერთო საკუთრება (უძრავი ნივთის განსაზღვრულ ნაწილებზე საერთო საკუთრების რეჟიმი რჩება), რაც თანასაკუთრებაზე საზიარო უფლების გაუქმების არსს და შესაბამისად, სსკ-ის 963-ე მუხლის მიზანს ეწინააღმდეგება. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლო არ უთითებს არც მტკიცებულებაზე და არც საცხოვრებელი სახლის იმ ნაწილებზე, რომლებიც საერთო საკუთრებაში რჩება; ამასთან, საქმეში არსებული ორივე ექსპერტიზის დასკვნით ერთმნიშვნელოვნად არის დადგენილი, რომ საცხოვრებელი სახლის გამიჯვნა ისე, რომ მხარეებს არ დარჩეთ საერთო საკუთრებაში რაიმე ფართი, სრულად შესაძლებელია.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 თებერვლის განჩინებით, ლ.ჩ–ძის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო, ამავე სასამართლოს 2024 წლის 29 აპრილის განჩინებით, ლ.ჩ–ძის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
12. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებულია, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებსა და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
14. განსახილველ შემთხვევაში, სადავო უძრავ ქონებებზე (მდებარე: მცხეთის მუნიციპალიტეტი, საგურამოს ადმინისტრაციული ერთეული, ბლოკი 054, ნაკვეთი 058; საკადასტრო კოდი .........; დაზუსტებული ფართობი: 1000 კვ.მ; შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი №1 და მცხეთის მუნიციპალიტეტი, საგურამოს ადმინისტრაციული ერთეული, ბლოკი 054, ნაკვეთი 059; დაზუსტებული ფართობი: 1500 კვ.მ; შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი №1, შენობა №2, მშენებარე შენობა №3, საკადასტრო კოდი: ..........) საზიარო უფლების გაუქმებას ძირითადი სარჩელით მოსარჩელე (თ.გ–ია) ითხოვდა საზიარო საგნების რეალიზაციის გზით, ხოლო, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე (ლ.ჩ–ძე) - საზიარო საგნების ნატურით გაყოფის გზით.
15. დადგენილია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა ძირითადი სარჩელით მოსარჩელის მოთხოვნა და დადგინდა საზიარო უფლების გაუქმება სადავო ქონებების აუქციონზე რეალიზაციისა და ამონაგები თანხის მოდავე მხარეთა შორის არსებული წილების შესაბამისად განაწილების გზით. ძირითადი სარჩელით მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და შეგებებული სარჩელით მოსარჩელის მოთხოვნის უარსაყოფად, პირველი ინსტანციის სასამართლომ იმ გარემოებაზე მიუთითა, რომ სადავო უძრავ ქონებებზე თანამესაკუთრეთა იდეალური წილების შესაბამისი რეალური წილების გამოყოფა, მოდავე მხარეთა კუთვნილი წილის შესაბამისი ნივთის ფუნქციური დანიშნულებისა და ღირებულების შემცირების გარეშე, შეუძლებელი იყო, რაც სრულად გაიზიარა სააპელაციო პალატამ. აღნიშნული მოტივაციის საპირისპიროდ, კასატორი მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები (ექსპერტიზის დასკვნები) ადასტურებდა თანამესაკუთრეთა იდეალური წილების შესაბამისი რეალური წილების გამოყოფას მოდავე მხარეთა კუთვნილი წილის შესაბამისი ნივთის ფუნქციური დანიშნულებისა და ღირებულების შემცირების გარეშე, რაც სადავო უძრავ ქონებებზე, ნატურით გაყოფის გზით, საზიარო უფლების გაუქმების წინაპირობას და საზიარო საგნების რეალიზაციის დამაბრკოლებელ გარემოებას წარმოადგენდა.
16. ამდენად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო პალატამ უნდა იმსჯელოს, შესაძლებელია თუ არა მხარეთა თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებებზე საზიარო უფლების გაუქმება საზიარო საგნების ნატურით გაყოფის გზით.
17. სადავო საკითხთან მიმართებით, საკასაციო პალატა პირველ რიგში აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა იცნობს საერთო საკუთრების ორ ფორმას: საზიარო და წილადი საკუთრება (სსკ-ის 173-ე მუხლი). წილადი საკუთრების თანამესაკუთრეს ეკუთვნის განსაზღვრული წილი საერთო საკუთრებაში; თანაზიარი საკუთრება არსებობს მაშინ, როცა თითოეული თანამესაკუთრის წილი საერთო ქონებაში არის იდეალური წილის სახით და თუ სხვა რამ არ არის დადგენილი, ივარაუდება, რომ თითოეულ თანამესაკუთრეს ეკუთვნის თანაბარი წილი (იხ. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი 2, თბილისი 2018, გვ. 88).
18. საზიარო უფლება, სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, კანონისმიერ ვალდებულებათა ურთიერთობების კატეგორიას განეკუთვნება. სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე. ამდენად, საზიარო უფლების მოწილეებს უფლებები და ვალდებულებები კანონიდან წარმოეშობათ და მათ შორის ურთიერთობები კანონით წესრიგდება.
19. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სადავო უძრავ ნივთებზე (მცხეთის მუნიციპალიტეტი, საგურამოს ადმინისტრაციული ერთეული, ბლოკი 054, ნაკვეთი 058; საკადასტრო კოდი .......; დაზუსტებული ფართობი: 1000 კვ.მ; შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №1 და მცხეთის მუნიციპალიტეტი, საგურამოს ადმინისტრაციული ერთეული, ბლოკი 054, ნაკვეთი 059; საკადასტრო კოდი .........; დაზუსტებული ფართობი: 1500 კვ.მ; შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: შენობა №1; შენობა №2; მშენებარე შენობა №3) რეგისტრირებულია მოსარჩელე (შეგებებული სარჩელით მოპასუხე) თ.გ–იასა და მოპასუხე (შეგებებული სარჩელით მოსარჩელე) ლ.ჩ–ძეს თანასაკუთრების უფლება. მითითებულ უძრავ ნივთებზე, წილები გადანაწილებულია შემდეგნაირად: თ.გ–ია - ½ ნაწილი, ლ.ჩ–ძე - ½ ნაწილი. ამდენად, მოდავე მხარეები არიან სადავო უძრავი ქონებების თანამესაკუთრეები, რომლებიც წარმოადგენენ საზიარო უფლების ობიექტებს და მხარეები ერთმანეთთან კანონისმიერ ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებიან. შესაბამისად, მხარეთა შორის არსებული სადავო ურთიერთობის მოსაწესრიგებლად, გამოყენებულ უნდა იქნეს საზიარო უფლებების თავის წესები (სსკ-ის 953-ე-968-ე მუხლები), რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 953-ე მუხლის თანახმად დადგენილია, რომ თუ უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის, მაშინ გამოიყენება საზიარო უფლებების თავის წესები, თუკი კანონიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.
20. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 961-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულ მოწილეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება.
21. სამოქალაქო კოდექსი იცნობს საზიარო უფლების გაუქმების ორ შესაძლებლობას: საზიარო უფლების გაუქმებას ნატურით გაყოფის გზით (963-ე მუხლი) და საზიარო უფლების გაუქმებას საზიარო საგნის რეალიზაციის გზით (964-ე მუხლი). კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლის შესაბამისად, საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე, თანაბარი წილების განაწილება მონაწილეთა შორის ხდება კენჭისყრით. ამავე კოდექსის 964-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია, მაშინ საზიარო უფლება გაუქმდება საზიარო საგნის, დაგირავებული ნივთის ან მიწის ნაკვეთის გაყიდვითა და ამონაგების განაწილებით. მიწის ნაკვეთის შემთხვევაში გამოიყენება აუქციონზე უძრავი ქონების იძულებით გაყიდვის წესები. თუ დაუშვებელია საზიარო საგნის გასხვისება მესამე პირზე, მაშინ საგანი აუქციონზე უნდა გაიყიდოს მოწილეებს შორის.
22. საკასაციო პალატამ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლი მიუთითებს ორ აუცილებელ პირობაზე, კერძოდ, საზიარო უფლება უქმდება საზიარო საგნის (საგნების) ნატურით გაყოფისას მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ: 1. საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად; 2. ამგვარი დაყოფის შედეგად არ მცირდება ნივთის ღირებულება. როგორც პირველი, ასევე მეორე ელემენტი უნდა არსებობდეს ერთდროულად იმისათვის, რომ დადგეს ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი, ამასთან, ორივე შემთხვევაში ნატურით გამოყოფილმა საგანმა არ უნდა დაკარგოს ის დანიშნულება, რასაც ასრულებდა გაყოფამდე. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლი მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს საგნის ნატურით გაყოფის შესაძლებლობას, თუ იგი არ დაკარგავს თავის ფუნქციონალურ დანიშნულებას. ღირებულებაში ნივთის საბაზრო ღირებულება (ფასი) კი არ იგულისხმება, არამედ მოიაზრება მისი საგნობრივი (ფუნქციონალური) დანიშნულება, რომლის შემცირება ნივთის გაყოფამ არ უნდა გამოიწვიოს. ნატურით გასაყოფმა საგანმა არ უნდა დაკარგოს ის დანიშნულება, რასაც ის ასრულებს გაყოფამდე, ე.ი. არ უნდა წაერთვას ის ფუნქცია და მნიშვნელობა (მრავალთა შორის იხ. სუსგ.-ები საქმეებზე: №ას-67-65-2014, 31.07.2014წ; №ას-1653-1550-2012, 15.04.2013წ; №ას-1089-1020-2012, 08.10.2012წ; №ას-932-875-2012, 17.09.2012წ; №ას-1665-1562-2012, 04.02.2013წ.)
23. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ თანასაკუთრების რეჟიმში არსებული ნივთის მესაკუთრე, ერთპიროვნულ მესაკუთრესთან შედარებით, ნივთის ფლობის, სარგებლობისა თუ განკარგვის უფლებით სარგებლობისას, ყოველთვის შეზღუდულია სხვა თანამესაკუთრის ნებითა და ინტერესებით, შესაბამისად, იგი ვერ ახორციელებს ნივთზე იმ მასშტაბის ფაქტობრივ თუ სამართლებრივ ბატონობას, როგორც ეს საკუთრების ბუნებითი შინაარსიდან გამომდინარეობს. სწორედ ამიტომ, თითოეულ თანამესაკუთრეს ნებისმიერ დროს შეუძლია საზიარო უფლების გაუქმების გზით მიაღწიოს თანამესაკუთრის სამართლებრივი ბოჭვიდან გასვლას. გასათვალისწინებელია, რომ თანამესაკუთრის პირად კავშირს ნივთთან კანონმდებელი იმგვარ ანგარიშგასაწევ ფაქტორად განიხილავს, რომელიც საზიარო უფლების გაუქმების მექანიზმებს შორის გარკვეულ იურარქიულ მიმართებას აწესებს, კერძოდ, პირველ რიგში, მოწმდება ნივთის ნატურით გაყოფის შესაძლებლობა, ხოლო თუ აღნიშნული ვერ მიიღწევა ღირებულების შეუმცირებლად, მხოლოდ ამის შემდეგ დგება დღის წესრიგში საზიარო საგნის გაყიდვისა და ამონაგების გაყოფის შესაძლებლობა (იხ. სუსგ. №ას-1148-1094-2014 19.03.2015წ).
24. ამდენად, საზიარო უფლების გაუქმება წარმოადგენს მოსარჩელის მოთხოვნას, რომლის დისპოზიციური უფლებამოსილება – შეარჩიოს საზიარო უფლების გაუქმების კონკრეტული საშუალება, შეზღუდულია მატერიალური კანონმდებლობით (იხ. სუსგ საქმეზე №ას-1148-1094-2014, 19.03.2015 წ.). საზიარო უფლების გაუქმება ნივთის აუქციონზე რეალიზაციის გზით არ წარმოადგენს მესაკუთრის უპირობო უფლებას და აღნიშნულ უფლებას მესაკუთრე იძენს მხოლოდ მას შემდეგ, რაც სარწმუნოდ დაადასტურებს ნივთის ნატურით გაყოფის შეუძლებლობას. ანუ, კანონმდებელი საზიარო უფლების გაუქმების შესაძლებლობას ქონების რეალიზაციის გზით იძლევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა, რომ ქონების ნატურით გაყოფა გამორიცხულია.
25. აქვე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესში მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი განაწილების პრინციპი არსებობს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, საპროცესო ნორმა განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა ნუსხას, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ, თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არც ერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ სრულ და ობიექტურ განხილვას, შედეგად, სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლისა.
26. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონი მტკიცების ტვირთის გადანაწილების სპეციალურ წესს ითვალისწინებს (მაგ. შრომითსამათლებრივი დავები) მტკიცების ტვირთის გადანაწილების ზოგადი წესი მოქმედებს, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ ის გარემოებები უნდა დაამტკიცოს, რომლებზეც იგი თავის მოთხოვნას ამყარებს. არ შეიძლება მხარეს ისეთი გარემოების მტკიცების ტვირთი დაეკისროს, რომლის ზიდვაც მისთვის ობიექტურად შეუძლებელია.
27. განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის თანაბრად გადანაწილების საფუძველზე, ვინაიდან ძირითადი სარჩელით მოსარჩელე (თ.გ–ია) საზიარო უფლების ნატურით გაყოფის შეუძლებლობის თაობაზე მიუთითებდა, სწორედ მისი მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენდა იმ ფაქტის დადასტურება, რომ საზიარო საგნების ნატურით გაყოფა ერთგვაროვან ნაწილებად, ღირებულების შემცირების გარეშე, შეუძლებელი იყო; ხოლო, რამდენადაც მოპასუხემ (ლ.ჩ–ძემ) თავის დაცვის საპროცესო საშუალებად - შესაგებელთან ერთად (რომლითაც სარჩელი არ ცნო), შეგებებული სარჩელიც გამოიყენა, რომლითაც საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფის გზით მოითხოვა, მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოება გახდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 964-ე მუხლის გამოყენების დამაბრკოლებელი გარემოების - სადავო უძრავი ქონებების ნატურით გაყოფის შესაძლებლობის არსებობის დადასტურება.
28. განსახილველ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ ძირითადი სარჩელით მოსარჩელემ ვერ განახორციელა მისი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტობრივი გარემოების დადასტურება, ხოლო, შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ კუთვნილ მტკიცების ტვირთს წარმატებით გაართვა თავი და საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნების საფუძველზე, საკასაციო პალატა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებისაგან განსხვავებით მიიჩნევს, რომ სადავო უძრავ ქონებების ნატურით გაყოფის ფაქტობრივ-სამართლებრივი შესაძლებლობა გამორიცხული არ იყო, კერძოდ:
28.1. მცხეთის მუნიციპალიტეტში, საგურამოში, №......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებასთან მიმართებით, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2022 წლის 07 მარტის №001356622 დასკვნის მიხედვით, ექსპერტიზის წინაშე დაისვა შემდეგი შეკითხვა: შესაძლებელია თუ არა უძრავი ქონების: საგურამოს ადმინისტრაციული ერთეული, ბლოკი 054, ნაკვეთი 058, დაზუსტებული ფართობი 1000 კვ.მ. შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი N1, საკადასტრო კოდი ......... გაყოფა (დაყოფა) თანამესაკუთრეთა შორის ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე; ხოლო, 2022 წლის 07 მარტის №001356722 დასკვნის მიხედვით, ექსპერტიზის წინაშე დაისვა შემდეგი შეკითხვა: შესაძლებელია თუ არა გაიყოს თანაბარ ნაწილებად, გაუქმდეს საზიარო უფლება (1/2 და 1/2 ნაწილებად) უძრავი ქონება მდებარე მცხეთის რ-ნი, საგურამო, ს.კ. ......... სამეურნეო (ფუნქციური) ღირებულების შემცირების გარეშე; რა რეკონსტრუქცია და გადაკეთებებია ამისთვის საჭირო.
- სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ №001356622 და №001356722 ექსპერტიზის დასკვნებით დადგინდა, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტში, საგურამოში, №......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების გამიჯვნა თანამესაკუთრეთა შორის მათ სახელზე საჯარო რეესტრში რიცხული წილების შესაბამისად იზოლირებულად, დანიშნულებრივი ღირებულების შემცირების გარეშე შეუძლებელია, ვინაიდან საზაფხულო ფართის და ასევე აუზის მდებარეობა არ იძლევა აღნიშნული უძრავი ქონების ფუნქციური დანიშნულების შემცირების გარეშე ერთგვაროვან ნაწილად გამიჯვნის შესაძლებლობას. თუმცა, ტექნიკური თვალსაზრისით შესაძლებელია გაიყოს №......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 1000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (განხილული როგორც გაუნაშენიანებელი მიწის ნაკვეთი). აღნიშნულის გათვალისწინებით, მცხეთის მუნიციპალიტეტი, საგურამოში №......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 1000 კვ.მ. მიწის ნაკვეთის გაყოფა შესაძლებელია ისე, როგორც ეს დანართ N3-ზეა აღნიშნული. რა შემთხვევაშიც, პირველი ½ წილის მფლობელს 1000 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან შესაძლებელია გამოეყოს დანართ N3-ზე ყვითელი ფერით აღნიშნული 500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რაც შეესაბამება მისი ½ წილის შესაბამის 500 კვ.მ. ფართს. ხოლო მეორე ½ წილის მფლობელს 1000 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან შესაძლებელია გამოეყოს დანართ N3-ზე ლურჯი ფერით აღნიშნული 500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი რაც შეესაბამება ½ წილის შესაბამის 500 კვ.მ. ფართს.
28.2. მცხეთის მუნიციპალიტეტში, საგურამოში, №.......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებასთან მიმართებით, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2022 წლის 07 მარტის №001356522 დასკვნის მიხედვით, ექსპერტიზის წინაშე დაისვა შემდეგი შეკითხვა: შესაძლებელია თუ არა უძრავი ქონების საგურამოს ადმინისტრაციული ერთეული, ბლოკი 054, ნაკვეთი 059, დაზუსტებული ფართობი 1500 კვ.მ. შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი შენობა N1, შენობა N2, მშენებარე შენობა N3, საკადასტრო კოდი .......... გაყოფა (დაყოფა) თანამესაკუთრეთა შორის ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე; ხოლო, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2022 წლის 07 მარტის №001356822 დასკვნის მიხედვით, ექსპერტიზის წინაშე დაისვა შემდეგი შეკითხვა: შესაძლებელია თუ არა გაიყოს თანაბარ ნაწილებად, გაუქმდეს საზიარო უფლება (1/2 და 1/2 ნაწილებად) უძრავი ქონება მდებარე მცხეთის რ-ნი, საგურამო, ს.კ. .......... სამეურნეო (ფუნქციური) ღირებულების შემცირების გარეშე; რა რეკონსტრუქცია და გადაკეთებებია ამისთვის საჭირო.
- სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ №001356522 და №001356822 დასკვნებით დადგინდა, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტში, საგურამოში, №.......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების გამიჯვნა თანამესაკუთრეთა შორის მათ სახელზე საჯარო რეესტრში რიცხული წილების შესაბამისად იზოლირებულად, დანიშნულებრივი ღირებულების შემცირების გარეშე შესაძლებელია ორ ვარიანტად. ორივე ვარიანტით გაყოფის შემთხვევაში:
· პირველი 1/2 წილის მფლობელს 513.68 კვ.მ. ფართის შენობა-ნაგებობიდან შესაძლებელია გამოეყოს დანართ №5-ზე და №6-ზე ყვითელი ფერით აღნიშნული 256.84 კვ.მ. ფართი, ხოლო განაშენიანებისაგან თავისუფალი 1126 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან შესაძლებელია გამოეყოს დანართ №7-ზე და №8-ზე ყვითელი ფერით აღნიშნული 563 კვ.მ. ფართი;
· მეორე 1/2 წილის მფლობელს კი 513.68 კვ.მ. ფართის შენობა-ნაგებობიდან შესაძლებელია გამოეყოს დანართ №5-ზე და №6-ზე ლურჯი ფერით აღნიშნული 256.84 კვ.მ. ფართი. ხოლო განაშენიანებისაგან თავისუფალი 1126 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან შესაძლებელია გამოეყოს დანართ №7-ზე და №8-ზე ლურჯი ფერით აღნიშნული 563 კვ.მ. ფართი, რაც შეესაბამება 1/2 წილის შესაბამის 563 კვ.მ. ფართს.
ამავე ექსპერტიზის დასკვნების კვლევით ნაწილში მითითებულია, რომ ზემოაღნიშნული ვარიანტებით გაყოფის შემთხვევაში საჭირო იქნება მოეწყოს და ამოშენდეს დანართ №5-ზე და დანართ №6-ზე წითელი ფერით აღნიშნული ტიხარი, კარისა და ფანჯრის ღიობები. პირველი ვარიანტით გაყოფის შემთხვევაში საჭირო იქნება კიბის უჯრედში პირველ და მეორე სართულებს შორის დამაკავშირებელი სივრცის იზოლირება ერთმანეთისაგან. ასევე, გამოყოფილ ნაწილში არარსებობის შემთხვევაში უნდა მოეწყოს სამზარეულო.
29. ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნების შინაარსის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი, მოცემული საქმის გადაწყვეტისათვის უმთავრესი ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით, არ დასტურდებოდა მოდავე მხარეების თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებებზე საზიარო უფლების გაუქმების შესაძლებლობა ნატურით გაყოფის გზით, რამეთუ, მცხეთის მუნიციპალიტეტში, საგურამოში, №......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებასთან მიმართებით, საქმეში წარმოდგენილი №001356622 და №001356722 ექსპერტიზის დასკვნები არ გამორიცხავს და ტექნიკური თვალსაზრისით უშვებს შესაძლებლობას, რომ გაიყოს სადავო მიწის ნაკვეთი; ხოლო, №.......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებასთან მიმართებით, №001356522 და №001356822 დასკვნები პირდაპირ ადგენს, რომ გარკვეული მოდიფიცირების გათვალისწინებით, სადავო უძრავი ქონების გამიჯვნა თანამესაკუთრეთა შორის, მათ სახელზე საჯარო რეესტრში რიცხული წილების შესაბამისად, იზოლირებულად, დანიშნულებრივი ღირებულების შემცირების გარეშე, შესაძლებელია ორ ვარიანტად. ამასთან, საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის შედავებას მასზედ, რომ ქონების ნატურით გაყოფისას, არ არის სავალდებულო, რომ გაყოფილი ფართები იყოს ერთმანეთის იდენტური (მაგ., ორივე ფართს ჰქონდეს იგივე რაოდენობის საძინებელი, კაბინეტი, ავტოფარეხი და სხვა), არამედ, კანონმდებლის მოთხოვნაა, ფუნქციური ღირებულების შემცირების გარეშე, ქონების ერთგვაროვან ნაწილებად გაყოფა, რისი შესაძლებლობაც, საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნების თანახმად, ერთმნიშვნელოვნად არსებობს.
30. პალატა განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც საპროცესო კანონმდებლობა უპირატესობას საზიარო საგნების ნატურით გამიჯვნას ანიჭებს, ამასთან, იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ საზიარო საგნების ნატურით გამიჯვნის შესაძლებლობა, თუნდაც გარკვეული მოდიფიცირების გათვალისწინებით შესაძლებელია, არ არსებობს აუქციონზე რეალიზაციის გზით, საზიარო უფლების გაუქმების თაობაზე წარმოდგენილი ძირითადი მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები (ანალოგიურ განმარტებას შეიცავს სუსგ საქმეზე ას-125-2022; 13/10/2022 წ.). შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია და არსებობს მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.
31. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ასევე იმ გარემოებაზეც, რომ შეგებებული სარჩელით მოსარჩელე უძრავ ქონებაზე, მდებარე: მცხეთის მუნიციპალიტეტი, საგურამოს ადმინისტრაციული ერთეული, ბლოკი 054, ნაკვეთი 058, ს/კ: ........., საზიარო უფლების გაუქმებას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2022 წლის 07 მარტის №001356722 საექსპერტო დასკვნის თანახმად ითხოვდა; კერძოდ, ლ.ჩ–ძის მოთხოვნას წარმოადგენდა, რომ მიწის ნაკვეთიდან 1000 კვ.მ-დან მიკუთვნებოდა დანართ 3-ზე ლურჯი ფერით მონიშნული 500 კვ.მ მიწის ნაკვეთის ფართობი; ხოლო, უძრავ ქონებაზე, მდებარე: მცხეთის მუნიციპალიტეტი, საგურამოს ადმინისტრაციული ერთეული, ბლოკი 054, ნაკვეთი 059, ს/კ:ბ .........., საზიარო უფლების გაუქმებას ლ.ჩ–ძე ითხოვდა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2022 წლის 07 მარტის №001356822 საექსპერტო დასკვნის 1-ლი ვარიანტის მიხედვით, კერძოდ, შენობა-ნაგებობიდან 513.68 კვ.მ - დან მიკუთვნებოდა დანართ 5-ზე და 6-ზე ლურჯი ფერით აღნიშნული 256.84 კვ.მ ფართი, ხოლო განაშენიანებისაგან თავისუფალი 1126 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან მიკუთვნებოდა დანართ 7-ზე და 8-ზე ლურჯი ფერით აღნიშნული 563 კვ.მ მიწის ნაკვეთის ფართი. აღსანიშნავია, რომ მოპასუხემ შესაგებელში შედავება დააფუძნა მხოლოდ სადავო ქონებების ნატურით გამიჯვნის წინაპირობების არარსებობაზე და შედავება არ წარმოუდგენია იმ გარემოებასთან მიმართებით, თუ რომელი ვარიანტების მიხედვით უნდა გამიჯნულიყო სადავო ქონებები სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ არსებობს სადავო უძრავი ქონებების ნატურით გამიჯვნის შესაძლებლობა, ხოლო, შეგებებული სარჩელის მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია ქონებების ნატურით გაყოფის შემთხვევაში შეგებებული სარჩელის მოსარჩელის მიერ მითითებული ვარიანტები, საკასაციო პალატა სასარჩელო მოთხოვნას აკმაყოფილებს შეგებებული სარჩელის მოსარჩელის მიერ მითითებული ვარიანტების მიხედვით.
32. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
33. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე.
34. კონკრეტულ შემთხვევაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ლ.ჩ–ძის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება თ.გ–იას ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და ლ.ჩ–ძის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე.
35. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 სექტემბრის საოქმო განჩინების (რომლითაც აპელანტის წარმომადგენლის შუამდგომლობა საქმეზე მტკიცებულების დართვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა) გაუქმების თაობაზე, პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც წინ უსწრებს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას, იმისგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტან, თუმცა, ამ მხრივ, პალატა ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ საკასაციო საჩივარში არ არის გადმოცემული დასაბუთებული შედავება საოქმო განჩინებასთან მიმართებით და განჩინების გაუქმება მხოლოდ ფორმალურადაა მოთხოვნილი, რის გამოც, პალატა მოკლებულია შესაძლებლობას შეაფასოს გასაჩივრებული განჩინებების მართლზომიერება. ამასთან, წინამდებარე გადაწყვეტილებაში მითითებული მსჯელობის გათვალისწინებით, საოქმო განჩინების მართლზომიერების გამორკვევას სადავო საკითხის გადაწყვეტისათვის, არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს.
36. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
36.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქ/პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სარჩელზე შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა; ამავე მუხლის ამავე ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სააპელაციო საჩივრისათვის შეადგენს დავის საგნის ღირებულების 4%-ს, მაგრამ არანაკლებ 150 ლარისა; ამავე მუხლის ამავე ნაწილის „გ“ ქ/პუნქტის თანახმად კი, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა საკასაციო საჩივრისათვის შეადგენს დავის საგნის ღირებულების 5%-ს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „კ“ ქ/პუნქტის შესაბამისად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება 4 000 ლარით, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა. ამდენად, განსახილველი დავის საგნის ღირებულება უნდა განისაზღვროს 4000 ლარით. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს. გამომდინარე იქიდან, რომ განსახილველი დავის საგნის ღირებულება 4000 ლარია, ამავე კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-40 მუხლის მე-2 ნაწილის მხედველობაში მიღებით (თუ ერთ სარჩელში რამდენიმე სხვადასხვა მოთხოვნაა ჩამოყალიბებული, მაშინ ეს მოთხოვნები უნდა შეჯამდეს და ამის შემდეგ განისაზღვროს სადავო საგნის ღირებულება) თითოეული მოთხოვნისთვის ცალ-ცალკე, შეადგენს პირველი ინსტანციის სასამართლოში 60-60 (ჯამში 120) ლარს, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში 80-80 (ჯამში 160) ლარს და საკასაციო ინსტანციის სასამართლოში 150-150 (ჯამში 300) ლარს.
36.2. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ლ.ჩ–ძის (მოპასუხის, შეგებებული სარჩელით მოსარჩელის, კასატორის) მიერ, სახელმწიფო ბაჟის სახით შეგებებული სარჩელის განხილვის მიზნით გადახდილია 120 ლარი, სააპელაციო საჩივრის განხილვის მიზნით - 160 ლარი, ხოლო, საკასაციო საჩივრის განხილვის მიზნით - მხოლოდ 150 ლარი. შესაბამისად, ლ.ჩ–ძის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების გამო, თ.გ–იას (ძირითადი სარჩელით მოსარჩელეს, შეგებებული სარჩელით მოპასუხეს, მოწინააღმდეგე მხარეს) ლ.ჩ–ძის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ, სამივე ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟების (120+160+150) ანაზღაურება; ამასთან, თ.გ–იას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ლ.ჩ–ძის საკასაციო საჩივრის განხილვის მიზნით, სახელმწიფო ბაჟის სახით დამატებით გადასახდელი 150 ლარის ანაზღაურება, თუმცა, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ თ.გ–იას სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაბრუნებოდა სარჩელზე ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 120 ლარის ოდენობით და შესაბამისად, საბოლოო ჯამში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ თ.გ–იას მხოლოდ 30 ლარის ანაზღაურება უნდა დაეკისროს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 408.3-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ლ.ჩ–ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ოქტომბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. თ.გ–იას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. ლ.ჩ–ძის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს;
4.1. გაუქმდეს ლ.ჩ–ძესა და თ.გ–იას შორის საზიარო უფლება უძრავ ქონებაზე მდებარე: მცხეთის მუნიციპალიტეტი, საგურამოს ადმინისტრაციული ერთეული, ბლოკი 054, ნაკვეთი 058, ს/კ: ........., სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2022 წლის 07 მარტის №001356722 საექსპერტო დასკვნის მიხედვით და ლ.ჩ–ძეს მიეკუთვნოს აღნიშნული უძრავი ქონების ლურჯ ფერად მონიშნული ნაწილი კერძოდ, მიწის ნაკვეთიდან 1000 კვ.მ-დან მიეკუთვნოს დანართ 3-ზე ლურჯი ფერით მონიშნული 500 კვ.მ მიწის ნაკვეთის ფართობი;
4.2. გაუქმდეს ლ.ჩ–ძესა და თ.გ–იას შორის საზიარო უფლება უძრავ ქონებაზე, მდებარე: მცხეთის მუნიციპალიტეტი, საგურამოს ადმინისტრაციული ერთეული, ბლოკი 054, ნაკვეთი 059, ს/კ:ბ .........., სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2022 წლის 07 მარტის №001356822 საექსპერტო დასკვნის მიხედვით და ლ.ჩ–ძეს მიეკუთვნოს აღნიშნული უძრავი ქონების ლურჯ ფერად მონიშნული ნაწილი, კერძოდ, შენობა-ნაგებობიდან 513.68 კვ.მ - დან მიეკუთვნოს დანართ 5-ზე და 6-ზე ლურჯი ფერით აღნიშნული 256.84 კვ.მ ფართი, ხოლო განაშენიანებისაგან თავისუფალი 1126 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან მიეკუთვნოს დანართ 7-ზე და 8-ზე ლურჯი ფერით აღნიშნული 563 კვ.მ მიწის ნაკვეთის ფართი;
5. ლ.ჩ–ძის საკასაციო მოთხოვნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 სექტემბრის საოქმო განჩინების გაუქმების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;
6. თ.გ–იას (პ/ნ ......) ლ.ჩ–ძის (პ/ნ ......) სასარგებლოდ დაეკისროს ლ.ჩ–ძის მიერ, სამივე ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 430 (120+160+150) ლარის ანაზღაურება;
7. თ.გ–იას (პ/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 30 ლარის ანაზღაურება;
8. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
ლაშა ქოჩიაშვილი