საქმე №ას-438-2022 17 ივნისი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი – ნ.ა–ი
მოწინააღმდეგე მხარე – დ.დ–ი, ა.ხ–ვა
განმცხადებლის მოთხოვნა - უსწორობის გასწორება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 23.04.2021 წლის გადაწყვეტილებით ნ.ა–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“ ან „კასატორი“) სარჩელი დ.დ–ისა და ა.ხ–ვას მიმართ უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ........, ს/კ: ....., 19.07.2013 წელსა და 16.12.2015 წელს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობისა და სადავო უძრავი ნივთის მოსარჩელისთვის დაბრუნების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 11.02.2022 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.02.2024 წლის განჩინებით საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად.
5. კასატორმა მომართა სასამართლოს და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.02.2024 წლის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორება, კერძოდ, განჩინების სარეზოლუციო ნაწილში კასატორის პირადი ნომრის - ...... ნაცვლად ..... მითითება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განცხადება დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგი გარემოებების გამო:
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს ქცევის შემდეგ წესს:
სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მოცემულ შემთხვევაში, განჩინებაში უსწორობის გასწორების საკითხი უნდა გადაწყდეს ზეპირი მოსმენის გარეშე.
7. საქმის მასალებით დგინდება, რომ თავად კასატორი საკასაციო საჩივარში უთითებდა თავის პირად ნომრად შემდეგს: ....... (იხ. საკასაციო საჩივარი, ტ.4, ს.ფ.345), რაც იმავე სახით აისახა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.02.2024 წლის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტში. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მოსარჩელის/კასატორის მიერ გაცემული და სანოტარო წესით დამოწმებული რწმუნებულებით დგინდება, რომ მისი პირადი ნომერია: .... (იხ.: რწმუნებულება, ტ.2, ს.ფ. 247), ანუ დაშვებულია უსწორიბა.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.02.2024 წლის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტში გასწორდეს დაშვებული უსწორობა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.ა–ის განცხადება უსწორობის გასწორების შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.02.2024 წლის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში დაშვებული უსწორობა და ნ.ა–ის პირად ნომრად მიეთითოს .........
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია